გადაწყვეტილება №20787/2/2023

ფინანსთა სამინისტროს დავების გადაწყვეტილება არ დაკმაყოფილდა 06.12.2023
№ დოკუმენტი 20787/2/2023
სტატუსი მოქმედი
მიმღები კოლეგიური ორგანო
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

№20787/2/2023

06 დეკემბერი 2023

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

 

მომჩივანი: ი/მ "-----" (ს/ნ "-----")

მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი

 

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 1.12.2023 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება ი/მ "-----"-ის 7.09.2023 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №20787/2/2023).

 

დავის საგანი:

დავების განხილვის საბჭოს 17.02.2023 წლის №18708/2/2023 გადაწყვეტილების აღსრულების შედეგები.

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება:

აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 2 აგვისტოს №052-19 საგადასახადო მოთხოვნა.

დარიცხული თანხა: 221 720 ლარი.

მათ შორის:

გადასახადი - 113 349

დღგ - 80 881

საშემოსავლო გადასახადი - 32 468

ჯარიმა - 52 293

საურავი - 56 078

 

ფაქტების აღწერა

შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2022 წლის 14 მარტის №6358 ბრძანების საფუძველზე ჩატარდა მომჩივნის საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმება. შემოწმების შედეგები აისახა 2022 წლის 30 ივნისის საგადასახადო შემოწმების აქტში, რომლის საფუძველზე გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის 2022 წლის 11 ივლისის №18099 ბრძანება და 12 ივლისის №052-14 საგადასახადო მოთხოვნა. მომჩივანს დამატებით გადასახდელად განესაზღვრა 218 317 ლარი.

 

აღნიშნული საგადასახადო მოთხოვნა 2022 წლის 25 ივლისს გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში, რომელმაც 2022 წლის 8 დეკემბრის №30952 ბრძანებით არ დააკმაყოფილა საჩივარი, რაც 23.01.2023 წელს გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.

საბჭოს 17.02.2023 წლის №18708/2/2023 გადაწყვეტილებით საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ:

- გადასახადის გადამხდელს მიეცა წინადადება, აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს საჩივარში მითითებული არგუმენტაციის დამადასტურებელი მტკიცებულებები;

- დაევალა აუდიტის დეპარტამენტს, გადასახადის გადამხდელის მონაწილეობით, დამატებით შეისწავლოს სადავო საკითხი, მომჩივნის არგუმენტაცია, წარდგენილი მტკიცებულებები და სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს დარიცხული თანხების კორექტირება (შემცირება); - დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდა.

დავების განხილვის საბჭოს 17.02.2023 წლის №18708/2/2023 გადაწყვეტილების აღსრულების შედეგად, გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის 11.07.2023 წლის დასკვნა, 2.08.2023 წლის №18960 ბრძანება და №052-19 საგადასახადო მოთხოვნა, რომელთა შესაბამისად მომჩივანს შეუმცირდა დარიცხული თანხა 17 575 ლარით და მისმა საგადასახადო ვალდებულებამ შეადგინა 221 720 ლარი.

კორექტირებული საგადასახადო მოთხოვნა გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.

 

მომჩივნის არგუმენტაცია

შემოწმების აქტი თითქმის მთლიანად ეფუძნება ჩატარებული საკონტროლო შესყიდვებიდან გამოყვანილ საშუალო ფასნამატის მაჩვენებელს. აუდიტის დეპარტამენტი თითქმის 6 თვე მოუნდა დარიცხული თანხების გადაანგარიშებას. საბჭოს გადაწყვეტილება არასრულად და არასწორად აღსრულდა.

ადმინისტრაციული აქტების შედგენისას დარღვეულია საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის მე-2 ნაწილის მოთხოვნები. საგადასახადო ორგანოს მიერ ადმინისტრაციული აქტის გამოცემას საფუძვლად დაედო ის გარემოებები, რომლებიც კანონით დადგენილი წესით სათანადოდ არ ყოფილა გამოკვლეული ამავე აქტის გამომცემი საგადასახადო ორგანოს მიერ.

დასკვნის მიხედვით, თანხების დარიცხვის ძირითადი საფუძველი გახდა არაპირდაპირი მეთოდის საფუძველზე საკონტროლო შესყიდვების მიხედვით გამოყვანილი საშუალო ფასნამატი, რომლის საფუძველზეც ხელოვნურად გაუზარდეს დასაბეგრი ბრუნვები.

