ბრძანება N 1536

შემოსავლების სამსახურის დავების გადაწყვეტილება არ დაკმაყოფილდა 31.01.2024
№ დოკუმენტი 1536
სტატუსი მოქმედი
მიმღები შემოსავლების სამსახურის უფროსი/დავების საბჭოს თავმჯდომარე
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

N 1536

31 იანვარი 2024

ბ რ ძ ა ნ ე ბ ა

 

შპს „----------“ (ს/ნ ----------)

(ფაქტ. მის.: ----------;

იურ. მის.: ----------)

2024 წლის 9 იანვრის საჩივრის

დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე

 

შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2024 წლის 23 იანვრის სხდომაზე (ოქმი №5) განიხილა შპს „----------“ (ს/ნ 427740616) 2024 წლის 9 იანვრის №86600/1/2024 საჩივარი, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 1 დეკემბრის №042-30 „საგადასახადო მოთხოვნასთან“ დაკავშირებით.

 

სადავო საკითხები:

1. გადამხდელი არ ეთანხმება არაპირდაპირი მეთოდით დადგენილ ფასნამატს. განმარტავს, რომ საბითუმო ვაჭრობისას სიგარეტების მარჟა შეადგენს 1,5%-დან 2%-მდე. ასევე აღნიშნავს, რომ არ მომხდარა წინა საგადასახადო შემოწმების აქტის ჯარიმების კორექტირება. აცხადებს, რომ 2023 წლის იანვრის საანგარიშო პერიოდზე გადამხდელის მიერ წარდგენილ იქნა დღგ-ის დეკლარაცია, სადაც გადასახდელმა დღგ-მ შეადგინა 72 652 ლარი. განმარტავს, რომ აღნიშნული დღგ-ის თანხა არ არის გათვალისწინებული შემოწმებისას და შემდგომ გადამხედელმა ვერ დააზუსტა დეკლარაცია. გადამხდელი ითხოვს მიეცეს დეკლარაციის დაზუსტების უფლება ან შემოსავლების სამსახურმა მოახდინოს რეაგირება, ვინაიდან ორჯერ მონაწილეობს აღნიშნული თანხა, გატარებულია ბარათზე და ასახულია დავალიანებაში.

2. გადამხდელი ითხოვს ჯარიმის მოხსნას.

 

ფაქტობრივი გარემოებები:

საქმის მასალებით ირკვევა, რომ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 15 ნოემბრის №28164 ბრძანების საფუძველზე შპს „----------“ (ს/ნ ----------) ჩაუტარდა საქმიანობის ხელახალი კამერალური საგადასახადო შემოწმება. შესამოწმებელი პერიოდი განისაზღვრა 2020 წლის 29 ივლისიდან 2023 წლის 1 იანვრამდე საანგარიშო პერიოდები, ხოლო სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ინვენტარიზაციის მიზნებისთვის 2023 წლის 1 თებერვლის ჩათვლით. შემოწმების შედეგებზე 2023 წლის 16 ნოემბერს შედგენილ იქნა საგადასახადო შემოწმების აქტი, გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 30 ნოემბრის №29764 ბრძანება გადასახადების/გადასახდელების და საგადასახადო სანქციების თანხების დარიცხვის/შემცირების შესახებ და 2023 წლის 1 დეკემბრის №042-30 საგადასახადო მოთხოვნა, რომლის მიხედვით გადამხდელს საგადასახადო ვალდებულება განესაზღვრა სულ 858 048 ლარის ოდენობით, მათ შორის, გადასახადი შეუმცირდა 13 154 ლარით, ჯარიმა დაერიცხა 871 202 ლარი და საურავი 0 ლარი.

