ბრძანება N 38852-2

შემოსავლების სამსახურის დავების გადაწყვეტილება ნაწილობრივ დაკმაყოფილდა 27.12.2018
№ დოკუმენტი 38852-2
სტატუსი მოქმედი
მიმღები შემოსავლების სამსახურის უფროსი/დავების საბჭოს თავმჯდომარე
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

ბრძანება N 38852

27/12/2018

შპს --------------------

(მის: -----------------)

სადავო საკითხებთან დაკავშირებით საჩივრის

ნაწილობრივ დაკმაყოფილების თაობაზე

შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭომ 2018 წლის 14 დეკემბერს გამართულ სხდომაზე (ოქმი N100) განიხილა შპს ----- საჩივარი, რომლითაც გადამხდელი არ ეთანხმება შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2018 წლის 11 ოქტომბრის N006-593 კორექტირებულ „საგადასახადო მოთხოვნას“.

-გადამხდელი არ ეთანხმება მოგების გადასახადის კორექტირებას და გაუგებარია ამორტიზაციის სხვაობის წარმოშობის საფუძველი. გადამხდელი აცხადებს, რომ როგორც შემმოწმებლის მიერ დასკვნაში მოცემული განმარტებიდან ირკვევა, ამორტიზაციაში სხვაობა განაპირობა ძირითადი საშუალებების მიმდინარე რემონტის ხარჯების რემონტის ხარჯებად აღიარებამ, რაც მიუღებელია.

-გადამხდელი არ ეთანხმება სარემონტო სამუშაოებზე გაწეული ხარჯების შემცირებას და განმარტავს, რომ ხარჯები, რომელიც შემმოწმებლის მიერ საგადასახადო მიზნებისთვის განხილულია ძირითადი საშუალებების რემონტის ხარჯებად არ წარმოადგენს ასეთს, რადგან არ აკმაყოფილებს საგადასახადო კოდექსის მე-8 მუხლის 32-ე ნაწილის მოთხოვნებს.

ისინი მხოლოდ მიმდინარე საექსპლოატაციო ხარჯებია, რომელიც გაიწია ძირითადი საშუალებების საექსპლოატაციო მდგომარეობაში - ამოსავალი მწარმოებლურობის აღდგენის და შენარჩუნების მიზნით. ამასთან, მიმდინარე საექსპლოატაციო ხარჯების გაწევა დადასტურებულია პირველადი დოკუმენტებით.

შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭომ განიხილა აღნიშნული საჩივარი და მიღებული იქნა გადაწყვეტილება, რომ საჩივარი სადავო საკითხებთან დაკავშრებით უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ შემდეგ გარემოებათა გამო:

საქმეში არსებული მასალებით ირკვევა, რომ შემოსავლების სამსახურის 2018 წლის 10 ივლისის N17696

ბრძანების საფუძველზე ნაწილობრივ დაკმაყოფილდა შპს ----- საჩივარი, კერძოდ:

1 შპს ----- საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

2. გადასახადის გადამხდელს მიეცეს წინადადება ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 სამუშაო დღის ვადაში (1-6) საკითხებთან დაკავშირებით საჩივარში მითითებული გარემოებების დასადასტურებლად აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები. თავის მხრივ, დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს გადამხდელის მონაწილეობით შეისწავლოს წარმოდგენილი მტკიცებულებები და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში განახორციელოს დარიცხული თანხების შესაბამისი კორექტირება (შემცირება);

3. დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს, ამ ბრძანების სარეზოლუციო ნაწილის მე-2 პუნქტის აღსრულების შედეგების შესაბამისად, განახორციელოს კორექტირება გადასახადის გადამხდელის პირადი აღრიცხვის ბარათზე;

4. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდა.

შემოსავლების სამსახურის 2018 წლის 10 ივლისის N17696 გადაწყვეტილების აღსრულების მიზნით, აუდიტის დეპარტამენტის მიერ განხორციელდა შპს ----- მიმართ შემოწმების აქტით დარიცხული თანხების გადაანგარიშება. აღნიშნულთან დაკავშირებით 2018 წლის 28 სექტემბერს გამოიცა დასკვნა, რომლის თანახმად, შემოსავლების სამსახურის 2018 წლის 10 ივლისის N17696 ბრძანებით გამოცემული გადაწყვეტილების შესაბამისად განხორციელდა შემმოწმებლის მიერ დარიცხული თანხების კორექტირება, კერძოდ სულ შეუმცირდა 27 943 ლარი, მათ შორის ძირითადი გადასახადი 0 ლარისა და ჯარიმა 27 943 ლარის ოდენობით.