არამართებულია არასწორად გამოყვანილი შეწონილი საშუალო ფასნამატის გავრცელება მომჩივნის მიერ რეალიზებულ მთლიან საქონელზე, ვინაიდან საკონტროლო შესყიდვები განხორციელებულია მხოლოდ რამდენიმე ტიპის საქონელზე, რომელთაც გააჩნიათ სხვადასხვა ფასნამატი და სხვადასხვა ხვედრითი წილი მთლიან შესყიდვებში. მეწარმე აღიარებს, რომ საბუღალტრო აღრიცხვა-ანგარიშგება ნაწარმოები არ აქვს სრულყოფილად, მაგრამ უმორჩილესად ითხოვს საკონტროლო შესყიდვების მიხედვით დაფიქსირებული ფასნამატების განცალკევებას თითოეული ჯგუფის საქონელზე და დარიცხული თანხების გადაანგარიშებას შემდეგი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით.

როგორც შემოწმების აქტიდან ნათლად ჩანს და 11.07.2023 დასკვნითაც იკვეთება, შემმოწმებლებს 2019 წლის 1 იანვრის მდგომარეობით წინა შემოწმებისას საქონლის ნაშთად აღებული აქვთ 2018 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით დაფიქსირებული საბოლოო მარაგების ნაშთი 265 633 ლარის ოდენობით.

სამწუხაროდ, მომჩივნის მიერ 2018 წლის საშემოსავლო გადასახადის წლიური დეკლარაცია შევსებული იყო არასწორად და მასში 2018 წელს შეძენილი საქონელი და საბოლოო მარაგების ნაშთი დაფიქსირებული იყო დღგ-ის ჩათვლით ციფრებით. კერძოდ, მეწარმის მიერ საგადასახადო ორგანოში წარდგენილი 2018 წლის საშემოსავლო გადასახადის წლიურ დეკლარაციაში შეძენილი მარაგების ღირებულებად დაფიქსირებულია 374 476 ლარი. აღნიშნული თანხა მოიცავს დღგ-ის თანხასაც 34 460 ლარის ოდენობით, რომლებზეც საქონლის მომწოდებლების მიერ 2018 წელს გამოწერილია შესაბამისი ანგარიშ-ფაქტურები, რომელიც გადასახადის გადამხდელის მიერ სრულად ჩათვლილია დღგ-ში 2018 წლის საანგარიშო პერიოდის მიხედვით.

შემმოწმებელმა თავისი დასკვნით 2018 წლის საბოლოო, ანუ 2019 წლის საწყისი სასაქონლო მარაგების ნაშთის კორექტირება მოახდინა მასში მხოლოდ 2018 წელში არასწორად შეტანილი დღგ-ის თანხით და გადაანგარიშებით 2019 წლის საწყისი ნაშთი შეამცირა (დააკორექტირა) 34 460 ლარით და ის ნაცვლად 265 633 ლარისა განსაზღვრა სწორად 265 633 – 34 460 = 231 173 ლარით. ასევე, შემმოწმებელმა დასკვნით იგივე თანხით შეამცირა 2019 წლის საბოლოო დეკლარირებული ნაშთი და იგი 294 046 ლარის ნაცვლად განსაზღვრა ასევე 34 460 ლარით ნაკლები ოდენობით და დააფიქსირა 294 046 – 34 460 = 259 586 ლარის ოდენობით, თუმცა, მან ამის პარალელურად არ მოახდინა 2019 წლის საბოლოო მარაგების ნაშთის კორექტირება 2019 წლის დეკლარაციაში დღგ-ის ჩათვლით ასახული მარაგების თანხის ოდენობით. კერძოდ, 2019 წლის საშემოსავლო გადასახადის დეკლარაციაში 2019 წელს შეძენილი სასაქონლო მარაგების ნაშთი მომჩივნის მიერ ასახული და დეკლარირებული იყო ასევე დღგ-ის ჩათვლით 121 574 ლარის ოდენობით, ხოლო საგადასახადო შემოწმების აქტით ეს ფაქტი აღიარებულია და შეძენილი მარაგების ღირებულება შემცირებული იქნა დღგ-ის თანხით 18 418 ლარის ოდენობით, თუმცა სამწუხაროდ შემმოწმებელს გადაანგარიშებით 2019 წლის საბოლოო სასაქონლო მარაგების ნაშთის თვითღირებულება იგივე თანხით აღარ აქვთ შემცირებული.

შესაბამისად, გადაანგარიშების შედეგად 2019 წლის ბოლოს საბოლოო სასაქონლო მარაგების ნაშთი უნდა იყოს არა 294 046 – 34 460 = 259 586 ლარი, არამედ 294 046 – 34 460 - 18 418 = 241 168 ლარი. შესაბამისად, მხოლოდ ამ მარტივი მიზეზის გამო, გადაანგარიშებით 2019 წლის საშემოსავლო გადასახადით დასაბეგრი შემოსავალი გაზრდილია 18 418 ლარით, ხოლო კუთვნილი საშემოსავლო გადასახადი განსაზღვრულია 18 418 * 20% = 3684 ლარით მეტი ოდენობით.

