გადაწყვეტილება №25177/2/2025

ფინანსთა სამინისტროს დავების გადაწყვეტილება არ დაკმაყოფილდა 27.05.2025
№ დოკუმენტი 25177/2/2025
სტატუსი მოქმედი
მიმღები კოლეგიური ორგანო
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

№25177/2/2025

27 მაისი 2025

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

 

მომჩივანი: შპს „---“ (ს/ნ ---)

მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი

 

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 22.05.2025 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება შპს „---“-ს 14.05.2025 და 20.05.2025 წელს რეგისტრირებულ საჩივრებზე (რეგისტრაციის №25177/2/2025).

 

დავის საგანი:

საგადასახადო დავის განახლება ახლად აღმოჩენილ/გამოვლენილ გარემოებათა გამო.

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება:

1. აუდიტის დეპარტამენტის 27.02.2014 წლის №11483 ბრძანება;

2. აუდიტის დეპარტამენტის 28.02.2014 წლის №1-89 საგადასახადო მოთხოვნა;

3. შემოსავლების სამსახურის 28.05.2014 წლის №27503 ბრძანება.

 

დარიცხული თანხა: 239 533.35 ლარი.

მათ შორის:

გადასახადი - 176 793.02

დღგ - 20 363

მოგების გადასახადი - 75 118

საშემოსავლო გადასახადი - 80 376.05

ქონების გადასახადი - 935.97

საურავი - 62 740.33

 

პროცედურული გარემოებები

გადასახადის გადამხდელი ძირითადად ასრულებს სამშენებლო სამუშაოებს და რეალიზაციას უკეთებს სამშენებლო მასალებს, 2010 წელს ასევე შესრულებული აქვს საპროექტო-საკონსულტაციო სამუშაოები. ალტერნატიული აუდიტორის შპს „---ის“ (ს/ნ ---) მიერ ჩატარდა გადასახადის გადამხდელის საქმიანობის 17.02.2010 წლიდან 1.10.2013 წლამდე პერიოდის საგადასახადო შემოწმება. შემოწმების შედეგები აისახა 10.02.2014 წლის საგადასახადო შემოწმების აქტში, რომლის მიხედვით:

1. 2010 წელს გამოქვითვებში დაფიქსირებულია შეძენილი სასაქონლო-მატერიალური ფასეულობები 252 880 ლარი, 2011 წელს 1 995 895 ლარი, 2012 წელს 924 395 ლარი, წარდგენილი დოკუმენტაციის თანახმად 2010 წელს შეძენილია 251 722 ლარის, 2011 წელს 1 904 767 ლარის, 2012 წელს 473 785 ლარის სასაქონლო-მატერიალური ფასეულობები, შესაბამისად კომპანიის მიერ 2010 წელს 1 158 ლარით, 2011 წელს 91 128 ლარით და 2012 წელს 450 610 ლარით გაზრდილია გამოსაქვითი ხარჯი. ასევე, 2012 წელს სხვა გამოქვითვებში ასახულია 119 019 ლარი, ნაცვლად 93 527 ლარისა, შესაბამისად კომპანიის მიერ 25 491 ლარით გაზრდილია გამოსაქვითი ხარჯი;

2. დეკლარაციაში სასაქონლო-მატერიალური ფასეულობები წლის ბოლოს ასახულია 2010 წელს 43 169 ლარი, 2011 წელს 98 900 ლარი ნაცვლად 94 204 და 349 919 ლარისა, შესაბამისად კომპანიის მიერ 2010 წელს 51 035 ლარით და 2011 წელს 251 019 ლარით შემცირებულია ერთობლივი შემოსავალი. 2011 წლის აპრილიდან საქვეანგარიშოდ გაცემული თანხები უკან არ არის დაბრუნებული. ამასთან, 2011 წლის 4 აპრილს ანგარიშვალდებულ პირებზე რიცხული 93 901 ლარი, შესამოწმებელი პერიოდის ბოლოსათვის (2013 წლის 1 ოქტომბრისათვის) გაზრდილია 1 166 253 ლარამდე.