 

გამოცემული დასკვნის თანახმად ირკვევა:

- შპს ----- საკუთრებაში არსებულ შენობა ნაგებობაზე გაწეული რემონტის ხარჯები მოგების გადასახადის დეკლარაციიდან გამოქვითული აქვს სრულად. სსკ-ის 115-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილების თანახმად გადამხდელს რემონტის ხარჯების სრულად გამოქვითვის უფლება არ აქვს ისეთ ძირითად საშუალებაზე რომელზეც მანამდე ახორციელებდა ამორტიზაციის ანარიცხების გამოქვითვას სსკ-ის 111-ე მუხლის მიხედვით. შემოწმების მიერ ფაქტიურ (ზემოთ აღწერილ) მდგომარეობაზე და საქართველოს საგადასახადო კოდექსის112-ე და 115-ე მუხლებზე დაყრდნობით სარემონტო სამუშაოებზე გაწეული დანახარჯები დაექვემდებარა ერთობლივი შემოსავლიდან გამოსაქვითი ხარჯებიდან ამოღებას და სსკ-ის 115-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილების თანახმად განსაზღვრული შეზღუდვების გათვალისწინებით გამოიქვითა ერთობლივი შემოსავლიდან ამორტიზაციის და რემონტის ხარჯების სახით. ამორტიზაციის თანხა ასევე, დაკორექტირდა გადამხდელის საბუღალტრო პროგრამაზე დაყრდნობით. აღნიშნული საკითხი არ დაექვემდებარა გადაანგარიშებას.

- შემოწმების მიერ ფაქტიურ (ზემოთ აღწერილ) მდგომარეობაზე და სსკ-ის 112-ე და 115-ე მუხლებზე დაყრდნობით სარემონტო სამუშაოებზე გაწეული დანახარჯები დაექვემდებარა ერთობლივი შემოსავლიდან გამოსაქვითი ხარჯებიდან ამოღებას და სსკ-ის 115-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილების თანახმად განსაზღვრული შეზღუდვების გათვალისწინებით გამოიქვითა ერთობლივი შემოსავლიდან ამორტიზაციის და რემონტის ხარჯების სახით. აღნიშნული საკითხი გადაანგარიშებას არ დაექვემდებარა.

 

საჩივარში დასმულ სადავო საკითხებთან დაკავშირებით შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო მიუთითებს სსკ-ის მე-8 მუხლის 32-ე ნაწილზე, რომლის თანახმად: „ძირითადი საშუალების რემონტის ხარჯები არის ხარჯები, რომლებიც ამაღლებს ძირითადი საშუალების ამოსავალ (თავდაპირველ, ნორმატიულ) მწარმოებლურობას (მათ შორის, შენობა-ნაგებობის ელემენტების მოდიფიკაცია (რეკონსტრუქცია) მათი სასარგებლო მომსახურების ვადის გახანგრძლივების მიზნით და მათი მწარმოებლურობის ამაღლების უზრუნველსაყოფად; მანქანა-დანადგარის ნაწილების გაუმჯობესება მათი მწარმოებლურობის ამაღლების უზრუნველსაყოფად და ახალი საწარმოო პროცესების დანერგვა), გარდა მიმდინარე საექსპლუატაციო ხარჯებისა, რომლებიც გაიწევა ძირითადი საშუალების ამოსავალი მწარმოებლურობის აღდგენის ან შენარჩუნების მიზნით“.

სსკ-ის 136-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად: „გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სწორად და დროულად აღრიცხოს შემოსავლები და ხარჯები დოკუმენტურად დადასტურებულ მონაცემთა საფუძველზე, ამ თავით გათვალისწინებული მეთოდების გამოყენებით და მიაკუთვნოს იმ საანგარიშო პერიოდს, რომელშიც მოხდა მათი მიღება და გაწევა“.

 

სსკ-ის 112-ე მუხლის თანახმად:

1. ძირითადი საშუალებების მიმართ, გარდა საწარმოს კაპიტალში შეტანილისა, გადასახადის გადამხდელს უფლება აქვს, სრულად გამოქვითოს ამ აქტივების ღირებულება იმ საგადასახადო წელს, როდესაც ძირითადი საშუალებები ექსპლუატაციაში შევიდა.

2. ძირითადი საშუალებების ღირებულების სრულად გამოქვითვის უფლების გამოყენების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელი ვალდებულია იგივე მეთოდი გამოიყენოს ყველა შემდგომი შესყიდული (წარმოებული) ძირითადი საშუალების მიმართ.

