გადაწყვეტილება №24015/2/2024

ფინანსთა სამინისტროს დავების გადაწყვეტილება არ დაკმაყოფილდა 04.11.2024
№ დოკუმენტი 24015/2/2024
სტატუსი მოქმედი
მიმღები კოლეგიური ორგანო
სტრუქტურული ერთეული საბაჟო დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

№24015/2/2024

04 ნოემბერი 2024

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

 

მომჩივანი: „----------“ (პას. №----------)

მოპასუხე: საბაჟო დეპარტამენტი

 

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 11.10.2024 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება „----------“-ის 27.09.2024 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №24015/2/2024).

 

დავის საგანი:

საქართველოს საბაჟო საზღვარზე 50 000 ლარზე ან სხვა ვალუტაში მის ეკვივალენტზე მეტი, მაგრამ არაუმეტეს 100 000 ლარის ოდენობის ნაღდი ფულისა და ფასიანი ქაღალდის გადატანა ან გადმოტანა საბაჟო კონტროლის გვერდის ავლით ან მისგან მალულად ან არასწორი დეკლარირებით.

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება:

1. საბაჟო დეპარტამენტის 23.07.2024 წლის №EL257020 საბაჟო სამართალდარღვევის ოქმი;

2. შემოსავლების სამსახურის 16.09.2024 წლის №20374 ბრძანება.

 

დარიცხული თანხა:

ჯარიმა - საქონლის (3 200 000 რუსული რუბლი) უსასყიდლოდ ჩამორთმევა.

 

ფაქტების აღწერა/დარიცხვის საფუძვლები

21.07.2024 წლის საბაჟო გამშვები პუნქტი „----------“ კონტროლის ზონაში ---------- მხრიდან №---------- სატვირთო ავტოსატრანსპორტო საშუალებით შემოსულმა მომჩივანმა ზეპირი გამოკითხვისას განაცხადა, რომ არ გადააადგილებდა დეკლარირებას დაქვემდებარებულ საქონელს, თუმცა სატრანსპორტო საშუალების დათვალიერებისას, აღმოაჩნდა პოლიეთილენის პარკებში გადახვეული არადეკლარირებული ნაღდი ფული, 3 200 000 რუსული რუბლი, რომელიც მოთავსებული ჰქონდა მძღოლის სავარძლის ქვეშ და კაბინის გარე მარჯვენა სათავსოში. არადეკლარირებული თანხის საერთო ოდენობამ ოფიციალური გაცვლითი კურსის მიხედვით შეადგინა 98 313.6 ლარი.

გამოვლენილ ფაქტზე საბაჟო დეპარტამენტის 23.07.2024 წლის №EL257020 საბაჟო სამართალდარღვევის ოქმით, მომჩივანს შეეფარდა საბაჟო კოდექსის 169-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული სანქცია - საქონლის უსასყიდლოდ ჩამორთმევა.

აღნიშნული საბაჟო სამართალდარღვევის ოქმი გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში, რომლის 16.09.2024 წლის №20374 ბრძანებით, საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.

 

შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი

შემოსავლების სამსახური მიუთითებს „საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის გადაადგილებისა და გაფორმების შესახებ ინსტრუქციების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2019 წლის 29 აგვისტოს №257 ბრძანებით დამტკიცებული „საქონლის საბაჟო პროცედურაში ან რეექსპორტში დეკლარირებისა და გაფორმების შესახებ“ ინსტრუქციის (დანართი №8) მე-2 მუხლის მე-15 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტზე, საბაჟო კოდექსის მე-4, მე-5, მე-6, მე-13 მუხლის პირველ ნაწილზე, 27-ე მუხლის პირველი ნაწილზე, 157-ე მუხლის პირველ და მე-2 ნაწილებზე, 163-ე მუხლის პირველი ნაწილზე, 169-ე მუხლის მე-2 ნაწილზე და მიიჩნია, რომ სადავო ადმინისტრაციული აქტი და დაკისრებული პასუხისმგებლობა შეესაბამება საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ მოთხოვნებს და არ არსებობს საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.

 

მომჩივნის არგუმენტაცია

მომჩივანი მიუთითებს, რომ თანხის საბაჟო კონტროლის გვერდის ავლით შემოტანა არ ჰქონია განზრახული. ქართული ენის არცოდნის გამო მოხდა გაურკვევლობა და მებაჟე-ოფიცერს ვერ მიაწოდა ინფორმაცია დეკლარირებას დაქვემდებარებული თანხის თაობაზე. მებაჟე-ოფიცერმა სადავო ოქმი შეადგინა თარჯიმნის მონაწილეობის გარეშე. აღნიშნულზე მითითებით ითხოვს სადავო საბაჟო სამართალდარღვევის ოქმის გაუქმებას.

