გადაწყვეტილება №22106/2/2024
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
№22106/2/2024
16 მაისი 2024
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
მომჩივანი: ------- (ს/ნ -------)
მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 26.04.2024 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება ------- 30.01.2024 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №22106/2/2024).
დავის საგანი:
შემოსავლების სამსახურის 17.08.2023 წლის №20383 ბრძანების აღსრულების შედეგები.
გასაჩივრებული გადაწყვეტილება:
1. აუდიტის დეპარტამენტის 10.10.2023 წლის №086-53 საგადასახადო მოთხოვნა;
2. შემოსავლების სამსახურის 21.12.2023 წლის №32242 ბრძანება.
დარიცხული თანხა: 276 802.05 ლარი.
მათ შორის:
გადასახადი - 154 302
დღგ - 146 690
საშემოსავლო გადასახადი - 7 612
ჯარიმა - 77 145
საურავი - 45 355.05
ფაქტების აღწერა/დარიცხვის საფუძვლები
გადასახადის გადამხდელის საქმიანობის საგანს წარმოადგენს ავტომობილების ნაწილებით და აქსესუარებით ვაჭრობა, ასევე ფიქსირდება სხვადასხვა სამშენებლო მასალების რეალიზაცია.
აუდიტის დეპარტამენტის 26.07.2022 წლის №19833 და 31.05.2023 წლის №12012 ბრძანებების საფუძველზე ჩატარდა მომჩივნის საქმიანობის 1.07.2020 წლიდან 1.11.2022 წლამდე საანგარიშო პერიოდების კამერალური საგადასახადო შემოწმება. საგადასახადო შემოწმების შედეგები აისახა 31.05.2023 წლის საგადასახადო შემოწმების აქტში, საიდანაც სადავო საკითხებზე ირკვევა შემდეგი:
- ი/მ ------- საგადასახადო ორგანოში რეგისტრირებულია 18.01.2006 წელს, ხოლო 11.08.2011 წლიდან მინიჭებული აქვს მცირე ბიზნესის სტატუსი.
1.01.2017-1.07.2020 წწ. საანგარიშო პერიოდზე ჩატარებულია კამერალური საგადასახადო შემოწმება, რომლის შედეგადაც 20.04.2018 წელს გადამხდელს წარმოეშვა დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაციის ვალდებულება.
საგადასახადო შემოწმების ფარგლებში დგინდება, რომ გადამხდელი არ აწარმოებს ბუღალტრულ აღრიცხვას, არ ხდება სმფ-ების შეძენა-რეალიზაციის მოძრაობის კონტროლი საქონლის სახეობრივ/რაოდენობრივ/ღირებულებით ჭრილში, ვერ ხდება საწყისი/საბოლოო სასაქონლო მატერიალური ფასეულობების იდენტიფიცირება, რის გამოც სააღრიცხვო დოკუმენტაციით შეუძლებელია დაბეგვრის ობიექტის დადგენა. აღნიშნულის გათვალისწინებით საგადასახადო მონიტორინგის დეპარატამენტის 17.10.2022 წლის №26210 ბრძანების საფუძველზე ჩატარდა სასაქონლომატერიალური ფასეულობების ინვენტარიზაცია.
საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრისთვის გამოყენებულია არაპირდაპირი მეთოდი საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, კერძოდ, დამუშავებულია შესამოწმებელ საანგარიშო პერიოდში გადასახადის გადამხდელის მიერ განხორციელებული დოკუმენტური რეალიზაციები, შეძენები და ინვენტარიზაციის მასალები. შედეგად, სასაქონლომატერიალური ფასეულობების 18 ჯგუფზე წლების ჭრილში დადგენილია დოკუმენტური ფასნამატი, რომელიც გავრცელდა შესამოწმებელ საანგარიშო პერიოდში რეალიზებულ სმფ-ებზე, შეძენილი საქონლის ღირებულება დაკავშირებულია იმავე საქონლის უახლოესი პერიოდის დოკუმენტურ სარეალიზაციო ფასთან და თითოეული საქონლის ჯგუფის მიხედვით გამოთვლილია ფასნამატი. გაანგარიშებული ფასნამატი (წლების მიხედვით 2020 წელი - 76%, 2021 წელი - 79%, 2022 წელი - 74%) გავრცელდა შემოწმებით დადგენილ საცალოდ რეალიზებული საქონლის თვითღირებულებაზე (რპთ). შემოწმების შედეგად განსაზღვრული ჯგუფური ფასნამატის გათვალისწინებით დაანგარიშდა რეალიზებული საქონლიდან მისაღები შემოსავლები. დადგენილი დასაბეგრი შემოსავალი კი შესამოწმებელ პერიოდში გადანაწილდა დეკლარირებული ბრუნვების პროპორციულად.
აღნიშნულიდან გამომდინარე, გადამხდელს დაერიცხა საშემოსავლო და დამატებული ღირებულების გადასახადები, ასევე, ჯარიმა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით.
- შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემთა ანალიზის შედეგად დგინდება, რომ შესამოწმებელ პერიოდში მიღებული დადასტურებული საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურების საფუძველზე მისაღები დღგ-ის ჩათვლა შეადგენს 18 861 ლარს. აღნიშნულიდან გამომდინარე, შემოწმების მიერ გაზრდილია დღგ-ის ჩასათვლელი თანხა.
შემოწმების აქტის საფუძველზე გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის 6.06.2023 წლის №12521 ბრძანება და ამავე თარიღის №086-34 საგადასახადო მოთხოვნა, რაც 10.07.2023 წელს გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში.
შემოსავლების სამსახურის 17.08.2023 წლის №20383 ბრძანებით საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ:
- მე-2 სადავო საკითხთან დაკავშირებით, დღგ-ის ჩასათვლელი თანხის დაზუსტების მიზნით:
ა) გადასახადის გადამხდელს მიეცა წინადადება ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს საჩივარში მითითებული არგუმენტაციის დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები;
ბ) ბრძანებით განსაზღვრულ ვადაში მტკიცებულებების წარდგენის შემთხვევაში, დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს, შეისწავლოს წარდგენილი მტკიცებულებები და დღგ-ის ჩათვლის მიღებასთან დაკავშირებით კანონმდებლობით დადგენილი შეზღუდვების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, უზრუნველყოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება);
- დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდა.
შემოსავლების სამსახურის 17.08.2023 წლის №20383 ბრძანება არ გასაჩივრებულა.
შემოსავლების სამსახურის 17.08.2023 წლის №20383 ბრძანების აღსრულების შედეგებზე შედგენილია აუდიტის დეპარტამენტის 5.10.2023 წლის დასკვნა საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშებაზე, რომლის მიხედვით საგადასახადო შემოწმებით დარიცხული თანხები შემცირდა სულ 276 ლარით, მათ შორის, გადასახადი 180 ლარით და ჯარიმა 96 ლარით.
დასკვნის საფუძველზე აუდიტის დეპარტამენტის მიერ გამოიცა 10.10.2023 წლის №25095 ბრძანება და №086-53 კორექტირებული საგადასახადო მოთხოვნა, რაც 3.11.2023 წელს გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში, რომლის 21.12.2023 წლის №32242 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი
შემოსავლების სამსახური განმარტავს, რომ 17.08.2023 წლის №20383 ბრძანებით გადამხდელს მიეცა წინადადება, დღგ-ის ჩასათვლელი თანხის დაზუსტების მიზნით აუდიტის დეპარტამენტისთვის წარედგინა საჩივარში მითითებული არგუმენტაციის დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები. საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშებაზე შედგენილი დასკვნის მიხედვით, გათვალისწინებულია გადამხდელის მიერ წარდგენილი საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურები, რის შედეგადაც განხორციელდა აქტით განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებების შემცირება სულ 276 ლარით, მათ შორის, გადასახადი 180 ლარით და ჯარიმა 96 ლარით.