გარდა ამისა, იმის გამო რომ 2019 წლის საბოლოო მარაგის ნაშთი გადაანგარიშებით გადმოტანილია კუთვნილზე 18 418 ლარით მეტი ოდენობით, ასევე არასწორად არის გამოყვანილი 2020 და 2021 წლების საწყისი და საბოლოო მარაგების ღირებულება და მეწარმეს გამოყვანილი საშუალო 17%-იანი ფასნამატით დღგ-ში 2020-2021 წლების შედეგებით ზედმეტად ერიცხება გადასახადის სახით 18 418 * 1,17 * 18% = 3 879 ლარი, ხოლო საშემოსავლო გადასახადში კი 18 418 * 17% * 20% = 626 ლარი, ანუ მარტო ამ ერთი უზუსტობის გამო, ზედმეტად აქვს დარიცხული და ძირითად გადასახადში არაა შემცირებული დღგ-ში 3 879 ლარი, ხოლო საშემოსავლო გადასახადში კი 3 684 + 626=4 310 ლარი, ანუ ჯამში 3 879 + 4 310 = 8 189 ლარი.

ამ ფაქტობრივ გარემოებაზე აუდიტორს საერთოდ არ უმსჯელია და არ გამოუკვლევია ის ფაქტი, რომ ყოველ საანგარიშო წელში დეკლარირებული შეძენილი მარაგების ღირებულება, ასევე საწყისი და საბოლოო მარაგების ღირებულება ასახულია დღგ-ის ჩათვლით, ხოლო შემოწმების აქტის მიხედვით 2019 წელს შეძენების ღირებულებიდან დღგ-ის თანხის ამოღების (შემცირების) პარალელურად იგივე თანხით ასევე უნდა ყოფილიყო შემცირებული საბოლოო მარაგების ღირებულებაც. შესაბამისად, ამ ნაწილში გადაანგარიშება სრულად არაა განხორციელებული.

შესაბამისად, აღნიშნული ფაქტობრივი გარემოების გათვალისწინებით, ითხოვს, რომ მოხდეს 2019 წლის საბოლოო და შემდგომი წლების საწყისი და საბოლოო სასაქონლო მარაგების ნაშთის კორექტირება. აღნიშნული ფაქტობრივი გარემოების გათვალისწინებით, ითხოვს რეალიზაციაში ზედმეტად ასახული მარაგების თანხის და მასთან დაკავშირებით დარიცხული გადასახადის თანხების კორექტირებას. ასევე, იმის გამო რომ მომჩივანს სასაქონლო მარაგები გაუყიდეს დღგ-ის ჩათვლით, მცირე ბიზნესის გადასახადის გადამხდელიდან გადაიყვანეს ჩვეულებრივ დაბეგვის რეჟიმში, რაც ასევე დაუშვებელია.

შემოწმების აქტში საუბარია მასზედ, რომ საკონტროლო შესყიდვებით შეძენილია 20 დასახელების საქონელი და გამოყვანილია მათი საშუალო შეწონილი ფასნამატი, რაც არასწორია, ვინაიდან თითოეულ ამ საქონელს სხვადასხვა ხვედრითი წილი უკავია შეძენებში, ასევე სხვადასხვა არის მათი ფასნამატი, ხოლო გადასახადის გადამხდელის მიერ შეძენილი საქონლის უმეტეს ნაწილზე საკონტროლო შესყიდვა არაა ჩატარებული, ხოლო მათი ფასნამატები კი დადგენილ საშუალო 17%-ზე ნაკლებია.

კერძოდ, 2019 წლის 26 თებერვალს საკონტროლო შესყიდვით შეძენილი იქნა 2,5 ლიტრიანი პეტის ლუდი ქარვა და მასში გადახდილი იქნა 7,5 ლარი, ხოლო ეს საქონელი მიღებული იყო ელექტრონული სასაქონლო ზედნადებით ("-----") 2019 წლის 30 იანვარს და მისი შეძენის ფასი არის 6,5 ლარი. შესაბამისად, მასზე ფასნამატი გამოდის 1 ლარი, ხოლო ფასნამატი კი არანაირად არ გამოდის 17% და ის მხოლოდ 15%-ს შეადგენს. პეტში ლუდის ნაწარმის ფასნამატი არასოდეს არ აღემატება 15%, ხოლო აქციების დროს 10%-ს, ხოლო შემოწმებულ პერიოდში ლუდის ნაწარმი შეძენილია 61,4 ათას ლარზე მეტი ოდენობით, ასევე 2019 წლის 1 იანვრისათვის ლუდის ნაწარმის ნაშთი საერთო დღგ-ის გარეშე თვითღირებულებაში 231 173 ლარში შეადგენს 23 758 ლარს. შესაბამისად, ამ თანხების ჯამზე 61,4 + 23,7 = 85,1 ათას ლარზე მინიმუმ 2%-ით მეტი ფასნამატია გავრცელებული და მეტი დღგ და საშემოსავლო გადასახადია დარიცხული.

