გადაწყვეტილება №20525/2/2023
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
№20525/2/2023
22 იანვარი 2024
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
მომჩივანი: ------- (ს/ნ -------)
მოპასუხე: ვალის მართვის დეპარტამენტი
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 16.11.2023 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება ------- 9.08.2023 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №20525/2/2023).
დავის საგანი:
საგადასახადო ორგანოსთან შეთანხმების გარეშე, ყადაღადადებული ქონების პირის მიერ განკარგვა ან საგადასახადო ორგანოს მიერ დადებული ლუქის ახსნა.
გასაჩივრებული გადაწყვეტილება:
1. ვალის მართვის დეპარტამენტის 20.06.2023 წლის №AA1481322 საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმი;
2. შემოსავლების სამსახურის 2.08.2023 წლის №18917 ბრძანება.
დარიცხული თანხა:
ჯარიმა - 4 000 ლარი.
ფაქტების აღწერა
შპს ------- (ს/ნ -------) აღიარებული საგადასახადო დავალიანების გამო, აღნიშნული დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის მიზნით, საგადასახადო კოდექსის 241-ე მუხლის საფუძველზე, ვალის მართვის დეპარტამენტის 30.01.2023 წლის №011-206 ბრძანებით, ყადაღა დაედო შპს ------- საკუთრებაში რიცხულ ქონებას, რაზეც შედგენილ იქნა ქონებაზე ყადაღის დადების შესახებ 27.02.2023 წლის №2023/011-206/1 აქტი, რომლითაც განხორციელდა ქონების აღწერა/დაყადაღება. აქტის შესაბამის ველში გაკეთებული ჩანაწერით დგინდება, რომ შპს ------- ყადაღადადებული ქონება შესანახად ჩაიბარა -------.
20.06.2023 წელს ვალის მართვის დეპარტამენტმა დააფიქსირა, რომ მომჩივანმა განახორციელა შპს ------- ყადაღადადებული ქონების ნაწილის განკარგვა. რაზეც მომჩივანს, ვალის მართვის დეპარტამენტის 20.06.2023 წლის №AA1481322 საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმით, შეეფარდა საგადასახადო კოდექსის 278-ე მუხლით გათვალისწინებული სანქცია - ჯარიმა 4 000 ლარის ოდენობით.
სამართალდარღვევის ოქმი გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში, რომლის 2.08.2023 წლის №18917 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი
შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილზე, 241-ე მუხლის პირველ, მე-2, მე-3 და მე-4 ნაწილებზე, 269-ე მუხლის პირველ ნაწილზე, 270-ე მუხლის პირველ და მე-2 ნაწილზე და 278-ე მუხლზე და ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, მიიჩნევს, რომ ვალის მართვის დეპარტამენტის მიერ სადავო საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმი გამოცემულია კანონმდებლობის შესაბამისად და არ არსებობს მისი გაუქმების სამართლებრივი საფუძველი.
მომჩივნის არგუმენტაცია
შემოსავლების სამსახურში ითხოვა დაკისრებული ჯარიმის გაუქმება. 4.08.2023 წელს გაეცნო შემოსავლების სამსახურის 2.08.2023 წლის №18917 ბრძანებას, რომლის საფუძველზეც საჩივარი არ დაკმაყოფილდა.
შპს ------- ყადაღადადებული ქონების ნუსხის წარდგენისას ბუღალტრის მიერ შეცდომით იქნა მიწოდებული ნაშთების შესახებ ინფორმაცია (არასწორი ფაილი ატვირთა განცხადებაზე), რის გამოც შემოსავლების სამსახურის №011-206 ბრძანების საფუძველზე ყადაღა დაედო არასწორ ნაშთს, აღნიშნული ფაქტის გამოვლენისთანავე აცნობა შემოსავლების სამსახურის ვალის მართის დეპარტამენტის თანამშრომელს და მიაწოდა ქონების ნუსხის სწორი ვერსია. შპს ------- ყადაღადადებული ქონების ნუსხის სწორი ვერსია განსხვავდებოდა წარდგენილისგან რაოდენობრივ და ღირებულების ნაწილში, უფრო კონკრეტულად, სწორი ვერსია მოიცავდა იმაზე მეტ საქონელს ვიდრე შეცდომით წარდგენილი სია, მაგრამ ამავდროულად შეცდომით წარდგენილ სიაში იყო სასაქონლო კოდები, რომლებიც ახალ ვერსიაში ვერ მოხვდა, იმის გამო, რომ არც პროგრამული და არც რეალური ნაშთი არ არსებობდა აღნიშნულ სასაქონლო კოდებზე.
