ბრძანება N 14757

შემოსავლების სამსახურის დავების გადაწყვეტილება ნაწილობრივ დაკმაყოფილდა 13.06.2018
№ დოკუმენტი 14757
სტატუსი მოქმედი
მიმღები შემოსავლების სამსახურის უფროსი/დავების საბჭოს თავმჯდომარე
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

🏷️ თეგები

📄 სრული ტექსტი

ბრძანება N 14757

13/06/2018

სს -----

(მის: ქ. -------)

საჩივრის ნაწილობრივ დაკმაყოფილების შესახებ

შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭომ 2018 წლის 01 ივნისს გამართულ სხდომაზე (ოქმი N48) განიხილა სს ----- საჩივარი, რომლითაც ითხოვს შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2015 წლის 02 სექტემბრის N002-180 „საგადასახადო მოთხოვნის“ ბათილად ცნობას.

გადამხდელის აცხადებს, რომ შემოწმებით განსაზღვრული 2010-2014 წლების საგადასახადო ვალდებულებებზე გამოცემული საგადასახადო მოთხოვნა ჩაბარდა აუდიტის დეპარტამენტის 2017 წლის 10 მარტის N21-14/33172 წერილით, შესაბამისად დაირღვა მოთხოვნის წარდგენის ხანდაზმულობის ვადა და უნდა გაუქმდეს აღნიშნულ წლებზე დარიცხული თანხები.

შემოსავლების სამსახურის ერთიანი ელექტრონული ბაზის მონაცემებით და აუდიტის დეპარტამენტის 2017 წლის 15 მაისის N57707-21-14 წერილით წარმოდგენილი ინფორმაციით ირკვევა, რომ სს -----და მასთან შერწყმული შპს ----- მიმართ შედგენილ 2015 წლის 27 აგვისტოს საგადასახადო შემოწმების აქტს, მის საფუძველზე გამოცემულ 2015 წლის 02 სექტემბრის №33093 ბრძანებებს გაეცნო ელექტრონულად შემოსავლების სამსახურის ოფიციალურ ვებგვერდის (ww.rs.ge) საშუალებით 2015 წლის 02 სექტემბერს, ხოლო 2015 წლის 02 სექტემბრის №002-180 საგადასახადო მოთხოვნას, გადასახადის გადამხდელი/უფლებამონაცვლე არ გაცნობია შემოსავლების სამსახურის ოფიციალურ ვებგვერდის (ww.rs.ge) საშუალებით, ვერც საფოსტო დაწესებულების საშუალებით მოხდა დოკუმენტის ჩაბარება (გაიგზავნა ორჯელ ბაზაში „ORACLE“ დაფიქსირებულ იურიდიულ მისამართზე), ამიტომ საქართველოს საგადასახადო კოდექსის 44-ე მუხლის მე-10 ნაწილის „ა“ და „ბ“ პუნქტების თანახმად განხორციელდა აღნიშნული საგადასახადო მოთხოვნის საჯაროდ გავრცელება 2015 წლის 30 ოქტომბერს, აღნიშნული საგადასახადო მოთხოვნა კი ჩაბარებულად ჩაითვალა 2015 წლის 19 ნოემბერს.

შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭომ განიხილა გადამხდელის საჩივარი და მიიჩნია, რომ იგი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ შემდეგ გარემოებათა გამო:

