გადაწყვეტილება №18272/2/2022

ფინანსთა სამინისტროს დავების გადაწყვეტილება ნაწილობრივ დაკმაყოფილდა 03.02.2023
№ დოკუმენტი 18272/2/2022
სტატუსი მოქმედი
მიმღები კოლეგიური ორგანო
სტრუქტურული ერთეული საბაჟო დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

№18272/2/2022

3.02.2023

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

 

მომჩივანი:"------" (პ/ნ "------" )

მოპასუხე: საბაჟო დეპარტამენტი

 

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ 3.02.2023 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება"------" - ის 22.11.2022 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №18272/2/2022.

 

დავის საგანი:

1. საბაჟო ორგანოსთან შეუთანხმებელი ქმედება ან საბაჟო პროცედურის პირობების დარღვევა, რამაც გამოიწვია საბაჟო ზედამხედველობის ქვეშ მყოფი საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების უკანონო განკარგვა, დაკარგვა ან განადგურება;

2. საქონლის წარდგენის/ზოგადი დეკლარირების/საქონლის დეკლარირების ვადის ან სატრანსპორტო საშუალების გამოცხადების ვადის დარღვევა; 3. იმპორტის გადასახდელების დარიცხვა.

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება:

1. საბაჟო დეპარტამენტის 22.08.2022 წლის №ELC17174 საბაჟო სამართალდარღვევის ოქმი;

2. საბაჟო დეპარტამენტის 22.08.2022 წლის №ELC17175 საბაჟო სამართალდარღვევის ოქმი;

3. საბაჟო დეპარტამენტის 22.08.2022 წლის №EL7777/626 საგადასახადო მოთხოვნა;

4. შემოსავლების სამსახურის 7.11.2022 წლის №27918 ბრძანება.

 

დარიცხული თანხა: 9 381,2 ლარი.

მათ შორის:

გადასახადი - 3 992

აქციზის გადასახადი - 3 840

იმპორტის გადასახადი - 152

ჯარიმა - 3 992

ჯარიმა - 1 000

საურავი - 397,2

 

ფაქტების აღწერა/დარიცხვის საფუძვლები

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მონაცემთა ავტომატიზებულ ბაზაში ასახული მონაცემებით, დადგინდა, რომ მოქალაქე"------" -ის (პას/ნომ "------" ) საბაჟო წარმომადგენლმა "------" 21.12.2021 წელს განახორციელა №"------" ავტოსატრანსპორტო საშუალების აღრიცხვის მოწმობით შემოყვანილი ავტოსატრანსპორტო საშუალების (საიდენტიფიკაციო ნომერი "------" , სატრანზიტო ნომერი "------" ) რეექსპორტში დეკლარირება. დანიშნულების საბაჟო ორგანოში წარდგენის ბოლო ვადად განესაზღვრა 3.02.2022 წელი.

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მონაცემთა ავტომატიზებულ ბაზებში ასახული ინფორმაციის მიხედვით, ხსენებული ავტოსატრანსპორტო საშუალების საქართველოს საბაჟო ტერიტორიიდან გატანა არ ფიქსირდება. აღნიშნულზე მომჩივანს 22.08.2022 წლის №ELC17175 საბაჟო სამართალდარღვევის ოქმით შეეფარდა საბაჟო კოდექსის 165-ე მუხლით გათვალისწინებული ჯარიმა და 22.08.2022 წლის №ELC17174 საბაჟო სამართალდარღვევის ოქმით შეეფარდა საბაჟო კოდექსის 172-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ჯარიმა. ამასთან, ამავე დღეს გამოიცა საბაჟო დეპარტამენტის №EL7777/626 საგადასახადო მოთხოვნა, რომლითაც უკანონოდ განკარგულ საქონელზე მომჩივანს დაერიცხა შესაბამისი იმპორტის გადასახდელი, ასევე საგადასახადო კოდექსის 272-ე მუხლის შესაბამისად – საურავი.

სამართალდარღვევის ოქმები და საგადასახადო მოთხოვნა გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში, რომლის 7.11.2022 წლის №27918 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.

