ბრძანება N 1198
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
N 1198
27 იანვარი 2026
ბ რ ძ ა ნ ე ბ ა
შპს „-----“ (ს/ნ -----) (მის: ----- )
2025 წლის 19 დეკემბრის საჩივრის
დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე.
შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2026 წლის 15 იანვრის სხდომაზე (ოქმი N 2) განიხილა შპს „-----“ (ს/ნ -----) N 99479/1/2025 საჩივარი, რომელიც ეხება შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის 2025 წლის 12 დეკემბრის N EL303108 და N EL303112 საბაჟო სამართალდარღვევის ოქმებს.
მომჩივნის არგუმენტაცია:
საჩივრის ავტორი განმარტავს, რომ შპს ----- (ს/ნ -----) საბაჟო საწყობში, საწყობის დეკლარაციის ----- საფუძველზე შენახულ საქონლის ნაწილზე 2025 წლის 10 დეკემბერს კონტრაქტორის შპს „-----“ მიერ თავისუფალ მიმოქცევაში გაშვების მიზნით დარეგისტრირდა საბაჟო დეკლარაცია -----, რომელსაც „eCustoms“-ის მონაცემთა ავტომატიზირებულ სისტემის მიერ განესაზღვრა „წითელი დერეფანი“, რის შემდეგაც მოთხოვნილ იქნა როგორც კამერალური, ისე ფიზიკური შემოწმება. ყველა მოთხოვნილი დოკუმენტის წარდგენის შემდგომ, მებაჟე ოფიცერმა გაითვალისწინა მხოლოდ აზომვის ცდომილება 0,5% და გამოავლინა დანაკლისი 828,89 კგ-ს ოდენობით. ჩათვალა, რომ ადგილი ჰქონდა საქონლის განკარგვას და საბაჟო საწყობს დაეკისრა საბაჟო სანქციები.
საჩივრის ავტორი მიუთითებს, რომ შპს ,,-----", მთელი თავისი ოპერირების მანძილზე საწყობის რეჟიმში მოქცეულ რაოდენობას აიმპორტებდა იგივე მეთოდით, სრულად გადადიოდა დასაწყობებული რაოდენობის იმპორტში, ხოლო შედარება ბუღალტრულ და ფაქტიურ ნაშთს შორის ხდებოდა ყოველი თვის პირველ რიცხვში ჩატარებული ინვენტარიზაციის მიხედვით. თუ სხვაობა აღემატებოდა დასაშვებ ნორმას, ხდებოდა ნაშთების გასწორება, ნაკლებობის შემთხვევაში ჩამოწერა, ხოლო მეტობისას შემოსავალში აყვანა. ორივე შემთხვევა წარმოებდა საქართველოში მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.
საავტომობილო ბენზინისთვის შენახვის ბუნებრივ დანაკარგის 0,25%-ის ოდენობით (1 თვემდე შენახვისას), გათვალისწინების შემთხვევაში აღნიშნული დანაკლისი, რომელზედაც გავრცელდა საბაჟო სანქციები აღარ იარსებებდა. საწყობის რეჟიმში ----- იყო საწვავის რაოდენობა 360786კგ. 360786-ის 0,25%=902კგ.
აღნიშნულზე მითითებით ითხოვს საბაჟო სამართალდარღვევის ოქმებით შეფარდებული სანქციის მოხსნას.
ფაქტობრივი გარემოებები:
საქმის მასალებითა და საბაჟო დეპარტამენტიდან წარმოდგენილი ინფორმაციით ირკვევა, რომ შპს „-----“ (ს/ნ -----) საბაჟო საწყობში N ----- საწყობის საბაჟო დეკლარაციის საფუძველზე დასაწყობებული საქონლის (360.786 კგ - საავტომობილო ბენზინი ----- ) ნაწილზე, 2025 წლის 10 დეკემბერს შპს „-----“ (ს/ნ ----- ) მიერ თავისუფალ მიმოქცევაში გაშვების მიზნით დარეგისტრირდა ----- საქონლის საბაჟო დეკლარაცია (103 842 კგ - საავტომობილო ბენზინი), რომლისთვისაც მონაცემთა დამუშავების ელექტრონული საშუალება „eCustoms“-ის მიერ განისაზღვრა „წითელი დერეფანი“.
