ბრძანება N 6566
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
N 6566
26 მარტი 2024
ბ რ ძ ა ნ ე ბ ა
შპს „----------“ (ს/ნ ----------)
(მის.: ----------)
2024 წლის 18 მარტის საჩივრების
დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე
შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2024 წლის 25 მარტის სხდომაზე (ოქმი №32) განიხილა შპს „----------“ (ს/ნ ----------) №88504/1/2024 და №88530/1/2024 საჩივრები, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2024 წლის 16 თებერვლის №001-18 საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით.
სადავო საკითხი:
პირი არ ეთანხმება ქონების გადასახადში განსაზღვრულ საგადასახადო ვალდებულებებს. აცხადებს, რომ 2017 წელს, სახელმწიფო ქონების ეროვნულს სააგენტოსთან გაფორმებული ხელშეკრულების საფუძველზე, იჯარით აიღო გაველურებული მიწის ნაკვეთები (სტიქიით განადგურების გამო მოხდა მისი ნულოვანი გასხვლა), მათი აღდგენა-რეაბილიტაციის მიზნით, ---------- და ---------- ტერიტორიაზე. მომჩივანი აღნიშნავს, რომ ვინაიდან, მიწის ნაკვეთი იყო უნაყოფო, საჭიროებდა აღდგენას და ჩაის პლანტაციის გაშენებას, პირმა მიიჩნია, რომ სარგებლობდა შეღავათით მიწის გადასახადთან დაკავშირებით. ითხოვს ერთი წლის მიწის გადასახადისგან და სანქციისგან განთავისუფლებას.
ფაქტობრივი გარემოებები:
საქმის მასალებით დგინდება, რომ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2024 წლის 25 იანვრის №1122 ბრძანების საფუძველზე ჩატარდა შპს „----------“ (ს/ნ ----------) საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმება 2021 წლის პირველი იანვრიდან 2024 წლის პირველ იანვრამდე საანგარიშო პერიოდებში მიწაზე ქონების გადასახადის დაბეგვრის სისწორის დადგენის მიზნით. საგადასახადო შემოწმების შედეგებზე 2024 წლის 29 იანვარს შედგა საგადასახადო შემოწმების აქტი, გამოიცა 2024 წლის 16 თებერვლის №3311 ბრძანება და ამავე თარიღის №001-18 საგადასახადო მოთხოვნა, რომლის საფუძველზე გადასახადის გადამხდელს დამატებით გადასახდელად განესაზღვრა სულ 14 196 ლარი, მათ შორის გადასახადი 8 223 ლარი, ჯარიმა 4 111 ლარი და საურავი 1 862 ლარი.
საგადასახადო შემოწმების აქტის მიხედვით, სადავო საკითხთან დაკავშირებით, დარიცხვა განპირობებულია შემდეგი გარემოებით:
შპს „----------“ (ს/ნ ----------) საქმიანობის საგანს წარმოადგენს ჩაის გადამუშავება. გადასახადის გადამხდელი საქმიანობას ეწევა ---------- იჯარით აღებულ მიწაზე. საჯარო რეესტრის მონაცემებზე დაყრდნობით, გადასახადის გადამხდელს, ----------, 2017 წლიდან უფიქსირდება სახელმწიფოსგან იჯარით აღებული სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთები, სულ 34.83 ჰა. ასევე, გადასახადის გადამხდელს ---------- უფიქსირდება არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი -780 მ2 .
შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემების დამუშავების შედეგად დგინდება, რომ გადასახადის გადამხდელის მიერ ქონების გადასახადში საგადასახადო ვალდებულებები სრულად არ არის შესრულებული.
ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 203-ე, 204-ე, 205-ე მუხლების თანახმად, შემოწმების მიერ გაანგარიშებულ იქნა შპს „----------“ კუთვნილი მიწის გადასახადი. შედეგად, პირს დაერიცხა გადასახადი და ჯარიმა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის შესაბამისად.
შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივრები და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილის მიხედვით, დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ დისტანციურად, ტექნიკურ საშუალებათა გამოყენებით. მათ ასევე უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.
სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 203-ე მუხლის ,,ბ“ ქვეპუნქტზე, რომლის თანახმად, მიწაზე ქონების გადასახადის გადამხდელია პირი საგადასახადო წლის 1 აპრილის მდგომარეობით სახელმწიფო საკუთრებაში არსებულ მიწაზე, რომლითაც სარგებლობს ან რომელსაც ფლობს იგი.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 204-ე პირველი ნაწილის თანახმად, სასოფლო-სამეურნეო დანიშნულებისა და ტყის მიწებზე ქონების გადასახადის წლიური საბაზისო განაკვეთები დიფერენცირებულია ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეულებისა და მიწის კატეგორიების მიხედვით და დგინდება 1 ჰექტარზე გაანგარიშებით, ლარში. ამავე ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტის თანახმად, მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოს გადაწყვეტილებით განისაზღვრება გადასახადის განაკვეთი, რომლის ოდენობა არ უნდა აღემატებოდეს ამ ნაწილით დადგენილი წლიური საბაზისო განაკვეთის 150 პროცენტს.
ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწაზე ქონების გადასახადის განაკვეთები კონკრეტული მიწის ნაკვეთისათვის, მიწის ნაკვეთის ადგილმდებარეობის გათვალისწინებით, გაიანგარიშება შემდეგი წესით:
ა) გადასახადის საბაზისო განაკვეთი დგინდება წელიწადში მიწის ერთ კვადრატულ მეტრზე 0.24 ლარის ოდენობით;
ბ) მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოს − საკრებულოს გადაწყვეტილებით, შესაბამისი საბაზისო განაკვეთი მრავლდება ტერიტორიულ კოეფიციენტზე. ამასთანავე, ტერიტორიული კოეფიციენტი არ შეიძლება იყოს 1,5-ზე მეტი.
ამავე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, მიწაზე საგადასახადო ვალდებულება განისაზღვრება საგადასახადო წლის 1 აპრილისათვის მოქმედი განაკვეთების მიხედვით.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 205-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, საწარმო/ორგანიზაცია ქონების გადასახადის დეკლარაციას შესაბამის საგადასახადო ორგანოს წარუდგენს არა უგვიანეს კალენდარული წლის 1 აპრილისა და ამავე ვადაში იხდის ქონების გადასახადს, გარდა ამ მუხლის მე-7 ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევისა. დეკლარაციაში მონაცემები დასაბეგრი ქონების შესახებ შეიტანება გასული საგადასახადო წლის მიხედვით, ხოლო დასაბეგრი მიწის შესახებ – მიმდინარე საგადასახადო წლის მიხედვით.
ამავე მუხლის მე-7 ნაწილის თანახმად საწარმო/ორგანიზაცია მიწაზე ქონების გადასახადს იხდის არა უგვიანეს კალენდარული წლის 15 ნოემბრისა.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 206-ე მუხლის პირველი ნაწილის „ნ“ და „რ“ ქვეპუნქტების თანახმად, შესაბამისი დაბეგვრის ობიექტის მიხედვით ქონების გადასახადისაგან გათავისუფლებულია:
ნ) სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი, რომლის ნაყოფიერი ფენაც სანახევროდ ან მეტადაა დაზიანებული სტიქიის (ქარიშხლის, სეტყვის, გვალვის, წყალდიდობის, მეწყრის და სხვა) შედეგად, რაც დასტურდება მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოს მიერ გაცემული ცნობით;
რ) ფიზიკური და იურიდიული პირები, რომლებმაც მიიღეს ახალასათვისებელი სასოფლოსამეურნეო დანიშნულების მიწები, – მიღებიდან 5 წლის განმავლობაში.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.
შემოწმებით დადგენილი გარემოებაა, რომ საჯარო რეესტრის მონაცემებზე დაყრდნობით გადასახადის გადამხდელს ---------- 2017 წლიდან უფიქსირდება სახელმწიფოსგან იჯარით აღებული სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთები, ასევე უფიქსირდება არასასოფლოსამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი -780 მ2 , რომლებზეც გადასახადის გადამხდელს ქონების გადასახადში საგადასახადო ვალდებულებები სრულად არ აქვს შესრულებული, რის საფუძველზეც პირს მიწაზე ქონების გადასახადში განესაზღვრა საგადასახადო ვალდებულებები.
