ბრძანება N11624

შემოსავლების სამსახურის დავების გადაწყვეტილება არ დაკმაყოფილდა 27.05.2026
№ დოკუმენტი 11624
სტატუსი მოქმედი
მიმღები შემოსავლების სამსახურის უფროსი/დავების საბჭოს თავმჯდომარე
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

N 11624

27 მაისი 2026

ბ რ ძ ა ნ ე ბ ა

 

ფ/პ ---ის (პ/ნ ----)

(მის.: ---) 2026 წლის 22 და 23 იანვრის

საჩივრების დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე

 

შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2026 წლის 17 აპრილის და 21 მაისის სხდომებზე (ოქმები №32 და №41) განიხილა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 2026 წლის 30 მარტის №26883/2/2026 გადაწყვეტილებით ხელახლა განსახილველად დაბრუნებული ფ/პ ---ს (პ/ნ ---) 2026 წლის 22 იანვრის №100229/1/2026 და 23 იანვრის №100303/1/2026 საჩივრები, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2025 წლის 25 დეკემბრის №006-567 „საგადასახადო მოთხოვნასთან“ დაკავშირებით.

 

სადავო საკითხები:

1. გადასახადის გადამხდელი ითხოვს საერთაშორისო გადაზიდვებით მიღებული შემოსავლის დაბეგვრას სპეციალური დაბეგვრის რეჟიმით, მიღებული შემოსავლის 1%-ით. განმარტავს, რომ დარეგისტრირებული იყო მეწარმე ფიზიკურ პირად და მიღებული ჰქონდა მცირე ბიზნესის სტატუსი. აცხადებს, რომ შესამოწმებელი პერიოდის განმავლობაში მისთვის შემოსავლების სამსახურს არ განუმარტავს, რომ სტატუსი არასწორად ჰქონდა მინიჭებული. აღნიშნავს, როდესაც მიმართა შემოსავლების სამსახურს განცხადებით ყოველგვარი დამატებითი გამოკვლევის გარეშე მიანიჭეს მცირე ბიზნესის სტატუსი. მიუთითებს, რომ საგადასახადო კანონმდებლობიდან გამომდინარე, საშემოსავლო გადასახადს იხდიდა მიღებული შემოსავლის მიხედვით, რომელიც დოკუმენტურად არის დადასტურებული. გადამხდელი აღნიშნავს, რომ საერთაშორისო საავტომობილო სატვირთო გადაზიდვის ნებართვასთან დაკავშირებით 2026 წლის 16 იანვრის №01/08-01 წერილით მიმართა სსიპ სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტოს. გადამხდელს წარმოდგენილი აქვს სსიპ სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტოს პასუხი. 2. გადასახადის გადამხდელი განმარტავს, რომ საშემოსავლო გადასახადის გამოანგარიშების მეთოდოლოგიიდან გამომდინარე მისთვის არ ჰქონდა გადამწყვეტი მნიშვნელობა ხარჯების დოკუმენტურად დადასტურებას, ამიტომ ყველა დოკუმენტის მოძიება/დადასტურება ვერ მოხერხდა. აცხადებს, რომ აუდიტის დეპარტამენტში წარადგინა ხარჯების ჩამონათვალი, რომელიც მის მიერ იქნა გაწეული საერთაშორისო გადაზიდვის შესრულების დროს, თუმცა აუდიტის დეპარტამენტის მიერ არ იქნა გათვალისწინებული. კერძოდ, შემოწმებით არ იქნა გათვალისწინებული მძღოლებისთვის გადახდილი ხელფასის ხარჯი, ასევე, მძღოლებზე გაწეული სამივლინებო ხარჯები. გადამხდელი აღნიშნავს, რომ მძღოლების მივლინება დასტურდება მათი საზღვრის კვეთითაც. აცხადებს, რომ ხარჯების ჩამონათვალში მითითებული არის ისეთი ხარჯები, რომლის დამოუკიდებლად დადასტურება შეეძლო აუდიტის დეპარტამენტს. ერთ-ერთი არის საზღვრის კვეთასთან დაკავშირებული ხარჯი, რომელიც არის გაცხადებული საფასური და მათი გადამოწმება შესაძლებელია.

ასევე, ანალოგიურად არის შესაძლებელი სხვა მითითებული ხარჯების დადასტურებაც. გადამხდელს წარმოდგენილი აქვს მივლინების ბრძანებები, ასევე, მძღოლების სამსახურში მიღების ბრძანებები და შრომითი ხელშეკრულება. ასევე მიუთითებს შემოსავლების სამსახურის უფროსის ბრძანებით დამტკიცებულ №0256 სიტუაციურ სახელმძღვანელოზე და აცხადებს, რომ როდესაც ვერ ხერხდება ხარჯის დამადასტურებელი დოკუმენტაციის სრულყოფილად მოძიება, აუდიტის დეპარტამენტს საშემოსავლო გადასახადის დარიცხვა უნდა განეხორციელებინა 25%-იანი რენტაბელობიდან გამომდინარე.

