ბრძანება N 5532
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
N 5532
26 მარტი 2025
ბ რ ძ ა ნ ე ბ ა
ი/მ „------“(ს/ნ ------)
(მის.:---------)
2025 წლის პირველი მარტის საჩივრის
დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე
შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2025 წლის 14 მარტის სხდომაზე (ოქმი №20) განიხილა ი/მ „-----“-ის (პ/ნ ------) №31012/21-10-18 საჩივარი, რომელიც ეხება შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის 2025 წლის პირველი მარტის №EL277593 საბაჟო სამართალდარღვევის ოქმს და №EL11112/142 (№083-142) საგადასახადო მოთხოვნას.
მომჩივნის არგუმენტაცია:
საჩივრის ავტორი განმარტავს, რომ 2025 წლის 15 თებერვალს შემოვიდა საქონლის შემოტანამდე დეკლარირებული საქონლით დატვირთული სატრანსპორტო საშუალება, რომელსაც მართავდა ქართული ენის არმცოდნე მძღოლი. როგორც მოგვიანებით გაირკვა დეკლარაციაში გამწევის ნომერი არასწორად ეწერა, რის გამოც გამოიწერა ახალი აღრიცხვის მოწმობა და დანიშნულების საბაჟო ორგანოდ განისაზღვრა გაფორმების ეკონომიკური ზონა „--------“, თუმცა საქონელი ნაცვლად გაფორმების ეკონომიკური ზონისა მიტანილ და ჩამოტვირთულ იქნა საქონლის მიმღების საწყობში, რომელიც -------- მდებარეობს.
მომჩივანი ასევე განმარტავს, რომ კომპანიას არ ჰქონია რაიმე სახის განზრახვა დაერღვია კანონმდებლობით დადგენილი პროცედურა, სამართალდარღვევის ჩადენა კი გამოწვეულია მძღოლის მხრიდან ენის ბარიერის არსებობის გამო. აღნიშნულზე იმ გარემოებაზე მითითებით, რომ იმპორტის გადასახდელის გაანგარიშებისას არ იქნა გათვალისწინებული დეკლარირებისას წარდგენილი პრეფერენციული სერტიფიკატი, ითხოვს სადავო აქტებით დაკისრებული სანქციისგან გათავისუფლებას და დარიცხული გადასახდელების შემცირებას.
ფაქტობრივი გარემოებები:
საქმის მასალებითა და საბაჟო დეპარტამენტიდან წარმოდგენილი ინფორმაციით ირკვევა, რომ 2025 წლის 15 თებერვალ საბაჟო გამშვები პუნქტი „------“ გავლით საქართველოში შემოვიდა სატვირთო ავტოსატრანსპორტო საშუალება №-------, რომლითაც გადაადგილდებოდა №-------- (08.02.2025) საქონლის საბაჟო დეკლარაციით თავისუფალ მიმოქცევაში გაშვების პროცედურაში საქონლის შემოტანამდე წინასწარ დეკლარირებული ი/მ „-----“-ის კუთვნილი საქონელი (ხის მასალა). ვინაიდან საქონლის დეკლარირებისას, წარდგენილი დოკუმენტებიდან საქონლის საბაჟო დეკლარაციაში არასწორად იქნა გადატანილი გამწევი სატრანსპორტო საშუალების ნომერი, საბაჟო ორგანოს უფლებამოსილი პირის მიერ ვერ განხორციელდა წინასწარი საბაჟო დეკლარაციის იდენტიფიცირება და დამუშავება. შესაბამისად, საბაჟო გამშვები პუნქტი „-------“ მიერ სატრანსპორტო საშუალებასა და მასში განთავსებულ საქონელზე გამოიწერა №-------- (15.02.2025) საქონლისა და სატრანსპორტო საშუალების აღრიცხვის მოწმობა და დანიშნულების ორგანოდ განისაზღვრა გაფორმების ეკონომიკური ზონა „--------“.