 

დავების განხილვის საბჭო

მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საბაჟო კოდექსის მე-4 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საბაჟო ფორმალობები საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე ხორციელდება ქართულ ენაზე, ხოლო აფხაზეთის ავტონომიურ რესპუბლიკაში − აგრეთვე აფხაზურ ენაზე.

საბაჟო კოდექსის მე-5 მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, საბაჟო ორგანო ახორციელებს საბაჟო ზედამხედველობას, საბაჟო კონტროლს და საბაჟო ფორმალობებს.

საბაჟო კოდექსის მე-6 მუხლის პირველი ნაწილის „ა“, „ჟ“ და „ყ“ ქვეპუნქტების თანახმად:

ა) საბაჟო კონტროლი გულისხმობს საქართველოს საბაჟო კანონმდებლობის, აგრეთვე საქართველოს საბაჟო ტერიტორიასა და უცხო ქვეყანას შორის გადაადგილებული საქონლის შემოტანის, ტრანზიტის, გადაადგილების, შენახვის, მიზნობრივი დანიშნულებით გამოყენებისა და გატანის, აგრეთვე უცხოური საქონლის და მიზნობრივი დანიშნულებით გამოყენებული საქონლის საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე განთავსებისა და გადაადგილების მარეგულირებელი სხვა სამართლებრივი აქტების მოთხოვნათა დაცვის უზრუნველსაყოფად საბაჟო ორგანოს მიერ განსახორციელებელ ცალკეულ ქმედებებს.

ჟ) საქონელი არის საქართველოს საბაჟო საზღვარზე გადაადგილებული ნებისმიერი მატერიალური ქონება, მათ შორის, ფული, ფასიანი ქაღალდი, ელექტროენერგია, თბოენერგია, გაზი, წყალი.

ყ) საქონლის წარდგენა ნიშნავს საბაჟო ორგანოში, საბაჟო ორგანოს მიერ განსაზღვრულ ადგილზე ან მასთან შეთანხმებულ სხვა ადგილზე საქონლის მიტანის შესახებ ინფორმაციის საბაჟო ორგანოსთვის მიწოდებას.

საბაჟო კოდექსის 27-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, საბაჟო ორგანო უფლებამოსილია განახორციელოს საბაჟო კონტროლი ნებისმიერი ფორმით, მათ შორის:

ა) შეამოწმოს დეკლარაცია, დოკუმენტი, მონაცემი და მისთვის ნებისმიერი სახით წარდგენილი სხვა ინფორმაცია;

ბ) ჩაატაროს ზეპირი გამოკითხვა, მიიღოს ახსნა-განმარტება, განახორციელოს დაკვირვება (ვიდეო და აუდიოჩაწერა);

გ) დაათვალიეროს საქონელი, სატრანსპორტო საშუალება, შენობა-ნაგებობა და ტერიტორია;

ე) დაათვალიეროს ფიზიკური პირი;

ი) განახორციელოს საბაჟო კონტროლი საქართველოს ფინანსთა მინისტრის ბრძანებით განსაზღვრული სხვა ფორმით.

საბაჟო კოდექსის 70-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანილი საქონელი შემოტანისთანავე ექვემდებარება საბაჟო ზედამხედველობას და შეიძლება დაექვემდებაროს საბაჟო კონტროლის პროცედურებს. საჭიროების შემთხვევაში ეს საქონელი ექვემდებარება ისეთ აკრძალვებსა და შეზღუდვებს, რომლებიც, სხვა დანარჩენთან ერთად, ეფუძნება საზოგადოებრივი უსაფრთხოების, ეროვნული ინტერესებისა და საზოგადოებრივი ზნეობის დაცვის, ადამიანის ან ცხოველის ჯანმრთელობის ან მცენარის სიჯანსაღისა და სიცოცხლის დაცვის, ხელოვნების ნიმუშისა და ისტორიული და არქეოლოგიური ღირებულების მქონე ეროვნული სიმდიდრის დაცვისა და ეკონომიკურ საქმიანობაში გამოყენებული ქონების დაცვის აუცილებლობას, პრეკურსორის, ფსიქოტროპული ნივთიერებისა და ფსიქოაქტიური ნივთიერების, ინტელექტუალური საკუთრების უფლების დამრღვევი საქონლისა და ფულადი სახსრების კონტროლის ჩათვლით.

