ბრძანება N 8206

შემოსავლების სამსახურის დავების გადაწყვეტილება არ დაკმაყოფილდა 11.04.2024
№ დოკუმენტი 8206
სტატუსი მოქმედი
მიმღები შემოსავლების სამსახურის უფროსი/დავების საბჭოს თავმჯდომარე
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

N 8206

11 აპრილი 2024

ბ რ ძ ა ნ ე ბ ა

 

შპს „-------“ (ს/ნ -------)

(მის.: -------, -------)

2024 წლის 14 თებერვლის საჩივრის

დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე

 

შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2024 წლის 28 მარტის სხდომაზე (ოქმი №33) განიხილა შპს „-------“ (ს/ნ -------) 2024 წლის 14 თებერვლის №87704/1/2024 საჩივარი, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 27 დეკემბრის №007-420 „საგადასახადო მოთხოვნასთან“ დაკავშირებით.

 

გადასახადის გადამხდელის პოზიცია:

გადამხდელი არ ეთანხმება ქონების საბაზრო ღირებულების განსაზღვრას. აცხადებს, რომ საგადასახადო შემოწმების აქტს არ აქვს თანდართული დასკვნა ქონების საბაზრო ფასთან მიმართებაში და გაურკვეველია შემმოწმებლებმა რას შეადარეს ფასები და რატოა დაფიქსირებული 866 000 ლარი. განმარტავს, რომ იმ პერიოდში, როდესაც განხორციელდა მიწის მიწოდება 1 563 000 ლარად, კვადრატული მეტრის ფასი გამოვიდა 150 აშშ დოლარი. აღნიშნავს, რომ სხვა მიწის ღირებულება აღნიშნული მიწის გვერდით, რაც იყო ღირდა ბევრად ძვირი, კერძოდ მერყეობდა 180-250 აშშ დოლარის ფარგლებში. აცხადებს, რომ საბაზრო ღირებულებაზე ნაკლები თანხით შეისყიდა მიწა. გადამხდელი გამოთქვამს მზაობას მოთხოვნის შემთხვევაში დამატებით წარმოადგინოს მტკიცებულებები სხვა მიწის მფლობელები რა თანხაში ყიდიდნენ მიწებს ზემოაღნიშნულ პერიოდში, რის საფუძველზეც დადასტურდება, რომ კომპანიამ არ შეიძინა მიწა საბაზროზე მეტი ღირებულებით.

 

ფაქტობრივი გარემოებები:

საქმის მასალებით ირკვევა, რომ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 8 ნოემბრის №27588 ბრძანების საფუძველზე შპს „-------“ (ს/ნ -------) ჩაუტარდა საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმება უძრავი ქონების (საკადასტრო კოდი -------) შეძენის შედეგად წარმოშობილი საგადასახადო ვალდებულებების სისწორის დადგენის მიზნით. შემოწმების შედეგებზე 2023 წლის 27 დეკემბერს შედგენილ იქნა საგადასახადო შემოწმების აქტი, გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 27 დეკემბრის №33396 ბრძანება გადასახადების/გადასახდელების და საგადასახადო სანქციების თანხების დარიცხვის/შემცირების შესახებ და ამავე თარიღის №007-420 საგადასახადო მოთხოვნა, რომლის მიხედვით გადამხდელს საგადასახადო ვალდებულება განესაზღვრა სულ 285 876 ლარის ოდენობით, მათ შორის, გადასახადი 139 486 ლარი, ჯარიმა 69 743 ლარი და საურავი 76 647 ლარი.

 

საგადასახადო შემოწმების აქტის მიხედვით, საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია შემდეგი გარემოებებით:

საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ელექტრონული ბაზის მონაცემებით გადამხდელმა 2020 წლის 12 მაისს ფ/პ ------- (პ/ნ -------), რომელიც ამავდროულად არის შპს „-------“ თანადამფუძნებელი, შეიძინა არასასოფლო დანიშნულების მიწის ნაკვეთი 1 563 430 ლარად (ხელშეკრულების თანახმად), ხოლო 2021 წლის 23 აგვისტოს მოახდინა აღნიშნული მიწის ნაკვეთის რეალიზაცია 389 640 აშშ დოლარად. შემოწმების პროცესში ნასყიდობის საგნის საბაზრო ფასის დადგენის და საგადასახადო ვალდებულებების სწორად განსაზღვრის მიზნით, აუდიტის დეპარტამენტმა მიმართა ვალის მართვს დეპარტამენტს ზემოაღნიშნული ქონების შეფასების მოთხოვნით. 2023 წლის 7 დეკემბრის ვალის მართვის დეპარტამენტის ექსპერტიზის სამმართველოს №58542 დასკვნით ქონების საბაზრო ღირებულებამ 2020 წლის 12 მაისის მდგომარეობით შეადგინა 866 000 ლარი.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე არსებული სხვაობა - 697 430 ლარი, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის თანახმად ჩაითვალა ფიზიკური პირის მიერ მიღებულ სარგებლად და დაიბეგრა საშემოსავლო გადასახადით. გადასახადის გადამხდელს დაერიცხა საშემოსავლო გადასახადი და ჯარიმა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის მიხედვით.

