ბრძანება N 20525

შემოსავლების სამსახურის დავების გადაწყვეტილება ნაწილობრივ დაკმაყოფილდა 18.09.2024
№ დოკუმენტი 20525
სტატუსი მოქმედი
მიმღები შემოსავლების სამსახურის უფროსი/დავების საბჭოს თავმჯდომარე
სტრუქტურული ერთეული საბაჟო დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

N 20525

18 სექტემბერი 2024

ბ რ ძ ა ნ ე ბ ა

 

----- ---------ძის (პ/ნ -----------------------)

(მის: ქ. --------------------------------------)

2024 წლის 6 სექტემბრის საჩივრის

ნაწილობრივ დაკმაყოფილების თაობაზე

 

შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2024 წლის 13 სექტემბრის სხდომაზე (ოქმი №99) განიხილა ----- ---------ძის (პ/ნ -----------------------) №91820/1/2024 საჩივარი, რომელიც ეხება შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის 2024 წლის 5 სექტემბრის №------- საბაჟო სამართალდარღვევის ოქმს.

 

მომჩივნის არგუმენტაცია:

საჩივრის ავტორი განმარტავს, რომ გამოიწერა --------- -ი.რომელიც თავისი აქსესუარებით წარმოადგენს გულის პეისმეიკერის (იგივე კარდიოსტიმულატორის) იმპლანტაციის ოპერაციისას ფიზიოლოგიური და სტიმულაციის პარამეტრების გასაზომ ხელსაწყოს, კერძოდ აღნიშნული მოწყობილობა თავსებადია კომპანია --------ის ანალიზატორთან და უერთდება რა გულშიდა იმპლანტირებად ელექტროგადამწოდებს, ოპერაციის დროს უზრუნველყოფს გულშიდა (ინტრაკარდიული) სიგნალების განაწილებას, როგორც ანალიზატორზე, ისე ელექტროფიზიოლოგიურ სისტემაზე და პრინციპულად მნიშვნელოვანია ისეთი თანამედროვე კარდიოსტიმულაციის მეთოდისთვის, როგორიცაა გამტარი სისტემის (ფიზიოლოგიური) სტიმულაცია, რაც მოიცავს უშუალოდ ჰისის კონის ან ჰისის კონის მარცხენა ფეხის სტიმულაციას. ვინაიდან ეს პროდუქტი ჩათვალა, რომ იყო მხოლოდ სამედიცინო დანიშნულების, მომწოდებლის მიერ მოწოდებულ კოდში არ შეუტანია ეჭვი. როდესაც პროდუქტი ჩამოვიდა, DHL-ის ბროკერთან გასაუბრებისას თუ რომელი კოდი უნდა მიენიჭებინა, ანახა ანოტაცია და მომწოდებლის გამოგზავნილი წერილი ამ პროდუქტის კოდთან დაკავშირებით. მანაც საკუთარი მოსაზრებით მიანიჭა ის კოდი, რაც თავიდან ჰქონდა მინიჭებული.

მომჩივანი მიუთითებს, რომ გამოწერისთანავე იკითხა პროდუქტის HS code, რაც მომწოდებელმა დაუდასტურა, როგორც მეილით, ასევე ინვოისში მისი მითითებით და გამოგზავნილი --------t-ით. ასევე მათ გამოაგზავნეს პროდუქტის ანოტაცია. რისი აღწერილობაც სრულიად ემთხვეოდა 9018 კოდის აღწერას სასაქონლო კოდების არსებულ რეესტრში (rs.ge დან რაზეც მიუწვდება ყველას ხელი) "ხელსაწყოები და მოწყობილობები, მედიცინაში, ქირურგიაში, სტომატოლოგიაში ან ვეტერინარიაში გამოსაყენებელი, სცინტიგრაფიული აპარატურის ჩათვლით, ელექტროსამედიცინო აპარატურა დანარჩენი და მხედველობის გამოსაკვლევი ხელსაწყოები" სრულიად შეესაბამებოდა პროდუქტს.პროდუქტი მოხვდა წითელ ზონაში, დაინიშნა ექსპერტიზა და ექსპერტმა პროდუქტი შეაფასა 8536 კოდით. მას შეგნებულად არ მოუხდენია პროდუქტისთვის სეს ესნ კოდის შეცვლა.

