ბრძანება N 14529

შემოსავლების სამსახურის დავების გადაწყვეტილება ნაწილობრივ დაკმაყოფილდა 23.06.2023
№ დოკუმენტი 14529
სტატუსი მოქმედი
მიმღები შემოსავლების სამსახურის უფროსი/დავების საბჭოს თავმჯდომარე
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

ბრძანება N 14529

23.06.2023

შპს „--------“ (ს/ნ --------)

(მის.: --------------)

2023 წლის 24 იანვრის საჩივრის

ნაწილობრივ დაკმაყოფილების თაობაზე

შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2023 წლის 27 აპრილის და 25 მაისის სხდომებზე (ოქმები №45 და №57) განიხილა შპს „---------“ (ს/ნ -------) 2023 წლის 24 იანვრის №78454/1/2023 საჩივარი, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2022 წლის 30 დეკემბრის №007-410 საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით.

სადავო საკითხები:

1. გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება საბაჟო დეპარტამენტის მიერ განსაზღვრული საქონლის შესყიდვის (საინვოისო) ღირებულების 190 688.13 ლარის 75% მომწოდებლისთვის გადახდილად ჩათვლას, ხოლო 25%-ის ანგარიშვალდებულ პირზე გაცემულ უპროცენტო სესხად განხილვას. განმარტავს, რომ აუდიტის დეპარტამენტის მიერ არასწორად იქნა განხილული ოპერაციის შინაარსი. თუ საბაჟო დეპარტამენტმა საქონლის საბაჟო ღირებულება განსაზღვრა 190 688.13 ლარის ოდენობით აუდიტის დეპარტამენტის მიერ მხოლოდ 75% ხარჯად აღიარება არ შეესაბამება კანონმდებლობის ნორმებს, ასეთ შემთხვევაში გამოდის რომ ერთი დეპარტამენტი ზრდის საქონლის საბაჟო ღირებულებას, ხოლო მეორე გაწეული ხარჯის ღირებულებას ამცირებს. აუდიტის დეპარტამენტში წარდგენილია საქონლის შეძენის ინვოისები სადაც საქონლის შესყიდვის ღირებულებად დაფიქსირებულია 230 000 აშშ დოლარი, შესაბამისად 230 000 აშშ დოლარი უნდა ჩაითვალოს გაწეულ ხარჯად. აღნიშნული ხარჯის სისწორე დასტურდება იმ ფაქტითაც, რომ სადავო ძირითადი საშუალებები მიწოდებულია შპს „-------ზე“, ხოლო შემდგომ უკულიზინგით შპს „-------დან“ მიწოდებულია სს „----------ზე“. --------ს მიერ გაკეთებული შეფასებით ქონების ღირებულება შეადგენს დაახლოებით 900 000 ლარს, რაც კიდევ ერთხელ ადასტურებს იმ ფაქტს რომ შპს „---------თვის“ გამოწერილი ინოისში დაფიქსირებული თანხები შეესაბამება სინამდვილეს.

2. გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება მომწოდებლისათვის გადახდის დამადასტურებლად წარდგენილი დოკუმენტის არასარწმუნოდ მიჩნევას, არაეკონომიკურ ხარჯად განხილვას და მოგების გადასახადით დაბეგვრას. განმარტავს, რომ კომპანიის მიერ დაზგა-დანადგარების მიწოდება განხორციელდა 706 846 ლარად, ხოლო მის შეძენაზე მომწოდებელთან გადაიხადა 230 000 აშშ დოლარი. შესაბამისად, კომპანიის მხრიდან არანაირი თანხის გაცემა არ მომხდარა, ასევე აღნიშნული ფაქტი არ დასტურდება არცერთი მტკიცებულებით. შემოწმებას უნდა გაეთვალისწინებინა წარდგენილი ინვოისები, სადაც შესყიდვის ფასი შეესაბამება რეალურ ღირებულებას.

3. გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება ქონების გადასახადის დარიცხვას იმ საფუძვლით, რომ შეძენილია არასასოფლო-სამეურნეო 6 701 მ 2 მიწის ნაკვეთი ------- რაიონში და აღნიშნულ ქონებაზე საწარმოს შესაბამისი დეკლარირება არ განუხორციელებია. განმარტავს, რომ აღნიშული მიწა საგადასახადო დავალიანების შესრულების სანაცვლოდ მიექცა სახელმწიფოს საკუთრებაში.

4. გადასახადის გადამხდელი ითხოვს დღგ-ის ჩათვლას. განმარტავს, რომ ვინაიდან საბაჟო დეპარტამენტის მიერ განხორციელებულია დარიცხვა და გაიზარდა ბიუჯეტში გადასახდელი დღგ-ის ოდენობა, შემოწმებას უნდა განეხორციელებინა შესაბამისი პერიოდის დღგ-ის ჩასათვლელი თანხის კორექტირება.

5. გადასახადის გადამხდელი ითხოვს საგადასახადო მოთხოვნით განსაზღვრული სანქციისგან გათავისუფლებას საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე.

 

ფაქტობრივი გარემოებები:

საქმის მასალებით ირკვევა, რომ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2021 წლის 15 ივნისის №19284 და 29 ივლისის №25044 ბრძანებების საფუძველზე ჩატარდა შპს „---------“ (ს/ნ -------) საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმება. შესამოწმებელ პერიოდად განისაზღვრა 2020 წლის 19 მარტიდან (რეგისტრაციის თარიღი) 2021 წლის პირველ ივნისამდე საანგარიშო პერიოდები. შემოწმების შედეგებზე 2022 წლის 29 დეკემბერს შედგენილ იქნა საგადასახადო შემოწმების აქტი, გამოიცა 2022 წლის 30 დეკემბრის №33876 ბრძანება და ამავე თარიღის №007-410 საგადასახადო მოთხოვნა, რომლის მიხედვით გადამხდელს საგადასახადო ვალდებულება განესაზღვრა სულ 195 482 ლარი, მათ შორის, გადასახადი 102 162 ლარი, ჯარიმა 51 081 ლარი, საურავი 42 239 ლარი.

 

სადავო საკითხებთან დაკავშირებით საგადასახადო შემოწმების აქტის მიხედვით დარიცხვა განპირობებულია შემდეგი გარემოებით:

 შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემების შესწავლით დადგინდა, რომ გადასახადის გადამხდელს შესამოწმებელ პერიოდში, უფიქსირდება მხოლოდ ქვის საჭრელი დანადგარებისა და მისი ნაწილების იმპორტი -------დან 2020 წლის 21 აგვისტოს (დეკლარაცია 7240) 86 748 ((25240$+3000$)*3.0718) ლარის ღირებულებით და 24 აგვისტოს მათი რეალიზაცია შპს „------ზე“ (გამოწერილია 706 846 ლარის ღირებულების სასაქონლო ზედნადები --------, შესაბამისი საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა ეა-17--------). საწარმოს მიერ შემოწმებისათვის წარდგენილია შპს „--------“ დირექტორის წარმომადგენლის ახსნა-განმარტება, რომელსაც დანართად ახლავს იმპორტირებული დანადგარების შეძენის ფასთან (მითითებულია 210 000 აშშ დოლარი) დაკავშირებული ნოტარიულად დამოწმებული დოკუმენტების ასლები (დღეის მდგომარეობით აუდიტის დეპარტამენტში წარმოდგენილია ორიგინალი ნოტარიულად დამოწმებული აქტებიც). ამასთან, განმარტების თანახმად საწარმოს დავალებით დანადგარები შეიძინა -------მა (საიდენტიფიკაციო მონაცემები მითითებული არ არის).