 

საგადასახადო შემოწმების აქტის მიხედვით, ირკვევა შემდეგი:

1. 2023 წლის 1 თებერვლის №1606 ბრძანების საფუძველზე ჩატარდა შპს „----------“ კამერალური საგადასახადო შემოწმება, 2023 წლის 22 მარტს შედგა საგადასახადო შემოწმების აქტი, რომლის მიხედვით შპს ,,----------" (ს/ნ ----------) დაერიცხა სულ - 496 285 ლარი, მათ შორის გადასახადი - 332 088 ლარი, ხოლო ჯარიმა 164 197 ლარი. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის 2023 წლის 28 სექტემბრის წერილის მიხედვით, აუდიტის დეპარტამენტში გამოიგზავნა დადგენილება შპს „----------“ კამერალური რევიზიის დანიშვნის შესახებ. აღნიშნული დადგენილებით დგინდება, რომ შპს „----------“ მიერ სხვადასხვა პირებზე მოხდა ყალბი საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურების გამოწერა. აუდიტის დეპარტამენტმა მიმართა სასამართლოს შპს „----------“ კამერალური საგადასახადო შემოწმების ხელახლა დანიშვნასთან დაკავშირებით. ---------- სასამართლოს 2023 წლის 3 ნოემბრის განჩინებით აუდიტის დეპარტამენტის შუამდგომლობა დაკმაყოფილდა შპს „----------“ საქმიანობის ხელახალი საგადასახადო შემოწმების ჩატარებასთან დაკავშირებით. 2023 წლის 15 ნოემბრის №28164 ბრძანების საფუძველზე დაინიშნა შპს „----------“ ხელახალი საგადასახადო შემოწმება.

გადასახადის გადამხდელის წერილობითი ახსნა-განმარტებით არ გააჩნია ბუღალტრული პროგრამა, არ აწარმოებს საქონლის რაოდენობრივ აღრიცხვას. დებიტორულ-კრედიტორული დავალიანებების ნაშთები და სალაროში არსებული ნაღდი ფულის ნაშთი შესაბამისი საანგარიშო პერიოდების ბოლოს არ გააჩნია. საწარმოს მიერ არ ხორციელდება საქონლის დადგენილი წესით ჩამოწერები, არ ხდება კონტროლი სასაქონლო მარაგების მოძრაობაზე. საწარმოს მიერ არ არის დაცული საქართველოს საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის პირველი და მე-3 ნაწილების მოთხოვნები (ეკონომიკურ საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაციის სწორად და სრულად აღრიცხვა) და შეუძლებელია დაბეგვრის ობიექტის დადგენა. ფაქტობრივი გარემოებებიდან გამომდინარე, შემოწმებამ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა განისაზღვრა არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით. კერძოდ, დამუშავებულ იქნა შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემაში არსებული შესყიდვები და დოკუმენტური რეალიზაციები. შედეგად, შეძენილი სასაქონლო-მატერიალური ფასეულობები დაყოფილ იქნა 29 ჯგუფად (65 ქვე კატეგორია) და თითოეულ ჯგუფის რეალიზებული საქონლის თვითღირებულებაზე გავრცელდა შესაბამისი წლის იდენტიფიცირებული დოკუმენტური ფასნამატი. 2022 წელს სიგარეტების გარდა სხვა საქონელზე (სიგარეტის გილზა, სიგარეტის ქაღალდი, თამბაქო და სხვა) გავრცელდა ინვენტარიზაციის ფასნამატი 11.6%-ის ოდენობით, რადგან დოკუმენტური ფასნამატი ამ ნაწილში ვერ დაიდენტიფიცირდა. ფასნამატის ხელახალი გაანგარიშებისას და შესაბამისად შემოსავლის დათვლისას შემოწმების მიერ მხედველობაში არ იქნა მიღებული საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის მიერ დადგენილი შპს „----------“ მიერ გამოწერილი ყალბი ელ. საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურები. (2020 წლის საშუალო დოკუმენტური ფასნამატია - 1.28%, 2021 წ. - 1.77%, 2022 წ. - 2.68%, ხოლო 2020 წლის საანგარიშო პერიოდის მხოლოდ სიგარეტების საშუალო დოკუმენტური ფასნამატია - 1.20%, 2021 წლის - 1.76%, 2022 წლის - 2.67%) სმფ-ების საწყისს და საბოლოო მარაგებში საქონლის თითოეული ჯგუფის წილი განსაზღვრულ იქნა შესაბამის საანგარიშო პერიოდში მისი შეძენის წილის პროპორციულად მთლიანი პერიოდის შეძენაში. გადამხდელის წერილობითი ახსნაგანმარტებით 2020 წლის საანგარიშო პერიოდის ბოლოს სმფ-ების ნაშთი 94 500 ლარია, ხოლო 2021 წლის საანგარიშო პერიოდის ბოლოს - 35 690 ლარი. შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემაში არსებული მონაცემების მიხედვით ფიქსირდება დოკუმენტური შესყიდვები სულ - 5 178 847 ლარის ოდენობით. 2023 წლის 31 იანვრის №1480 ბრძანების საფუძველზე ჩატარდა შპს „----------“ სმფ-ების ინვენტრაიზაცია, შემოწმების მიერ დადგენილ იქნა სმფების ფაქტობივი ნაშთი საბაზრო ფასით 50 726 ლარი, ხოლო თვითღირებულებით 41 681 ლარის ოდენობით. (ინვენტარიზაციით გამოვლენიილი ფასნამატია 3.13%). ფაქტობრივი ნაშთიდან გამომდინარე შემოწმებით გამოვლენილი წლიური საშუალო ფასნამატების (2020 წ. - 1.41%, 2021 წ. - 1.65%, 2022 წ. - 3.22 %) გათვალისწინებით დაკორექტირდა შესაბამისი პერიოდების დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვები. ამასთან, გადასახადის გადამხდელმა 2023 წლის იანვრის თვეში დაადეკლარირა 455 600 ლარის დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა (სმფ-ების ინვენტარიზაციის ჩატარების თარიღის შემდგომ პერიოდში) აღნიშნულიდან გამომდინარე შემოწმებამ 2022 წლის ბოლოს სმფ-ების თვითღირებულების განსასაზღვრად გადამხდელის მიერ 2023 წლის იანვრის საანგარიშო პერიოდის დეკლარირებული ბრუნვა მხედველობაში არ მიიღო, შემოწმების მიერ გათვალისწინებულ იქნა სსა-ში 2023 წლის იანვრის თვეში დაფიქსირებული თანხები. ამასთან, წინა საგადასახადო შემოწმების აქტით შემოწმების მიერ 2020 წელს არაპირდაპირად დათვლილი შემოსავლები შეპირისპირებულ იქნა სსა-ში დაფიქსირებულ მონაცემებთან 2020 წლის 24 სექტემბრამდე, ხოლო შემდგომ პერიოდში დეკლარირებულ დღგ-ის ბრუნვებთან და 2021 წლამდე მოქმედი საქართველოს საგადასახადო კოდექსის 157-ე მუხლის შესაბამისად დღგ-ის რეგისტრაციის თარიღად განისაზღვრა 2020 წლის 17 სექტმებერი, ნაცვლად 24 სექტემბრისა. საწამოს 2020 წლის 17 სექტემბრიდან 2020 წლის 24 სექტემბარამდე აღნიშნულ ნაწილში დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა გამოუვლინდა 46 177 ლარი, შესაბამისად დაერიცხა დღგ და ჯარიმა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 282-ე მუხლის შესაბამისად. ჯამში წინა საგადასახადო შემოწმების აქტთან მიმართებაში დღგ-ში შემცირდა 4 986 ლარით, ხოლო ჯარიმა -2 498 ლარით.