2025 წლის 28 თებერვალს ი/მ „-------“-ის წარმომადგენელმა მიმართა საბაჟო დეპარტამენტს №------- განცხადებით და აცნობა, რომ ზემოაღნიშნული სატრანსპორტო საშუალება, რომელშიც განთავსებული იყო საბაჟო ზედამხედველობას დაქვემდებარებული საქონელი ნაცვლად დანიშნულების ადგილისა, გამოცხადდა კომპანიის კუთვნილ საწყობში, სადაც განხორციელდა საქონლის გადმოტვირთვა. იმავე დღეს საბაჟო ორგანოს უფლებამოსილი თანამშრომლის მიერ დათვალიერდა აღნიშნული საქონელი, რომლის იდენტიფიცირება ვერ მოხერხდა და შესაბამისად, ადგილი აქვს საქონლის განკარგვას.
ვინაიდან ი/მ „------“-ის (პ/ნ --------) მხრიდან ადგილი ჰქონდა საბაჟო ორგანოსთან შეუთანხმებელ ქმედებას, რამაც გამოიწვია საბაჟო ზედამხედველობის ქვეშ მყოფი საქონლის უკანონო განკარგვა, დაკარგვა ან განადგურება, გამოვლენილი სამართალდარღვევის ფაქტზე 2025 წლის პირველ მარტს გაფორმების ეკონომიკური ზონა „-------“ უფლებამოსილი პირის მიერ შედგენილი №EL277593 საბაჟო სამართალდარღვევის ოქმით ი/მ „--------“-ს დაეკისრა პასუხისმგებლობა საქართველოს საბაჟო კოდექსის 172-ე მუხლით გათვალისწინებული სამართალდარღვევისათვის და სანქციის სახით შეეფარდა ჯარიმა 16393.06 ლარის ოდენობით. ამასთანავე, საქართველოს საბაჟო კოდექსის 49-ე მუხლისა და საქართველოს საგადასახადო კოდექსის 64-ე მუხლების შესაბამისად, იმავე დღეს გამოიცა №EL11112/142 საგადასახადო მოთხოვნა, რომლითაც ი/მ „-------- “-ს დაერიცხა იმპორტის გადასახდელი (დღგ - 10276.06 ლარი, იმპორტის გადასახადი - 6117 ლარი) და საურავი - 47.74 ლარის ოდენობით. სანქციის ოდენობისა და იმპორტის გადასახდელის გაანგარიშებისას არ იქნა გათვალისწინებული საქონლის დეკლარირებისას წარმოდგენილი პრეფერენციული სერტიფიკატი - ------- (05.02.2025).
შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილის შესაბამისად, დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ დისტანციურად, ტექნიკურ საშუალებათა გამოყენებით. მათ ასევე უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.
საქართველოს საბაჟო კოდექსის 70-ე მუხლის პირველის თანახმად, საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანილი საქონელი შემოტანისთანავე ექვემდებარება საბაჟო ზედამხედველობას და შეიძლება დაექვემდებაროს საბაჟო კონტროლის პროცედურებს. საჭიროების შემთხვევაში ეს საქონელი ექვემდებარება ისეთ აკრძალვებსა და შეზღუდვებს, რომლებიც, სხვა დანარჩენთან ერთად, ეფუძნება საზოგადოებრივი უსაფრთხოების, ეროვნული ინტერესებისა და საზოგადოებრივი ზნეობის დაცვის, ადამიანის ან ცხოველის ჯანმრთელობის ან მცენარის სიჯანსაღისა და სიცოცხლის დაცვის, ხელოვნების ნიმუშისა და ისტორიული და არქეოლოგიური ღირებულების მქონე ეროვნული სიმდიდრის დაცვისა და ეკონომიკურ საქმიანობაში გამოყენებული ქონების დაცვის აუცილებლობას, პრეკურსორის, ფსიქოტროპული ნივთიერებისა და ფსიქოაქტიური ნივთიერების, ინტელექტუალური საკუთრების უფლების დამრღვევი საქონლისა და ფულადი სახსრების კონტროლის ჩათვლით. საჭიროების შემთხვევაში, აღნიშნული საქონელი ექვემდებარება აგრეთვე თევზსარეწების კონსერვაციისა და მართვის ღონისძიებებს და ეკონომიკური პოლიტიკის სხვა ღონისძიებებს.