შპს „------“ N -----განცხადებით წარმოდგენილი სურვეიერის აქტების N ----- და N ----- მიხედვით, ერთ რეზერვუარში განთავსებული იყო 117 754 კგ, ხოლო მეორეში - 12 468 კგ ბენზინი რაც, ჯამურად აღემატებოდა დეკლარირებული საქონლის რაოდენობას და შეადგენდა 130 222 კგ. აღნიშნულზე შპს „-----“ წარმომადგენელმა განაცხადა, რომ რაოდენობა მოიცავდა N ----- საქონლის საბაჟო დეკლარაციით დეკლარირებულ საქონელსაც. N ----- განცხადებით კი შპს „-----“ წარმოადგინა სასაქონლო ზედნადებების შესახებ ინფორმაცია, რომლის მიხედვით 27 860 კგ ისევ რჩებოდა საბაჟო საწყობის ტერიტორიაზე და გაუფორმებელი საქონლის ნაშთი შეადგენდა 102 362 კგ. შესაბამისად, N ----- საქონლის საბაჟო დეკლარაციით დეკლარირებული საქონელი 103 842 კგ ნაცვლად, აღმოჩნდა 102 362 კგ და სხვაობამ შეადგინა 1 480 კგ.
საბაჟო ორგანოს მიერ გათვალისწინებულ იქნა „ნავთობისა და ნავთობპროდუქტების რაოდენობის გაზომვის მეთოდების დასაშვები ცდომილების ნორმების დამტკიცების შესახებ“ შემოსავლების სამსახურის უფროსის 2011 წლის 29 ივნისის N 3376 ბრძანებით დამტკიცებული ნავთობისა და ნავთობპროდუქტების რაოდენობის გაზომვის მეთოდების დასაშვები ცდომილების ნორმები (0.5%), რის საფუძველზეც გაზომვის მეთოდების დასაშვებმა ცდომილებამ შეადგინა 651.11 კგ (130 222 კგ * 0.5%).
ვინაიდან შპს „-----“ მხრიდან ადგილი ჰქონდა საბაჟო ორგანოსთან შეუთანხმებელ ქმედებას, რამაც გამოიწვია საბაჟო ზედამხედველობის ქვეშ მყოფი საქონლის (828.89 კგ საავტომობილო ბენზინი ----- ) უკანონო განკარგვა, დაკარგვა ან განადგურება, გამოვლენილი სამართალდარღვევის ფაქტზე, 2025 წლის 12 დეკემბერს საქართველოს საბაჟო კოდექსის 172-ე მუხლით გათვალისწინებული სამართალდარღვევისათვის გაფორმების ეკონომიკური ზონა „-----“ უფლებამოსილი პირის მიერ შედგენილი N EL303108 საბაჟო სამართალდარღვევის ოქმით სანქციის სახით შეეფარდა ჯარიმა 786.13 ლარის ოდენობით. ამასთანავე, საქართველოს საბაჟო კოდექსის 49-ე მუხლისა და საქართველოს საგადასახადო კოდექსის 64-ე მუხლების შესაბამისად, იმავე დღეს გამოიცა N EL11113/318 საგადასახადო მოთხოვნა, რომლითაც შპს „-----“ დაერიცხა დღგ - 371.68 ლარისა და აქციზი - 414.45 ლარის ოდენობით.
გარდა აღნიშნულისა, შპს „-----“ მიერ სანებართვო პირობების დარღვევისათვის, გაფორმების ეკონომიკური ზონა „-----“ უფლებამოსილი პირის მიერ 2025 წლის 12 დეკემბერს ასევე შედგენილ იქნა N EL303112 საბაჟო სამართალდარღვევის ოქმი, რომლითაც დაეკისრა პასუხისმგებლობა საქართველოს საბაჟო კოდექსის 176-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული სამართალდარღვევისათვის და სანქციის სახით შეეფარდა ჯარიმა 2000 ლარის ოდენობით.
