გადაწყვეტილება №20793/2/2023

ფინანსთა სამინისტროს დავების გადაწყვეტილება არ დაკმაყოფილდა 12.01.2024
№ დოკუმენტი 20793/2/2023
სტატუსი მოქმედი
მიმღები კოლეგიური ორგანო
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

№ 20793/2/2023

12 იანვარი 2024

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

 

მომჩივანი: „----------“ (ს/ნ ----------)

მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი

 

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 30.11.2023 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება ---------- 9.09.2023 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №20793/2/2023).

 

დავის საგანი:

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 16.03.2023 წლის №17952/2/2022 გადაწყვეტილების აღსრულების შედეგები.

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება:

აუდიტის დეპარტამენტის 21.07.2023 წლის №081-148 საგადასახადო მოთხოვნა.

დარიცხული თანხა: 752 507,44 ლარი.

მათ შორის:

გადასახადი - 397 402

დღგ - 201 965

საშემოსავლო გადასახადი - 195 437

ჯარიმა - 153 820,5

საურავი - 201 284,94

 

ფაქტების აღწერა/დარიცხვის საფუძვლები

აუდიტის დეპარტამენტის 31.03.2022 წლის კამერალური საგადასახადო შემოწმების აქტით შემოწმებულია უძრავი ქონების -------- რეალიზაციის შედეგად წარმოშობილი საგადასახადო ვალდებულებების სისწორე.

მომჩივანი გადასახადის გადამხდელად რეგისტრირებულია 13.03.2008 წლიდან, ხოლო დღგ-ის გადამხდელად რეგისტრირებული არ არის. შემოწმების მიმდინარეობისას გამოვლინდა, რომ მომჩივანმა, 4.12.2020 წელს, 400 000 აშშ დოლარად, მიყიდა თავის საკუთრებაში არსებული კომერციული ფართი -------- შპს „--------“-ს, რომლის დამფუძნებელი არის თვითონ. 2020 წლის სექტემბერისა და ნოემბრის თვეებში გადასახადის გადამხდელს უფიქსირდება რეალიზაციის შედეგად ავანსად მიღებული თანხა ჯამურად 720 800 ლარი (დღგ-ის ჩათვლით). აღნიშნული კომერციული ფართი მომჩივანმა თვითონ ააშენა თავისივე კუთვნილ მიწაზე. გადასახადის გადამხდელმა საგადასახადო ორგანოს ვერ წარმოუდგინა ხარჯის დამადასტურებელი დოკუმენტაცია.

საგადასახადო კოდექსის მე-80, 81-ე და 82-ე მუხლების მიხედვით, მიღებულ შემოსავალს და ხარჯებს შორის სხვაობა დაიბეგრა საშემოსავლო გადასახადით. ამასთან, განხორციელებული ოპერაციები დაექვემდებარა დღგ-ის 18%-ით დასაბეგრ ბრუნვებში გათვალისწინებას, გადასახადის გადამხდელის დღგ-ის სავალდებულო რეგისტრაციის თარიღად განისაზღვრა 9.09.2020 წელი. გადამხდელს დაერიცხა გადასახადი და დაეკისრა ჯარიმა საგადასახადო კოდექსის 275-ე და 282-ე მუხლების მიხედვით.

შემოწმების აქტის საფუძველზე გადასახადის გადამხდელს წარედგინა აუდიტის დეპარტამენტის 14.04.2022 წლის №081-65 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში. შემოსავლების სამსახურის 14.09.2022 წლის №23683 ბრძანებით საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.

საბჭოს 16.03.2023 წლის №17952/2/2022 გადაწყვეტილებით ნაწილობრივ გაუქმდა შემოსავლების სამსახურის 14.09.2022 წლის №23683 ბრძანება. აუდიტის დეპარტამენტს დაევალა დამატებით შეისწავლოს მომჩივნის მიერ უძრავ ქონებაზე გაწეული დანახარჯების საკითხი და გამოსაქვითი თანხის ოდენობა განსაზღვროს არაპირდაპირი მეთოდების გამოყენებით. შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს მომჩივნის საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება) და შედეგების ასახვა გადასახადის გადამხდელის პირადი აღრიცხვის ბარათზე. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდა.

საბჭოს 16.03.2023 წლის №17952/2/2022 გადაწყვეტილების აღსრულების შედეგებზე გამოცემული აუდიტის დეპარტამენტის 26.06.2023 წლის დასკვნის მიხედვით, შემმოწმებლის მიერ დამატებით შესწავლილი იქნა არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით ხარჯების გათვალისწინების საკითხი. საგადასახადო კოდექსის 105-ე მუხლის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული ყველა ხარჯი დოკუმენტურად უნდა იყოს დადასტურებული. ამასთან, საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მიხედვით, ცალკეულ შემთხვევაში დაბეგვრის ობიექტისა და საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრის მიზნით, შესაძლებელია ერთობლივი შემოსავლიდან გამოსაქვითი ხარჯი განისაზღვროს არაპირდაპირი მეთოდების გამოყენებით. ამ შემთხვევაში შემოწმების მიერ ხარჯად ჩაითვალა სხვა იდენტური საქმიანობის განმახორციელებელი აუდირებული კომპანიის 1 კვ. მ ფართის მშენებლობის თვითღირებულება (380 ლარი), შემოწმების მიერ გათვალისწინებულია არაუმეტეს თვითღირებულების 75%-ის ოდენობა. შესაბამისად, არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით 2021 წლის საშემოსავლო გადასახადის წლიური დეკლარაციის ერთობლივი შემოსავლიდან გამოსაქვითი ხარჯის ოდენობამ შეადგინა 110 295 ლარი.

აუდიტის დეპარტამენტის 26.06.2023 წლის დასკვნის საფუძველზე გადასახადის გადამხდელს წარედგინა ამავე დეპარტამენტის 21.07.2023 წლის №081-148 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.

 

მომჩივნის არგუმენტაცია

დარიცხვები გამოწვეულია კუთვნილი უძრავი ქონების რეალიზაციის შედეგად მიღებული შემოსავლის დღგ-ით და საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრით. საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში წარდგენილი საჩივარი ემყარებოდა შემდეგ გარემოებებს:

შპს „---------“-ის მიერ უძრავი ქონების ღირებულების (400 ათასი აშშ დოლარი) პირველი ნაწილი (ავანსად) ფ/პ ----------იქნა 9.09.2020 წელს 718 800 ლარის ოდენობით. აღნიშნული თანხა გადახდის დღისათვის შეადგენდა 232 697 აშშ დოლარს (9.09.2020 წლის საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი ლარის კურსი დოლართან მიმართებაში 1 აშშ დოლარი - 3,089 ლარი), ხოლო მეორე ტრანზაქცია განხორციელდა 4.11.2022 წელს 2 000 ლარის ოდენობით, რაც გადახდის დღისათვის 606 აშშ დოლარს (4.11.2020 წლის საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი ლარის კურსი დოლართან მიმართებაში 1 აშშ დოლარი - 3,2988 ლარი) შეადგენდა. ჯამში ამ 2 ტრანზაქციის შედეგად მიღებული იქნა 233 303 აშშ დოლარის ექვივალენტი ლარში.

4.12.2020 წელს კი უძრავი ქონება შპს „---------“-ზე აღირიცხა საჯარო რეესტრში საკუთრების უფლებით და შემოწმების მიერ ნასყიდობის სრული ღირებულება (400 000 აშშ დოლარი) იქნა დაბეგრილი როგორც საშემოსავლო გადასახადით, ისე დღგ-ით, რაც არასწორია, ვინაიდან დოკუმენტურად დასტურდება, რომ ტრანზაქციები განხორციელებულია 9.09.2020 წელს (718 800 ლარი ანუ 232 697 აშშ დოლარი) და 4.11.2020 წელს (2 000 ლარი ანუ 606 აშშ დოლარი), რაც ჯამში შეადგენს 233 303 აშშ დოლარს. შემმოწმებლის მიერ ნასყიდობის საგნის სრული ღირებულება 400 000 აშშ დოლარის ექვივალენტი დაანგარიშებული იქნა 4.12.2020 წლის მდგომარეობით (4.12.2022 წელს 1 აშშ დოლარი - 3,3119 ლარი). გადახდების თარიღისა და იმ დროს არსებული კურსების გათვალისწინებით უძრავი ქონების ღირებულება შეადგენდა 1 272 883 ლარს დღგ-ის ჩათვლით (1 078 714 ლარი დღგ-ის გარეშე) და არა 1 323 999 ლარს (1 122 033 ლარი დღგ-ის გარეშე), რითაც შემმოწმებელმა ხელოვნურად გაზარდა უძრავი ქონების ღირებულება ანუ დასაბეგრი შემოსავალი 43 318 ლარით, საიდანაც დაარიცხა დღგ-ში 7 797 ლარი (43 318*18%) და საშემოსავლო გადასახადში - 8 663 ლარი (43 318*20%), თავის ჯარიმა-საურავებით. სამწუხაროდ, აუდიტის დეპარტამენტმა ისე მიიღო 26.06.2023 წლის №749/2 დასკვნა, 20.07.2023 წლის №17681 ბრძანება და 21.07.2023 წლის №081-148 საგადასახადო მოთხოვნა, რომ საჩივარში მოყვანილ არგუმენტებზე მსჯელობა საჭიროდაც კი არ ჩათვალა, შესაბამისად, გასაჩივრებული აქტები აღნიშნულ ნაწილში დაუსაბუთებელია.

მეორე საკითხი, რაც აუცილებლად უნდა გაეთვალისწინებინა აუდიტის დეპარტამენტს ვალდებულების კორექტირებისას, იყო სსიპ ---------- სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს ექსპერტის დასკვნა უძრავ ქონებაზე გაწეული დანახარჯების ოდენობის შესახებ, რომელიც დავების განხილვის საბჭოს გადაწყვეტილების მიღებისთანავე წარდგენილი იქნა შემოსავლების სამსახურში (16.05.2023 წლის №83042/21-11 წერილი).

შემოსავლების სამსახურის 14.09.2022 წლის №23683 ბრძანება, რომლითაც აუდიტის დეპარტამენტს დაევალა მომჩივნის მიერ უძრავ ქონებაზე გაწეული დანახარჯების საკითხის დამატებით შესწავლა და გამოსაქვითი თანხის ოდენობის განსაზღვროს არაპირდაპირი მეთოდების გამოყენებით, გასაჩივრებული იქნა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში. სხდომაზე კი დაზუსტებულ იქნა, რომ მართალია მივმართეთ სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროს ურავ ქონებაზე გაწეული ხარჯების განსაზღვრის მიზნით, მაგრამ ვინაიდან უძრავი ქონება (შენობა) აშენებულია პირადად, საკუთარი გამოყენებისთვის, რის გამოც არ გაგვაჩნდა ის დოკუმენტაცია, რაც მოთხოვნილი იქნა ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს მიერ მასზე გაწეული ხარჯების განსასაზღვრად. შესაბამისად, სხდომაზე ვიშუამდგომლეთ, რომ გამოსაქვითი თანხის ოდენობის განსაზღვრისას ეხელმძღვანელა სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს საექსპერტო დასკვნისა (სადავო სარეალიზაციო ქონების თვითღირებულების დადგენაში მნიშვნელოვანი და უტყუარი მტკიცებულება) და შემოსავლების სამსახურის №0256 სიტუაციური სახელმძღვანელოს მითითების შესაბამისად, რომლის მიხედვითაც, როცა ხარჯის დამადასტურებელი დოკუმენტი არ არსებობს, საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრა უნდა განისაზღვროს 25%-იანი რენტაბელობიდან გამომდინარე, ანუ როდესაც ვერ ხერხდება შემოსავლების იდენტიფიცირება იმ საქონლის სახეობებისა და ღირებულების მიხედვით, რომლის რეალიზაციითაც მიღებულია ისინი, ამ შემთხვევაში ხარჯად ჩაითვლება გადასახადის გადამხდელის მიერ დაფიქსირებული თანხა, მაგრამ არა უმეტეს მისი საბაზრო ღირებულების 75%-ის ოდენობით.

აღნიშნული მეთოდის გამოყენებითა და საჩივრის პირველ ნაწილში დაფიქსირებული უძრავი ქონების მიწოდების მომენტში არსებული ვალუტის კურსების გათვალისწინებით, საშემოსავლო გადასახადით დასაბეგრი ბაზა იქნებოდა 380 773 ლარი (1 078 714 (უძრავი ქონების ღირებულება დღგ-ის გარეშე) - 697 941 ლარი (ექსპერტის დასკვნით განსაზღვრული საბაზრო ღირებულებას 930 588 ლარს - 25%), საიდანაც კუთვნილი საშემოსავლო გადასახადი 76 154,6 ლარი იქნებოდა და არა 195 437 ლარი, როგორც ეს იქნა დადგენილი აუდიტის დეპარტამენტის 26.06.2023 წლის №749/2 დასკვნით.

აუდიტის დეპარტამენტის 26.06.2023 წლის №749/2 დასკვნით სადავო საკითხი ისე იქნა განხილული და მიღებულ იქნა გადაწყვეტილება, რომ მხედველობაში არ იქნა მიღებული მთელი რიგი გარემოებანი, მათ შორის ისეთი, როგორიცაა უძრავი ქონების მდგომარეობა მისი რეალიზაციის მომენტში. უდავოა, რომ უძრავი ქონება (ს/კ --------) სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს ექსპერტის დასკვნით უძრავ ქონებაზე გაწეული დანახარჯების ოდენობის შესახებ იყო არა შავი კარკასის, არამედ - გარემონტებულ მდგომარეობაში, რაც დასტურდება ამავე დასკვნაზე დართული ობიექტის სურათებით. აუდიტის დეპარტამენტის მიერ კი „ხარჯად ჩაითვალა სხვა იდენტური საქმიანობის განმახორციელებელი აუდირებული კომპანიის 1 კვ. მ ფართის მშენებლობის თვითღირებულება (380 ლარი), შემოწმების მიერ გათვალისწინებულია არაუმეტეს თვითღირებულების 75%-ის ოდენობა. შესაბამისად, არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით 2021 წლის საშემოსავლო გადასახადის წლიური დეკლარაციის ერთობლივი შემოსავლიდან გამოსაქვითი ხარჯის ოდენობამ შეადგინა 110 295 ლარი“.

დაუჯერებელია, მაგრამ ფაქტია, აუდიტის დეპარტამენტმა ქონების თვითღირებულებად, რომელიც რეალიზებული იყო 400 ათას აშშ დოლარად, 4.12.2020 წელს მოქმედი საქართველოს ეროვნული ბანკის კურსის მიხედვით, დაადგინა 33 302,6 აშშ დოლარი, ანუ მოგების მარჟა განსაზღვრა 1 200 პროცენტი!

მოთხოვნა, რაც აუცილებლად უნდა გაეთვალისწინებინა აუდიტის დეპარტამენტს ვალდებულების კორექტირებისას, იყო უძრავ ქონებაზე გაწეული დანახარჯების ოდენობის შესახებ სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს ექსპერტის დასკვნის გათვალისწინება.

შემოსავლების სამსახურის №0256 სიტუაციური სახელმძღვანელოს მითითების შესაბამისად, რომლის მიხედვითაც, როცა ხარჯის დამადასტურებელი დოკუმენტი არ არსებობს, საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრა უნდა განხორციელდეს 25%-იანი რენტაბელობიდან გამომდინარე. ანუ როდესაც ვერ ხერხდება შემოსავლების იდენტიფიცირება იმ საქონლის სახეობებისა და ღირებულების მიხედვით, რომლის რეალიზაციითაც მიღებულია ისინი, ამ შემთხვევაში ხარჯად ჩაითვლება გადასახადის გადამხდელის მიერ დაფიქსირებული თანხა, მაგრამ არა უმეტეს მისი საბაზრო ღირებულების 75%-ის ოდენობით.

ადმინისტრაციული წარმოების ჩატარება მოიცავს ადმინისტრაციული ორგანოს უმნიშვნელოვანეს პროცედურულ ვალდებულებას - გამოიკვლიოს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე. აქტის გამოცემისათვის კანონმდებლობით დადგენილია პროცედურის დაცვა, რამდენადაც მიუკერძოებლად, საქმის გარემოებათა ყოველმხრივი და ობიექტური გამოკვლევის საფუძველზე გამოცემული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის დასაბუთებულობა-კანონიერების ხარისხი გაცილებით მაღალია, ხოლო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემისათვის დადგენილი წარმოების პროცედურის დაცვა განმსაზღვრელ მნიშვნელობას ანიჭებს თვით აქტის კანონიერებას.

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის ეს უმნიშვნელოვანესი იმპერატიული ხასიათის დანაწესი ემსახურება საჯარო მმართველობის კანონიერების პრინციპს, რამდენადაც ყოველი მმართველობითი გადაწყვეტილების მიღება უნდა ეფუძნებოდეს განსახილველი საკითხის გარემოებებისა და ფაქტების ობიექტურ შესწავლა-გამოკვლევას, რომლის შეფასებიდან უნდა გამომდინარეობდეს საკითხის გადასაწყვეტად ჩამოყალიბებული დასკვნა

მითითებულ ნორმათა ანალიზის საფუძველზე შეიძლება დავასკვნათ, რომ ადმინისტრაციულმა ორგანომ უნდა გამოიყენოს კანონით მისთვის მინიჭებული ყველა შესაძლებლობა, რათა სრულყოფილად დაადგინოს და შეისწავლოს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება. მხოლოდ საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოების სრულად შესწავლისა და დადგენის შემდეგ არის შესაძლებელი კანონიერი გადაწყვეტილების მიღება.

გადაანგარიშებისას უსაფუძვლოდ არ იქნა გამოყენებული სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დასკვნა ქონების საბაზრო ღირებულების განსაზღვრის თაობაზე, არგუმენტების გარეშე.

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601 მუხლის თანახმად, ადმინისტრაციულსამართლებრივი აქტი ბათილია, თუ იგი ეწინააღმდეგება კანონს ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადების ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები. ადმინისტრაციულსამართლებრივი აქტის მომზადების ან გამოცემის წესის არსებით დარღვევად ჩაითვლება ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა ამ კოდექსის 32-ე ან 34-ე მუხლით გათვალისწინებული წესის დარღვევით ჩატარებულ სხდომაზე ან კანონით გათვალისწინებული ადმინისტრაციული წარმოების სახის დარღვევით, ანდა კანონის ისეთი დარღვევა, რომლის არარსებობის შემთხვევაში მოცემულ საკითხზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება. ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს ბათილად ცნობს მისი გამომცემი ადმინისტრაციული ორგანო, ხოლო საჩივრის ან სარჩელის შემთხვევაში – ზემდგომი ადმინისტრაციული ორგანო ან სასამართლო.

მოცემულ კონკრეტულ შემთხვევაში, შემმოწმებლების მიერ ადმინისტრაციული წარმოებისას არასრულყოფილად იქნა შესწავლილი მთავარი საკითხი, შედეგად მიღებული იქნა უკანონო გადაწყვეტილება, რამაც გადასახადის გადამხდელის უფლებების დაუსაბუთებელი შეზღუდვა გამოიწვია. ამდენად, ზემოთ მოყვანილი არგუმენტები და გარემოებანი მოწმობს, რომ აუდიტის დეპარტამენტის 26.06.2023 წლის №749/2 დასკვნა, 20.07.2023 წლის №17681 ბრძანება და 21.07.2023 წლის №081-148 საგადასახადო მოთხოვნა მიღებულია საქმის გარემოებების სათანადო გამოკვლევისა და შესწავლის გარეშე, რის შედეგად მიღებული იქნა უკანონო და დაუსაბუთებელი აქტები, რის გამოც ბათილად უნდა იქნან ცნობილი.

 

დავების განხილვის საბჭო

მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საგადასახადო კოდექსის მე-80 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, რეზიდენტი ფიზიკური პირის საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრის ობიექტია დასაბეგრი შემოსავალი, რომელიც განისაზღვრება, როგორც სხვაობა კალენდარული წლის განმავლობაში მიღებულ ერთობლივ შემოსავალსა და ამ პერიოდისათვის ამ კოდექსით გათვალისწინებული გამოქვითვების თანხებს შორის.

საგადასახადო კოდექსის 81-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ფიზიკური პირის დასაბეგრი შემოსავალი იბეგრება 20 პროცენტით, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.

საგადასახადო კოდექსის მე-100 მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, ერთობლივ შემოსავალს განეკუთვნება ეკონომიკური საქმიანობით მიღებული შემოსავლები, რომლებიც დაკავშირებული არ არის დაქირავებით მუშაობასთან.

საგადასახადო კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, ეკონომიკური საქმიანობით მიღებულ შემოსავლებს განეკუთვნება აქტივების რეალიზაციით მიღებული ნამეტი შემოსავალი.

საგადასახადო კოდექსის 105-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების თანახმად:

1. ერთობლივი შემოსავლიდან გამოიქვითება ყველა ხარჯი, რომელიც დაკავშირებულია მის მიღებასთან, გარდა იმ ხარჯებისა, რომლებიც ამ კოდექსის თანახმად გამოქვითვას არ ექვემდებარება.

2. თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, ყველა ხარჯი დოკუმენტურად უნდა იყოს დადასტურებული.

საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, პირის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვროს არაპირდაპირი მეთოდების გამოყენებით (აქტივების სიდიდის, საოპერაციო შემოსავლებისა და ხარჯების, პირის შესახებ ინფორმაციის მისი საქმიანობის სხვა საგადასახადო პერიოდთან ან სხვა ამგვარი გადასახადის გადამხდელის შესახებ მონაცემების შედარების, აგრეთვე სხვა მსგავსი ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე) თუ პირს არ აქვს სააღრიცხვო დოკუმენტაცია ან სააღრიცხვო დოკუმენტაციით შეუძლებელია დაბეგვრის ობიექტის დადგენა.