ამავე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, საქონელი მისი საბაჟო სტატუსის განსაზღვრამდე საბაჟო ზედამხედველობის ქვეშ რჩება და საბაჟო ორგანოს თანხმობის გარეშე მისი საბაჟო ზედამხედველობიდან გატანა ან განკარგვა არ შეიძლება. უცხოური საქონელი მისი საბაჟო სტატუსის შეცვლამდე, საქართველოს საბაჟო ტერიტორიიდან გატანამდე ან ამ კოდექსის XV თავის შესაბამისად განკარგვამდე საბაჟო ზედამხედველობის ქვეშ უნდა დარჩეს.
„საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის გადაადგილებისა და გაფორმების შესახებ ინსტრუქციების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2019 წლის 29 აგვისტოს №257 ბრძანებით დამტკიცებული „საბაჟო ზედამხედველობის შესახებ ინსტრუქციის“ (დანართი №3) პირველი მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, საბაჟო ზედამხედველობის ქვეშ მოქცეული საქონლის მიმართ შეიძლება განხორციელდეს მხოლოდ საბაჟო ორგანოსთან შეთანხმებული მოქმედებები და ოპერაციები, თუ კანონმდებლობით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.
საქართველოს საბაჟო კოდექსის 163-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, საბაჟო სამართალდარღვევა არის პირის მართლსაწინააღმდეგო ქმედება (მოქმედება ან უმოქმედობა), რომლის ჩადენისთვისაც ამ კოდექსით გათვალისწინებულია პასუხისმგებლობა.
ამავე კოდექსის 172-ე მუხლის მიხედვით, საბაჟო პროცედურის/რეექსპორტის პირობების დარღვევა ან სხვა ქმედება, რამაც გამოიწვია საბაჟო პროცედურის/რეექსპორტის პირობების დარღვევა ან სხვა ქმედება, რამაც გამოიწვია საბაჟო ზედამხედველობის ქვეშ მყოფი საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების უკანონო განკარგვა, დაკარგვა ან განადგურება, – იწვევს დაჯარიმებას იდენტურ/მსგავს საქონელზე ან/და სატრანსპორტო საშუალებაზე გადასახდელი იმპორტის გადასახდელის თანხის 100 პროცენტის ოდენობით.
საქართველოს საბაჟო კოდექსის 49-ე მუხლის პირველ ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, იმპორტის გადასახადით დასაბეგრ საქონელზე საბაჟო ვალდებულება წარმოიშობა, თუ დაირღვა უცხოური საქონლის საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანასთან, საბაჟო ზედამხედველობიდან გატანასთან, გადაადგილებასთან, გადამუშავებასთან, საბაჟო საწყობში ან თავისუფალ ზონაში შენახვასთან, დროებით შენახვასთან ან განკარგვასთან დაკავშირებული საქართველოს საბაჟო კანონმდებლობა.