3. გადასახადის გადამხდელი განმარტავს, რომ სარგებლობდა მცირე მეწარმის სტატუსით და საშემოსავლო გადასახადს იხდიდა მიღებული შემოსავლის მიხედვით. აცხადებს, რომ აუდიტის დეპარტამენტს დამატებითი შემოსავალი არ გამოუვლენია, რაც მიუთითებს მეწარმის კეთილსინდისიერებაზე. აღნიშნულიდან გამომდინარე, გადამხდელი ითხოვს სანქციისგან გათავისუფლებას საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის მიხედვით.

 

ფაქტობრივი გარემოებები:

საქმეში არსებული მასალებით ირკვევა, რომ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2025 წლის 5 მაისის №8752 ბრძანების საფუძველზე დაინიშნა ფ/პ ---ის (პ/ნ ---) საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმება. შესამოწმებელ პერიოდად განისაზღვრა 2022 წლის 4 თებერვლიდან 2025 წლის 1 აპრილამდე საანგარიშო პერიოდები. შემოწმების შედეგებზე 2025 წლის 24 დეკემბერს შედგენილ იქნა საგადასახადო შემოწმების აქტი, გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის 2025 წლის 25 დეკემბრის №28355 ბრძანება გადასახადების/გადასახდელების და საგადასახადო სანქციების თანხების დარიცხვის/შემცირების შესახებ და ამავე თარიღის №006-567 საგადასახადო მოთხოვნა, რომლის მიხედვით გადამხდელს დამატებით გადასახდელად განესაზღვრა სულ 79 788 ლარი, მათ შორის, გადასახადი 44 044 ლარი, ჯარიმა 20 635 ლარი და საურავი 15 109 ლარი.

ზემოაღნიშნულ საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით, გადასახადის გადამხდელის მიერ 2026 წლის 22 და 23 იანვარს წარმოდგენილი საჩივრები, შემოსავლების სამსახურის 2026 წლის 19 თებერვლის №3797 ბრძანებით არ დაკმაყოფილდა. აღნიშნული ბრძანება გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოში, რომლის 2026 წლის 30 მარტის №26883/2/2026 გადაწყვეტილებით საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, ნაწილობრივ გაუქმდა შემოსავლების სამსახურის 2026 წლის 19 თებერვლის №3797 ბრძანება და საჩივარი, მომჩივნის მონაწილეობით, ხელახლა განსახილველად დაუბრუნდა შემოსავლების სამსახურს.

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის 2026 წლის 30 მარტის №26883/2/2026 გადაწყვეტილებაში მითითებულია: „განსახილველ შემთხვევაში, საბჭოს მიაჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მიერ წარდგენილი არგუმენტები/მტკიცებულებები და დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები, რომელსაც დარიცხვა ეფუძნება, მოითხოვს დამატებით შესწავლას/შეფასებას შემოსავლების სამსახურის მიერ. კერძოდ, მომჩივნის მიერ მითითებული გარემოებების გათვალისწინებით დამატებით შესწავლას/შეფასებას საჭიროებს მომჩივნის მიერ მცირე ბიზნესის სტატუსი ფარგლებში, შესამოწმებელ პერიოდში, საერთაშორისო საავტომობილო სატვირთო გადაზიდვის საქმიანობის განხორციელება ექვემდებარებოდა თუ არა შესაბამისი ორგანოს მიერ ნებართვის გაცემას. აღნიშნული გარემოებებიდან გამომდინარე, საბჭოს მიაჩნია, რომ სადავო საკითხზე შემოსავლების სამსახურის 19.02.2026 წლის №3797 ბრძანებით მიღებული გადაწყვეტილება ნაწილობრივ უნდა გაუქმდეს და საჩივარი, მომჩივნის მონაწილეობით, ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს ამავე სამსახურს“.