საქვეანგარიშოდ რიცხული დავალიანების დიდი ნაწილი ერიცხება კომპანიის დირექტორს, რომელიც ამავდროულად ამ კომპანიის დამფუძნებელია და 100% წილის მფლობელია. შემოწმების შედეგად გამოვლენილი გარემოებების გათვალისწინებით 917 366 ლარი ჩათვლილია დამფუძნებელზე გაცემულ დივიდენდად, რომლის შესაბამისი საშემოსავლო გადასახადი შეადგენს 45 868.30 ლარს. ამასთან, შესაბამისი პერიოდების მიხედვით ანგარიშვალდებული პირის მიერ გონივრულ ვადაში დაუბრუნებელი თანხები ჩათვლილია წლიური 20%-იანი განაკვეთით გაცემულ სესხად, ხოლო მისაღები სარგებელი 153 584.04 ლარი გაცემულ ხელფასად, რომლის შესაბამისი საშემოსავლო გადასახადიც შეადგენს 30 716.81 ლარს. სულ დამატებით დარიცხვას დაექვემდებარა საშემოსავლო გადასახადი 76 585.11 ლარის ოდენობით. გაანგარიშება ნაწარმოებია „აგროსვის“ გარეშე რის გამოც არ მოხდა მოგების გადასახადის გაანგარიშებისას ერთობლივი შემოსავლისა და გამოქვითვების ცვლილება.

3. აქტში სადავო საკითხი არ არის ასახული. საჩივრის მიხედვით, კომპანიამ შპს „---ის“ შეუსრულა სამუშაოები და მისაღები თანხები ასახა ერთობლივ შემოსავალში და დღგ-ით დასაბეგრ ბრუნვაში, შპს „---ს“ მიერ თანხა არ იქნა ანაზღაურებული. 2014 წელს გაიხსნა გადახდისუუნარობის საქმის წარმოება შპს „---ის“ მიმართ. მომჩივანი ითხოვს დავალიანება გათვალისწინებულ იქნას გამოქვითვებში, როგორც უიმედო ვალი.

4. 2011 წლის აგვისტოს და ნოემბერის თვის დღგ-ის დეკლარაციით 18%-ით დასაბეგრი ბრუნვა შეადგენს 390 672 და 612 947 ლარს, ხოლო შემოწმების შედეგად დადგინა 391 747 და 655 121 ლარი. ვინაიდან შემცირებულია დასაბეგრი ბრუნვა 1 075 და 42 174 ლარით გადასახადის გადამხდელს დაერიცხა დღგ 194 და 7 591 ლარი. 2013 წლის აპრილის თვის დღგ-ის დეკლარაციაში 18%-ით დასაბეგრი ბრუნვა 73 851 ლარის ოდენობით არ არის ასახული. შედეგად დარიცხვას დაექვემდებარა დღგ 13 293 ლარის ოდენობით.

5. გადასახადის გადამხდელს აუდიტის დეპარტამენტის 28.02.2014 წლის №1-89 საგადასახადო მოთხოვნით ერიცხება საურავი 62 740 ლარის ოდენობით.

საგადასახადო შემოწმების აქტის საფუძველზე აუდიტის დეპარტამენტის მიერ გამოიცა 27.02.2014 წლის №11483 ბრძანება და 28.02.2014 წლის №1-89 საგადასახადო მოთხოვნა, რომელიც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში. შემოსავლების სამსახურის 28.05.2014 წლის №27503 ბრძანებით საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, გადასახადის გადამხდელს მიეცა რეკომენდაცია ბრძანების ჩაბარებიდან 10 კალენდარულ დღეში ალტერნატიულ აუდიტორს წარუდგინოს საჩივარში მითითებულ სადავო საკითხებთან მიმართებაში მის მიერ დამატებით მოძიებული დოკუმენტური მტკიცებულებები, ალტერნატიულ აუდიტორს დაევალა გადასახადის გადამხდელის მონაწილეობით დამატებით შეისწავლოს სადავო საკითხი, შეაფასოს გადასახადის გადამხდელის მიერ წარდგენილი დოკუმენტური მტკიცებულებები, საჩივარში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით შესაბამისი საფუძვლის არსებობის შემთხვევაში უზრუნველყოს ალტერნატიული საგადასახადო შემოწმების შედეგად გადამხდელის მიმართ განხორციელებული დარიცხვების შესაბამისი კორექტირება. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდა.

