გადაწყვეტილება №24012/2/2024

ფინანსთა სამინისტროს დავების გადაწყვეტილება არ დაკმაყოფილდა 18.11.2024
№ დოკუმენტი 24012/2/2024
სტატუსი მოქმედი
მიმღები კოლეგიური ორგანო
სტრუქტურული ერთეული მომსახურების დეპარტამენტი

📜 საკანონმდებლო ნორმები

📄 სრული ტექსტი

№ 24012/2/2024

18 ნოემბერი 2024

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

 

მომჩივანი: ----------- (ს/ნ --------)

მოპასუხე: მომსახურების დეპარტამენტი

 

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 17.10.2024 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება --------- 29.09.2024 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №24012/2/2024)

 

დავის საგანი:

საგადასახადო დავალიანების ჩამოწერაზე უარი.

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება:

1. მომსახურების დეპარტამენტის 20.08.2024 წლის №21-11/63965 გადაწყვეტილება;

2. შემოსავლების სამსახურის 17.09.2024 წლის №20498 ბრძანება.

 

ფაქტების აღწერა

მომჩივანმა 16.08.2024 წელს მიმართა საგადასახადო ორგანოს და მოითხოვა განმარტება, საგადასახადო ვალდებულების აღიარების შემთხვევაში მის მიმართ გავრცელდება თუ არა საგადასახადო კოდექსის 309-ე მუხლის 37-ე მუხლის „დ“ ქვეპუნქტის დანაწესი და ჩამოეწერება თუ არა 2019-2020 წლების საანგარიშო პერიოდებზე შემოწმების აქტით დარიცხული თანხები.

მომსახურების დეპარტამენტის 20.08.2024 წლის №21-11/63965 წერილით მომჩივანს ეცნობა, რომ ვერ აკმაყოფილებს საგადასახადო კოდექსის 309-ე მუხლის 37-ე ნაწილის „დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად დავალიანების ჩამოწერის მოთხოვნებს. კერძოდ, 1.01.2021 წლის მდგომარეობით ერიცხება დავალიანება საურავი 0,06 ლარი, რაც დღეის მდგომარეობით დაფარულია. ხოლო 1.01.2021 წლის შემდეგ დარიცხული გადასახადები, მიუხედავად დარიცხვის სავადო თარიღებისა, არ ექვემდებარება ჩამოწერას აღნიშნული ნორმით.

მომსახურების დეპარტამენტის 20.08.2024 წლის №21-11/63965 წერილი გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში. შემოსავლების სამსახურის 17.09.2024 წლის №20498 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.

 

შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი

შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 302-ე, 309-ე მუხლებზე და „გადასახადის გადამხდელთა პირადი აღრიცხვის ბარათების წარმოების წესის შესახებ მეთოდური მითითების დამტკიცების შესახებ“ შემოსავლების სამსახურის უფროსის 18.05.2016 წლის №13446 ბრძანების 91 მუხლზე.

ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმებისა და ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ მომსახურების დეპარტამენტის მიერ სადავო გადაწყვეტილება გამოცემულია საგადასახადო კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით, საჩივარი დაუსაბუთებელია და არ არსებობს მისი დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი.

 

მომჩივნის არგუმენტაცია

შემოსავლების სამსახურის ბრძანების შესაბამისად საგადასახადო ვალდებულების აღიარების შემთხვევაში მომჩივნის მიმართ არ გავრცელდება საგადასახადო კოდექსის 309-ე მუხლის 37-ე ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაწესი და არ ჩამოეწერება 2019-2020 წლების საანგარიშო პერიოდებზე შემოწმების აქტით დარიცხული თანხები.

გასაჩივრებულ ადმინისტრაციულ აქტში შემოსავლების სამსახური ადასტურებს, რომ საგადასახადო კოდექსის 309-მუხლის 37-ე ნაწილის „დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ამ კოდექსის 252-ე მუხლის მოთხოვნათა გაუთვალისწინებლად, საქართველოს ფინანსთა მინისტრის მიერ დადგენილი წესით ჩამოწერას ექვემდებარება ფიზიკური პირის აღიარებული, 1.01.2021 წლამდე წარმოშობილი და ჩამოწერის მომენტისთვის არსებული საგადასახდო დავალიანება და მასზე დარიცხული საურავი.

