ბრძანება N 7145

შემოსავლების სამსახურის დავების გადაწყვეტილება საჩივრის თაობაზე 02.04.2024
№ დოკუმენტი 7145
სტატუსი მოქმედი
მიმღები შემოსავლების სამსახურის უფროსი/დავების საბჭოს თავმჯდომარე
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

N 7145

02 აპრილი 2024

ბ რ ძ ა ნ ე ბ ა

 

შპს „-------“ (ს/ნ -------)

(მის.: -------, -------)

2024 წლის 29 იანვრის, 14 თებერვლის, 7 და 12 მარტის საჩივრების თაობაზე

 

შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2024 წლის 29 თებერვლის და 14 მარტის სხდომებზე (ოქმი №21, №27 ) განიხილა შპს „-------“ (ს/ნ -------) 2024 წლის 29 იანვრის №13904/21, 14 თებერვლის №24567/21, 7 მარტის №39531/21-11, 12 მარტის №41646/21-11 საჩივრები შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმების შესახებ 2023 წლის 5 ოქტომბრის №24619 ბრძანებასთან, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 24 ოქტომბრის №188649 საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმთან და 2023 წლის 27 დეკემბრის №021-123 საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით

 

გადასახადის გადამხდელის პოზიცია:

1. პირი არ ეთანხმება ქონების რეალიზაციასთან დაკავშირებით განსაზღვრულ საგადასახადო ვალდებულებებს. აცხადებს, რომ შემოწმებით გათვალისწინებული არ არის რეალიზებული ქონების იპოთეკით დატვირთვის ფაქტი.

2. პირი არ ეთანხმება მსუბუქი ავტომობილების რეალიზაციასთან დაკავშირებით განსაზღვრულ საგადასახადო ვალდებულებებს საშემოსავლო გადასახადში და აცხადებს, რომ ავტომობილების არც შეძენა და არც რეალიზაცია საწარმოს არასდროს არ განუხორციელებია, ასევე არ არსებობს ავტომანქანების შესაძენად საწარმოდან გადახდილი თანხის დამადასტურებელი რაიმე დოკუმენტი. აღნიშნული ავტომანქანები შეძენილი იქნა დირექტორის პირადი სესხით, რომელიც უსასყიდლოდ გადაეცა საწარმოს, თუმცა, ვინიდან საწარმომ ვერ შეძლო ავტომანქანების მართვა, ქონება ისევ დაიბრუნა დირექტორმა. პირი აღნიშნავს, რომ საწარმოს დირექტორი ------- დირექტორად დაინიშნა 2022 წელს, ხოლო მასზე 2020- 2021 წლების ხარჯებიდან ხელფასების დარიცხვა სრულიად უსაფუძვლოა.

3. პირი არ ეთანხმება დამფუძნებლის პირადი სარგებლობის სესხის სანაცვლოდ ბანკის მიერ ჩამორთმეული ფართის ღირებულების დირექტორის მიღებულ სარგებლად განხილვას. აცხადებს, რომ ქონების ჩამორთმევით შემცირდა ბანკის სესხი, ხოლო აღნიშნულმა სესხმა პანდემიის პერიოდში მნიშვნელოვანი როლი შეასრულა კოლექტივის შენარჩუნებაში, აღნიშნული თანხით მოხდა ასევე ავტომანქანების შეძენა, რომელიც შემდგომ საწარმოს გადაეცა. ამასთან, ჩამორთმეული ქონება შეფასებულია არასათანადოდ, არ ჩატარებული ექსპერტიზა და საბაზრო ღირებულება დანსაზღვრულია სათანადო პროცედურების დარღვევით. ვინაიდან შესაფასებელ ჩაკეტილ ფართში შესვლა შეუძლებელი იყო შემოსავლების სამსახურის ექსპერტის მიერ მხოლოდ სიტყვიერად მოხდა ფართების მდგომარეობის (კარგი, საშუალო, ცუდი) გამოკითხვა.

4. პირი არ ეთანხმება ქონების გადასახადში განსაზღვრულ საგადასახადო ვალდებულებებს და აცხადებს, რომ საწარმო სისტემატურად იხდიდა ქონების გადასახადს ქონების საბალანსო ღირებულების შესაბამისად, ხოლო ქონების ღირებულება რის საფუძველზედაც მოხდა დასარიცხი თანხის დაანგარიშება არარეალურადაა გაზრდილი. აცხადებს, რომ ქონება პრაქტიკულად სრულად გაუფასურებულია და რეალური მონაცემების მისაღებად, შემოწმება უნდა ჩატარებულიყო პირველ სართულზე არსებული შესასვლელის გახსნის შემდეგ, რაც სამწუხაროდ არ მომხდარა.

5. გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 5 ოქტომბრის საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმების შესახებ №24619 ბრძანებას და ინფორმაციის წარუდგენლობის მიზეზით შედგენილ აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 24 ოქტომბრის №188649 საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმს. აცხადებს, რომ დაბეგვრასთან დაკავშირებული დოკუმენტაციის მოთხოვნასთან დაკავშირებით შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის წერილის მიღების შემდეგ შეატყობინა შემოწმებას სრული ინფორმაციის მიწოდების შეუძლებლობის შესახებ, შესაბამისად, შემოწმება იქნებოდა არასამართლიანი და უნდა გადადებულიყო. ასევე, მის ხელთ არსებული ინფორმაცია ფოსტის საშუალებით გააგზავნა წერილში მითითებულ მისამართზე (-------), თუმცა აღნიშნული წერილი არ ჩაბარდა კანცელარიას და რამდენიმე თვის დაგვიანებით უკან დაბრუნდა. აგრეთვე, აცხადებს, რომ შემოწმებისათვის წარდგენილი დოკუმენტაცია ვერ იქნებოდა სრულყოფილი, ვინაიდან საწარმოს კუთვნილი შენობა, რომელშიც დოკუმენტებია განთავსებული, ჩაკეტილია და არ აქვს მისასვლელი გზა. ითხოვს ზემოღნიშნული დოკუმენტების ბათილად ცნობას.