სადავო საკითხთან დაკავშირებით საქმეში არსებულ მასალებზე და იურიდიული დეპარტამენტის 2018 წლის 25 მაისის N55274-21-03 წერილით წარმოდგენილ ინფორმაციაზე დაყრდნობით დგინდება, რომ მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან ამონაწერის მიხედვით, შპს ----- შეერწყა სს ----- 2011 წლის 28 დეკემბერს. შემოსავლების სამსახურის ერთიანი ელექტრონული ბაზის მიხედვით, შპს ----- ლიკვიდირებულია (რეესტრში)13.08.2013-დან. 2015 წელს განხორციელდა სს ----- საგადასახადო შემოწმება, რა დროსაც შემოწმებულმა პერიოდმა მოიცვა 2010 წლის 1 იანვრიდან 2015 წლის 1 იანვრამდე საანგარიშო პერიოდები, მათ შორის, მოხდა შპს ----- საქმიანობის შემოწმებაც რეორგანიზაციამდე პერიოდში. 2015 წლის 27 აგვისტოს შედგენილ საგადასახადო შემოწმების აქტით განხორციელდა გადასახადების დარიცხვა როგორც სს ----- ასევე, მასთან შერწყმული შპს ----- აფთიაქისთვის“ (დამოუკიდებლად საქმიანობის ნაწილში).

საგადასახადო შემოწმების აქტის საფუძველზე 2015 წლის 2 სექტემბერს გამოცემულ იქნა №33093 ბრძანება, რომელშიც შპს ----- (რომელიც შეერწყა სს ------ს) მოხსენიებულია სს ------ს უფლებამონაცვლედ და შპს ----- ბიუჯეტში გადასახდელად დამატებით დაერიცხა ძირითადი გადასახადი და ჯარიმა. მოცემული ბრძანების საფუძველზე, 2015 წლის 2 სექტემბერს შპს ----- ის მიმართ გამოცემულ იქნა №002-180 საგადასახადო მოთხოვნა, რომელიც საფოსტო დაწესებულების მეშვეობით გაგზავნილი იქნა შპს -----ს იურიდიულ მისამართზე. აღნიშნული გზით საგადასახადო მოთხოვნის ჩაბარება ვერ მოხერხდა და 2015 წლის 30 ოქტომბერს განხორციელდა აღნიშნული საგადასახადო მოთხოვნის საჯაროდ გავრცელება.

2017 წლის 21 მარტს სს ----- მ საჩივრით მომართა შემოსავლების სამსახურს, რომლითაც მოითხოვა №002-180 საგადასახადო მოთხოვნის გაუქმება. კომპანია აღნიშნავდა, რომ მოცემული საგადასახადო მოთხოვნით განსაზღვრული საგადასახადო დავალიანების შესახებ კომპანიამ შეიტყო მხოლოდ 2017 წლის 23 თებერვალს, სს ----- პირადი აღრიცხვის ბარათზე შპს -----ს ბარათზე რიცხული (კორექტირებული) ნაშთების გადატანის შემდეგ.

საქმის არსებითი განხილვის შედეგად, შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭომ მიიჩნია, რომ გასულია საჩივრის წარდგენის ვადა, ხოლო №002-180 საგადასახადო მოთხოვნაში ასახულია აღიარებული საგადასახადო დავალიანება და, შესაბამისად, გასულია საჩივრის განხილვის ვადა.

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 2018 წლის 21 მარტის გადაწყვეტილების თანახმად (საჩივარი N-----), სს ----- საჩივრის წარდგენის ვადა გასულად არ ჩაითვალა, რამდენადაც აუდიტის დეპარტამენტის 2015 წლის 2 სექტემბრის №002-180 საგადასახადო მოთხოვნას გადამხდელი/უფლებამონაცვლე ელექტრონულად არ გაცნობია და ვერც საფოსტო დაწესებულების საშუალებით ვერ მოხდა გადამხდელისათვის ჩაბარება, ხოლო უფლებამონაცვლის მისამართზე გაგზავნის ფაქტი არ დადასტურდა.

აღნიშნულთან დაკავშირებით წარმოდგენილია იურიდიული დეპარტამენტის წერილობითი პოზიცია, რომლის მიხედვით:

საგადასახადო კოდექსის 64-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, საგადასახადო მოთხოვნა არის საგადასახადო ორგანოს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, რომლის შესრულებაც სავალდებულოა ამ კოდექსით დადგენილი წესით. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის მიხედვით, საგადასახადო ორგანო ვალდებულია პირს წარუდგინოს საგადასახადო მოთხოვნა, თუ არსებობს გადასახადის დარიცხვის ან/და სანქციის დაკისრების შესახებ საგადასახადო ორგანოს გადაწყვეტილება.