ვინაიდან შპს „-----“ მიერ არ იქნა წარმოდგენილი საბაჟო საწყობში განთავსებული საქონლის (საავტომობილო ბენზინი -----) ბუნებრივი დანაკარგის ამსახველი შესაბამისი დოკუმენტი, საბაჟო ორგანოს მიერ ვერ იქნა გათვალისწინებული „ნედლი ნავთობისა და ნავთობპროდუქტების ბუნებრივი დანაკარგის ნორმების დამტკიცების შესახებ“ შემოსავლების სამასახურის უფროსის 2018 წლის 6 აგვისტოს N 20839 ბრძანებით დამტკიცებული ნედლი ნავთობისა და ნავთობპროდუქტების ბუნებრივი დანაკარგის მაქსიმალურ ზღვრული ნორმები. გათვალისწინდა მხოლოდ ნავთობისა და ნავთობპროდუქტების რაოდენობის გაზომვის მეთოდების დასაშვები ცდომილების ნორმები.
შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ მომჩივნის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილის შესაბამისად, დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ დისტანციურად, ტექნიკურ საშუალებათა გამოყენებით. მათ ასევე უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.
საქართველოს საბაჟო კოდექსის მე-6 მუხლის მიხედვით:
საბაჟო კონტროლი არის საქართველოს საბაჟო კანონმდებლობის, აგრეთვე საქართველოს საბაჟო ტერიტორიასა და უცხო ქვეყანას შორის გადაადგილებული საქონლის შემოტანის, ტრანზიტის, გადაადგილების, შენახვის, მიზნობრივი დანიშნულებით გამოყენებისა და გატანის, აგრეთვე უცხოური საქონლის და მიზნობრივი დანიშნულებით გამოყენებული საქონლის საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე განთავსებისა და გადაადგილების მარეგულირებელი სხვა სამართლებრივი აქტების მოთხოვნათა დაცვის უზრუნველსაყოფად საბაჟო ორგანოს მიერ განსახორციელებელი ცალკეული ქმედებები;
საბაჟო ზედამხედველობა გულისხმობს საბაჟო ორგანოს მიერ განსახორციელებელ ღონისძიებათა ერთობლიობას, რომლის მიზანია საქონლის მიმართ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი ვალდებულებების შესრულება.
ამავე კოდექსის 70-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანილი საქონელი შემოტანისთანავე ექვემდებარება საბაჟო ზედამხედველობას და შეიძლება დაექვემდებაროს საბაჟო კონტროლის პროცედურებს. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, საქონელი მისი საბაჟო სტატუსის განსაზღვრამდე რჩება საბაჟო ზედამხედველობის ქვეშ და საბაჟო ორგანოს თანხმობის გარეშე მისი საბაჟო ზედამხედველობიდან გატანა ან განკარგვა არ შეიძლება.
„საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის გადაადგილებისა და გაფორმების შესახებ ინსტრუქციების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2019 წლის 29 აგვისტოს N 257 ბრძანებით დამტკიცებული „საბაჟო ზედამხედველობის შესახებ ინსტრუქციის“ (დანართი N 3) პირველი მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, საბაჟო ზედამხედველობის ქვეშ მოქცეული საქონლის მიმართ შეიძლება განხორციელდეს მხოლოდ საბაჟო ორგანოსთან შეთანხმებული მოქმედებები და ოპერაციები, თუ კანონმდებლობით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.
საქართველოს საბაჟო კოდექსის 127-ე მუხლი ადგენს, რომ საბაჟო საწყობის მფლობელი ვალდებულია დაიცვას საბაჟო საწყობის საქმიანობის ნებართვით გათვალისწინებული სანებართვო პირობები.