 

ფაქტების აღწერა:

საქმეში არსებული მასალებით ირკვევა, რომ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 5 ოქტომბრის №24619 ბრძანების საფუძველზე განხორციელდა შპს „-------“ (ს/ნ -------) საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმება. შესამოწმებელ პერიოდად განსიაზღვრა 2020 წლის პირველი იანვრიდან 2023 წლის პირველ სექტემბრამდე საანგარიშო პერიოდები. შემოწმების შედეგებზე 2023 წლის 26 დეკემბერს შედგა საგადასახადო შემოწმების აქტი, გამოიცა 2023 წლის 27 დეკემბრის №33357 ბრძანება და ამავე თარიღის №021-123 საგადასახადო მოთხოვნა, რომლის მიხედვით გადასახადის გადამხდელს ბიუჯეტში დამატებით გადასახდელად განესაზღვრა სულ 500 177 ლარი, მათ შორის, გადასახადი 257 646 ლარი, ჯარიმა 115 260 ლარი, საურავი 127 271 ლარი.

 

სადავო საკითხებთან დაკავშირებით, საგადასახადო შემოწმების აქტის მიხედვით, საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია შემდეგი გარემოებებით:

1. შპს „-------“ საქმიანობას წარმოადგენს უმაღლესი განათლების მომსახურება. საწარმო არ არის რეგისტრირებული დღგ-ს გადამხდელად. დამფუძნებლის განცხადებით, დაწესებულებამ 2005 წელს ვერ გაიარა აკრედიტაცია და მას შემდეგ ითვლება მილევად რეჟიმში მოქმედ სასწავლებლად. აქტიურ საქმიანობას მას შემდეგ ვერ ახორციელებს, თუმცა პერიოდულად დარჩენილი სტუდენტები, რომლებსაც არ დაუსრულებიათ სწავლა, ასრულებენ კურსს და შესაბამისად იღებენ განათლების დამადასტურებელ დიპლომს. კომპანიის საკუთრებაშია უძრავი ქონება (სასწავლო დაწესებულება), რომლის ნაწილიც იჯარით აქვს გაცემული. ამასთან, გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის ანალიზის შედეგად დგინდება, რომ აღნიშნული ქონების ნაწილი რეალიზებული აქვს 2020 წელს, ხოლო ნაწილი ჩამორთმეულია ------- ბანკის მიერ სესხის სანაცვლოდ. კომპანია არ აწარმოებს ბუღალტრულ აღრიცხვას კანონმდებლობით დადგენილი წესით საწარმოს კუთვნილი უძრავი ქონება რეალიზებული აქვს 2020 წლის 30 აგვისტოს. ვინაიდან აღნიშნული ოპერაცია აღემატებოდა 100 000 ლარს, გადამხდელს წარმოეშვა დღგ-ს გადამხდელად რეგისტრაციის ვალდებულება 2020 წლის 30 აგვისტოდან. შესაბამისად, დღგ-ით დაბეგვრას დაექვემდებარა ყველა სხვა ოპერაცია, რომელიც არ არის გათავისუფლებული დღგ-ისგან. საწარმოს როგორც უძრავი ქონების რეალიზაციით, ასევე ქონების იჯარით გაცემიდან მიღებული შემოსავალი და დიპლომებისთვის ჩარიცხული თანხები დაიბეგრა დღგ-ით. საწარმოს დაერიცხა დამატებული ღირებულების გადასახადი და ჯარიმა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 282-ე მუხლის მიხედვით.

2. შესამოწმებელ პერიოდში შესწავლილი იქნა გადასახადის გადამხდელის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტაცია- საბანკო ანგარიშებიდან ამონაწერები, ასევე გაანალიზდა შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემისა და საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციები. გაუკეთდა ანალიზი მიღებული და გაცემული თანხების მოძრაობას, გათვალისწინებული იქნა ყველა დოკუმენტურად დადასტურებული ხარჯი და მომზადდა ნაღდი ფულის მოძრაობის ამსახველი ცხრილი, რის შედეგადაც მიღებული იქნა თანხა, რომლის ფაქტობრივი არსებობა და მიზნობრიობა არ დგინდება. ამასთან ირკვევა, რომ კომპანიამ განახორციელა რამდენიმე მსუბუქი ავტოსატრანსპორტო საშუალების შეძენა-რეალიზაცია, რომელთა ღირებულებები არ დგინდება. საწარმოს შემოწმებისთვის არ წარმოუდგენია ბუღალტრულ აღრიცხვა. დაბეგვრასთან დაკავშირებული ინფორმაცია/დოკუმენტაციის არასრული წარმოდგენისთვის საწარმო დაჯარიმდა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 279-ე მუხლის პირველი ნაწილით. შემოწმების შედეგად, დოკუმენტურად დადასტურებული შემოსავალ-ხარჯების მიხედვით, დადგენილ იქნა ნაღდი ფულის ნაშთი, მსუბუქი ავტოსატრანსპორტო საშუალებების სარეალიზაციო ფასად მიჩნეული იქნა მსგავსი ავტომობილების საბაზრო ფასები, ხოლო ხარჯის დასადგენად გათვალისწინებული იქნა შემოსავლების სამსახურის ბრძანებით განსაზღვრული №0256 სიტუაციური სახელმძღვანელო და ფულის მოძრაობაში ხარჯად იქნა მიჩნეული ავტომობილების საბაზრო ღირებულების 75%. ყოველივე ზემოაღნიშნული გარემოებიდან გამომდინარე, დარჩენილი განკარგვადი თანხა პერიოდების მიხედვით განხილულია საწარმოს დირექტორების - ------- და ------- მიერ მიღებულ ხელფასად და დაბეგრილი იქნა გადახდის წყაროსთან საშემოსავლო გადასახადით. პირს დაერიცხა საშემოსავლო გადასახადი და ჯარიმა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის მიხედვით.

3. შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემების ანალიზითა და გადასახადის გადამხდელის განმარტებით დგინდება, რომ კომპანიის დამფუძნებლის მიერ აღებული იქნა სესხი სს „------- ბანკში“, ხოლო იპოთეკით დაიტვირთა შპს „-------“ საკუთრება (-------, -------), უძრავი ქონების ნაწილი, რომელიც სესხის გადაუხდელობის გამო 2021 წლის 30 სექტემბერს ჩამორთმეული იქნა ბანკის მიერ. როგორც ერთიანი ელექტრონული ბაზებითა და გადამხდელის ელექტრონული ფოსტის საშუალებით წარმოდგენილი განმარტებით დგინდება, აღნიშნული სესხი კომპანიის ეკონომიკური საქმიანობისათვის არ არის გამოყენებული. არ ჩანს კომპანიაში ფულის შემოსვლა და დოკუმენტურად დადასტურებული რაიმე კაპიტალური ხარჯის გაწევა, წარდგენილი ანგარიშგებით კი დგინდება, რომ საწესდებო კაპიტალი პერიოდების მიხედვით შეადგენს 4800 ლარს. წარდგენილი ფინანსური ანგარიშგების მიხედვით 2021 წელს დებიტორული დავალიანების ზრდა არ ფიქსირდება, შესაბამისად, ირკვევა, რომ ბანკის მიერ ქონების ჩამორთმევის ოპერაციის მიხედვით, საწარმოს დირექტორის მიმართ რაიმე მოთხოვნა არ აქვს აღრიცხული.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, დამფუძნებლის პირადი სარგებლობის სესხის გადაუხდელობისთვის ბანკის მიერ ჩამორთმეული ქონების საბაზრო ღირებულება (რომელიც განსაზღვრული იქნა შემოსავლების სამსახურის ვალის მართვის დეპარტამენტის ექსპერტიზის სამმართველოს მიერ) მიჩნეულია დირექტორის ------- სარგებლად/ხელფასად, რაზეც დაერიცხა საშემოსავლო გადასახადი და ჯარიმა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის შესაბამისად.

4. შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემების ანალიზის შედეგად დგინდება, რომ შპს „-------“ საკუთრებაშია უძრავი ქონება, რომელიც არ აქვს დაბეგრილი ქონების გადასახადით. შემოსავლების სამსახურის ვალის მართვის დეპარტამენტის ექსპერტიზის სამმართველოს მიერ შეფასებული იქნა საწარმოს უძრავი ქონება. შედეგად, 2020, 2021 და 2022 წლების საანგარიშო პერიოდებში პირს განესაზღვრა ქონების გადასახადით დასაბეგრი ბაზა საბაზრო ფასით და საქართველოს საგადასახადო კოდექსის 202-ე მუხლის მიხედვით დაერიცხა ქონების გადასახადი.

 

აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 27 დეკემბრის №021-123 საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივარი და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ, შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველი ორგანო საჩივარს განიხილავს მხოლოდ მომჩივნის მოთხოვნის ფარგლებში.

 

პირველ სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-2 მუხლის მე-2 ნაწილზე, რომლის თანახმად, გადასახადებით დაბეგვრისათვის გამოიყენება საგადასახადო ვალდებულების წარმოშობის დღისათვის მოქმედი საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობა.

შემოსავლების სამსახური მიუთითებს შესამოწმებელ პერიოდში მოქმედ საკანონმდებლო ნორმებზე, კერძოდ:

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 157-ე მუხლის პირველი და მე-7 ნაწილების თანახმად:

1. პირი, რომელიც ეწევა ეკონომიკურ საქმიანობას და რომლის მიერ ნებისმიერი უწყვეტი 12 კალენდარული თვის განმავლობაში განხორციელებული, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციების საერთო თანხა აღემატება 100 000 ლარს (გარდა ამ მუხლის 11 ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევისა):

ა) ვალდებულია დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაციისათვის მიმართოს საგადასახადო ორგანოს დასაბეგრი ოპერაციების საერთო თანხის 100 000 ლარზე გადაჭარბების დღიდან არა უგვიანეს 2 სამუშაო დღისა;

ბ) დღგ-ის გადამხდელად ითვლება იმ დასაბეგრი ოპერაციის განხორციელების მომენტიდან (ამ ოპერაციის ჩათვლით), რომლის მიხედვითაც დასაბეგრი ოპერაციის საერთო თანხა გადააჭარბებს 100 000 ლარს.

7. დღგ-ის გადამხდელად სავალდებულო რეგისტრაციას დაქვემდებარებული პირის რეგისტრაციის გარეშე გამოვლენისას საგადასახადო ორგანო ატარებს ამ პირს რეგისტრაციაში დღგ-ის გადამხდელად. ამასთანავე, პირი დღგ-ის გადამხდელად ითვლება რეგისტრაციის ვალდებულების წარმოშობის მომენტიდან.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 160-ე მუხლის ,,ა“ ქვეპუნქტის თანახმად, დღგ-ით დაბეგვრის ობიექტია დასაბეგრი ოპერაცია.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 161-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციაა:

ა) საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში საქონლის მიწოდება ან/და მომსახურების გაწევა.

ა.ა) დასაბეგრი ოპერაციის თანხა განისაზღვრება დღგ-ის გადამხდელის მიერ მიღებული ან მისაღები კომპენსაციის თანხის მიხედვით, ხოლო ამ ნაწილის „ა.ბ.დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში – მიღებული კომპენსაციის თანხის მიხედვით (გადასახადების, მოსაკრებლებისა და სხვა გადასახდელების ჩათვლით) დღგ-ის ან/და პირგასამტეხლოს გარეშე, გარდა ამ მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევისა;

ა.ბ) დასაბეგრი ოპერაციის განხორციელების დროდ ითვლება საქონლის მიწოდების ან მომსახურების გაწევის მომენტი, მაგრამ:

ა.ბ.დ) არაუგვიანეს მისაწოდებელი საქონლის/გასაწევი მომსახურების საკომპენსაციო თანხის/თანხის ნაწილის გადახდის მომენტისა, თუ თანხის გადახდა ხორციელდება საქონლის მიწოდებამდე/მომსახურების გაწევამდე, გარდა ამ ნაწილის „ა.ბ.ბ“ და „ა.ბ.გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული შემთხვევებისა.