გადასახადის გადამხდელის არგუმენტზე, შეღავათით სარგებლობის უფლებასთან მიმართებით, შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ გადასახადის გადამხდელს დავის წარმოების პროცესში არ წარმოუდგენია მისი პოზიციის დამადასტურებელი მტკიცებულება/დოკუმენტი, ხოლო, წარმოდგენილი დოკუმენტებით არ დასტურდება სადავო მიწის ნაკვეთზე შეღავათით სარგებლობის საფუძვლები.
დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, ვინაიდან პირს მფლობელობაში აქვს სახელმწიფო საკუთრებაში არსებული მიწა და ასევე უფიქსირდება არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი, რომელზეც არ აქვს შესრულებული საგადასახადო ვალდებულებები სრულყოფილად, შემოსავლების სამსახური მართლზომიერად მიიჩნევს შემოწმებით ქონების გადასახადში განსაზღვრულ საგადასახადო ვალდებულებებს. ამასთან, შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ გადასახადის გადამხდელი წარმოდგენილ საჩივარში ვერ უთითებს ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე, თუ რა ნაწილში იქნა საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრული არამართლზომიერად, ხოლო დავის წარმოების პროცესში არ აქვს წარმოდგენილი იმგვარი მტკიცებულებები/არგუმენტები, რომლებიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმების აქტით დადგენილ გარემოებებს.
ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ შემოწმების შედეგად განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები შესაბამისობაშია კანონმდებლობის მოთხოვნებთან, წარმოდგენილი საჩივრები აღნიშნულ სადავო საკითხთან დაკავშირებით დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
შემოწმებით განსაზღვრულ სანქციასთან დაკავშირებით შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტზე, რომლის თანახმად, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია შეასრულოს საგადასახადო ვალდებულებები საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილი წესითა და პირობებით. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის მიხედვით, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საგადასახადო სამართალდარღვევად ითვლება პირის მართლსაწინააღმდეგო ქმედება (მოქმედება ან უმოქმედობა), რომლისთვისაც ამ კოდექსით გათვალისწინებულია პასუხისმგებლობა. საგადასახადო სამართალდარღვევისათვის პირს პასუხისმგებლობა შეიძლება დაეკისროს მხოლოდ ამ კოდექსით დადგენილი საფუძვლითა და წესით.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 270-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საგადასახადო სანქცია არის პასუხისმგებლობის ზომა ჩადენილი საგადასახადო სამართალდარღვევისათვის. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, საგადასახადო სანქცია გამოიყენება გაფრთხილების, საურავის, ფულადი ჯარიმის, სამართალდარღვევის საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების უსასყიდლოდ ჩამორთმევის სახით, ამ კოდექსით გათვალისწინებულ შემთხვევებში.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, საგადასახადო დეკლარაციაში/გაანგარიშებაში გადასახადის თანხის შემცირება, გარდა ამ მუხლის პირველი, 21 და 22 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა, იწვევს დაჯარიმებას შემცირებული გადასახადის თანხის 50 პროცენტის ოდენობით.
შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილზე, რომლის თანახმად, საგადასახადო ორგანოს/დავის განმხილველ ორგანოს უფლება აქვს, გაათავისუფლოს კეთილსინდისიერი გადასახადის გადამხდელი ამ კოდექსით გათვალისწინებული სანქციისაგან, თუ სამართალდარღვევა გამოწვეულია გადასახადის გადამხდელის შეცდომით/არცოდნით.