აღნიშნულზე მითითებით, ითხოვს სადავო ოქმის საფუძველზე გადახდილი თანხის დაბრუნებას.

 

ფაქტობრივი გარემოებები:

საქმის მასალებითა და საბაჟო დეპარტამენტიდან წარმოდგენილი ინფორმაციით ირკვევა, რომ 2024 წლის 20 აგვისტოს საფოსტო გადამზიდავმა – შპს „--------------ა“ ----- ---------ძის (პ/ნ -----------------------) მიერ წარდგენილი დოკუმენტების საფუძველზე შეავსო და დაარეგისტრირა №------/------ საბაჟო დეკლარაცია – ფორმა 4, რომლითაც თავისუფალ მიმოქცევაში გაშვების პროცედურაში დადეკლარირდა №----- საფოსტო გზავნილით ----- ---------ძის სახელზე შემოტანილი საქონელი (გამანაწილებელი კოლოფი – 1 ერთეული; სეს ესნ-ის კოდი – 9018 90 840 00). აღნიშნული დეკლარაციისთვის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემა „Oracle“-ს მიერ განისაზღვრა „ყვითელი დერეფანი“

გაფორმების ეკონომიკური ზონა „აეროპორტის“ უფლებამოსილი პირის მიერ განხორციელდა №----/---- საბაჟო დეკლარაციის კამერალური შემოწმება, რა დროსაც საქონლის დათვალიერების მიზნით დეკლარაცია გადაყვანილ იქნა „წითელ დერეფანში“. საფოსტო გზავნილის დათვალიერების შედეგად გაჩნდა ეჭვი დეკლარაციაში მითითებული საქონლის სეს ესნ-ის კოდის სისწორესთან დაკავშირებით.

საბაჟო დეპარტამენტის საბაჟო ღირებულებისა და საქონლის კლასიფიკაციის სამმართველოს ექსპერტიზის 2024 წლის 22 აგვისტოს №-------/2024 დასკვნის თანახმად, საქონელს (გამანაწილებელი ყუთი „-----------------------“) საგარეო-ეკონომიკური საქმიანობის ეროვნული სასაქონლო ნომენკლატურის მიხედვით განესაზღვრა – 8536 90 950 00 კოდი.

ვინაიდან, სეს ესნ-ის 8536 90 950 00 კოდში შემავალი საქონელი არ არის გათავისუფლებული დღგისგან, შესაბამისად, საქონლის არასწორ კოდში დეკლარირებამ გამოიწვია №-----/------ საბაჟო დეკლარაციით დარიცხული იმპორტის გადასახდელის შემცირება 1149.8 ლარით.

ვინაიდან ----- ---------ძის მხრიდან ადგილი ჰქონდა საბაჟო დეკლარაციასა და მის თანმხლებ დოკუმენტში არასწორი მონაცემის (სეს ესნ-ის კოდი) არსებობისას იმპორტის გადასახდელის ოდენობის შემცირებას 1149.8 ლარით, გაფორმების ეკონომიკური ზონა „აეროპორტის“ უფლებამოსილი პირის მიერ 2024 წლის 5 სექტემბერს შედგენილ იქნა №---- საბაჟო სამართალდარღვევის ოქმი, რომლითაც ----- ---------ძეს (პ/ნ -----------------------) დაეკისრა საქართველოს საბაჟო კოდექსის 167-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა და სანქციის სახით შეეფარდა ჯარიმა 1149.75 ლარის (შემცირებული იმპორტის გადასახდელის თანხის 100 პროცენტი) ოდენობით.

№------/------- საბაჟო დეკლარაციაში შესაბამისი ცვლილების შეტანის შემდეგ, №-------- საფოსტო გზავნილით შემოტანილი საქონელი გაშვებულ იქნა თავისუფალ მიმოქცევაში.

 

შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ მომჩივნის მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილის შესაბამისად, დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ დისტანციურად, ტექნიკურ საშუალებათა გამოყენებით. მათ ასევე უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.

