ბრძანება N 8980
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
ბრძანება N 8980
25.04.2023
შპს „----------“-ის (ს/ნ ----------)
(მის.:----------)
2022 წლის 26 დეკემბრის საჩივრის
დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე
შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2023 წლის 5 აპრილის სხდომაზე (ოქმი №35) განიხილა შპს „----------“-ის (ს/ნ ----------) №77569/1/2022 საჩივარი, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2022 წლის 13 დეკემბრის №136-18 საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით.
მომჩივნის პოზიცია:
გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება იმპორტირებული ცოცხალი ზუთხის რეალიზაციაზე დამატებული ღირებულების გადასახადის განსაზღვრას, ვინაიდან აღნიშნული წარმოადგენს დღგ-სგან გათავისუფლებულ ოპერაციას. აცხადებს, რომ უცხოეთიდან შემოჰყავთ კალმახის/ზუთხის ჯიშის თევზები/ლიფსიტები, ასევე ქვირითი და ხდება მათი გაზრდა-გამრავლება და შემდგომ რეალიზაცია. რაც შეეხება შემოყვანილ ცოცხალ ზუთხს, მართლაც შემოყვანილი იქნა ცოცხალი ზუთხი გაზრდის გამრავლების და შემდგომ რეალიზაციის მიზნით. ამ დროისთვის მეურნეობაში ნაშთად ერიცხებათ როგორც სარეალიზაციო ზრდასრული თევზები, რომლებსაც უკვე გააჩნიათ საკმარისი ხორცის მასა და გემოვნური თვისებები, ისე სხვადასხვა წონის სარეალიზაციოდ არავარგისი თევზები, რომლებიც საჭიროებს გაზრდას. აცხადებს, რომ შემმოწმებლებს მიაწოდეს ინფორმაცია საქმიანობის სპეციფიკის და იმპორტირებული თევზის მცირე წონის შესახებ. საქმიანობის და თევზის ჯიშის სპეციფიკიდან გამომდინარე, ზუთხი, ვინაიდან თევზის ძირითადი მასა წარმოადგენს თავს და კუდს, როგორც საკვებად ვარგისი და რენტაბელური ხდება, როდესაც მიაღწევს მინიმუმ 2.5 კგ.-ს და შესაბამისად, მისი ასეთი მცირე ზომის რეალიზაცია შეუძლებელია მით უმეტეს საცალოდ. ამდენად, არამართებულია აუდიტორების შეფასება იმ ნაწილში, რომ რეალიზებული იქნა მცირე ზომის ცოცხალი ზუთხი და შესაბამისად, დაიბეგრა დამატებული ღირებულების გადასახადით. მიუთითებს, რომ მათ მიერ წარმოდგენილი იქნება მომწოდებელი კომპანიისგან გამოთხოვილი დოკუმენტაცია (სათანადო წესით დამოწმებული), რომ იმპორტირებული ზუთხი იყო მცირე ზომის და შესაბამისად ვერ იქნებოდა საცალოდ რეალიზებული გაზრდის და შენახვის გარეშე. ასევე, განმარტავს, რომ საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-8 მუხლის და ბუღალტრული აღრიცხვის საერთაშორისო სტანდარტი 41-ის მიხედვით, გადამხდელის საქმიანობის სახეს წარმოადგენს სასოფლო-სამეურნეო საქმიანობა და შესაბამისად, საბოლოოდ მიღებული პროდუქტი წარმოადგენს საქართველოში წარმოებულ სოფლის მეურნეობის პროდუქტს. აღნიშნულზე მითითებით, ითხოვს დარიცხული თანხების გაუქმებას.
ფაქტობრივი გარემოებები:
საქმეში არსებული მასალებით ირკვევა, რომ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2022 წლის 17 ნოემბრის №28957 ბრძანების საფუძველზე განხორციელდა შპს „----------“-ის (ს/ნ ----------) საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმება 2022 წლის ივნისის თვის საანგარიშო პერიოდზე ბიუჯეტთან ანგარიშსწორების სისწორის დადგენის მიზნით დღგ-ს ნაწილში. შემოწმების შედეგებზე 2022 წლის 9 დეკემბერს შედგა საგადასახადო შემოწმების აქტი, რაზეც გამოიცა გადასახადების/გადასახდელების და საგადასახადო სანქციების თანხების დარიცხვის/შემცირების შესახებ 2022 წლის 13 დეკემბრის №31385 ბრძანება და ამავე თარიღის №136-18 საგადასახადო მოთხოვნა, რომლის მიხედვით გადასახადის გადამხდელს ბიუჯეტში დამატებით გადასახდელად განესაზღვრა სულ 1 483 ლარი, მათ შორის, გადასახადი 1 119 ლარი, ჯარიმა 280 ლარი, საურავი 84 ლარი.