 

საგადასახადო შემოწმების აქტის მიხედვით, საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია შემდეგი გარემოებებით:

გადასახადის გადამხდელის საქმიანობას წარმოადგენს საერთაშორისო გადაზიდვა, ფლობს რამდენიმე გამწევ და მისაბმელის ტიპის სატვირთო ავტომოსატრანსპორტო საშუალებას. შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემაში არსებული მონაცემების მიხედვით, პირს სხვადასხვა საბაჟო რეჟიმით უფიქსირდება სატრანსპორტო მომსახურების გაწევა. გადასახადის გადამხდელი სარგებლობდა სპეციალური დაბეგვრის რეჟიმით, წარმოადგენდა მცირე ბიზნესის სტატუსის მქონე ფიზიკურ პირს და საერთაშორისო გადაზიდვების ფარგლებში განხორციელებული მომსახურებიდან მიღებულ შემოსავლებს წარადგენდა სპეციალური დაბეგვრის რეჟიმის დეკლარაციით, რომლის მიხედვითაც პირს 01.01.2022-დან 01.04.2025-მდე საანგარიშო პერიოდზე უფიქსირდება შემოსავალი 495 156 ლარის ოდენობით.

შემოწმების მიმდინარეობისას, გადასახადის გადამხდელის მიერ წარმოდგენილ იქნა საბანკო ამონაწერები, სესხის ხელშეკრულება, ძირითადი საშუალების შეძენა/რეალიზაციასთან დაკავშირებული ხელშეკრულებების ნაწილი, გადაზიდვის განხორციელების ფარგლებში გემით გადაზიდვის მომსახურებასთან დაკავშირებული ინვოისები (კონოსამეტრი) და ექსელის ცხრილი სხვა დოკუმენტურად დაუდასტურებელი ხარჯების ნაწილში. შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემაში არსებული მონაცემების და მოწოდებული დოკუმენტაციის ანალიზით, გადასახადის გადამხდელს სრულად არ გააჩნია/არ მოუწოდებია ხარჯის დამადასტურებელი პირველადი დოკუმენტაცია, მათ შორის საწვავის შეძენის დამადასტურებელი დოკუმენტი/ქვითრები.

ამასთან, შესამოწმებელ პერიოდში, შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემებით, პირს არ უფიქსირდება ხელფასის სახით განხორციელებული განაცემები, არ აქვს წარმოდგენილი ინფორმაცია დაქირავებულ პირთა შესახებ (დაქირავებულ პირთა რეესტრი). ასევე, გადასახადის გადამხდელმა არ წარმოადგინა შრომითი ხელშეკრულებები.

გადასახადის გადამხდელს შესამოწმებელ პერიოდში შეძენილი და რეალიზებული აქვს სატრანსპორტო საშუალებები, რომლებიც გამოიყენება ძირითად საშუალებად. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე, 105-ე და 88-ე მუხლების, „სპეციალური დაბეგვრის რეჟიმების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 29 დეკემბრის №415 დადგენილების გათვალისწინებით, საერთაშორისო გადაზიდვის ფარგლებში მიღებული შემოსავალი დაექვემდებარა წლიური საშემოსავლო გადასახადის ნაწილში დეკლარირებას. პირის მიერ მიღებულმა შემოსავალმა 2022 წელს შეადგინდა 232 792 ლარი, 2023 წელს - 245 890 ლარი, ხოლო 2024 წელს - 89 626 ლარი. ასევე შემოწმების მიმდინარეობისას გამოქვითვები ერთობლივი შემოსავლიდან განხორციელდა ხარჯის დამადასტურებელი პირველადი დოკუმენტაციის გამოყენებით.

ამასთან, ვინაიდან საწვავის ხარჯის დამადასტურებელი პირველადი დოკუმენტაცია შემოწმების მიმდინარეობისას არ წარმოდგენილა, შემოწმება საწვავის ხარჯის ნაწილში დაეყრდნო როგორც აუდირებულ, ისე გადასახადის გადამხდელის მიერ მოწოდებულ მონაცემებს, ხოლო არსებითი სხვაობა ამ ორს შორის არ გამოვლენილა.

შესაბამისად, საწვავის ხარჯის ნაწილში გათვალისწინებულ იქნა გადასახადის გადამხდელის მიერ მოწოდებული ხარჯის ოდენობები. ასევე, გამოქვითვას დაექვემდებარა პირის მიერ მოწოდებული დოკუმენტურად დადასტურებული საზღვაო გადაზიდვის მომსახურების ხარჯი და საბანკო სესხის პროცენტები. პირის მიერ ეკონომიკურ საქმიანობაში გამოყენებული ძირითადი საშუალების ხარჯის ნაწილში გამოყენებულ იქნა სრული გამოქვითვის მეთოდი. აღნიშნულიდან გამომდინარე, საგადასახადო შემოწმების ფარგლებში შემცირებულ იქნა მცირე ბიზნესის სტატუსის მქონე ფიზიკური პირის საშემოსავლო გადასახადის ყოველთვიური დეკლარაციით განსაზღვრული საშემოსავლო გადასახადის ოდენობა, რაც შეადგენს 4 952 ლარს, ხოლო შემოწმებით განისაზღვრა წლიური საშემოსავლო გადასახადით დასაბეგრი თანხის ოდენობა და გადასახადი. მეწარმეს ასევე განესაზღვრა ჯარიმა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის შესაბამისად.