ამავე მუხლი მე-8 ნაწილის თანახმად, უძრავი ქონების მიწოდებისას, თუ არ დადგა ამ მუხლის პირველი ნაწილის „ა.ბ.დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული პირობა, დასაბეგრი ოპერაციის განხორციელების დროდ ითვლება საკუთრების უფლების რეგისტრაციისთვის მარეგისტრირებელ ორგანოში წარსადგენი საკუთრების უფლების დამადასტურებელი დოკუმენტის შედგენის თარიღი, ხოლო თუ საკუთრების უფლების რეგისტრაცია (გადაცემა) დამოკიდებულია ამ დოკუმენტის მხარის (მხარეების) მიერ გარკვეული ვალდებულების შესრულებაზე ან/და პირობის დადგომაზე − ასეთი ვალდებულების შესრულების/პირობის დადგომის თარიღი.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 159-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების თანახმად, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციაა დასაბეგრი პირის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში ანაზღაურების სანაცვლოდ საქონლის მიწოდება/მომსახურების გაწევა.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 163-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების თანახმად:

1. საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის დღგ-ით დაბეგვრა ხორციელდება საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის მომენტში, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.

2. თუ თანხა სრულად ან ნაწილობრივ ანაზღაურებულია საქონლის მიწოდებამდე/მომსახურების გაწევამდე, ანაზღაურებული თანხის შესაბამისი დღგ-ის გადახდა ხორციელდება ანაზღაურების თანხის გადახდის საანგარიშო პერიოდის მიხედვით, გარდა ამ მუხლის მე-5 და მე-9 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 164-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, დღგ-ით დასაბეგრი თანხა არის საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის სანაცვლოდ მიღებული/მისაღები ანაზღაურება დღგ-ის გარეშე, საქონლის/მომსახურების ფასთან პირდაპირ დაკავშირებული სუბსიდიის ჩათვლით. აღნიშნული დებულება გამოიყენება საქონლის/მომსახურების გაცვლის ოპერაციის (ბარტერული ოპერაციის) შემთხვევაშიც.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.

დადგენილი ფაქტობრივი გარემოებაა, რომ საწარმოს საკუთრებაშია უძრავი ქონება, რომლის ნაწილი საწარმოს რეალიზებული აქვს 2020 წელს, ვინაიდან აღნიშნული ოპერაციით მიღებული შემოსავალი აღემატებოდა 100 000 ლარს, გადასახადის გადამხდელს წარმოეშვა დღგ-ს გადამხდელად რეგისტრაციის ვალდებულება და შესაბამისად დღგ-ით დაბეგვრას დაექვემდებარა ყველა სხვა ოპერაცია (უძრავი ქონების რეალიზაციით, ქონების იჯარით გაცემით და დიპლომებისთვის ჩარიცხული თანხები) რომელიც არ არის გათავისუფლებული დამატებული ღირებულების გადასახადისაგან.

იმის გათვალისწინებით, რომ საწარმოს განხორციელებული ქონების რეალიზაციით დაუდგინდა დამატებული ღირებულების გადასახადის გადამხდელად რეგისტრაციის ვალდებულება, შემოსავლების სამსახურს მართლზომიერად მიაჩნია ქონების რეალიზაციის ოპერაციიდან და შემდგომ პერიოდის სხვა ოპერაციებიდან მიღებული შემოსავლის დამატებული ღირებულების გადასახადით დაბეგვრა. ამასთან, მომჩივანი წარმოდგენილ საჩივრებში ვერ უთითებს ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე, თუ რა ნაწილში იქნა განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები არამართლზომიერად. ხოლო, დავის წარმოების პროცესში არ აქვს წარმოდგენილი იმგვარი მტკიცებულებები/არგუმენტები, რომლებიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმებით დადგენილ გარემოებებს.

ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ საგადასახადო შემოწმების შედეგად საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით, წარმოდგენილი საჩივრები ამ ნაწილში დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

მე-2 და მე-3 სადავო საკითხებთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, რომლის თანახმად, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 49-ე მუხლის პირველი ნაწილის „ე“ ქვეპუნქტის თანახმად, ამ კოდექსის დებულებათა გათვალისწინებით საგადასახადო ორგანოებს თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით უფლება აქვთ დამოუკიდებლად განსაზღვრონ გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულების მოცულობა საგადასახადო ორგანოში არსებული ინფორმაციით (მათ შორის, გადასახადის გადამხდელის დანახარჯების შესახებ) ან შედარების მეთოდით – სხვა ამგვარი გადასახადის გადამხდელების შესახებ ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე, თუ გადასახადის გადამხდელი არ წარადგენს საგადასახადო კონტროლის განსახორციელებლად საჭირო სააღრიცხვო დოკუმენტაციას ან დადგენილი წესის დარღვევით აწარმოებს ბუღალტერიას, აგრეთვე ამ კოდექსით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებში.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 61-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საგადასახადო ორგანო უფლებამოსილია პირს დაარიცხოს გადასახადი თავის ხელთ არსებული ინფორმაციის საფუძველზე, თუ პირი მას არ წარუდგენს გადასახადის დასარიცხად საჭირო ინფორმაციას.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტის მიხედვით, საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, პირის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვროს არაპირდაპირი მეთოდების გამოყენებით (აქტივების სიდიდის, საოპერაციო შემოსავლებისა და ხარჯების, პირის შესახებ ინფორმაციის მისი საქმიანობის სხვა საგადასახადო პერიოდთან ან სხვა ამგვარი გადასახადის გადამხდელის შესახებ მონაცემების შედარების, აგრეთვე სხვა მსგავსი ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე) თუ პირს არ აქვს სააღრიცხვო დოკუმენტაცია ან სააღრიცხვო დოკუმენტაციით შეუძლებელია დაბეგვრის ობიექტის დადგენა.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრის მიზნით საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს სამეურნეო ოპერაციის ფორმისა და შინაარსის გათვალისწინებით შეცვალოს მისი კვალიფიკაცია, თუ ოპერაციის ფორმა არ შეესაბამება მის შინაარსს.

ამავე მუხლის მე-4 ნაწილის მიხედვით, თუ რაიმე თანხა გამოიყენება კონკრეტული პირის ინტერესებისათვის, ჩაითვლება, რომ ეს თანხა მიღებული აქვს ამ პირს.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლებს განეკუთვნება ფიზიკური პირის მიერ დაქირავებით მუშაობის შედეგად მიღებული ნებისმიერი საზღაური ან სარგებელი, მათ შორის, წინა სამუშაო ადგილიდან პენსიის ან სხვა სახით მიღებული შემოსავალი, ან შემოსავალი მომავალი სამუშაო ადგილიდან.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავება ევალება საგადასახადო აგენტს, რომელიც არის იურიდიული პირი, საწარმო/ორგანიზაცია ან მეწარმე ფიზიკური პირი, რომელიც დაქირავებულს უხდის ხელფასს.