„საბაჟო საწყობისა და თავისუფალი ვაჭრობის პუნქტის საქმიანობის ნებართვების გაცემის წესებისა და პირობების შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2019 წლის 16 სექტემბრის N 455 დადგენილების მე-8 მუხლის „რ“ ქვეპუნქტის მიხედვით საბაჟო საწყობის საქმიანობის ნებართვის მფლობელი ნებართვის მოქმედების მთელი ვადის განმავლობაში ვალდებულია გამორიცხოს საბაჟო საწყობში შენახული, საბაჟო ზედამხედველობას დაქვემდებარებული საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების უკანონო განკარგვა, დაკარგვა ან განადგურება.
ამავე ინსტრუქციის მე-17 მუხლის პირველი ნაწილი ადგენს, რომ საბაჟო საწყობის საქმიანობის ან თავისუფალი ვაჭრობის პუნქტის საქმიანობის ნებართვის მფლობელის მიერ „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონით, საქართველოს საბაჟო კოდექსით, საქართველოს საგადასახადო კოდექსითა და ამ ინსტრუქციით განსაზღვრული ვალდებულებების შეუსრულებლობა ან მათი არაჯეროვნად შესრულება წარმოადგენს სანებართვო პირობების დარღვევას და გამოიწვევს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ პასუხისმგებლობას.
საქართველოს საბაჟო კოდექსის 116-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, საქონელი უნდა დარჩეს უცვლელ მდგომარეობაში, გარდა იმ ცვლილებებისა, რომლებიც გამოწვეულია ბუნებრივი ცვეთით, შენახვის ნორმალური პირობებისთვის დამახასიათებელი ბუნებრივი დანაკარგებით ან ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ქმედებებით.
საქართველოს საბაჟო კოდექსის 163-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, საბაჟო სამართალდარღვევა არის პირის მართლსაწინააღმდეგო ქმედება (მოქმედება ან უმოქმედობა), რომლის ჩადენისთვისაც ამ კოდექსით გათვალისწინებულია პასუხისმგებლობა. მე-7 ნაწილი კი მიუთითებს, რომ რამდენიმე საბაჟო სამართალდარღვევის გამოვლენისას საბაჟო სანქცია თითოეული საბაჟო სამართალდარღვევისთვის ცალკე გამოიყენება. ამასთანავე, უფრო მკაცრი საბაჟო სანქცია არ შთანთქავს ნაკლებად მკაცრ საბაჟო სანქციას.
ამავე კოდექსის 172-ე მუხლის თანახმად, საბაჟო პროცედურის/რეექსპორტის პირობების დარღვევა ან სხვა ქმედება, რამაც გამოიწვია საბაჟო ზედამხედველობის ქვეშ მყოფი საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების უკანონო განკარგვა, დაკარგვა ან განადგურება, იწვევს დაჯარიმებას იდენტურ/მსგავს საქონელზე ან/და სატრანსპორტო საშუალებაზე გადასახდელი იმპორტის გადასახდელის თანხის 100 პროცენტის ოდენობით.
საქართველოს საბაჟო კოდექსის 176-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, საბაჟო საწყობის საქმიანობის ან თავისუფალი ვაჭრობის პუნქტის საქმიანობის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი სანებართვო პირობის დარღვევა - იწვევს ნებართვის მფლობელის დაჯარიმებას 2 000 ლარის ოდენობით.
დადგენილია და სადავოდ არ არის გამხდარი, რომ შპს „-----“ (ს/ნ -----) საბაჟო საწყობში N ----- საწყობის საბაჟო დეკლარაციის საფუძველზე დასაწყობებული საქონლის (360.786 კგ - საავტომობილო ბენზინი N -----) ნაწილზე, 2025 წლის 10 დეკემბერს შპს „------“ (ს/ნ ----- ) მიერ თავისუფალ მიმოქცევაში გაშვების მიზნით დარეგისტრირდა N ----- საქონლის საბაჟო დეკლარაცია (103 842 კგ - საავტომობილო ბენზინი). საქონლის საბაჟო დეკლარაციას განესაზღვრა „წითელი დერეფანი“.
შპს „-----“ N ----- განცხადებით წარმოდგენილი სურვეიერის აქტების, განმარტებებისა და სასაქონლო ზედნადებების შესახებ ინფორმაციის ანალიზით დადგინდა, რომ N ----- საქონლის საბაჟო დეკლარაციით დეკლარირებული საქონელი 103 842 კგ ნაცვლად, აღმოჩნდა 102 362 კგ და სხვაობამ შეადგინა 1 480 კგ.
დადგენილია ასევე, რომ საბაჟო ორგანოს მიერ გათვალისწინებულ იქნა ნავთობისა და ნავთობპროდუქტების რაოდენობის გაზომვის მეთოდების დასაშვები ცდომილების ნორმები (0.5%), რის საფუძველზეც გაზომვის მეთოდების დასაშვებმა ცდომილებამ შეადგინა 651.11 კგ (130 222 კგ * 0.5%). შესაბამისად, მომჩივნის მხრიდან ადგილი ჰქონდა საბაჟო პროცედურის პირობების დარღვევას და ისეთ ქმედებას, რამაც გამოიწვია საბაჟო ზედამხედველობის ქვეშ მყოფი საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების უკანონო განკარგვა, დაკარგვა ან განადგურება. მომჩივნის მხრიდან ასევე ადგილი ჰქონდა საბაჟო საწყობის საქმიანობის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი სანებართვო პირობის დარღვევას. აღნიშნული ქმედებები წარმოადგენს პირის მართლსაწინააღმდეგო ქმედებას (მოქმედება ან უმოქმედობა), რომლის ჩადენისთვისაც საქართველოს საბაჟო კოდექსით გათვალისწინებულია პასუხისმგებლობა. ამდენად, მომჩივნისთვის საქართველოს საბაჟო კოდექსის 172-ე მუხლისა და 176-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად დაკისრებული პასუხისმგებლობა მართლზომიერია.
მომჩივნის არგუმენტზე შემოსავლების სამსახური მიუთითებს, „ნედლი ნავთობისა და ნავთობპროდუქტების ბუნებრივი დანაკარგის ნორმების დამტკიცების შესახებ“ შემოსავლების სამსახურის 2018 წლის 6 აგვისტოს N 20839 ბრძანებით დამტკიცებული „ნედლი ნავთობისა და ნავთობპროდუქტების ბუნებრივი დანაკარგის ნორმების შესახებ“ დებულების (დანართი N 1) მე-3 მუხლზე, რომლის მიხედვით:
1. სასაქონლო პარტიაზე ნედლი ნავთობის/ნავთობპროდუქტების ბუნებრივი დანაკარგების ჩამოწერა დასაშვებია წინამდებარე ბრძანების დანართ N 2-ში მითითებული ნორმების ფარგლებში.
3. რეზერვუარში შენახვისას ჩამოწერა დასაშვებია წინა ინვენტარიზაციიდან შემდგომი ინვენტარიზაციის მომენტამდე რეზერვუარში მიღებული მთლიანი ოდენობიდან, ამ დებულების მე-4 მუხლის გათვალისწინებით.
4. ნედლი ნავთობის/ნავთობპროდუქტის ჩამოწერის უფლების მქონე პირი განისაზღვრება მყიდველისა და გამყიდველის შეთანხმებით.
5. დანაკარგად აღიარებული ნედლი ნავთობის/ნავთობპროდუქტის ოდენობა უნდა მიეკუთვნოს ინვენტარიზაციის მომენტში რეზერვუარში დარჩენილ პარტიებს.