შემოსავლების სამსახურის 15.07.2014 წლის №33822 ბრძანებით შეტანილია ცვლილება შემოსავლების სამსახურის 2014 წლის 28 მაისის №27503 ბრძანების ტექსტში და სარეზოლუციო ნაწილი ჩამოყალიბდა შემდეგი სახით: შპს „---“-ს დამატებით დოკუმენტაციის წარმოდგენის ვადად განესაზღვროს 30 დღე (ნაცვლად 10 დღისა).

შემოსავლების სამსახურის 28.05.2014 წლის №27503 ბრძანება 4.07.2014 წელს გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში, რომლის 26.03.2015 წლის №8483/2/14 გადაწყვეტილებით საჩივარი დარჩა განუხილველი, საგადასახადო კოდექსის 301-ე მუხლის „მ“ ქვეპუნქტის საფუძველზე.

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოს 26.03.2015 წლის №8483/2/14 გადაწყვეტილება გასაჩივრდა სასამართლოში. თბილისის საქალაქო სასამართლოს 28.10.2019 წლის გადაწყვეტილებით ბათილად იქნა ცნობილი საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 26.03.2015 წლის №8483/2/14 გადაწყვეტილება და საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოს დაევალა გამოსცეს ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი. თბილისის საქალაქო სასამართლოს 28.10.2019 წლის გადაწყვეტილება უცვლელად დარჩა თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2.02.2021 წლის და უზენაესი სასამართლოს 27.05.2021 წლის განჩინებებით. სასამართლოდან დაბრუნებული საჩივარი განიხილა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭომ, რომლის 30.07.2021 წლის №12777/2/2021 გადაწყვეტილებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა სასამართლოში. მომჩივანი მომართავს დავების განხილვის საბჭოს საგადასახადო დავის განახლებაზე, ახლად აღმოჩენილ/გამოვლენილ გარემოებათა გამო.

 

მომჩივნის არგუმენტაცია

კომპანიაში წლების განმავლობაში დარჩენილი თავისუფალი ფულადი რესურსი შეადგენდა (833 642 – 125 604) = 708 038 ლარს, კერძოდ: 2010 წელს: (– 52 330.5) + 2011 წელს: 394 329.86 + 2012 წელს 461 183.26 + 2013 წელს 30 459.637 – 125 604 (შპს „---ის“ დავალიანება) = 833 642 – 125 604 = 708 038 ლარს. შპს „---ის“ აუდიტორის ---ის მიერ 10.02.2014 წლის ალტერნატიული საგადასახადო შემოწმების აქტის, ფორმა XII-III-ის საფუძველზე შპს „---“-ს მიერ, ანგარიშვალდებულ პირზე 1 166 253 ლარის გაცემა არ დასტურდება. იმ დაშვებითაც კი, რომ აუდიტორის, ---ის მიერ აქტში მოყვანილი მონაცემები უტყუარია, ანგარიშვალდებულ პირზე კომპანიას ეტაპობრივად, პერიოდების მიხედვით შეეძლო მოეხდინა ჯამში მხოლოდ 708 038 ლარის გაცემა. შემოწმების აქტიდან გამომდინარე 2010-2013 წლებში კომპანიის შემოსავალი შეადგენდა 4 325 648 ლარს (იხ. ალტერნატიული საგადასახადო შემოწმების აქტის, ცხრილები), ხოლო მთლიანი ხარჯი შეადგენდა 3 492 006 ლარს (იხ. ცხრილები). შედეგად შემოსავალსა და ხარჯს შორის მიღებული მეტობა (ფულადი რესურსი) შეადგენს 833 642 ლარს, საიდანაც დადასტურებულად 125 604 ლარი შეადგენს მიუღებელ ფულად რესურს/დებიტორულ დავალიანებას. შესაბამისად, კომპანიაში წლების განმავლობაში დარჩენილი თავისუფალი ფულადი რესურსი შეადგენდა (833 642 – 125 604) = 708 038 ლარს ((– 52 330.5) + 394 329.86 + 461 183.26 + 30 459.637 – 125 604 = 833 642 – 125 604 = 708 038 ლარს).