თუმცა აქვე მიუთითებს, რომ შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემაში არსებული მონაცემების მიხედვით, --------- (პ/ნ ---------) პირადი აღრიცხვის ბარათის შესწავლით ირკვევა, რომ ვერ აკმაყოფილებს საგადასახადო კოდექსის 309-ე მუხლის 37-ე ნაწილის „დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად დავალიანების ჩამოწერის მოთხოვნებს. რადგან 1.01.2021 წლის მდგომარეობით ერიცხება დავალიანება საურავი 0,06 ლარი, რაც დღეის მდგომარეობით დაფარულია. ხოლო 1.01.2021 წლის შემდეგ დარიცხული გადასახადები, მიუხედავად დარიცხვის სავადო თარიღებისა, არ ექვემდებარება ჩამოწერას.

შემოსავლების სამსახური ვერაფრით ადასტურებს რატომ არ უნდა ჩამოეწეროს 2021 წლის შემდგომ 2019-2020 წლების სავადო თარიღებით დარიცხული თანხები. შესაბამისად ვერ მოჰყავს ვერც ერთი ნორმატიული აქტი რომელიც მის ამგვარ მოსაზრებას დაადასტურებს.

აბსურდია შემოსავლების სამსახური მოსაზრება იმის თაობაზე, რომ 1.01.2021 წლის შემდეგ დარიცხული გადასახადები, მიუხედავად დარიცხვის სავადო თარიღებისა, არ ექვემდებარება ჩამოწერას. საურავი 1.01.2021 წლის შემდგომ პერიოდში 1.01.2021 წლამდე საანგარიშო პერიოდებზე დარიცხულ გადასახადებს დარიცხვის სავადო თარიღებიდან ერიცხება, რითაც შემოსავლების სამსახური აღიარებს, რომ დარიცხული გადასახადები 1.01.2021 წლამდე პერიოდისაა, მაგრამ ჩამოწერის მიზნებისათვის ისინი რატომღაც 1.01.2021 წლამდე პერიოდს არ მიეკუთვნება და ჩამოწერას არ ექვემდებარება, რაც უკანონო, უსაფუძვლო და გაუმართლებელია.

აღნიშნულიდან გამომდინარე შემოსავლების სამსახურის 17.09.2024 წლის №20498 ბრძანება, როგორც უსაფუძვლო ბათილად უნდა იქნეს ცნობილი.

10.06.2022 წელს ჩატარებული საგადასახდო შემოწმების აქტით 2019-2020 წლების საანგარიშო პერიოდებზე დარიცხული ვალდებულებები 1.01.2021 წლის შედეგ წარმოშობილად ვერანაირად ვერ ჩაითვლება. აღნიშნულს ისიც ადასტურებს, რომ 2019-2020 წლების საანგარიშო პერიოდებზე დარიცხულ გადასახადებზე საურავი ამავე პერიოდიდან ერიცხება. თუ 2019 – 2020 წლების საანგარიშო პერიოდებზე დარიცხული გადასახადები 1.01.2021 წლის შემდეგ წარმოშობილად ითვლება, როგორც ეს შემოსავლების სამსახურის წერილშია აღნიშნული მაშინ საურავიც 1.01.2021 წლიდან უნდა ერიცხებოდა, მაგრამ საურავი 2019 და 2020 წლიდან ერიცხება.

შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 309-ე მუხლის 37-ე ნაწილის „დ“ ქვეპუნქტზე და განმარტავს, რომ ხსენებული საკანონმდებლო ნორმა ცალსახად მიუთითებს, რომ ჩამოწერას დაქვემდებარებული გადასახადის თანხა 1.01.2021 წლიდან უნდა იყოს წარმოშობილი. მნიშვნელოვანია, რომ აქ კანონმდებელი მნიშვნელობას ანიჭებს წარმოშობის, დარიცხვის სავადო და არა მისი გამოვლენის თარიღს.

ხსენებული ნორმების შესაბამისად გამოვლენისა და დარიცხვის თარიღის მიუხედავად ჩამოწერას ექვემდებარება ყველა ის გადასახადი, რომელიც 1.01.2021 წლიდან პერიოდს მიეკუთვნება. ეს კანონის იმპერატიული მოთხოვნაა.