ამავე მუხლის მე-2 ნაწილით დადგენილია, რომ საბაჟო ვალდებულების წარმოშობის დრო არის:
ა) იმ ვალდებულების შეუსრულებლობის ან შესრულების შეწყვეტის მომენტი, რომლის შეუსრულებლობა იწვევს საბაჟო ვალდებულების წარმოშობას;
ბ) საქონლის საბაჟო პროცედურაში/რეექსპორტში მოქცევის დეკლარაციის რეგისტრაციის მომენტი, თუ დადგინდა, რომ ფაქტობრივად არ სრულდება ამ საბაჟო პროცედურის/რეექსპორტის პირობა ან საქონლის მიზნობრივი დანიშნულებით გამოყენებისას მისი იმპორტის გადასახდელისგან გათავისუფლების პირობა.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 64-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, საგადასახადო ორგანო ვალდებულია პირს წარუდგინოს საგადასახადო მოთხოვნა, თუ არსებობს პირისათვის იმპორტის გადასახდელის დარიცხვის შესახებ ან/და საბაჟო სანქციის შეფარდების შესახებ საბაჟო ორგანოს გადაწყვეტილება ან საბაჟო სამართალდარღვევის ოქმი.
ამავე კოდექსის 272–ე მუხლის შესაბამისად საურავი არის საგადასახადო სანქცია, რომელიც პირს ეკისრება საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვადაში გადასახადის გადასახდელი თანხის გადაუხდელობისათვის.
დადგენილია და სადავოდ არ არის გამხდარი, რომ საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანილი და თავისუფალ მიმოქცევაში გაშვების პროცედურაში დეკლარირებული საქონელი, ნაცვლად საბაჟო ორგანოს მიერ განსაზღვრულ ადგილზე წარდგენისა, საბაჟო ორგანოსთან შეთანხმების გარეშე გამოცხადდა კომპანიის საწყობში, სადაც გადმოიტვირთა და განიკარგა. შესაბამისად, მომჩივნის მხრიდან ადგილი ჰქონდა საბაჟო პროცედურის პირობების დარღვევას, რამაც გამოიწვია საბაჟო ზედამხედველობის ქვეშ მყოფი საქონლის უკანონო განკარგვა. აღნიშნული არის მართლსაწინააღმდეგო ქმედება (მოქმედება ან უმოქმედობა), რომლის ჩადენისთვისაც საქართველოს საბაჟო კოდექსით გათვალისწინებულია პასუხისმგებლობა. ასეთ შემთხვევაში, საბაჟო დეპარტამენტი აფიქსირებს საბაჟო სამართალდარღვევას და ვალდებულ პირს წარუდგენს საგადასახადო მოთხოვნას დარიცხული გადასახადის (გადასახდელის) თანხაზე. ამდენად, სადავო ოქმით საქართველოს საბაჟო კოდექსის 172-ე მუხლის შესაბამისად დაკისრებული პასუხისმგებლობა და მომჩივნისთვის საქართველოს საბაჟო კოდექსის 49-ე მუხლისა და საქართველოს საგადასახადო კოდექსის 64-ე მუხლის შესაბამისად სადავო საგადასახადო მოთხოვნის წარდგენა მართლზომიერია.
მომჩივნის არგუმენტზე შემოსავლების სამსახური მიუთითებს, “საქონლის წარმოშობის ქვეყნის განსაზღვრის კრიტერიუმების, წარმოშობის დამადასტურებელი სერტიფიკატის ფორმის, მისი შევსებისა და გაცემის წესის დამტკიცების თაობაზე” საქართველოს მთავრობის 2019 წლის 16 სექტემბრის №453 დადგენილებით დამტკიცებული „საქონლის წარმოშობის ქვეყნის განსაზღვრის კრიტერიუმების, წარმოშობის დამადასტურებელი სერტიფიკატის ფორმის, მისი შევსებისა და გაცემის წესის“ (დანართი №1) პირველ პუნქტზე (ზოგადი დებულებანი), რომლის შესაბამისად, საქონლის წარმოშობის ქვეყანა განისაზღვრება საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის შემოტანისას ან/და საქართველოს საბაჟო ტერიტორიიდან საქონლის გატანისას სავაჭრო პოლიტიკის ღონისძიებების განხორციელების მიზნით.