ამასთან, აღსანიშნავია, რომ შემოწმების მიმდინარეობის პროცესში საბაჟო დეპარტამენტის მიერ საქონლის საბაჟო ღირებულების სისწორისა და წარმოდგენილი დოკუმენტების რეალობის დასადგენად, №----- საბაჟო დეკლარაცია და მისი თანმხლები დოკუმენტაცია გადამოწმდა ექსპორტიორი ქვეყნის (--------) საბაჟო სამსახურში და გამოთხოვილ იქნა შესაბამისი ექსპორტის დეკლარაცია თანმხლები დოკუმენტაციის ასლებით. ------ საბაჟო სამსახურის მიერ მოწოდებული ინფორმაციით, საქონლის საბაჟო ღირებულებამ შეადგინა 190 688.13 ლარი ((59077$+3000$)*3.0718), რომლის მიხედვით №------ საბაჟო დეკლარაციით განსაზღვრული გადასახადი უნდა ყოფილიყო 35 489.57 ლარი, კერძოდ, იმპორტის გადასახადი 987.89 ლარი, დამატებული ღირებულების გადასახადი 34 501.68 ლარი. საბაჟო დეპარტამენტის მიერ განხორციელებული შემოწმების შედეგად, შპს „-------“ №----- საბაჟო დეკლარაციაზე დამატებით გადასახდელად დაერიცხა იმპორტის გადასახადი 695.89 ლარი, დამატებული ღირებულების გადასახადი 18 834.56 ლარი, ხოლო საქართველოს საბაჟო კოდექსის 167-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად სანქცია ჯარიმის სახით შეეფარდა - 19 530.45 ლარი.

შესწავლის შედეგიდან გამომდინარე საგადასახადო შემოწმებისათვის გადამხდელის მხრიდან წარდგენილი დოკუმენტაცია, ვერ იქნა მიჩნეული უცხოელი მომწოდებლის დავალიანების დაფარვის დამადასტურებელ დოკუმენტად. დირექტორის ახსნა-განმარტებით თანხა (230 000 აშშ დოლარი) ------ში გაატანა ფიზიკურ პირს --------- (საწარმოს მიერ დამატებით 20.06.2022წ წარმოდგენილი ახსნა-განმარტებით ფულის გატანა -------ში მოხდა ---------ის მიერ (მოწოდებულია პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი)). ფაქტობრივი გარემოებიდან გამომდინარე, საგადასახადო შემოწმებითაც იმპორტირებული დანადგარების ღირებულებად მიჩნეულ იქნა საბაჟო ორგანოს მიერ დადგენილი ფასი.

შემოსავლების სამსახურის 2021 წლის 12 ნოემბრის №35390 ბრძანების საფუძველზე გამოცემული მეთოდური მითითების დანართი №8-ის შესაბამისად, მომწოდებლისათვის გადახდილად ჩაითვალა საბაჟო დეპარტამენტის მიერ განსაზღვრული საქონლის შესყიდვის (საინვოისო) ღირებულების 190 688.13 ლარის 75%, ხოლო 47 672 (190 688.13*25%) ლარი განხილულ იქნა საწარმოს ანგარიშვალდებულ პირზე, ----------ზე გაცემულ უპროცენტო სესხად. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 982 გათვალისწინებით, მოგების გადასახადით დასაბეგრი ბაზა სალდირებულად გაიზარდა სულ 47 672 ლარით. გადამხდელს დაერიცხა გადასახადი და საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით განსაზღვრული ჯარიმა. ამასთან, სიტუაციური სახელმძღვანელო №2641-ის გათვალისწინებით, აღნიშნულ სესხზე გამოანგარიშებული, საქართველოს ფინანსთა მინისტრის ბრძანებით განსაზღვრული 20%-იანი განაკვეთით დასაბეგრი პროცენტის თანხა, ჩაითვალა ფიზიკური პირის ---------ის მიერ მიღებულ სარგებლად და დაექვემდებარა დაბეგვრას გადახდის წყაროსთან საშემოსავლო გადასახადით. გადამხდელს დაერიცხა გადასახადი და საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით განსაზღვრული ჯარიმა.

 ფაქტობრივი გარემოებიდან გამომდინარე, 515 826 (230000$*3.0718-190 688.13) ლარზე არ დგინდება საწარმოს მიერ ეკონომიკურ საქმიანობაში გამოყენება. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 97-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად 606 854 (515 826/0.85) ლარი დაექვემდებარა მოგების გადასახადით დაბეგვრას. გადამხდელს დაერიცხა გადასახადი და საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით განსაზღვრული ჯარიმა.

