ძირითად საშუალებათა რემონტის ხარჯის გამოქვითვა N 0803

0803 ძირითად საშუალებათა რემონტის ხარჯის გამოქვითვა 17.06.2015
№ დოკუმენტი 0803
სტატუსი მოქმედი
მიმღები შემოსავლების სამსახურის უფროსი

📄 სრული ტექსტი

სიტუაციური სახელმძღვანელო

ძირითად საშუალებათა რემონტის ხარჯის გამოქვითვა N 0803

ფაქტობრივი გარემოებები

· საწარმომ ძირითად საშუალებად გამოყენებულ აქტივს ჩაუტარა რემონტი.

· ვარიანტი I საწარმომ 2012 წელს შეძენილ ძირითად საშუალებად გამოყენებულ აქტივს 2013 წელს ჩაუტარა რემონტი. 2012 წელს საწარმოს საამორტიზაციო ანარიცხები გამოქვითული აქვს სსკ-ის 111-ე მუხლის მე-3 ნაწილით დადგენილი ნორმების მიხედვით (5%-მდე ოდენობით), ხოლო 2013 წელს საწარმო უკვე იყენებდა ძირითად საშუალებათა მიხედვით საამორტიზაციო ანარიცხების სრულად გამოქვითვის უფლებას. საწარმომ რემონტის ხარჯი სრულად გამოქვითა 2013 წლის ერთობლივი შემოსავლიდან.

· ვარიანტი II საწარმომ 2012 წელს შეძენილ შენობას, რომელსაც იყენებს ძირითად საშუალებად, იმავე წელს ჩაუტარა რემონტი. საწარმო ძირითად საშუალებათა მიხედვით გამოქვითვებს ახორციელებდა სსკ-ის 111-ე მუხლის მიხედვით დადგენილი ნორმების შესაბამისად. საწარმომ რემონტის ხარჯი (5% ოდენობით) გამოქვითა ერთობლივი შემოსავლიდან.

· ვარიანტი III საწარმომ 2012 წელს იჯარით აღებულ ძირითად საშუალებას 2013 წელს ჩაუტარა რემონტი (რემონტის ხარჯების გამოქვითვა ხელშეკრულების შესაბამისად არ არის გათვალისწინებული გადასახდელების შემცირების ხარჯზე). საწარმო 2013 წელს იყენებს ძირითად საშუალებათა მიხედვით საამორტიზაციო ანარიცხების სრულად გამოქვითვის უფლებას. საწარმომ რემონტის ხარჯი სრულად გამოქვითა ერთობლივი შემოსავლიდან.

შეფასება

· I ვარიანტში: სსკ-ის 115-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, 111-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებულ თითოეულ ჯგუფში შემავალ ძირითად საშუალებათა რემონტის ხარჯების გამოქვითვა დასაშვებია ყოველწლიურად, საანგარიშოს წინა საგადასახადო წლის ბოლოსთვის ჯგუფის ღირებულებითი ბალანსის 5 პროცენტამდე ოდენობით. მიუხედავად იმისა, რომ 2013 წელს საწარმო იყენებდა ძირითად საშუალებათა მიხედვით საამორტიზაციო ანარიცხების სრულად გამოქვითვის უფლებას, საწარმოს მიერ 2012 წელს შეძენილ ძირითად საშუალებაზე გაწეული რემონტის ხარჯის გამოქვითვა უნდა განხორციელდეს, საანგარიშოს წინა საგადასახადო წლის ბოლოსთვის ჯგუფის ღირებულებითი ბალანსის 5 პროცენტამდე ოდენობით, იმ ჯგუფის ღირებულებითი ბალანსიდან, რომელშიც იგი გაითვალისწინება. ამასთან, თუ რემონტის ხარჯი აჭარბებს გამოსაქვით ზღვრულ ოდენობას, იგი გაზრდის შესაბამისი ჯგუფის ღირებულებით ბალანსს.

· II ვარიანტში: სსკ-ის 115-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სსკ-ის 111-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებულ თითოეულ ჯგუფში შემავალ ძირითად საშუალებათა რემონტის ხარჯების გამოქვითვა დასაშვებია ყოველწლიურად, საანგარიშო წლის წინა საგადასახადო წლის ბოლოსთვის ჯგუფის ღირებულებითი ბალანსის 5 პროცენტამდე ოდენობით. იმის გათვალისწინებით, რომ 2012 წელს შეძენილი აქტივი - შენობა ვერ მიიღებდა მონაწილეობას საანგარიშო წლის წინა საგადასახადო წლის ბოლოსთვის ჯგუფის ღირებულებითი ბალანსის განსაზღვრისას, საწარმოს მიერ არ უნდა მოხდეს ძირითად საშუალებაზე გაწეული რემონტის ხარჯის გამოქვითვა ერთობლივი შემოსავლიდან.

· III ვარიანტში: მიუხედავად იმისა, რომ საწარმო 2013 წელს იყენებს ძირითად საშუალებათა მიხედვით საამორტიზაციო ანარიცხების სრულად გამოქვითვის უფლებას, იგი არ იყო უფლებამოსილი, სრულად გამოექვითა რემონტის ხარჯი ერთობლივი შემოსავლიდან. საწარმო ვალდებულია იჯარით აღებულ ძირითად საშუალებებზე გაწეული რემონტის ხარჯი გამოქვითოს სსკ-ის 115-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად.

ღონისძიებები

სამივე ვარიანტში: საწარმო დაჯარიმდება დეკლარაციაში გადასახადის თანხის შემცირებისათვის სსკ-ის 275-ე მუხლის დებულებების შესაბამისად.