გადაწყვეტილება №25773/2/2025

ფინანსთა სამინისტროს დავების გადაწყვეტილება არ დაკმაყოფილდა 10.10.2025
№ დოკუმენტი 25773/2/2025
სტატუსი მოქმედი
მიმღები კოლეგიური ორგანო
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

№25773/2/2025

10 ოქტომბერი 2025

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

 

მომჩივანი: შპს „-------“ (ს/ნ -------)

მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი

 

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 2.10.2025 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება შპს ------- 2.09.2025 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №25773/2/2025).

 

დავის საგანი:

1. დღგ-ის გადამხდელად სავალდებულო რეგისტრაციის თარიღი და დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვის ოდენობა;

2. საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურების მიხედვით მიღებული დღგ-ის ჩათვლის სისწორე;

3. შემოწმებით განსაზღვრული დამატებით მიღებული ფულადი სახსრების დირექტორზე გაცემულ ხელფასად განხილვა;

4. დაკისრებული სანქციებისგან გათავისუფლება.

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება:

1. აუდიტის დეპარტამენტის 30.04.2025 წლის №149-5 საგადასახადო მოთხოვნა;

2. შემოსავლების სამსახურის 14.08.2025 წლის №18363 ბრძანება.

 

დარიცხული თანხა: 271 654,54 ლარი.

მათ შორის:

გადასახადი - 164 180,66

დღგ - 84 717,14

საშემოსავლო გადასახადი - 79 130,43

ქონების გადასახადი - 333,09

ჯარიმა - 78 998,79

საურავი - 28 475,09

 

პროცედურული გარემოებები

გადასახადის გადამხდელის საქმიანობაა კვების მზა პროდუქტების რეალიზაცია ------- მდებარე კაფის, ასევე საქართველოში მოქმედი ვოლტის, გლოვოს და ბოლტის ონლაინ პლატფორმების მეშვეობით.

აუდიტის დეპარტამენტის 8.04.2025 წლის კამერალური საგადასახადო შემოწმების აქტით შემოწმებულია მომჩივნის საქმიანობის 1.01.2022 წლიდან 1.01.2025 წლამდე პერიოდი. შემოწმების აქტის საფუძველზე გადასახადის გადამხდელს წარედგინა აუდიტის დეპარტამენტის 30.04.2025 წლის №149-5 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში.

შემოსავლების სამსახურის 14.08.2025 წლის №18363 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.

 

სადავო საკითხები:

1. დღგ-ის გადამხდელად სავალდებულო რეგისტრაციის თარიღი და დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვის ოდენობა

ფაქტების აღწერა/დარიცხვის საფუძვლები

გადასახადის გადამხდელს არ წარუდგენია საწარმოს საგადასახადო ვალდებულებების განსასაზღვრად საგადასახადო კოდექსის 70-ე მუხლის საფუძველზე მოთხოვნილი საჭირო დოკუმენტაცია/ინფორმაცია (ბუღალტრული პროგრამა, წარმოებული კერძების კალკულაციები, საბანკო ამონაწერები და სხვა), სრულყოფილად (წარადგინა მხოლოდ ინფორმაცია ბანკებიდან). აღნიშნულზე მომჩივანს, აუდიტის დეპარტამენტის 2025 წლის 17 მარტის №188909 საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმით, შეეფარდა საგადასახადო კოდექსის 279-ე მუხლის მე-2 ნაწილით განსაზღვრული სანქცია - ჯარიმა 1 000 ლარის ოდენობით.

ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით საწარმოს საგადასახადო ვალდებულებები განისაზღვრა შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემებზე, საბანკო ამონაწერებსა და მესამე პირებიდან (გლოვო, ვოლტი, ბოლტი) გამოთხოვილ ინფორმაციებზე დაყრდნობით. დადგინდა საწარმოს დღგ-ის გადამხდელად სავალდებულო რეგისტრაციის თარიღი - 2022 წლის 1 სექტემბერი. საგადასახადო კოდექსის 158-ე, 159-ე, 160-ე მუხლების საფუძველზე, განისაზღვრა დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვები შესაბამისი საანგარიშო პერიოდების მიხედვით. მომჩივანს დაერიცხა გადასახადი და დაეკისრა ჯარიმები საგადასახადო კოდექსის 275-ე და 282-ე მუხლებით.

 

შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი

შემოსავლების სამსახური პირველ, მე-2 და მე-3 სადავო საკითხებთან დაკავშირებით, მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-2 ნაწილზე, 136-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, 158-ე მუხლის პირველ ნაწილზე, 159-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებზე, 165-ე მუხლის პირველ და მე-2 ნაწილებზე, 163-ე მუხლის პირველ და მე-2 ნაწილებზე, 164-ე მუხლის პირველ ნაწილზე, 174-ე მუხლის პირველ ნაწილზე, 175-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“, „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებზე, 176-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებზე, 175-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებზე და მე-2 ნაწილზე, 175-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტზე, 282-ე მუხლის პირველ ნაწილზე, 61-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტზე, 101-ე მუხლის პირველ ნაწილზე, 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ და „დ“ ქვეპუნქტებზე, 105-ე მუხლის მე-2 ნაწილზე, 72-ე მუხლის პირველის ნაწილზე და 43-ე მუხლის მე-4 ნაწილსა და „გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №996 ბრძანებით დამტკიცებული ინსტრუქციის 72-ე მუხლის პირველ ნაწილზე, ყურადღებას ამახვილებს დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებზე და აღნიშნავს, რომ 2023 წლის მაისის დღგ-ის დეკლარაციის ანალიზის შედეგად დადგინდა, რომ დეკლარაციაზე მიბმული იყო დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაციამდე შეძენილ საქონელზე/მომსახურებაზე გამოწერილი საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურები, რომლებიც კომპანიას არ ჰქონდა ჩათვლილი. ამდენად, შემოწმების შედეგად დაკორექტირდა (გაიზარდა) გადასახადის გადამხდელის დეკლარირებული დღგ-ის ჩასათვლელი თანხა.