ანალოგიურად, 2019 წლის 30 მაისს საკონტროლო შესყიდვით შეძენილი იქნა სიგარეტი «კენტი 4» და მასში გადახდილი იქნა 5,5 ლარი, ხოლო ეს საქონელი მიღებული იყო ელექტრონული სასაქონლო ზედნადებით ("-----") 2019 წლის 25 აპრილს და მისი შეძენის ფასი არის 5,14 ლარი. შესაბამისად, მასზე ფასნამატი დღგ-ის ჩათვლით გამოდის 0.36 ლარი, ხოლო ფასნამატი კი არანაირად არ გამოდის 17% და ის მხოლოდ 7%-ს შეადგენს. ასევე, 2019 წლის 18 ივლისს საკონტროლო შესყიდვით შეძენილი იქნა სიგარეტი «კენტი» და მასში გადახდილი იქნა 5,6 ლარი, ხოლო 2019 წლის 2 ოქტომბერს კვლავ იქნა შეძენილი სიგარეტი «კენტი» და მასში გადახდილი იქნა ისევ 5,6 ლარი. ხოლო ეს საქონელი მიღებული იყო ელექტრონული სასაქონლო ზედნადებით ("-----") 2019 წლის 18 აპრილს და მისი შეძენის ფასი არის 5,14 ლარი. შესაბამისად, მასზე ფასნამატი დღგ-ის ჩათვლით გამოდის 0.46 ლარი, ხოლო ფასნამატი კი არანაირად არ გამოდის 17% და ის მხოლოდ 8%-ს შეადგენს. ასევე, 2019 წლის 22 ნოემბერს საკონტროლო შესყიდვით შეძენილი იქნა სიგარეტი «სობრანიე» და მასში გადახდილი იქნა 6,7 ლარი, ხოლო ეს საქონელი მიღებული იყო ელექტრონული სასაქონლო ზედნადებით ("-----") 2019 წლის 12 ნოემბერს და მისი შეძენის ფასი არის 6,18 ლარი. შესაბამისად, მასზე ფასნამატი დღგ-ის ჩათვლით გამოდის 0.52 ლარი, ხოლო ფასნამატი კი არანაირად არ გამოდის 17% და ის მხოლოდ 8%-ს შეადგენს. სიგარეტის ნაწარმის ფასნამატი არასოდეს არ აღემატება 7%-8%, ასევე შემოწმებულ პერიოდში სიგარეტის ნაწარმი შეძენილია 75,1 ათას ლარზე მეტი ოდენობით, ასევე 2019 წლის 1 იანვრისათვის სიგარეტის ნაწარმის ნაშთი საერთო დღგ-ის გარეშე თვითღირებულებაში 231 173 ლარში შეადგენს 35,6 ათას ლარს. შესაბამისად, ამ თანხების ჯამზე 75,1 + 29,6 = 104,7 ათას ლარზე 10%-ით მეტი ფასნამატია გავრცელებული და მეტი დღგ და საშემოსავლო გადასახადია დარიცხული.

კერძოდ, 2021 წლის 5 მარტს საკონტროლო შესყიდვით შეძენილი იქნა ორცხობილა იაშკინო ჯენსი 180 გრამიანი და მასში გადახდილი იქნა 1,7 ლარი, ხოლო ეს საქონელი მიღებული იყო ელექტრონული სასაქონლო ზედნადებით ("-----") 2021 წლის 4 მარტს და მისი შეძენის ფასი არის 1,59 ლარი. შესაბამისად, მასზე ფასნამატი გამოდის 0,11 ლარი, ხოლო ფასნამატი კი არანაირად არ გამოდის 17% და ის მხოლოდ 7%-ს შეადგენს. ორცხობილას ნაწარმის ფასნამატი არასოდეს არ აღემატება 7%-10%-ს, ხოლო შემოწმებულ პერიოდში ეს ნაწარმი შეძენილია 6,4 ათას ლარზე მეტი ოდენობით, ასევე 2019 წლის 1 იანვრისათვის ამ ასორტიმენტის ნაშთი საერთო დღგ-ის გარეშე თვითღირებულებაში 231 173 ლარში შეადგენს 1,3 ათას ლარს. შესაბამისად, ამ თანხების ჯამზე 6,4 + 1,3 = 7,7 ათას ლარზე 10%-ით მეტი ფასნამატია გავრცელებული და მეტი დღგ და საშემოსავლო გადასახადია დარიცხული.