ამავე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების თანახმად, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავებისას:

ა) გადასახადის დაკავებისა და ბიუჯეტში მისი გადარიცხვისათვის პასუხისმგებლობა ეკისრება შემოსავლის გადამხდელს;

ბ) გადასახადის თანხის დაუკავებლობის შემთხვევაში შემოსავლის გადამხდელი ვალდებულია ბიუჯეტში შეიტანოს დაუკავებელი გადასახადის თანხა ფაქტობრივად გადახდილი ანაზღაურების შესაბამისად და მასთან დაკავშირებული სანქციები.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.

დადგენილი ფაქტობრივი გარემოებაა, რომ პირს შემოწმებისთვის არ წარუდგენია ბუღალტრული აღრიცხვა და მიწოდებულია მხოლოდ დაბეგვრასთან დაკავშირებული არასრულყოფილი ინფორმაცია/დოკუმენტაცია, რის საფუძველზეც გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულებები განისაზღვრა არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით. ასევე გამოვლინდა ავტოსატრანსპორტო საშუალებების შეძენა-რეალიზაციის ფაქტი. დოკუმენტურად დადასტურებული შემოსავლისა და ხარჯის მიხედვით გაანგარიშდა ფულადი სახსრების მოძრაობა, რომლის შედეგად განსაზღვრული ფულის ნაშთის არსებობა და მიზნობრიობა შემოწმებით ვერ დადგინდა. ავტოსატრანსპორტო საშუალებების სარეალიზაციო ფასად მიჩნეული იქნა მსგავსი ავტომობილების საბაზრო ფასები, ხოლო ხარჯის დასადგენად გათვალისწინებული იქნა შემოსავლების სამსახურის ბრძანებით დამტკიცებული №0256 სიტუაციური სახელმძღვანელო და ფულის მოძრაობაში ხარჯად იქნა მიჩნეული ავტომობილების საბაზრო ღირებულების 75%, რის შედეგადაც დარჩენილი განკარგვადი თანხა ჩაითვალა საწარმოს დირექტორებზე (-------; -------) გაცემულ ხელფასად.

აგრეთვე, გადასახადის გადამხდელის განმარტებით დგინდება, რომ კომპანიის დამფუძნებლის მიერ აღებული იქნა სესხი სს „------- ბანკში“, ხოლო იპოთეკით დაიტვირთა შპს „-------“ საკუთრება. სესხის გადაუხდელობის გამო, უძრავი ქონების ნაწილი, 2021 წლის 30 სექტემბერს ჩამორთმეული იქნა ბანკის მიერ. ამასთან, წარდგენილი განმარტებითა და ელექტრონული ბაზებით დგინდება, რომ აღნიშნული სესხი კომპანიის ეკონომიკური საქმიანობისათვის არ არის გამოყენებული, არ ფიქსირდება კომპანიაში ფულის შემოსვლა და დოკუმენტურად დადასტურებული რაიმე კაპიტალური ხარჯის გაწევა, წარდგენილი ანგარიშგებით კი საწესდებო კაპიტალი პერიოდების მიხედვით შეადგენს 4800 ლარს. ასევე წარდგენილი ფინანსური ანგარიშგების მიხედვით 2021 წელს დებიტორული დავალიანების ზრდა არ ფიქსირდება, შესაბამისად, ირკვევა, რომ ბანკის მიერ ქონების ჩამორთმევის ოპერაციის მიხედვით, საწარმოს დირექტორის მიმართ რაიმე მოთხოვნა არ აქვს აღრიცხული. აღნიშნული ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, დამფუძნებლის პირადი სარგებლობის სესხის გადაუხდელობისთვის ბანკის მიერ ჩამორთმეული ქონების საბაზრო ღირებულება, რომელიც განსაზღვრული იქნა შემოსავლების სამსახურის ვალის მართვის დეპარტამენტის ექსპერტიზის სამმართველოს მიერ, მიჩნეულ იქნა დირექტორ ------- სარგებლად/ხელფასად.

ამასთან შემოსავლების სამსახური ყურადღებას ამახვილებს წარმოდგენილ საჩივრებში გადასახადის გადამხდელის პოზიციაზე, რომ ავტომობილების არც შეძენა და არც რეალიზაცია საწარმოს არასდროს არ განუხორციელებია, ასევე არ არსებობს ავტომანქანების შესაძენად საწარმოდან გადახდილი თანხის დამადასტურებელი რაიმე დოკუმენტი. აღნიშნული ავტომანქანები შეძენილი იქნა დირექტორის პირადი სესხით, რომელიც უსასყიდლოდ გადაეცა საწარმოს, თუმცა, ვინიდან საწარმომ ვერ შეძლო ავტომანქანების მართვა, ქონება ისევ დაიბრუნა დირექტორმა. პირი აღნიშნავს, რომ საწარმოს დირექტორი ------- დირექტორად დაინიშნა 2022 წელს, ხოლო მასზე 2020-2021 წლების ხარჯებიდან ხელფასების დარიცხვა სრულიად უსაფუძვლოა. ასევე ბანკის სესხთან დაკავშირებით მომჩივანი აღნიშნავს, რომ სესხმა პანდემიის პერიოდში მნიშვნელოვანი როლი შეასრულა კოლექტივის შენარჩუნებაში, აღნიშნული თანხით მოხდა ასევე ავტომანქანების შეძენა, რომელიც შემდგომ საწარმოს გადაეცა. ამასთან, ჩამორთმეული ქონება შეფასებულია არასათანადოდ, არ ჩატარებული ექსპერტიზა და საბაზრო ღირებულება განსაზღვრულია სათანადო პროცედურების დარღვევით. ვინაიდან შესაფასებელ ჩაკეტილ ფართში შესვლა შეუძლებელი იყო შემოსავლების სამსახურის ექსპერტის მიერ მხოლოდ სიტყვიერად მოხდა ფართების მდგომარეობის (კარგი, საშუალო, ცუდი) გამოკითხვა.