საქართველოს საბაჟო კოდექსის მე-13 მუხლით დადგენილია, რომ პირის მიერ საბაჟო დეკლარაციის, დროებით შენახვის დეკლარაციის, საქონლის შემოტანის ზოგადი დეკლარაციის, საქონლის გატანის ზოგადი დეკლარაციის, რეექსპორტის დეკლარაციის ან რეექსპორტის შეტყობინების წარდგენა, აგრეთვე ავტორიზაციის ან საბაჟო ორგანოს სხვა გადაწყვეტილების მისაღებად განაცხადის წარდგენა წარმოშობს აღნიშნული პირის ვალდებულებას:

ა) დეკლარაციაში, შეტყობინებაში ან განაცხადში ინფორმაცია ასახოს სწორად და სრულად;

ბ) უზრუნველყოს, რომ დეკლარაციისთვის, შეტყობინებისთვის ან განაცხადისთვის დართული დოკუმენტი იყოს ნამდვილი, სწორი და ძალაში მყოფი;

გ) შეასრულოს საქონლის საბაჟო პროცედურაში მოქცევასთან ან ნებადართული საქმიანობის განხორციელებასთან დაკავშირებული მოთხოვნები.

ამავე კოდექსის 70-ე მუხლის პირველი ნაწილი ადგენს, რომ საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანილი საქონელი შემოტანისთანავე ექვემდებარება საბაჟო ზედამხედველობას და შეიძლება დაექვემდებაროს საბაჟო კონტროლის პროცედურებს.

საქართველოს საბაჟო კოდექსის 35-ე მუხლის პირველი, მე-3 და მე-4 ნაწილებით დადგენილია:

. საქონლის იდენტიფიკაცია და კლასიფიკაცია ხორციელდება სეს ესნ-ის საფუძველზე, რომელიც დგინდება საქართველოს ფინანსთა მინისტრის ბრძანებით.

. საქონლის დეკლარირებისას სასაქონლო კოდს სეს ესნ-ის შესაბამისად განსაზღვრავს დეკლარანტი.

. საბაჟო ორგანო აკონტროლებს დეკლარანტის მიერ განსაზღვრული სასაქონლო კოდის სისწორეს.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 173-ე მუხლის „გ“ ქვეპუნქტით დღგ-ისგან გათავისუფლებულია საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიერ რეგისტრირებული სეს ესნ-ის 2844 კოდით გათვალისწინებული რადიოფარმპრეპარატების, სეს ესნ-ის 8419 20 000 00, 9001 30 000 00, 9001 40 და 9001 50 კოდებით, სეს ესნ-ის 9018–9022 კოდებით (გარდა 9022 29 000 00 კოდისა), 9025 11 200 00 და 9402 90 000 00 კოდებით გათვალისწინებული საქონლის, სეს ესნ-ის 8713 და 8714 20 000 00 კოდებით გათვალისწინებული ეტლებისა და მათი ნაწილების და საკუთნოების, სამედიცინო დანიშნულების რენტგენის ფირების, სამედიცინო დანიშნულების სადიაგნოსტიკო ტესტ-სისტემების, გლუკომეტრების (რომელთა ტესტ-სისტემები საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიერაა რეგისტრირებული) იმპორტი.

საქართველოს საბაჟო კოდექსის 163-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, საბაჟო სამართალდარღვევა არის პირის მართლსაწინააღმდეგო ქმედება (მოქმედება ან უმოქმედობა), რომლის ჩადენისთვისაც ამ კოდექსით გათვალისწინებულია პასუხისმგებლობა.

საქართველოს საბაჟო კოდექსის 167-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, საბაჟო დეკლარაციასა და მის თანმხლებ დოკუმენტში არასწორი მონაცემის არსებობისას იმპორტის გადასახდელის ოდენობის შემცირება (გარდა ამ მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა) – იწვევს დაჯარიმებას საბაჟო დეკლარაციაში შემცირებული იმპორტის გადასახდელის თანხის 100 პროცენტის ოდენობით.