3. ძირითადი საშუალებების ღირებულების სრულად გამოქვითვის შემთხვევაში:

ა) აღნიშნული ძირითადი საშუალებები არ შეიტანება ამ კოდექსის 111-ე მუხლით გათვალისწინებული ჯგუფის ღირებულებით ბალანსში;

ბ) შემდგომში ასეთი აქტივების მიწოდებისას მიღებული ან/და მისაღები თანხები, ხოლო ასეთის არარსებობისას – საბაზრო ღირებულება დამატებული ღირებულების გადასახადის გარეშე ექვემდებარება ერთობლივ შემოსავალში ჩართვას.

4. ძირითადი საშუალებების ღირებულების სრულად გამოქვითვის შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს უფლება არ აქვს, არჩეული გამოქვითვის ნორმა შეცვალოს 5 წლის განმავლობაში. ამასთანავე, გამოქვითვის ასეთი ნორმის არჩევა უნდა მოხდეს იმ საგადასახადო წელს, როდესაც ძირითადი საშუალებები ექსპლუატაციაში შევიდა.

5. ძირითადი საშუალებების ღირებულების სრულად გამოქვითვის უფლება არ ვრცელდება ისეთ ძირითად საშუალებებზე, რომლებიც არ ექვემდებარება ამორტიზაციას.

 

ხოლო სსკ-ის 115-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილების თანახმად:

1. ამ კოდექსის 111-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებულ თითოეულ ჯგუფში შემავალ ძირითად საშუალებათა რემონტის ხარჯების გამოქვითვა დასაშვებია ყოველწლიურად, საანგარიშოს წინა საგადასახადო წლის ბოლოსთვის ჯგუფის ღირებულებითი ბალანსის 5 პროცენტამდე ოდენობით.

2. თანხა, რომელიც აღემატება ამ მუხლის პირველი ნაწილით დადგენილ ზღვრულ დონეს, ზრდის შესაბამისი ჯგუფის ღირებულებით ბალანსს.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საქმეზე წარმოდგენილი მასალების შესწავლისა და საბჭოს სხდომაზე გამოთქმული მოსაზრებების გათვალისწინებით შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო განმარტავს, რომ გადამხდელის მიერ ძირითად საშუალებებზე ჩატარებულია ისეთი სახის სარემონტო სამუშაოები, როგორიც არის „პარკეტის სამუშაოები“, „ფუნდამენტის გამაგრებაზე გაწეული სამუშაოები“, „კონდიცირება“, გამოცვლილია მთლიანად კარ-ფანჯარათა კონსტრუქციები, რაც წარმოადგენს ძირითადი საშუალების ისეთი სახის რემონტის ხარჯებს, რომლლითაც ამაღლებულია ძირითადი საშუალების ამოსავალი (თავდაპირველი, ნორმატიული) მწარმოებლურობა (მათ შორის, შენობა-ნაგებობის ელემენტების მოდიფიკაცია (რეკონსტრუქცია) მისი სასარგებლო მომსახურების ვადის გახანგრძლივების მიზნით და მათი მწარმოებლურობის ამაღლების უზრუნველსაყოფად.

შესაბამისად, საბჭო მიუთითებს, რომ შემმოწმებლის მიერ სსკ-ის 112-ე მუხლისა და 115-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილებით განსაზღვრული შეზღუდვების გათვალისწინებით სარემონტო სამუშაოებზე გაწეული დანახარჯები ერთობლივი შემოსავლიდან ამორტიზაციისა და რემონტის ხარჯების სახით გამოქვითულია სწორად.

 

დავების განხილვის საბჭომ მიიჩნია, რომ შემოწმებით განხორციელებული დარიცხვა შესაბამისობაშია კანონმდებლობასთან და არ არსებობს მომჩივნის მიერ შემოსავლების სამსახურში წარმოდგენილი საჩივრის აღნიშნულ ნაწილში დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი.

ამასთან, საბჭო მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილზე, რომლის თანახმად „საგადასახადო ორგანოს/დავის განმხილველ ორგანოს ან სასამართლოს უფლება აქვს, გაათავისუფლოს კეთილსინდისიერი გადასახადის გადამხდელი ამ კოდექსით გათვალისწინებული სანქციისაგან, თუ სამართალდარღვევა გამოწვეულია გადასახადის გადამხდელის შეცდომით/არცოდნით“.