საგადასახადო შემოწმების აქტის თანახმად, დარიცხვა განპირობებულია შემდეგი გარემოებებით:
გადასახადის გადამხდელის ძირითადი საქმიანობის სფეროს წარმოადგენს ცოცხალი ციმბირული ზუთხის იმპორტი, გაზრდა და რეალიზაცია ადგილობრივ ბაზარზე. შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემების მიხედვით, გადამხდელს 2022 წლის ივნისში ---------- დან იმპორტირებული აქვს ცოცხალი ციმბირული ზუთხი და ასევე ივნისშივე უფიქსირდება ცოცხალი ციმბირული ზუთხის სასაქონლო ზედნადებებით რეალიზაცია. გადამხდელი იყენებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 172-ე მუხლით განსაზღვრულ შეღავათს. ამავე კოდექსის მე-8 მუხლის და ბუღალტრული აღრიცხვის საერთაშორისო სტანდარტი 41-ის მიხედვით აღნიშნული საქმიანობა არ მიეკუთვნება სასოფლო-სამეურნეო საქმიანობას. შესაბამისად, არ წარმოადგენს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 172-ე მუხლის მიხედვით ჩათვლის უფლებით გათავისუფლებულ ოპერაციას. ამდენად, ამავე კოდექსის 159-ე, 160-ე, 161-ე, 162-ე, 163-ე და 164-ე მუხლების თანახმად, აღნიშნული რეალიზაცია დაექვემდებარა დღგ-ით დაბეგვრას. შედეგად, საწარმოს დაერიცხა გადასახადი და ჯარიმა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად.
შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივარი და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს, შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილის მიხედვით, დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ დისტანციურად, ტექნიკურ საშუალებათა გამოყენებით. მათ ასევე უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.
სადავო საკითხთან დაკავშირებით შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 159-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტზე, რომლის მიხედვით, დღგით დასაბეგრი ოპერაციაა დასაბეგრი პირის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში ანაზღაურების სანაცვლოდ საქონლის მიწოდება.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 163-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის დღგ-ით დაბეგვრა ხორციელდება საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის მომენტში, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 164-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, დღგ-ით დასაბეგრი თანხა არის საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის სანაცვლოდ მიღებული/მისაღები ანაზღაურება დღგ-ის გარეშე, საქონლის/მომსახურების ფასთან პირდაპირ დაკავშირებული სუბსიდიის ჩათვლით. აღნიშნული დებულება გამოიყენება საქონლის/მომსახურების გაცვლის ოპერაციის (ბარტერული ოპერაციის) შემთხვევაშიც.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 172-ე მუხლის მე-4 ნაწილის „უ“ და „ფ“ ქვეპუნქტების თანახმად, დღგ-ისგან ჩათვლის უფლებით, ასევე გათავისუფლებულია:
უ) საქართველოში წარმოებული სოფლის მეურნეობის პროდუქციის (გარდა სეს ესნ-ის 0407 11 000 00 და 0407 21 000 00 კოდებით გათვალისწინებული საქონლისა (კვერცხისა) და 0207 11 სუბპოზიციაში მითითებული საქონლისა (შინაური ქათამი აუქნელი, ახალი ან გაცივებული)) მიწოდება მის სამრეწველო გადამუშავებამდე (სასაქონლო კოდის შეცვლამდე);
ფ) საქართველოში მთლიანად წარმოებული საქონლისაგან მიღებული სეს ესნ-ის 0201, 0203 11– 0203 19, 0204 10 000 00–0204 23 000 00, 0204 50 110 00–0204 50 390 00 კოდებით გათვალისწინებული საქონლის (მათ შორის, გატარებული/დაკეპილი ფორმით არსებულის (ფარშის)), საქართველოს ბინადარი ცხოველისგან მიღებული პროდუქტის სამრეწველო გადამუშავების შედეგად წარმოებული ყველის, აგრეთვე სეს ესნ-ის 0802 22 000 00 კოდით გათვალისწინებული საქონლის (ნაჭუჭგაცლილი თხილი) მიწოდება.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-8 მუხლის 62 ნაწილის შესაბამისად, სოფლის მეურნეობის პროდუქციას წარმოადგენს სასოფლო-სამეურნეო საქმიანობიდან მიღებული პროდუქტი. ამასთანავე, სოფლის მეურნეობის პროდუქციის სამრეწველო გადამუშავებად (სასაქონლო კოდის შეცვლად) არ ითვლება ბიოლოგიური ტრანსფორმაციის შედეგად სასაქონლო კოდის შეცვლა, აგრეთვე ბიოლოგიური აქტივიდან ნაყოფის მიღება (პროდუქციის მოცილება ან ბიოლოგიური აქტივის სიცოცხლის პროცესის შეწყვეტა).
