ბრძანება N 13702

შემოსავლების სამსახურის დავების გადაწყვეტილება არ დაკმაყოფილდა 11.06.2024
№ დოკუმენტი 13702
სტატუსი მოქმედი
მიმღები შემოსავლების სამსახურის უფროსი/დავების საბჭოს თავმჯდომარე
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

N 13702

11 ივნისი 2024

ბ რ ძ ა ნ ე ბ ა

 

ი/მ --------------ის (ს/ნ --------------)

(ფაქტ. მის.: -------------------------)

(იურ. მის.: --------------------------)

2024 წლის 23 მაისის საჩივრების

დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე

 

შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2024 წლის 6 ივნისს გამართულ სხდომაზე (ოქმი №60) განიხილა ი/მ --------------ის (ს/ნ --------------) №89836/1/2024 და №89837/1/2024 საჩივრები, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2024 წლის 16 აპრილის №007-70 საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით.

 

გადასახადის გადამხდელის პოზიცია:

გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვის გაზრდასა და საშემოსავლო გადასახადის დარიცხვას. განმარტავს, რომ შემოწმების მიერ რეალიზებულად მიჩნეული ხე-მასალიდან 41.72 მეტრ კუბი ხე-მასალის კონფისკაცია მოხდა ------ის რაიონული სასამართლოს 2022 წლის 27 ოქტომბრის განჩინებით, ხოლო 17.048 მეტრ კუბი ხე-მასალა გამოყენებულ იქნა პირადი მოხმარებისთვის, კერძოდ მამა-პაპისეული სახლ-კარის რემონტისთვის. აღნიშნულიდან გამომდინარე მომჩივანი ითხოვს შემოწმებით დარიცხული თანხების გადაანგარიშებას.

 

ფაქტობრივი გარემოებები:

საქმეში არსებული მასალებით ირკვევა, რომ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 12 დეკემბრის №31180 და 2024 წლის 12 თებერვლის №2805 ბრძანებების საფუძველზე ჩატარდა ი/მ --------------ის (ს/ნ --------------) საქმიანობის საგადასახადო შემოწმება. შესამოწმებელი პერიოდი განისაზღვრა 2021 წლის პირველი იანვრიდან, 2023 წლის პირველ ნოემბრამდე საანგარიშო პერიოდები, ხოლო სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ინვენტარიზაციის მიზნებისთვის 2024 წლის 31 იანვრის ჩათვლით. შემოწმების შედეგებზე 2024 წლის 29 მარტს შედგენილ იქნა საგადასახადო შემოწმების აქტი. შემოწმების აქტის საფუძველზე, აუდიტის დეპარტამენტმა 2024 წლის 16 აპრილს გამოსცა №8675 ბრძანება და №007-70 საგადასახადო მოთხოვნა, რომლითაც გადასახადის გადამხდელს დამატებით გადასახდელად განესაზღვრა სულ 8 884 ლარი, მათ შორის, გადასახადი 5 636 ლარი, ჯარიმა 2 818 ლარი და საურავი 430 ლარი.

 

საგადასახადო შემოწმების აქტის მიხედვით სადავო საკითხთან დაკავშირებით დარიცხვა გამოწვეულია შემდეგი გარემოებებით:

გადასახადის გადამხდელის ეკონომიკური საქმიანობას წარმოადგენს ----------ში, კერძოდ, ----ის რაიონში, ხე-ტყის, მათ შორის ფიცრების დამზადება და რეალიზაცია ადგილობრივ ბაზარზე. დღეის მდგომარეობით ი/მ--------ს ეკონომიკური საქმიანობა შეჩერებული აქვს. მასალის შეძენა მორის (სოჭი და ნაძვი) სახით ხორციელდებოდა მხოლოდ სსიპ "ეროვნული სატყეო სააგენტოსგან". შეძენილი საქონლის ნაწილი რეალიზებულია მორის სახით, ხოლო ნაწილი ----ის რაიონში მდებარე სახერხში დამუშავდა და მიღებულია პროდუქტი: ფიცარი, ძელაკი და ძელი. გადასახადის გადამხდელს არ გააჩნია ბუღალტრული აღრიცხვა.

შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის და გარემოსდაცვითი ინფორმაციის მართვის სისტემის მონაცემების ანალიზით, შემოწმების მიერ გამოვლინდა სხვაობა (58.768 მ 3 ) სახერხი საამქროს მიერ გადამუშავებული პროდუქტისა და გამოწერილი ზედნადებებით რეალიზებული პროდუქტის მოცულობებს შორის. ასევე, ფაქტობრივი ნაშთის დადგენის მიზნით, შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 2024 წლის 31 იანვრის №1552 ბრძანების საფუძველზე ჩატარდა სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ინვენტარიზაცია. ინვენტარიზაციის შედეგების მიხედვით, სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ნაშთი არ ფიქსირდება. ამასთან, -----ის რაიონული სასამართლოს 2022 წლის 27 ოქტომბრის განაჩენის შესაბამისად, 41.72 მ 3 ჩამორთმეულ იქნა დახერხილი ხის მასალა, ხე-ტყის წარმოშობის და სარეალიზაციო დოკუმენტაციის სიყალბის გამო. შესაბამისად, სახერხი საამქროს ელექტრონულ ბაზებზე დაყრდნობით, მიღებული პირველადი გადამუშავების პროდუქტი 283.448 მ 3 ოდენობით სრულად ჩაითვალა რეალიზებულად.

შემოწმების მიერ წარმოებული პროდუქტის ის რაოდენობა, რომელიც არ ფიქსირდებოდა რეალიზაციაში და სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ფაქტობრივ ნაშთში, შემოწმების მიერ საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის "ა" ქვეპუნქტის მიხედვით, არაპირდაპირი მეთოდით, განხილულ იქნა შესამოწმებელ პერიოდში რეალიზებულად გადამხდელის დოკუმენტური ფასებით.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე გადასახადის გადამხდელის დაერიცხა დღგ და საშემოსავლო გადასახადი, ასევე დაჯარიმდა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის შესაბამისად.

 

შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივრები და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, დავის განმხილველი ორგანო საჩივარს განიხილავს მხოლოდ მომჩივნის მოთხოვნის ფარგლებში. ამავე მუხლის მე-6 ნაწილის მიხედვით, დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ დისტანციურად, ტექნიკურ საშუალებათა გამოყენებით. მათ ასევე უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.

 

სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის პირველ ნაწილზე, რომლის თანახმად, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სწორად და დროულად აღრიცხოს შემოსავლები და ხარჯები დოკუმენტურად დადასტურებულ მონაცემთა საფუძველზე, ამ თავით გათვალისწინებული მეთოდების გამოყენებით და მიაკუთვნოს იმ საანგარიშო პერიოდს, რომელშიც მოხდა მათი მიღება და გაწევა. ხოლო, მე-3 ნაწილის თანახმად, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე.

ამავე კოდექსის 49-ე მუხლის პირველი ნაწილის „ე“ ქვეპუნქტის თანახმად, ამ კოდექსის დებულებათა გათვალისწინებით საგადასახადო ორგანოებს თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით უფლება აქვთ დამოუკიდებლად განსაზღვრონ გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულების მოცულობა საგადასახადო ორგანოში არსებული ინფორმაციით (მათ შორის, გადასახადის გადამხდელის დანახარჯების შესახებ) ან შედარების მეთოდით - სხვა ამგვარი გადასახადის გადამხდელების შესახებ ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე, თუ გადასახადის გადამხდელი არ წარადგენს საგადასახადო კონტროლის განსახორციელებლად საჭირო სააღრიცხვო დოკუმენტაციას ან დადგენილი წესის დარღვევით აწარმოებს ბუღალტერიას, აგრეთვე ამ კოდექსით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებში.