 

შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივარი და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს, შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ დისტანციურად, ტექნიკურ საშუალებათა გამოყენებით. მათ ასევე უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.

 

სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, რომლის თანახმად, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-19 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ურთიერთდამოკიდებულ პირებად ითვლებიან ის პირები, რომელთა შორის განსაკუთრებულ ურთიერთობათა არსებობამ შეიძლება გავლენა მოახდინოს მათი ან მათ მიერ წარმოდგენილი პირების საქმიანობის პირობებზე ან ეკონომიკურ შედეგებზე

საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-18 მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, საქონლის/მომსახურების საბაზრო ფასად ითვლება ფასი, რომელიც ყალიბდება საქონლის/მომსახურების ბაზარზე იდენტური (ხოლო მისი არარსებობის შემთხვევაში – მსგავსი) საქონლის/მომსახურების მოთხოვნისა და მიწოდების ურთიერთზემოქმედების შედეგად და შესაბამის ბაზარზე იმ პირებს შორის დადებული გარიგების საფუძველზე, რომლებიც ამ კოდექსის მე-19 მუხლის მიხედვით არ არიან ურთიერთდამოკიდებული პირები. ურთიერთდამოკიდებულ პირებს შორის გარიგება მხედველობაში მიიღება მხოლოდ იმ პირობით, რომ მათი ურთიერთდამოკიდებულება გავლენას არ მოახდენს ასეთი გარიგების შედეგებზე.

ამავე მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით საქონლის/მომსახურების საბაზრო ფასი განისაზღვრება ბაზარზე ამ საქონლის/მომსახურების მიწოდების მომენტისათვის (ხოლო ასეთის არარსებობის შემთხვევაში - რეალიზაციის მომენტის უახლოესი კალენდარული დღისათვის, რომელიც არა უმეტეს 30 კალენდარული დღით უსწრებს ან მოჰყვება ასეთი საქონლის/მომსახურების რეალიზაციის მომენტს) იდენტურ (მსგავს) საქონელზე/მომსახურებაზე დადებული გარიგების შესახებ, მათ შორის, საერთაშორისო და სხვა ბირჟებზე დაფიქსირებული ფასების შესახებ, ინფორმაციის საფუძველზე.

ამავე მუხლის მე-11 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, გადასახადებით დაბეგვრის მიზნებისათვის გამოიყენოს საბაზრო ფასი შემდეგ შემთხვევებში, თუ გარიგება განხორციელდა ურთიერთდამოკიდებულ პირებს შორის, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც მათი ურთიერთდამოკიდებულება გავლენას არ ახდენს ასეთი გარიგების შედეგებზე.

შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტზე, რომლის თანახმად, საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრის მიზნით საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს სამეურნეო ოპერაციის ფორმისა და შინაარსის გათვალისწინებით შეცვალოს მისი კვალიფიკაცია, თუ ოპერაციის ფორმა არ შეესაბამება მის შინაარსს. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის მიხედვით, თუ რაიმე თანხა გამოიყენება კონკრეტული პირის ინტერესებისათვის, ჩაითვლება, რომ ეს თანხა მიღებული აქვს ამ პირს.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-100 მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, ერთობლივ შემოსავალს განეკუთვნება ნებისმიერი ფორმით ან/და საქმიანობით მიღებული შემოსავალი, კერძოდ:

ა) ხელფასის სახით მიღებული შემოსავლები;

ბ) ეკონომიკური საქმიანობით მიღებული შემოსავლები, რომლებიც დაკავშირებული არ არის დაქირავებით მუშაობასთან;

გ) სხვა შემოსავლები, რომლებიც დაკავშირებული არ არის დაქირავებით მუშაობასთან და ეკონომიკურ საქმიანობასთან.

ამავე კოდექსის 103-ე მუხლის პირევლი ნაწილის თანახმად, შემოსავლებს, რომლებიც არ არის დაკავშირებული დაქირავებით მუშაობასთან და ეკონომიკურ საქმიანობასთან, განეკუთვნება ნებისმიერი შემოსავალი ან სარგებელი.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „მ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავება ევალება საგადასახადო აგენტს, რომელიც არის იურიდიული პირი, საწარმო/ორგანიზაცია ან მეწარმე ფიზიკური პირი, კერძოდ პირი, რომელიც ქონებას უსასყიდლოდ გადასცემს ფიზიკურ პირს, რომელიც ინდივიდუალურ მეწარმედ რეგისტრირებული არ არის, გარდა ამ პირის მიერ ამავე ფიზიკური პირისთვის საგადასახადო წლის განმავლობაში 1000 ლარამდე ღირებულების ქონების უსასყიდლოდ გადაცემისა. ასეთ შემთხვევაში, საგადასახადო აგენტის მიერ გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავების წესს ადგენს საქართველოს ფინანსთა მინისტრი.

