ცალკეულ შემთხვევებში გადასახადის გადამხდელის მიერ გამოწერილი ელექტრონული საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურის გამოყენების სპეციალური წესის განსაზღვრის შესახებ
📄 სრული ტექსტი
(ძალადაკარგულია - 16/02/2022, №3751)
შემოსავლების სამსახურის უფროსის
ბრძანება № 41747
29/12/2021
ცალკეულ შემთხვევებში გადასახადის გადამხდელის მიერ გამოწერილი ელექტრონული საგადასახადო
ანგარიშ-ფაქტურის გამოყენების სპეციალური წესის განსაზღვრის შესახებ
საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოსავლების სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2011 წლის 23 მაისის №303 ბრძანებით დამტკიცებული დებულების მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის „ზ“ და „უ“ ქვეპუნქტების, „გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №996 ბრძანებით დამტკიცებული ინსტრუქციის 563 მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტისა და ამავე მუხლის მე-3 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის საფუძველზე,ვბრძანებ:
1. ამ ბრძანების მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევებში, გადასახადის გადამხდელის მიერ გამოწერილი ელექტრონული საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურის საფუძველზე დღგ-ის ჩათვლის მიღების მიზნით, განისაზღვროს საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურის გამოყენების სპეციალური წესი.
2. საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურის გამოყენების სპეციალური წესის მოქმედება გავრცელდეს:
ა) გადასახადის გადამხდელზე, რომელმაც შემოსავლების სამსახურის ავტორიზებული ვებგვერდიდან (https://eservices.rs.ge), წარმოადგინა განცხადება, სპეციალური წესით სარგებლობის თაობაზე, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც, გადასახადის გადამხდელს, „ცალკეულ შემთხვევებში გადასახადის გადამხდელისთვის საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურების, საგადასახადო დოკუმენტების გამოწერის/დადასტურების და სასაქონლო ზედნადების გამოწერის უფლების შეზღუდვის შესახებ“ შემოსავლების სამსახურის უფროსის 2021 წლის 5 აგვისტოს №25697 ბრძანების საფუძველზე მინიჭებული აქვს არაკვალიფიციური დღგ-ის გადამხდელის სტატუსი;
ბ) საგადასახადო ორგანოს გადაწყვეტილებით - გადასახადის გადამხდელზე, რომელის აღიარებული საგადასახადო დავალიანება შეადგენს ან აღემატება 50 000 ლარს.
გ) ცალკეულ შემთხვევაში, საგადასახადო ორგანოს გადაწყვეტილებით - გადასახადის გადამხდელზე რომელსაც „ცალკეულ შემთხვევებში გადასახადის გადამხდელისთვის საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურების, საგადასახადო დოკუმენტების გამოწერის/დადასტურების და სასაქონლო ზედნადების გამოწერის უფლების შეზღუდვის შესახებ“ შემოსავლების სამსახურის უფროსის 2021 წლის 5 აგვისტოს №25697 ბრძანების შესაბამისად არაკვალიფიციური დღგ-ის გადამხდელის სტატუსისთვის განსაზღვრული შეზღუდვა მოეხსნა და ჩაენაცვლა ამ ბრძანებით განსაზღვრული წესით.
3. სპეციალური წესით მოსარგებლე პირის მიერ გამოწერილი ელექტრონული საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურის საფუძველზე დღგ-ის ჩათვლა განხორციელდეს იმ შემთხვევაში, თუ საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურის გამოწერის შემდეგ, შესაბამისი დღგ-ის ოდენობით თანხა გადახდილია ბიუჯეტში:
ა) მიმწოდებლის (გამყიდველის) მიერ ან/და
ბ) მიმღების (მყიდველის) მიერ - მიმწოდებლის (გამყიდველის) სახელით.
4. ამ ბრძანების მე-3 პუნქტის:
ა) „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში - ელექტრონული საგადასახადო ანგარიშ- ფაქტურის საფუძველზე დღგ-ის ჩათვლა შესაძლებელია განხორციელდეს მიმწოდებლის (გამყიდველის) მიერ, ბიუჯეტში გადახდილი თანხის ფარგლებში, მხოლოდ პროგრამულად შესაბამისი საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურის გააქტიურების (მონიშვნის) შემდეგ;
ბ) „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში - გადახდილი თანხის ამ ბრძანების მე-5 პუნქტის შესაბამისად იდენტიფიცირების შემდეგ, ელექტრონული საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა გააქტიურდება ავტომატურად, რაც შესაძლებელს გახდის, გამოყენებულ იქნას იგი დღგ-ის ჩათვლის მიღების მიზნით.