იმპორტის გადასახდელის მიზნებისთვის საქონლის წარმოშობის ქვეყნის შესახებ ინფორმაცია მიეთითება საბაჟო დეკლარაციაში. აღნიშნული დოკუმენტი საქონლის წარმოშობის ქვეყნის შესახებ ინფორმაციის შესაბამისობის დადგენის ერთ-ერთი საფუძველია. დადგენილია, რომ მოცემულ შემთხვევაში საქონლის იდენტიფიცირება ვერ მოხერხდა. საქონლის დეკლარირებისას წარდგენილი საქონლის პრეფერენციული წარმოშობის სერტიფიკატი ვერ იქნება გათვალისწინებული, ვინაიდან წარმოშობის სერტიფიკატში არსებული ინფორმაციის არაიდენტიფიცირებად საქონელთან იდენტიფიცირება შეუძლებელია.
ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ სადავო ადმინისტრაციული აქტი და დარიცხული თანხები შეესაბამება საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ მოთხოვნებს და არ არსებობს საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:
1. ი/მ „-----“-ის (პ/ნ ------) საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან ქუთაისის საქალაქო სასამართლოში (მის.: ქ. ქუთაისი, ვიქტორ კუპრაძის ქ. №11), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესით, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი
მომჩივანი ითხოვს სადავო აქტებით დაკისრებული სანქციისგან გათავისუფლებას და დარიცხული გადასახდელების შემცირებას.
ფაქტობრივი გარემოებები
საქართველოში შემოვიდა სატვირთო ავტოსატრანსპორტო საშუალება, რომლითაც გადაადგილდებოდა საქონლის საბაჟო დეკლარაციით თავისუფალ მიმოქცევაში გაშვების პროცედურაში საქონლის შემოტანამდე წინასწარ დეკლარირებული ი/მ-ის კუთვნილი საქონელი.
ვინაიდან საქონლის დეკლარირებისას, წარდგენილი დოკუმენტებიდან საქონლის საბაჟო დეკლარაციაში არასწორად იქნა გადატანილი გამწევი სატრანსპორტო საშუალების ნომერი, საბაჟო ორგანოს უფლებამოსილი პირის მიერ ვერ განხორციელდა წინასწარი საბაჟო დეკლარაციის იდენტიფიცირება და დამუშავება.
ი/მ-ის წარმომადგენელმა მიმართა საბაჟო დეპარტამენტს განცხადებით და აცნობა, რომ ზემოაღნიშნული სატრანსპორტო საშუალება, რომელშიც განთავსებული იყო საბაჟო ზედამხედველობას დაქვემდებარებული საქონელი ნაცვლად დანიშნულების ადგილისა, გამოცხადდა კომპანიის კუთვნილ საწყობში, სადაც განხორციელდა საქონლის გადმოტვირთვა. იმავე დღეს საბაჟო ორგანოს უფლებამოსილი თანამშრომლის მიერ დათვალიერდა აღნიშნული საქონელი, რომლის იდენტიფიცირება ვერ მოხერხდა და შესაბამისად, ადგილი აქვს საქონლის განკარგვას. ვინაიდან ი/მ-ის მხრიდან ადგილი ჰქონდა საბაჟო ორგანოსთან შეუთანხმებელ ქმედებას, რამაც გამოიწვია საბაჟო ზედამხედველობის ქვეშ მყოფი საქონლის უკანონო განკარგვა, დაკარგვა ან განადგურება, გამოვლენილი სამართალდარღვევის ფაქტზე ი.მ-ეს დაეკისრა პასუხისმგებლობა და სანქციის სახით შეეფარდა ჯარიმა.იმავე დღეს ი/მ-ეს დაერიცხა დღგ და იმპორტის გადასახდელი.
გადაწყვეტილება
შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ სადავო ადმინისტრაციული აქტი და დარიცხული თანხები შეესაბამება საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ მოთხოვნებს და არ არსებობს საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.
დასაბუთება
შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საბაჟო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 70;163;172;