გადაწყვეტილება №18737/2/2023

ფინანსთა სამინისტროს დავების გადაწყვეტილება არ დაკმაყოფილდა 24.02.2023
№ დოკუმენტი 18737/2/2023
სტატუსი მოქმედი
მიმღები კოლეგიური ორგანო
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

№18737/2/2023

24.02.2023

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

 

მომჩივანი: ი/მ ---------- (ს/ნ -----------)

მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი

 

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 24.02.2023 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება ი/მ --------ის 28.01.2023 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №18737/2/2023).

 

დავის საგანი:

საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრა არაპირდაპირი მეთოდით.

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება:

1. აუდიტის დეპარტამენტის 2022 წლის 15 ივლისის №001-119 საგადასახადო მოთხოვნა;

2. შემოსავლების სამსახურის 2023 წლის 9 იანვრის №23 ბრძანება.

 

დარიცხული თანხა: 205 894 ლარი.

მათ შორის: გადასახადი - 116 618

დღგ - 104 493

საშემოსავლო გადასახადი - 12 125

ჯარიმა - 58 185

საურავი - 31 091

 

ფაქტების აღწერა

გადასახადის გადამხდელის საქმიანობაა ჩანთებით ვაჭრობა ლილოს ბაზრობაზე, იჯარით აღებულ ფართში.

შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2022 წლის 11 თებერვლის №3230 ბრძანების საფუძველზე ჩატარდა მომჩივნის საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმება. შესამოწმებელი პერიოდი განისაზღვრა 2019 წლის 1 იანვრიდან 2022 წლის 1 იანვრამდე. შემოწმების შედეგები აისახა 2022 წლის 24 ივნისის საგადასახადო შემოწმების აქტში, საიდანაც ირკვევა, რომ სადავო დარიცხვა გამოწვეულია შემდეგი გარემოებებით:

მეწარმეს რეალიზაცია უფიქსირდება როგორც დოკუმენტურად (წილი 72%), ასევე სალაროთი. დეკლარირებული ფასნამატი 2019-2020 წლებში შეადგენს 10%-11%, ხოლო 2021 წელს - 20%. ბუღალტრულ აღრიცხვას აწარმოებს პროგრამა ორისში, თუმცა სმფ-ებს არ აღრიცხავს რაოდენობრივად. ასევე, საქონლის ჩამოწერებს ახორციელებს ჯამურად წლის ბოლოს, ვაჭრობა ხდება ნაღდი ანგარიშსწორებით. გადასახადის გადამხდელის მიერ წარდგენილ ინფორმაციაში არ ფიქსირდება მონაცემები დეფექტური ან მიწოდებისთვის უვარგისი საქონლის აღრიცხვაზე. ასევე, არ დაფიქსირებულა დაუძლეველი ძალის (ხანძარი, წყალდიდობა და ა.შ) შედეგად დაზიანებული საქონლის ჩამოწერის შემთხვევები.

შემოწმების პროცესში შესწავლილ იქნა მომჩივნის მიერ წარდგენილი ინფორმაცია და შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემები. ანალიზის შედეგად გაირკვა, რომ გადასახადის გადამხდელის მიერ დეკლარირებული წლიური ფასნამატები მნიშვნელოვნად ჩამორჩება შემოწმების მიერ დათვლილ დოკუმენტურ ფასნამატებს. მეწარმის მიერ წარდგენილი სააღრიცხვო დოკუმენტაციით შეუძლებელია დაბეგვრის ობიექტის დადგენა.

საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის საფუძველზე მომჩივნის საგადასახადო ვალდებულებები განისაზღვრა არაპირდაპირი მეთოდით. კერძოდ, შემოწმებით რპთ-ს გაანგარიშებისას გამოყენებულ იქნა გადასახადის გადამხდელის მიერ დეკლარირებული სმფ-ების საწყისი ნაშთი 2019 წლის 1 იანვრისთვის, ხოლო საბოლოო ნაშთი გაანგარიშდა ინვენტარიზაციის შედეგებზე დაყრდნობით: ინვენტარიზაციით დადგენილ ფაქტობრივ ნაშთს (354 880 ლარი თვითღირებულებით) დაემატა 2022 წლის რპთ (28 913 ლარი), გამოაკლდა შეძენა (111 658 ლარი) 2022 წლის, რომლის მიხედვითაც დადგინდა 2021 წლის საბოლოო სმფ-ების ნაშთი 272 135 ლარის ოდენობით, ნაცვლად დეკლარირებული 735 595 ლარისა. შედეგად ნაშთებს შორის სხვაობა (463 459 ლარი თვითღირებულებით) მიჩნეულია შესამოწმებელ პერიოდებში რეალიზებულად დოკუმენტური რეალიზაციებიდან გამოყვანილი ფასნამატის გათვალისწინებით წლების მიხედვით (2019 წელს - 21%, 2020 წელს - 18%, 2021 წელს - 24%) და დოკუმენტურ რეალიზაციასთან ერთად ჩართულ იქნა დასაბეგრი ბრუნვის გაანგარიშებაში. შედეგად გაიზარდა 2019-2020 წლების ერთობლივი შემოსავალი და დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა 2019-2020-2021 წლების მიხედვით. მომჩივანს დამატებით დაერიცხა საშემოსავლო გადასახადი, დღგ და დაეკისრა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით გათვალისწინებული ჯარიმა.

