გადაწყვეტილება №24814/2/2025
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
№24814/2/2025
14 მარტი 2025
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
მომჩივანი: ი/მ "--------" (ს/ნ "--------" )
მოპასუხე: მომსახურების დეპარტამენტი
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ,7.03.2025 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება ი/მ "--------" -ის 24.02.2025 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №24814/2/2025).
დავის საგანი:
2021 წლის 1 იანვრამდე წარმოშობილი საგადასახადო დავალიანების ჩამოწერა.
გასაჩივრებული გადაწყვეტილება:
1. მომსახურების დეპარტამენტის 2024 წლის 16 დეკემბრის ID:-------- გადაწყვეტილება;
2. შემოსავლების სამსახურის 2025 წლის 3 თებერვლის №1211 ბრძანება.
დარიცხული თანხა: 225 288.92 ლარი.
ფაქტების აღწერა
2024 წლის 11 დეკემბერს გადასახადის გადამხდელმა განცხადებით (ID:"--------") მიმართა შემოსავლების სამსახურს და ითხოვა დავალიანების ჩამოწერა საგადასახადო კოდექსის 309-ე მუხლის 37-ე ნაწილის საფუძველზე. მომსახურების დეპარტამენტის 2024 წლის 16 დეკემბრის ID:"--------"გადაწყვეტილებით მომჩივანს უარი ეთქვა მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე.
აღნიშნული გადაწყვეტილება 2025 წლის 15 იანვარს გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში, რომელმაც 2025 წლის 3 თებერვლის №1211 ბრძანებით არ დააკმაყოფილა საჩივარი, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი
შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 302-ე, 309-ე მუხლებზე, „გადასახადის გადამხდელთა პირადი აღრიცხვის ბარათების წარმოების წესის შესახებ“ მეთოდური მითითების დამტკიცების თაობაზე შემოსავლების სამსახურის უფროსის 2016 წლის 18 მაისის №13446 ბრძანების 91 მუხლზე და ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, მიიჩნევს, რომ მომსახურების დეპარტამენტის მიერ სადავო გადაწყვეტილება გამოცემულია საგადასახადო კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით, საჩივარი დაუსაბუთებელია და არ არსებობს მისი დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი.
მომჩივნის არგუმენტაცია
2021 წლის 29 აპრილის კამერალური საგადასახადო შემოწმების აქტით ბიუჯეტის სასარგებლოდ დაერიცხა სხვადასხვა სახის გადასახადები, მასზე დაკისრებული ჯარიმები და პირგასამტეხლოს გადახდა. დარიცხვა განხორციელდა 2018, 2019, 2020 წლებზე, ვინაიდან შემოწმების პერიოდად განისაზღვრა 2018 წლის 1 იანვრიდან 2021 წლის 1 იანვრამდე პერიოდი. შესაბამისად, სადავო დავალიანება წარმოშობილია 2021 წლამდე და ექვემდებარება ჩამოწერას, რაზეც სრულიად დაუსაბუთებლად და უკანონოდ ეთქვა უარი როგორც გასაჩივრებული გადაწყვეტილებით, ასევე შემოსავლების სამსახურის ბრძანებით.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მომჩივანი ითხოვს ბათილად იქნას ცნობილი გასაჩივრებული აქტები და დაევალოს შემოსავლების სამსახურს 2021 წლამდე წარმოშობილი საგადასახადო დავალიანების ჩამოწერა.
დავების განხილვის საბჭო
მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საგადასახადო კოდექსის 309-ე მუხლის 37-ე ნაწილის თანახმად, ამ კოდექსის 252-ე მუხლის მოთხოვნათა გაუთვალისწინებლად, საქართველოს ფინანსთა მინისტრის მიერ დადგენილი წესით ჩამოწერას ექვემდებარება:
ა 1 ) აღიარებული, 2013 წლის 1 იანვრამდე წარმოშობილი და ჩამოწერის მომენტისათვის არსებული საგადასახადო დავალიანება და მასზე დარიცხული საურავი, თუ პირს 2013 წლის 1 იანვრის შემდგომი პერიოდისათვის (თანხის ჩამოწერამდე) საგადასახადო ორგანოსთვის არ წარუდგენია საგადასახადო დეკლარაცია/გაანგარიშება (გარდა პირის ქონების გადასახადის დეკლარაციისა/გაანგარიშებისა, აგრეთვე ამ კოდექსის 1611 მუხლის პირველი ნაწილის ან 309-ე მუხლის 58-ე და 59-ე ნაწილების მიხედვით განხორციელებული დეკლარირებისა ან/და დარიცხვისა) ან საგადასახადო ორგანოსთვის წარდგენილი საგადასახადო დეკლარაციის/გაანგარიშების (გარდა პირის ქონების გადასახადის დეკლარაციისა/გაანგარიშებისა, აგრეთვე ამ კოდექსის 1611 მუხლის პირველი ნაწილის ან 309-ე მუხლის 58-ე და 59-ე ნაწილების მიხედვით განხორციელებული დეკლარირებისა ან/და დარიცხვისა) საფუძველზე გადასახდელად დასარიცხი გადასახადის თანხა ნულის ტოლია (გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც წარდგენილი საგადასახადო დეკლარაციით/გაანგარიშებით ერთობლივი შემოსავლის თანხა ნულზე მეტია ან/და ჩასათვლელი თანხა დარიცხულ თანხას აღემატება);
გ) ამ კოდექსის 281-ე მუხლის და 2011 წლის 1 იანვრამდე მოქმედი საქართველოს საგადასახადო კოდექსის 139-ე მუხლის საფუძველზე ფიზიკური პირისათვის 2013 წლის 1 იანვრამდე დაკისრებული/დარიცხული და ამ ქვეპუნქტის ამოქმედებამდე გადაუხდელი ჯარიმა;
დ) ფიზიკური პირის აღიარებული, 2021 წლის 1 იანვრამდე წარმოშობილი და ჩამოწერის მომენტისთვის არსებული საგადასახადო დავალიანება და მასზე დარიცხული საურავი.