 საწარმოს მიერ 2020 წლის მაისში შეძენილია არასასოფლო-სამეურნეო 6 701 მ 2 მიწის ნაკვეთი --------- რაიონში. აღნიშნულ ქონებაზე საწარმოს შესაბამისი დეკლარირება არ განუხორციელებია. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 203-ე და 204-ე მუხლების შესაბამისად გაანგარიშებულმა საწარმოს კუთვნილმა 2021 წლის მიწის გადასახადმა შეადგინა 1 930 (6701*0.24*1.2) ლარი. გადამხდელს დაერიცხა გადასახადი და საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით განსაზღვრული ჯარიმა.

 

შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივარი და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ შემდეგ გარემოებათა გამო:

 

პირველ და მე-2 სადავო საკითხებთან დაკავშირებით შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტზე, რომლის თანახმად, საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრის მიზნით საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს სამეურნეო ოპერაციის ფორმისა და შინაარსის გათვალისწინებით შეცვალოს მისი კვალიფიკაცია, თუ ოპერაციის ფორმა არ შეესაბამება მის შინაარსს. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ რაიმე თანხა გამოიყენება კონკრეტული პირის ინტერესებისათვის, ჩაითვლება, რომ ეს თანხა მიღებული აქვს ამ პირს.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 97-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ პუნქტის თანახმად, რეზიდენტი საწარმოს (გარდა ამ მუხლის მე-2, მე-8 და მე-9 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა) მოგების გადასახადით დაბეგვრის ობიექტია გაწეული ხარჯი ან სხვა გადახდა, რომელიც ეკონომიკურ საქმიანობასთან დაკავშირებული არ არის.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 982 მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, ამ მუხლის მიზნებისათვის ხარჯს, რომელიც ეკონომიკურ საქმიანობასთან დაკავშირებული არ არის, მიეკუთვნება ხარჯი, რომლის გაწევის მიზანი არ არის მოგების, შემოსავლის ან კომპენსაციის მიღება.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილზე, რომლის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.

დადგენილი ფაქტობრივი გარემოების მიხედვით გადასახადის გადამხდელი იმპორტირებული აქვს ქვის საჭრელი დანადგარები და მისი ნაწილები -------დან, დეკლარაციის მიხედვით 86 748 ლარის ღირებულების, რომელიც რეალიზებულია და გამოწერილია 706 846 ლარის ღირებულების სასაქონლო ზედნადები და საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა. გადამხდელის წარმომადგენლის მიერ წარდგენილია იმპორტირებული დანადგარების შეძენის ფასთან დაკავშირებული დოკუმენტები. შესწავლის შედეგად გადამხდელის მიერ წარდგენილი დოკუმენტაცია, ვერ იქნა მიჩნეული უცხოელი მომწოდებლის დავალიანების დაფარვის დამადასტურებელ დოკუმენტად. შემოწმებით მომწოდებლისათვის გადახდილად ჩაითვალა საბაჟო დეპარტამენტის მიერ განსაზღვრული საქონლის შესყიდვის (საინვოისო) ღირებულების 75%, ხოლო 25% განხილულ იქნა საწარმოს ანგარიშვალდებულ პირზე გაცემულ უპროცენტო სესხად, პროცენტის თანხა, ჩაითვალა ფიზიკური პირის მიერ მიღებულ სარგებლად. შედეგად გადამხდელს დაერიცხა მოგებისა და საშემოსავლო გადასახადები. ამასთან, 515 826 ლარზე ვერ დადგინდა მისი ეკონომიკურ საქმიანობაში გამოყენება და შესაბამისად დაიბეგრა მოგების გადასახადით.

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ადმინისტრაციული წარმოებისას გამოიკვლიოს საქმისათვის ყველა მნიშვნელოვანი გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე.