საბაჟო კოდექსის 73-ე მუხლის პირველი ნაწილით, საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანილი საქონელი საბაჟო გამშვებ პუნქტში ან საბაჟო ორგანოს მიერ განსაზღვრულ ან მასთან შეთანხმებულ ნებისმიერ სხვა ადგილზე შემოსვლისთანავე, დაუყოვნებლივ საბაჟო ორგანოს უნდა წარუდგინოს:

ა) პირმა, რომელმაც საქონელი საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოიტანა;

ბ) პირმა, რომელიც საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის შემომტანი პირის სახელით ან დავალებით მოქმედებს;

გ) პირმა, რომელმაც საქონლის საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანის შემდეგ აიღო მისი გადაზიდვის პასუხისმგებლობა.

„საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის გადაადგილებისა და გაფორმების შესახებ ინსტრუქციების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2019 წლის 29 აგვისტოს №257 ბრძანებით დამტკიცებული „საქონლის საბაჟო პროცედურაში ან რეექსპორტში დეკლარირებისა და გაფორმების შესახებ“ ინსტრუქციის (დანართი №8) მე-2 მუხლის მე-15 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის მიხედვით, ფიზიკურ პირს დეკლარირების ვალდებულება წარმოეშობა საქართველოს საბაჟო საზღვარზე გადაადგილებულ ნაღდ ფულზე (ეროვნული ან/და უცხოური ვალუტა), ჩეკებსა ან/და სხვა ფასიან ქაღალდებზე, რომელთა ჯამური ოდენობა აღემატება 30 000 ლარს ან მის ეკვივალენტს სხვა ვალუტაში.

საბაჟო კოდექსის 163-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, საბაჟო სამართალდარღვევა არის პირის მართლსაწინააღმდეგო ქმედება (მოქმედება ან უმოქმედობა), რომლის ჩადენისთვისაც ამ კოდექსით გათვალისწინებულია პასუხისმგებლობა.

საბაჟო კოდექსის 169-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, საქართველოს საბაჟო საზღვარზე 50 000 ლარზე ან სხვა ვალუტაში მის ეკვივალენტზე მეტი, მაგრამ არაუმეტეს 100 000 ლარის ოდენობის ნაღდი ფულისა და ფასიანი ქაღალდის გადატანა ან გადმოტანა საბაჟო კონტროლის გვერდის ავლით ან მისგან მალულად ან არასწორი დეკლარირებით, იწვევს დაჯარიმებას 5 000 ლარის ოდენობით ან ამ საქონლის უსასყიდლოდ ჩამორთმევას.

დადგენილია, რომ მომჩივანს საქართველოს საბაჟო საზღვარზე 50 000 ლარზე მეტი მაგრამ არაუმეტეს 100 000 ლარის ოდენობის ნაღდი ფულის საბაჟო კონტროლისგან მალულად შემოტანის ფაქტზე, შეეფარდა საბაჟო კოდექსის 169-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული სანქცია - საქონლის უსასყიდლოდ ჩამორთმევა.

მომჩივნის განმარტებით, თანხის საბაჟო კონტროლის გვერდის ავლით შემოტანა არ ჰქონია განზრახული. ქართული ენის არცოდნის გამო მოხდა გაურკვევლობა და მებაჟე-ოფიცერს ვერ მიაწოდა ინფორმაცია დეკლარირებას დაქვემდებარებული თანხის თაობაზე. მებაჟე-ოფიცერმა სადავო ოქმი შეადგინა თარჯიმნის მონაწილეობის გარეშე.

ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის „ლ“ ქვეპუნქტის მიხედვით, დისკრეციული უფლებამოსილება არის უფლებამოსილება, რომელიც ადმინისტრაციულ ორგანოს ან თანამდებობის პირს ანიჭებს თავისუფლებას საჯარო და კერძო ინტერესების დაცვის საფუძველზე კანონმდებლობის შესაბამისი რამდენიმე გადაწყვეტილებიდან შეარჩიოს ყველაზე მისაღები გადაწყვეტილება. საბაჟო პასუხისმგებლობის ზომის გამოყენებისას მხედველობაში მიიღება კანონით დაცული სამართლებრივი სიკეთისათვის მიყენებული ზიანის მოცულობა. მოცემულ შემთხვევაში საბაჟო სამართალდარღვევისათვის გათვალისწინებული საბაჟო სანქცია შეესაბამება ჩადენილი ქმედების სიმძიმეს და ზიანის მოცულობას. ჩადენილი ქმედების ხასიათიდან გამომდინარე გამოყენებული სანქცია თანაზომიერია იმ მიზნებთან და ღირებულებებთან, რომლის მიღწევასაც ისახავს ადმინისტრაციული ორგანო.