სადაოდ არ ხდის თითოეული საკონტროლო შესყიდვით დაფიქსირებულ საქონლის რეალიზაციის თანხას, მაგრამ პირდაპირ უთითებს იმ ზედნადებზე და მის თანმხლებ ანგარიშ-ფაქტურაზე, რომლითაც მიღებული იქნა ამ საკონტროლო შესყიდვას დაქვემდებარებული საქონლის სახეობები და რომელთა მიხედვითაც, დაფიქსირებულია ამ თითოეული კონკრეტული საქონლის თვითღირებულებები. შესაბამისად, ამტკიცებს იმ ფაქტს, რომ ამ საკონტროლო შესყიდვას დაქვემდებარებულ ამ კონკრეტული სახეობის საქონელზე ფასნამატი არის არა საერთო საშუალო შეწონილი ფასნამატი 17%, არამედ გაცილებით ნაკლები და რომ ამის გამო კუთვნილზე მეტი ოდენობით აქვს დარიცხული შესაბამისი გადასახადები. გარდა ამისა, ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების საბჭოში დავის განხილვისას პირდაპირ განაცხადა, რომ ახდენდა პურის ნაწარმის რეალიზაციას, რომელზეც ფასნამატი არასოდეს არ გაცდენია 5%-8%-ს და რომ პურზე ფასები იყო რეგულირებადი. შესაბამისად, ვერანაირად ვერ გაყიდიდა პურს ასეთი ფასნამატით, რასაც დავების განხილვის საბჭო დაეთანხმა და ამ თემაზე შესაბამისი მითითებაც მისცეს შემმოწმებელს, თუმცა მან იმ მოტივით, რომ დავების განხილვის საბჭოს გადაწყვეტილებაში ამ თემაზე არ არის ჩანაწერი, ამის გამო ამ ნაწილშიც არ მოახდინა გადაანგარიშება.

გასათვალისწინებელია ის გარემოებაც, რომ საგადასახადო ორგანომ საშუალო შეწონილი ფასნამატის გამოყენების პრინციპით განახორციელა დარიცხვა. კერძოდ, საგადასახადო ორგანომ გამოიყვანა ე.წ. «საშუალო შეწონილი ფასნამატი», მაშინ როდესაც მომჩივნის მიერ შეძენილ და რეალიზებულ სხვადასხვა სახის საქონელს გააჩნია სხვადასხვა ფასნამატის მაჩვენებელი, ასევე სხვადასხვა საქონლის თვითღირებულება მთლიან შესყიდვებში სხვადასხვაა. კერძოდ, რეალიზაციაში ყველაზე მეტი ხვედრითი წილი უკავია დაბალი ფასნამატის მქონე ნაწარმს. გარდა ამისა, გასათვალისწინებელია ის გარემოებაც, რომ საკონტროლო შესყიდვა არაა განხორციელებული ისეთი დიდი მოცულობის სასაქონლო ასორტიმენტზე (პოზიციებზე), როგორიცაა: მინერალური წყლები (ბორჯომი, ლიკანი, ნაბეღლავი, საირმე), ასევე წყაროს წყალზე (ბაკურიანი, ბახმარო, სნო), უალკოჰოლო სასმელებზე (კოკა-კოლა, პეპსიკოლა, არსი-კოლა, ლიმონათები, სხვადასხვა წვენები), პურზე და პურპროდუქტებზე, რძის ნაწარმზე (რძე, არაჟანი, ხაჭო, მაწონი, იოგურტები და ა.შ.), კვერცხზე, მაიონეზზე და ნაწილობრივ სხვა ტიპის ორცხობილებზე. აღნიშნული კატეგორიის უმეტეს ასორტიმენტზე (პურპროდუქტები, მინერალური და წყაროს წყლები, უალკოჰოლო სასმელები, რძის ნაწარმი, მაიონეზი) სარეალიზაციო ფასების ზღვარი დაწესებულია მომწოდებლების მიერ და მას მეწარმე ვერანაირად შეცვლიდა, მითუმეტეს, როდესაც გადასახადის გადამხდელის სავაჭრო ობიექტი განთავსებული იყო საბითუმო ვაჭრობის მაღაზიების გვერდით ვაგზლის ტერიტორიაზე. აღნიშნულ ნაწარმზე საყოველთაოდ ცნობილია, რომ არ არის მაღალი ფასნამატის მაჩვენებელი. ასე მაგალითად, პურპროდუქტებზე ფასნამატი არასოდეს არ აღემატება 7,5%- 8%-ს, მინერალურ წყლებზე 7%-8%ს, ხოლო წყაროს წყალზე 9%-10%-ს, ასევე უალკოჰოლო სასმელებზე (კოკა-კოლა, პეპსი-კოლა, არსი-კოლა, ლიმონათები, სხვადასხვა წვენები) არსებული ფასნამატი არ აღემატება 12%-15%-ს, ხოლო აქციის პირობებში კი 7%-8%-ს, ანალოგიურად რძის ნაწარმზე (რძე, არაჟანი, ხაჭო, მაწონი, იოგურტები და ა.შ.) არსებული ფასნამატი მხოლოდ 9%-10%-ია, კვერცხზე არსებული ფასნამატი კი არ აღემატებოდა 7%-10%-ს, მაიონეზის ნაწარმზე კი 9%-10%-ს.