შემოწმების შედეგად დადგენილია, რომ მომჩივანმა 4.12.2020 წელს 400 000 აშშ დოლარად მიყიდა თავის საკუთრებაში არსებული კომერციული ფართი (ს/კ --------) შპს „---------“-ს, რომლის დამფუძნებელი არის თვითონ. 2020 წლის სექტემბერისა და ნოემბრის თვეებში გადასახადის გადამხდელს უფიქსირდება რეალიზაციის შედეგად ავანსად მიღებული თანხა ჯამურად 720 800 ლარი (დღგ-ის ჩათვლით). აღნიშნული კომერციული ფართი მომჩივანმა ააშენა თავისივე კუთვნილ მიწაზე. გადასახადის გადამხდელმა საგადასახადო ორგანოს ვერ წარმოუდგინა ხარჯის დამადასტურებელი დოკუმენტაცია.

საბჭოს 16.03.2023 წლის №17952/2/2022 გადაწყვეტილებით, აუდიტის დეპარტამენტს დაევალა დამატებით შეისწავლოს მომჩივნის მიერ უძრავ ქონებაზე გაწეული დანახარჯების საკითხი და გამოსაქვითი თანხის ოდენობა განსაზღვროს არაპირდაპირი მეთოდების გამოყენებით. შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს მომჩივნის საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება) და შედეგების ასახვა გადასახადის გადამხდელის პირადი აღრიცხვის ბარათზე.

აუდიტის დეპარტამენტის 26.06.2023 წლის დასკვნის მიხედვით, შემმოწმებლის მიერ დამატებით შესწავლილი იქნა არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით ხარჯების გათვალისწინების საკითხი. ხარჯად ჩაითვალა სხვა იდენტური საქმიანობის განმახორციელებელი აუდირებული კომპანიის 1 კვ. მ ფართის მშენებლობის თვითღირებულება (380 ლარი), გათვალისწინებულია არაუმეტეს თვითღირებულების 75%- ის ოდენობა. შესაბამისად, არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით 2021 წლის საშემოსავლო გადასახადის წლიური დეკლარაციის ერთობლივი შემოსავლიდან გამოსაქვითი ხარჯის ოდენობამ შეადგინა 110 295 ლარი.

საბჭო ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშებისას შესწავლილია ხარჯების გათვალისწინების საკითხი და არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით განსაზღვრული ერთობლივი შემოსავლიდან გამოსაქვითი ხარჯის ოდენობა გათვალისწინებულია მომჩივნის საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრისას, შედეგად შემცირებას დაექვემდებარა გადასახადის და სანქციის თანხები.

ღნიშნულიდან გამომდინარე, საბჭო მიიჩნევს, რომ აუდიტის დეპარტამენტის 26.06.2023 წლის დასკვნა გამოცემულია საბჭოს 16.03.2023 წლის №17952/2/2022 გადაწყვეტილების შესაბამისად და არ არსებობს საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.

 

საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:

 

1. საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 16.03.2023 წლის №17952/2/2022 გადაწყვეტილების აღსრულების შედეგები.

 

ფაქტობრივი გარემოებები

შემოწმების შედეგად დადგენილია, რომ მომჩივანმა მიყიდა თავის საკუთრებაში არსებული კომერციული ფართი შპს-ს, რომლის დამფუძნებელი არის თვითონ. 2020 წლის სექტემბერისა და ნოემბრის თვეებში გადასახადის გადამხდელს უფიქსირდება რეალიზაციის შედეგად ავანსად მიღებული თანხა . აღნიშნული კომერციული ფართი მომჩივანმა ააშენა თავისივე კუთვნილ მიწაზე. გადასახად. შემმოწმებლის მიერ დამატებით შესწავლილი იქნა არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით ხარჯების გათვალისწინების საკითხი. ხარჯად ჩაითვალა სხვა იდენტური საქმიანობის განმახორციელებელი აუდირებული კომპანიის 1 კვ. მ ფართის მშენებლობის თვითღირებულება , გათვალისწინებულია არაუმეტეს თვითღირებულების 75%- ის ოდენობა.

 

გადაწყვეტილება

საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

 

დასაბუთება

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს;80(1);81(1);100(3);102(1);105(2)73(5);