 

შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივრები და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს, შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 306-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველი ორგანოს ძალაში შესული გადაწყვეტილების შესრულება სავალდებულოა.

 

პირველ და მე-2 სადავო საკითხებთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის პირველ ნაწილზე, რომლის თანახმად, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სწორად და დროულად აღრიცხოს შემოსავლები და ხარჯები დოკუმენტურად დადასტურებულ მონაცემთა საფუძველზე, ამ თავით გათვალისწინებული მეთოდების გამოყენებით და მიაკუთვნოს იმ საანგარიშო პერიოდს, რომელშიც მოხდა მათი მიღება და გაწევა.

ხოლო მე-3 ნაწილის თანახმად, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 49-ე მუხლის პირველი ნაწილის „ე“ ქვეპუნქტის თანახმად, ამ კოდექსის დებულებათა გათვალისწინებით საგადასახადო ორგანოებს თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით უფლება აქვთ დამოუკიდებლად განსაზღვრონ გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულების მოცულობა საგადასახადო ორგანოში არსებული ინფორმაციით (მათ შორის, გადასახადის გადამხდელის დანახარჯების შესახებ) ან შედარების მეთოდით - სხვა ამგვარი გადასახადის გადამხდელების შესახებ ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე, თუ გადასახადის გადამხდელი არ წარადგენს საგადასახადო კონტროლის განსახორციელებლად საჭირო სააღრიცხვო დოკუმენტაციას ან დადგენილი წესის დარღვევით აწარმოებს ბუღალტერიას, აგრეთვე ამ კოდექსით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებში.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 61-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საგადასახადო ორგანო უფლებამოსილია პირს დაარიცხოს გადასახადი თავის ხელთ არსებული ინფორმაციის საფუძველზე, თუ პირი მას არ წარუდგენს გადასახადის დასარიცხად საჭირო ინფორმაციას.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის მიხედვით, საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, პირის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვროს არაპირდაპირი მეთოდების გამოყენებით (აქტივების სიდიდის, საოპერაციო შემოსავლებისა და ხარჯების, პირის შესახებ ინფორმაციის მისი საქმიანობის სხვა საგადასახადო პერიოდთან ან სხვა ამგვარი გადასახადის გადამხდელის შესახებ მონაცემების შედარების, აგრეთვე სხვა მსგავსი ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე) თუ პირს არ აქვს სააღრიცხვო დოკუმენტაცია ან სააღრიცხვო დოკუმენტაციით შეუძლებელია დაბეგვრის ობიექტის დადგენა.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 88-ე მუხლის პირველ ნაწილის თანახმად, მცირე ბიზნესის სტატუსი შეიძლება მიენიჭოს მეწარმე ფიზიკურ პირს. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, საქართველოს პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტთან შეთანხმებით, საქართველოს მთავრობას უფლება აქვს, აკრძალოს ცალკეული საქმიანობის განხორციელება, რომლის ფარგლებშიც მცირე ბიზნესის სტატუსი არ შეიძლება მიენიჭოს მეწარმე ფიზიკურ პირს.

„სპეციალური დაბეგვრის რეჟიმების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 29 დეკემბრის №415 დადგენილების პირველი მუხლის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 84-ე მუხლის მე-2, მე-3 და მე-4 ნაწილების, 88-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილების, 952 მუხლის, 953 მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის და მე-2 ნაწილისა და 955 მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე, დამტკიცებულია აკრძალული საქმიანობების ჩამონათვალი, რომელთა განხორციელების შემთხვევაში არ შეიძლება მეწარმე ფიზიკური პირისათვის მცირე ბიზნესის სტატუსის მინიჭება (დანართი №4), კერძოდ, საქმიანობები, რომლებიც საჭიროებენ ლიცენზირებას ან ნებართვას, გარდა „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონის 24-ე მუხლის 261 პუნქტით გათვალისწინებული („საქართველოს დედაქალაქში მსუბუქი ავტომობილით − ტაქსით (M1 კატეგორია) გადაყვანის ნებართვა“) საქმიანობისა.

„ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონის 24-ე მუხლის თანახმად, ნებართვის სახეებია საერთაშორისო საავტომობილო სატვირთო გადაზიდვის ნებართვა. ასევე, საქართველოს მთავრობის 2014 წლის 3 იანვრის №32 დადგენილებით დამტკიცებულია ტექნიკური რეგლამენტის „ავტოსატრანსპორტო საშუალებებით ტვირთის გადაზიდვის წესი“.

საქართველოს მთავრობის 2014 წლის 3 იანვრის №32 დადგენილებით დამტკიცებული ტექნიკური რეგლამენტის „ავტოსატრანსპორტო საშუალებებით ტვირთის გადაზიდვის წესის“ პირველი მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ეს წესი ადგენს სატვირთო ავტოსატრანსპორტო საშუალებებით ტვირთის გადაზიდვის პირობებს, საერთაშორისო საავტომობილო სატვირთო გადაზიდვის ნებართვის (შემდგომში − ნებართვა) პირობებს, ნებართვის მისაღებად საჭირო დოკუმენტების ჩამონათვალს, ნებართვის მოქმედების ვადას, უსაფრთხოებისა და საკუთრების დაცვის უზრუნველყოფასთან დაკავშირებულ მოთხოვნებს, აგრეთვე გადაზიდვის პროცესში მონაწილეთა უფლებებს, ვალდებულებებსა და პასუხისმგებლობას.

ამავე დადგენილების მე-13 მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თითოეული საერთაშორისო საავტომობილო სატვირთო გადაზიდვა ხორციელდება ცალკეული სპეციალური ნებართვის/სანებართვო დოკუმენტის/ავტორიზაციის ბლანკის წარდგენით, თუ ამ წესით ან საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული. ამავე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, საქართველოში რეგისტრირებული გადამზიდველი, რომელიც ახორციელებს ან სურვილი აქვს, განახორციელოს ტვირთის საერთაშორისო გადაზიდვა, ვალდებულია გააჩნდეს საერთაშორისო საავტომობილო სატვირთო გადაზიდვის ნებართვა. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 89-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მეწარმე ფიზიკური პირი, რომელიც აკმაყოფილებს ამ კოდექსის 88-ე მუხლით დადგენილ პირობებს, უფლებამოსილია მცირე ბიზნესის სტატუსის მინიჭების მიზნით მიმართოს საგადასახადო ორგანოს, რომელიც გასცემს მცირე ბიზნესის სერტიფიკატს.

ამავე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტის თანახმად, მცირე ბიზნესის სტატუსი უქმდება, თუ პირი ახორციელებს ამ კოდექსის 88-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებულ საქმიანობას.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 89-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად, ამ მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საფუძვლით მცირე ბიზნესის სტატუსის გაუქმების შემთხვევაში მცირე ბიზნესის სტატუსი გაუქმებულად ითვლება მიმდინარე კალენდარული წლის დასაწყისიდან.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 79-ე მუხლის „ა“ ქვეპუნქტის მიხედვით, საშემოსავლო გადასახადის გადამხდელია რეზიდენტი ფიზიკური პირი.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-80 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, რეზიდენტი ფიზიკური პირის საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრის ობიექტია დასაბეგრი შემოსავალი, რომელიც განისაზღვრება, როგორც სხვაობა კალენდარული წლის განმავლობაში მიღებულ ერთობლივ შემოსავალსა და ამ პერიოდისათვის ამ კოდექსით გათვალისწინებული გამოქვითვების თანხებს შორის.

ამავე კოდექსის 81-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ფიზიკური პირის დასაბეგრი შემოსავალი იბეგრება 20 პროცენტით, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-100 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, რეზიდენტის ერთობლივი შემოსავალი შედგება საქართველოში არსებული წყაროდან და საქართველოს ფარგლების გარეთ მიღებული შემოსავლებისაგან. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, ერთობლივ შემოსავალს განეკუთვნება ეკონომიკური საქმიანობით მიღებული შემოსავლები, რომლებიც დაკავშირებული არ არის დაქირავებით მუშაობასთან.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 102-ე მუხლის მიხედვით ეკონომიკური საქმიანობით მიღებულ შემოსავლებს განეკუთვნება საქონლის/მომსახურების მიწოდებით მიღებული შემოსავლები.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 105-ე მუხლის პირველი, მე-2 და მე-3 ნაწილების თანახმად:

1. ერთობლივი შემოსავლიდან გამოიქვითება ყველა ხარჯი, რომელიც დაკავშირებულია მის მიღებასთან, გარდა იმ ხარჯებისა, რომლებიც ამ კოდექსის თანახმად გამოქვითვას არ ექვემდებარება.

2. თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, ყველა ხარჯი დოკუმენტურად უნდა იყოს დადასტურებული.