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ანგარიშვალდებული პირი შემოწმების პერიოდში ვერანაირად ვერ მოახერხებდა 1 166 253 ლარის უპირობოდ გატანას საკუთარი საბანკო ანგარიშებიდან, რასაც შემოწმების აქტის საფუძველზე დაერიცხა საშემოსავლო გადასახადი. ითხოვს საბჭომ იმსჯელოს ყველა იმ ეპიზოდზე, რომლებზეც არ ყოფილა ნამსჯელი დღემდე და რომლებიც ნათლად არის აღწერილი შპს „---ის“ აუდიტორ ---ის მიერ 5.02.2025 და 11.04.2025 წლის აუდიტორულ დასკვნებში, რომლებიც შეეხება 519 000 ლარის საბანკო ანგარიშებზე დაბრუნებას და ალტერნატიული საგადასახადო შემოწმების აქტში დაშვებულ არითმეტიკულ შეცდომებს და აქედან გამომდინარე თანმდევ შედეგს. ასევე, ითხოვს 21.12.2023 წლის წერილი წარდგენილი ინფორმაციის განხილვას, სადაც მითითებულია შემდეგი:

„შემოსავლების სამსახურის წერილი ელექტრონულად ჩაბარდა 5.12.2023 წელს, აღნიშნულ წერილში, რომელიც შედგენილია 21.06 2023 წელს მითითებულია შემდეგი: „თქვენს 2019 წლის 22 მაისის განცხადებაზე გაცნობებთ, რომ აუდიტის დეპარტამენტის 2019 წლის 3 ივნისის №21-14/59089 და 12 ივნისის №21-14/63399 წერილებით, ალტერნატიული აუდიტის განმახორციელებელ პირს, ----ს დაევალა ინფორმაციის წარმოდგენა შპს „---ის“ (ს/ნ ---) მიმართ განხორციელებული ალტერნატიული საგადასახადო შემოწმების ფარგლებში (აქტში/დასკვნაში), 26.06.2014 წელს და 1.05.2019 წელს გადმოგზავნილი მტკიცებულებების აუდიტის დეპარტამენტში წარდგენის თაობაზე. კერძოდ: როდის და რა ფორმით მოხდა მითითებული მასალების შემოსავლების სამსახურში წარმოდგენა. ამასთან დაევალა ინფორმაციის მოწოდება, იქნა თუ არა გათვალისწინებული საწარმოს საბანკო ანგარიშზე, ეროვნული ვალუტის - 620 000 ლარის შეტანის ფაქტი. აღნიშნული წერილების პასუხად, 2019 წლის 18 ივნისის განცხადებით ალტერნატიული აუდიტის განმახორციელებელი პირი განმარტავს, რომ შპს „---“-სგან (ს/ნ ---) 26.06.2014 წელს და 1.05.2019 წელს დოკუმენტაცია არ მიუღია. ამასთან, თქვენ განმარტავთ, რომ 2010 წლის 17 თებერვლიდან 2013 წლის 1 ოქტომბრის ჩათვლით პერიოდში საწარმოს საბანკო ანგარიშზე, ერთჯერადად, ეროვნული ვალუტის - 620 000 ლარის შეტანის ფაქტი არ ფიქსირდება, ხოლო ამ პერიოდში ეროვნული ვალუტის საბანკო ანგარიშზე შეტანილი თანხების ჯამი 620 000 ლარზე ნაკლებია. აღნიშნულიდან გამომდინარე, გთხოვთ მოგვაწოდოთ დამადასტურებელი მტკიცებულებები თქვენს წერილში მოყვანილ ფაქტებთან დაკავშირებით. კერძოდ:

1. ალტერნატიული აუდიტის განმახორციელებელ პირთან 26.06.2014 წელს და 1.05.2019 წელს ელექტრონული ფოსტით დოკუმენტაციის გაგზავნის მტკიცებულება (თანდართული მასალებით)