ზემოხსენებული სამართლებრივი ნორმების, დადგენილი ფაქტობრივი გარემოებებისა და წარმოდგენილი არგუმენტების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახური მიიჩნევს, რომ სადავო საკითხები საჭიროებს დამატებით შესწავლას. კერძოდ, გადასახადის გადამხდელს უნდა მიეცეს წინადადება ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს საჩივარში მითითებული არგუმენტაციის დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები. თავის მხრივ, დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს დამატებით შეისწავლოს წარდგენილი მტკიცებულებები და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება).

 

მე-4 სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 201-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ა.ა“ ქვეპუნქტზე, რომლის თანახმად, ქონების გადასახადის გადამხდელია რეზიდენტი საწარმო/ორგანიზაცია მის ბალანსზე ძირითად საშუალებად ან/და საინვესტიციო ქონებად აღრიცხულ აქტივებზე, დაუმონტაჟებელ მოწყობილობებზე, დაუმთავრებელ მშენებლობაზე, აგრეთვე მის მიერ ლიზინგით გაცემულ ქონებაზე. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 202-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საწარმოსთვის/ორგანიზაციისთვის ქონების გადასახადის წლიური განაკვეთი განისაზღვრება დასაბეგრი ქონების ღირებულების არა უმეტეს 1 პროცენტის ოდენობით. ამ ნაწილის მიზნებისათვის დასაბეგრი ქონების ღირებულება არის საშუალო წლიური საბალანსო ნარჩენი ღირებულება (გამოიანგარიშება კალენდარული წლის დასაწყისისა და ბოლოსთვის აქტივების საშუალო ღირებულების მიხედვით).

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 205-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, საწარმო/ორგანიზაცია ქონების გადასახადის დეკლარაციას შესაბამის საგადასახადო ორგანოს წარუდგენს არა უგვიანეს კალენდარული წლის 1 აპრილისა და ამავე ვადაში იხდის ქონების გადასახადს, გარდა ამ მუხლის მე-7 ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევისა. დეკლარაციაში მონაცემები დასაბეგრი ქონების შესახებ შეიტანება გასული საგადასახადო წლის მიხედვით, ხოლო დასაბეგრი მიწის შესახებ – მიმდინარე საგადასახადო წლის მიხედვით.

ამავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საწარმო/ორგანიზაცია ქონებაზე გადასახადს იხდის მიმდინარე გადასახდელის სახით, გასული საგადასახადო წლის წლიური გადასახადის ოდენობით, არა უგვიანეს საგადასახადო წლის 15 ივნისისა. ხოლო, მე-7 ნაწილის მიხედვით, საწარმო/ორგანიზაცია მიწაზე ქონების გადასახადს იხდის არა უგვიანეს კალენდარული წლის 15 ნოემბრისა.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 202-ე მუხლის 41 ნაწილის თანახმად, საქართველოს ფინანსთა მინისტრის ბრძანებით დამტკიცებული წესით გათვალისწინებულ შემთხვევებში საგადასახადო ორგანო უფლებამოსილია გადასახადის გადამხდელს საგადასახადო შემოწმებისას დასაბეგრი ქონების ღირებულება განუსაზღვროს საბაზრო ფასით. აღნიშნული ნორმა არ ვრცელდება ამ მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევებზე. თუ დასაბეგრი ქონების საბაზრო ფასი აღემატება მის საბალანსო ღირებულებას:

ა) პირს დასაბეგრი ქონების ღირებულების სხვაობაზე დაერიცხება ქონების გადასახადის ძირითადი თანხა. ამასთანავე, აღნიშნულ თანხაზე საურავი დაეკისრება მხოლოდ საგადასახადო მოთხოვნის ჩაბარების დღის შემდეგ 30-ე დღიდან, ხოლო აღნიშნული სხვაობა გადასახადის შემცირებად არ ჩაითვლება;

ბ) პირი ვალდებულია შესაბამისი დასაბეგრი ქონების მიმართ აღნიშნული საბაზრო ფასი გამოიყენოს შემდგომი 3 საგადასახადო წლის განმავლობაში.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-18 მუხლის მე-7 ნაწილის თანახმად, საქონლის/მომსახურების საბაზრო ფასის განსაზღვრისას გამოიყენება საქონლის/მომსახურების საბაზრო ფასების შესახებ ინფორმაციის ოფიციალური წყაროები, აღმასრულებელი ხელისუფლების შესაბამისი ორგანოების საინფორმაციო ბაზა, საგადასახადო ორგანოებისათვის გადასახადის გადამხდელთა მიერ მიწოდებული ინფორმაცია, აგრეთვე სხვა სარწმუნო ინფორმაცია.

„გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №996 ბრძანებით დამტკიცებული ინსტრუქციის 921 მუხლის თანახმად:

1. წინამდებარე თავით რეგულირდება საქართველოს საგადასახადო კოდექსის 202-ე მუხლის 41 ნაწილის საფუძველზე საგადასახადო შემოწმებისას გადასახადის გადამხდელის დასაბეგრი ქონების ღირებულების საბაზრო ფასით განსაზღვრის წესი (ამ თავის მიზნებისათვის, შემდგომში - წესი).

2. ეს წესი განსაზღვრავს შემთხვევებს, როდესაც საგადასახადო ორგანო უფლებამოსილია, საგადასახადო შემოწმებისას გადასახადის გადამხდელს დასაბეგრი ქონების ღირებულება განუსაზღვროს საბაზრო ფასით.

3. ამ თავით გათვალისწინებულ შემთხვევებში, როდესაც საგადასახადო ორგანოს წარმოეშვა უფლებამოსილება გადასახადის გადამხდელს დასაბეგრი ქონების ღირებულება განუსაზღვროს საბაზრო ფასით, საგადასახადო შემოწმებისას საგადასახადო ვალდებულება განისაზღვრება საბაზრო ფასით, თუ:

ა) დასაბეგრი ქონების საბაზრო ფასი აღემატება მის საბალანსო ღირებულებას;

ბ) საქართველოს საგადასახადო კოდექსის 202-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ – „დ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული აფასების შედეგად გამოანგარიშებული დასაბეგრი ქონების ღირებულება აღემატება ამ ქონების საბაზრო ფასს.