3. ძირითად საშუალებათა შეძენის, დადგმისა და სხვა კაპიტალიზებადი ხარჯები გამოიქვითება ეტაპობრივად, ამორტიზაციის ანარიცხების სახით, გარდა გადასახადის გადამხდელის მიერ საამორტიზაციო ანარიცხების სრული გამოქვითვის უფლების გამოყენების შემთხვევისა.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 106-ე მუხლის ,,ა“ ქვეპუნქტის მიხედვით, ერთობლივი შემოსავლიდან არ გამოიქვითება ის ხარჯები, რომლებიც არ არის დაკავშირებული ეკონომიკურ საქმიანობასთან.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 72-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, პირველადი საგადასახადო დოკუმენტი არის წერილობითი დოკუმენტი, რომლითაც შესაძლებელია სამეურნეო ოპერაციის მონაწილე მხარეთა იდენტიფიცირება, აქვს თარიღი და მოიცავს მიწოდებული საქონლის/გაწეული მომსახურების ჩამონათვალსა და ღირებულებას.

საქონლის/მომსახურების გაცვლის (ბარტერულ) ოპერაციაზე გამოწერილ პირველად საგადასახადო დოკუმენტში საქონლის ღირებულების (მათ შორის, საქონლის ერთეულის ფასის) მითითება სავალდებულო არ არის. „დაქირავებულისათვის გადახდილი სამივლინებო ხარჯების ნორმების განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2005 წლის 5 აპრილის №220 ბრძანების თანახმად, მივლინება არის დამქირავებლის ბრძანებით ან/და დავალებით დაქირავებულის გამგზავრება სამსახურებრივი დავალების შესასრულებლად მუდმივი სამუშაო ადგილის ფარგლებს გარეთ როგორც ქვეყნის ფარგლებში, ისე ქვეყნის ფარგლების გარეთ. ხოლო მუდმივი სამუშაო ადგილი არის ტერიტორია, სადაც დაქირავებული, შრომითი ხელშეკრულების ან ბრძანების საფუძველზე, განსაზღვრული სამუშაო დროის პერიოდში (ფიქსირებულ სამუშაო საათებში) დამქირავებელს უსრულებს სამუშაოს, რომელიც რეგულარულ და არაერთჯერად ხასიათს ატარებს.

ამავე ბრძანების მე-3 პუნქტის თანახმად, ქვეყნის ფარგლებს გარეთ დაქირავებულის მივლინებისას:

ა) მივლინების სადღეღამისო და ბინის დაქირავების ხარჯების ნორმები განისაზღვროს თანახმად დანართი №1-ისა, რომლებიც გაიანგარიშება მივლინებაში ფაქტობრივად ყოფნის დღეების მიხედვით, დასვენებისა და უქმე, აგრეთვე მივლინებაში გამგზავრებისა და მივლინებიდან დაბრუნების დღეების გამოურიცხავად;

ბ) მგზავრობის ხარჯები ანაზღაურდება შესაბამის მიმართულებაზე არსებული მგზავრობის ღირებულების გათვალისწინებით, მაგრამ არაუმეტეს ეკონომკლასის (ან მისი შესაბამისი კლასის) ბილეთის ღირებულებისა. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.

შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქმეში არსებულ ფაქტობრივ გარემოებებზე, რომლის თანახმად, გადასახადის გადამხდელი სარგებლობდა სპეციალური დაბეგვრის რეჟიმით, წარმოადგენდა მცირე ბიზნესის სტატუსის მქონე ფიზიკურ პირს და საერთაშორისო გადაზიდვების ფარგლებში ახორციელებდა მომსახურებას. დადგენილი ფაქტობრივი გარემოებაა, რომ გადამხდელის საქმიანობა, საერთაშორისო გადაზიდვა, წარმოადგენს ნებართვას დაქვემდებარებულ საქმიანობას, მცირე ბიზნესის სტატუსისთვის აკრძალულ საქმანობას. იმის გათვალისწინებით, რომ გადასახადის გადამხდელის საქმიანობა „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონის, ასევე საქართველოს მთავრობის 2014 წლის 3 იანვრის №32 დადგენილებით დამტკიცებული ტექნიკური რეგლამენტის „ავტოსატრანსპორტო საშუალებებით ტვირთის გადაზიდვის წესის“ შესაბამისად წარმოადგენს ნებართვას დაქვემდებარებულ საქმიანობას, „სპეციალური დაბეგვრის რეჟიმების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 29 დეკემბრის №415 დადგენილებისა და საქართველოს საგადასახადო კოდექსის 89-ე მუხლის შესაბამისად, მცირე ბიზნესის სტატუსი ექვემდებარება გაუქმებას საქმიანობის განხორციელების მიმდინარე კალენდარული წლის დასაწყისიდან, შესაბამისად, შემოსავლების სამსახურს მიაჩნია, რომ აღნიშნული საქმიანობის ფარგლებში მიღებული შემოსავლების საერთო წესით - 20%-იანი განაკვეთით დაბეგვრა განხორციელდა მართლზომიერად.