მოქმედი კანონმდებლობის მიხედვით, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, რომელიც გამოცემულია წერილობითი სახით, აუცილებელია შეიცავდეს დასაბუთებას, კერძოდ, მასში მითითებული უნდა იყოს ის სამართლებრივი და ფაქტობრივი წანამძღვრები, რომელთა საფუძველზეც გამოიცა იგი. იმ შემთხვევაშიც კი, თუ ადმინისტრაციული ორგანო მოქმედებს დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში, იგი ვალდებულია, აქტის დასაბუთებაში მიუთითოს იმ გარემოებებზე, რომლებიც საფუძვლად დაედო მის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 298-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სისტემაში საგადასახადო დავის შედეგად დაუშვებელია მომჩივნის საგადასახადო ვალდებულებების დამძიმება, გარდა გადამხდელის თანხმობით ამავე დავის ფარგლებში ჩატარებული შემოწმების შემთხვევისა.

ზემოხსენებული სამართლებრივი ნორმების, დადგენილი ფაქტობრივი გარემოებებისა და გადასახადის გადამხდელის წარმოდგენილი არგუმენტების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახური მიიჩნევს, რომ ------დან იმპორტირებული ქვის საჭრელი დანადგარების და მისი ნაწილების შესაძენად გადასახდელი/გადახდილი თანხის ნაწილის გაცემულ უპროცენტო სესხად განხილვა დაუსაბუთებელია და უნდა დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს, აღნიშნული თანხა განიხილოს ეკონომიკურ საქმიანობასთან დაუკავშირებელ ხარჯად და განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების შესაბამისი კორექტირება.

 

მე-3 სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 203-ე მუხლის „ა“ ქუნქტზე, რომლის თანახმად, მიწაზე ქონების გადასახადის გადამხდელია პირი საგადასახადო წლის 1 აპრილის მდგომარეობით მის საკუთრებაში არსებულ მიწაზე.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 204-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების თანახმად, არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწაზე ქონების გადასახადის განაკვეთები კონკრეტული მიწის ნაკვეთისათვის, მიწის ნაკვეთის ადგილმდებარეობის გათვალისწინებით, გაიანგარიშება შემდეგი წესით:

ა) გადასახადის საბაზისო განაკვეთი დგინდება წელიწადში მიწის ერთ კვადრატულ მეტრზე 0.24 ლარის ოდენობით.

ბ) მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოს − საკრებულოს გადაწყვეტილებით, შესაბამისი საბაზისო განაკვეთი მრავლდება ტერიტორიულ კოეფიციენტზე. ამასთანავე, ტერიტორიული კოეფიციენტი არ შეიძლება იყოს 1,5-ზე მეტი.

ამავე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, მიწაზე საგადასახადო ვალდებულება განისაზღვრება საგადასახადო წლის 1 აპრილისათვის მოქმედი განაკვეთების მიხედვით.

შემოსავლების სამსახური ყურადღებას ამახვილებს დადგენილ ფაქტობრივ გარემოებაზე, რომლის მიხედვით, გადასახადის გადამხდელს 2020 წლის მაისში შეძენილი აქვს არასასოფლო-სამეურნეო 6 701 მ 2 მიწის ნაკვეთი -------- რაიონში და არ აქვს შესრულებული საგადასახადო ვალდებულებები.

ამასთან, აუდიტის დეპარტამენტის მიერ მოწოდებული ინფორმაციის მიხედვით, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს მონაცემებით უძრავი ნივთი შპს „--------“ ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე საკუთრების უფლებით დარეგისტრირებული ჰქონდა 2020 წლის 20 მაისს, ხოლო 2021 წლის 22 დეკემბრის საქართველოს იუსტიციის სამინისტროს აღსრულების ეროვნული ბიუროს განკარგულებით (უძრავი ნივთის ნატურით გადაცემის შესახებ) მიქცეულია სახელმწიფო საკუთრებაში. შესაბამისად, საწარმოს მიწა საკუთრებაში ჰქონდა 2021 წლის პირველი აპრილის მდგომარეობით.