საგადასახადო კოდექსის 61-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, გადასახადის დარიცხვა გულისხმობს საგადასახადო ორგანოს მიერ კონკრეტული საგადასახადო პერიოდისათვის გადასახადის თანხის აღრიცხვასა და ასახვას გადასახადის გადამხდელის პირადი აღრიცხვის ბარათზე. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, გადასახადის დარიცხვის ერთ-ერთ საფუძველს წარმოადგენს საგადასახადო შემოწმების აქტი.

საგადასახადო კოდექსის 56-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, რეორგანიზებული საწარმოს/ორგანიზაციის საგადასახადო ვალდებულებას ასრულებს და საგადასახადო დავალიანებას გადაიხდის მისი უფლებამონაცვლე ამ კოდექსით დადგენილი წესით. ამავე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებით განსაზღვრულია, რომ რამდენიმე საწარმოს/ორგანიზაციის შერწყმისას თითოეულის საგადასახადო ვალდებულების შესრულების უფლებამონაცვლედ ითვლება შერწყმის შედეგად წარმოქმნილი საწარმო/ორგანიზაცია, ხოლო ერთი საწარმოს/ორგანიზაციის მეორე საწარმოსთან/ორგანიზაციასთან მიერთებისას, მიერთებული საწარმოს/ორგანიზაციის საგადასახადო ვალდებულების/დავალიანების შესრულების უფლებამონაცვლედ ითვლება საწარმო/ორგანიზაცია, რომელსაც მიუერთდა ეს საწარმო/ორგანიზაცია.

2011 წლის დეკემბერში მოქმედი რედაქციის შემოსავლების სამსახურის უფროსის 2011 წლის 22 მარტის N1205 ბრძანებით დამტკიცებული „გადასახადის გადამხდელთა პირადი აღრიცხვის ბარათების წარმოების წესის შესახებ“ მეთოდური მითითების მე-9 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, საწარმოს (ორგანიზაციის) რეორგანიზაციის შემთხვევაში, ბარათების შემოწმების შემდეგ,რეორგანიზებული საწარმოს(ორგანიზაციის) ბიუჯეტში გადასახდელების ანგარიშგების სალდო გადაიტანება ახლადშექმნილი უფლებამონაცვლე საწარმოს (ორგანიზაციის) ბარათზე რეორგანიზაციის თარიღით(რეორგანიზაციის თარიღის ათვლა მოხდება შესაბამისი მარეგისტრირებელი ორგანოს უფლებამოსილი პირის მიერ სათანადო ინდივიდუალური ადმინისტრაციულ- სამართლებრივი აქტის გამოცემის თარიღიდან). ამავე მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტების მიხედვით, რეორგანიზაციის დამთავრების შემდეგ გამოიყვანება ბიუჯეტთან ანგარიშსწორების სალდო, დაიხურება ბარათი უკუოპერაციებით (განულდება), ხოლო უფლებამონაცვლე საწარმოს (ორგანიზაციის) ბარათზე გადაიტანება რეორგანიზებული საწარმოს (ორგანიზაციის) ანგარიშგების სალდო, დავალიანება (ზედმეტობა).

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-60 მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი გამოცემისთანავე ითვლება არარად, თუ:

ა) შეუძლებელია მისი გამომცემი ორგანოს დადგენა;

ბ) გამოცემულია არაუფლებამოსილი ორგანოს ან არაუფლებამოსილი პირის მიერ; გ) მისი შესრულება შეუძლებელია ფაქტობრივი მიზეზების გამო;

დ) მისი შესრულება გამოიწვევს სისხლისსამართლებრივ ან ადმინისტრაციულ სამართალდარღვევას.