ამავე კოდექსის 61-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საგადასახადო ორგანო უფლებამოსილია პირს დაარიცხოს გადასახადი თავის ხელთ არსებული ინფორმაციის საფუძველზე, თუ პირი მას არ წარუდგენს გადასახადის დასარიცხად საჭირო ინფორმაციას.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის მიხედვით, საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, პირის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვროს არაპირდაპირი მეთოდების გამოყენებით (აქტივების სიდიდის, საოპერაციო შემოსავლებისა და ხარჯების, პირის შესახებ ინფორმაციის მისი საქმიანობის სხვა საგადასახადო პერიოდთან ან სხვა ამგვარი გადასახადის გადამხდელის შესახებ მონაცემების შედარების, აგრეთვე სხვა მსგავსი ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე) თუ პირს არ აქვს სააღრიცხვო დოკუმენტაცია ან სააღრიცხვო დოკუმენტაციით შეუძლებელია დაბეგვრის ობიექტის დადგენა.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 158-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, დღგ-ით დასაბეგრ პირად (შემდგომ - დასაბეგრი პირი) განიხილება ნებისმიერი პირი, რომელიც ნებისმიერ ადგილზე დამოუკიდებლად ახორციელებს ნებისმიერი სახის ეკონომიკურ საქმიანობას, მიუხედავად ამ საქმიანობის მიზნისა და შედეგისა.

ამავე კოდექსის 159-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების თანახმად, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციებია, დასაბეგრი პირის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში ანაზღაურების სანაცვლოდ საქონლის მიწოდება/მომსახურების გაწევა.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 163-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების თანახმად:

1. საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის დღგ-ით დაბეგვრა ხორციელდება საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის მომენტში, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.

2. თუ თანხა სრულად ან ნაწილობრივ ანაზღაურებულია საქონლის მიწოდებამდე/მომსახურების გაწევამდე, ანაზღაურებული თანხის შესაბამისი დღგ-ის გადახდა ხორციელდება ანაზღაურების თანხის გადახდის საანგარიშო პერიოდის მიხედვით, გარდა ამ მუხლის მე-5 და მე-9 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 164-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, დღგ-ით დასაბეგრი თანხა არის საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის სანაცვლოდ მიღებული/მისაღები ანაზღაურება დღგ-ის გარეშე, საქონლის/მომსახურების ფასთან პირდაპირ დაკავშირებული სუბსიდიის ჩათვლით. აღნიშნული დებულება გამოიყენება საქონლის/მომსახურების გაცვლის ოპერაციის (ბარტერული ოპერაციის) შემთხვევაშიც.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 90-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მცირე ბიზნესის სტატუსის მქონე პირის დასაბეგრი შემოსავალი იბეგრება 1 პროცენტით, გარდა ამ მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევისა. ხოლო, მე-2 ნაწილის თანახმად, მცირე ბიზნესის სტატუსის მქონე პირის დასაბეგრი შემოსავალი იბეგრება 3 პროცენტით, თუ ეკონომიკური საქმიანობიდან მიღებულმა მისმა ერთობლივმა შემოსავალმა 500 000 ლარს გადააჭარბა. მცირე ბიზნესის სტატუსის მქონე პირი ამ ნაწილის მიხედვით დადგენილი განაკვეთით იბეგრება შესაბამისი თვის (ერთობლივი შემოსავლის 500000-ლარიანი ზღვრის გადაჭარბების დაფიქსირების თვის) დასაწყისიდან კალენდარული წლის დასრულებამდე.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 93-ე მუხლის 11 ნაწილის თანახმად, მცირე ბიზნესის სტატუსის მქონე პირის საგადასახადო დეკლარაციის საგადასახადო ორგანოსთვის წარდგენა და გადასახადის გადახდა ხორციელდება არაუგვიანეს საანგარიშო თვის მომდევნო თვის 15 რიცხვისა.

საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის ,,სპეციალური დაბეგვრის რეჟიმების გამოყენების შესახებ“ №999 ბრძანებით დამტკიცებული ინსტრუქციის მე-13 მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, მცირე ბიზნესის ერთობლივი შემოსავალი შედგება:

ა) შემოსავლისგან, რომელიც ექვემდებარება სპეციალური რეჟიმით დაბეგვრას და მოიცავს საქართველოში არსებული წყაროდან მიღებულ შემოსავალს, გარდა ამ მუხლის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებში აღნიშნული შემოსავლებისა და ხელფასის სახით მიღებული შემოსავლებისა;

ბ) შემოსავლისგან, რომელიც იბეგრება ჩვეულებრივი რეჟიმით და მოიცავს მცირე ბიზნესის სტატუსის მქონე მეწარმე ფიზიკური პირის მიერ „სპეციალური დაბეგვრის რეჟიმების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 29 დეკემბრის №415 დადგენილებით დამტკიცებული დანართი №5ით განსაზღვრული შემოსავლების სახეების მიხედვით მიღებულ ერთობლივ შემოსავლებს; გ) სხვა შემოსავლებისგან, რომელიც იბეგრება ჩვეულებრივი რეჟიმით, გარდა ამ პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტში აღნიშნული შემოსავლებისა.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.

შემოწმებით დადგენილი გარემოებაა, რომ გადასახადის გადამხდელს არ გააჩნია ბუღალტრული აღრიცხვა. შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის და გარემოსდაცვითი ინფორმაციის მართვის სისტემის მონაცემების ანალიზით, გამოვლინდა სხვაობა (58.768 მ 3 ) სახერხი საამქროს მიერ გადამუშავებული პროდუქტისა და გამოწერილი ზედნადებებით რეალიზებული პროდუქტის მოცულობებს შორის. შემოწმების მიერ ფაქტობრივი ნაშთის დადგენის მიზნით, შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 2024 წლის 31 იანვრის №1552 ბრძანების საფუძველზე ჩატარდა სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ინვენტარიზაცია. ინვენტარიზაციის შედეგების მიხედვით, სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ნაშთი არ ფიქსირდება. ამასთან, ------ის რაიონული სასამართლოს 2022 წლის 27 ოქტომბრის განაჩენის შესაბამისად, 41.72 მ 3 ჩამორთმეულ იქნა დახერხილი ხის მასალა, ხე-ტყის წარმოშობის და სარეალიზაციო დოკუმენტაციის სიყალბის გამო. შესაბამისად, სახერხი საამქროს ელექტრონულ ბაზებზე დაყრდნობით, მიღებული პირველადი გადამუშავების პროდუქტი 283.448 მ3 ოდენობით სრულად ჩაითვალა რეალიზებულად. ამდენად, შემოწმების მიერ წარმოებული პროდუქტის ის რაოდენობა, რომელიც არ ფიქსირდებოდა რეალიზაციაში და სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ფაქტობრივ ნაშთში, შემოწმების მიერ საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის "ა" ქვეპუნქტის მიხედვით, არაპირდაპირი მეთოდით, განხილულ იქნა შესამოწმებელ პერიოდში რეალიზებულად გადამხდელის დოკუმენტური ფასებით.

გადასახადის გადამხდელის პოზიციასთან, რომ შემოწმების მიერ რეალიზებულად მიჩნეული ხემასალიდან, 41.72 მეტრ კუბი ხე-მასალის კონფისკაცია მოხდა ------ის რაიონული სასამართლოს 2022 წლის 27 ოქტომბრის განჩინებით, აუდიტის დეპარტამენტი განმარტავს, რომ გადასახადის გადამხდელს სახერხი საამქროდან მიღებული პროდუქტების ოდენობა სრულად ჰქონდა რეალიზებული საამქროს ცნობების საფუძველზე, ხოლო -----ის რაიონული სასამართლოს განაჩენით ჩამორთმეული 41.72 მ3 ხე-მასალა შეძენილია ხე-ტყის წარმოშობის დამადასტურებელი დოკუმენტის გარეშე, შესაბამისად, ზემოაღნიშნული მასალის ოდენობა შემოწმების მიერ არ იქნა გამოკლებული სახერხი საამქროდან მიღებული პროდუქტების ოდენობას.

