ბრძანება N 2184

შემოსავლების სამსახურის დავების გადაწყვეტილება ნაწილობრივ დაკმაყოფილდა 08.02.2023
№ დოკუმენტი 2184
სტატუსი მოქმედი
მიმღები შემოსავლების სამსახურის უფროსი/დავების საბჭოს თავმჯდომარე
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

ბრძანება N 2184

08.02.2023

შპს „----------“ (ს/ნ ----------)

(ფაქტ. მის.: -------

იურ. მის.: -----)

2022 წლის 14 ნოემბრის საჩივრის

ნაწილობრივ დაკმაყოფილების თაობაზე

შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2023 წლის 12 იანვრის სხდომაზე (ოქმი №1) განიხილა შპს „----------“ (ს/ნ ----------) 2022 წლის 14 ნოემბრის №76369/1/2022 საჩივარი, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2022 წლის 19 ოქტომბრის №007-279 საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით.

გადასახადის გადამხდელის პოზიცია:

გადასახადის გადამხდელი წარმოდგენილ საჩივარში არ ეთანხმება შემოწმების შედეგად განსაზღვრულ საგადასახადო ვალდებულებებს შემდეგ გარემოებათა გამო:

1. არ ეთანხმება შემოწმების მიერ დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვის ზრდას და განმარტავს, რომ ოთხივე ტენდერი არის მიმდინარე, შესაბამისად, კომპანიის მიერ შესრულებულია სამუშაოების მხოლოდ ნაწილი და აღნიშნულზე გამოწერილია ანგარიშ-ფაქტურები, რომელიც დეკლარირებულია და დაბეგრილია დღგ-ით, ხოლო აუდიტის დეპარტამენტმა დაბეგვრა განახორციელა დაუსრულებელ სამუშაოებზეც;

2. არ ეთანხმება გაცემული თანხების გადახდის წყაროსთან დაბეგვრას და აცხადებს, რომ საწარმოს საბანკო ანგარიშიდან ფიზიკურ პირებზე გადარიცხული თანხები არის მომსახურების ანაზღაურება, ხოლო აღნიშნული პირები რეგისტრირებულნი არიან მცირე მეწარმეებად და თავად წარადგენენ დეკლარაციას საგადასახადო ორგანოში;

3. არ ეთანხმება ნაღდი ფულის დანაკლისის დირექტორის ხელფასად განხილვას და აცხადებს, რომ აუდიტის დეპარტამენტს უნდა ეხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილით, განესაზღვრა ყველა იმ მასალის და ნედლეულის საბაზრო ფასები, რომლებიც გამოყენებულია სამუშაოების შესასრულებლად და აღნიშნული თანხები გამოეკლო სალაროში ე.წ. ნაშთად არსებული ფულისთვის.

 

ფაქტობრივი გარემოებები:

საქმის ირგვლივ არსებული მასალებით ირკვევა, რომ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2022 წლის 27 მაისის №13233 და 17 ივნისის №15445 ბრძანებების საფუძველზე ჩატარდა შპს „----------“ (ს/ნ ----------) საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმება. შესამოწმებელ პერიოდად განისაზღვრა 2019 წლის 1 იანვრიდან 2022 წლის 16 ივნისის ჩათვლით საანგარიშო პერიოდები. შემოწმების შედეგებზე 2022 წლის 30 სექტემბერს შედგენილ იქნა საგადასახადო შემოწმების აქტი, გამოიცა 2022 წლის 19 ოქტომბრის №26522 ბრძანება და ამავე თარიღის №007-279 საგადასახადო მოთხოვნა, რომლის მიხედვით გადასახადის გადამხდელს ბიუჯეტში გადასახდელად დამატებით განესაზღვრა სულ 781 513 ლარი, მათ შორის, გადასახადი 488 089 ლარი, ჯარიმა 244 045 ლარი, საურავი 49 379 ლარი.