დადგენილია, რომ სეს ესნ-ის 9018 90 840 00 კოდში შემავალი საქონელი საქართველოს საგადასახადო კოდექსის 173-ე მუხლის „გ“ ქვეპუნქტით გათავისუფლებულია დღგ-ისგან, ხოლო სეს ესნ-ის 8536 90 950 00 კოდში შემავალი საქონელი - არა. შესაბამისად, საქონლის არასწორ კოდში დეკლარირებამ გამოიწვია №----/------ საბაჟო დეკლარაციით დარიცხული იმპორტის გადასახდელის შემცირება 1149.8 ლარით. ამდენად, მომჩივნის მხრიდან ადგილი ჰქონდა საბაჟო დეკლარაციაში არასწორი მონაცემის არსებობისას იმპორტის გადასახდელის ოდენობის შემცირებას, რაც არის პირის მართლსაწინააღმდეგო ქმედება (მოქმედება ან უმოქმედობა), რომლის ჩადენისთვისაც საქართველოს საბაჟო კოდექსით გათვალისწინებულია პასუხისმგებლობა. გამომდინარე აქედან, მომჩივნისთვის სადავო ოქმით საქართველოს საბაჟო კოდექსის 167-ე მუხლის შესაბამისად დაკისრებული პასუხისმგებლობა მართლზომიერია.

შემოსავლების სამსახური მიუთითებს, რომ საქართველოს საგადასახადო კოდექსის 63-ე მუხლის შესაბამისად, თუ გადასახადის გადამხდელის მიერ გადახდილი გადასახადების ან/და სანქციების (მათ შორის, საბაჟო სანქციის) თანხა აღემატება დარიცხული გადასახადების ან/და სანქციების (მათ შორის, საბაჟო სანქციის) თანხას, საგადასახადო ორგანო გადასახადის გადამხდელის მოთხოვნის საფუძველზე, ამ მოთხოვნის წარდგენიდან არაუგვიანეს 1 თვისა უბრუნებს გადასახადის გადამხდელს ზედმეტად გადახდილ თანხას.

შემოსავლების სამსახური მიუთითებს ასევე საქართველოს საბაჟო კოდექსის 163-ე მუხლის მე-11 ნაწილზე, რომლის მიხედვით საბაჟო ორგანოს/დავის განმხილველ ორგანოს უფლება აქვს, პირი გაათავისუფლოს ამ კოდექსით გათვალისწინებული საბაჟო სანქციისგან, თუ შესაბამისი საბაჟო სამართალდარღვევა ჩადენილია შეცდომით/არცოდნით.

კანონმდებელი სამართალდამრღვევის მიმართ საბაჟო სანქციის შემცველი ნორმების დადგენის პარალელურად ითვალისწინებს პასუხისმგებლობისგან გათავისუფლების შესაძლებლობას, რაც კონკრეტული საფუძვლების განსაზღვრაში გამოიხატა. საბაჟო პასუხისმგებლობის გამომრიცხველი გარემოებებისაგან განსხვავებით პირის მიერ ჩადენილი ქმედება შეიცავს სამართალდარღვევის ყველა ნიშანს, მაგრამ საბაჟო პასუხისმგებლობის კანონიერი საფუძვლის არსებობის მიუხედავად, კანონმდებლობით განსაზღვრულ შემთხვევებში, იგი თავისუფლდება საბაჟო სანქციისგან.

საქართველოს საბაჟო კოდექსის 163-ე მუხლის მე-11 ნაწილი პირის საბაჟო სანქციისაგან გათავისუფლებას ითვალისწინებს იმ პირობებში, როცა ფაქტობრივი და სამართლებრივი გარემოებები იძლევა იმის საფუძველს, რომ სამართალდამრღვევი პირი ცდება, ან არ არის მისთვის ცნობილი ისეთი გარემოება, რამაც მისი საბაჟო პასუხისმგებლობა გამოიწვია.

ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში, სახეზეა საქართველოს საბაჟო კოდექსით დადგენილი პასუხისმგებლობის ზომის - ჯარიმისგან გათავისუფლების საფუძველი და სამართალდამრღვევი უნდა გათავისუფლდეს სადავო ოქმით დარიცხული ჯარიმისგან (საქართველოს საბაჟო კოდექსის 163-ე მუხლის მე-11 ნაწილით). საჩივარი დანარჩენ ნაწილში უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ :

 

1. ----- ---------ძის (პ/ნ -----------------------) საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

2. მომჩივანი საქართველოს საბაჟო კოდექსის 163-ე მუხლის მე-11 ნაწილის საფუძველზე გათავისუფლდეს 2024 წლის 5 სექტემბრის №------ საბაჟო სამართალდარღვევის ოქმით დარიცხული ჯარიმისგან;

3. დაევალოს საბაჟო დეპარტამენტს განახორციელოს შესაბამისი კორექტირება მომჩივნის პირადი აღრიცხვის ბარათზე;

4. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

5. ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან თბილისის საქალაქო სასამართლოში (მის.: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესით, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი

საჩივრის ავტორი ითხოვს სადავო ოქმის საფუძველზე გადახდილი თანხის დაბრუნებას.