ამავე დებულების მე-4 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად ნედლი ნავთობის/ნავთობპროდუქტის საზღვაო, სარკინიგზო ან საავტომობილო ტრანსპორტით გადაზიდვისას ან რეზერვუარში შენახვისას (თითოეულ საცავის სტაციონარულ კოდზე ერთჯერადად, მიუხედავად შენახვის ხანგრძლივობისა) შესაძლო ბუნებრივი დანაკარგი გამოითვლება დანართი N 2-ში მითითებული ყოველი კონკრეტული ოპერაციის დასრულების დროს, თითოეული ოპერაციისათვის დადგენილი ბუნებრივი დანაკარგის ზღვრული ნორმის ფარგლებში.
დადგენილი ფაქტობრივი გარემოებებიდან გამომდინარე ნათელია, რომ მომჩივნის მიერ არ იქნა წარმოდგენილი საბაჟო საწყობში განთავსებული საქონლის (საავტომობილო ბენზინი -----) ბუნებრივი დანაკარგის ამსახველი შესაბამისი დოკუმენტი. შესაბამისად არ დგინდება, რომ კომპანიის მხრიდან შესრულებულია „ნედლი ნავთობისა და ნავთობპროდუქტების ბუნებრივი დანაკარგის ნორმების დამტკიცების შესახებ“ შემოსავლების სამსახურის 2018 წლის 6 აგვისტოს N 20839 ბრძანებით დამტკიცებული „ნედლი ნავთობისა და ნავთობპროდუქტების ბუნებრივი დანაკარგის ნორმების შესახებ“ დებულებით (დანართი N 1) დადგენილი პირობები და საბაჟო ორგანოს მიერ ვერ იქნებოდა გათვალისწინებული „ნედლი ნავთობისა და ნავთობპროდუქტების ბუნებრივი დანაკარგის ნორმების დამტკიცების შესახებ“ შემოსავლების სამასახურის უფროსის 2018 წლის 6 აგვისტოს N 20839 ბრძანებით დამტკიცებული ნედლი ნავთობისა და ნავთობპროდუქტების ბუნებრივი დანაკარგის მაქსიმალურ ზღვრული ნორმები.
ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ სადავო ადმინისტრაციული აქტები და დაკისრებული პასუხისმგებლობა შეესაბამება საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ მოთხოვნებს და არ არსებობს საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ :
1. შპს „-----“ (ს/ნ ----- ) საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. N 16) ან ქუთაისის საქალაქო სასამართლოში (მის. ქ. ქუთაისი, ვიქტორ კუპრაძის ქ. N 11), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესით, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი:
გადასახადის გადამხდელი ითხოვს საბაჟო სამართალდარღვევის ოქმებით შეფარდებული სანქციის მოხსნას.
ფაქტობრივი გარემოებები:
დადგენილია, რომ კომპანიის საბაჟო საწყობში, საწყობის საბაჟო დეკლარაციის საფუძველზე დასაწყობებული საქონლის ნაწილზე, კონტრაქტორი კომპანიის მიერ თავისუფალ მიმოქცევაში გაშვების მიზნით დარეგისტრირდა საქონლის საბაჟო დეკლარაცია რომელსაც განესაზღვრა „წითელი დერეფანი“. საბაჟო ორგანოს მიერ გათვალისწინებულ იქნა ნავთობისა და ნავთობპროდუქტების რაოდენობის გაზომვის მეთოდების დასაშვები ცდომილების ნორმები (0.5%), რის საფუძველზეც გაზომვის მეთოდების დასაშვებმა ცდომილებამ შეადგინა 651.11 კგ (130 222 კგ * 0.5%). შესაბამისად, მომჩივნის მხრიდან ადგილი ჰქონდა საბაჟო პროცედურის პირობების დარღვევას რომლითაც დაეკისრა პასუხისმგებლობა და სანქციის სახით შეეფარდა ჯარიმა 2000 ლარის ოდენობით.
გადაწყვეტილება:
შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ სადავო ადმინისტრაციული აქტები და დაკისრებული პასუხისმგებლობა შეესაბამება საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ მოთხოვნებს და არ არსებობს საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.
დასაბუთება:
შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საბაჟო კოდექსის შემდეგ ნორმებს: მუხლი 116(2); 172; 176;.