 

საგადასახადო შემოწმების აქტის მიხედვით სადავო საკითხებთან დაკავშირებით განხორციელებული დარიცხვა განპირობებულია შემდეგი გარემოებებით:

„1. შპს „----------“ საქმიანობის საგანს წარმოადგენს ჰიდროთესვა და გაზონური ბალახის დაგებასთან დაკავშირებული მომსახურების გაწევა. გადასახადის გადამხდელი არ ახორციელებს ბუღალტრულ აღრიცხვას კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად. საგადასახადო შემოწმების მიერ შესწავლილ იქნა შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემები, პირველადი საგადასახადო დოკუმენტები, ასევე, სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოდან ამოღებული და დამუშავებულ იქნა ტენდერებში მონაწილეობის შესახებ ინფორმაცია. აღნიშნულზე დაყრდნობით დადგინდა, რომ შესამოწმებელ პერიოდში გადამხდელს მონაწილეობა აქვს მიღებული „----------“ მიერ გამოცხადებულ ოთხ ტენდერში, საიდანაც სამი დასრულებულია, ხოლო მე-4 მიმდინარეა.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 159-ე მუხლის გათვალისწინებით, გაიზარდა დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა. გადამხდელს დაერიცხა კუთვნილი დღგ და საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით გათვალისწინებული ჯარიმა.

2. გადამხდელს შესამოწმებელ პერიოდში არ აქვს დეკლარირებული დაქირავებულ ფიზიკურ პირებზე საბანკო გადარიცხვების მეშვეობით გაცემული ხელფასი. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 101-ე და 154-ე მუხლების შესაბამისად, აღნიშნული განაცემები დაიბეგრა საშემოსავლო გადასახადით. გადამხდელს ასევე დაერიცხა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით გათვალისწინებული ჯარიმა.

3. შემოწმების ეტაპზე განხორციელდა ნაღდი ფულის მოძრაობის შესწავლა, გაანგარიშებულ შემოსავლებს შეუპირისპირდა დოკუმენტურად დადასტურებული ხარჯები. გადასახადის გადამხდელის ახსნა-განმარტებით ირკვევა, რომ საწარმოს შესამოწმებელი პერიოდის ბოლოს გააჩნდა ფულადი ნაშთი 120 142 ლარის ოდენობით (მათ შორის, საბანკო ანგარიშებზე). ზემოაღნიშნული ნაშთების გათვალისწინებით, გადასახადის გადამხდელს 2022 წლის მაისის თვის ბოლოს უნდა უფიქსირდებოდეს სალაროს ნაშთი 1 147 252 ლარის ოდენობით. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 101-ე და 154-ე მუხლების შესაბამისად, შემოწმებით დადგენილი ნაღდი ფულის დანაკლისი ჩაითვალა საწარმოს დირექტორზე ხელფასის სახით განაცემად და დაიბეგრა საშემოსავლო გადასახადით. გადამხდელს ასევე დაერიცხა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით გათვალისწინებული ჯარიმა.

 

შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივარი და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილის მიხედვით, დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ დისტანციურად, ტექნიკურ საშუალებათა გამოყენებით. მათ ასევე უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.

შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ საჩივრის განხილვა საგადასახადო ორგანოში ჩანიშნული იყო გადამხდელის მონაწილეობით, თუმცა მომჩივანი არ გამოცხადდა სხდომაზე. ამასთან, არ წარმოუდგენია განცხადება განხილვის გადადების თაობაზე.

 

პირველ სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 159-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტზე, რომლის თანახმად, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციებია დასაბეგრი პირის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში ანაზღაურების სანაცვლოდ მომსახურების გაწევა.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 163-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების თანახმად:

1. საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის დღგ-ით დაბეგვრა ხორციელდება საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის მომენტში, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.

