გადაწყვეტილება №22515/2/2024
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
№22515/2/2024
15 ივლისი 2024
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
მომჩივანი: შპს „---“ (ს/ნ ---)
მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 6.06.2024 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება შპს ---ის 9.03.2024 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №22515/2/2024).
დავის საგანი:
სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ინვენტარიზაციის შედეგად გამოვლენილი დანაკლისის დაბეგვრა.
გასაჩივრებული გადაწყვეტილება:
1. აუდიტის დეპარტამენტის 28.12.2023 წლის №007-433 საგადასახადო მოთხოვნა;
2. შემოსავლების სამსახურის 21.02.2024 წლის №3656 ბრძანება.
დარიცხული თანხა: 88 227,46 ლარი.
მათ შორის:
გადასახადი - 44 802
დღგ - 22 623 მოგების
გადასახადი - 22 179
ჯარიმა - 22 401
საურავი - 21 024,46
ფაქტების აღწერა/დარიცხვის საფუძვლები
კომპანიის საქმიანობას წარმოადგენს საცალო და საბითუმო ვაჭრობა ბენზინით --- ის რაიონში. გადამხდელს უფიქსირდება საცალო რეალიზაციის ნაწილში 2 აგს და 1 საბითუმო ობიექტი. აუდიტის დეპარტამენტის 11.12.2023 წლის კამერალური საგადასახადო შემოწმების აქტით შემოწმებულია 21.01.2020 წლიდან 1.04.2022 წლამდე პერიოდი. საიდანაც ირკვევა, რომ სადავო დარიცხვა გამოწვეულია შემდეგი გარემოებებით:
კომპანია საქმიანობას ახორციელებს იჯარით აღებულ ფართებში. საქონელს ყიდულობს და ყიდის ადგილობრივ ბაზარზე. რეალიზაცია უფიქსირდება, როგორც დოკუმენტური, ასევე საცალო სახით. გადასახადის გადამხდელს რეალიზებული საქონლის ღირებულება მიღებული აქვს, როგორც ნაღდი ისე უნაღდო ანგარიშსწორებით. შესამოწმებელ პერიოდში წარმოდგენილი დღგ-ის დეკლარაციების მიხედვით სულ დასაბეგრი ბრუნვა შეადგენს 5 393 151 ლარს. საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 2020 წლის 23 ივნისის №16475 ბრძანების საფუძველზე ჩატარდა სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ინვენტარიზაცია, სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ნაშთმა შეადგინა 57 406 ლარი პირვანდელი ღირებულებით. ინვენტარიზაციის შედეგად გამოვლინდა 148 304 ლარის საბაზრო ღირებულების სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების დანაკლისი. აღნიშნულ დანაკლისთან დაკავშირებით 2020 წლის 21 სექტემბერს შედგა №CB1106613 საგადასახადო 15 ივლისი 2024 N 03/54184 2 სამართალდარღვევის ოქმი. აღნიშნული დანაკლისი საწარმოს არ აქვს დეკლარირებული შესაბამის პერიოდში. შემოწმების მიერ საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის მიერ ჩატარებული ინვენტარიზაციით დადგენილი დანაკლისი დაიბეგრა შესაბამის პერიოდში მოგების გადასახადით და დღგ-ით. მომჩივანს ასევე დაეკისრა ჯარიმა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის საფუძველზე. საგადასახადო შემოწმების აქტის საფუძველზე გადასახადის გადამხდელს წარედგინა აუდიტის დეპარტამენტის 28.12.2023 წლის №007-433 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში. შემოსავლების სამსახურის 21.02.2024 წლის №3656 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი
შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 302-ე, 286-ე, მე-8, მე-16, მე-2, შესამოწმებელ პერიოდში მოქმედი საგადასახადო კოდექსის 160-ე, 161-ე, 96-ე, 97-ე, 983 , 43-ე მუხლებზე და ყურადღებას ამახვილებს დადგენილ ფაქტობრივ გარემოებაზე, რომლის მიხედვით, საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 2020 წლის 23 ივნისის №16475 ბრძანების საფუძველზე ჩატარდა სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ინვენტარიზაცია, რომლის შედეგად გამოვლინდა 148 304 ლარის საბაზრო ღირებულების სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების დანაკლისი. აღნიშნულ დანაკლისთან დაკავშირებით, 2020 წლის 21 სექტემბერს შედგა №CB1106613 საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმი. აღნიშნული დანაკლისი საწარმოს მიერ არ იყო დაბეგრილი და დეკლარირებული შესაბამის პერიოდში. ამასთან, შემოსავლების სამსახური მიუთითებს, რომ მომჩივანი საჩივარში ვერ უთითებს ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე, თუ რა ნაწილში იქნა განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები არამართლზომიერად. ხოლო, დავის წარმოების პროცესში არ ყოფილა წარმოდგენილი იმგვარი დოკუმენტაცია/მტკიცებულება, რომელიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმებით დადგენილ გარემოებებს.
ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ საგადასახადო შემოწმების შედეგად საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით, წარმოდგენილი საჩივარი ამ ნაწილში დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 43-ე, 270-ე, 275-ე, 272-ე, 269-ე მუხლებზე და განმარტავს, რომ გადასახადის გადამხდელის კეთილსინდისიერება უკავშირდება მის მიერ დაშვებულ შეცდომას, გადამხდელი კეთილსინდისიერია იმ შემთხვევაში თუ სამართალდარღვევა გამოწვეულია მის მიერ დაშვებული შეცდომით (არცოდნით). კეთილსინდისიერება გულისხმობს პირის სუბიექტურ დამოკიდებულებას მის მიერ ჩადენილი ქმედებისადმი. პირი მოქმედებს საპატიებელი შეცდომის პირობებში ანუ მან არ იცოდა და არც შეიძლებოდა სცოდნოდა, რომ ჩადიოდა აკრძალულ ქმედებას (სამართალდარღვევას).
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის მიზანია საგადასახადო პასუხისმგებლობისგან გაათავისუფლოს პირი, რომელიც სამართლებრივი შეცდომის არეალში მოქმედებდა, რადგან სამართლებრივი შეცდომის დროს პირი არასწორად აფასებს ჩადენილი ქმედების სამართლებრივ არსს და ამ ქმედებით გამოწვეულ სამართლებრივ შედეგს.
შემოსავლების სამსახური მიუთითებს ფაქტობრივ გარემოებებზე, რომლის მიხედვით გადასახადის გადამხდელს არასრულად ჰქონდა შესრულებული საგადასახადო ვალდებულებები, ამასთან, მომჩივანი ვერ უთითებს ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე, რომლითაც დადასტურდება, რომ გადასახადის გადამხდელი საგადასახადო ვალდებულებების არაჯეროვნად შესრულებისას მოქმედებდა სამართლებრივი შეცდომის არეალში. შესაბამისად, საგადასახადო შემოწმების შედეგად დარიცხული სანქციების მიმართ შემოსავლების სამსახურს მიზანშეწონილად არ მიაჩნია საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის გამოყენება. ამდენად, გადასახადის გადამხდელის მიერ წარმოდგენილი საჩივარი დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
მომჩივნის არგუმენტაცია
როგორც შემოსავლების სამსახურში წარდგენილ საჩივარშია აღნიშნული, ცნობილი პანდემიით გამოწვეული ფორს-მაჟორული სიტუაციის გამო, გარკვეული პერიოდი შეზღუდული იყო ობიექტებზე კომპეტენტურ პირთან წვდომა, რის გამოც აღრიცხვის პროცესი წარიმართა ხარვეზით. კერძოდ, მოლარე ოპერატორების მიერ რეალიზაციის აღრიცხვა მოხდა საკასო მეთოდით (რეალიზაციიდან მიღებული თანხის კომპანიაში შემოსვლის მომენტში), თუმცა სიტუაციის ნორმალიზების