გადასახადის გადამხდელის არგუმენტთან მიმართებით, რომ დღგ-ის ბრუნვაში, გარდა რეალიზებული პროდუქციისა, დამატებულია კომპანიის საკუთრებაში არსებული ძირითადი საშუალებები, შემოსავლების სამსახური მიუთითებს აუდიტის დეპარტამენტის წარმომადგენლის განმარტებაზე, რომლის თანახმადაც დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვის განსაზღვრაში მონაწილეობას არ იღებს და რეალიზებულად არ არის მიჩნეული კომპანიის ბალანსზე არსებული ძირითადი საშუალებები. ამასთან, შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ დავის წარმოების პროცესში გადასახადის გადამხდელის მხრიდან არ ყოფილა წარმოდგენილი მისი არგუმენტაციის ისეთი მტკიცებულებები, რომლებიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმებით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს.

ამასთან შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ საგადასახადო ორგანოში 2025 წლის 24 ივლისს 12:30 სთ-ზე ჩანიშნული საჩივრის განხილვა გადასახადის გადამხდელის განცხადების საფუძველზე გადაიდო. აღნიშნულის შემდეგ, საჩივრის განხილვა ჩანიშნული იყო მომჩივნის მონაწილეობით 2025 წლის 31 ივლისს 13:00 საათზე, თუმცა მომჩივანი არ გამოცხადდა საჩივრის განხილვაზე და არც განცხადება წარმოუდგენია დავის განხილვის გადადებასთან დაკავშირებით.

ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმების, საქმეზე არსებული მასალებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა პირველ და მე-2 სადავო საკითხებთან დაკავშირებით მიიჩნია, რომ შემოწმების შედეგად მართლზომიერად განისაზღვრა საწარმოს დღგ-ის გადამხდელად სავალდებულო რეგისტრაციის თარიღი, დღგ-ით დასაბეგრი და ჩასათვლელი თანხის ოდენობა. შესაბამისად, წარმოდგენილი საჩივრები აღნიშნულ ნაწილში დაუსაბუთებელია და არ არსებობს მათი დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი.

 

მომჩივნის არგუმენტაცია

მომჩივანი ითხოვს გასაჩივრებული აქტების ნაწილობრივ გაუქმებას და დარიცხული გადასახადებისა და სანქციების შემცირებას. ხოლო, მოთხოვნის დაუკმაყოფილებლობის შემთხვევაში, საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე, გადასახადის გადამხდელის სანქციებისგან გათავისუფლებას.

ფაქტობრივი გარემოებები:

პროცედურული ისტორია

სსიპ შემოსავლების სამსახურის 2025 წლის 6 თებერვლის №1803 ბრძანებით დაინიშნა შპს ------- საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმება. შესამოწმებელ პერიოდად განისაზღვრა 2022 წლის 1 იანვრიდან 2025 წლის 1 იანვრამდე საანგარიშო პერიოდები (იხ. დანართი №1). საგადასახადო შემოწმების შედეგებზე გამოიცა შემოსავლების სამსახურის 2025 წლის 8 აპრილის საგადასახადო შემოწმების აქტი (იხ. დანართი №2), რომელშიც გამოყოფილია ხუთი საკითხი დღგ-ის, საშემოსავლო გადასახადისა და ქონების გადასახადის ნაწილში. აქტის თანახმად:

1. სსიპ შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემაში არსებული ინფორმაციით, გადამხდელის მიერ წარმოდგენილი საბანკო ანგარიშებზე განხორციელებული ოპერაციებით და მესამე პირებისგან (გლოვო, ვოლტი, ბოლტი) გამოთხოვილი ინფორმაციის ანალიზით საგადასახადო ორგანომ გაზარდა კომპანიის მიერ დეკლარირებული დღგ-ით დასაბეგრი ბაზა. აღნიშნულის ფარგლებში, შესამოწმებელ პერიოდში კომპანიის დღგ-ით დასაბეგრ დამატებით ბრუნვად განისაზღვრა 591,499 ლარი, ხოლო დარიცხული დღგ - 106,470 ლარი. გადასახადის გადამხდელი ნაწილობრივ არ ეთანხმება აღნიშნულ საკითხს, რაზედაც ქვემოთ დეტალურად მოგახსენებთ;

2. კომპანიას მიღებული ჰქონდა საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურები, რომელთა ნაწილზეც დღგ არ იყო ჩათვლილი. საგადასახადო შემოწმების ფარგლებში დამატებით ჩასათვლელი დღგ-ის თანხად განისაზღვრა 22,341 ლარი. გადასახადის გადამხდელი ნაწილობრივ არ ეთანხმება აღნიშნულ საკითხს, რაზედაც ქვემოთ დეტალურად მოგახსენებთ;

3. კომპანიას უფიქსირდება მომსახურების შესყიდვა არარეზიდენტისაგან (ბოლტის პლატფორმაზე პროდუქციის განთავსება). აღნიშნული მომსახურება შემოწმების ფარგლებში დაიბეგრა უკუდაბეგვრის დღგ-ით, 583 ლარის ოდენობით. აღნიშნული ნაწილს გადასახადის გადამხდელი ეთანხმება და არ ასაჩივრებს;

4. კომპანიის საკუთრებაში არსებული ძირითადი საშუალებები დაიბეგრა ქონების გადასახადით, რა ნაწილშიც დარიცხულმა გადასახადმა შეადგინა 333 ლარი. აღნიშნული ნაწილს გადასახადის გადამხდელი ეთანხმება და არ ასაჩივრებს;

5. შემოწმებით შესწავლილ იქნა საზოგადოების ფულადი სახსრების მოძრაობა და საანგარიშო პერიოდის ბოლოს დარჩენილი სალაროს ფულადი ნაშთი - 316,522 ლარი - ჩაითვალა კომპანიის დირექტორის მიერ მიღებულ სარგებლად და დაიბეგრა საშემოსავლო გადასახადით, 79,130 ლარის ოდენობით. გადასახადის გადამხდელი სრულად არ ეთანხმება აღნიშნულ საკითხს, რაზედაც ქვემოთ დეტალურად მოგახსენებთ.

საგადასახადო შემოწმების შედეგებზე, 2025 წლის 30 აპრილს გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის №8126 ბრძანება გადასახადების და საგადასახადო სანქციების თანხების დარიცხვის შესახებ (იხ. დანართი №3) და №149-5 საგადასახადო მოთხოვნა (იხ. დანართი №4), რომლითაც მომჩივანს ბიუჯეტში დამატებით გადასახდელად დაერიცხა სულ 271,654.54 ლარი, მათ შორის: გადასახადი - 164,180.66 ლარი, ჯარიმა - 78,998.79 ლარი და საურავი, 28,475,09 ლარი.

აღნიშნული აქტები მომჩივანმა გაასაჩივრა შემოსავლების სამსახურში, თუმცა შემოსავლების სამსახურის 2025 წლის 14 აგვისტოს №18363 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა (იხ. დანართი №5). კომპანიამ აღნიშნული გადაწყვეტილება ჩაიბარა იმავე დღეს - 2025 წლის 14 აგვისტოს. 1. მომჩივანის საქმიანობის შესახებ მოკლე ისტორია: შპს ------- რეესტრში დარეგისტრირდა 2021 წელის 12 ოქტომბერს. თავდაპირველად ობიექტი გაიხსნა -------. ------- პოპულარობის ზრდის გათვალისწინებით, კომპანიამ თავის მთავარ საქმიანობად აირჩია მომხმარებლების ჯანსაღი კვების რაციონებისა და კერძების მიწოდება.

ამ ეტაპზე კომპანია იყენებდა პროდუქციის რეალიზაციის სამ გზას - ობიექტში ადგილზე (დარბაზში) კვება; წინასწარ მომზადებული რაციონების მომხმარებლისათვის მიწოდება; გლოვოს მიწოდების სერვისი. თუმცა რესტორანმა ფაქტობრივად საერთოდ ვერ იმუშავა. გლოვოს მომსახურების მაღალი (მინიმუმ 25%, დღგ-ის გარეშე) საკომისიოს გათვალისწინებით კი, ამ გზით მიღებული შემოსავალი საკმარისი არ აღმოჩნდა ხარჯების დასაფარავად. ამიტომ, კომპანია იძულებული გახდა 2022 წლის ოქტომბერში ობიექტი დაეხურა. ------- საქმიანობის პერიოდში კომპანიას რაიმე სახის მოგება არ მიუღია და პირიქით, მიმდინარე ხარჯების დასაფარად ხშირად თავად კომპანიის დამფუძნებლებს უწევდათ საკუთარი ჯიბიდან ხარჯების გაღება. იმავე პერიოდში კომპანიამ გადაწყვიტა ობიექტის ------- გახსნა, რაც დამატებით ფინანსების მოძიებას გულისხმობდა. ამ მიზნით კომპანიამ მოიძია ინვესტორი, ------- (პ/ნ -------), რომელიც საქმიანობაში ჩაერთო და მისი დაფინანსება დაიწყო 2022-ის მარტიდან. თუმცა, ვინაიდან ამ ეტაპზე კომპანია მოგებაზე ვერ გადიოდა და, შესაბამისად, დივიდენდიც ვერ ნაწილდებოდა, იგი კომპანიის მეწილედ ოფიციალურად რეგისტრირებული ჯერ არ იყო.

2022 გაზაფხულზე კომპანიამ იქირავა ფართი -------, ------- და დაიწყო ამ ფართის რემონტი, თუმცა, ფულადი სახსრების არარსებობის გამო, 2022 წლის შემოდგომაზეღა შეძლო დარბაზის გახსნა. 2022 დეკემბერში, ინვესტორმა, ------- მოითხოვა სრულად გადაებარებინა კომპანიის მართვა და თავისი მენეჯმენტით ეცადა სიტუაციის გამოსწორება. ამავე პერიოდში, კერძოდ 2023 წლის 26 იანვარს მან უკვე ოფიციალურად მიიღო კომპანიის 51%-იანი წილი. ამავე პერიოდიდან მან სრულად გადაიბარა კომპანიის საოპერაციო და საბუღალტრო საქმიანობა და ყოველგვარი აღრიცხვა, დოკუმენტის შეგროვება ხდებოდა მხოლოდ მის მიერ. რამდენიმე თვიანი ფუჭი მცდელობის შემდეგ, ------- გადაწყვიტა ბიზნესიდან წასვლა. 2023 წლის 20 ოქტომბერს ------- საკონტროლო პაკეტი გადაფორმდა ახალ ინვესტორზე, ------- მოქალაქე ------- (-------, -------). თუმცა, ბიზნესში არც მისი ჩართულობა აღმოჩნდა შედეგის მომატანი. საბოლოოდ 2024 წლის აგვისტოში სრულად დაიკეტა ------- გაიხსნა პატარა სამზარეულო, რომელიც მხოლოდ მიტანის სერვისზე მუშაობდა. თუმცა, ვინაიდან შემოსავლები ვერ ფარავდა მიმდინარე ხარჯებსაც კი, 2024 წლის ნოემბრის ბოლოს კომპანიამ სრულად შეწყვიტა თავისი საქმიანობა.

2024 წლის სექტემბერში გარდაიცვალა ერთ-ერთი ინვესტორი, -------.

მომჩივანი თვლის, რომ დარიცხული გადასახადი, ისევე როგორც ჯარიმა და საურავი ნაწილობრივ უკანონოა და უნდა შემცირდეს.

საგადასახადო შემოწმების აქტით განსაზღვრული საკითხი №1

როგორც ზემოთაც აღინიშნა, სსიპ შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემაში არსებული ინფორმაციით, გადამხდელის მიერ წარმოდგენილი საბანკო ანგარიშებზე განხორციელებული ოპერაციებით და მესამე პირებიდან (გლოვო, ვოლტი, ბოლტი) გამოთხოვილი ინფორმაციის ანალიზით საგადასახადო ორგანომ გაზარდა კომპანიის მიერ დეკლარირებული დღგ-ით დასაბეგრი ბაზა. აღნიშნულის ფარგლებში, შესამოწმებელ პერიოდში კომპანიის დღგ-ით დასაბეგრ ბრუნვად განისაზღვრა 591,499 ლარი, ხოლო დარიცხულმა დღგ-მ შეადგინა 106,470 ლარი. დღგ-ის ბრუნვის ნაწილში, გარდა კომპანიის მიერ რეალიზებული პროდუქციისა, დამატებულია ასევე კომპანიის საკუთრებაში არსებული, ნაშთად დარჩენილი ძირითადი საშუალებები. კერძოდ, კომპანიის ბალანსზე ნაშთად არსებული ძირითადი საშუალებების ღირებულება - 21,847 ლარი - ჩაითვალა რეალიზებულად და დაიბეგრა დღგ-ით, 3,932 ლარით.

ვინაიდან კომპანიამ სრულად დახურა ყველა ობიექტი, კომპანიის საკუთრებაში არსებული ძირითადი საშუალებები დროებით ინახება სხვა მისამართზე, -------, -------. ვინაიდან კომპანიას ერიცხება აღიარებული საგადასახადო დავალიანება, შემოსავლების სამსახურის 2025 წლის 5 მარტის №049-121 ბრძანებით ყადაღა დაედო კომპანიის ყველა აქტივს. აღნიშნული ბრძანების აღსრულების მიზნით, ქონების აღწერის მიზნით შემოსავლების სამსახურის წარმომადგენლები დაუკავშირდნენ კომპანიის დირექტორს, რომელმაც განუმარტა, რომ კომპანიის ძირითადი საშუალებები ინახებოდა სხვა მისამართზე - -------, -------. თუმცა, ამ დრომდე ვერ მოხერხდა ქონების აღწერა და შესაბამისი ყადაღის აქტის შედგენა. კომპანია მზად არის ითანამშრომლოს შემოსავლების სამსახურთან და მონაწილეობა მიიღოს ქონების აღწერაში. ამასთან, ქონების აღწერამდე წინამდებარე საჩივარზე დანართის სახით წარმოგიდგენთ ფოტო-მასალას, რომელშიც ჩანს რომ კომპანიის საკუთრებაში არსებული ძირითადი საშუალებები არ არის რეალიზებული და ინახება საწყობში (იხ. დანართი №6).

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კომპანიის საკუთრებაში არსებული ძირითადი საშუალებების რეალიზებულად მიჩნევა არამართლზომიერია და აღნიშნულ ნაწილში დარიცხული დამატებული ღირებულების გადასახადი - 3,932 ლარი უნდა გაუქმდეს. საგადასახადო შემოწმების აქტით განსაზღვრული №3 და №4 საკითხებს გადასახადის გადამხდელი ეთანხმება და არ ასაჩივრებს.

 

დავების განხილვის საბჭო

მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი ამ ნაწილში არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე.

საგადასახადო კოდექსის 158-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, დღგ-ით დასაბეგრ პირად (შემდგომ - დასაბეგრი პირი) განიხილება ნებისმიერი პირი, რომელიც ნებისმიერ ადგილზე დამოუკიდებლად ახორციელებს ნებისმიერი სახის ეკონომიკურ საქმიანობას, მიუხედავად ამ საქმიანობის მიზნისა და შედეგისა.

საგადასახადო კოდექსის 165-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების თანახმად:

1. დასაბეგრი პირი, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, ვალდებულია მის მიერ ნებისმიერი უწყვეტი 12 კალენდარული თვის განმავლობაში განხორციელებული დღგ-ით დასაბეგრი საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის ოპერაციების ჯამური თანხის 100 000 ლარისთვის გადაჭარბების დღიდან, არაუგვიანეს 2 სამუშაო დღეში დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაციის მიზნით, მიმართოს საგადასახადო ორგანოს.

2. დასაბეგრ პირს დღგ-ის გამოანგარიშების და გადახდის ვალდებულება წარმოეშობა ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დასაბეგრი ოპერაციის განხორციელების მომენტიდან (ამ ოპერაციის ჩათვლით), რომლის მიხედვითაც დასაბეგრი ოპერაციების ჯამურმა თანხამ 100 000 ლარს გადააჭარბა.

საგადასახადო კოდექსის 159-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების თანახმად, დღგით დასაბეგრი ოპერაციებია, დასაბეგრი პირის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში ანაზღაურების სანაცვლოდ საქონლის მიწოდება/მომსახურების გაწევა.

საგადასახადო კოდექსის 163-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების თანახმად:

1. საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის დღგ-ით დაბეგვრა ხორციელდება საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის მომენტში, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.

2. თუ თანხა სრულად ან ნაწილობრივ ანაზღაურებულია საქონლის მიწოდებამდე/მომსახურების გაწევამდე, ანაზღაურებული თანხის შესაბამისი დღგ-ის გადახდა ხორციელდება ანაზღაურების თანხის გადახდის საანგარიშო პერიოდის მიხედვით, გარდა ამ მუხლის მე-5 და მე-9 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა.

საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.

დადგენილია, რომ შემოწმების მიმდინარეობისას გადასახადის გადამხდელის მიერ სრულყოფილად არ იქნა წარმოდგენილი საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრისათვის საჭირო დოკუმენტაცია. საწარმოს საგადასახადო ვალდებულებები განისაზღვრა საგადასახადო კოდექსის 49-ე მუხლის შესაბამისად, შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემაში არსებული ინფორმაციით, გადამხდელის მიერ წარმოდგენილი საბანკო ანგარიშებზე განხორციელებული ოპერაციებით და მესამე პირებისგან (გლოვო, ვოლტი, ბოლტი) გამოთხოვილი ინფორმაციების ანალიზით. აღნიშნულის შედეგად დადგინდა, რომ საწარმოს დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაცია უწევდა 2022 წლის პირველ სექტემბერს. საგადასახადო კოდექსის 158-ე, 159-ე და 160-ე მუხლების მოთხოვნების შესაბამისად განისაზღვრა კომპანიის დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვები შესაბამისი საანგარიშო პერიოდების მიხედვით.

მომჩივნის მიერ დავის წარმოების პროცესში არ ყოფილა წარმოდგენილი რაიმე მტკიცებულება, რაც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმებით დადგენილ გარემოებებს და მომჩივნის საგადასახადო ვალდებულების კორექტირების საფუძველი გახდებოდა.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საბჭო მიიჩნევს, რომ საგადასახადო ორგანოს მიერ მართლზომიერად განისაზღვრა დღგ-ის გადამხდელად სავალდებულო რეგისტრაციის თარიღი და დღგით დასაბეგრი ბრუნვის ოდენობა. შესაბამისად, არ არსებობს ამ ნაწილში გადასახადის გადამხდელის არგუმენტების გათვალისწინების და საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.

 

2. საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურების მიხედვით მიღებული დღგ-ის ჩათვლის სისწორე

ფაქტების აღწერა/დარიცხვის საფუძვლები

საწარმო გადასახადის გადამხდელად დარეგისტრირებული იყო 2021 წლის 12 ოქტომბერს, ხოლო დამატებული ღირებულების გადასახადის გადამხდელად 2023 წლის 2 მაისს. საგადასახადო შემოწმების შედეგად პირს დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაციის თარიღად განესაზღვრა 2022 წლის 1 სექტემბერი. გადამხდელის 2023 წლის მაისის დამატებული ღირებულების გადასახადის დეკლარაციის ანალიზის შედეგად დადგინდა, რომ პირს 2023 წლის მაისის დეკლარაციაზე მიბმული ჰქონდა დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაციამდე შეძენილ საქონელ/მომსახურებაზე გამოწერილი საგადასახადო ანგარიშფაქტურები, რომლებიც არ ჰქონდა ჩათვლილი დამატებული ღირებულების გადასახადის დეკლარაციით. საგადასახადო კოდექსის 156-ე და 174-ე მუხლების შესაბამისად, საგადასახადო შემოწმებით დაკორექტირდა (გაიზარდა) გადამხდელის დეკლარირებული დღგ-ის ჩასათვლელი თანხა.

 

შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი

შემოსავლების სამსახურის არგუმენტაცია მოცემულია პირველი დავის საგნის ნაწილში.

 

მომჩივნის არგუმენტაცია

როგორც ზემოთ აღინიშნა, შესამოწმებელ პერიოდში კომპანიას მიღებული ჰქონდა საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურები, რომელთა ნაწილზეც დღგ არ იყო ჩათვლილი. საგადასახადო შემოწმების ფარგლებში დამატებით ჩასათვლელი დღგ-ის თანხად განისაზღვრა 22,341 ლარი, რაც ჩასათვლელი დღგის მხოლოდ ნაწილს წარმოადგენს. კერძოდ, დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაციიდან - 2022 წლის 1 სექტემბრიდან - საგადასახადო შემოწმების ბოლო პერიოდის - 2024 წლის 31 დეკემბრის - ჩათვლით, კომპანიას მიღებული აქვს საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურები, რომლებითაც კომპანიას მომწოდებლებისათვის გადახდილი აქვს დღგ სულ 116,223.60 ლარის ოდენობით. იმავე პერიოდში კომპანიას ჩათვლილი აქვს დღგ 84,871.18 ლარის ოდენობით. შესაბამისად, დამატებით ჩასათვლელი დღგის თანხა, რომელიც კომპანიას ჩათვლილი არ ჰქონდა და უნდა ჩათვლილიყო საგადასახადო შემოწმების გარგლებში, შეადგენს 31,352.42 ლარს (116,223.60 - 84,871.18).

ზემოაღნიშნულის მიუხედავად, საგადასახადო შემოწმების ფარგლებში დამატებით ჩასათვლელ თანხად განისაზღვრა მხოლოდ 22,341 ლარი, კუთვნილზე 9,011.42 ლარით ნაკლები. ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, უნდა დაკორექტირდეს ჩასათვლელი თანხა და შედეგად, დღგ-ის ნაწილში დარიცხული გადასახადი უნდა შემცირდეს 9,011.42 ლარის ოდენობით.

 

დავების განხილვის საბჭო

მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი ამ ნაწილში არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე.

საგადასახადო კოდექსის 174-ე მუხლის პირველი - მე-3 ნაწილების თანახმად, დღგ-ის ჩათვლა არის დასაბეგრი პირის უფლება, შეიმციროს გადასახდელი დღგ-ის თანხა საქონლის მიწოდებასთან/მომსახურების გაწევასთან დაკავშირებული ხარჯის სხვადასხვა კომპონენტის ღირებულებაზე პირდაპირ მიკუთვნებული დღგ-ის თანხით. დღგ-ის ჩათვლის უფლება წარმოიშობა ჩასათვლელი დღგ-ის თანხის დარიცხვის ვალდებულების წარმოშობის (შესაბამისი ოპერაციის დღგ-ით დაბეგვრის) მომენტიდან. დღგ-ის ჩათვლის უფლება აქვს მხოლოდ დღგ-ის გადამხდელად რეგისტრირებულ დასაბეგრ პირს.

საგადასახადო კოდექსის 175-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა” ქვეპუნქტის თანახმად, თუ საქონელი/მომსახურება გამიზნულია ან გამოიყენება დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციის განხორციელებისთვის, დასაბეგრ პირს უფლება აქვს ჩაითვალოს საქართველოს ტერიტორიაზე სხვა დასაბეგრი პირისგან ამ საქონლის/მომსახურების შეძენისთვის გადახდილი/გადასახდელი დღგ.

საგადასახადო კოდექსის 176-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, დღგ-ის ჩათვლის მიღების საფუძველია ამ კოდექსის 175-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებითა და მე-2 ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევებში – საქონლის/მომსახურების შეძენასთან დაკავშირებით ამ კოდექსით დადგენილი წესით გამოწერილი საგადასახადო ანგარიშ- ფაქტურა.

საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.

საბჭო ყურადღებას ამახვილებს საგადასახადო შემოწმების აქტით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებზე, რომლის თანახმად, გადასახადის გადამხდელის 2023 წლის მაისის დამატებული ღირებულების გადასახადის დეკლარაციის ანალიზის შედეგად დადგინდა, რომ პირს 2023 წლის მაისის დეკლარაციაზე მიბმული ჰქონდა დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაციამდე შეძენილ საქონელ/მომსახურებაზე გამოწერილი საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურები, რომლებიც არ ჰქონდა ჩათვლილი დამატებული ღირებულების გადასახადის დეკლარაციით. შემოწმებით დაკორექტირდა (გაიზარდა) გადამხდელის დეკლარირებული დღგ-ის ჩასათვლელი თანხა.

მომჩივნის მიერ დავის წარმოების პროცესში არ ყოფილა წარმოდგენილი რაიმე მტკიცებულება, რაც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმებით დადგენილ გარემოებებს და მომჩივნის საგადასახადო ვალდებულების კორექტირების საფუძველი გახდებოდა.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საბჭო მიიჩნევს, რომ საგადასახადო ორგანოს მიერ მომჩივნის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია მართლზომიერად. შესაბამისად, არ არსებობს ამ ნაწილში გადასახადის გადამხდელის არგუმენტების გათვალისწინების და საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.

 

3. შემოწმებით განსაზღვრული დამატებით მიღებული ფულადი სახსრების დირექტორზე გაცემულ ხელფასად განხილვა

ფაქტების აღწერა/დარიცხვის საფუძვლები

გადასახადის გადამხდელის მიერ მიღებული/მისაღები ფულადი შემოსავლების დადგენის მიზნით, შესწავლილ იქნა საზოგადოების ფულადი სახსრების მოძრაობა. დებიტორული და კრედიტორული დავალიანებების ასევე ბიუჯეტში გადახდილი თანხების გათვალისწინებით, საანგარიშო პერიოდის ბოლოს დარჩენილი ფულადი ნაშთი 316 522 ლარი ჩაითვალა საზოგადოების დირექტორის მიერ მიღებულ სარგებლად და დაიბეგრა გადახდის წყაროსთან, საშემოსავლო გადასახადით. მომჩივანს ასევე დაეკისრა ჯარიმა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით.

 

შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი

დადგენილი ფაქტობრივი გარემოების თანახმად, შემოწმების მიერ განისაზღვრა კომპანიის მიერ მიღებული/მისაღები ფულადი შემოსავლები, შესწავლილ იქნა კომპანიის ფულადი სახსრების მოძრაობა, დებიტორული და კრედიტორული დავალიანებები, ასევე ბიუჯეტში გადახდილი თანხები და ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საანგარიშო პერიოდის ბოლოს დარჩენილი ფულადი ნაშთი ჩაითვალა კომპანიის დირექტორის მიერ მიღებულად და დაიბეგრა საშემოსავლო გადასახადით. შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ საგადასახადო დავის ეტაპზე მომჩივნის მხრიდან არ წარმოდგენილა მისი პოზიციის შესაბამისი ისეთი დოკუმენტაცია/მტკიცებულება, რომელიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმებით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს.

ზემოხსენებულ სამართლებრივ ნორმებზე, საქმეში არსებულ მასალებსა და დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებზე დაყრდნობით, შემოსავლების სამსახურმა მე-3 სადავო საკითხთან დაკავშირებით მიიჩნია, რომ შემოწმების მიერ, დამატებით მიღებული ფულადი სახსრების დირექტორზე გაცემულ ხელფასად განხილვა და საშემოსავლო გადასახადის დარიცხვა მართლზომიერია, ხოლო წარმოდგენილი საჩივრები ამ ნაწილში დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

მომჩივნის არგუმენტაცია

შესამოწმებელი პერიოდის ბოლოს კომპანიას არ ჰქონდა სალაროს არც ფაქტობრივი და არც ბუღალტრული ნაშთი. კომპანიის მიერ შემოსავლის სახით მიღებული თანხა სრულად ხმარდებოდა კომპანიის საოპერაციო საქმიანობას. შესაბამისად, სალაროს ნაშთის დათვლა, და ამ „ნაშთის“ დირექტორის სარგებლად განხილვა სრულიად უსაფუძვლოა და ამ ნაწილში დარიცხული საშემოსავლო გადასახადი სრულად უნდა გაუქმდეს. საგადასახადო შემოწმებით გადასახადის გადამხდელის შემოსავლები და ხარჯები დათვლილია პირდაპირი მეთოდით, სააღრიცხვო დოკუმენტაციასა და მესამე პირებისგან მოპოვებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით. შემოწმების აქტის თანახმად, შესამოწმებელ პერიოდში ნაღდი ფულით მიღებულმა შემოსავალმა ჯამში შეადგინა 1,218 ლარი. მეტი თანხა ნაღდი ანგარიშსწორების გზით კომპანიას არ მიუღია. შესაბამისად, ერთადერთი გზა, რომ ნაღდი ფული მოხვედრილიყო კომპანიის სალაროში და შემდგომ გაცემულიყო დირექტორზე, იყო კომპანიის საბანკო ანგარიშიდან თანხის გატანა.

ვინაიდან კომპანიას ხშირად სჭირდებოდა ბოსტნეულის და სხვა საკვები პროდუქტებისთვის ბაზარში შესყიდვა და კომპანიას სალაროში თანხა არ ჰქონდა, ხდებოდა საბანკო ანგარიშიდან საქვეანგარიშოდ თანხის გაცემა დირექტორზე, რომელიც შემდგომში ხმარდებოდა სწორედ პროდუქციის შეძენას, ხოლო დარჩენილი თანხა ბრუნდებოდა ანგარიშზე.

კომპანიის საბანკო ამონაწერების თანახმად, შესამოწმებელ პერიოდში, კომპანიის საბანკო ანგარიშებიდან საქვეანგარიშოდ კომპანიის დირექტორზე სულ გასულია 398,114 ლარი. თუმცა, ამავე საბანკო ამონაწერებით დასტურდება, რომ იმავე პერიოდში კომპანიაში შემოტანილია/დაბრუნებულია სულ 213,130 ლარი (დანიშნულებით: საქვეანგარიშოდ გატანილი თანხის დაბრუნება/დამფუძნებლის შენატანი). შედეგად, შესამოწმებელ პერიოდში კომპანიის საბანკო ანგარიშებიდან გატანილი თანხის რეალური, სალდირებული ოდენობა შეადგენს 184,984 ლარს. ამაზე მეტი თანხის სალაროს ნაშთად განხილვა და საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრა ყოვლად უსაფუძვლოა.

რაც შეეხება საქვეანგარიშოდ გატანილი ამ თანხის - 184,984 ლარის გამოყენებას, როგორც ზემოთაც აღინიშნა, აღნიშნული თანხით ხდებოდა კომპანიისათვის საჭირო მარაგების (ძირითადად ბოსტნეულისა და სხვა საკვები პროდუქტების), აგრეთვე გარკვეული მომსახურებების (მ.შ. სარემონტო მომსახურების) შეძენა. მომჩივნის მიერ წარმოდგენილია აღნიშნული ხარჯების დამადასტურებელი დოკუმენტები, რომლებითაც დადასტურდება, რომ კომპანიის საბანკო ანგარიშებიდან გატანილი საქვეანგარიშო თანხები სრულად ხმარდებოდა კომპანიის ეკონომიკურ საქმიანობას და არ წარმოადგენს დირექტორის სარგებელს. შესაბამისად, აღნიშნულ ნაწილში დარიცხული გადასახადი - 79,130 ლარი სრულად უნდა გაუქმდეს. ხარჯის დამადასტურებელ დოკუმენტებს მოგაწვდით შეძლებისდაგვარად მოკლე ვადებში.

 

დავების განხილვის საბჭო

მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი ამ ნაწილში არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე.

საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლებს განეკუთვნება ფიზიკური პირის მიერ დაქირავებით მუშაობის შედეგად მიღებული ნებისმიერი საზღაური ან სარგებელი, მათ შორის, წინა სამუშაო ადგილიდან პენსიის ან სხვა სახით მიღებული შემოსავალი, ან შემოსავალი მომავალი სამუშაო ადგილიდან.

საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავება ევალება საგადასახადო აგენტს, რომელიც არის იურიდიული პირი, საწარმო/ორგანიზაცია ან მეწარმე ფიზიკური პირი, რომელიც დაქირავებულს უხდის ხელფასს.

საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების თანახმად, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავებისას გადასახადის დაკავებისა და ბიუჯეტში მისი გადარიცხვისათვის პასუხისმგებლობა ეკისრება შემოსავლის გადამხდელს; გადასახადის თანხის დაუკავებლობის შემთხვევაში შემოსავლის გადამხდელი ვალდებულია ბიუჯეტში შეიტანოს დაუკავებელი გადასახადის თანხა ფაქტობრივად გადახდილი ანაზღაურების შესაბამისად და მასთან დაკავშირებული სანქციები.

საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.

დადგენილია, რომ შემოწმების შედეგად განისაზღვრა კომპანიის მიერ მიღებული/მისაღები ფულადი შემოსავლები, შესწავლილ იქნა კომპანიის ფულადი სახსრების მოძრაობა, დებიტორული და კრედიტორული დავალიანებები, ასევე ბიუჯეტში გადახდილი თანხები და ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საანგარიშო პერიოდის ბოლოს დარჩენილი ფულადი ნაშთი ჩაითვალა კომპანიის დირექტორის მიერ მიღებულ სარგებლად და დაიბეგრა საშემოსავლო გადასახადით.

მომჩივნის მიერ დავის წარმოების პროცესში არ ყოფილა წარმოდგენილი რაიმე მტკიცებულება, რაც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმებით დადგენილ გარემოებებს და მომჩივნის საგადასახადო ვალდებულების კორექტირების საფუძველი გახდებოდა.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საბჭო მიიჩნევს, რომ საგადასახადო ორგანოს მიერ მომჩივნის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია მართებულად. შესაბამისად, არ არსებობს ამ ნაწილში გადასახადის გადამხდელის არგუმენტების გათვალისწინების და საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.

 

4. დაკისრებული სანქციებისგან გათავისუფლება

ფაქტების აღწერა/დარიცხვის საფუძვლები

შემოწმების აქტის საფუძველზე გამოცემული 30.04.2025 წლის №149-5 საგადასახადო მოთხოვნით მომჩივანს დაერიცხა სულ 271 654,54 ლარი, მათ შორის, გადასახადი 164 180,66 ლარი, ჯარიმა 78 998,79 ლარი და საურავი 28 475,09 ლარი.

 

შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი

შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტზე, 269-ე მუხლის პირველ ნაწილზე, 270-ე მუხლის პირველ ნაწილზე, 272- ე მუხლის პირველ ნაწილზე, 275-ე მუხლის მე-2 ნაწილზე, 269-ე მუხლის მე-7 ნაწილზე და განმარტავს, რომ გადასახადის გადამხდელის კეთილსინდისიერება უკავშირდება მის მიერ დაშვებულ შეცდომას, გადამხდელი კეთილსინდისიერია იმ შემთხვევაში თუ სამართალდარღვევა გამოწვეულია მის მიერ დაშვებული შეცდომით (არცოდნით). კეთილსინდისიერება გულისხმობს პირის სუბიექტურ დამოკიდებულებას მის მიერ ჩადენილი ქმედებისადმი. საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის მიზანია საგადასახადო პასუხისმგებლობისგან გაათავისუფლოს პირი, რომელიც სამართლებრივი შეცდომის არეალში მოქმედებდა, რადგან სამართლებრივი შეცდომის დროს პირი არასწორად აფასებს ჩადენილი ქმედების სამართლებრივ არსს და ამ ქმედებით გამოწვეულ სამართლებრივ შედეგს.

შემოსავლების სამსახური მიუთითებს შემოწმებით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებზე, რომელთა მიხედვით, გადასახადის გადამხდელს არასრულად ჰქონდა შესრულებული საგადასახადო ვალდებულებები. ამასთან, მომჩივანი ვერ უთითებს ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე, რომლითაც დადასტურდება, რომ გადასახადის გადამხდელი საგადასახადო ვალდებულებების არაჯეროვნად შესრულებისას მოქმედებდა სამართლებრივი შეცდომის არეალში. შესაბამისად, საგადასახადო შემოწმების შედეგად დაკისრებული სანქციის მიმართ შემოსავლების სამსახურს მიზანშეწონილად არ მიაჩნია საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის გამოყენება.

 

მომჩივნის არგუმენტაცია

იმ შემთხვევაში, თუ დავების განხილვის საბჭო ჩათვლის, რომ მომჩივნის მიერ საჩივარში ზემოთ მითითებული მოთხოვნები არ უნდა დაკმაყოფილდეს, ითხოვს საბჭომ გამოიყენოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილი და კომპანია გაათავისუფლოს დაკისრებული სანქციებისგან.

 

დავების განხილვის საბჭო

მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი ამ ნაწილში არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საგადასახადო სამართალდარღვევად ითვლება პირის მართლსაწინააღმდეგო ქმედება (მოქმედება ან უმოქმედობა), რომლისთვისაც ამ კოდექსით გათვალისწინებულია პასუხისმგებლობა. საგადასახადო სამართალდარღვევისათვის პირს პასუხისმგებლობა შეიძლება დაეკისროს მხოლოდ ამ კოდექსით დადგენილი საფუძვლითა და წესით.

საგადასახადო კოდექსის 270-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საგადასახადო სანქცია არის პასუხისმგებლობის ზომა ჩადენილი საგადასახადო სამართალდარღვევისათვის. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, საგადასახადო სანქცია გამოიყენება გაფრთხილების, საურავის, ფულადი ჯარიმის, სამართალდარღვევის საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების უსასყიდლოდ ჩამორთმევის სახით, ამ კოდექსით გათვალისწინებულ შემთხვევებში.

საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველ ორგანოს უფლება აქვს, გაათავისუფლოს კეთილსინდისიერი გადასახადის გადამხდელი ამ კოდექსით გათვალისწინებული სანქციისაგან, თუ სამართალდარღვევა გამოწვეულია გადასახადის გადამხდელის შეცდომით/არცოდნით.

საბჭოს მიაჩნია, რომ განსახილველ შემთხვევაში არ დასტურდება, რომ გადასახადის გადამხდელის მიერ სამართალდარღვევა გამოწვეულია მისი შეცდომით/არცოდნით. მომჩივანი ვერ უთითებს ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე, რომლითაც დადასტურდება, რომ გადასახადის გადამხდელი მოქმედებდა სამართლებრივი შეცდომის არეალში. შესაბამისად, არ არსებობს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე, მომჩივნის სანქციებისგან გათავისუფლების საფუძველი.

 

საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:

 

1. საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხები:

1. დღგ-ის გადამხდელად სავალდებულო რეგისტრაციის თარიღი და დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვის ოდენობა;

2. საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურების მიხედვით მიღებული დღგ-ის ჩათვლის სისწორე;

3. შემოწმებით განსაზღვრული დამატებით მიღებული ფულადი სახსრების დირექტორზე გაცემულ ხელფასად განხილვა;

4. დაკისრებული სანქციებისგან გათავისუფლება.

 

ფაქტობრივი გარემოებები

1. გადასახადის გადამხდელს სრულყოფილად არ წარუდგენია საწარმოს საგადასახადო ვალდებულებების განსასაზღვრად საჭირო დოკუმენტაცია/ინფორმაცია. ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით საწარმოს საგადასახადო ვალდებულებები განისაზღვრა შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემებზე, საბანკო ამონაწერებსა და მესამე პირებიდან გამოთხოვილ ინფორმაციებზე დაყრდნობით. დადგინდა საწარმოს დღგ-ის გადამხდელად სავალდებულო რეგისტრაციის თარიღი, განისაზღვრა დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვები შესაბამისი საანგარიშო პერიოდების მიხედვით. მომჩივანს დაერიცხა გადასახადი და დაეკისრა ჯარიმები.

2. გადამხდელის დღგ-ის დეკლარაციის ანალიზის შედეგად დადგინდა, რომ პირს დეკლარაციაზე მიბმული ჰქონდა დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაციამდე შეძენილ საქონელ/მომსახურებაზე გამოწერილი საგადასახადო ანგარიშფაქტურები, რომლებიც დეკლარაციით არ ჰქონდა ჩათვლილი. შესაბამისად, საგადასახადო შემოწმებით დაკორექტირდა (გაიზარდა) გადამხდელის დეკლარირებული დღგ-ის ჩასათვლელი თანხა.

3. გადასახადის გადამხდელის მიერ მიღებული/მისაღები ფულადი შემოსავლების დადგენის მიზნით, შესწავლილ იქნა საზოგადოების ფულადი სახსრების მოძრაობა. დებიტორული და კრედიტორული დავალიანებების ასევე ბიუჯეტში გადახდილი თანხების გათვალისწინებით, საანგარიშო პერიოდის ბოლოს დარჩენილი ფულადი ნაშთი ჩაითვალა საზოგადოების დირექტორის მიერ მიღებულ სარგებლად და დაიბეგრა გადახდის წყაროსთან, საშემოსავლო გადასახადით. მომჩივანს ასევე დაეკისრა ჯარიმა.

 

გადაწყვეტილება

საბჭო მიიჩნევს, რომ საგადასახადო ორგანოს მიერ მომჩივნის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია მართებულად. შესაბამისად, არ არსებობს გადასახადის გადამხდელის არგუმენტების გათვალისწინების და საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.

 

დასაბუთება

საქართველოს ფინანსთა სამინისტორსთან არსებული დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 73(9); 101; 154; 159; 175; 176; 282; 269(7)