გარდა ამისა „გადასახადის გადამხდელთა პირადი აღრიცხვის ბარათების წარმოების წესის შესახებ მეთოდური მითითების დამტკიცების შესახებ“ მეთოდური მითითების დამტკიცების თაობაზე შემოსავლების სამსახურის უფროსის 18.05.2016 წლის №13446 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ შემოსავლების სამსახურის უფროსის 24.06.2024 წლის №14753 ბრძანების მე-5 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, გადასახადის გადამხდელის მომართვის თარიღისთვის, 15.12.2020 წლის საგადასახადო მოთხოვნით დარიცხული თანხები აღიარებულია თუმცა პირადი აღრიცხვის ბარათზე ფიქსირდება 1.01.2023 წლის საგადასახადო მოთხოვნით დარიცხული არაღიარებული თანხები. მოცემულ შემთხვევაში 1.01.2023 წლის საგადასახადო მოთხოვნით დარიცხული თანხები ზრდის 1.01.2023 წლის შემდგომ წარმოშობილ დავალიანებას და გავლენას ახდენს ჩამოსაწერი დავალიანების ოდენობაზე. შესაბამისად, გადასახადის გადამხდელს ეცნობა და განემარტა, რომ საგადასახადო ორგანოს მიერ ვერ განხორციელდება დავალიანების ჩამოწერის საკითხის შესწავლა და იგი უფლებამოსილია მიმართოს დავალიანების ჩამოწერის მოთხოვნით, თანხების აღიარების შემდგომ.

ითხოვს საჩივარი განხილულ იქნას მომჩივნის მონაწილეობით და დაევალოს შემოსავლების სამსახურს 10.06.2022 წელს ჩატარებული საგადასახადო შემოწმების აქტით 2019-2020 წლების საანგარიშო პერიოდებზე დარიცხული ვალდებულებების აღიარების შემთხვევაში მომჩივნის მიმართ გავრცელდეს საგადასახადო კოდექსის 309-ე მუხლის 37-ე ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაწესი და ჩამოეწეროს 2019-2020 წლების საანგარიშო პერიოდებზე შემოწმების აქტით დარიცხული თანხები.

 

დავების განხილვის საბჭო

მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საგადასახადო კოდექსის მე-8 მუხლის 23-ე ნაწილის თანახმად, საგადასახადო დავალიანება არის გადასახადის გადამხდელის მიერ დადგენილ ვადაში გადაუხდელი გადასახადების ან/და სანქციების (მათ შორის, საბაჟო სანქციის) თანხასა და ზედმეტად გადახდილი გადასახადების ან/და სანქციების (მათ შორის, საბაჟო სანქციის) თანხას შორის სხვაობა.

საგადასახადო კოდექსის 61-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, გადასახადის დარიცხვა გულისხმობს საგადასახადო ორგანოს მიერ კონკრეტული საგადასახადო პერიოდისათვის გადასახადის თანხის აღრიცხვასა და ასახვას გადასახადის გადამხდელის პირადი აღრიცხვის ბარათზე, რომლის წარმოების წესს განსაზღვრავს საქართველოს ფინანსთა მინისტრი.

საგადასახადო კოდექსის 309-ე მუხლის 37-ე ნაწილის „დ“ ქვეპუნქტის თანახმად, ამ კოდექსის 252-ე მუხლის მოთხოვნათა გაუთვალისწინებლად, საქართველოს ფინანსთა მინისტრის მიერ დადგენილი წესით ჩამოწერას ექვემდებარება ფიზიკური პირის აღიარებული, 2021 წლის 1 იანვრამდე წარმოშობილი და ჩამოწერის მომენტისთვის არსებული საგადასახადო დავალიანება და მასზე დარიცხული საურავი.

შემოსავლების სამსახურის უფროსის 18.05.2016 წლის №13446 ბრძანებით დამტკიცებული „გადასახადის გადამხდელთა პირადი აღრიცხვის ბარათების წარმოების წესის შესახებ“ მეთოდური მითითების 91 მუხლის პირველი-მე-3 პუნქტების თანახმად:

1. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 309-ე მუხლის 37-ე ნაწილის „დ“ ქვეპუნქტის თანახმად, ჩამოწერას ექვემდებარება ფიზიკური პირის აღიარებული, 2021 წლის 1 იანვრამდე წარმოშობილი და ჩამოწერის მომენტისთვის არსებული, საგადასახადო დავალიანება და მასზე დარიცხული საურავი.

2. ამ მუხლის პირველი პუნქტის მიხედვით, დავალიანების ჩამოწერის საკითხის შესწავლას ექვემდებარება ყველა ფიზიკური პირი (მათ შორის, მეწარმე ფიზიკური პირი), რომელსაც ერიცხება აღიარებული, 2021 წლის 1 იანვრამდე წარმოშობილი და ჩამოწერის მომენტისთვის არსებული, აღიარებული საგადასახადო დავალიანება და მასზე დარიცხული საურავი.

3. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 309-ე მუხლის 37-ე ნაწილის „დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, გადასახადის გადამხდელის პირადი აღრიცხვის ბარათზე 2021 წლის 1 იანვრის შემდეგ ასახული ოპერაციები (გარდა 2021 წლის 1 იანვრამდე წარმოშობილი საგადასახადო დავალიანების დროებითი ბარათიდან ძირითად ბარათზე გადატანის ოპერაციებისა), რომლებიც აღნიშნულ საანგარიშო პერიოდზე წარმოშობს საგადასახადო დავალიანებას, არ განიხილება 2021 წლის 1 იანვრამდე წარმოშობილ დავალიანებად და არ ექვემდებარება ჩამოწერას.

საქმის მასალებით დგინდება, რომ მომჩივანმა 16.08.2024 წელს მიმართა საგადასახადო ორგანოს და მოითხოვა განემარტათ, საგადასახადო ვალდებულების აღიარების შემთხვევაში მის მიმართ გავრცელდება თუ არა საგადასახადო კოდექსის 309-ე მუხლის 37-ე მუხლის „დ“ ქვეპუნქტის დანაწესი და ჩამოეწერება თუ არა 2019-2020 წლების საანგარიშო პერიოდებზე შემოწმების აქტით დარიცხული თანხები.

ამავე წერილში მომსახურების დეპარტამენტი მიუთითებს „გადასახადის გადამხდელთა პირადი აღრიცხვის ბარათების წარმოების წესის შესახებ მეთოდური მითითების დამტკიცების შესახებ“ შემოსავლების სამსახურის უფროსის 18.05.2016 წლის №13446 ბრძანებაში 24.06.2024 წლის №14753 ბრძანებით შეტანილ ცვლილებაზე, რომლითაც აღნიშნულ მეთოდურ მითითებას დაემატა 91 მუხლი, რომლის პირველი - მე-3 პუნქტების თანახმად:

„1. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 309-ე მუხლის 37-ე ნაწილის „დ“ ქვეპუნქტის თანახმად, ჩამოწერას ექვემდებარება ფიზიკური პირის აღიარებული, 2021 წლის 1 იანვრამდე წარმოშობილი და ჩამოწერის მომენტისთვის არსებული, საგადასახადო დავალიანება და მასზე დარიცხული საურავი.

2. ამ მუხლის პირველი პუნქტის მიხედვით, დავალიანების ჩამოწერის საკითხის შესწავლას ექვემდებარება ყველა ფიზიკური პირი (მათ შორის, მეწარმე ფიზიკური პირი), რომელსაც ერიცხება აღიარებული, 2021 წლის 1 იანვრამდე წარმოშობილი და ჩამოწერის მომენტისთვის არსებული, აღიარებული საგადასახადო დავალიანება და მასზე დარიცხული საურავი.

3. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 309-ე მუხლის 37-ე ნაწილის „დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, გადასახადის გადამხდელის პირადი აღრიცხვის ბარათზე 2021 წლის 1 იანვრის შემდეგ ასახული ოპერაციები (გარდა 2021 წლის 1 იანვრამდე წარმოშობილი საგადასახადო დავალიანების დროებითი ბარათიდან ძირითად ბარათზე გადატანის ოპერაციებისა), რომლებიც აღნიშნულ საანგარიშო პერიოდზე წარმოშობს საგადასახადო დავალიანებას, არ განიხილება 2021 წლის 1 იანვრამდე წარმოშობილ დავალიანებად და არ ექვემდებარება ჩამოწერას.“

მომჩივნის განცხადებაში მოყვანილი მაგალითის პირობა, რომელიც მოცემულია „გადასახადის გადამხდელთა პირადი აღრიცხვის ბარათების წარმოების წესის შესახებ მეთოდური მითითების დამტკიცების შესახებ“ შემოსავლების სამსახურის უფროსის 18.05.2016 წლის №13446 ბრძანების 91 მუხლის მე-5 პუნქტში, ითვალისწინებს 1.01.2021 წლამდე წარმოშობილი დავალიანების ჩამოწერისას 1.01.2021 წლის შემდეგ წარმოშობილი დავალიანების აღიარების საჭიროებას, იმ შემთხვევაში როდესაც 1.01.2021 წლის შემდეგ წარმოშობილი დავალიანება გავლენას ახდენს 1.01.2021 წლამდე წარმოშობილი დავალიანების ჩამოსაწერი თანხის ოდენობის დაანგარიშებაზე:

„5. იმ შემთხვევაში, თუ გადასახადის გადამხდელს საგადასახადო დავალიანება უფიქსირდება ერთდროულად ძირითად და დროებით ბარათებზე, დავალიანების ჩამოწერა განხორციელდება დროებითი ბარათიდან ძირითად ბარათზე თანხების სრულად გადატანის შემდგომ.