შემოწმების მიერ შესწავლილი იქნა ფულადი სახსრების მოძრაობა, რომელშიც გათვალისწინებულ იქნა შემოწმების მიერ ხელახლა განსაზღვრული არაპირდაპირი მეთოდით გაანგარიშებული შემოსავალი. გადასახადის გადამხდელის წერილობითი ახსნა-განმარტებით შესამოწმებელ პერიოდების ბოლოს არ გააჩნია დებიტორულ-კრედიტორული დავალიანებები, ასევე არ მომხდარა საწარმოში კაპიტალის შეტანა/გატანა. ასევე გათვალისწინებულ იქნა დოკუმენტურად დადასტურებული ხარჯი, საბანკო ამონაწერში არსებული საწყისი და საბოლოო ფულის ნაშთები, შესამოწმებელ პერიოდში ბიუჯეტში გადახდილი/უკან დაბრუნებული გადასახადები. 2023 წლის 31 იანვრის №486 ბრძანების საფუძველზე 2023 წლის 1 თებერვალს შპს „----------“ კუთვნილ ობიექტში ჩატარდა სალაროში ნაღდი ფულის რაოდენობის განსაზღვრის პროცედურა, რომლის შედეგად, სალაროში ნაღდი ფულის ნაშთი გამოვლინდა 3 000 ლარის ოდენობით. აღნიშნული შესამწმებელი პერიოდის ბოლოს გონივრულ ნაშთად იქნა მიჩნეული და გათვალისიწინებული შემოწმების მიერ ფულადი სახსრების მოძრაობის ანალიზის დროს. ფულადი სახსრების მოძრაობის ანალიზის შედეგად გამოვლენილი ფულადი ნაშთის ოდენობა დაკვალიფიცირდა შესაბამისი პერიოდების მიხედვით დირექტორზე საქართველოს საგადასახადო კოდექსის 101-ე და 154-ე მუხლების საფუძველზე ხელფასის სახით განაცემად. ჯამში წინა საგადასახადო შემოწმების აქტთთან მიმართებაში გადასახადი შემცირდა 8 168 ლარით, ხოლო ჯარიმა 4 084 ლარით.

2. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის მიერ დადგინდა, რომ შესამოწმებელ პერიოდში შპს „----------“ მიერ სხვადასხვა პირებზე გამოწერილია ყალბი ელ. საქართველოს ანგარიშ-ფაქტურები. ზემოაღნიშნული გარემოებიდან გამომდინარე შპს „----------“ საქართველოს საგადასახადო კოდექსის 282-ე მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით დაერიცხა ჯარიმა.

 

შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივარი და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს, შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ დისტანციურად, ტექნიკურ საშუალებათა გამოყენებით. მათ ასევე უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.

 

პირველ სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, რომლის თანახმად, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 49-ე მუხლის პირველი ნაწილის „ე“ ქვეპუნქტის თანახმად, ამ კოდექსის დებულებათა გათვალისწინებით საგადასახადო ორგანოებს თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით უფლება აქვთ დამოუკიდებლად განსაზღვრონ გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულების მოცულობა საგადასახადო ორგანოში არსებული ინფორმაციით (მათ შორის, გადასახადის გადამხდელის დანახარჯების შესახებ) ან შედარების მეთოდით – სხვა ამგვარი გადასახადის გადამხდელების შესახებ ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე, თუ გადასახადის გადამხდელი არ წარადგენს საგადასახადო კონტროლის განსახორციელებლად საჭირო სააღრიცხვო დოკუმენტაციას ან დადგენილი წესის დარღვევით აწარმოებს ბუღალტერიას, აგრეთვე ამ კოდექსით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებში.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 61-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საგადასახადო ორგანო უფლებამოსილია პირს დაარიცხოს გადასახადი თავის ხელთ არსებული ინფორმაციის საფუძველზე, თუ პირი მას არ წარუდგენს გადასახადის დასარიცხად საჭირო ინფორმაციას.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის მიხედვით, საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, პირის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვროს არაპირდაპირი მეთოდების გამოყენებით (აქტივების სიდიდის, საოპერაციო შემოსავლებისა და ხარჯების, პირის შესახებ ინფორმაციის მისი საქმიანობის სხვა საგადასახადო პერიოდთან ან სხვა ამგვარი გადასახადის გადამხდელის შესახებ მონაცემების შედარების, აგრეთვე სხვა მსგავსი ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე) თუ პირს არ აქვს სააღრიცხვო დოკუმენტაცია ან სააღრიცხვო დოკუმენტაციით შეუძლებელია დაბეგვრის ობიექტის დადგენა.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-2 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, გადასახადებით დაბეგვრისათვის გამოიყენება საგადასახადო ვალდებულების წარმოშობის დღისათვის მოქმედი საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობა.

შემოსავლების სამსახური მიუთითებს შესამოწმებელ პერიოდში მოქმედ საკანონმდებლო ნორმებზე, კერძოდ:

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 160-ე მუხლის ,,ა“ ქვეპუნქტის თანახმად, დღგ-ით დაბეგვრის ობიექტია დასაბეგრი ოპერაცია.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 161-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტის თანახმად, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციაა, საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში საქონლის მიწოდება ან/და მომსახურების გაწევა. დასაბეგრი ოპერაციის თანხა განისაზღვრება დღგ-ის გადამხდელის მიერ მიღებული ან მისაღები კომპენსაციის თანხის მიხედვით, ხოლო ამ ნაწილის „ა.ბ.დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში – მიღებული კომპენსაციის თანხის მიხედვით (გადასახადების, მოსაკრებლებისა და სხვა გადასახდელების ჩათვლით) დღგ-ის ან/და პირგასამტეხლოს გარეშე, გარდა ამ მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევისა. ხოლო დასაბეგრი ოპერაციის განხორციელების დროდ ითვლება საქონლის მიწოდების ან მომსახურების გაწევის მომენტი.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 159-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციაა, დასაბეგრი პირის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში ანაზღაურების სანაცვლოდ საქონლის მიწოდება.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 163-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების თანახმად:

1. საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის დღგ-ით დაბეგვრა ხორციელდება საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის მომენტში, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.