შემოწმების აქტის საფუძველზე გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის 2022 წლის 15 ივლისის №18718 ბრძანება და №001-119 საგადასახადო მოთხოვნა. მომჩივანს დამატებით გადასახდელად განესაზღვრა 205 894 ლარი.

აღნიშნული საგადასახადო მოთხოვნა 2022 წლის 22 აგვისტოს გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში, რომელმაც 2023 წლის 9 იანვრის №23 ბრძანებით არ დააკმაყოფილა საჩივარი, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.

 

შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი

შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 136-ე, 61-ე, 73-ე, 49-ე, მე-100, 102- ე, მე-2, 160-ე, 161-ე, 158-ე, 159-ე, 163-ე, 164-ე, 43-ე მუხლებზე, დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებზე და განმარტავს, რომ ვინაიდან გადასახადის გადამხდელი არ აწარმოებს ბუღალტრულ აღრიცხვას კანონმდებლობით დადგენილი წესით და შეუძლებელი იყო დაბეგვრის ობიექტის დადგენა, შემოწმებას შეეძლო არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით განესაზღვრა საგადასახადო ვალდებულებები. ასევე, ნაშთებს შორის სხვაობის შესამოწმებელ პერიოდებში რეალიზებულად განხილვა, დოკუმენტური რეალიზაციებიდან გამოყვანილი ფასნამატის გათვალისწინებით წლების მიხედვით, რამაც გამოიწვია დამატებითი შემოსავლის და დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვის განსაზღვრა, შესაბამისობაშია კანონმდებლობის მოთხოვნებთან. ამასთან, შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ მომჩივანი საჩივარში ვერ უთითებს ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე, თუ რა ნაწილში იქნა განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები არამართლზომიერად, ხოლო დავის წარმოების პროცესში არ ყოფილა წარდგენილი მტკიცებულებები, რომლებიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმებით დადგენილ გარემოებებს.

ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ საგადასახადო შემოწმების შედეგად საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით, წარდგენილი საჩივარი დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

მომჩივნის არგუმენტაცია

მეწარმის მიმართ გამოყენებულ იქნა საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილი და არაპირდაპირი მეთოდით განისაზღვრა გადასახადის გადამხდელის ერთობლივი შემოსავალი. ასევე, განისაზღვრა 2019, 2020 და 2021 წლების ფასნამატი. დამატებით დასაბეგრი ბრუნვების განსაზღვრა მოხდა მეწარმის მიერ დეკლარირებული დღგ-ის ყოველთვიურ დეკლარაციაში აღიარებული დასაბეგრი ბრუნვების პროპორციულად, რაც არამართლზომიერად მიაჩნია.

გადასახადის გადამხდელი ითხოვს აუდიტორის მიერ დამატებით კორექტირებული დასაბეგრი ბრუნვების გაანგარიშება მოხდეს შეძენილი საქონლის შეძენების პროპორციულად თვეებისა და წლების მიხედვით, რადგან დადგენილია ნაშთის ოდენობა, რაც საშუალოდ უნდა ჰქონოდა სავაჭრო ობიექტს. შეძენების პროპორციულად დამატებით გამოვლენილი დასაბეგრი თანხების გადანაწილება გამოიწვევს 2019 და 2020 წლებში დამატებით დასარიცხი თანხების გაზრდას და 2021 წელს დამატებით დასარიცხი თანხის შემცირებას. (ფასნამატის დაბალი საშუალო პროცენტული მაჩვენებელი 2019 წელს - 21%, 2020 წელს - 18% და 2021 წელს - 24%).

მომჩივანი ითხოვს საგადასახადო მოთხოვნის ნაწილობრივ გაუქმებას.

 

დავების განხილვის საბჭო

მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე.

ამავე კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, პირის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვროს არაპირდაპირი მეთოდების გამოყენებით (აქტივების სიდიდის, საოპერაციო შემოსავლებისა და ხარჯების, პირის შესახებ ინფორმაციის მისი საქმიანობის სხვა საგადასახადო პერიოდთან ან სხვა ამგვარი გადასახადის გადამხდელის შესახებ მონაცემების შედარების, აგრეთვე სხვა მსგავსი ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე) თუ პირს არ აქვს სააღრიცხვო დოკუმენტაცია ან სააღრიცხვო დოკუმენტაციით შეუძლებელია დაბეგვრის ობიექტის დადგენა.