მაგალითი 1:

ფიზიკურ პირს, 2021 წლის 1 იანვრის მდგომარეობით, შედარების აქტის მიხედვით, ერიცხება აღიარებული საგადასახადო დავალიანება 2000 ლარის ოდენობით. მათ შორის, საშემოსავლო გადასახადში ძირითადი თანხა – 1000 ლარი, ჯარიმა – 500 ლარი და საურავი – 500 ლარი.

ასევე, დროებით ბარათზე უფიქსირდება 2020 წლის 15 დეკემბრის საგადასახადო მოთხოვნით დარიცხული, 2021 წლის 1 იანვრის მდგომარეობით არაღიარებული თანხები. 2024 წლის 5 სექტემბერს ფიზიკურმა პირმა მიმართა საგადასახადო ორგანოს 2021 წლის 1 იანვრამდე წარმოშობილი საგადასახადო დავალიანების ჩამოწერის მოთხოვნით.

გ) გადასახადის გადამხდელის მომართვის თარიღისთვის, 15.12.2020 წლის საგადასახადო მოთხოვნით დარიცხული თანხები აღიარებულია, თუმცა პირადი აღრიცხვის ბარათზე ფიქსირდება 1.03.2023 წლის საგადასახადო მოთხოვნით დარიცხული არაღიარებული თანხები.

მოცემულ შემთხვევაში 1.03.2023 წელს საგადასახადო მოთხოვნით დარიცხული თანხები ზრდის 1.01.2021 წლის შემდგომ წარმოშობილ დავალიანებას და გავლენას ახდენს ჩამოსაწერი დავალიანების ოდენობაზე.

საბჭო მიუთითებს საქმის გარემოებებზე, მხარეთა არგუმენტაციაზე და მიუთითებს, რომ ვინაიდან მომჩივანს გადასახადის გადამხდელის პირადი აღრიცხვის ბარათზე არ ერიცხება 1.01.2021 წლამდე წარმოშობილი და ჩამოწერის მომენტისთვის არსებული საგადასახადო დავალიანება და მასზე დარიცხული საურავი, არ კმაყოფილდება საგადასახადო კოდექსის 309-ე მუხლის 37-ე მუხლის „დ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული პირობა, საგადასახადო ორგანოს გადაწყვეტილება შესაბამისობაშია კანონმდებლობასთან და არ არსებობს სადავო აქტების გაუქმების საფუძველი.

 

საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:

 

1. საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი

საგადასახადო დავალიანების ჩამოწერაზე უარი.

 

ფაქტობრივი გარემოებები

საქმის მასალებით დგინდება, რომ მომჩივანმა 16.08.2024 წელს მიმართა საგადასახადო ორგანოს და მოითხოვა განემარტათ, საგადასახადო ვალდებულების აღიარების შემთხვევაში მის მიმართ გავრცელდება თუ არა საგადასახადო კოდექსის 309-ე მუხლის 37-ე მუხლის „დ“ ქვეპუნქტის დანაწესი და ჩამოეწერება თუ არა 2019-2020 წლების საანგარიშო პერიოდებზე შემოწმების აქტით დარიცხული თანხები.

მომჩივანს 1.01.2021 წლის მდგომარეობით ერიცხება დავალიანება საურავი 0,06 ლარი, რაც დღეის მდგომარეობით დაფარულია. ხოლო 1.01.2021 წლის შემდეგ დარიცხული გადასახადები, მიუხედავად დარიცხვის სავადო თარიღებისა, არ ექვემდებარება ჩამოწერას აღნიშნული ნორმით.

 

გადაწყვეტილება

საგადასახადო ორგანოს გადაწყვეტილება შესაბამისობაშია კანონმდებლობასთან და არ არსებობს სადავო აქტების გაუქმების საფუძველი.

 

დასაბუთება

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს; 8(23);61(1);309(37);252;