2. შემოწმებულ პერიოდზე საბანკო ამონაწერები, სადაც ფიქსირდება 620 000 ლარის შეტანის ფაქტი“. აღნიშნული მტკიცებულებები მეორე მხარის წარმომადგენელს ჩაბარდა თბილისის საქალაქო სასამართლოში, წინა სხდომაზე, ახლაც – წარმოადგენს დანართის სახით. იმედია, გამოიყენებთ ამ შესაძლებლობას და გაანალიზებთ როგორც სეების დასკვნას – ალტერნატიული აუდიტის განმახორციელებელ პირთან 26.06.2014 წელს და 1.05.2019 წელს ელექტრონული ფოსტით დოკუმენტაციის გაგზავნის მტკიცებულებას, ასევე – საბანკო ანგარიშების დეტალურ ამონაწერს, რომელშიც თანხებია ნაჩვენები, რომელზეც არაერთხელ მიწერა შემოსავლების სამსახურს. იმ შემთხვევაში, თუ შემოსავლების სამსახური ჯეროვნად გაანალიზებს აღნიშნულ მტკიცებულებებს, დარწმუნდება, რომ აუდიტორი --- მას აწვდიდა ცრუ ინფორმაციას, ვითომ გადამხდელისგან არაფერი არ მიუღია, ხოლო საბანკო ამონაწერები ნათლად ადასტურებენ ---ის მიერ „შექმნილი“ ბოროტი დასკვნის სრულ უსუსურობას. საყურადღებოა, რომ ის წერილი, რომელიც 2023 წლის 4 დეკემბერს აღმოაჩინა და გახსნა შპს „---“-ს ელექტრონულ პორტალზე, არის პასუხი პირადად მის მიერ (!!!) , მისი MY.GOV.GE-ზე არსებული პირადი პორტალიდან. ნაცვლად მისთვის იმავე პორტალით პასუხის გაცემისა შემოსავლების სამსახურმა გამომიგზავნა პასუხი არა MY.GOV.GE-ზე ---ს, არამედ – შპს „---“-ს RS.GE-ს პორტალზე. რით აიხსნება შემოსავლების სამსახურის ამგვარი ქმედება? რატომ არ გაეცა პასუხი იმავე გზით, რითაც მიიღეს მისი წერილი? არც ელფოსტით არ გაუგზავნეს, რომელიც განცხადებაში აქვს მითითებული! ამგვარი ქმედებებით ვართ იქ, სადაც ვართ: სასამართლო კარგავს ძვირფას დროს იმაზე, რაზეც არც ----ს და არც შემოსავლების სამსახურს არ უმსჯელიათ, არ შეუფასებიათ და დღემდე ისე წარმოაჩენენ, ვითომ არავის არაფერი არ მიუღია. ახლა რა უშლის შემოსავლების სამსახურს, კვლავ მიმართოს აუდიტორ ---ს, როგორც 2019 წელს გააკეთა? ითხოვს მის მიერ და თავად სასამართლოს მიერ წარდგენილ შპს „---“–ს მასალებზე მსჯელობას. მის წერილში ეწერა შემდეგი: კომპანიის ანგარიშზე უცხოური და ეროვნული ვალუტის შეტანა განხორციელდა შემდეგ თარიღებში და შემდეგი ოდენობით:

1) 28/07/2011: 18,185.20 ევრო - ანგარიშზე უცხოური ვალუტის შეტანა

2) 21.05.2012: 7,127.40 ევრო - ანგარიშზე უცხოური ვალუტის შეტანა

3) 23.07.2011: 119,668.85 ევრო - ანგარიშზე უცხოური ვალუტის შეტანა

4) 35.07.2011: 62,820.18 ევრო - ანგარიშზე უცხოური ვალუტის შეტანა

5) 13.10.2011: 34,282.50 ევრო - ანგარიშზე უცხოური ვალუტის შეტანა

6) 31.10.2011: 26,084.41 ევრო - ანგარიშზე უცხოური ვალუტის შეტანა

7) 18/11/2011: 40,487.65 ევრო - ანგარიშზე უცხოური ვალუტის შეტანა

8) 23.02.2011: 92,333.13 ევრო - ანგარიშზე უცხოური ვალუტის შეტანა, ხოლო ლარის შეტანა შემდეგ თარიღებში:

9) 16.09.2010: 5,785 ლარი, ანგარიშზე თანხის შეტანა

10) 03.06.2011: 9,468 ლარი, ანგარიშზე თანხის შეტანა

11) 04.06.2011: 1,850 ლარი, ანგარიშზე თანხის შეტანა

12) 23.12.2011: 650 ლარი, ანგარიშზე თანხის შეტანა

13) 01.06.2012: 4,300 ლარი, ანგარიშზე თანხის შეტანა

14) 21.06.2012: 5,842 ლარი, ანგარიშზე 5 თანხის შეტანა

15) 15.09.2012: 2,000 ლარი, ანგარიშზე თანხის შეტანა

16) 11.05.2013: 1,000 ლარი, ანგარიშზე თანხის შეტანა

17) 24.09.2013: 350 ლარი, ანგარიშზე თანხის შეტანა

18) 25.09.2013: 3,780 ლარი, ანგარიშზე თანხის შეტანა

19) 26.09.2013: 1,900 ლარი, ანგარიშზე თანხის შეტანა

20) 16.10.2013: 300 ლარი, ანგარიშზე თანხის შეტანა

21) 18/11/2013: 8,150 ლარი, ანგარიშზე თანხის შეტანა

22) 20.11.2013: 1,000 ლარი, ანგარიშზე თანხის შეტანა

23) 02.12.2013: 3,000 ლარი, ანგარიშზე თანხის შეტანა სამწუხაროდ, გ.---ს მიერ არ ყოფილა მიწოდებული შემოსავლების სამსახურისთვის. შემოსავლების სამსახურმაც, არ/ვერ გადაამოწმა ალტერნატიული აუდიტორის მიერ მიღებული იქნა თუ არა აღნიშნული ინფორმაცია, თანახმად მედიაციის საბჭოს 16 მაისის და შემდგომი ორი სხვადასხვა გადაწყვეტილებისა. ანუ, 16.05.2014 წელს მიღებული გადაწყვეტილება, მიღებული მედიაციის საბჭოს მიერ, ფაქტიურად შემოსავლების მიერ დღემდე არ აღსრულებულა. შედეგად ვიმკით უკანონობას და ---ის დაუდევრობის თუ დანაშაულის გამო ზიანი ადგება საჯარო და კერძო ინტერესებს. ითხოვს ზომების მიღებას, რომ დადგინდეს, ვინ არის პასუხისმგებელი ამ გაუგებრობაზე და მოხდეს რეაგირება 1.07.2014 წლის (მიღებული გ. ----ის მიერ) და 16.05.2014 წელს (მიღებული უშუალოდ შემოსავლების სამსახურის მიერ! - მიღებულ კომუნიკაციებზე. ახლა რაღა უშლის, შემოსავლების სამსახურს, შეისწავლოს მტკიცებულებები?? ითხოვს წარმოდგენილი მასალების დროულ შესწავლას“. ითხოვს გაუქმდეს გასაჩივრებული აქტები.

 

დავების განხილვის საბჭო

მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივრები არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საგადასახადო კოდექსის 308-ე მუხლის პირველი და მე-3 ნაწილების თანახმად:

1. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სისტემაში დავის განახლება დასაშვებია მხოლოდ ახლად აღმოჩენილი ან ახლად გამოვლენილი გარემოების შემთხვევაში, გადაწყვეტილების მიღებიდან 6 წლის ვადაში.

3. მომჩივანი ახლად აღმოჩენილი ან ახლად გამოვლენილი გარემოებით მიმართავს დავის განმხილველ ბოლო ორგანოს, რომელმაც არსებითად იმსჯელა მომჩივნის მიერ მითითებულ დავის საგანზე.