შემოსავლების სამსახური განმარტავს, რომ გადასახადის გადამხდელის კეთილსინდისიერება უკავშირდება მის მიერ დაშვებულ შეცდომას, გადამხდელი კეთილსინდისიერია იმ შემთხვევაში თუ სამართალდარღვევა გამოწვეულია მის მიერ დაშვებული შეცდომით (არცოდნით). კეთილსინდისიერება გულისხმობს პირის სუბიექტურ დამოკიდებულებას მის მიერ ჩადენილი ქმედებისადმი. პირი მოქმედებს საპატიებელი შეცდომის პირობებში ანუ მან არ იცოდა და არც შეიძლებოდა სცოდნოდა, რომ ჩადიოდა აკრძალულ ქმედებას (სამართალდარღვევას). საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის მიზანია საგადასახადო პასუხისმგებლობისგან გაათავისუფლოს პირი, რომელიც სამართლებრივი შეცდომის არეალში მოქმედებდა, რადგან სამართლებრივი შეცდომის დროს პირი არასწორად აფასებს ჩადენილი ქმედების სამართლებრივ არსს და ამ ქმედებით გამოწვეულ სამართლებრივ შედეგს.
შემოსავლების სამსახური მიუთითებს ფაქტობრივ გარემოებებზე, რომლის მიხედვით, გადასახადის გადამხდელს არასრულად ჰქონდა შესრულებული საგადასახადო ვალდებულებები, ამასთან, მომჩივანი ვერ უთითებს ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე, რომლითაც დადასტურდება, რომ გადასახადის გადამხდელი საგადასახადო ვალდებულებების არაჯეროვნად შესრულებისას მოქმედებდა სამართლებრივი შეცდომის არეალში. შესაბამისად, საგადასახადო შემოწმების შედეგად დარიცხული ჯარიმის მიმართ შემოსავლების სამსახურს მიზანშეწონილად არ მიაჩნია საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის გამოყენება.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:
1. შპს „----------“ (ს/ნ ----------) საჩივრები არ დაკმაყოფილდეს;
2. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი
პირი არ ეთანხმება ქონების გადასახადში განსაზღვრულ საგადასახადო ვალდებულებებს.
ფაქტობრივი გარემოებები
საჯარო რეესტრის მონაცემებზე დაყრდნობით გადასახადის გადამხდელს მარტვილის რაიონში 2017 წლიდან უფიქსირდება სახელმწიფოსგან იჯარით აღებული სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთები, ასევე უფიქსირდება არასასოფლოსამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი -780 მ2, რომლებზეც გადასახადის გადამხდელს ქონების გადასახადში საგადასახადო ვალდებულებები სრულად არ აქვს შესრულებული, რის საფუძველზეც პირს მიწაზე ქონების გადასახადში განესაზღვრა საგადასახადო ვალდებულებები. გადასახადის გადამხდელის არგუმენტზე, შეღავათით სარგებლობის უფლებასთან მიმართებით, შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ გადასახადის გადამხდელს დავის წარმოების პროცესში არ წარმოუდგენია მისი პოზიციის დამადასტურებელი მტკიცებულება/დოკუმენტი, ხოლო, წარმოდგენილი დოკუმენტებით არ დასტურდება სადავო მიწის ნაკვეთზე შეღავათით სარგებლობის საფუძვლები. დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, ვინაიდან პირს მფლობელობაში აქვს სახელმწიფო საკუთრებაში არსებული მიწა და ასევე უფიქსირდება არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი, რომელზეც არ აქვს შესრულებული საგადასახადო ვალდებულებები სრულყოფილად, შემოსავლების სამსახური მართლზომიერად მიიჩნევს შემოწმებით ქონების გადასახადში განსაზღვრულ საგადასახადო ვალდებულებებს. ამასთან, შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ გადასახადის გადამხდელი წარმოდგენილ საჩივარში ვერ უთითებს ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე, თუ რა ნაწილში იქნა საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრული არამართლზომიერად, ხოლო დავის წარმოების პროცესში არ აქვს წარმოდგენილი იმგვარი მტკიცებულებები/არგუმენტები, რომლებიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმების აქტით დადგენილ გარემოებებს.
გადაწყვეტილება
საბჭომ მიიჩნია, რომ სამართლებრივი ნორმებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოწმების შედეგად განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები შესაბამისობაშია კანონმდებლობის მოთხოვნებთან, წარმოდგენილი საჩივრები აღნიშნულ სადავო საკითხთან დაკავშირებით დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
დასაბუთება
შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 203; 204; 205.