5. ამ ბრძანების მე-4 პუნქტის მიზნებისთვის, მიმღების (მყიდველის) მიერ მიმწოდებლის (გამყიდველის) სახელით გადახდილი თანხის იდენტიფიცირებისათვის, მხედველობაში მიიღება მხოლოდ „გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის
31 დეკემბრის №996 ბრძანებით დამტკიცებული ინსტრუქციის 111 მუხლით განსაზღვრულ საინფორმაციო ბარათში ასახული საბანკო ანგარიშიდან განხორციელებული თანხის გადახდა, ხოლო თუ მიმღების (მყიდველის) მიერ თანხის გადახდა განხორციელებულია სხვა საბანკო ანგარიშიდან, დღგ-ის ჩათვლის მიზნებისათვის, გამოიყენება ამ ბრძანების მე-4 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დებულება.
6. ამ ბრძანების მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევებში, გადასახადის გადამხდელი საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურის გამოყენების სპეციალურ წესზე გადავიდეს საგადასახადო ორგანოს მიერ შესაბამისი შეტყობინების გადასახადის გადამხდელთან გაგზავნიდან.
7. გადასახადის გადამხდელს, რომლის მიერ გამოწერილ ელექტრონულ საგადასახადო ანგარიშ- ფაქტურებზეც ვრცელდება საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურის გამოყენების სპეციალური წესი, აღნიშნული წესით სარგებლობა შეუწყდეს ამ ბრძანების მე-2 პუნქტის:
ა) „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში - სპეციალური წესით სარგებლობის შეწყვეტის შესახებ შემოსავლების სამსახურში გადასახადის გადამხდელის მიერ განცხადების წარდგენის საფუძველზე - ავტომატურად;
ბ) „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში - გადასახადის გადამხდელის საგადასახადო დავალიანების სრულად დაფარვის შემთხვევაში - ავტომატურად;
გ) „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული შემთხვევების ერთდროულად არსებობისას - გადასახადის გადამხდელის აღიარებული საგადასახადო დავალიანების სრულად დაფარვისა და გადასახადის გადამხდელის მიერ სპეციალური წესით სარგებლობის შეწყვეტის შესახებ განცხადების წარმოდგენის საფუძველზე.
დ) ამ ბრძანების მე-10 პუნქტით განსაზღვრულ შემთხვევაში, არაკვალიფიციური დრგ-ის გადამხდელის სტატუსის მინიჭების შესახებ შემოსავლების სამსახურის უფროსის გადაწყვეტილებით.
8. ამ ბრძანების მე-7 პუნქტის მოთხოვნების გაუთვალისწინებლად, გადასახადის გადამხდელს, რომლის მიერ გამოწერილ ელექტრონულ საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურებზეც ვრცელდება საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურის გამოყენების სპეციალური წესი, აღნიშნული წესით სარგებლობა შესაძლებელია შეუწყდეს შემოსავლების სამსახუროსის უფროსის გადაწყვეტილებით.
9. ამ ბრძანებით განსაზღვრული საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურის გამოყენების სპეციალური წესით სარგებლობის შეწყვეტის შემდგომ, სპეციალური წესის მოქმედების პერიოდში გამოწერილ საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურებზე გავრცელდეს მათი გამოყენების ზოგადი წესი.
10. იმ შემთხვევაში, თუ გადასახადის გადამხდელი წარმოადგენს ამ ბრძანებით განსაზღვრული საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურის გამოყენების სპეციალური წესით მოსარგებლე პირს, „ცალკეულ შემთხვევებში გადასახადის გადამხდელისთვის საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურების, საგადასახადო დოკუმენტების გამოწერის/დადასტურების და სასაქონლო ზედნადების გამოწერის უფლების შეზღუდვის შესახებ“ შემოსავლების სამსახურის უფროსის 2021 წლის 5 აგვისტოს №25697 ბრძანების შესაბამისად არაკვალიფიციური დღგ-ის გადამხდელის სტატუსისი მიენიჭოს შემოსავლების სამსახურის უფროსის გადაწყვეტილებით.
11. ამ მუხლის მე-10 პუნქტით განსაზღვრულ შემთხვევაში, პირის მიერ საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურის გამოყენების სპეციალური წესით სარგებლობისას გამოწერილ საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურებზე ნარჩურდება ამ ბრძანებით განსაზღვრული წესი.
12. ამ ბრძანების ამოქმედებისთანავე ძალადაკარგულად გამოცხადდეს „ცალკეულ შემთხვევებში გადასახადის გადამხდელის მიერ გამოწერილი ელექტრონული საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურის გამოყენების სპეციალური წესის განსაზღვრის შესახებ“ შემოსავლების სამსახურის უფროსის 2021 წლის 20 დეკემბრის N 39280 ბრძანება.
13. ეს ბრძანება, გარდა ამ ბრძანების მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტისა, ამოქმედდეს ხელმოწერისთანავე.
14. ამ ბრძანების მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი ამოქმედდეს 2022 წლის 1 თებერვლიდან.
ლევან კაკავა
სამსახურის უფროსი