ბრძანება N 6145

შემოსავლების სამსახურის დავების გადაწყვეტილება საჩივრის თაობაზე 20.03.2026
№ დოკუმენტი 6145
სტატუსი მოქმედი
მიმღები შემოსავლების სამსახურის უფროსი/დავების საბჭოს თავმჯდომარე
სტრუქტურული ერთეული საბაჟო დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

N 6145

20 მარტი 2026

ბ რ ძ ა ნ ე ბ ა

 

----- ----- (ს/ნ -----) (მის.:-----)

2026 წლის 26 თებერვლის საჩივრის თაობაზე.

 

შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2026 წლის 13 მარტის სხდომაზე (ოქმი N 23) განიხილა ----- ----- (ს/ნ ----- ) N 101053/1/2026 საჩივარი, რომელიც ეხება შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის 2025 წლის 22 ოქტომბრის N EL298601, 2026 წლის 12 თებერვლის N EL307847 საბაჟო სამართალდარღვევის ოქმებს და N EL11113/34 (N 022-34) საგადასახადო მოთხოვნას.

 

მომჩივნის არგუმენტაცია:

საჩივრის ავტორი განმარტავს, რომ არ ეწევა სამეწარმეო საქმიანობას და არის უმუშევარი, ხოლო ის ფაქტები რაც მითითებულია სადავო ოქმებში მისთვის არ იყო ცნობილი.

აღნიშნულზე მითითებით ითხოვს სადავო აქტებით დარიცხული თანხების მოხსნას.

 

ფაქტობრივი გარემოებები:

საქმის მასალებითა და საბაჟო დეპარტამენტიდან წარმოდგენილი ინფორმაციით ირკვევა, რომ 2021 წლის 4 სექტემბერს ----- (ს/ნ ----- ) მიერ საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოყვანილი სატრანსპორტო საშუალება (ს/ნ -----) ავტოსატრანსპორტო საშუალების საბაჟო დეკლარაციით N ----- მოექცა დროებით შემოტანის პროცედურაში 2024 წლის 22 აგვისტომდე ვადით.

ვინაიდან ----- მიერ N ----- საბაჟო დეკლარაციით განსაზღვრულ ვადაში არ განხორციელდა დროებითი შემოტანის პროცედურაში მოქცეული საქონლის სხვა საბაჟო პროცედურაში ან რეექსპორტში მოქცევა, გამოვლენილი სამართალდარღვევის ფაქტზე, გაფორმების ეკონომიკური ზონა „-----“ უფლებამოსილი პირის მიერ 2025 წლის 22 ოქტომბერს შედგენილ იქნა N EL298601 საბაჟო სამართალდარღვევის ოქმი, რომლითაც ----- (ს/ნ ----- ) საბაჟო პროცედურის პირობების დარღვევისათვის დაეკისრა საქართველოს საბაჟო კოდექსის 171-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა და სანქციის სახით შეეფარდა ჯარიმა 500 ლარის ოდენობით. აღნიშნული საბაჟო სამართალდარღვევის ოქმი ----- გაეგზავნა საბაჟო დეპარტამენტის 2025 წლის 24 ოქტომბრის N ----- წერილით და ამავე წერილით ეცნობა, რომ შეტყობინების მიღებიდან 10 დღის ვადაში უნდა შეესრულებინა საბაჟო ზედამხედველობის დასრულებისათვის აუცილებელი ფორმალობები, წინააღმდეგ შემთხვევაში განხორციელდებოდა საქართველოს საბაჟო კოდექსით გათვალისწინებული ღონისძიებები. მითითებული დოკუმენტი ადრესატს საფოსტო გზავნილით გაეგზავნა ორჯერ, მაგრამ ვერ მოხერხდა ჩაბარება, 2025 წლის 26 დეკემბერს კი დოკუმენტი გავრცელდა საჯაროდ და საჯაროდ გავრცელებიდან მე-20 დღეს – 2026 წლის 15 იანვარს ჩაითვალა ----- ჩაბარებულად.