ასე მაგალითად, თუ მომჩივნის მიერ თეთრი დაჭრილი ქართოს პური 2019 წელს შეძენილია 0.83 ლარად, მისი სარეალიზაციო ფასი იმ პერიოდში მხოლოდ 0,9 ლარს შეადგენდა, ხოლო მისი ფასნამატი გამოდის მხოლოდ 8% და არანაირად 17%, ჭვავის პური შეძენილი იყო 0,65 ლარად, ხოლო მისი სარეალიზაციო ფასი იმ დროს იყო 0,7 ლარი, ხოლო ფასნამატი კი გამოდის 7,5% და არა 17%. ანალოგიური მდგომარეობაა პურ-პროდუქტებზე 2020-2021 წლებშიც. სულ 2019-2021 წლებში მეწარმის მიერ შეძენილია 30 ათას ლარზე მეტი ოდენობის პურ-პროდუქტები.

ასე მაგალითად, თუ მეწარმის მიერ 1 ლიტრიანი პეტის ბორჯომი 2019 წელს შეძენილია 1,08 ლარად, მისი სარეალიზაციო ფასი იმ პერიოდში სხვადასხვა დროს მხოლოდ 1,15-1,2 ლარს შეადგენდა, ხოლო მისი ფასნამატი გამოდის მხოლოდ 7%-10% და არანაირად 17%, ნაბეღლავი შეძენილი იყო სხვადასხვა დროს 0,88-1,0 ლარად, ხოლო მისი სარეალიზაციო ფასი სხვადასხვა დროს იყო 0,95-1,1 ლარი, ხოლო ფასნამატი კი გამოდის 7,9%-10% და არა 17%. ანალოგიური მდგომარეობაა ამ ნაწარმზე 2020-2021 წლებშიც. სულ 2019-2021 წლებში გადასახადის გადამხდელის მიერ შეძენილია 30 ათას ლარზე მეტი ოდენობის აღნიშნული ნაწარმი, ხოლო 2019 წლის 1 იანვრისათვის ამ პროდუქტების წილი საერთო ნაშთში შეადგენდა დღგ-ის გარეშე 5 563 ლარს.

ასევე, 2019 წელს 2019-2021 წლებში მეწარმის მიერ შეძენილია 8 ათას ლარზე მეტი ოდენობის წყაროს წყალი, ხოლო 2019 წლის 1 იანვრისათვის ამ პროდუქტების წილი საერთო ნაშთში შეადგენდა დღგ-ის გარეშე 3,3 ათას ლარს.

ასე მაგალითად, თუ მომჩივნის მიერ 400 გრამიანი მაწონი 2019 წელს შეძენილია 1,66 ლარად, ხოლო მისი სარეალიზაციო ფასი იმ პერიოდში სხვადასხვა დროს მხოლოდ 1,8 ლარს შეადგენდა, ხოლო მისი ფასნამატი გამოდის მხოლოდ 8% და არანაირად 17%, 400 გრამიანი არაჟანი შეძენილი იყო იმავე დროს 2,7 ლარად, ხოლო მისი სარეალიზაციო ფასი იმავე დროს იყო 2,9 ლარი, ხოლო ფასნამატი კი გამოდის 7,5% და არა 17%. ანალოგიური მდგომარეობაა ამ სახის ნაწარმზე 2020-2021 წლებშიც. სულ 2019-2021 წლებში გადასახადის გადამხდელის მიერ შეძენილია 27,4 ათას ლარზე მეტი ოდენობის აღნიშნული ნაწარმი.

რაც შეეხება უალკოჰოლო სასმელებს (კოკა-კოლა, პეპსი-კოლა, არსი-კოლა, ლიმონათები, სხვადასხვა წვენები), ასე მაგალითად 1,5 ლიტრიანი პეტის «კოკა-კოლა» მიღებულია 2,05 ლარად, ხოლო მისი სარეალიზაციო ფასი 2019 წელს იყო 2,3 ლარი, რის გათვალისწინებითაც ფასნამატი გამოდის 12% და არა 17%, ანალოგიური მდგომარეობაა სხვა წლებში ამავე კატეგორიის მთელ ასორტიმენტზე. სულ, 2019- 2021 წლებში გადასახადის გადამხდელის მიერ შეძენილია 50 ათას ლარზე მეტი ოდენობის აღნიშნული ნაწარმი, ხოლო 2019 წლის 1 იანვრისათვის ამ პროდუქტების წილი საერთო ნაშთში შეადგენდა დღგ-ის გარეშე 22 706 ლარს.