პარალელურად, როგორც კი გაჩნდა ობიექტებზე სრულყოფილად წვდომის საშუალება, კომპანიამ მოახდინა დებიტორული დავალიანების ინვენტარიზაცია და დებიტორებისაგან თანხების ამოღების პარალელურად, 2020 წლის ივლისსა და აგვისტოში უზრუნველყო რეალიზებული (მ. შ. კონსიგნაციით რეალიზებული) საქონლის სრულად დეკლარირება (აღნიშნულის შესახებ 2020 წელსვე ეცნობა შემოსავლების სამსახურს). ამდენად, სამართალდარღვევის ოქმის შედგენის მომენტისათვის (2020 წლის 21 სექტემბრისათვის), კომპანიას უკვე ჰქონდა დეკლარირებული სმფ-ების კონსიგნაციით რეალიზაციით გამოწვეული ის განსხვავება, რაც დააფიქსირა 2020 წლის ივნისში მონიტორინგის დეპარტამენტმა დანაკლისის სახით. 2024 წლის 21 თებერვლის №3656 ბრძანებაში, შემოსავლების სამსახური კვლავ „ყურადღებას ამახვილებს დადგენილ ფაქტობრივ გარემოებაზე, რომლის მიხედვით, საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 2020 წლის 23 ივნისის №16475 ბრძანების საფუძველზე ჩატარდა სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ინვენტარიზაცია, რომლის შედეგად გამოვლინდა 148 304 ლარის საბაზრო ღირებულების სასაქონლომატერიალური ფასეულობების დანაკლისი. აღნიშნულ დანაკლისთან დაკავშირებით, 2020 წლის 21 სექტემბერს (ინვენტარიზაციის ჩატარებიდან 3 თვის შემდეგ) შედგა №CB1106613 საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმი. აღნიშნული დანაკლისი საწარმოს მიერ არ იყო დაბეგრილი და დეკლარირებული შესაბამის პერიოდში, თუმცა ის გარემოება, რომ დანაკლისი არ იყო დაბეგრილი და დეკლარირებული „შესაბამის პერიოდში“ არ ნიშნავს იმას, რომ საერთოდ არ ყოფილა დეკლარირებული ის სხვაობა, რაც გამოვლენილი იქნა მონიტორინგის დეპარტამენტის მიერ ჩატარებული სმფ-ების ინვენტარიზაციის შედეგად.
გამოვლენილი დანაკლისი კომპანიის მიერ სრულად დეკლარირებულია 2020 წლის ივლისსა და აგვისტოში. შესაბამისად, ზემოაღნიშნული შემოწმების აქტით ხდება საგადასახადო ვალდებულების ორმაგად დარიცხვა. ამასთან, კომპანიაში სრულად არის ნაჩვენები იმ თანხების შემოსვლაც, რაც უკავშირდებოდა კონსიგნაციით საქონლის რეალიზაციას და მისი დაბეგვრა დანაკლისის საფუძვლით არამართლზომიერია. ამასთან, გაუგებარია შემოსავლების სამსახური პოზიცია, თითქოს მომჩივანი საჩივარში ვერ უთითებდეს ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე, თუ რა ნაწილში იქნა განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები არამართლზომიერად.
ნავთობპროდუქტებით ვაჭრობის სფეროში მოქმედი განსაკუთრებული საკანონმდებლო ნორმების და რეგულაციების საშუალებით მარტივად დგინდება, რომ კომპანიას ფუნქციონირების პერიოდში სრულად უფიქსირდება ა.გ.ს-ებზე მიწოდებული სმფ-ების რეალიზაცია, რაც თავად კომპანიის მიერ დეკლარირებულია და ასახულია შემოსავლების სამსახურის ელექტრონულ ვებგვერდზე. დანართის სახით წარმოდგენილი გაანგარიშებით მარტივად დგინდება, რომ თუნდაც მონიტორინგის სამსახურის მიერ განსაზღვრული ფასნამატის გათვალისწინებით, 2020 წლის სექტემბრის ბოლოს (ისევე როგორც ობიექტების ფუნქციონირების თითქმის მთელ პერიოდში) სმფ-ების სრული ნაშთის საბაზრო ღირებულება ბევრად ნაკლებია მონიტორინგის სამსახურის მიერ დაფიქსირებული დანაკლისის საბაზრო ღირებულებაზე, რომ არაფერი ვთქვათ ფუნქციონირებისათვის საჭირო სმფ-ების გონივრულ ნაშთზე (დანართი გაანგარიშება). ამასთან, აღნიშნული მონაცემები შესაბამისობაშია ლუქის დადებისას და ლუქის ახსნისას დაფიქსირებულ მრიცხველის ჩვენებებთან (რაც ასევე, ხელმისაწვდომია შემოსავლების სამსახურის ვებგვერდზე), რომლის მიხედვითაც ასევე დასტურდება, რომ კომპანიის მიერ შეძენილი სმფ-ები სრულად არის აღრიცხული და რეალიზებული. ფაქტობრივად, შემმოწმებელი დანაკლისის „შესაბამის“ პერიოდში დაბეგვრით ახდენს კომპანიაში არარსებული სმფ-ების ვირტუალურ მიწოდებას და შესაბამისად, საგადასახადო ვალდებულების გაორმაგებას. რაც შეეხება დავის წარმოების პროცესში იმგვარი დოკუმენტაციის/მტკიცებულების წარდგენას, რომელიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმებით დადგენილ გარემოებებს, საჩივრის განხილვა მოხდა მომჩივნის დაუსწრებლად. შესაბამისად, არ გვქონია დამატებითი დოკუმენტაციის/მტკიცებულების წარდგენის საშუალება და ვინაიდან შემმოწმებელი არ ითვალისწინებს დავის საგანთან დაკავშირებულ ფაქტობრივ გარემოებებს, გთხოვთ სადავო საკითხი ხელახალი განხილვისთვის დააბრუნოთ აუდიტის დეპარტამენტში და მოგვცეთ საშუალება, ჩვენი კომპანიის წარმომადგენლის თანდასწრებით, მოხდეს სადავო საკითხთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებების შესწავლა/განხილვა და სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, აქტით დარიცხული თანხების შემცირება ან კომპანიის მიერ 2020 წლის ივლისისა და აგვისტოს თვეებში დარიცხული გადასახადების კორექტირება (შემცირება). კვლავ ბუნდოვანი და გაურკვეველი რჩება თუ რა სტანდარტით ხელმძღვანელობენ შემოსავლების სამსახური და დავების საბჭო კეთილსინდისიერი გადამხდელის პრინციპის გამოყენებისას: დავების საბჭოს მსჯელობა უმეტეს შემთხვევაში შემოფარგლულია მხოლოდ სამართლებრივი ნორმების ციტირებით და მიღებული გადაწყვეტილების აღნიშვნით. შემოსავლების სამსახური იზიარებს (ციტირებს) 2014 წლის 7 ოქტომბერს საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას კეთილსინდისიერი გადამხდელის პრინციპის განმარტებასთან დაკავშირებით, თუმცა ცდილობს საკუთარი პოზიცია გაამყაროს ზოგადი ფრაზით, რომ „ფაქტობრივ გარემოებებზე დაყრდნობით, გადასახადის გადამხდელს არასრულად ჰქონდა შესრულებული საგადასახადო ვალდებულებები“ (მაშინ, როდესაც ეს არის სწორედ არცოდნის და შეცდომის შედეგი). შემოსავლების სამსახური არ მსჯელობს იმ კონკრეტულ ფაქტობრივ გარემოებებზე, რაზე დაყრდნობითაც შესაძლოა კომპანია ჩაითვალოს კეთილსინდისიერ გადამხდელად, კერძოდ:
1. კომპანია მოქმედებდა პანდემიით გამოწვეულ ფორს-მაჟორულ სიტუაციაში (აღსანიშნავია, რომ კომპანია რეგისტრირებულია 2020 წლის იანვარში, რის გამოც ფუნქციონირებასთან დაკავშირებული საორგანიზაციო საკითხების მოგვარება გართულებული იყო პანდემიის გამო დაწესებული შეზღუდვებით);
2. პერსონალს, რომელიც ახდენდა აგს-ის ოპერირებას (რეგულაციებიდან გამომდინარე ობიექტებზე წვდომის შეზღუდვის გამო), არ გააჩნდა შესაბამისი ცოდნა/კვალიფიკაცია და აღრიცხვისას დაუშვა შეცდომა;
3. კომპანიას არ ჰქონია მიზნად გადასახადების დამალვა და პირველივე შესაძლებლობისთანავე შეეცადა ხარვეზის გამოსწორებას (აქაც ჩანს კომპანიის კეთილსინდისიერი დამოკიდებულება და ის, რომ უზუსტობის მიზეზი არის შეცდომა/არცოდნა, ვინაიდან წინააღმდეგ შემთხვევაში, კომპანიას შეეძლო დალოდებოდა სამართალდარღვევის ოქმის შედგენას და „შესაბამის“ პერიოდში მოეხდინა დეკლარირება);
4. შემოწმების შედეგად სხვა დარღვევები არ გამოვლენილა;
5. კომპანიის ქმედებაში არ შეინიშნება კრიმინალის ელემენტები და ბოროტი განზრახვა. ამდენად, კვლავ მოგმართავთ თხოვნით, აღნიშნული დარიცხვა, რომელიც გამოწვეულია ადამიანური ფაქტორით, შეცდომით/არცოდნით, ობიექტური, დაუძლეველი გარემოებებით ჩაგვითვალოთ საპატიოდ, საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის გათვალისწინებით და მოგვიხსნათ დამატებით დარიცხული ჯარიმები და საურავები.
დავების განხილვის საბჭო
მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საგადასახადო კოდექსის 286-ე მუხლის მე-9 ნაწილის თანახმად, გადასახადის გადამხდელთან ამ კოდექსით გათვალისწინებული დანაკლისის გამოვლენა ითვლება მისი აღმოჩენის მომენტში საბაზრო ფასით განხორციელებულ მიწოდებად. ამასთანავე, თუ სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების დანაკლისი საგადასახადო ორგანოს მიერ ინვენტარიზაციის შედეგად გამოვლინდა, პირი დამატებით ჯარიმდება ამ სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების საბაზრო ღირებულების 10 პროცენტის ოდენობით.
საგადასახადო კოდექსის 983 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ამ კოდექსით გათვალისწინებული სასაქონლო-მატერიალური ფასეულობის დანაკლისი ითვლება მისი გამოვლენის მომენტში ამ საქონლის უსასყიდლოდ მიწოდებად.
საგადასახადო კოდექსის 97-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტის თანახმად, რეზიდენტი საწარმოს მოგების გადასახადით დაბეგვრის ობიექტია უსასყიდლოდ საქონლის მიწოდება.
საგადასახადო კოდექსის 161-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის 1.01.2021 წლამდე მოქმედი რედაქციით დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციაა საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში საქონლის მიწოდება.
საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 2020 წლის 23 ივნისის №16475 ბრძანების საფუძველზე ჩატარდა სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ინვენტარიზაცია, სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ნაშთმა შეადგინა 57 406 ლარი პირვანდელი ღირებულებით. ინვენტარიზაციის შედეგად გამოვლინდა 148 304 ლარის საბაზრო ღირებულების სასაქონლომატერიალური ფასეულობების დანაკლისი. აღნიშნულ დანაკლისთან დაკავშირებით 2020 წლის 21 სექტემბერს შედგა №CB1106613 საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმი და გადასახადის გადამხდელს დაეკისრა საგადასახადო კოდექსის 286-ე მუხლის მე-9 ნაწილის საფუძველზე ჯარიმა დანაკლისის საბაზრო ფასის 10%.
აუდიტის დეპარტამენტის წარმომადგენლის განმარტებით, არ იშიფრებოდა გადასახადის გადამხდელის მიერ დეკლარირებული მონაცემები, წარმოდგენილი საწვავის აღრიცხვის ჟურნალები შედგენილი იყო არასწორად. დეკლარაციის დანაკლისის გრაფაში არ აქვს ასახული მონაცემები. ინვენტარიზაციის დროს საქონლის ფასნამატი განსაზღვრულია 4%-ის ოდენობით. მომჩივნის მიერ დეკლარირებული ფასნამატის მაჩვენებლებია 0,7% და 2%. დეკლარირებული რეალიზაციები გადასახადის გადამხდელმაც ვერ გაშიფრა, ხოლო წარმოდგენილი საქონლის მოძრაობის ცხრილის მონაცემებიც გაუგებარია/არ იშიფრება.
გადასახადის გადამხდელი ვერ შიფრავს დაბეგრილი აქვს თუ არა და რა ფასნამატით აქვს დაბეგრილი ინვენტარიზაციის შედეგად გამოვლენილი დანაკლისი. ვინაიდან საგადასახადო კანონმდებლობის მიხედვით სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების დანაკლისის გამოვლენა ითვლება მისი აღმოჩენის მომენტში საბაზრო ფასით განხორციელებულ მიწოდებად და აგრეთვე, სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ინვენტარიზაციის შედეგად გამოვლენილი დანაკლისი განიხილება მისი გამოვლენის მომენტში საქონლის უსასყიდლოდ მიწოდებად, საბჭოს მიაჩნია, რომ მომჩივნის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია კანონმდებლობის დაცვით და არ არსებობს სადავო აქტების გაუქმების საფუძველი.
საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველ ორგანოს უფლება აქვს, გაათავისუფლოს კეთილსინდისიერი გადასახადის გადამხდელი ამ კოდექსით გათვალისწინებული სანქციისაგან, თუ სამართალდარღვევა გამოწვეულია გადასახადის გადამხდელის შეცდომით/არცოდნით. ვინაიდან განსახილველ შემთხვევაში არ დასტურდება, რომ გადასახადის გადამხდელის მიერ საგადასახადო ვალდებულებების არასრულად დეკლარირება გამოწვეულია მისი შეცდომით/არცოდნით, საბჭოს მიაჩნია, რომ არ არსებობს სანქციებისგან საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე მომჩივნის გათავისუფლების საფუძველი.
საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:
1. საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხები:
1. აუდიტის დეპარტამენტის 28.12.2023 წლის №007-433 საგადასახადო მოთხოვნა;
2. შემოსავლების სამსახურის 21.02.2024 წლის №3656 ბრძანება.
ფაქტობრივი გარემოებები
შესამოწმებელ პერიოდში წარმოდგენილი დღგ-ის დეკლარაციების მიხედვით სულ დასაბეგრი ბრუნვა შეადგენს 5 393 151 ლარს. საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის ინვენტარიზაციის შედეგად გამოვლინდა 148 304 ლარის საბაზრო ღირებულების სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების დანაკლისი. აღნიშნულ დანაკლისთან დაკავშირებით 2020 წლის 21 სექტემბერს შედგა №CB1106613 საგადასახადო 15 ივლისი 2024 N 03/54184 2 სამართალდარღვევის ოქმი. აღნიშნული დანაკლისი საწარმოს არ აქვს დეკლარირებული შესაბამის პერიოდში. შემოწმების მიერ საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის მიერ ჩატარებული ინვენტარიზაციით დადგენილი დანაკლისი დაიბეგრა შესაბამის პერიოდში მოგების გადასახადით და დღგ-ით. მომჩივანს ასევე დაეკისრა ჯარიმა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის საფუძველზე.
გადაწყვეტილება
საჩივარი არ დაკმაყოფილდა. დადგენილი ფაქტობრივი გარემოების და მხარეთა არგუმენტების გათვალისწინებით, საბჭოს მიაჩნია, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს.
დასაბუთება
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 286 (9); 983; 269 (7).
2021 წლამდე მოქმედ საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 161.