ამასთან, შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ პირველი სადავო საკითხის, კერძოდ, შემოწმების მიერ გამოყენებული ფასნამატის ხელახალი გაანგარიშების მოთხოვნის ნაწილში გადამხდელის მიერ წარდგენილი საჩივარი შემოსავლების სამსახურის 17.08.2023 წლის №20383 ბრძანებით არ დაკმაყოფილდა, ხოლო საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის შესაბამისად დაკისრებული სანქციისაგან გათავისუფლებასთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს, რომ აღნიშნული საკითხი გადამხდელს 10.07.2023 წლის საჩივრით არ გაუხდია სადავო, შესაბამისად, აღნიშნული სადავო საკითხები არ ყოფილა შესასრულებლად დავალებული აუდიტის დეპარტამენტისთვის.
საქმეზე არსებული მტკიცებულებების, აუდიტის დეპარტამენტის დასკვნის და შესაბამისად, განხორციელებული გადაანგარიშების შედეგებზე დაყრდნობით, შემოსავლების სამსახური მიიჩნევს, რომ შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების აღსრულება განხორციელებულია საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოებების გამოკვლევის/შესწავლის საფუძველზე, გასაჩივრებული ადმინისტრაციული აქტის შინაარსი შეესაბამება დავის განხილვისას მიღებულ გადაწყვეტილებას და არ არსებობს საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.
რაც შეეხება, მომჩივნის არგუმენტს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილობასთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური განმარტავს, რომ სადავო აქტი არ ეწინააღმდეგება კანონს, არ არის დარღვეული მისი მომზადების ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნები, რომლის არსებობის შემთხვევაში მოცემულ საკითხზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება.
მომჩივნის არგუმენტაცია
- პირველ საკითხთან დაკავშირებით იზიარებს იმ მოცემულობას, რომ საგადასახადო კონტროლის განსახორციელებლად საჭირო სააღრიცხვო დოკუმენტაციას ან/და დადგენილი წესის დარღვევით ნაწარმოები ბუღალტერიის ქონის გამო, საგადასახადო ორგანომ საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის 5-3 ნაწილის მიხედვით, საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვროს არაპირდაპირი მეთოდების გამოყენებით, მაგრამ არ იზიარებს შემმოწმებლის პოზიციას ფასნამატის ნაწილში.
გაანგარიშებით დოკუმენტური ფასნამატი გაცილებით ნაკლებია ვიდრე შემმოწმებლის მიერ განსაზღვრული წლიური საშუალო ფასნამატი, შემმოწმებელი წლების მიხედვით მიუთითებს, რომ ფასნამატი გახლავთ შემდეგი - 2020 წელს 76%, 2021 წელს 79%, 2022 წელს 74% - მოცემული საშუალო ფასნამატი გამოთვლილია არასწორი პრინციპით, იქედან გამომდინარე, რომ 25%-ზე დიდ ფასნამატი მხოლოდ და მხოლოდ ავტომანქანის ნაწილებს და ზეთების მხოლოდ ნაწილზე აქვს, სხვა დანარჩენი ნებისმიერი პროდუქციის ფასნამატი მაქსიმუმ 20-25%-ის ფარგლებშია, რაც ნიშნავს იმას, რომ ავტონაწილების და ზეთების სავაჭრო ოპერაციები უნდა გამოიყოს ცალკე კატეგორიად სხვა პროდუქციისაგან, ინდივიდუალურად უნდა მოხდეს მისი ფასნამატის დაანგარიშება, ხოლო სხვა დანარჩენი პროდუქცია დაჯგუფდეს მათი კატეგორიების შესაბამისად და მხოლოდ ამის შემდეგ მოხდეს საგადასახადო ვალდებულების დაზუსტება.