ასევე, ითხოვს გათვალისწინებულ იქნას ის გარემოებაც, რომ 2020-2021 წლებში არსებული კოვიდ პანდემიის გამო, სავაჭრო ობიექტი უმეტეს შემთხვევაში დაკეტილი იყო, ასევე ამავე პერიოდში რამოდენიმეჯერ გაუფუჭდა საკმაოდ დიდი მოცულობის მოკლევადიანი და მალფუჭებადი პროდუქტები, რომლებიც სამწუხაროდ გადაყარა ისე, რომ საგადასახადო ორგანოსთვის შესაბამისი შეტყობინება არ გაუგზავნია, რაც თავის მხრივ გამოწვეულია ამ ნაწილში მომჩივნის უცოდინრობით და შეცდომით. ამასთან, მართლაც რომ ასეთი ფასნამატით ევაჭრა ყველა ტიპის და ასორტიმენტის საქონელზე, მაშინ იძულებული არ გახდებოდა, რომ 2021 წლის ივნისის თვეში საერთოდ შეეჩერებინა საქმიანობა და დაეხურა მაღაზია.

ზემოაღნიშნულ ფაქტობრივ გარემოებებზე დაყრდნობით, ითხოვს სასაქონლო მარაგების ღირებულებაში ზედმეტად შეტანილი დღგ-ის თანხების ანგარიშში სასაქონლო მარაგების ნაშთების და რეალიზაციაში ასახული მარაგების ღირებულების კორექტირებას, ასევე საქონლის დაყოფას მეწარმის მიერ მითითებულ კატეგორიებად და მათზე მხოლოდ ამ კატეგორიაზე არსებული ფასნამატის გავრცელებას და კუთვნილი გადასახადების ამ სახით განსაზღვრას.

კიდევ ერთხელ უმორჩილესად ითხოვს, რომ დავის განხილვა მოხდეს მისი უშუალო მონაწილეობით, არ მოხდეს დავის განხილვა მისი დასწრების გარეშე.

გამომდინარე ზემოთაღნიშნულიდან, ითხოვს, რომ მოხდეს ამ კუთხით დაშვებული ყველა უზუსტობის გასწორება, მოხდეს თითოეული სასაქონლო პოზიციების მიხედვით არსებული ფასნამატების შესწავლა, ასევე დეკლარირებული მონაცემების თავიდან შესწავლა ზემოთმოყვანილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით და დღგ-ში და საშემოსავლო გადასახადებში უსაფუძვლოდ დარიცხული გადასახადებისა და ჯარიმების კორექტირება. შესაბამისად, ამ ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, საგადასახადო ორგანოს ასეთი დარიცხვა არ უნდა განეხორციელებინა და ასეთი ქმედება ფაქტობრივად წარმოადგენს მომჩივნის საგადასახადო ტვირთის დამძიმების ფაქტს.

მოცემულ შემთხვევაში საგადასახადო ორგანოს მხრიდან დარღვეულ იქნა ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლი, რომლის თანახმადაც ადმინისტრაციულმა ორგანომ გადაწყვეტილება (მოცემულ შემთხვევაში გადასახადების დარიცხვის შესახებ) შეიძლება მიიღოს ყველა ფაქტისა და გარემოებების სრულად გამოკვლევისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე, რასაც ადგილი არ ჰქონია. ასევე, დარღვეულია ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 53-ე მუხლის მე-5 პუნქტის მოთხოვნა, რომლის მიხედვითაც ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილი არ არის თავისი გადაწყვეტილება დააფუძნოს იმ გარემოებებზე და ფაქტებზე, მტკიცებულებებზე ან არგუმენტებზე, რომლებიც არ იქნა გამოკვლეული ან შესწავლილი. ამდენად მიაჩნია, რომ სადავო ადმინისტრაციული აქტები ეწინააღმდეგება კანონმდებლობას, რომელიც დასაბუთებულია მის მიერ წარმოდგენილი სამართლებრივი არგუმენტაციით და რაც ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601 მუხლის შესაბამისად ადმინისტრაციული აქტების ბათილობის საფუძველია.

ამდენად, ითხოვს ბათილად იქნეს ცნობილი აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 2 აგვისტოს №052- 19 საგადასახადო მოთხოვნა და მოხდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 2023 წლის 17 თებერვლის №18708/2/2023 გადაწყვეტილების სრულად და სწორად აღსრულება საჩივარში აღნიშნული ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით.

 

დავების განხილვის საბჭო

მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

დავების განხილვის საბჭოს 17.02.2023 წლის №18708/2/2023 გადაწყვეტილებით:

- გადასახადის გადამხდელს მიეცა წინადადება, აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს საჩივარში მითითებული არგუმენტაციის დამადასტურებელი მტკიცებულებები;

- დაევალა აუდიტის დეპარტამენტს, გადასახადის გადამხდელის მონაწილეობით, დამატებით შეისწავლოს სადავო საკითხი, მომჩივნის არგუმენტაცია, წარდგენილი მტკიცებულებები და სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს დარიცხული თანხების კორექტირება (შემცირება).