 

ფაქტობრივი გარემოებები

საქმის მასალებითა და საბაჟო დეპარტამენტიდან წარმოდგენილი ინფორმაციით ირკვევა, რომ 2024 წლის 20 აგვისტოს საფოსტო გადამზიდავმა მომჩივანის მიერ წარდგენილი დოკუმენტების საფუძველზე შეავსო და დაარეგისტრირა საბაჟო დეკლარაცია – ფორმა 4, რომლითაც თავისუფალ მიმოქცევაში გაშვების პროცედურაში დადეკლარირდა საფოსტო გზავნილით მომჩივანის სახელზე შემოტანილი საქონელი . აღნიშნული დეკლარაციისთვის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემა „Oracle“-ს მიერ განისაზღვრა „ყვითელი დერეფანი“

გაფორმების ეკონომიკური ზონის უფლებამოსილი პირის მიერ განხორციელდა საბაჟო დეკლარაციის კამერალური შემოწმება, რა დროსაც საქონლის დათვალიერების მიზნით დეკლარაცია გადაყვანილ იქნა „წითელ დერეფანში“. საფოსტო გზავნილის დათვალიერების შედეგად გაჩნდა ეჭვი დეკლარაციაში მითითებული საქონლის სეს ესნ-ის კოდის სისწორესთან დაკავშირებით.

საბაჟო დეპარტამენტის საბაჟო ღირებულებისა და საქონლის კლასიფიკაციის სამმართველოს ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, საქონელს საგარეო-ეკონომიკური საქმიანობის ეროვნული სასაქონლო ნომენკლატურის მიხედვით განესაზღვრა – 8536 90 950 00 კოდი.

ვინაიდან, სეს ესნ-ის 8536 90 950 00 კოდში შემავალი საქონელი არ არის გათავისუფლებული დღგისგან, შესაბამისად, საქონლის არასწორ კოდში დეკლარირებამ გამოიწვია საბაჟო დეკლარაციით დარიცხული იმპორტის გადასახდელის შემცირება 1149.8 ლარით.

ვინაიდან მომჩივანის მხრიდან ადგილი ჰქონდა საბაჟო დეკლარაციასა და მის თანმხლებ დოკუმენტში არასწორი მონაცემის (სეს ესნ-ის კოდი) არსებობისას იმპორტის გადასახდელის ოდენობის შემცირებას 1149.8 ლარით, გაფორმების ეკონომიკური ზონის უფლებამოსილი პირის მიერ შედგენილ იქნა საბაჟო სამართალდარღვევის ოქმი, რომლითაც მომჩივანს დაეკისრა საქართველოს საბაჟო კოდექსის 167-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა და სანქციის სახით შეეფარდა ჯარიმა 1149.75 ლარის (შემცირებული იმპორტის გადასახდელის თანხის 100 პროცენტი) ოდენობით.

საბაჟო დეკლარაციაში შესაბამისი ცვლილების შეტანის შემდეგ, საფოსტო გზავნილით შემოტანილი საქონელი გაშვებულ იქნა თავისუფალ მიმოქცევაში.

 

გადაწყვეტილება

სამართლებრივი ნორმებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში, სახეზეა საქართველოს საბაჟო კოდექსით დადგენილი პასუხისმგებლობის ზომის - ჯარიმისგან გათავისუფლების საფუძველი და სამართალდამრღვევი უნდა გათავისუფლდეს სადავო ოქმით დარიცხული ჯარიმისგან (საქართველოს საბაჟო კოდექსის 163-ე მუხლის მე-11 ნაწილით). საჩივარი დანარჩენ ნაწილში უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

დასაბუთება

შემოსავლების მამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 173-ე მუხლის „გ“;

ასევე ,საქართველოს საბაჟო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 13; 35(1.3.4); 63; 70(1); 163(11); 167(1);