შემოწმებით დადგენილ ფაქტობრივი გარემოებაა, რომ პირი ფლობს უძრავი ქონებას, რომლიც შესამოწმებელ პერიოდში არ არის დაბეგრილი ქონების გადასახადით. შესაბამისად, შემოსავლების სამსახურის მიერ შეფასებული იქნა საწარმოს უძრავი ქონება საბაზრო ფასით და დადგენილი ქონების ღირებულების შესაბამისად, შესამოწმებელ პერიოდზე პირს განესაზღვრა საგადასახადო ვალდებულებები.

იმის გათვალისწინებით, რომ საწარმოს საკუთრებაში უფიქსირდება ქონების გადასახადით დასაბეგრი ქონება, რომელზეც პირს არ აქვს შესრულებული საგადასახადო ვალდებულებები, შემოსავლების სამსახური მიიჩნევს, რომ პირის მიმართ შემოწმებით უძრავი ქონების საბაზრო ფასის გათვალისწინებით განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები ქონების გადასახადში შეესაბამება კანონმდებლობის მოთხოვნებს. ამასთან, მომჩივანი წარმოდგენილ საჩივრებში ვერ უთითებს ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე, თუ რა ნაწილში იქნა განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები არამართლზომიერად. ამასთან, დავის წარმოების პროცესში არ ყოფილა წარმოდგენილი იმგვარი მტკიცებულებები და არგუმენტები, რომლებიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმებით დადგენილ გარემოებებს.

ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ საგადასახადო შემოწმების შედეგად საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით, წარმოდგენილი საჩივრები ამ ნაწილში დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

მე-5 სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 24 ოქტომბრის №188649 საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმთან და საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმების შესახებ 2023 წლის 5 ოქტომბრის №24619 ბრძანებასთან დაკავშირებით წარმოდგენილი საჩივრები უნდა დარჩეს განუხილველი შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 44-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, საგადასახადო ორგანო დოკუმენტს პირს უგზავნის ან/და წარუდგენს წერილობითი ან ელექტრონული ფორმით. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დოკუმენტის გაგზავნის ან/და წარდგენის ფორმას ირჩევს საგადასახადო ორგანო.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 44-ე მუხლის მე-9 ნაწილის მიხედვით, საგადასახადო ორგანოს მიერ პირისათვის ელექტრონული ფორმით გაგზავნილი დოკუმენტი ჩაბარებულად ითვლება ადრესატის მიერ მისი გაცნობისთანავე, ხოლო ამ კოდექსის 264-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევაში − გაცნობისთანავე ან გადასახადის გადამხდელის ავტორიზებული მომხმარებლის გვერდზე განთავსებიდან 30-ე დღეს, თუ ამ ვადაში ადრესატი შეტყობინებას არ გასცნობია.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 299-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, საგადასახადო ორგანოს მიერ პირის მიმართ ამ კოდექსის საფუძველზე მიღებული გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს დავის განმხილველ ორგანოში ამ თავით დადგენილი წესით. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, პირს უფლება აქვს, გაასაჩივროს საგადასახადო ორგანოს გადაწყვეტილება მისი ჩაბარებიდან 30 დღის ვადაში.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 301-ე მუხლის „ე“ ქვეპუნქტი ადგენს, რომ დავის განმხილველი ორგანო საჩივარს არ განიხილავს, თუ გასულია საჩივრის წარდგენის ვადა.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 299-ე მუხლის მე-10 ნაწილის მიხედვით, საგადასახადო ორგანოს გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს საჩივრის წარდგენის ვადის გასვლის შემდეგაც, თუ მომჩივანი დაამტკიცებს, რომ გასაჩივრების ვადის დარღვევა მისგან დამოუკიდებელი მიზეზით იყო გამოწვეული.

საქმეში არსებული მასალებით და შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემებით ირკვევა, რომ აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 5 ოქტომბრის №24619 ბრძანებით დაინიშნა შპს „-------“ (ს/ნ -------) საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმება. გადასახადის გადამხდელი სადავო ბრძანებას ავტორიზებული მომხმარებლის ვებგვერდის საშუალებით გაეცნო 2023 წლის 12 ოქტომბერს.

ასევე საქმეში არსებული მასალებით და შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემებით ირკვევა, რომ აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 5 ოქტომბრის №21-14/78593 წერილით გადასახადის გადამხდელს საქართველოს საგადასახადო კოდექსი 70-ე მუხლის საფუძველზე მოეთხოვა წარმოედგინა საქმიანობასთან დაკავშირებული ინფორმაცია/დოკუმენტაცია 5 სამუშაო დღის ვადაში. 2023 წლის 24 ოქტომბერს, მოთხოვნილი ინფორმაციის წარუდგენლობის გამო, პირის მიმართ შედგენილ იქნა №188649 საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმი. გადასახადის გადამხდელი სადავო საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმს ავტორიზებული მომხმარებლის ვებგვერდის საშუალებით გაეცნო 2023 წლის 15 ნოემბერს.

ამასთან, პირის მიერ საჩივრები შემოსავლების სამსახურში წარმოდგენილია 2024 წლის 29 იანვარს, 14 თებერვალს, 7 და 12 მარტს.

შემოსავლების სამსახური მიუთითებს დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებზე, რომ პირი შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმების შესახებ 2023 წლის 5 ოქტომბრის №24619 ბრძანებას, ხოლო 2023 წლის 24 ოქტომბრის №188649 საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმს ავტორიზებული მომხმარებლის ვებგვერდის საშუალებით გაეცნო შესაბამისად 2023 წლის 12 ოქტომბერს და 15 ნოემბერს, საჩივრები კი წარმოდგენილია გასაჩივრებისათვის კანონით დადგენილი ვადის დარღვევით. ამასთან, გადასახადის გადამხდელს სათანადო მტკიცებულებები/არგუმენტები გასაჩივრების ვადის დარღვევის მისგან დამოუკიდებელი მიზეზით გამოწვევასთან დაკავშირებით არ წარმოუდგენია.

მითითებულ სამართლებრივ ნორმებსა და ფაქტობრივ გარემოებებზე დაყრდნობით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ ვინაიდან საჩივრები წარმოდგენილია საგადასახადო ორგანოს გადაწყვეტილების გასაჩივრებისათვის კანონით დადგენილი 30 დღიანი ვადის დარღვევით, ხოლო მომჩივანს არ წარმოუდგენია იმგვარი მტკიცებულებები/არგუმენტები რომლიც დაადასტურებდა გასაჩივრების ვადის დარღვევის მისგან დამოუკიდებელი მიზეზით გამოწვევას, სახეზეა საჩივრების განუხილველად დატოვების საქართველოს საგადასახადო კოდექსის 301-ე მუხლის ,,ე“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საფუძველი.

ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ შპს „-------“ (ს/ნ -------) საჩივრები საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმების შესახებ 2023 წლის 5 ოქტომბრის №24619 ბრძანებასა და 2023 წლის 24 ოქტომბრის №188649 საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმთან დაკავშირებით საქართველოს საგადასახადო კოდექსის 301- ე მუხლის „ე“ ქვეპუნქტის საფუძველზე უნდა დარჩეს განუხილველი.

 

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 301-ე და 304-ე მუხლების საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

 

1. შპს „-------“ (ს/ნ -------) საჩივრები შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 24 ოქტომბრის №188649 საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმთან და შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმების შესახებ 2023 წლის 5 ოქტომბრის №24619 ბრძანებასთან დაკავშირებით დარჩეს განუხილველი;

2. შპს „-------“ (ს/ნ -------) საჩივრები შემოსავლების სამსახურის 2023 წლის 27 დეკემბრის №021-123 საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

3. მე-2 და მე-3 სადავო საკითხებთან დაკავშირებით:

ა) გადასახადის გადამხდელს მიეცეს წინადადება ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს საჩივარში მითითებული არგუმენტაციის დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები.

ბ) ამ ბრძანების სარეზოლუციო ნაწილის მე-3 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ ვადაში მტკიცებულებების წარმოდგენის შემთხვევაში, დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს დამატებით შეისწავლოს წარდგენილი მტკიცებულებები და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება);

4. დანარჩენ ნაწილში საჩივრები არ დაკმაყოფილდეს;

5. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. ქუთაისი, ვიქტორ კუპრაძის ქ. №11), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხები:

პირი არ ეთანხმება

1. ქონების რეალიზაციასთან დაკავშირებით განსაზღვრულ საგადასახადო ვალდებულებებს.

2. მსუბუქი ავტომობილების რეალიზაციასთან დაკავშირებით განსაზღვრულ საგადასახადო ვალდებულებებს საშემოსავლო გადასახადში.

3. დამფუძნებლის პირადი სარგებლობის სესხის სანაცვლოდ ბანკის მიერ ჩამორთმეული ფართის ღირებულების დირექტორის მიღებულ სარგებლად განხილვას.

4. ქონების გადასახადში განსაზღვრულ საგადასახადო ვალდებულებებს.

5. ინფორმაციის წარუდგენლობის მიზეზით შედგენილ საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმს.

 

ფაქტობრივი გარემოებები

მომჩივანის საქმიანობას წარმოადგენს უმაღლესი განათლების მომსახურება. კომპანიის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების ნაწილი (სასწავლო დაწესებულება) რეალიზებული აქვს 2020 წელს, ხოლო ნაწილი ჩამორთმეულია ბანკის მიერ სესხის სანაცვლოდ. ვინაიდან აღნიშნული ოპერაცია აღემატებოდა 100 000 ლარს, გადამხდელს წარმოეშვა დღგ-ს გადამხდელად რეგისტრაციის ვალდებულება 2020 წლის 30 აგვისტოდან. შესაბამისად, დღგ-ით დაბეგვრას დაექვემდებარა ყველა სხვა ოპერაცია, რომელიც არ არის გათავისუფლებული დღგ-ისგან.

შესამოწმებელ პერიოდში კომპანიამ განახორციელა რამდენიმე მსუბუქი ავტოსატრანსპორტო საშუალების შეძენა-რეალიზაცია, რომელთა ღირებულებები არ დგინდება. დაბეგვრასთან დაკავშირებული ინფორმაცია/დოკუმენტაციის არასრული წარმოდგენისთვის საწარმო დაჯარიმდა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 279-ე მუხლის პირველი ნაწილით. შემოწმების შედეგად, მსუბუქი ავტოსატრანსპორტო საშუალებების სარეალიზაციო ფასად მიჩნეული იქნა მსგავსი ავტომობილების საბაზრო ფასები, ხოლო ხარჯად იქნა მიჩნეული ავტომობილების საბაზრო ღირებულების 75%. ყოველივე ზემოაღნიშნული გარემოებიდან გამომდინარე, დარჩენილი განკარგვადი თანხა განხილული იქნა საწარმოს დირექტორების მიერ მიღებულ ხელფასად და დაბეგრილი იქნა გადახდის წყაროსთან საშემოსავლო გადასახადით.

დამფუძნებლის პირადი სარგებლობის სესხის გადაუხდელობისთვის ბანკის მიერ ჩამორთმეული ქონების საბაზრო ღირებულება მიჩნეულია დირექტორის სარგებლად/ხელფასად, რაზეც დაერიცხა საშემოსავლო გადასახადი.

მომჩივანს საკუთრებაში აქვს უძრავი ქონება, რომელიც არ აქვს დაბეგრილი ქონების გადასახადით. შემოსავლების სამსახურის ვალის მართვის დეპარტამენტის ექსპერტიზის სამმართველოს მიერ შეფასებული იქნა საწარმოს უძრავი ქონება. შედეგად, 2020, 2021 და 2022 წლების საანგარიშო პერიოდებში პირს განესაზღვრა ქონების გადასახადით დასაბეგრი ბაზა საბაზრო ფასით და დაერიცხა ქონების გადასახადი.

 

გადაწყვეტილება

სამართლებრივი ნორმებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ პირველ და მეოთხე სადავო საკითხებთან დაკავშირებით, საგადასახადო შემოწმების შედეგად საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით, წარმოდგენილი საჩივრები ამ ნაწილში დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

მეორე და მესამე საკითხებთან დაკავშირებით შემოსავლების სამსახური მიიჩნევს, რომ სადავო საკითხები საჭიროებს დამატებით შესწავლას, შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება).

 

დასაბუთება

შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 73(5, 9); 101; 154; 159; 201; 202; 282; 279(1); 301(ე); 2021 წლამდე მოქმედი საგადასახადო კოდექსი - 157(1, 7); 160; 161;