2. თუ თანხა სრულად ან ნაწილობრივ ანაზღაურებულია საქონლის მიწოდებამდე/მომსახურების გაწევამდე, ანაზღაურებული თანხის შესაბამისი დღგ-ის გადახდა ხორციელდება ანაზღაურების თანხის გადახდის საანგარიშო პერიოდის მიხედვით, გარდა ამ მუხლის მე-5 და მე-9 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 164-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, დღგ-ით დასაბეგრი თანხა არის საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის სანაცვლოდ მიღებული/მისაღები ანაზღაურება დღგ-ის გარეშე, საქონლის/მომსახურების ფასთან პირდაპირ დაკავშირებული სუბსიდიის ჩათვლით. აღნიშნული დებულება გამოიყენება საქონლის/მომსახურების გაცვლის ოპერაციის (ბარტერული ოპერაციის) შემთხვევაშიც.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.

დადგენილი ფაქტობრივი გარემოებაა, რომ საწარმოს შესამოწმებელი პერიოდის დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა შემოწმების მიერ გაანგარიშდა შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემების, პირველადი საგადასახადო დოკუმენტების, ასევე, სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოდან ამოღებული ინფორმაციის შესწავლისა და დამუშავების საფუძველზე. შედეგად, გაიზარდა დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა.

სადავო საკითხთან დაკავშირებით, აუდიტის დეპარტამენტის მიერ მოწოდებული ინფორმაციის მიხედვით, შესამოწმებელ პერიოდში გადამხდელს მონაწილეობა აქვს მიღებული „----------“ გამოცხადებულ ოთხ ტენდერში, რომელთაგან სამი დასრულებულია. დასრულებული ტენდერების შესახებ ინფორმაცია განთავსებულია სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს ვებგვერდზე, კერძოდ, განთავსებულია „----------“ ხელმძღვანელისა და შპს „----------“ დირექტორის მიერ ხელმოწერილი საბოლოო მიღება-ჩაბარების აქტები. ხოლო, რაც შეეხება მეოთხე მიმდინარე ტენდერს, შემოწმების მიერ დაბეგვრა განხორციელდა ხელშეკრულების ფარგლებში შესრულებული სამუშაოების (მიღება-ჩაბარების აქტების) შესაბამისად.

შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ საგადასახადო დავის ეტაპზე გადასახადის გადამხდელის მხრიდან არ არის წარმოდგენილი მისი პოზიციის შესაბამისი არგუმენტაცია ან/და დოკუმენტაცია/მტკიცებულება, რომელიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმებით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს.

ზემოხსენებულ სამართლებრივ ნორმებზე, საქმეში არსებულ მასალებსა და ფაქტობრივ გარემოებებზე დაყრდნობით, შემოსავლების სამსახურმა პირველ სადავო საკითხთან დაკავშირებით მიიჩნია, რომ შემოწმების მიერ საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია საგადასახადო კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით, ხოლო წარმოდგენილი საჩივარი ამ ნაწილში დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

მე-2 სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის პირველ ნაწილზე, რომლის თანახმად, ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლებს განეკუთვნება ფიზიკური პირის მიერ დაქირავებით მუშაობის შედეგად მიღებული ნებისმიერი საზღაური ან სარგებელი, მათ შორის, წინა სამუშაო ადგილიდან პენსიის ან სხვა სახით მიღებული შემოსავალი, ან შემოსავალი მომავალი სამუშაო ადგილიდან.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავება ევალება საგადასახადო აგენტს, რომელიც არის იურიდიული პირი, საწარმო/ორგანიზაცია ან მეწარმე ფიზიკური პირი, კერძოდ:

ა) პირი, რომელიც დაქირავებულს უხდის ხელფასს;

დ) საწარმო/ორგანიზაცია ან მეწარმე ფიზიკური პირი, რომელიც გაწეული მომსახურების ღირებულებას უნაზღაურებს ფიზიკურ პირს (გარდა დღგ-ის გადამხდელად რეგისტრირებული ფიზიკური პირისა, ნოტარიუსისა, კერძო აღმასრულებლისა, მიკრო ბიზნესის სტატუსის მქონე ფიზიკური პირისა და ფიქსირებული გადასახადის გადამხდელის სტატუსის მქონე ფიზიკური პირისა, შესაბამისი საქმიანობის ნაწილში), რომელიც ინდივიდუალურ მეწარმედ დარეგისტრირებული არ არის.