რაც შეეხება შემმოწმებლის მიერ განსაზღვრულ ფასნამატს, აღნიშნული არსებითად აღემატება ფაქტობრივ ფასნამატს, რაც ტოვებს იმის განცდას, რომ საგადასახადო შემოწმებით დამატებით დაკისრებული საგადასახადო ვალდებულებები არსებითად აღემატება ფაქტობრივად კუთვნილ გადასახდელს.
აღნიშნულიდან გამომდინარე, ითხოვს აღნიშნულის გადამოწმებას შემმოწმებლისა და გადამხდელის სპეციალისტების მიერ ერთობლივად, ამავდროულად იმავეს ამბობს საქართველოს ზოგად ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლი.
- შემმოწმებელი თავადვე განმარტავს გადამხდელის უფლებას, საგადასახადო კოდექსის 173-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად. არ იყო ინფორმირებული იმ მხრივ, რომ მიმწოდებლებისთვის გამოერთვა შეძენილ სმფ-ზე დღგ-ის ანგარიშ-ფაქტურები და შემდეგ აესახა ისინი თავის ელექტრონულ გვერდზე, რამაც საერთო ჯამში მოგვცა ის სურათი, რომ დაეკისრა საგადასახადო კოდექსის რიგი ნორმატიული აქტებით განსაზღვრული პასუხისმგებლობები (2021 წლამდე მოქმედი საგადასახადო კოდექსის რედაქციის 160-ე, 161-ე მუხლის, 2021 წლიდან მოქმედი საგადასახადო კოდექსის რედაქციის 160-ე, 163-ე და 164-ე მუხლების მიხედვით, 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით დაერიცხა დღგ და საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით გათვალისწინებული ჯარიმა, ასევე საგადასახადო კოდექსის 79- ე და 90-ე მუხლის შესაბამისად დაერიცხა საშემოსავლო გადასახადი და საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით გათვალისწინებული ჯარიმა), რა გარემოებებსაც რა თქმა უნდა ვერ გაიზიარებს და მიაჩნია არასწორად, რადგან არ იყო ინფორმირებული იმ საკითხთან დაკავშირებით, რომ უნდა მოეთხოვა ანგარიშ-ფაქტურები, შემდეგ აესახა ისინი თავის ელექტრონულ გვერდზე, აქედან გამომდინარე, ისინი არც მოუთხოვია მომწოდებლებისაგან შეძენილ სმფ-ზე, რის გამოც მოხდა ისე, რომ შემოწმებისას არ ჰქონდა ყველა შეძენილ სმფ-ზე დღგ-ის ანგარიშ-ფაქტურა, რამაც გამოიწვია უფრო ნაკლები დღგ-ის თანხის ჩათვლა გადამხდელის მიერ ვიდრე ეკუთვნოდა.
აღნიშნულიდან გამომდინარე, ისეთი გადასახადი და სანქცია დაეკისრა, რომელიც რეალურად არ ეკუთვნის, შესაბამისად ამ ნაწილში ითხოვს მიეცეს გონივრული ვადა, რათა გამოითხოვოს დღგ-ის გადამხდელი მომწოდებლებისგან შეძენილ სმფ-ზე საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურები და ეს უკანასკნელი აისახოს საგადასახადო შემოწმების მასალებში.
ასევე, ითხოვს საპატიოდ ჩაეთვალოს და გათავისუფლდეს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით გათვალისწინებული ჯარიმისაგან, რომელიც დაეკისრა, რადგან მეწარმე არ იყო გათვითცნობიერებული მოცემულ საკითხში და დამდგარი შედეგი გამოწვეულია მხოლოდ და მხოლოდ არ ცოდნით, რაიმე სახის უკანონობის ჩადენის განზრახვა არანაირად არ არსებობდა.
ერთის მხრივ, გასაგებია შემმოწმებლის პოზიცია, მაგრამ მეორეს მხრივ, მოცემულ შემთხვევაში ძალიან მნიშვნელოვანი და გარდამტეხია ის ფაქტი, რომ მის ხელთ არის ისეთი მტკიცებულებები და ნორმატიული მასალა, რომელიც ქმნის მისი პოზიციის სისწორის განცდას. შესაბამისად, ითხოვს მისი დასაბუთებული პოზიციის გაზიარებას.