საგადასახადო კოდექსის 299-ე მუხლის მე-7 ნაწილის თანახმად, ახლად აღმოჩენილად ან ახლად გამოვლენილად ჩაითვლება ისეთი გარემოებები ან მტკიცებულებები, რომლებიც მომჩივანმა არ იცოდა და არ შეეძლო სცოდნოდა მისთვის არასასურველი გადაწყვეტილების მიღებამდე და რომელთა დროულად წარდგენა გამოიწვევდა მომჩივნისათვის ხელსაყრელი გადაწყვეტილების მიღებას.

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს იურიდიული დეპარტამენტის 21.05.2025 წლის №42371-08 წერილის მიხედვით, იურიდიული დეპარტამენტის წარმოებაშია შპს „---“-ის სარჩელი აუდიტის დეპარტამენტის 27.02.2014 წლის №11483 ბრძანების, აუდიტის დეპარტამენტის 28.02.2014 წლის №1-89 საგადასახადო მოთხოვნის, შემოსავლების სამსახურის 28.05.2014 წლის №27503 ბრძანების და საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 30.07.2021 წლის №12777/2/2021 გადაწყვეტილების ბათილად ცნობის მოთხოვნით.

თბილისის საქალაქო სასამართლოს 14.02.2024 წლის №3/7420-21 გადაწყვეტილებით სარჩელი არ დაკმაყოფილდა, რაც მოსარჩელის მიერ გასაჩივრდა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში. დღეის მდგომარეობით თბილისის სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმეზე გადაწყვეტილება მიღებული არ არის.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საბჭომ მიიჩნია, რომ ვინაიდან სადავო საკითხზე სასამართლო დავა არ დასრულებულა, საბჭო მოკლებულია შესაძლებლობას იმსჯელოს, საგადასახადო კოდექსის 308-ე და 299-ე მუხლების საფუძველზე, დავის განახლების და 28.02.2014 წლის №1-89 საგადასახადო მოთხოვნით დარიცხული თანხების გადაანგარიშების/კორექტირების თაობაზე. შესაბამისად, მომჩივნის მოთხოვნა დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:

 

1. საჩივრები არ დაკმაყოფილდეს;

2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი

საგადასახადო დავის განახლება ახლად აღმოჩენილ/გამოვლენილ გარემოებათა გამო.

 

ფაქტობრივი გარემოებები

გადასახადის გადამხდელი ძირითადად ასრულებს სამშენებლო სამუშაოებს და რეალიზაციას უკეთებს სამშენებლო მასალებს, 2010 წელს ასევე შესრულებული აქვს საპროექტო-საკონსულტაციო სამუშაოები. ალტერნატიული აუდიტორის მიერ ჩატარდა გადასახადის გადამხდელის საქმიანობის 17.02.2010 წლიდან 1.10.2013 წლამდე პერიოდის საგადასახადო შემოწმება.

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს იურიდიული დეპარტამენტის წერილის მიხედვით, იურიდიული დეპარტამენტის წარმოებაშია გადამხდელის სარჩელი აუდიტის დეპარტამენტის ბრძანების, აუდიტის დეპარტამენტის საგადასახადო მოთხოვნის, შემოსავლების სამსახურის №27503 ბრძანების და საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს №12777/2/2021 გადაწყვეტილების ბათილად ცნობის მოთხოვნით.

თბილისის საქალაქო სასამართლოს №3/7420-21 გადაწყვეტილებით სარჩელი არ დაკმაყოფილდა, რაც მოსარჩელის მიერ გასაჩივრდა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში. დღეის მდგომარეობით თბილისის სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმეზე გადაწყვეტილება მიღებული არ არის.

 

გადაწყვეტილება

საბჭომ მიიჩნია, რომ ვინაიდან სადავო საკითხზე სასამართლო დავა არ დასრულებულა, საბჭო მოკლებულია შესაძლებლობას იმსჯელოს, საგადასახადო კოდექსის 308-ე და 299-ე მუხლების საფუძველზე, დავის განახლების და საგადასახადო მოთხოვნით დარიცხული თანხების გადაანგარიშების/კორექტირების თაობაზე. შესაბამისად, მომჩივნის მოთხოვნა დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

დასაბუთება

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 299 (7); 308 (3).