შემოსავლების სამსახური განმარტავს, რომ მომჩივანი საჩივარში ვერ უთითებს ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე, თუ რა ნაწილში იქნა განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები არამართლზომიერად. ხოლო, დავის წარმოების პროცესში არ ყოფილა წარმოდგენილი იმგვარი მტკიცებულებები, რომლებიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმებით დადგენილ გარემოებებს.

ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ საგადასახადო შემოწმების შედეგად საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით, წარმოდგენილი საჩივარი აღნიშნულ ნაწილში დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

მე-4 სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 174-ე მუხლის პირველ ნაწილზე, რომლის თანახმად, დღგ-ის ჩათვლა არის დასაბეგრი პირის უფლება, შეიმციროს გადასახდელი დღგ-ის თანხა საქონლის მიწოდებასთან/მომსახურების გაწევასთან დაკავშირებული ხარჯის სხვადასხვა კომპონენტის ღირებულებაზე პირდაპირ მიკუთვნებული დღგ-ის თანხით.

ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, დღგ-ის ჩათვლის უფლება წარმოიშობა ჩასათვლელი დღგის თანხის დარიცხვის ვალდებულების წარმოშობის (შესაბამისი ოპერაციის დღგ-ით დაბეგვრის) მომენტიდან. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, დღგ-ის ჩათვლის უფლება აქვს მხოლოდ დღგ-ის გადამხდელად რეგისტრირებულ დასაბეგრ პირს.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 175-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტის თანახმად, თუ საქონელი/მომსახურება გამიზნულია ან გამოიყენება დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციის განხორციელებისთვის, დასაბეგრ პირს უფლება აქვს ჩაითვალოს საქონლის იმპორტისას გადახდილი/გადასახდელი დღგ.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 176-ე მუხლის პირველი ნაწილის „ე“ ქვეპუნქტის თანახმად, დღგ-ის ჩათვლის მიღების საფუძველია საგადასახადო ორგანოს გადაწყვეტილების საფუძველზე საქონლის იმპორტთან დაკავშირებით დღგ-ის დარიცხვისას - დარიცხული დღგ-ის ბიუჯეტში გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი.

შემოსავლების სამსახური ყურადღებას ამახვილებს აუდიტის დეპარტამენტის მიერ მოწოდებულ ინფორმაციაზე, რომლის თანახმად, გადასახადის გადამხდელის პირადი აღრიცხვის ბარათზე დღეის მდგომარეობითაც არ ფიქსირდება 2022 წლის 20 დეკემბრის საქონლის გაშვების შემდგომი კონტროლის შემოწმების №ა 233-21-10 აქტით დაკისრებული თანხების გადახდა. ამასთან, საწარმომ შემოსავლების სამსახურში 2023 წლის 23 იანვარს შეიტანა №78397/1/2023 საჩივარი, რომლითაც არ ეთანხმებოდა აღნიშნული აქტით მიხედვით განსაზღვრულ საბაჟო ღირებულებას, ამავდროულად ითხოვდა მის მიმართ საქართველოს საბაჟო კოდექსის 163-ე მუხლის მე-11 ნაწილის გამოყენებას დაკისრებული საბაჟო სანქციისგან განთავისუფლების მიზნით. შემოსავლების სამსახურის 2023 წლის 23 თებერვლის №3408 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა.

აუდიტის დეპარტამენტის მიერ მოწოდებულ ინფორმაციაზე და საქმეში არსებულ მასალებზე დაყრდნობით, შემოსავლების სამსახურს მიაჩნია, რომ წარმოდგენილი საჩივარი ამ ნაწილში დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