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-60 მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამომცემი ორგანო ვალდებულია საკუთარი ინიციატივით ან დაინტერესებული მხარის მოთხოვნით არარად აღიაროს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი. ამრიგად, 2015 წლის 2 სექტემბერს გამოცემული №33093 ბრძანება და 2015 წლის 2 სექტემბერს შპს ---- ს მიმართ გამოცემული №002-180 საგადასახადო მოთხოვნა შესაბამისობაში არ არის საგადასახადო კოდექსის 56-ე მუხლსა და „გადასახადის გადამხდელთა პირადი აღრიცხვის ბარათების წარმოების წესის შესახებ“ მეთოდურ მითითებასთან, ვინაიდან რეორგანიზებული (შერწყმული ან მიერთებული) საწარმოს საგადასახადო ვალდებულების/დავალიანების შესრულების უფლებამონაცვლედ ითვლება საწარმო, რომელსაც მიუერთდა (შეერწყა) რეორგანიზებული საწარმო. აქედან გამომდინარე, №33093 ბრძანებით განსაზღვრული დარიცხვა ასახვას ექვემდებარებოდა სს ----- პირადი აღრიცხვის ბარათზე, ამასთანავე, №002-180 საგადასახადო მოთხოვნის ადრესატიც 2011 წელს რეორგანიზებული შპს ----- სს ----- უნდა ყოფილიყო. შესაბამისად, იმის გათვალისწინებით, რომ აღნიშნული აქტების გამოცემის მომენტისათვის შპს ----- უკვე რეორგანიზებული იყო, მოცემული აქტების გამოცემა უნდა მომხდარიყო მისი საგადასახადო ვალდებულების/დავალიანების შესრულების უფლებამონაცვლის - სს ------ს მიმართ.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, №33093 ბრძანებისა და №002-180 საგადასახადო მოთხოვნის შპს ----- ს მიმართ გამოცემა, რამდენადაც შპს ----- რეორგანიზებულია, ფაქტობრივი მიზეზის გამო, ეჭვის ქვეშ აყენებს მათი შესრულების შესაძლებლობას. შესაბამისად, მოცემული აქტები შესაძლოა განხილულ იქნან საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-60 მუხლით გათვალისწინებულ არარა აქტებად, რომლებიც ექვემდებარებიან ასეთებად ცნობას აქტის გამომცემი ორგანოს მიერ საკუთარი ინიციატივით ან დაინტერესებული პირის მოთხოვნის საფუძველზე, რა დროსაც, აღნიშნული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების გამოცემის მომენტიდანვე უქმდება იურიდიული მნიშვნელობის მქონე ნებისმიერი შედეგი, რომელიც ამ აქტებითაა გამოწვეული. ამასთანავე, გასათვალისწინებელია, რომ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტშო არსებითი შესწორების შეტანა ნიშნავს ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემას. ამდენად, №33093 ბრძანებისა და №002-180 საგადასახადო მოთხოვნის გასწორება გამოიწვევს ახალი ბრძანებისა და საგადასახადო მოთხოვნის გამოცემას, რაც სცდება საგადასახადო კოდექსის მე-4 მუხლით განსაზღვრულ გადასახადის გადამხდელისათვის გადასახადის თანხის დარიცხვისა და საგადასახადო ვალდებულების შესახებ საგადასახადო მოთხოვნის წარდგენის ხანდაზმულობის ვადას.