საგადასახადო კოდექსის მე-100 მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის მიხედვით, ერთობლივ შემოსავალს განეკუთვნება ნებისმიერი ფორმით ან/და საქმიანობით მიღებული შემოსავალი, კერძოდ, ეკონომიკური საქმიანობით მიღებული შემოსავლები, რომლებიც დაკავშირებული არ არის დაქირავებით მუშაობასთან.

ამავე კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, ეკონომიკური საქმიანობით მიღებულ შემოსავლებს განეკუთვნება საქონლის/მომსახურების მიწოდებით მიღებული შემოსავლები.

შესაბამის პერიოდში მოქმედი საგადასახადო კოდექსის 161-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციაა, საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში საქონლის მიწოდება ან/და მომსახურების გაწევა. დასაბეგრი ოპერაციის თანხა განისაზღვრება დღგ-ის გადამხდელის მიერ მიღებული ან მისაღები კომპენსაციის თანხის მიხედვით, ხოლო ამ ნაწილის „ა.ბ.დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში - მიღებული კომპენსაციის თანხის მიხედვით (გადასახადების, მოსაკრებლებისა და სხვა გადასახდელების ჩათვლით) დღგ-ის ან/და პირგასამტეხლოს გარეშე, გარდა ამ მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევისა. ხოლო დასაბეგრი ოპერაციის განხორციელების დროდ ითვლება საქონლის მიწოდების ან მომსახურების გაწევის მომენტი.

საგადასახადო კოდექსის 158-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, დღგ-ით დასაბეგრ პირად განიხილება ნებისმიერი პირი, რომელიც ნებისმიერ ადგილზე დამოუკიდებლად ახორციელებს ნებისმიერი სახის ეკონომიკურ საქმიანობას, მიუხედავად ამ საქმიანობის მიზნისა და შედეგისა.

ამავე კოდექსის 159-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების თანახმად, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციებია, დასაბეგრი პირის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში ანაზღაურების სანაცვლოდ საქონლის მიწოდება/მომსახურების გაწევა.

საგადასახადო კოდექსის 163-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების შესაბამისად:

1. საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის დღგ-ით დაბეგვრა ხორციელდება საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის მომენტში, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.

2. თუ თანხა სრულად ან ნაწილობრივ ანაზღაურებულია საქონლის მიწოდებამდე/მომსახურების გაწევამდე, ანაზღაურებული თანხის შესაბამისი დღგ-ის გადახდა ხორციელდება ანაზღაურების თანხის გადახდის საანგარიშო პერიოდის მიხედვით, გარდა ამ მუხლის მე-5 და მე-9 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა.

ამავე კოდექსის 164-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, დღგ-ით დასაბეგრი თანხა არის საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის სანაცვლოდ მიღებული/მისაღები ანაზღაურება დღგ-ის გარეშე, საქონლის/მომსახურების ფასთან პირდაპირ დაკავშირებული სუბსიდიის ჩათვლით. აღნიშნული დებულება გამოიყენება საქონლის/მომსახურების გაცვლის ოპერაციის (ბარტერული ოპერაციის) შემთხვევაშიც.

დადგენილია, რომ გადასახადის გადამხდელი არ აწარმოებს ბუღალტრულ აღრიცხვას კანონმდებლობით დადგენილი წესით და მეწარმის სააღრიცხვო დოკუმენტაციით შეუძლებელია დაბეგვრის ობიექტის დადგენა. შესაბამისად, საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის გათვალისწინებით, მომჩივნის საგადასახადო ვალდებულებები მართლზომიერად განისაზღვრა არაპირდაპირი მეთოდით. ამასთან, მართებულია ნაშთებს შორის სხვაობის შესამოწმებელ პერიოდებში რეალიზებულად განხილვა, დოკუმენტური რეალიზაციებიდან გამოყვანილი ფასნამატის გათვალისწინებით, წლების მიხედვით. აღნიშნულიდან გამომდინარე, მომჩივანს მართლზომიერად დაერიცხა საშემოსავლო გადასახადი და დღგ.

გადასახადის გადამხდელს არ წარმოუდგენია რაიმე მტკიცებულება, რაც შეცვლიდა შემოწმებით დადგენილ გარემოებებს და გახდებოდა დარიცხული თანხების კორექტირების საფუძველი.

ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმებისა და ფაქტობრივი გარემოებების საფუძველზე, მხარეთა არგუმენტაციის გათვალისწინებით, საბჭომ მიიჩნია, რომ შემოსავლების სამსახურის სადავო ბრძანება მართლზომიერია და არ არსებობს მისი გაუქმების და მომჩივნის მოთხოვნის დაკმაყოფილების საფუძველი.

 

საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და

გადაწყვიტა:

 

1. საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.