დაქირავებული პირისათვის გაწეული მომსახურება N 2424
📄 სრული ტექსტი
სიტუაციური სახელმძღვანელო
დაქირავებული პირისათვის გაწეული მომსახურება N 2424
ფაქტობრივი გარემოებები
· გადასახადის გადამხდელს (დამქირავებელს) დასახლებული პუნქტის გარეთ მდებარე ობიექტებზე სამუშაოების შესასრულებლად მივლინებული ჰყავს დაქირავებული პირები. დამქირავებელს დაქირავებულებთან მიმართებაში გამოცემული აქვს მივლინების ბრძანებები და ხელფასთან ერთად უნაზღაურებს გარკვეულ თანხებს მივლინების სადღეღამისო ნორმის, კვებისა და ბინის ქირის სახით.
· დაქირავებულებთან შეთანხმებით, დამქირავებელი მივლინების სადღეღამისო თანხას (დღიური-15 ლარი) ურიცხავს ინდივიდუალურ მეწარმედ არარეგისტრირებულ X ფიზიკურ პირს, რომელიც დაქირავებულებს კვების მომსახურებით უზრუნველყოფს.
· X ფიზიკურ პირს კვების მომსახურებაზე მიღება-ჩაბარების აქტები გაფორმებული აქვს დაქირავებულთან, ხოლო დამქირავებელთან არანაირი შეთანხმება არ გააჩნია.
· დამქირავებელს X ფიზიკური პირისათვის გადახდილი თანხა განხილული აქვს მივლინების ხარჯად. სხვა რაიმე საგადასახადო ვალდებულება (მათ შორის, აგენტის) არ აქვს განსაზღვრული.
შეფასება
· „სამივლინებო ხარჯების საგადასახადო შემოწმების შესახებ მეთოდური მითითების დამტკიცების თაობაზე" შემოსავლების სამსახურის უფროსის 2011 წლის 06 სექტემბრის №7545 ბრძანების შესაბამისად, მივლინება არის დამქირავებლის ბრძანებით (დავალებით) დაქირავებულის გამგზავრება სამსახურებრივი დავალების შესასრულებლად მუდმივი სამუშაო ადგილის ფარგლებს გარეთ. სადღეღამისო ხარჯი მოიცავს დაქირავებულის ყველა პირად ხარჯს გარდა მგზავრობისა და ბინის დაქირავებისა. „დაქირავებულისათვის გადახდილი სამივლინებო ხარჯების ნორმების განსაზღვრის შესახებ" საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2005 წლის 5 აპრილის №220 ბრძანების შესაბამისად, მივლინების სადღეღამისო ხარჯის ნორმა ქვეყნის შიგნით მივლინებაში ყოფნის თითოეულ დღეზე შეადგენს 15 ლარს. სსკ-ის 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავება ევალება საგადასახადო აგენტს საწარმოს/ორგანიზაციას ან მეწარმე ფიზიკური პირს, რომელიც გაწეული მომსახურების ღირებულებას უნაზღაურებს ფიზიკურ პირს, რომელიც ინდივიდუალურ მეწარმედ რეგისტრირებული არ არის.
· ვინაიდან კვების მომსახურებით სარგებლობს დაქირავებული, რომელიც არ წარმოადგენს საწარმოს და ფიზიკურ პირს მიღება-ჩაბარების აქტები გაფორმებული აქვს დაქირავებულთან, დამქირავებელს არ ეკისრება საგადასახადო აგენტის მოვალეობა გადახდილ თანხებთან მიმართებაში.
ღონისძიებები
· დამქირავებლის ქმედებაში საგადასახადო სამართალდარღვევა არ იკვეთება და დამატებითი საგადასახადო ვალდებულების დაკისრება არ ხდება.
სიტუაციური სახელმძღვანელო არ არეგულირებს არარეგისტრირებული ფიზიკურ პირის საგადასახადო ვალდებულებებს
სიტუაციური სახელმძღვანელო დამტკიცებულია 2018 წლის 10 იანვრისთვის მოქმედი საგადასახადო კანონმდებლობის მიხედვით