პირველ პუნქტში ასახული გარემოებების არარსებობის შემთხვევაშიც, გასათვალისწინებელია საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 2018 წლის 21 მარტის გადაწყვეტილება, რომლის შესაბამისად, სს ----- ს საჩივრის წარდგენის ვადა გასულად არ ჩათვლილა, რამდენადაც სადავო საგადასახადო მოთხოვნას გადამხდელი/უფლებამონაცვლე ელექტრონულად არ გაცნობია და ვერც საფოსტო დაწესებულების საშუალებით ვერ მოხდა გადამხდელისათვის ჩაბარება, ხოლო უფლებამონაცვლის მისამართზე გაგზავნის ფაქტი არ დასტურდება. ამდენად, აღნიშნული გადაწყვეტილებიდან გამომდინარე, №002-180 საგადასახადო მოთხოვნაში ასახული საგადასახადო დავალიანება ვერ ჩაითვლება აღიარებულად და, შესაბამისად, შპს ----- ბარათზე რიცხული (კორექტირებული) ნაშთების სს ----- ბარათზე გადატანა, შინაარსობრივად შესაძლოა განხილულ იქნას ბარათების გაერთიანების მომენტში შესაბამისი გადასახადების სს ----- სთვის დარიცხვად. საგადასახადო კოდექსის მე-4 მუხლის პირველი ნაწილი ადგენს, რომ გადასახადის გადამხდელისათვის გადასახადის თანხის დარიცხვისა და საგადასახადო ვალდებულების შესახებ საგადასახადო მოთხოვნის წარდგენის ხანდაზმულობის ვადაა 3 წელი. აქედან გამომდინარე, შპს ----- ბარათზე რიცხული (კორექტირებული) ნაშთების სს -----ს ბარათზე გადატანის მომენტისათვის, აღნიშნული ხანდაზმულობის ვადა გასულია.

სადავო საკითხთან დაკავშირებით შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-4 მუხლზე, რომლის თანახმადაც:

1. გადასახადის გადამხდელისათვის გადასახადის თანხის დარიცხვისა და საგადასახადო ვალდებულების შესახებ საგადასახადო მოთხოვნის წარდგენის ხანდაზმულობის ვადაა 3 წელი, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.

2. ამ მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრული ვადა აითვლება შესაბამისი საგადასახადო ვალდებულების წარმოშობის კალენდარული წლის დასრულებიდან.

3. გადასახადის გადამხდელისათვის ამ კოდექსით გათვალისწინებული სანქციის (გარდა საურავისა) დაკისრებისა და შესაბამისი საგადასახადო მოთხოვნის წარდგენის ხანდაზმულობის ვადაა 3 წელი, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.

4. ამ მუხლის მე-3 ნაწილით განსაზღვრული ვადა აითვლება:

ა) საგადასახადო სამართალდარღვევის ჩადენის კალენდარული წლის დასრულებიდან, გარდა ამ ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა;

ბ) საგადასახადო ვალდებულების წარმოშობის კალენდარული წლის დასრულებიდან, თუ ამ კოდექსით გათვალისწინებული სანქციის თანხის გაანგარიშება უკავშირდება საგადასახადო ვალდებულების თანხის ოდენობას.

საგადასახადო კოდექსის 61-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, „გადასახადის დარიცხვა გულისხმობს საგადასახადო ორგანოს მიერ კონკრეტული საგადასახადო პერიოდისათვის გადასახადის თანხის აღრიცხვასა და ასახვას გადასახადის გადამხდელის პირადი აღრიცხვის ბარათზე, რომლის წარმოების წესს განსაზღვრავს საქართველოს ფინანსთა მინისტრი.“

„გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის N996 ბრძანებით დამტკიცებული ინსტრუქციის 22-ე მუხლის მე-13 პუნქტის შესაბამისად, ბარათზე მონაცემთა შეტანა ხორციელდება შემოსავლების სამსახურის უფროსის მიერ დადგენილი წესის შესაბამისად.

შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო განსახილველ შემთხვევაში ყურადღებას ამახვილებს იმ ფაქტზე, რომ საზოგადოებას 2015 წლის 02 სექტემბრის N002-180 „საგადასახადო მოთხოვნა“ კანონით დადგენილი წესით ჩაბარდა 2017 წლის 10 მარტს. შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო მიუთითებს საგადასახადო კოდექსის მე-4 მუხლზე, რომლის თანახმად 2017 წლის 1 იანვრიდან − „საგადასახადო მოთხოვნის“ წარდგენის ხანდაზმულობის ვადაა 3 წელი. შესაბამისად 2017 წელს გადასახადის გადამხდელს შესაძლებელია წარედგინოს 2014 წლიდან წარმოშობილი საგადასახადო ვალდებულებები. ამდენად, შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭოს მიაჩნია, რომ შპს -----; უფლებამონაცვლე სს ----- მიმართ 2015 წლის 02 სექტემბერს გამოცემულ N002-180 „საგადასახადო მოთხოვნაში“ ასახული 2010-2013 წლის საგადასახადო ვალდებულებები უნდა გაუქმდეს ხანდაზმულობის გამო.

 

აღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ :

 

1. სს ----- ს საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.

2. გაუქმდეს შპს ----- ს; უფლებამონაცვლე სს ----- ს მიმართ 2015 წლის 02 სექტემბერს გამოცემული N002-180 „საგადასახადო მოთხოვნა“ 2010-2013 წლების საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრის ნაწილში.

3. დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს გადასახადის გადამხდელის პირადი აღრიცხვის ბარათზე შესაბამისი კორექტირების განხორციელება.

4. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

5. ბრძანების გასაჩივრება შესაძლებელია საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის: ქ. თბილისი, ვ. გორგასლის ქ. N16) ან სასამართლოში (მის: ქ. თბილისი აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ N6), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად მისი ჩაბარებიდან 20 დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი

 

გადამხდელის აცხადებს, რომ დაირღვეულია საგადასახდო მოთხოვნის წარდგენის ხანდაზმულობის ვადა და ითხოვს დარიცხული თანხების გაუქმებას.

 

ფაქტობრივი გარემოებები

 

ირკვევა, რომ მომჩივან საწარმოს 2011 წელს შეერწყა შპს. 2015 წელს განხორციელდა მომჩიბვანი საწარმოს საგადასახადო შემოწმება, მათ შორის, მოხდა შერწყმული შპს-ს საქმიანობის შემოწმებაც რეორგანიზაციამდე პერიოდში. შემოწმების აქტით განხორციელდა გადასახადების დარიცხვა როგორც მომჩივანისთვის, ასევე, მასთან შერწყმული შპს-სთვის.

შერწყმულ შპს-ზე გამოცემული საგადასახადო მოთხოვნა საფოსტო დაწესებულების მეშვეობით გაგზავნილი იქნა შერწყმული შპს-ს იურიდიულ მისამართზე. აღნიშნული გზით საგადასახადო მოთხოვნის ჩაბარება ვერ მოხერხდა და განხორციელდა საგადასახადო მოთხოვნის საჯაროდ გავრცელება. გადამხდელმა საჩივრით მომართა შემოსავლების სამსახურს, სადაც აღნიშნავდა, რომ საგადასახადო მოთხოვნით განსაზღვრული საგადასახადო დავალიანების შესახებ შეიტყო მხოლოდ 2017 წლის 23 თებერვალს, მის პირადი აღრიცხვის ბარათზე შპს -ს ნაშთების გადატანის შემდეგ.

 

გადაწყვეტილება

 

დავების განხილვის საბჭო მიუთითებს სსკ-ს მე-4 მუხლზე, რომლის თანახმად საგადასახადო მოთხოვნის წარდგენის ხანდაზმულობის ვადაა 3 წელი. შესაბამისად 2017 წელს გადამხდელს შესაძლებელია წარედგინოს 2014 წლიდან წარმოშობილი საგადასახადო ვალდებულებები. ამდენად, შერწყმული შპს-ს მიმართ 2015 წლის 02 სექტემბერს გამოცემულ საგადასახადო მოთხოვნაში ასახული 2010-2013 წლის საგადასახადო ვალდებულებები უნდა გაუქმდეს ხანდაზმულობის გამო.

დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდა

 

დასაბუთება

 

შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 4; 44(10); 56

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი