ბრძანება N 2942

შემოსავლების სამსახურის დავების გადაწყვეტილება არ დაკმაყოფილდა 11.02.2026
№ დოკუმენტი 2942
სტატუსი მოქმედი
მიმღები შემოსავლების სამსახურის უფროსი/დავების საბჭოს თავმჯდომარე
სტრუქტურული ერთეული საბაჟო დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

N 2942

11 თებერვალი 2026

ბ რ ძ ა ნ ე ბ ა

 

----- (ს/ნ -----) (მის.: ----- )

2025 წლის 23 დეკემბრის საჩივრის

დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე.

 

შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2026 წლის 6 თებერვლის სხდომაზე (ოქმი N 12), განიხილა ----- (ს/ნ -----) N 206576/21 საჩივარი, რომელიც ეხება შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის 2025 წლის 20 დეკემბრის N ----- წერილს, საქართველოს ფოსტის ექსპერტის 2025 წლის 27 ნოემბრის N ----- დასკვნას და 2025 წლის 29 ნოემბრის N ------ საბაჟო დეკლარაცია - ფორმა 4-ით დარიცხულ თანხას.

 

მომჩივნის არგუმენტაცია:

საჩივრის ავტორი განმარტავს, რომ 2025 წლის 22 ნოემბერს წარადგინა კომერციული ინვოისი და საბანკო ამონაწერი, რაც ადასტურებს საქონლის რეალურ ღირებულებას. აღნიშნულის მიუხედავად საბაჟო დეპარტამენტის მიერ უარი ეთქვა დოკუმენტაციის გათვალისწინებაზე და იძულებული გახდა დაენიშნა ექსპერტიზა. ჯარიმის თავიდან აცილების მიზნით კი გადაიხადა დარიცხული თანხა. აღნიშნულზე მითითებით ითხოვს ექსპერტიზის დასკვნის გაუქმებას, საბაჟო დეკლარაციის კორექტირებას წარდგენილი ინვოისის შესაბამისად და ზედმეტად გადახდილი თანხის დაბრუნებას.

 

ფაქტობრივი გარემოებები:

საქმის მასალებითა და საბაჟო დეპარტამენტიდან წარმოდგენილი ინფორმაციით ირკვევა, რომ 2025 წლის 22 ნოემბერს საფოსტო გადამზიდავის – შპს „-----“ მიერ ----- (ს/ნ -----) სახელზე N ----- საფოსტო გზავნილით შემოტანილ საქონელზე (საკმეველი და საკმეველის ჩხირები) დარეგისტრირდა N ----- საბაჟო დეკლარაცია – ფორმა 4, რომლითაც ----- იმპორტის გადასახდელის სახით დაერიცხა იმპორტის გადასახადი (128 ლარი) და დღგ (486.64 ლარი). აღნიშნული დეკლარაციისთვის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემა „oracle“-ის მიერ განისაზღვრა „მწვანე დერეფანი“, შესაბამისად, საქონლის გაშვება განხორიელდა დეკლარაციის და დოკუმენტების კამერალური შემოწმებისა და საქონლის დათვალიერების გარეშე.

N ----- საფოსტო გზავნილით შემოტანილი საქონლის საბაჟო ღირებულება განისაზღვრა საქართველოს ფოსტის ექსპერტის 2025 წლის 27 ნოემბრის N ----- დასკვნით, რომლის მიხედვით საკმეველის ჩხირების საბაჟო ღირებულებამ შეადგინა 2317.10 ლარი, საკმეველის საბაჟო ღირებულებამ კი – 32.45 ლარი. აღნიშნული ექსპერტიზა ჩატარდა ----- 2025 წლის 24 ნოემბრის განცხადების საფუძველზე. დეკლარაციაში გაცხადებული მონაცემების სისწორეს ----- დაეთანხმა ხელმოწერით, რის შემდეგაც საფოსტო გზავნილით შემოტანილი საქონელი გაშვებულ იქნა თავისუფალ მიმოქცევაში და გატანილ იქნა საბაჟო კონტროლის ზონიდან.

საქონლის საბაჟო კონტროლის ზონიდან გატანის შემდეგ, ----- N ----- /21 (03.12.2025) და N ------/21 (16.12.2025) განცხადებებით მიმართა საბაჟო დეპარტამენტს და განაცხადა, რომ N ----- საბაჟო დეკლარაციაში მითითებული საქონლის საბაჟო ღირებულება 5-ჯერ აღემატებოდა საქონლის რეალურ ღირებულებას, წარმოადგინა საქონლის ინვოისი და ითხოვა საბაჟო დეკლარაციაში ცვლილების შეტანა და დარიცხული იმპორტის გადასახდელის შემცირება.

აღნიშნული განცხადების პასუხად, საბაჟო დეპარტამენტის 2025 წლის 20 დეკემბრის N ----- წერილით, ------ განემარტა, რომ N ----- საბაჟო დეკლარაცია – ფორმა 4-ით თავისუფალ მიმოქცევაში გაშვების პროცედურაში მოქცეული საქონლის საბაჟო ღირებულება განსაზღვრული იყო საქართველოს ფოსტის ექსპერტიზით, დეკლარაციით დარიცხული იმპორტის გადასახდელი კი დადასტურებული იყო მისივე ხელმოწერით და წარმოადგენდა აღიარებულ საგადასახადო ვალდებულებას, ხოლო საქონელი გატანილი იყო საბაჟო კონტროლის ზონიდან. გამომდინარე აქედან, ----- უარი ეთქვა N -----/21 (03.12.2025) და N -----/21 (16.12.2025) განცხადებებში მითითებული თხოვნის დაკმაყოფილებაზე.

 

შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ მომჩივნის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილის შესაბამისად, დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ დისტანციურად, ტექნიკურ საშუალებათა გამოყენებით. მათ ასევე უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.

საქართველოს საბაჟო კოდექსის 37-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, საქონლის საბაჟო ღირებულება განისაზღვრება ამ კოდექსისა და „ტარიფებისა და ვაჭრობის შესახებ“ 1994 წლის გენერალური შეთანხმების მე-7 მუხლის განხორციელების შესახებ“ შეთანხმებით დადგენილი წესების შესაბამისად. მე-2 ნაწილი კი ადგენს, რომ საქონლის დეკლარირებისას საქონლის საბაჟო ღირებულებას განსაზღვრავს დეკლარანტი, ხოლო დეკლარანტის მიერ განსაზღვრული საქონლის საბაჟო ღირებულების სისწორეს აკონტროლებს საბაჟო ორგანო.

ამავე მუხლის მე-6 ნაწილი ადგენს შემოტანილი საქონლის საბაჟო ღირებულების განისაზღვრის მეთოდებს. საქონლის საბაჟო ღირებულების განსაზღვრის ყოველი მომდევნო მეთოდი გამოიყენება იმ შემთხვევაში, თუ დასაბუთებულად ვერ ხერხდება წინა მეთოდის გამოყენება. დეკლარანტს უფლება აქვს, შეცვალოს ამ მუხლის მე-6 ნაწილის „დ“ და „ე“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული საქონლის საბაჟო ღირებულების განსაზღვრის მეთოდების გამოყენების რიგითობა.

საქართველოს საბაჟო კოდექსის 43-ე მუხლის პირველი ნაწილი მიუთითებს, რომ თუ შემოტანილი საქონლის საბაჟო ღირებულების ამ კოდექსის 38-ე−42-ე მუხლების საფუძველზე განსაზღვრა შეუძლებელია, საქონლის საბაჟო ღირებულება განისაზღვრება მიზანშეწონილი საშუალებების გამოყენებით.

ამავე მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით, სარეზერვო მეთოდით განსაზღვრული საქონლის საბაჟო ღირებულება შეძლებისდაგვარად მაქსიმალურად უნდა ეფუძნებოდეს ადრე განსაზღვრულ საქონლის საბაჟო ღირებულებას.

ამავე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად კი, საქონლის საბაჟო ღირებულების სარეზერვო მეთოდით განსაზღვრის სისწორის კონტროლის დროს გამოსაყენებელი ფასი შეიძლება შეიცავდეს ინფორმაციის ღია წყაროებიდან და პრაქტიკის განზოგადებიდან მიღებულ მონაცემებს, რომლებიც საინფორმაციო ხასიათისაა და გამოიყენება მხოლოდ საქონლის საბაჟო ღირებულების სარეზერვო მეთოდით განსაზღვრის სისწორის დადგენის მიზნით.

საქართველოს საბაჟო კოდექსის 90-ე მუხლის პირველი ნაწილი მიუთითებს, რომ დეკლარანტის განცხადების საფუძველზე შესაძლებელია რეგისტრირებულ საბაჟო დეკლარაციაში ცვლილების შეტანა:

ა) საქონლის გაშვებამდე, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც:

ა.ა) საბაჟო ორგანომ დეკლარანტს შეატყობინა ამ დეკლარაციის შემოწმების განზრახვის შესახებ;

ა.ბ) საბაჟო ორგანომ დაადგინა ამ დეკლარაციაში არასწორი მონაცემის არსებობა;

ბ) საქონლის გაშვების შემდეგ:

ბ.ა) ამ კოდექსის 160-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, როდესაც თავისუფალ მიმოქცევაში გაშვებული საქონლის ნაწილის რეექსპორტი ხორციელდება;

ბ.ბ) საბაჟო დეკლარაციის რეგისტრაციიდან 3 წლის განმავლობაში, საქონლის გაშვების შემდგომი კონტროლის განხორციელების შესახებ სასამართლოს ან საბაჟო ორგანოს შესაბამისი გადაწყვეტილების ჩაბარებამდე, რათა დეკლარანტმა შეასრულოს საქონლის შესაბამის საბაჟო პროცედურაში მოქცევასთან დაკავშირებული ვალდებულებები.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-8 მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად აღიარებული საგადასახადო დავალიანება არის საგადასახადო დავალიანება, თუ დარიცხვის საფუძველია საგადასახადო დეკლარაცია/საბაჟო დეკლარაცია.

დადგენილია, რომ N ----- საფოსტო გზავნილით შემოტანილი საქონლის საბაჟო ღირებულება განისაზღვრის მიზნით ექსპერტიზა ჩატარდა ----- 2025 წლის 24 ნოემბრის განცხადების საფუძველზე. ამასთან, დეკლარაციაში გაცხადებული მონაცემების სისწორეს ----- დაეთანხმა ხელმოწერით, რის შემდეგაც საფოსტო გზავნილით შემოტანილი საქონელი გაშვებულ იქნა თავისუფალ მიმოქცევაში და გატანილ იქნა საბაჟო კონტროლის ზონიდან (საქონლის გაშვება განხორიელდა დეკლარაციის და დოკუმენტების კამერალური შემოწმებისა და საქონლის დათვალიერების გარეშე). ამდენად, N ----- საბაჟო დეკლარაცია – ფორმა 4-ით დარიცხული იმპორტის გადასახდელი წარმოადგენს აღიარებულ საგადასახადო ვალდებულებას და არე არსებობს რეგისტრირებულ საბაჟო დეკლარაციაში ცვლილების შეტანის საფუძველი.

ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ საბაჟო დეპარტამენტის 2025 წლის 20 დეკემბრის N ----- წერილი, საქართველოს ფოსტის ექსპერტის 2025 წლის 27 ნოემბრის N ----- დასკვნა და 2025 წლის 29 ნოემბრის N ----- საბაჟო დეკლარაცია - ფორმა 4-ით დარიცხული თანხა შესაბამისობაშია მოქმედ კანონმდებლობასთან და არ არსებობს საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.

 

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

 

1. ----- (ს/ნ ----- ) საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. N 6) ან თბილისის საქალაქო სასამართლოში (მის: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი N 64), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესით, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი:

მომჩივანი ითხოვს ექსპერტიზის დასკვნის გაუქმებას, საბაჟო დეკლარაციის კორექტირებას წარდგენილი ინვოისის შესაბამისად და ზედმეტად გადახდილი თანხის დაბრუნებას.

 

ფაქტობრივი გარემოებები:

საფოსტო გზავნილით შემოტანილ საქონელზე განისაზღვრა საბაჟო ღირებულება, დაერიცხა გადასახადები და იგი შემოწმების გარეშე გაეშვა თავისუფალ მიმოქცევაში. მოგვიანებით დეკლარანტმა განაცხადა, რომ ღირებულება რეალურს აღემატებოდა და მოითხოვა შემცირება, თუმცა საბაჟო ორგანომ მოთხოვნა არ დააკმაყოფილა, რადგან ვალდებულება უკვე აღიარებული იყო ხოლო საქონელი კი გაშვებული.

 

გადაწყვეტილება:

შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ არ არსებობს საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.

 

დასაბუთება:

შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საბაჟო კოდექსის შემდეგ ნორმებს: მუხლი 43; 38; 42;.