დადგენილი ფაქტობრივი გარემოებაა, რომ გადამხდელს შესამოწმებელ პერიოდში არ აქვს დეკლარირებული დაქირავებულ ფიზიკურ პირებზე საბანკო გადარიცხვების მეშვეობით გაცემული ხელფასი.

სადავო საკითხთან დაკავშირებით, აუდიტის დეპარტამენტის მიერ მოწოდებული ინფორმაციის მიხედვით, გადამხდელის მიერ წარმოდგენილი საბანკო ამონაწერებით, საწარმოს მიერ გადარიცხული ხელფასები უფიქსირდებათ პირებს, რომლებიც შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემებზე დაყრდნობით, რეგისტრირებული არიან ფიზიკურ პირებად.

შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ საგადასახადო დავის ეტაპზე გადასახადის გადამხდელის მხრიდან არ არის წარმოდგენილი მისი პოზიციის შესაბამისი არგუმენტაცია ან/და დოკუმენტაცია/მტკიცებულება, რომელიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმებით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს.

ზემოხსენებულ სამართლებრივ ნორმებზე, საქმეში არსებულ მასალებსა და ფაქტობრივ გარემოებებზე დაყრდნობით, შემოსავლების სამსახურმა მე-2 სადავო საკითხთან დაკავშირებით მიიჩნია, რომ შემოწმების მიერ საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია საგადასახადო კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით, ხოლო წარმოდგენილი საჩივარი ამ ნაწილში დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

მე-3 სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტზე, რომლის თანახმად, საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრის მიზნით საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს სამეურნეო ოპერაციის ფორმისა და შინაარსის გათვალისწინებით შეცვალოს მისი კვალიფიკაცია, თუ ოპერაციის ფორმა არ შეესაბამება მის შინაარსს.

ამავე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ რაიმე თანხა გამოიყენება კონკრეტული პირის ინტერესებისათვის, ჩაითვლება, რომ ეს თანხა მიღებული აქვს ამ პირს.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლებს განეკუთვნება ფიზიკური პირის მიერ დაქირავებით მუშაობის შედეგად მიღებული ნებისმიერი საზღაური ან სარგებელი, მათ შორის, წინა სამუშაო ადგილიდან პენსიის ან სხვა სახით მიღებული შემოსავალი, ან შემოსავალი მომავალი სამუშაო ადგილიდან.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავება ევალება საგადასახადო აგენტს, რომელიც არის იურიდიული პირი, საწარმო/ორგანიზაცია ან მეწარმე ფიზიკური პირი, რომელიც დაქირავებულს უხდის ხელფასს.

შემოსავლების სამსახური ასევე მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, რომლის თანახმად, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 72-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, პირველადი საგადასახადო დოკუმენტი არის წერილობითი დოკუმენტი, რომლითაც შესაძლებელია სამეურნეო ოპერაციის მონაწილე მხარეთა იდენტიფიცირება, აქვს თარიღი და მოიცავს მიწოდებული საქონლის/გაწეული მომსახურების ჩამონათვალსა და ღირებულებას. საქონლის/მომსახურების გაცვლის (ბარტერულ) ოპერაციაზე გამოწერილ პირველად საგადასახადო დოკუმენტში საქონლის ღირებულების (მათ შორის, საქონლის ერთეულის ფასის) მითითება სავალდებულო არ არის.