ამავე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების თანახმად, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავებისას:

ა) გადასახადის დაკავებისა და ბიუჯეტში მისი გადარიცხვისათვის პასუხისმგებლობა ეკისრება შემოსავლის გადამხდელს;

ბ) გადასახადის თანხის დაუკავებლობის შემთხვევაში შემოსავლის გადამხდელი ვალდებულია ბიუჯეტში შეიტანოს დაუკავებელი გადასახადის თანხა ფაქტობრივად გადახდილი ანაზღაურების შესაბამისად და მასთან დაკავშირებული სანქციები.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.

საქმეში არსებული ფაქტობრივი გარემოებების თანახმად, კომპანიამ 2020 წლის 12 მაისს ფ/პ ------- (პ/ნ -------), რომელიც ამავდროულად არის შპს „-------“ თანადამფუძნებელი, შეიძინა არასასოფლო დანიშნულების მიწის ნაკვეთი 1 563 430 ლარად. ვალის მართვის დეპარტამენტის ექსპერტიზის სამმართველოს №58542 დასკვნით ქონების საბაზრო ღირებულებამ 2020 წლის 12 მაისის მდგომარეობით შეადგინა 866 000 ლარი.

ვალის მართვის დეპარტამენტის მიერ მოწოდებული ინფორმაციის თანახმად, ექსპერტის მიერ შესწავლილ იქნა მიმდებარე ტერიტორიებზე არსებული ყიდვა-გაყიდვის მონაცემები საჯარო რეესტრის ბაზაში და საინფორმაციო წყაროებში დაფიქსირებულ რეალიზაციებზე დაყრდნობით, აღნიშნულიდან გამომდინარე შერჩეულ ანალოგებში სათანადო კორექტირებების გათვალისწინებით მიღებულ იქნა აქტივების საბაზრო ღირებულება.

აღნიშნული ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახური განმარტავს, რომ საგადასახადო შემოწმების მიერ ქონების შეძენის თარიღისთვის შეძენის ფასსა და ვალის მართვის ექსპერტიზის დასკვნის მიხედვით განსაზვრულ საბაზრო ღირებულებას შორის სხვაობის განსაზღვრა და სარგებლად განხილვა განხორციელდა მართლზომიერად.

ამასთან, შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ მომჩივანი წარმოდგენილ საჩივარში ვერ უთითებს ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე თუ რა ნაწილში იქნა საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრული არამართლზომიერად და დავის წარმოების პროცესშიც არ აქვს წარმოდგენილი არგუმენტები/მტკიცებულებები, რომლებიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმების აქტით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს.

ზემოაღნიშნული ფაქტობრივი გარემოებების და სამართლებრივი ნორმების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ აუდიტის დეპარტამენტის მიერ საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია საგადასახადო კანონმდებლობის შესაბამისად და არ არსებობს საჩივრის დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი.

 

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ :

 

1. შპს „-------“ (ს/ნ -------) საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხები:

გადამხდელი არ ეთანხმება ქონების საბაზრო ღირებულების განსაზღვრას.

 

ფაქტობრივი გარემოებები

საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ელექტრონული ბაზის მონაცემებით გადამხდელმა 2020 წლის 12 მაისს, რომელიც ამავდროულად არის შპს თანადამფუძნებელი, შეიძინა არასასოფლო დანიშნულების მიწის ნაკვეთი, ხოლო 2021 წლის 23 აგვისტოს მოახდინა აღნიშნული მიწის ნაკვეთის რეალიზაცია. შემოწმების პროცესში ნასყიდობის საგნის საბაზრო ფასის დადგენის და საგადასახადო ვალდებულებების სწორად განსაზღვრის მიზნით, აუდიტის დეპარტამენტმა მიმართა ვალის მართვს დეპარტამენტს ზემოაღნიშნული ქონების შეფასების მოთხოვნით. საგადასახადო შემოწმების მიერ ქონების შეძენის თარიღისთვის შეძენის ფასსა და ვალის მართვის ექსპერტიზის დასკვნის მიხედვით განსაზვრულ საბაზრო ღირებულებას შორის სხვაობა ჩაითვალა ფიზიკური პირის მიერ მიღებულ სარგებლად და დაიბეგრა საშემოსავლო გადასახადით.

 

გადაწყვეტილება

ფაქტობრივი გარემოებების და სამართლებრივი ნორმების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ აუდიტის დეპარტამენტის მიერ საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია საგადასახადო კანონმდებლობის შესაბამისად და არ არსებობს საჩივრის დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი.

 

დასაბუთება

შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 18(2); 19(1); 73(9); 103; 154