ბუღალტრული აღრიცხვის საერთაშორისო სტანდარტი 41-ის მე-3 პუნქტის თანახმად, წინამდებარე სტანდარტი გამოიყენება სოფლის მეურნეობის პროდუქციის მიმართ, რომელიც წარმოადგენს საწარმოს ბიოლოგიური აქტივებიდან მიღებულ პროდუქციას, ნაყოფის მიღების მომენტისათვის. ამავე სტანდარტის მე-5 პუნქტის თანახმად, სასოფლო-სამეურნეო საქმიანობა არის საწარმოს მიერ ბიოლოგიური აქტივების ტრანსფორმაციისა და ნაყოფის მიღების მართვა გაყიდვის მიზნით, ან სოფლის მეურნეობის პროდუქციად ან დამატებით ბიოლოგიურ აქტივებად გარდაქმნის მიზნით. სოფლის მეურნეობის პროდუქცია არის საწარმოს ბიოლოგიური აქტივებიდან მიღებული პროდუქცია. ხოლო ბიოლოგიური ტრანსფორმაცია მოიცავს ზრდას, დეგენერაციას, წარმოებას და გამრავლებას, რაც იწვევს ბიოლოგიური აქტივის ხარისხობრივ ან რაოდენობრივ ცვლილებებს.
შემოსავლების სამსახური მიუთითებს შემოწმებით დადგენილ გარემოებაზე, რომლითაც ირკვევა, რომ გადამხდელის მიერ 2022 წლის ივნისის თვეში ----------დან განხორციელდა ცოცხალი ციმბირული ზუთხის იმპორტი და ივნისშივე, სასაქონლო ზედნადებებით, უფიქსირდება ცოცხალი ციმბირული ზუთხის რეალიზაცია. აღნიშნული გარემოების გათვალისწინებით, ვინაიდან გადასახადის გადამხდელის მიერ ხორციელდება იმპორტირებული თევზის, იმპორტიდან მცირე პერიოდში თევზის ტრანსფორმაციამდე, რეალიზაცია, მითითებული მიწოდება არ წარმოადგენს საქართველოს საგადასახადო კოდექსით ჩათვლის უფლებით გათვისუფლებულ ოპერაციას. ამდენად, შემოწმებით საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრა მართლზომიერია.
ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმების და ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ შემოწმებით დამატებით განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები შესაბამისობაშია კანონმდებლობის მოთხოვნებთან, გადასახადის გადამხდელის საჩივარი დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:
1. შპს „----------“-ის (ს/ნ ----------) საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, მისი ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი
გადამხდელი არ ეთანხმება იმპორტირებული ცოცხალი ზუთხის რეალიზაციაზე დამატებული ღირებულების გადასახადის განსაზღვრას, ვინაიდან აღნიშნული წარმოადგენს დღგ-სგან გათავისუფლებულ ოპერაციას.
ფაქტობრივი გარემოებები
გადამხდელის მიერ 2022 წლის ივნისის თვეში განხორციელდა ცოცხალი ციმბირული ზუთხის იმპორტი და ივნისშივე, სასაქონლო ზედნადებებით, უფიქსირდება ცოცხალი ციმბირული ზუთხის რეალიზაცია. აღნიშნული გარემოების გათვალისწინებით, ვინაიდან გადასახადის გადამხდელის მიერ ხორციელდება იმპორტირებული თევზის, იმპორტიდან მცირე პერიოდში თევზის ტრანსფორმაციამდე, რეალიზაცია, მითითებული მიწოდება არ წარმოადგენს საქართველოს საგადასახადო კოდექსით ჩათვლის უფლებით გათვისუფლებულ ოპერაციას.
გადაწყვეტილება
საბჭომ მიიჩნია, რომ სამართლებრივი ნორმებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოწმებით დამატებით განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები შესაბამისობაშია კანონმდებლობის მოთხოვნებთან, გადასახადის გადამხდელის საჩივარი დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
დასაბუთება
შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 159 (1„ა“); 163(1); 164(1); 172(4„უ“ „ფ“); 275