აქვე, ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601 მუხლის პირველი ნაწილიდან გამომდინარე, საბჭო ვალდებულია ბათილად ცნოს მოცემული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, რომელიც ეწინააღმდეგება კანონს, არსებითად დარღვეულია მისი მომზადების, გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები.
საქმის ფაქტობრივი გარემოებებისა და გადამხდელის პოზიციის გათვალისწინებით ითხოვს გაუქმდეს სადავო აქტები და შესაბამისი კორექტირების გათვალისწინებით გამოიცეს ახალი საგადასახდო მოთხოვნა თანდართული დოკუმენტებით. ასევე, ითხოვს საპატიოდ ჩაეთვალოს და გათავისუფლდეს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით გათვალისწინებული ჯარიმისაგან, რომელიც დაეკისრა, რადგან არ იყო გათვითცნობიერებული მოცემულ საკითხში და დამდგარი შედეგი გამოწვეულია მხოლოდ და მხოლოდ არ ცოდნით, რაიმე სახის უკანონობის ჩადენის განზრახვა არანაირად არ არსებობდა.
დავების განხილვის საბჭო
მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
შემოსავლების სამსახურის 17.08.2023 წლის №20383 ბრძანებით მე-2 სადავო საკითხთან დაკავშირებით, დღგ-ის ჩასათვლელი თანხის დაზუსტების მიზნით:
ა) გადასახადის გადამხდელს მიეცა წინადადება ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს საჩივარში მითითებული არგუმენტაციის დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები;
ბ) ბრძანებით განსაზღვრულ ვადაში მტკიცებულებების წარდგენის შემთხვევაში, აუდიტის დეპარტამენტს დაევალა, შეისწავლოს წარდგენილი მტკიცებულებები და დღგ-ის ჩათვლის მიღებასთან დაკავშირებით კანონმდებლობით დადგენილი შეზღუდვების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, უზრუნველყოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება);
- დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდა.
შემოსავლების სამსახურის 17.08.2023 წლის №20383 ბრძანების აღსრულების შედეგებზე შედგენილი აუდიტის დეპარტამენტის 5.10.2023 წლის დასკვნით, შემოსავლების სამსახურის ბრძანებით განსაზღვრულ ვადაში დღგ-ის გადამხდელად რეგისტრირებული მომწოდებლების მიერ დადასტურებული იქნა გამოწერილი საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურები 180 ლარის ოდენობით და შესაბამისად, შემოწმების მიერ განხორციელდა აქტით განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებების შემცირება.
მომჩივანი მიუთითებს, რომ არ იზიარებს შემმოწმებლის პოზიციას ფასნამატის ნაწილში და აღნიშნულთან დაკავშირებით წარმოადგენს არგუმენტებს, ხოლო დღგ-ის ჩათვლასთან დაკავშირებით განმარტავს, რომ არ იყო ინფორმირებული იმ საკითხთან დაკავშირებით, რომ უნდა მოეთხოვა ანგარიშფაქტურები, რამაც გამოიწვია უფრო ნაკლები დღგ-ის თანხის ჩათვლა გადამხდელის მიერ ვიდრე ეკუთვნოდა. აღნიშნულიდან გამომდინარე, ითხოვს მიეცეს გონივრული ვადა, რომ გამოითხოვოს დღგ-ის გადამხდელი მომწოდებლებიდან შეძენილ სმფ-ზე დღგ-ის საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურები და ეს უკანასკნელი აისახოს საგადასახადო შემოწმების მასალებში. ასევე, ითხოვს საპატიოდ ჩაეთვალოს და გათავისუფლდეს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით გათვალისწინებული ჯარიმისაგან.