ამასთან, შემოსავლების სამსახური მიუთითებს, რომ მომჩივანი საჩივრებში ვერ უთითებს ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე, თუ რა ნაწილში იქნა განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები არამართლზომიერად. ხოლო, დავის წარმოების პროცესში არ ყოფილა წარმოდგენილი იმგვარი დოკუმენტაცია/მტკიცებულება, რომელიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმებით დადგენილ გარემოებებს.

ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ საგადასახადო შემოწმების შედეგად საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით, წარმოდგენილი საჩივრები დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ :

 

1. ი/მ --------------ის (ს/ნ --------------) საჩივრები არ დაკმაყოფილდეს;

2. აღნიშნული ბრძანების გასაჩივრება შესაძლებელია საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქუჩა №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად მისი ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი

გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვის გაზრდასა და საშემოსავლო გადასახადის დარიცხვას. ითხოვს შემოწმებით დარიცხული თანხების გადაანგარიშებას.

 

ფაქტობრივი გარემოებები

შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის №31180 და №2805 ბრძანებების საფუძველზე ჩატარდა მომჩივანის საქმიანობის საგადასახადო შემოწმება. შესამოწმებელი პერიოდი განისაზღვრა 2021 წლის პირველი იანვრიდან, 2023 წლის პირველ ნოემბრამდე საანგარიშო პერიოდები, ხოლო სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ინვენტარიზაციის მიზნებისთვის 2024 წლის 31 იანვრის ჩათვლით. შემოწმების შედეგებზე შედგენილ იქნა საგადასახადო შემოწმების აქტი. შემოწმების აქტის საფუძველზე, აუდიტის დეპარტამენტმა გამოსცა №8675 ბრძანება და №007-70 საგადასახადო მოთხოვნა, რომლითაც გადასახადის გადამხდელს დამატებით გადასახდელად განესაზღვრა სულ 8 884 ლარი.

საგადასახადო შემოწმების აქტის მიხედვით გადასახადის გადამხდელს არ გააჩნია ბუღალტრული აღრიცხვა.შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის და გარემოსდაცვითი ინფორმაციის მართვის სისტემის მონაცემების ანალიზით, შემოწმების მიერ გამოვლინდა სხვაობა სახერხი საამქროს მიერ გადამუშავებული პროდუქტისა და გამოწერილი ზედნადებებით რეალიზებული პროდუქტის მოცულობებს შორის. ასევე, ფაქტობრივი ნაშთის დადგენის მიზნით, შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 2024 წლის 31 იანვრის №1552 ბრძანების საფუძველზე ჩატარდა სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ინვენტარიზაცია. ინვენტარიზაციის შედეგების მიხედვით, სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ნაშთი არ ფიქსირდება.

ამასთან, რაიონული სასამართლოს 2022 წლის 27 ოქტომბრის განაჩენის შესაბამისად ჩამორთმეულ იქნა დახერხილი ხის მასალა, ხე-ტყის წარმოშობის და სარეალიზაციო დოკუმენტაციის სიყალბის გამო. შესაბამისად, სახერხი საამქროს ელექტრონულ ბაზებზე დაყრდნობით, მიღებული პირველადი გადამუშავების პროდუქტი სრულად ჩაითვალა რეალიზებულად.

შემოწმების მიერ წარმოებული პროდუქტის ის რაოდენობა, რომელიც არ ფიქსირდებოდა რეალიზაციაში და სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ფაქტობრივ ნაშთში, შემოწმების მიერ საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის "ა" ქვეპუნქტის მიხედვით, არაპირდაპირი მეთოდით, განხილულ იქნა შესამოწმებელ პერიოდში რეალიზებულად გადამხდელის დოკუმენტური ფასებით.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე გადასახადის გადამხდელის დაერიცხა დღგ და საშემოსავლო გადასახადი, ასევე დაჯარიმდა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის შესაბამისად.

 

გადაწყვეტილება

სამართლებრივი ნორმებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ საგადასახადო შემოწმების შედეგად საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით, წარმოდგენილი საჩივრები დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

დასაბუთება

შემოსავლების მამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს:73(5 „ა“); 90(1); 93(11); 158(1); 159(1 „ა“ და „ბ“); 163(1.2); 164(1) ;