გამოვლენილი უზუსტობა ვალის მართის დეპარტამენტის თანამშრომლის მიერ შეფასდა, როგორც სამართალდარღვევა და საგადასახადო კოდექსის 278-ე მუხლის საფუძველზე შეადგინა №AA1481322 საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმი მიუხედავად იმისა, რომ შპს ------- მიერ არ მომხდარა ქონების ნებისმიერი ფორმით გასხვისება, დაგირავება, იპოთეკის, უზუფრუქტის, სერვიტუტის ან აღნაგობით დატვირთვა, თხოვება, ქირავნობისა და იჯარის ხელშეკრულებების დადება, სხვისთვის დროებით ან მუდმივ მფლობელობაში გადაცემა.
ვინაიდან რეალურად არ მომხდარა შპს ------- ქონების განკარგვა და მხოლოდ შეცდომით წარდგენილი სიის გამო მოხდა ცვლილება ყადაღადადებული ქონების ნუსხაში, ამავდროულად ახალი სია ასახავდა რეალურ ნაშთს და იგი გაცილებით მეტი იყო თავდაპირველად წარდგენილ ქონების ნუსხაზე, უნდა გაუქმდეს საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 20.06.2023 წლის №AA1481322 საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმით დაკისრებული ჯარიმა.
დავების განხილვის საბჭო
მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ შემდეგ გარემოებათა გამო:
საგადასახადო კოდექსის 241-ე მუხლის მე-2 და მე-4 ნაწილების თანახმად:
2. ამ კოდექსის მიზნებისათვის ქონებაზე ყადაღის დადება არის პირის ქონების აღწერა ამ ქონების განკარგვის (პირის მიერ ქონების ნებისმიერი ფორმით გასხვისების, დაგირავების, იპოთეკის, უზუფრუქტის, სერვიტუტის ან აღნაგობით დატვირთვის, თხოვების, ქირავნობისა და იჯარის ხელშეკრულებების დადების, სხვისთვის დროებით ან მუდმივ მფლობელობაში გადაცემის) აკრძალვა. საგადასახადო ორგანოს წარმომადგენელი ყადაღადადებულ ნივთებს აღნუსხავს ქონებაზე ყადაღის დადების აქტში.
4. ქონებაზე ყადაღის დადების აქტს ხელს აწერენ საგადასახადო ორგანოს/აღსრულების ეროვნული ბიუროს წარმომადგენელი, ქონების შემნახველი, გადასახადის გადამხდელი/ვალდებული პირი და სხვა პირები, რომლებიც ესწრებოდნენ ქონებაზე ყადაღის დადებას. თუ ამ პირებმა უარი განაცხადეს ხელმოწერაზე, აქტში კეთდება შესაბამისი აღნიშვნა
საგადასახადო კოდექსის 278-ე მუხლის თანახმად, საგადასახადო ორგანოსთან შეთანხმების გარეშე, ყადაღადადებული ქონების პირის მიერ განკარგვა ან საგადასახადო ორგანოს ან აღსრულების ეროვნული ბიუროს მიერ დადებული ლუქის ახსნა – იწვევს პირის დაჯარიმებას 4 000 ლარის ოდენობით.
საქართველოს მთავრობის 14.12.2011 წლის №473 დადგენილებით დამტკიცებული „დავის განმხილველი ორგანოების რეგლამენტის“ 33-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, დავების განხილვის საბჭო უფლებამოსილია გააუქმოს შემოსავლების სამსახურის მიერ დავის განხილვისას მიღებული გადაწყვეტილება და საქმე დაუბრუნოს შემოსავლების სამსახურს ხელახლა განსახილველად, თუ შემოსავლების სამსახურს სათანადოდ არ გამოუკვლევია საქმისათვის არსებითად მნიშვნელოვანი სამართლებრივი ან/და ფაქტობრივი გარემოებები.
საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.
აღნიშნული ნორმის საფუძველზე მომჩივნის მოწვევის გარეშე საჩივრის განხილვა შესაძლებელია, როდესაც საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები, ამასთანავე, ფაქტობრივი გარემოებები, რომელსაც სამართალდარღვევის ოქმი ეფუძნება არ არის სადავო ან სადავოა თუმცა დადგენილია დავის განმხილველი ორგანოს მიერ საჩივრის განხილვის ეტაპზე.
განსახილველ შემთხვევაში, საქმეში არსებული მასალებიდან სადავო საკითხთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები სრულად ვერ დგინდება, ხოლო მათი ნაწილი სადავოა. შესაბამისად, შემოსავლების სამსახურის მიერ სათანადოდ არ არის გამოკვლეული სადავო საკითხი, რის გამოც საბჭოს მიაჩნია, რომ საჩივარი, მომჩივნის მონაწილეობით, ხელახლა განსახილველად უნდა დაუბრუნდეს შემოსავლების სამსახურს.
საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:
1. საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2. გაუქმდეს შემოსავლების სამსახურის 2.08.2023 წლის №18917 ბრძანება;
3. საჩივარი, მომჩივნის მონაწილეობით, ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს შემოსავლების სამსახურს;
4. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხები:
დავის საგანს წარმოადგენს საგადასახადო ორგანოსთან შეთანხმების გარეშე, ყადაღადადებული ქონების პირის მიერ განკარგვა ან საგადასახადო ორგანოს მიერ დადებული ლუქის ახსნა.
ფაქტობრივი გარემოებები
აღიარებული საგადასახადო დავალიანების გამო, დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის მიზნით, საგადასახადო კოდექსის 241-ე მუხლის საფუძველზე, ვალის მართვის დეპარტამენტის ბრძანებით, ყადაღა დაედო ორგანიზაციის საკუთრებაში რიცხულ ქონებას, რაზეც შედგენილ იქნა ქონებაზე ყადაღის დადების შესახებ აქტი, რომლითაც განხორციელდა ქონების აღწერა/დაყადაღება. აქტის შესაბამის ველში გაკეთებული ჩანაწერით დგინდება, რომ ორგანიზაციის ყადაღადადებული ქონება შესანახად ჩაიბარა ფიზიკურმა პირმა.
ვალის მართვის დეპარტამენტმა დააფიქსირა, რომ მომჩივანმა განახორციელა ორგანიზაციის ყადაღადადებული ქონების ნაწილის განკარგვა. რაზეც მომჩივანს, ვალის მართვის დეპარტამენტის საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმით, შეეფარდა საგადასახადო კოდექსის 278-ე მუხლით გათვალისწინებული სანქცია - ჯარიმა 4 000 ლარის ოდენობით.
სამართალდარღვევის ოქმი გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში, რომლის 2.08.2023 წლის №18917 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
გადაწყვეტილება
საქმეში არსებული მასალებიდან სადავო საკითხთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები სრულად ვერ დგინდება, ხოლო მათი ნაწილი სადავოა. შესაბამისად, შემოსავლების სამსახურის მიერ სათანადოდ არ არის გამოკვლეული სადავო საკითხი, რის გამოც საბჭოს მიაჩნია, რომ საჩივარი, მომჩივნის მონაწილეობით, ხელახლა განსახილველად უნდა დაუბრუნდეს შემოსავლების სამსახურს.
დასაბუთება
საქართველოს ფინანსთა სამინისტორსთან არსებული დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 278;