მომჩივნის არგუმენტებთან დაკავშირებით შემოსავლების სამსახური მიუთითებს, რომ პირველი სადავო საკითხის, კერძოდ, შემოწმების მიერ გამოყენებული ფასნამატის ხელახალი გაანგარიშების მოთხოვნის ნაწილში გადამხდელის მიერ წარდგენილი საჩივარი შემოსავლების სამსახურის 17.08.2023 წლის №20383 ბრძანებით არ დაკმაყოფილდა, ხოლო საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის შესაბამისად დაკისრებული სანქციისაგან გათავისუფლებასთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს, რომ აღნიშნული საკითხი გადამხდელს 10.07.2023 წლის საჩივრით არ გაუხდია სადავო, შესაბამისად, აღნიშნული სადავო საკითხები არ ყოფილა შესასრულებლად დავალებული აუდიტის დეპარტამენტისთვის.
აღნიშნული გარემოებების, მხარეთა არგუმენტაციის და გადაანგარიშების ეტაპზე სადავო საკითხის დამატებით შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, საბჭოს მიაჩნია, რომ შემოსავლების სამსახურის 17.08.2023 წლის №20383 ბრძანება აღსრულებულია ამავე ბრძანებით მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისად და არ არსებობს მომჩივნის არგუმენტების გათვალისწინების და საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.
რაც შეეხება მომჩივნის მოთხოვნას დაკისრებული ჯარიმა-საურავისგან გათავისუფლებაზე, საბჭო ვერ იმსჯელებს აღნიშნულ საკითხზე, ვინაიდან განსახილველ შემთხვევაში სადავოა (გასაჩივრებულია) შემოსავლების სამსახურის 17.08.2023 წლის №20383 ბრძანების აღსრულების საკითხი - რამდენად სწორად და სრულად აღსრულდა აღნიშნული გადაწყვეტილება აუდიტის დეპარტამენტის მიერ. შესაბამისად, საბჭო ვერ გასცდება აღნიშნულ ფარგლებს.
საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:
1. საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხები:
დავის საგანს წარმოადგენს შემოსავლების სამსახურის 17.08.2023 წლის №20383 ბრძანების აღსრულების შედეგები.
ფაქტობრივი გარემოებები
გადასახადის გადამხდელის საქმიანობის საგანს წარმოადგენს ავტომობილების ნაწილებით და აქსესუარებით ვაჭრობა, ასევე ფიქსირდება სხვადასხვა სამშენებლო მასალების რეალიზაცია.
აუდიტის დეპარტამენტის ბრძანებების საფუძველზე ჩატარდა მომჩივნის საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმება. საგადასახადო შემოწმების შედეგები აისახა საგადასახადო შემოწმების აქტში. შემოწმების აქტის საფუძველზე გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის ბრძანება და საგადასახადო მოთხოვნა, რაც 10.07.2023 წელს გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში.
შემოსავლების სამსახურის 17.08.2023 წლის №20383 ბრძანებით საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, რაზეც შედგენილია აუდიტის დეპარტამენტის დასკვნა საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშებაზე.
დასკვნის საფუძველზე აუდიტის დეპარტამენტის მიერ გამოიცა ბრძანება და კორექტირებული საგადასახადო მოთხოვნა, რაც 3.11.2023 წელს გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში. 21.12.2023 წლის №32242 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
გადაწყვეტილება
მხარეთა არგუმენტაციის და გადაანგარიშების ეტაპზე სადავო საკითხის დამატებით შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, საბჭოს მიაჩნია, რომ შემოსავლების სამსახურის 17.08.2023 წლის №20383 ბრძანება აღსრულებულია ამავე ბრძანებით მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისად და არ არსებობს მომჩივნის არგუმენტების გათვალისწინების და საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.
დასაბუთება
საქართველოს ფინანსთა სამინისტორსთან არსებული დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 73(5); 90; 102; 159; 175; 269(7); 2021 წლამდე მოქმედი საგადასახადო კოდექსი - 160; 161;