2. თუ თანხა სრულად ან ნაწილობრივ ანაზღაურებულია საქონლის მიწოდებამდე/მომსახურების გაწევამდე, ანაზღაურებული თანხის შესაბამისი დღგ-ის გადახდა ხორციელდება ანაზღაურების თანხის გადახდის საანგარიშო პერიოდის მიხედვით, გარდა ამ მუხლის მე-5 და მე-9 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 164-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, დღგ-ით დასაბეგრი თანხა არის საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის სანაცვლოდ მიღებული/მისაღები ანაზღაურება დღგ-ის გარეშე, საქონლის/მომსახურების ფასთან პირდაპირ დაკავშირებული სუბსიდიის ჩათვლით. აღნიშნული დებულება გამოიყენება საქონლის/მომსახურების გაცვლის ოპერაციის (ბარტერული ოპერაციის) შემთხვევაშიც.

შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტზე, რომლის თანახმად, საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრის მიზნით საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს სამეურნეო ოპერაციის ფორმისა და შინაარსის გათვალისწინებით შეცვალოს მისი კვალიფიკაცია, თუ ოპერაციის ფორმა არ შეესაბამება მის შინაარსს. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ რაიმე თანხა გამოიყენება კონკრეტული პირის ინტერესებისათვის, ჩაითვლება, რომ ეს თანხა მიღებული აქვს ამ პირს.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლებს განეკუთვნება ფიზიკური პირის მიერ დაქირავებით მუშაობის შედეგად მიღებული ნებისმიერი საზღაური ან სარგებელი, მათ შორის, წინა სამუშაო ადგილიდან პენსიის ან სხვა სახით მიღებული შემოსავალი, ან შემოსავალი მომავალი სამუშაო ადგილიდან.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტის მიხედვით, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავება ევალება საგადასახადო აგენტს, რომელიც არის იურიდიული პირი, საწარმო/ორგანიზაცია ან მეწარმე ფიზიკური პირი, რომელიც დაქირავებულს უხდის ხელფასს.

ამავე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების თანახმად, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავებისას:

ა) გადასახადის დაკავებისა და ბიუჯეტში მისი გადარიცხვისათვის პასუხისმგებლობა ეკისრება შემოსავლის გადამხდელს;

ბ) გადასახადის თანხის დაუკავებლობის შემთხვევაში შემოსავლის გადამხდელი ვალდებულია ბიუჯეტში შეიტანოს დაუკავებელი გადასახადის თანხა ფაქტობრივად გადახდილი ანაზღაურების შესაბამისად და მასთან დაკავშირებული სანქციები.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.

საქმეში არსებული ფაქტობრივი გარემოებების თანახმად, გადასახადის გადამხდელი არ აწარმოებს ბუღალტრულ აღრიცხვას კანონმდებლობით დადგენილი წესით, შესაბამისად საწარმოს სააღრიცხვო დოკუმენტაციით შეუძლებელია დაბეგვრის ობიექტის დადგენა. აღნიშნული ფაქტობრივი გარემოებებიდან გამომდინარე, შემოსავლების სამსახური განმარტავს, რომ საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის საფუძველზე, საგადასახადო შემოწმების მიერ არაპირდაპირი მეთოდის საფუძველზე საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრა განხორციელდა მართლზომიერად. ამასთან, რეალიზებული საქონლის თვითღირებულებაზე მართლზომიერად იქნა გამოყენებული შესაბამისი წლის დოკუმენტური ფასნამატი, ხოლო 2022 წელს სიგარეტების გარდა სხვა საქონელზე (სიგარეტის გილზა, სიგარეტის ქაღალდი, თამბაქო და სხვა) სადაც ვერ დაიდენტიფიცირდა დოკუმენტური ფასნამატი ინვენტარიზაციის ფასნამატი. ასევე ფასნამატის ხელახალი გაანგარიშებისას და შესაბამისად შემოსავლის დათვლისას შემოწმების მიერ მხედველობაში არ იქნა მიღებული საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის მიერ დადგენილი შპს „----------“ მიერ გამოწერილი ყალბი ელ. საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურები. აგრეთვე, შემოწმების მიერ 2022 წლის ბოლოს სმფ-ების თვითღირებულების განსასაზღვრად გადამხდელის მიერ 2023 წლის იანვრის საანგარიშო პერიოდის დეკლარირებული ბრუნვა (სმფ-ების ინვენტარიზაციის ჩატარების თარიღის შემდგომ პერიოდში) არ იქნა მხედველობაში მიიღებული და მართლზომიერად იქნა გათვალისწინებული საკონტროლო სალარო აპარატში 2023 წლის იანვრის თვეში დაფიქსირებული თანხები.