სადავო საკითხზე წარმოდგენილია საბაჟო დეპარტამენტის 3.10.2024 წლის №---------- წერილი, სადაც აღნიშნულია, რომ მომჩივნის მხრიდან ზეპირი გამოკითხვისას გაცემული პასუხი (ზეპირი დეკლარირება) და საქონლის საბაჟო კონტროლისგან მალულად შემოტანის ფორმა ცხადყოფს, რომ მომჩივნისთვის ცნობილი იყო მის მიერ გადაადგილებული საქონლის დეკლარირების ვალდებულების თაობაზე.

მომჩივნის არგუმენტთან, ქართული ენის არცოდნასთან დაკავშირებით ამავე წერილიდან დგინდება, რომ ზეპირი გამოკითხვა მიმდინარეობდა მისთვის გასაგებ, რუსულ ენაზე, რაც დასტურდება საქმეზე არსებული ვიდეო ჩანაწერითაც.

ზემოაღნიშნული გარემოებებიდან გამომდინარე, საბჭოს მიაჩნია, რომ მომჩივნისთვის საბაჟო კოდექსის 169-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად დაკისრებული პასუხისმგებლობა მართლზომიერია, მომჩივნის არგუმენტი საფუძველს მოკლებულია და არ არსებობს სადავო აქტების გაუქმების საფუძველი.

 

საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:

 

1. საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი

საქართველოს საბაჟო საზღვარზე 50 000 ლარზე ან სხვა ვალუტაში მის ეკვივალენტზე მეტი, მაგრამ არაუმეტეს 100 000 ლარის ოდენობის ნაღდი ფულისა და ფასიანი ქაღალდის გადატანა ან გადმოტანა საბაჟო კონტროლის გვერდის ავლით ან მისგან მალულად ან არასწორი დეკლარირებით.

 

ფაქტობრივი გარემოებები

მომჩივანს საქართველოს საბაჟო საზღვარზე 50 000 ლარზე მეტი მაგრამ არაუმეტეს 100 000 ლარის ოდენობის ნაღდი ფულის საბაჟო კონტროლისგან მალულად შემოტანის ფაქტზე, შეეფარდა საბაჟო კოდექსით გათვალისწინებული სანქცია - საქონლის უსასყიდლოდ ჩამორთმევა. მომჩივნის განმარტებით, თანხის საბაჟო კონტროლის გვერდის ავლით შემოტანა არ ჰქონია განზრახული. ქართული ენის არცოდნის გამო მოხდა გაურკვევლობა და მებაჟე-ოფიცერს ვერ მიაწოდა ინფორმაცია დეკლარირებას დაქვემდებარებული თანხის თაობაზე. მებაჟე-ოფიცერმა სადავო ოქმი შეადგინა თარჯიმნის მონაწილეობის გარეშე.

სადავო საკითხზე წარმოდგენილია საბაჟო დეპარტამენტის 3.10.2024 წლის წერილი, სადაც აღნიშნულია, რომ მომჩივნის მხრიდან ზეპირი გამოკითხვისას გაცემული პასუხი (ზეპირი დეკლარირება) და საქონლის საბაჟო კონტროლისგან მალულად შემოტანის ფორმა ცხადყოფს, რომ მომჩივნისთვის ცნობილი იყო მის მიერ გადაადგილებული საქონლის დეკლარირების ვალდებულების თაობაზე. მომჩივნის არგუმენტთან, ქართული ენის არცოდნასთან დაკავშირებით ამავე წერილიდან დგინდება, რომ ზეპირი გამოკითხვა მიმდინარეობდა მისთვის გასაგებ, რუსულ ენაზე, რაც დასტურდება საქმეზე არსებული ვიდეო ჩანაწერითაც.

 

გადაწყვეტილება

საბჭომ მიიჩნია, რომ მომჩივნისთვის საბაჟო კოდექსის 169-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად დაკისრებული პასუხისმგებლობა მართლზომიერია, მომჩივნის არგუმენტი საფუძველს მოკლებულია და არ არსებობს სადავო აქტების გაუქმების საფუძველი.

 

დასაბუთება

ფინანსთა სამინისტროს დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საბაჟო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 169(2).