ვინაიდან ამოიწურა შეტყობინებით განსაზღვრული ვადა, მაგრამ საქონლის მიმართ ----- მიერ არ განხორციელებულა საქონლის საბაჟო პროცედურაში/რეექსპორტში დეკლარირება და არც საბაჟო ზედამხედველობის დასრულებისთვის საჭირო სხვა აუცილებელი ფორმალობები შესრულებულა, საბაჟო ორგანოს უფლებამოსილი პირის მიერ 2026 წლის 12 თებერვალს შედგენილ იქნა N EL307847 საბაჟო სამართალდარღვევის ოქმი, რომლითაც ----- დაეკისრა საქართველოს საბაჟო კოდექსის 172-ე მუხლით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა და სანქციის სახით შეეფარდა ჯარიმა 3999.46 ლარი (სატრანსპორტო საშუალებაზე გადასახდელი იმპორტის გადასახდელის თანხის 100 პროცენტი).

ამასთან ერთად, იმავე დღეს გამოიცა N ----- საგადასახადო მოთხოვნა, რომლითაც ----- უკანონოდ განკარგულ საქონელზე დაერიცხა შესაბამისი გადასახდელები, ასევე საქართველოს საგადასახადო კოდექსის 272-ე მუხლის შესაბამისად – საურავი.

 

შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ საჩივარი 2025 წლის 22 ოქტომბრის N EL298601 საბაჟო სამართალდარღვევის ოქმის გასაჩივრების ნაწილში უნდა დარჩეს განუხილველი შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს საბაჟო კოდექსის მე-10 მუხლის მე-7 ნაწილით დადგენილია, რომ საბაჟო ორგანოს/დავის განმხილველ ორგანოს უფლება აქვს, დოკუმენტი საჯაროდ გაავრცელოს, თუ პირი (გარდა ფიზიკური პირისა) საბაჟო ორგანოს მიერ ელექტრონული ფორმით გაგზავნილ დოკუმენტს გადასახადის გადამხდელის ავტორიზებული მომხმარებლის გვერდზე განთავსებიდან 30 დღის განმავლობაში არ გასცნობია. თუ პირი ფიზიკური პირია, დოკუმენტის საჯაროდ გავრცელება შესაძლებელია, თუკი შესრულებულია შემდეგი პირობები:

ა) პირს ორჯერ მაინც გაეგზავნა/წარედგინა დოკუმენტი წერილობითი ფორმით და ადრესატისთვის მისი ჩაბარება ვერ მოხერხდა;

ბ) პირი არ არის შემოსავლების სამსახურის ოფიციალური ვებგვერდის ავტორიზებული მომხმარებელი ან ადრესატი დოკუმენტს ავტორიზებული მომხმარებლის გვერდზე განთავსებიდან 30 დღის განმავლობაში არ გასცნობია.

ამავე მუხლის მე-8 ნაწილის შესაბამისად, დოკუმენტის საჯაროდ გავრცელება ხდება მისი შემოსავლების სამსახურის ოფიციალურ ვებგვერდზე განთავსებით. ეს დოკუმენტი ჩაბარებულად მიიჩნევა ამ ვებგვერდზე განთავსებიდან მე-20 დღეს.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 299-ე მუხლის მე-4 ნაწილის მიხედვით პირს უფლება აქვს, გაასაჩივროს საგადასახადო ორგანოს გადაწყვეტილება მისი ჩაბარებიდან 30 დღის ვადაში.

ამავე კოდექსის 301-ე მუხლის ,,ე” ქვეპუნქტის საფუძველზე დავის განმხილველი ორგანო საჩივარს არ განიხილავს, თუ გასულია საჩივრის წარდგენის ვადა.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 299-ე მუხლის მე-10 ნაწილის მიხედვით, კი საგადასახადო ორგანოს გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს საჩივრის წარდგენის ვადის გასვლის შემდეგაც, თუ მომჩივანი დაამტკიცებს, რომ გასაჩივრების ვადის დარღვევა მისგან დამოუკიდებელი მიზეზით იყო გამოწვეული.

საქმის მასალებითა და შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემებით ირკვევა, რომ მომჩივანი შესაბამის პერიოდში არ იყო შემოსავლების სამსახურის ოფიციალური ვებგვერდის ავტორიზებული მომხმარებელი. 2025 წლის 22 ოქტომბრის N EL298601 საბაჟო სამართალდარღვევის ოქმი შემოსავლების სამსახურის მიერ სამართალდამრღვევს გაეგზავნა მატერიალური ფორმით 2 ჯერ, თუმცა მათი ჩაბარება ვერ მოხერხდა. აღნიშნულის გამო 2025 წლის 26 დეკემბერს განხორციელდა N EL298601 საბაჟო სამართალდარღვევის ოქმის საჯაროდ გავრცელება, რაც შემოსავლების სამსახურის ოფიციალურ ვებგვერდზე განთავსებიდან მე-20 დღეს (2026 წლის 15 იანვარს) ჩაითვალა ჩაბარებულად.

ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ ვინაიდან საჩივარი წარმოდგენილია საბაჟო ორგანოს გადაწყვეტილების გასაჩივრებისთვის კანონით დადგენილი ვადის დარღვევით, ხოლო მომჩივანს არ წარმოუდგენია პოზიცია გასაჩივრების ვადის მისგან დამოუკიდებელი მიზეზით დარღვევის თაობაზე, სახეზეა ამ ნაწილში საჩივრის განუხილველად დატოვების საქართველოს საგადასახადო კოდექსის 301-ე მუხლის „ე“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საფუძველი.

 

შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ საჩივარი 2026 წლის 12 თებერვლის N EL307847 საბაჟო სამართალდარღვევის ოქმისა და N EL11113/34 (N 022-34) საგადასახადო მოთხოვნის გასაჩივრების ნაწილში არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილის შესაბამისად, დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ დისტანციურად, ტექნიკურ საშუალებათა გამოყენებით. მათ ასევე უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.

საქართველოს საბაჟო კოდექსის მე-5 მუხლის მიხედვით, საბაჟო ორგანო ახორციელებს საბაჟო ზედამხედველობას, საბაჟო კონტროლს და საბაჟო ფორმალობებს.

ამავე კოდექსის მე-6 მუხლის მიხედვით:

საბაჟო კონტროლი არის საქართველოს საბაჟო კანონმდებლობის, აგრეთვე საქართველოს საბაჟო ტერიტორიასა და უცხო ქვეყანას შორის გადაადგილებული საქონლის შემოტანის, ტრანზიტის, გადაადგილების, შენახვის, მიზნობრივი დანიშნულებით გამოყენებისა და გატანის, აგრეთვე უცხოური საქონლის და მიზნობრივი დანიშნულებით გამოყენებული საქონლის საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე განთავსებისა და გადაადგილების მარეგულირებელი სხვა სამართლებრივი აქტების მოთხოვნათა დაცვის უზრუნველსაყოფად საბაჟო ორგანოს მიერ განსახორციელებელი ცალკეული ქმედებები;

საბაჟო ზედამხედველობა გულისხმობს საბაჟო ორგანოს მიერ განსახორციელებელ ღონისძიებათა ერთობლიობას, რომლის მიზანია საქონლის მიმართ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი ვალდებულებების შესრულებას;

ვალდებული პირი არის პირი, რომელიც საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად ვალდებულია შეასრულოს საბაჟო ვალდებულება.

საქართველოს საბაჟო კოდექსის 70-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანილი საქონელი შემოტანისთანავე ექვემდებარება საბაჟო ზედამხედველობას და შეიძლება დაექვემდებაროს საბაჟო კონტროლის პროცედურებს. მე-2 ნაწილით კი დადგენილია, რომ საქონელი მისი საბაჟო სტატუსის განსაზღვრამდე საბაჟო ზედამხედველობის ქვეშ რჩება და საბაჟო ორგანოს თანხმობის გარეშე მისი საბაჟო ზედამხედველობიდან გატანა ან განკარგვა არ შეიძლება.

ამავე საკანონმდებლო აქტის 71-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საბაჟო ორგანომ შეიძლება საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანილი საქონლისთვის განსაზღვროს საბაჟო მარშრუტი ან/და დაადგინოს ვადა, რომლის განმავლობაშიც ეს საქონელი საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე უნდა გადაადგილდეს. ამ შემთხვევაში საბაჟო ზედამხედველობის ქვეშ მყოფი საქონლის საბაჟო ორგანოს მიერ განსაზღვრული საბაჟო მარშრუტითა და დადგენილ ვადაში გადაზიდვის/გადატანის ვალდებულება ამ საქონლის საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემომტან პირს ეკისრება.

„საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის გადაადგილებისა და გაფორმების შესახებ ინსტრუქციების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2019 წლის 29 აგვისტოს N 257 ბრძანებით დამტკიცებული „საბაჟო ზედამხედველობის შესახებ“ ინსტრუქციის (დანართი N 3) პირველი მუხლის პირველი და მე-2 პუნქტები აზუსტებს, რომ საბაჟო ზედამხედველობის ქვეშ მოქცეული საქონლის მიმართ შეიძლება განხორციელდეს მხოლოდ საბაჟო ორგანოსთან შეთანხმებული მოქმედებები და ოპერაციები, ხოლო საბაჟო ზედამხედველობის ქვეშ მოქცეული საქონელი უნდა დარჩეს უცვლელ მდგომარეობაში, გარდა იმ ცვლილებებისა, რომლებიც გამოწვეულია ბუნებრივი ცვეთის, ტრანსპორტირების ან შენახვის ნორმალური პირობებისათვის დამახასიათებელი ბუნებრივი დანაკარგებით.

საქართველოს საბაჟო კოდექსის 163-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, საბაჟო სამართალდარღვევა არის პირის მართლსაწინააღმდეგო ქმედება (მოქმედება ან უმოქმედობა), რომლის ჩადენისთვისაც ამ კოდექსით გათვალისწინებულია პასუხისმგებლობა.

ამავე კოდექსის 172-ე მუხლის მიხედვით, საბაჟო პროცედურის/რეექსპორტის პირობების დარღვევა ან სხვა ქმედება, რამაც გამოიწვია საბაჟო ზედამხედველობის ქვეშ მყოფი საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების უკანონო განკარგვა, დაკარგვა ან განადგურება, – იწვევს დაჯარიმებას იდენტურ/მსგავს საქონელზე ან/და სატრანსპორტო საშუალებაზე გადასახდელი იმპორტის გადასახდელის თანხის 100 პროცენტის ოდენობით.

ამავე საკანონმდებლო აქტის 49-ე მუხლის პირველ ნაწილის შესაბამისად, იმპორტის გადასახადით დასაბეგრ საქონელზე საბაჟო ვალდებულება წარმოიშობა, თუ დაირღვა:

უცხოური საქონლის საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანასთან, საბაჟო ზედამხედველობიდან გატანასთან, გადაადგილებასთან, გადამუშავებასთან, საბაჟო საწყობში ან თავისუფალ ზონაში შენახვასთან, დროებით შენახვასთან ან განკარგვასთან დაკავშირებული საქართველოს საბაჟო კანონმდებლობა;

უცხოური საქონლის საბაჟო პროცედურაში/რეექსპორტში მოქცევის პირობა ან საქონლის მიზნობრივი დანიშნულებით გამოყენებისას მისი იმპორტის გადასახდელისგან გათავისუფლების პირობა.

ამავე მუხლის მე-2 ნაწილით დადგენილია, რომ საბაჟო ვალდებულების წარმოშობის დრო არის:

ა) იმ ვალდებულების შეუსრულებლობის ან შესრულების შეწყვეტის მომენტი, რომლის შეუსრულებლობა იწვევს საბაჟო ვალდებულების წარმოშობას;

ბ) საქონლის საბაჟო პროცედურაში/რეექსპორტში მოქცევის დეკლარაციის რეგისტრაციის მომენტი, თუ დადგინდა, რომ ფაქტობრივად არ სრულდება ამ საბაჟო პროცედურის/რეექსპორტის პირობა ან საქონლის მიზნობრივი დანიშნულებით გამოყენებისას მისი იმპორტის გადასახდელისგან გათავისუფლების პირობა.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 64-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, საგადასახადო ორგანო ვალდებულია პირს წარუდგინოს საგადასახადო მოთხოვნა, თუ არსებობს მისი წარდგენის ერთერთი შემდეგი საფუძველი:

ბ) გადასახადის დარიცხვის ან/და სანქციის დაკისრების შესახებ საგადასახადო ორგანოს გადაწყვეტილება ან საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმი;

დ) პირისათვის იმპორტის გადასახდელის დარიცხვის შესახებ ან/და საბაჟო სანქციის შეფარდების შესახებ საბაჟო ორგანოს გადაწყვეტილება ან საბაჟო სამართალდარღვევის ოქმი.

ამავე კოდექსის 272–ე მუხლის შესაბამისად საურავი არის საგადასახადო სანქცია, რომელიც პირს ეკისრება საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვადაში გადასახადის გადასახდელი თანხის გადაუხდელობისთვის.