აუდიტის დეპარტამენტის დასკვნით დგინდება, რომ გადასახადის გადამხდელი არ აწარმოებდა ბუღალტრულ აღრიცხვას. ამასთან, გამოვლენილია საკონტროლო-სალარო აპარატის გამოყენების წესების დარღვევის 3 შემთხვევა. შემოწმების მიმდინარეობისას, რეალიზებული პროდუქციის თვითღირებულების გაანგარიშების მიზნით, სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების საწყის ნაშთად აღებულ იქნა მეწარმის მიერ 2019 წლის საშემოსავლო გადასახადის დეკლარაციაში დაფიქსირებული საწყისი ნაშთი. გადაანგარიშების ეტაპზე შესწავლილ იქნა 2018 წლის (არა შესამოწმებელი) პერიოდის მონაცემები, რის საფუძველზეც დადგინდა, რომ მომჩივანს 2018 წლის საბოლოო ნაშთად დეკლარირებული ჰქონდა თანხები დღგ-ის ჩათვლით. აღნიშნულიდან გამომდინარე, გადაანგარიშების ეტაპზე შეცვლილ იქნა 2019 წლის სასაქონლო-მატერიალური მარაგების საწყისი ნაშთი, რამაც გავლენა იქონია შესამოწმებელი პერიოდის განმავლობაში რეალიზებული პროდუქციის თვითღირებულების სიდიდეზე. შესაბამისად, დაკორექტირდა შემოწმების აქტით განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები.

ამასთან, შესამოწმებელ პერიოდში ჩატარებული იყო 13 საკონტროლო შესყიდვა. შეძენილი იქნა 20 დასახელების სხვადასხვა საქონელი. შესყიდული საქონლის საშუალო ფასნამატმა შეადგინა 17%. საგადასახადო ორგანოს მიერ ფასნამატი ჩაშლილი და გავრცელებული იქნა კატეგორიების მიხედვით, ხოლო იმ კატეგორიებზე, რაზეც საკონტროლო შესყიდვა არ იყო ჩატარებული, გავრცელდა საშუალო ფასნამატი. აუდიტის დეპარტამენტის მიერ შესწავლილ იქნა სადავო საკითხთან დაკავშირებით მომჩივნის მიერ წარდგენილი ინფორმაცია. თუმცა, აღნიშნული არ იქნა მიჩნეული საჩივარში მოყვანილი არგუმენტაციის დამადასტურებელ მტკიცებულებად. შესაბამისად, ამ ნაწილში არ მომხადარა შემოწმების აქტით დარიცხული თანხების კორექტირება.

გადაანგარიშების შედეგად, გადასახადის გადამხდელს შეუმცირდა დარიცხული თანხა 17 575 ლარით. მათ შორის, გადასახადი - 11 005 ლარი და ჯარიმა - 6 570 ლარი.

საქმეში არსებული მასალების შესწავლის საფუძველზე, მხარეთა არგუმენტაციის გათვალისწინებით, საბჭომ მიიჩნია, რომ აუდიტის დეპარტამენტის მიერ სრულყოფილად აღსრულდა დავების განხილვის საბჭოს გადაწყვეტილება და გასაჩივრებული აქტის შინაარსი შეესაბამება დავის განხილვისას მიღებული გადაწყვეტილების შინაარსს. შესაბამისად, არ არსებობს მომჩივნის მოთხოვნის დაკმაყოფილების საფუძველი.

 

საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:

 

1. საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი

გადამხდელი ითხოვს ბათილად იქნეს ცნობილი აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 2 აგვისტოს №052- 19 საგადასახადო მოთხოვნა და მოხდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 2023 წლის 17 თებერვლის №18708/2/2023 გადაწყვეტილების სრულად და სწორად აღსრულება საჩივარში აღნიშნული ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით.

 

ფაქტობრივი გარემოებები

დავების განხილვის საბჭოს 17.02.2023 წლის №18708/2/2023 გადაწყვეტილების აღსრულების შედეგად, გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის 11.07.2023 წლის დასკვნა, 2.08.2023 წლის №18960 ბრძანება და №052-19 საგადასახადო მოთხოვნა, რომელთა შესაბამისად მომჩივანს შეუმცირდა დარიცხული თანხა 17 575 ლარით და მისმა საგადასახადო ვალდებულებამ შეადგინა 221 720 ლარი.

კორექტირებული საგადასახადო მოთხოვნა გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.

 

გადაწყვეტილება

საბჭომ მიიჩნია, რომ აუდიტის დეპარტამენტის მიერ სრულყოფილად აღსრულდა დავების განხილვის საბჭოს გადაწყვეტილება და გასაჩივრებული აქტის შინაარსი შეესაბამება დავის განხილვისას მიღებული გადაწყვეტილების შინაარსს. შესაბამისად, არ არსებობს მომჩივნის მოთხოვნის დაკმაყოფილების საფუძველი.

 

დასაბუთება

ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 53-ე მუხლის მე-5 პუნქი,601