ამასთან, შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს გადაწყვეტილების შესაბამისად, საკითხების დამატებით შესწავლა/გამოკვლევის შედეგად არ გამოვლინდა ისეთი ფაქტობრივი გარემოებები და სამართლებრივი საფუძვლები, რომელიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმებით განსაზღვრულ საგადასახადო ვალდებულებებს.

ზემოაღნიშნული ფაქტობრივი გარემოებების და სამართლებრივი ნორმების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ აუდიტის დეპარტამენტის მიერ საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია საგადასახადო კანონმდებლობის შესაბამისად და არ არსებობს საჩივრების დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი.

 

მე-3 სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილზე, რომლის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საგადასახადო სამართალდარღვევად ითვლება პირის მართლსაწინააღმდეგო ქმედება (მოქმედება ან უმოქმედობა), რომლისთვისაც ამ კოდექსით გათვალისწინებულია პასუხისმგებლობა. საგადასახადო სამართალდარღვევისათვის პირს პასუხისმგებლობა შეიძლება დაეკისროს მხოლოდ ამ კოდექსით დადგენილი საფუძვლითა და წესით.

ამავე კოდექსის 270-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების თანახმად:

1. საგადასახადო სანქცია არის პასუხისმგებლობის ზომა ჩადენილი საგადასახადო სამართალდარღვევისათვის;

2. საგადასახადო სანქცია გამოიყენება გაფრთხილების, საურავის, ფულადი ჯარიმის, სამართალდარღვევის საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების უსასყიდლოდ ჩამორთმევის სახით, ამ კოდექსით გათვალისწინებულ შემთხვევებში.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის თანახმად:

1. პირის მიერ საგადასახადო დეკლარაციაში/გაანგარიშებაში გადასახადის თანხის შემცირება, თუ იგი გამოწვეულია საგადასახადო კონტროლის განმახორციელებელი ორგანოს მიერ პირის საგადასახადო ვალდებულების წარმოშობის მომენტის (პერიოდის) შეცვლით, იწვევს პირის დაჯარიმებას შემცირებული გადასახადის თანხის 10 პროცენტის ოდენობით.

2. საგადასახადო დეკლარაციაში/გაანგარიშებაში გადასახადის თანხის შემცირება, გარდა ამ მუხლის პირველი, 21 და 22 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა, იწვევს დაჯარიმებას შემცირებული გადასახადის თანხის 50 პროცენტის ოდენობით.

2 1 . საგადასახადო დეკლარაციაში/გაანგარიშებაში გადასახადის შემცირება, თუ შემცირებული გადასახადის თანხა ამ დეკლარაციაში/გაანგარიშებაში აღნიშნული გადასახადის თანხის 5 პროცენტს არ აღემატება, იწვევს დაჯარიმებას შემცირებული გადასახადის თანხის 10 პროცენტის ოდენობით.

2 2 . საგადასახადო დეკლარაციაში/გაანგარიშებაში გადასახადის შემცირება, თუ შემცირებული გადასახადის თანხა ამ დეკლარაციაში/გაანგარიშებაში აღნიშნული გადასახადის თანხის 5 პროცენტზე მეტია და 20 პროცენტს არ აღემატება, იწვევს დაჯარიმებას შემცირებული გადასახადის თანხის 25 პროცენტის ოდენობით.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 272-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით საურავი არის საგადასახადო სანქცია, რომელიც პირს ეკისრება საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვადაში გადასახადის გადასახდელი თანხის გადაუხდელობისათვის. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის თანახმად, საგადასახადო ორგანოს/დავის განმხილველ ორგანოს უფლება აქვს, გაათავისუფლოს კეთილსინდისიერი გადასახადის გადამხდელი ამ კოდექსით გათვალისწინებული სანქციისაგან, თუ სამართალდარღვევა გამოწვეულია გადასახადის გადამხდელის შეცდომით/არცოდნით. შემოსავლების სამსახური განმარტავს, რომ გადასახადის გადამხდელის კეთილსინდისიერება უკავშირდება მის მიერ დაშვებულ შეცდომას, გადამხდელი კეთილსინდისიერია იმ შემთხვევაში თუ სამართალდარღვევა გამოწვეულია მის მიერ დაშვებული შეცდომით (არცოდნით). კეთილსინდისიერება გულისხმობს პირის სუბიექტურ დამოკიდებულებას მის მიერ ჩადენილი ქმედებისადმი. პირი მოქმედებს საპატიებელი შეცდომის პირობებში ანუ მან არ იცოდა და არც შეიძლებოდა სცოდნოდა, რომ ჩადიოდა აკრძალულ ქმედებას (სამართალდარღვევას).