დავების განხილვის საბჭო განმარტავს, რომ გადასახადის გადამხდელის კეთილსინდისიერება უკავშირდება მის მიერ დაშვებულ შეცდომას, გადამხდელი კეთილსინდისიერია იმ შემთხვევაში თუ სამართალდარღვევა გამოწვეულია მის მიერ დაშვებული შეცდომით (არცოდნით). კეთილსინდისიერება გულისხმობს პირის სუბიექტურ დამოკიდებულებას მის მიერ ჩადენილი ქმედებისადმი. პირი მოქმედებს საპატიებელი შეცდომის პირობებში ანუ მან არ იცოდა და არც შეიძლებოდა სცოდნოდა, რომ ჩადიოდა აკრძალულ ქმედებას (სამართალდარღვევას), ხოლო იმ შემთხვევაში თუ პირი მოქმედებდა თვითიმედოვნებით ან დაუდევრობით არ შეიძლება გათავისუფლდეს საგადასახადო პასუხისმგებლობისგან. სსკ-ის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის მიზანია საგადასახადო პასუხისმგებლობისგან გაათავისუფლოს პირი, რომელიც სამართლებრივი შეცდომის არეალში მოქმედებდა, რადგან სამართლებრივი შეცდომის დროს პირი არასწორად აფასებს ჩადენილი ქმედების სამართლებრივ არსს და ამ ქმედებით გამოწვეულ სამართლებრივ შედეგს.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე დავების განხილვის საბჭომ მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელი განსახილველ შემთხვევაში მოქმედებდა სამართლებრივი შეცდომის არეალში საგადასახადო სამართალდარღვევა გამოწვეულია გადამხდელის შეცდომით/არცოდნით, შესაბამისად გადამხდელი სსკ-ის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე უნდა გათავისუფლდეს ძირითადი საშუალებების სარემონტო სამუშაოებზე გაწეული დანახარჯების შეცდომით მიმდინარე საექსპლუატაციო ხარჯად განხილვის საფუძველზე დეკლარაციაში გადასახადის თანხის შემცირებისთვის სსკ-ის 275-ე მუხლის შესაბამისად დარიცხული ჯარიმისაგან.

 

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ :

 

1.შპს ----- საჩივარი სადავო საკითხებთან დაკავშირებით დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

2.გადასახადის გადამხდელი სსკ-ის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე გათავისუფლდეს ძირითადი საშუალებების სარემონტო სამუშაოებზე გაწეული დანახარჯების შეცდომით მიმდინარე საექსპლუატაციო ხარჯად განხილვის საფუძველზე დეკლარაციაში გადასახადის თანხის შემცირებისთვის სსკ-ის 275-ე მუხლის შესაბამისად დარიცხული ჯარიმისაგან;

3. დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს გადასახადის გადამხდელის პირადი აღრიცხვის ბარათზე შესაბამისი კორექტირების განხორციელება;

4.დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

5.. ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი

 

-გადამხდელი არ ეთანხმება მოგების გადასახადის კორექტირებას, აცხადებს, რომ გაუგებარია ამორტიზაციის სხვაობის წარმოშობის საფუძველი.

-გადამხდელი არ ეთანხმება სარემონტო სამუშაოებზე გაწეული ხარჯების შემცირებას.

 

ფაქტობრივი გარემოებები

 

შემოწმების შედეგების გადაანგარიშებაზე დასკვნის მიხედვით საწარმოს საკუთრებაში არსებულ შენობა-ნაგებობაზე გაწეული რემონტის ხარჯები გამოქვითული აქვს სრულად. ვინაიდან სსკ-ის 115-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილების თანახმად გადამხდელს რემონტის ხარჯების სრულად გამოქვითვის უფლება არ აქვს ისეთ ძირითად საშუალებაზე რომელზეც მანამდე ახორციელებდა ამორტიზაციის ანარიცხების გამოქვითვას, შემოწმების მიერ სარემონტო სამუშაოებზე გაწეული დანახარჯები დაექვემდებარა ერთობლივი შემოსავლიდან გამოსაქვითი ხარჯებიდან ამოღებას, ასევე დაკორექტირდა გადამხდელის საბუღალტრო პროგრამაზე დაყრდნობით, აღნიშნული საკითხი არ დაექვემდებარა გადაანგარიშებას.

 

გადაწყვეტილება

 

საბჭომ მიიჩნია, რომ შემოწმებით განხორციელებული დარიცხვა შესაბამისობაშია კანონმდებლობასთან და არ არსებობს საჩივრის აღნიშნულ ნაწილში დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი.

ამასთან საბჭომ მიიჩნია, რომ გადამხდელი სსკ-ის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე უნდა გათავისუფლდეს ძირითადი საშუალებების სარემონტო სამუშაოებზე გაწეული დანახარჯების შეცდომით მიმდინარე საექსპლუატაციო ხარჯად განხილვის საფუძველზე დეკლარაციაში გადასახადის თანხის შემცირებისთვის სსკ-ის 275-ე მუხლის შესაბამისად დარიცხული ჯარიმისაგან.

 

დასაბუთება

 

შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 8(32); 112; 115; 269(7); 275

01.01.2021 წლა,დე მოქმედი: 161(1,,ა“)