ამავე კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, პირის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვროს არაპირდაპირი მეთოდების გამოყენებით (აქტივების სიდიდის, საოპერაციო შემოსავლებისა და ხარჯების, პირის შესახებ ინფორმაციის მისი საქმიანობის სხვა საგადასახადო პერიოდთან ან სხვა ამგვარი გადასახადის გადამხდელის შესახებ მონაცემების შედარების, აგრეთვე სხვა მსგავსი ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე), თუ პირს არ აქვს სააღრიცხვო დოკუმენტაცია ან სააღრიცხვო დოკუმენტაციით შეუძლებელია დაბეგვრის ობიექტის დადგენა.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 105-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, ყველა ხარჯი დოკუმენტურად უნდა იყოს დადასტურებული.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.

დადგენილი ფაქტობრივი გარემოებაა, რომ შემოწმების მიერ განხორციელდა ნაღდი ფულის მოძრაობის შესწავლა, კერძოდ, გაანგარიშებულ შემოსავლებს შეუპირისპირდა დოკუმენტურად დადასტურებული ხარჯები. გადასახადის გადამხდელის ახსნა-განმარტების მიხედვით, საწარმოს შესამოწმებელი პერიოდის ბოლოს გააჩნდა ფულადი ნაშთი 120 142 ლარის ოდენობით (მათ შორის, საბანკო ანგარიშებზე). ზემოაღნიშნული ნაშთების გათვალისწინებით დადგინდა, რომ გადამხდელს 2022 წლის მაისის თვის ბოლოს უნდა უფიქსირდებოდეს სალაროს ნაშთი 1 147 252 ლარის ოდენობით. აღნიშნულიდან გამომდინარე, შემოწმებით დადგენილი ნაღდი ფულის დანაკლისი ჩაითვალა საწარმოს დირექტორზე ხელფასის სახით განაცემად.

გადასახადის გადამხდელი წარმოდგენილ საჩივარში აცხადებს, რომ აუდიტის დეპარტამენტს უნდა ეხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილით, განესაზღვრა ყველა იმ მასალის და ნედლეულის საბაზრო ფასები, რომლებიც გამოყენებულია სამუშაოების შესასრულებლად და აღნიშნული თანხები გამოეკლო სალაროში ე.წ. ნაშთად არსებული ფულისთვის.

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ადმინისტრაციული წარმოებისას გამოიკვლიოს საქმისათვის ყველა მნიშვნელოვანი გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე.

ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმების, საქმეში არსებული მასალებისა და გადასახადის გადამხდელის არგუმენტაციის გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მე-3 სადავო საკითხთან დაკავშირებით მიიჩნია, რომ საგადასახადო ვალდებულებების დაზუსტების მიზნით გადასახადის გადამხდელს უნდა მიეცეს წინადადება ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს საჩივარში მითითებული არგუმენტაციის დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები (მათ შორის, ფორმა №2-ები). თავის მხრივ, დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს შეისწავლოს გადასახადის გადამხდელის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები, საწარმოს მიერ გაწეული ხარჯის ოდენობა განსაზღვროს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე5 ნაწილის მიხედვით, არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით და აღნიშნულის გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო შემოწმებით განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება).

 

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

 

1. შპს „----------“ (ს/ნ ----------) საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

2. მე-3 სადავო საკითხთან დაკავშირებით, საგადასახადო ვალდებულებების დაზუსტების მიზნით:

ა) გადასახადის გადამხდელს მიეცეს წინადადება ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს საჩივარში მითითებული არგუმენტაციის დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები (მათ შორის, ფორმა №2-ები);

ბ) დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს, ამ ბრძანების სარეზოლუციო ნაწილის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ ვადაში შესაბამისი მტკიცებულებების წარმოდგენის შემთხვევაში, შეისწავლოს გადასახადის გადამხდელის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები, საწარმოს მიერ გაწეული ხარჯის ოდენობა განსაზღვროს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის მიხედვით, არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით და აღნიშნულის გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო შემოწმებით განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება).

3. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

4. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.