მე-5 სადავო საკითხთან დაკავშირებით შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილზე, რომლის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საგადასახადო სამართალდარღვევად ითვლება პირის მართლსაწინააღმდეგო ქმედება (მოქმედება ან უმოქმედობა), რომლისთვისაც ამ კოდექსით გათვალისწინებულია პასუხისმგებლობა. საგადასახადო სამართალდარღვევისათვის პირს პასუხისმგებლობა შეიძლება დაეკისროს მხოლოდ ამ კოდექსით დადგენილი საფუძვლითა და წესით.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 270-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საგადასახადო სანქცია არის პასუხისმგებლობის ზომა ჩადენილი საგადასახადო სამართალდარღვევისათვის. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, საგადასახადო სანქცია გამოიყენება გაფრთხილების, საურავის, ფულადი ჯარიმის, სამართალდარღვევის საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების უსასყიდლოდ ჩამორთმევის სახით, ამ კოდექსით გათვალისწინებულ შემთხვევებში.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 272-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საურავი არის საგადასახადო სანქცია, რომელიც პირს ეკისრება საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვადაში გადასახადის გადასახდელი თანხის გადაუხდელობისათვის.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, საგადასახადო დეკლარაციაში/გაანგარიშებაში გადასახადის თანხის შემცირება, გარდა ამ მუხლის პირველი, 21 და 22 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა, იწვევს დაჯარიმებას შემცირებული გადასახადის თანხის 50 პროცენტის ოდენობით.

შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილზე, რომლის თანახმად, საგადასახადო ორგანოს/დავის განმხილველ ორგანოს უფლება აქვს, გაათავისუფლოს კეთილსინდისიერი გადასახადის გადამხდელი ამ კოდექსით გათვალისწინებული სანქციისაგან, თუ სამართალდარღვევა გამოწვეულია გადასახადის გადამხდელის შეცდომით/არცოდნით.

შემოსავლების სამსახური განმარტავს, რომ გადასახადის გადამხდელის კეთილსინდისიერება უკავშირდება მის მიერ დაშვებულ შეცდომას, გადამხდელი კეთილსინდისიერია იმ შემთხვევაში თუ სამართალდარღვევა გამოწვეულია მის მიერ დაშვებული შეცდომით (არცოდნით). კეთილსინდისიერება გულისხმობს პირის სუბიექტურ დამოკიდებულებას მის მიერ ჩადენილი ქმედებისადმი. პირი მოქმედებს საპატიებელი შეცდომის პირობებში ანუ მან არ იცოდა და არც შეიძლებოდა სცოდნოდა, რომ ჩადიოდა აკრძალულ ქმედებას (სამართალდარღვევას). საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის მიზანია საგადასახადო პასუხისმგებლობისგან გაათავისუფლოს პირი, რომელიც სამართლებრივი შეცდომის არეალში მოქმედებდა, რადგან სამართლებრივი შეცდომის დროს პირი არასწორად აფასებს ჩადენილი ქმედების სამართლებრივ არსს და ამ ქმედებით გამოწვეულ სამართლებრივ შედეგს.

შემოსავლების სამსახური მიუთითებს ფაქტობრივ გარემოებებზე, რომლის მიხედვით, გადასახადის გადამხდელს არასრულად ჰქონდა შესრულებული საგადასახადო ვალდებულებები, ამასთან, მომჩივანი ვერ უთითებს ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე, რომლითაც დადასტურდება, რომ გადასახადის გადამხდელი საგადასახადო ვალდებულებების არაჯეროვნად შესრულებისას მოქმედებდა სამართლებრივი შეცდომის არეალში. შესაბამისად, საგადასახადო შემოწმების შედეგად დარიცხული სანქციის მიმართ შემოსავლების სამსახურს მიზანშეწონილად არ მიაჩნია საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის გამოყენება.

 

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

 

1. შპს „-------“ (ს/ნ -------) საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

2. პირველ და მე-2 სადავო საკითხებთან დაკავშირებით, დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს, გაცემულ უპროცენტო სესხად განხილული, --------დან იმპორტირებული ქვის საჭრელი დანადგარების და მისი ნაწილების შესაძენად გადასახდელი/გადახდილი თანხის ნაწილი განიხილოს ეკონომიკურ საქმიანობასთან დაუკავშირებელ ხარჯად და განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების შესაბამისი კორექტირება;

3. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

4. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი

 

1. გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება საბაჟო დეპარტამენტის მიერ განსაზღვრული საქონლის შესყიდვის (საინვოისო) ღირებულების 190 688.13 ლარის 75% მომწოდებლისთვის გადახდილად ჩათვლას, ხოლო 25%-ის ანგარიშვალდებულ პირზე გაცემულ უპროცენტო სესხად განხილვას.

2. გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება მომწოდებლისათვის გადახდის დამადასტურებლად წარდგენილი დოკუმენტის არასარწმუნოდ მიჩნევას, არაეკონომიკურ ხარჯად განხილვას და მოგების გადასახადით დაბეგვრას.

3. გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება ქონების გადასახადის დარიცხვას.

4. გადასახადის გადამხდელი ითხოვს დღგ-ის ჩათვლას.

5. გადასახადის გადამხდელი ითხოვს საგადასახადო მოთხოვნით განსაზღვრული სანქციისგან გათავისუფლებას საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე.

 

ფაქტობრივი გარემოებები

 

გადასახადის გადამხდელს შესამოწმებელ პერიოდში, უფიქსირდება მხოლოდ ქვის საჭრელი დანადგარებისა და მისი ნაწილების იმპორტი. შესწავლის შედეგიდან გამომდინარე საგადასახადო შემოწმებისათვის გადამხდელის მხრიდან წარდგენილი დოკუმენტაცია, ვერ იქნა მიჩნეული უცხოელი მომწოდებლის დავალიანების დაფარვის დამადასტურებელ დოკუმენტად. საგადასახადო შემოწმებითაც იმპორტირებული დანადგარების ღირებულებად მიჩნეულ იქნა საბაჟო ორგანოს მიერ დადგენილი ფასი. გადამხდელს დაერიცხა გადასახადი და შესაბამისი ჯარიმა. ამასთან, აღნიშნულ სესხზე გამოანგარიშებული, საქართველოს ფინანსთა მინისტრის ბრძანებით განსაზღვრული 20%-იანი განაკვეთით დასაბეგრი პროცენტის თანხა, ჩაითვალა ფიზიკური პირის მიერ მიღებულ სარგებლად და დაექვემდებარა დაბეგვრას გადახდის წყაროსთან საშემოსავლო გადასახადით. გადამხდელს დაერიცხა გადასახადი და შესაბამისი ჯარიმა.

ფაქტობრივი გარემოებიდან გამომდინარე, 515 826 ლარზე არ დგინდება საწარმოს მიერ ეკონომიკურ საქმიანობაში გამოყენება. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 97-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად 606 854 (515 826/0.85) ლარი დაექვემდებარა მოგების გადასახადით დაბეგვრას. გადამხდელს დაერიცხა გადასახადი და შესაბამისი ჯარიმა.

საწარმოს მიერ 2020 წლის მაისში შეძენილია არასასოფლო-სამეურნეო 6 701 მ 2 მიწის ნაკვეთი. აღნიშნულ ქონებაზე საწარმოს შესაბამისი დეკლარირება არ განუხორციელებია. გაანგარიშებულმა საწარმოს კუთვნილმა 2021 წლის მიწის გადასახადმა შეადგინა 1 930 (6701*0.24*1.2) ლარი. გადამხდელს დაერიცხა გადასახადი და შესაბამისი ჯარიმა.

 

გადაწყვეტილება

 

შემოსავლების სამსახური მიიჩნევს, რომ იმპორტირებული ქვის საჭრელი დანადგარების და მისი ნაწილების შესაძენად გადასახდელი/გადახდილი თანხის ნაწილის გაცემულ უპროცენტო სესხად განხილვა დაუსაბუთებელია და უნდა დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს, აღნიშნული თანხა განიხილოს ეკონომიკურ საქმიანობასთან დაუკავშირებელ ხარჯად და განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების შესაბამისი კორექტირება.

დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდა. ამასთან, საგადასახადო შემოწმების შედეგად დარიცხული სანქციის მიმართ შემოსავლების სამსახურს მიზანშეწონილად არ მიაჩნია საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის გამოყენება.

 

დასაბუთება

 

შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 97(1), 982(1), 43(4), 73(9"ბ")(4), 298(2), 203"ა", 204(2), 174, 175(1), 176(1), 270, 272(1), 275(2), 269(1)(7).