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის მიზანია საგადასახადო პასუხისმგებლობისგან გაათავისუფლოს პირი, რომელიც სამართლებრივი შეცდომის არეალში მოქმედებდა, რადგან სამართლებრივი შეცდომის დროს პირი არასწორად აფასებს ჩადენილი ქმედების სამართლებრივ არსს და ამ ქმედებით გამოწვეულ სამართლებრივ შედეგს.

შემოსავლების სამსახური მიუთითებს ფაქტობრივ გარემოებებზე, რომლის მიხედვით, გადასახადის გადამხდელს არასრულად ჰქონდა შესრულებული საგადასახადო ვალდებულებები, ამასთან, მომჩივანი ვერ უთითებს ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე, რომლითაც დადასტურდება, რომ გადასახადის გადამხდელი საგადასახადო ვალდებულებების არაჯეროვნად შესრულებისას მოქმედებდა სამართლებრივი შეცდომის არეალში. შესაბამისად, საგადასახადო შემოწმების შედეგად დარიცხული სანქციის მიმართ შემოსავლების სამსახურს მიზანშეწონილად არ მიაჩნია საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის გამოყენება.

 

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ :

 

1. ფ/პ ---ის (პ/ნ ---) საჩივრები არ დაკმაყოფილდეს;

2. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი

1. გადასახადის გადამხდელი ითხოვს საერთაშორისო გადაზიდვებით მიღებული შემოსავლის დაბეგვრას სპეციალური დაბეგვრის რეჟიმით, მიღებული შემოსავლის 1%-ით.

2. გადასახადის გადამხდელი განმარტავს, რომ საშემოსავლო გადასახადის გამოანგარიშების მეთოდოლოგიიდან გამომდინარე მისთვის არ ჰქონდა გადამწყვეტი მნიშვნელობა ხარჯების დოკუმენტურად დადასტურებას, ამიტომ ყველა დოკუმენტის მოძიება/დადასტურება ვერ მოხერხდა. ასევე მიუთითებს შემოსავლების სამსახურის უფროსის ბრძანებით დამტკიცებულ №0256 სიტუაციურ სახელმძღვანელოზე და აცხადებს, რომ როდესაც ვერ ხერხდება ხარჯის დამადასტურებელი დოკუმენტაციის სრულყოფილად მოძიება, აუდიტის დეპარტამენტს საშემოსავლო გადასახადის დარიცხვა უნდა განეხორციელებინა 25%-იანი რენტაბელობიდან გამომდინარე.

3. გადამხდელი ითხოვს სანქციისგან გათავისუფლებას საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის მიხედვით.

 

ფაქტობრივი გარემოებები

გადასახადის გადამხდელის საქმიანობას წარმოადგენს საერთაშორისო გადაზიდვა, ფლობს რამდენიმე გამწევ და მისაბმელის ტიპის სატვირთო ავტომოსატრანსპორტო საშუალებას.

შემოწმების მიერ საერთაშორისო გადაზიდვის ფარგლებში მიღებული შემოსავალი დაექვემდებარა წლიური საშემოსავლო გადასახადის ნაწილში დეკლარირებას. ასევე შემოწმების მიმდინარეობისას გამოქვითვები ერთობლივი შემოსავლიდან განხორციელდა ხარჯის დამადასტურებელი პირველადი დოკუმენტაციის გამოყენებით. საგადასახადო შემოწმების ფარგლებში შემცირებულ იქნა მცირე ბიზნესის სტატუსის მქონე ფიზიკური პირის საშემოსავლო გადასახადის ყოველთვიური დეკლარაციით განსაზღვრული საშემოსავლო გადასახადის ოდენობა, ხოლო შემოწმებით განისაზღვრა წლიური საშემოსავლო გადასახადით დასაბეგრი თანხის ოდენობა და გადასახადი.

 

გადაწყვეტილება

შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ აუდიტის დეპარტამენტის მიერ საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია საგადასახადო კანონმდებლობის შესაბამისად და არ არსებობს საჩივრების დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი.

 

დასაბუთება

შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 73 (5); 88 (1,2); 89 (4); 102; 105; 106 (ა); 72 (1); 269 (7).