კანონმდებლობა ვალდებულ პირს აკისრებს ვალდებულებას ჯეროვნად შეასრულოს საქართველოს საბაჟო კანონმდებლობით დადგენილი ვალდებულებები. ამ ვალდებულებების შეუსრულებლობა ან მათი არაჯეროვნად შესრულება წარმოადგენს ამ ვალდებულებათა დარღვევას, რაც გამოიწვევს საქართველოს საბაჟო კანონმდებლობით გათვალისწინებულ პასუხისმგებლობას.

დადგენილია, რომ მომჩივანი არის საქონლის საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემომტანი პირი და სწორედ მას ავალდებულებს კანონმდებლობა სატრანსპორტო საშუალება დადგენილ ვადაში და უცვლელ მდგომარეობაში წარედგინა გაფორმების ორგანოში, რაც არ განუხორციელებია. შესაბამისად, მისი მხრიდან ადგილი ჰქონდა საბაჟო სამართალდარღვევის ჩადენის ფაქტს, რაც გამოიხატა საბაჟო ზედამხედველობის ქვეშ მყოფი სატრანსპორტო საშუალების მიმართ განხორციელებულ ისეთ ქმედებაში, რამაც გამოიწვია საბაჟო ზედამხედველობის ქვეშ მყოფი სატრანსპორტო საშუალების უკანონო განკარგვა. აღნიშნული არის პირის მართლსაწინააღმდეგო ქმედება (მოქმედება ან უმოქმედობა), რომლის ჩადენისთვისაც საქართველოს საბაჟო კოდექსით გათვალისწინებულია პასუხისმგებლობა. ამდენად, მომჩივნისთვის სადავო ოქმით საქართველოს საბაჟო კოდექსის 172-ე მუხლის შესაბამისად დაკისრებული პასუხისმგებლობა მართლზომიერია.

ამასთან ვინაიდან, არსებობს სადავო საბაჟო სამართალდარღვევის ოქმით საქართველოს საბაჟო კოდექსის 172-ე მუხლის შესაბამისად საბაჟო სანქციის დაკისრების ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძველი, მომჩივნისთვის საქართველოს საბაჟო კოდექსის 49-ე მუხლისა და საქართველოს საგადასახადო კოდექსის 64-ე მუხლის შესაბამისად წარმოშობილ ვალდებულებაზე სადავო საგადასახადო მოთხოვნის წარდგენაც მართლზომიერად უნდა ჩაითვალოს.

ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ სადავო 2026 წლის 12 თებერვლის N EL307847 საბაჟო სამართალდარღვევის ოქმი, N EL11113/34 (N 022-34) საგადასახადო მოთხოვნა და დაკისრებული პასუხისმგებლობა შეესაბამება საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ მოთხოვნებს და არ არსებობს ამ ნაწილში საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 301-ე და 304-ე მუხლების საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

 

1. ----- ----- (ს/ნ ----- ) საჩივარი 2025 წლის 22 ოქტომბრის N EL298601 საბაჟო სამართალდარღვევის ოქმის გასაჩივრების ნაწილში დარჩეს განუხილველი;

2. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდეს; 3. ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ.N 16) ან ქუთაისის საქალაქო სასამართლოში (მის.: ქ. ქუთაისი, ვიქტორ კუპრაძის ქ. N 11), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესით, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი:

გადასახადის გადამხდელი ითხოვს სადავო აქტებით დარიცხული თანხების მოხსნას.

 

ფაქტობრივი გარემოებები:

პირმა დროებით შემოტანილი ავტომობილი ვადაში არ გადააკეთა სხვა საბაჟო რეჟიმში და არ გაიყვანა ქვეყნიდან. ამის გამო პირველად დაჯარიმდა და მიეცა დამატებითი ვადა, თუმცა ვალდებულება მაინც არ შეასრულა. შედეგად, განმეორებით დაეკისრა უფრო დიდი ჯარიმა და დამატებითი გადასახადები.

 

გადაწყვეტილება:

შემოსავლების სამსახურმა დაადგინა, რომ საგადასახადო მოთხოვნა და დაკისრებული პასუხისმგებლობა შეესაბამება საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ მოთხოვნებს და არ არსებობს ამ ნაწილში საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.

 

დასაბუთება:

შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საბაჟო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 49; 64; 172;.