„გადასახადის გადამხდელთა პირადი აღრიცხვის ბარათების წარმოების წესის შესახებ“ მეთოდური მითითების დამტკიცების თაობაზე შემოსავლების სამსახურის უფროსის 2016 წლის 18 მაისის №13446 ბრძანების 91 მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 309-ე მუხლის 37-ე ნაწილის „დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, გადასახადის გადამხდელის პირადი აღრიცხვის ბარათზე 2021 წლის 1 იანვრის შემდეგ ასახული ოპერაციები (გარდა 2021 წლის 1 იანვრამდე წარმოშობილი საგადასახადო დავალიანების დროებითი ბარათიდან ძირითად ბარათზე გადატანის ოპერაციებისა), რომლებიც აღნიშნულ საანგარიშო პერიოდზე წარმოშობს საგადასახადო დავალიანებას, არ განიხილება 2021 წლის 1 იანვრამდე წარმოშობილ დავალიანებად და არ ექვემდებარება ჩამოწერას.
საბჭო მიუთითებს საქმეში არსებული მასალებით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებზე:
- მომჩივანს 1.01.2013 წლის მდგომარეობით საგადასახადო დავალიანება არ ერიცხება, ასევე 1.01.2013 წლის შემდეგ წარდგენილია დეკლარაციები, რომელთა საფუძველზე დარიცხულია ბიუჯეტში გადასახდელი თანხა;
- მომჩივანს არ ერიცხება 2013 წლის 1 იანვრამდე დაკისრებული/დარიცხული და ამ ნორმის ამოქმედებამდე გადაუხდელი ჯარიმა სალარო აპარატის წესების დარღვევისთვის;
- შემოწმების აქტით გათვალისწინებული თანხები დარიცხულია 2021 წლის 1 იანვრის შემდეგ და აღრიცხულია დროებითი აღრიცხვის ბარათზე, როგორც არაღიარებული დავალიანება. აღნიშნული თანხა სრულად ითვლება 2021 წლის 1 იანვრის შემდეგ წარმოშობილად, მიუხედავად დარიცხვის სავადო თარიღებისა.
ამგვარად, საგადასახადო კოდექსის 309-ე მუხლის 37-ე ნაწილის „ა1 “ „გ“ „დ“ ქვეპუნქტების შინაარსიდან გამომდინარე, მომჩივნის საგადასახადო დავალიანების ჩამოწერა ხსენებული ნორმების საფუძველზე ვერ განხორციელდება.
ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების საფუძველზე, მხარეთა არგუმენტაციის გათვალისწინებით, საბჭომ მიიჩნია, რომ სადავო საკითხზე შემოსავლების სამსახურის გასაჩივრებული ბრძანებით მიღებული გადაწყვეტილება მართლზომიერია და არ არსებობს მისი გაუქმების და მომჩივნის მოთხოვნის დაკმაყოფილების საფუძველი.
საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:
1. საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი
მომჩივანი ითხოვს ბათილად იქნას ცნობილი გასაჩივრებული აქტები და დაევალოს შემოსავლების სამსახურს 2021 წლამდე წარმოშობილი საგადასახადო დავალიანების ჩამოწერა.
ფაქტობრივი გარემოებები
გადამხდელმა განცხადებით მიმართა შემოსავლების სამსახურს და ითხოვა დავალიანების ჩამოწერა საგადასახადო კოდექსის 309-ე მუხლის 37-ე ნაწილის საფუძველზე. მომსახურების დეპარტამენტის გადაწყვეტილებით მომჩივანს უარი ეთქვა მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე.
გადაწყვეტილება
საბჭომ მიიჩნია, რომ სადავო საკითხზე შემოსავლების სამსახურის გასაჩივრებული ბრძანებით მიღებული გადაწყვეტილება მართლზომიერია და არ არსებობს მისი გაუქმების და მომჩივნის მოთხოვნის დაკმაყოფილების საფუძველი.
დასაბუთება
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს :
309(37).