გადაწყვეტილება №24308/2/2024
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
№24308/2/2024
25 დეკემბერი 2024
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
მომჩივანი: შპს „--------“ (ს/ნ "-------")
მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 6.12.2024 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება შპს „---------“-ის 19.11.2024 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №24308/2/2024).
დავის საგანი:
1. არაგონივრული ნაშთის კომპანიის ანგარიშვალდებულ პირზე გაცემულ ხელფასად განხილვა;
2. დღგ-ში განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულები.
გასაჩივრებული გადაწყვეტილება:
1. აუდიტის დეპარტამენტის 21.06.2024 წლის №225-12 საგადასახადო მოთხოვნა;
2. შემოსავლების სამსახურის 10.10.2024 წლის №22066 ბრძანება.
დარიცხული თანხა: 692 966,59 ლარი.
მათ შორის:
გადასახადი - 426 225
დღგ - 228 812
საშემოსავლო გადასახადი - 197 413
ჯარიმა - 213 113
საურავი - 53 628,59
პროცედურული გარემოებები
აუდიტის დეპარტამენტის 24.05.2024 წლის კამერალური საგადასახადო შემოწმების აქტით შემოწმებულია მომჩივნის საქმიანობის 1.01.2023 წლიდან 1.03.2024 წლამდე პერიოდი.
საგადასახადო შემოწმების აქტის საფუძველზე გადასახადის გადამხდელს წარედგინა აუდიტის დეპარტამენტის 21.06.2024 წლის №225-12 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში. შემოსავლების სამსახურის 10.10.2024 წლის №22066 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
სადავო საკითხები:
1. არაგონივრული ნაშთის კომპანიის ანგარიშვალდებულ პირზე გაცემულ ხელფასად განხილვა
ფაქტების აღწერა/დარიცხვის საფუძვლები
საწარმოს შესამოწმებელ პერიოდში ეკონომიკური აქტივობა არ უფიქსირდებოდა, ამასთან კომპანიის მიერ მიწოდებული ინფორმაციის შედეგად გამოვლინდა დიდი ოდენობით ნაღდი ფულის ნაშთი სალაროში. ფაქტობრივი გარემოებებისა და გადასახადის გადამხდელის მიერ აუდიტის დეპარტამენტისთვის მიწოდებული ინფორმაციის საფუძველზე ბუღალტრული ნაშთი განხილულ იქნა არაგონივრულ ნაშთად. შესაბამისად, საგადასახადო შემოწმების ფარგლებში, საწარმოს სალაროში ბუღალტრულად არსებული სალაროს ნაშთი განხილულ იქნა კომპანიის ანგარიშვალდებულ პირზე გაცემულ ხელფასად და დაიბეგრა საშემოსავლო გადასახადით. კომპანიას ასევე დაეკისრა ჯარიმა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის საფუძველზე.
შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი
შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილზე, 136-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, 61-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტზე, 101-ე მუხლის პირველ ნაწილზე, 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ და მე-2 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებზე და 43-ე მუხლის მე-4 ნაწილზე.
შემოსავლების სამსახური ყურადღებას ამახვილებს საგადასახადო შემოწმების აქტით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებაზე, რომლის მიხედვითაც გადასახადის გადამხდელის მიერ აუდიტის დეპარტამენტისთვის მიწოდებული ინფორმაციის საფუძველზე, ასევე, ფულადი ნაკადების მოძრაობის გაანგარიშების შედეგად, საწარმოს სალაროში გამოვლინდა არაგონივრული ფულადი ნაშთი, რომელიც ჩაითვალა საწარმოს ანგარიშვალდებულ პირზე გაცემულ ხელფასად და დაიბეგრა საშემოსავლო გადასახადით. ამასთან, დავის წარმოების პროცესში არ ყოფილა წარმოდგენილი გადასახადის გადამხდელის არგუმენტაციის რაიმე მტკიცებულება, რომლებიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმებით დადგენილ გარემოებებს.
ზემოხსენებული სამართლებრივი ნორმების და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა პირველ სადავო საკითხთან დაკავშირებით მიიჩნია, რომ აუდიტის დეპარტამენტის მიერ საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია საგადასახადო კანონმდებლობის შესაბამისად, გადასახადის გადამხდელის საჩივარი აღნიშნულ ნაწილში დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
მომჩივნის არგუმენტაცია
ხელფასის სახით თანხების დაბეგვრა არასწორია, ვინაიდან აღნიშნული თანხები არ ყოფილა აღებული ხელფასად და შეტანილი იქნა საბანკო ანგარიშებზე. ამას ადასტურებს ის გარემოება, რომ როდესაც ჩამოვიდნენ საგადასახადოს წარმომადგენლები და დააპირეს სალაროს შემოწმება, თანხები ბანკში იყო შეტანილი, რაზეც არსებობს შესაბამისი ქვითარი და ბანკის ამონაწერი. შემოსავლების სამსახურმა შემოწმების მიზნით გამოგზავნა შესაბამისი ჯგუფი, რომ სალარო შეემოწმებინათ და ამ პერიოდში უკვე თანხები შეტანილი იყო საბანკო დაწესებულებაში. ის გარემოება, რომ სალაროში იყო ფული, რომელიც შევიდა ბანკში ფირმის ანგარიშზე, როგორც სალაროს ნაშთი ადასტურებს, რომ არანაირ ხელფასის აღებას ადგილი არ ჰქონია და დარიცხული გადასახადი არასწორია. სრულად აღრიცხავს ყველა ოპერაციას. გააჩნია საბუღალტრო პროგრამა FMG-SOFT, სადაც აღრიცხულია ყველა ოპერაცია, რის საშუალებითაც შესაძლებელია ყველანაირი კონტროლი.
აღნიშნული პროგრამიდან გაკეთებული იქნა მონაცემების ექსპორტი აუდიტის დეპარტამენტის თანამშრომლებზე, ხოლო მათგან რაიმე დამატებით მოთხოვნა ან რომელიმე დოკუმენტები დანაკლისი არ დაფიქსირებულა. პირველადი დოკუმენტების დასკანერებული ვერსიები გადაიგზავნა აუდიტის დეპარტამენტში და დამატებით არაფერი არ მოუთხოვიათ. მომჩივანი განმარტავს, რომ არ აუღიათ თანხა სალაროდან ხელფასის სახით და შესაბამისად კომპანია ვერ დაბეგრავდა და ვერ გადაიხდიდა საშემოსავლო გადასახადს. ასევე სალაროს თანხა შეტანილი იყო საბანკო დაწესებულებაში როგორც სალაროს ნაშთი და ამის საბანკო ამონაწერი არსებობს. ამიტომ ხელფასს ვერანაირად ვერ დაარქმევენ იმ სახსრებს, რომლებიც კომპანიის სალაროდან შევიდა ბანკში. შემოსავლების სამსახურის თანამშრომლების მიერ სალაროს შემოწმების მომენტში თანხა უკვე ბანკში იყო შეტანილი საწარმოს ანგარიშზე. ეს ყველა ინფორმაცია და საბანკო ამონაწერები მიწოდებული იქნა აუდიტის დეპარატამენტში შემმოწმებელთან, ხოლო ის მოსაზრება, რომ გადასახადის გადამხდელს არგუმენტაციის რაიმე მტკიცებულება არ წარმოუდგენია მოკლებულია სინამდვილეს.
თუ რაიმე გადასახადით შეიძლებოდა, რომ დაებეგრა შემოსავლების სამსახურს სალაროს ნაშთის არსებობა სალაროში ეს მათი აზრით შეიძლებოდა ყოფილიყო სესხად გაცემული თანხა ხელმძღვანელზე და არანაირად არ შეიძლებოდა დაბეგრილიყო ხელფასად, ვინაიდან თანხა კომპანიის სალაროდან შეტანილი იქნა კომპანიის საბანკო ანგარიშზე "-------" ბანკში და ეს თანხა კომპანიის საკუთრებაა.
2. დღგ-ში განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულები
ფაქტების აღწერა/დარიცხვის საფუძვლები
შემოწმების მიერ, საგადასახადო შემოწმების ფარგლებში, შესწავლილ იქნა გადასახადის გადამხდელი მიერ განხორციელებული ოპერაციები, ასევე, საბუღალტრო მონაცემებში არსებული ინფორმაცია. 2023 მაისის საანგარიშო პერიოდში კომპანიას უფიქსირდებოდა ძირითადი საშუალებების რეალიზაცია ურთიერთდამოკიდებულ პირზე - შპს „------- -ზე “, კერძოდ, რეალიზაციისას გამოწერილი იყო საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა 1 500 000 ლარზე, ნულოვანი დღგ-ით. კომპანიამ ძირითადი საშუალებების მიწოდება განიხილა „დამოუკიდებლად მოქმედი ქვედანაყოფის მიწოდებად“ და არ დაბეგრა დღგ-ით.
შემოწმების მიერ შესწავლილ იქნა ურთიერთდამოკიდებულ პირებს შორის განხორციელებული ოპერაცია და საგადასახადო კოდექსის 73-ე, ასევე 160-ე მუხლის მე-7 და მე-8 ნაწილების გათვალისწინებით, აღნიშნული დაკვალიფიცირდა დღგ-ით დასაბეგრ ოპერაციად. გადასახადის გადამხდელს დაერიცხა დღგ და დაეკისრა ჯარიმა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით.
შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი
შემოსავლების სამსახური მე-2 სადავო საკითხთან დაკავშირებით, მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, 158-ე მუხლის პირველ ნაწილზე, 159-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტზე, 160-ე მუხლის პირველ ნაწილზე და მე-7 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტზე, 163- ე მუხლის პირველ და მე-2 ნაწილებზე, 164-ე მუხლის პირველ ნაწილზე და 43-ე მუხლის მე-4 ნაწილზე, „გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 31.12.2010 წლის №996 ბრძანებით დამტკიცებული ინსტრუქციის 501 მუხლზე, შემოწმებით დადგენილ გარემოებებზე, აუდიტის დეპარტამენტის მიერ მოწოდებულ ინფორმაციაზე, რომლის თანახმად, შემოწმების მიერ მოთხოვნილ იქნა ძირითადი საშუალებების დათვალიერების ოქმი, რის საფუძველზეც არ დასტურდებოდა რეალიზებული ქონებების, როგორც „დამოუკიდებლად ფუნქციონირებადი ქვედანაყოფის“ მიწოდებად განხილვის მართლზომიერება. აგრეთვე, შესამოწმებელ პერიოდში კომპანიას აქტიური ეკონომიკური საქმიანობა არ უფიქსირდება. ქონებების სარეალიზაციო ფასთან დაკავშირებით შემმოწმებელი აღნიშნავს, რომ თავდაპირველი სარეალიზაციო ფასი შეადგენდა 1 500 000 ლარს და შემოწმების მიერ აღნიშნული მიწოდების დღგ-ით დაბეგვრისას დასაბეგრი თანხა განისაზღვრა 1 271 186 ლარით. ამასთან, შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემაში არსებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს, რომ გადასახადის გადამხდელს შესამოწმებელ პერიოდზე წარდგენილი აქვს ნულოვანი საგადასახადო დეკლარაციები (გარდა ქონების გადასახადის წლიური დეკლარაციისა), კომპანიის მოქმედი ეკონომიკური საქმიანობა არ იკვეთება.
ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახური განმარტავს, რომ გადასახადის გადამხდელის მიერ შპს „------ -ზე “ ძირითადი საშუალებების რეალიზაციის ოპერაციის საქონლის მიწოდებად განხილვა და შესაბამისად, დღგ-ით დაბეგვრა განხორციელდა მართლზომიერად.
მომჩივნის არგუმენტაცია
დამოუკიდებლად მოქმედი ქვედანაყოფის მიწოდება განხორციელდა არაურთიერთდამოკიდებულ პირებს შორის და შემოწმების აპელირება ურთიერთდამოკიდებულებაზე არასწორია. პირველი გამყიდველი არის მომჩივანის რომლის დამფუძნებელი "--------" და მისი დირექტორი "--------", ხოლო მყიდველი არის შპს „----------“, რომლის დამფუძნებელი და დირექტორი ვაჟა ხორგუაშვილი. მათ შორის არანაირი ურთიერთდამოკიდებულება არ არსებობს. (არ არიან არც ოჯახის წევრები, არც რაიმე ნათესაური კავშირი გააჩნიათ). მეორე საგადასახადო კოდექსის 160-ე მუხლის მე-7 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად კანონის ყველა დაცვით განახორციელეს მათი კუთვნილი ქონების ერთიანი მიწოდება. მომჩივანმა გაიარა აუდიტორებთან კონსულტაცია და ასვე დარეკეს შემოსავლების სამსახურის ცხელ ხაზზე, სადაც აუხსნეს, რომ თუ ხდება ერთიანი მიწოდება, შესაძლებელია გამოიწეროს ნულოვანი დღგ-ს ფაქტურა და რომ არც გამყიდველი გადაიხდის დღგ-ს და არც მყიდველი ჩაითვლის მას. კომპანიამ კანონის დაცვით გამოწერა ნულოვანი ანგარიშ-ფაქტურა და ამაზე თავის დროზე საგადასახადო ორგანოს არ ჰქონია არანაირი შენიშვნა, ვინაიდან მოხდა მთელი ქონების ერთიანი გაყიდვა. ახლა კი კომპანიას აკისრებენ დღგ-ის გადასახადს. ამ ლოგიკით, თუ გადაიხდიდა დღგ-ს მაშინ ვიღაცამ (ანუ მყიდველმა) უნდა ჩაითვალოს. აქ კი მყიდველს არ აქვს ჩათვლილი არაფერი და გამოდის დღგ ჰაერში რჩება. ასევე აუდიტის დეპარატამენტმა გადახდილ თანხაში ჩათვალა დღგ-ის თანხაც. ქონების ღირებულება იყო თავის დროზე შეთანხმებული დღგ-ის გარეშე და თუ დღგ-ის უნდა დარიცხოდა, მაშინ ქონების ღირებულება უნდა დამატებოდა დღგ-ის თანხა. წინააღმდეგ შემთხვევაში კომპანია არ განახორციელებდა 18% ნაკლებად რეალიზაციას. მათი ქმედება განხორციელდა კანონის ყველა ნორმის დაცვით, საგადასახადო ორგანოებში კონსულტაციის საფუძველზე და სახელმწიფო არაფრით არ უზარალებიათ. გამყიდველმა არ გადავიხადეთ დღგ და მყიდველმა არ ჩაითვალა დღგ. ასევე აუდიტის დეპარატამენტის მოთხოვნით გამოგზავნილმა საგადასახადოს თანამშრომელმა დაათვალიერეს გაყიდული ქონება, დაასურათეს და დაადასტურეს, რომ მართლაც ყველაფერი ერთიანი მიწოდებით განხორციელდა. საგადასახადო კოდექსის 160-ე მუხლის მე-7 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, რომლის მიხედვითაც საქონლის მიწოდებად არ განიხილება დასაბეგრი პირის მიერ ყველა აქტივის ან მისი ნაწილის (დამოუკიდებლად ფუნქციონირებადი ქვედანაყოფის) სხვა დასაბეგრი პირისათვის მიწოდება. კომპანიამ მიაწოდა მთელი აქტივი, არ დაუტოვებიათ არც ერთი ძირითადი საშუალება. ამ აქტივით აწარმოებდნენ ვაშლს და სხვა ხილის წვენებს. იყვნენ ჩართულები ვაშლის გადამუშავების სახელმწიფო პროგრამაში და 2020 წელს გადაამუშავეს 3 019 086 კგ ვაშლი, რისი დამადასტურებელი დოკუმენტები არსებობს და დანართის სახით დართულია საჩივარზე. ეს რაოდენობის ვაშლი გადაამუშავეს ამ ყველა დანადგარის საშუალებით. ეს ადასტურებს, რომ აღნიშნული დანადგარები ერთიანობაში წარმოადგენენ დამოუკიდებლად ფუნქციონირებად ქვედანაყოფს. როდესაც შეამოწმეს საგადასახადოს თანამშრომლებმა აღნიშნული დანადგარები, მათ დააფიქსირეს, რომ ეს ყველა დანადგარი ადგილზე იყო