შედეგად, შემოწმების მიერ ხელახლა განსაზღვრული არაპირდაპირი მეთოდით გაანგარიშებული შემოსავალის შესაბამისად, წინა საგადასახადო შემოწმების აქტთან მიმართებაში დღგ შემცირდა 4 986 ლარით, საშემოსავლო გადასახადი შემცირდა 8 168 ლარით, ხოლო ჯარიმა 6 582 (2 498 + 4 084) ლარით.

ზემოაღნიშნული ფაქტობრივი გარემოებების და სამართლებრივი ნორმების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ აუდიტის დეპარტამენტის მიერ საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია საგადასახადო კანონმდებლობის შესაბამისად, გადასახადის გადამხდელის საჩივარი დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

მე-2 სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილზე, რომლის შესაბამისად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საგადასახადო სამართალდარღვევად ითვლება პირის მართლსაწინააღმდეგო ქმედება (მოქმედება ან უმოქმედობა), რომლისთვისაც ამ კოდექსით გათვალისწინებულია პასუხისმგებლობა. საგადასახადო სამართალდარღვევისათვის პირს პასუხისმგებლობა შეიძლება დაეკისროს მხოლოდ ამ კოდექსით დადგენილი საფუძვლითა და წესით.

ამავე კოდექსის 270-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების თანახმად:

1. საგადასახადო სანქცია არის პასუხისმგებლობის ზომა ჩადენილი საგადასახადო სამართალდარღვევისათვის.

2. საგადასახადო სანქცია გამოიყენება გაფრთხილების, საურავის, ფულადი ჯარიმის, სამართალდარღვევის საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების უსასყიდლოდ ჩამორთმევის სახით, ამ კოდექსით გათვალისწინებულ შემთხვევებში.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 282-ე მუხლის პირველი და მე-3 ნაწილების თანახმად:

1. დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაციის გარეშე საქმიანობა იწვევს პირის დაჯარიმებას რეგისტრაციის გარეშე საქმიანობის პერიოდში განხორციელებული დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციების (გარდა გათავისუფლებული ოპერაციებისა) თანხის 5 პროცენტის ოდენობით.

3. პირის მიერ ფიქტიური გარიგების/უსაქონლო ოპერაციის ამსახველი ან ყალბი საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურის გამოწერა იწვევს საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურის გამომწერი/გამცემი პირის დაჯარიმებას საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურაში მითითებული დღგ-ის თანხის 200 პროცენტის ოდენობით.

ამასთან, შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ მომჩივანი საჩივარში ვერ უთითებს ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე, თუ რა ნაწილში იქნა განსაზღვრული ვალდებულებები არამართლზომიერად. ხოლო, დავის წარმოების პროცესში არ ყოფილა წარმოდგენილი მტკიცებულებები, რომლებიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმებით დადგენილ გარემოებებს.

ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ საგადასახადო შემოწმების შედეგად დარიცხული ჯარიმები განსაზღვრულია კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით, წარმოდგენილი საჩივარი დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ :

 

1. შპს „----------“ (ს/ნ ----------) საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი

1. გადამხდელი არ ეთანხმება არაპირდაპირი მეთოდით დადგენილ ფასნამატს. განმარტავს, რომ საბითუმო ვაჭრობისას სიგარეტების მარჟა შეადგენს 1,5%-დან 2%-მდე. ასევე აღნიშნავს, რომ არ მომხდარა წინა საგადასახადო შემოწმების აქტის ჯარიმების კორექტირება. აცხადებს, რომ 2023 წლის იანვრის საანგარიშო პერიოდზე გადამხდელის მიერ წარდგენილ იქნა დღგ-ის დეკლარაცია, სადაც გადასახდელმა დღგ-მ შეადგინა 72 652 ლარი. განმარტავს, რომ აღნიშნული დღგ-ის თანხა არ არის გათვალისწინებული შემოწმებისას და შემდგომ გადამხედელმა ვერ დააზუსტა დეკლარაცია. გადამხდელი ითხოვს მიეცეს დეკლარაციის დაზუსტების უფლება ან შემოსავლების სამსახურმა მოახდინოს რეაგირება, ვინაიდან ორჯერ მონაწილეობს აღნიშნული თანხა, გატარებულია ბარათზე და ასახულია დავალიანებაში.

2. გადამხდელი ითხოვს ჯარიმის მოხსნას.

 

ფაქტობრივი გარემოებები

გადასახადის გადამხდელი არ აწარმოებს ბუღალტრულ აღრიცხვას კანონმდებლობით დადგენილი წესით, შესაბამისად საწარმოს სააღრიცხვო დოკუმენტაციით შეუძლებელია დაბეგვრის ობიექტის დადგენა. აღნიშნული ფაქტობრივი გარემოებებიდან გამომდინარე, შემოსავლების სამსახური განმარტავს, რომ საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის საფუძველზე, საგადასახადო შემოწმების მიერ არაპირდაპირი მეთოდის საფუძველზე საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრა განხორციელდა მართლზომიერად. ამასთან, რეალიზებული საქონლის თვითღირებულებაზე მართლზომიერად იქნა გამოყენებული შესაბამისი წლის დოკუმენტური ფასნამატი, ხოლო 2022 წელს სიგარეტების გარდა სხვა საქონელზე (სიგარეტის გილზა, სიგარეტის ქაღალდი, თამბაქო და სხვა) სადაც ვერ დაიდენტიფიცირდა დოკუმენტური ფასნამატი ინვენტარიზაციის ფასნამატი. ასევე ფასნამატის ხელახალი გაანგარიშებისას და შესაბამისად შემოსავლის დათვლისას შემოწმების მიერ მხედველობაში არ იქნა მიღებული საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის მიერ დადგენილი მომჩივანის მიერ გამოწერილი ყალბი ელ. საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურები. აგრეთვე, შემოწმების მიერ 2022 წლის ბოლოს სმფ-ების თვითღირებულების განსასაზღვრად გადამხდელის მიერ 2023 წლის იანვრის საანგარიშო პერიოდის დეკლარირებული ბრუნვა (სმფ-ების ინვენტარიზაციის ჩატარების თარიღის შემდგომ პერიოდში) არ იქნა მხედველობაში მიიღებული და მართლზომიერად იქნა გათვალისწინებული საკონტროლო სალარო აპარატში 2023 წლის იანვრის თვეში დაფიქსირებული თანხები. შედეგად, შემოწმების მიერ ხელახლა განსაზღვრული არაპირდაპირი მეთოდით გაანგარიშებული შემოსავალის შესაბამისად, წინა საგადასახადო შემოწმების აქტთან მიმართებაში დღგ შემცირდა 4 986 ლარით, საშემოსავლო გადასახადი შემცირდა 8 168 ლარით, ხოლო ჯარიმა 6 582 (2 498 + 4 084) ლარით.

 

გადაწყვეტილება

საბჭომ მიიჩნია, რომ სამართლებრივი ნორმებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, აუდიტის დეპარტამენტის მიერ საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია საგადასახადო კანონმდებლობის შესაბამისად, გადასახადის გადამხდელის საჩივარი დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს. ასევე, საგადასახადო შემოწმების შედეგად დარიცხული ჯარიმები განსაზღვრულია კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით, წარმოდგენილი საჩივარი დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

დასაბუთება

შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 73(5); 101(1); 154(1„ა“); 282(3).

(2021 წლამდე მოქმედი): 160(ა); 161(1„ა“)