და დაიწერა დათვალიერების ოქმი, ხოლო აუდიტის დეპარატამენტი ამტკიცებს, რომ არ დასტურდება რეალიზებული ქონების, როგორც დამოუკიდებლად ფუნქციონირებად ქვედანაყოფის მიწოდება. თუ კომპანია ამუშავებდა დიდი რაოდენობით ვაშლს (მარტო 2020 წელს რეკორდულად 3 019 086 კგ), უშვებდა წვენს და ექსპორტზე აგზავნიდა. მას სხვა დანადგარები არ ჰქონია. იყო ჩართული ვაშლის გადამუშავების სახელმწიფო პროექტში და როგორ დაადგინა აუდიტორმა, რომელსაც არ უნახავს ვაშლის გადამუშავების პროცესი ან არ მიუმართავს ექსპერტიზისათვის, რომ დადგენილი არის თუ არა დათვალიერების ოქმში ჩამოთვლი ქონება დამოუკიდებლად ფუნქციონირებადი ქვედანაყოფი. მომჩივანი აცხადებს, რომ არანაირი კანონდარღვევა არ ჩაუდენია და სახელმწიფოსაც არ მიუყენებიათ არანაირი ზიანი. მათ მიაწოდეს ყველა ინფორმაცია როგორც ძირითადი საშუალებების მიწოდებასთან დაკავშირებით, ასევე საბანკო ანგარიშებზე თანხების შეტანით და არსებობის შესახებ. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე არ ეთანხმებიან შემოსავლების სამსახურის საგადასახდო მოთხოვნას და შემოსავლების სამსახურის 10.10.2024 წლის ბრძანებას.
დავების განხილვის საბჭო
მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ შემდეგ გარემოებათა გამო:
საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.
აღნიშნული ნორმის საფუძველზე მომჩივნის მოწვევის გარეშე საჩივრის განხილვა შესაძლებელია, როდესაც საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები, ამასთანავე, ფაქტობრივი გარემოებები, რომელსაც დარიცხვა ეფუძნება არ არის სადავო ან სადავოა თუმცა დადგენილია დავის განმხილველი ორგანოს მიერ საჩივრის განხილვის ეტაპზე.
განსახილველ შემთხვევაში, საქმეში არსებული მასალებიდან სადავო საკითხებთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები სრულად ვერ დგინდება, ხოლო მათი ნაწილი სადავოა. შემოსავლების სამსახურში საჩივრის განხილვა განხორციელდა გადასახადის გადამხდელის მონაწილეობის გარეშე. შესაბამისად, შემოსავლების სამსახურის მიერ სათანადოდ არ არის გამოკვლეული სადავო საკითხები.
საქართველოს მთავრობის 14.12.2011 წლის №473 დადგენილებით დამტკიცებული „დავის განმხილველი ორგანოების რეგლამენტის“ 33-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, დავების განხილვის საბჭო უფლებამოსილია გააუქმოს შემოსავლების სამსახურის მიერ დავის განხილვისას მიღებული გადაწყვეტილება და საქმე დაუბრუნოს შემოსავლების სამსახურს ხელახლა განსახილველად, თუ შემოსავლების სამსახურს სათანადოდ არ გამოუკვლევია საქმისათვის არსებითად მნიშვნელოვანი სამართლებრივი ან/და ფაქტობრივი გარემოებები.
საბჭო მიუთითებს საქმის გარემოებებზე, მხარეთა არგუმენტაციაზე და იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ საქმისათვის არსებითად მნიშვნელოვანი ფაქტობრივი გარემოებები სადავოა, ხოლო საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სისტემაში საჩივრის განხილვის პირველ ეტაპზე საჩივარი განხილულია მომჩივნის მონაწილეობის გარეშე, მიიჩნევს, რომ სადავო საკითხები საჭიროებს დამატებით შესწავლას მომჩივნის მონაწილეობით, რისთვისაც საჩივარი ხელახლა განსახილველად უნდა დაუბრუნდეს შემოსავლების სამსახურს.
საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:
1. საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2. გაუქმდეს შემოსავლების სამსახურის 10.10.2024 წლის №22066 ბრძანება;
3. საჩივარი, მომჩივნის მონაწილეობით, ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს შემოსავლების სამსახურს;
4. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდეს; 5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი
1.მომჩივანი არ ეთანხმება ხელფასად თანხის დაბეგვრას, ვინაიდან თანხა კომპანიის სალაროდან შეტანილი იქნა კომპანიის საბანკო ანგარიშზე თიბისი ბანკში და ეს თანხა კომპანიის საკუთრებაა.
2.არ ეთანხმებიან შემოსავლების სამსახურის საგადასახდო მოთხოვნას და შემოსავლების სამსახურის 10.10.2024 წლის ბრძანებას.
ფაქტობრივი გარემოებები
1.საწარმოს შესამოწმებელ პერიოდში ეკონომიკური აქტივობა არ უფიქსირდებოდა, ამასთან კომპანიის მიერ მიწოდებული ინფორმაციის შედეგად გამოვლინდა დიდი ოდენობით ნაღდი ფულის ნაშთი სალაროში. ფაქტობრივი გარემოებებისა და გადამხდელის მიერ აუდიტის დეპარტამენტისთვის მიწოდებული ინფორმაციის საფუძველზე ბუღალტრული ნაშთი განხილულ იქნა არაგონივრულ ნაშთად. შესაბამისად, საგადასახადო შემოწმების ფარგლებში, საწარმოს სალაროში ბუღალტრულად არსებული სალაროს ნაშთი განხილულ იქნა კომპანიის ანგარიშვალდებულ პირზე გაცემულ ხელფასად და დაიბეგრა საშემოსავლო გადასახადით. კომპანიას ასევე დაეკისრა ჯარიმა.
2.შესწავლილ იქნა გადამხდელი მიერ განხორციელებული ოპერაციები, ასევე, საბუღალტრო მონაცემებში არსებული ინფორმაცია. 2023 მაისის საანგარიშო პერიოდში კომპანიას უფიქსირდებოდა ძირითადი საშუალებების რეალიზაცია ურთიერთდამოკიდებულ პირზე,კერძოდ, რეალიზაციისას გამოწერილი იყო საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა 1 500 000 ლარზე, ნულოვანი დღგ-ით. კომპანიამ ძირითადი საშუალებების მიწოდება განიხილა „დამოუკიდებლად მოქმედი ქვედანაყოფის მიწოდებად“ და არ დაბეგრა დღგ-ით.
შემოწმების მიერ შესწავლილ იქნა ურთიერთდამოკიდებულ პირებს შორის განხორციელებული ოპერაცია და სსკ-ის 73-ე, ასევე 160-ე მუხლის მე-7 და მე-8 ნაწილების გათვალისწინებით, აღნიშნული დაკვალიფიცირდა დღგ-ით დასაბეგრ ოპერაციად. გადამხდელს დაერიცხა დღგ და დაეკისრა ჯარიმა.
გადაწყვეტილება
საბჭო მიუთითებს საქმის გარემოებებზე, მხარეთა არგუმენტაციაზე და იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ საქმისათვის არსებითად მნიშვნელოვანი ფაქტობრივი გარემოებები სადავოა, ხოლო საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სისტემაში საჩივრის განხილვის პირველ ეტაპზე საჩივარი განხილულია მომჩივნის მონაწილეობის გარეშე, მიიჩნევს, რომ სადავო საკითხები საჭიროებს დამატებით შესწავლას მომჩივნის მონაწილეობით, რისთვისაც საჩივარი ხელახლა განსახილველად უნდა დაუბრუნდეს შემოსავლების სამსახურს.
დასაბუთება
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს :
302(6).