 

შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი

დადგენილი ფაქტობრივი გარემოებაა, რომ მომჩივანი არის საქართველოს მოქალაქეობის არ მქონე პირის წარმომადგენელი, რომლის მიერ საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანილი სატრანსპორტო საშუალება ავტოსატრანსპორტო საშუალების აღრიცხვის მოწმობით დადეკლარირდა რეექსპორტში და მისი დანიშნულების საბაჟო გამშვებ პუნქტამდე მიტანის ვადა განისაზღვრა 45 კალენდარული დღით, თუმცა სატრანსპორტო საშუალება არ გამოცხადებულა საბაჟო კონტროლის ზონაში საქართველოს ტერიტორიის დატოვების და რეექსპორტის დეკლარაციის კონტროლიდან მოხსნის მიზნით. შესაბამისად, მომჩივნის მხრიდან ადგილი აქვს სატრანსპორტო საშუალების გამოცხადების ვადის დარღვევას და საბაჟო ორგანოსთან შეუთანხმებელ ქმედებას, რამაც გამოიწვია საბაჟო ზედამხედველობის ქვეშ მყოფი სატრანსპორტო საშუალებების უკანონო განკარგვა/დაკარგვა/განადგურება. აღნიშნული სამართალდარღვევისთვის საქართველოს საბაჟო კოდექსის 165-ე მუხლი და 172-ე მუხლის პირველი ნაწილი ადგენს პირის პასუხისმგებლობას, რაც ასევე წარმოშობს საბაჟო ვალდებულებას.

გარდა ზემოაღნიშნული ინფორმაციის საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მონაცემთა ავტომატიზებულ ბაზაში ასახვისა, მომჩივნის წარმომადგენლობა დასტურდება ავტოსატრანსპორტო საშუალებების მოწმობებში არსებული ინფორმაციით, რომლის პირველ გრაფაში (იმპორტიორი/ექსპორტიორი) მითითებულია საქართველოს მოქალაქეობის არმქონე პირი, ხოლო მეორე გრაფაში (წარმომადგენელი) - მომჩივანი.

ამასთან, აღნიშნული მოწმობის მე-8 გრაფაში (ხელმოწერა) ფიქსირდება მომჩივნის ხელმოწერა. კანონმდებლობა სწორედ მას ავალდებულებს ავტოსატრანსპორტო საშუალება დადგენილ ვადაში და უცვლელ მდგომარეობაში წარუდგინოს საბაჟო ორგანოს დანიშნულების საბაჟო გამშვებ პუნქტზე, რაც მომჩივნის მიერ არ შესრულდა. ამდენად, მომჩივანზე დაკისრებული პასუხისმგებლობა მართლზომიერია.

შემოსავლების სამსახური მიუთითებს, რომ მომჩივნის მიერ მითითებული გარემოებები არ წარმოშობს საფუძველს იმის დასადასტურებლად, რომ საბაჟო ზედამხედველობის ქვეშ მოქცეული სატრანსპორტო საშუალებების მიმართ არ დარღვეულა გამოცხადების ვადა და არ განხორციელებულა საბაჟო ორგანოსთან შეუთანხმებელი ქმედება, რამაც საბაჟო ზედამხედველობის ქვეშ მყოფი საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების უკანონო განკარგვა/დაკარგვა/განადგურება გამოიწვია. ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმებისა და ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ სადავო ადმინისტრაციული აქტები შედგენილია კანონმდებლობის შესაბამისად და არ არსებობს საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.

 

მომჩივნის არგუმენტაცია

მომჩივანი განმარტავს, რომ აღნიშნულ სატრანსპორტო საშუალებას დაუზიანდა ძრავა, რის გამოც არ განხორციელდა რეექსპორტი. ფინანსების არ ქონის გამო დაგვიანდა ძრავის შეკეთება. ამჟამად მანქანა გამართულია და მზად არის განაბაჟოს. მიაჩნია, რომ შეცდომა გამოწვეული იყო უცოდინრობით, რადგან არ იცოდა, რომ მანქანის გაუმართაობის შესახებ უნდა ეცნობებინა შესაბამისი ორგანოსთვის. ითხოვს გაუქმდეს ჯარიმები. მიეცეს მანქანის განბაჟების საშუალება და მოეხსნას ჯარიმები. მათი გადახდის საშუალება არ აქვს. მანქანის შეკეთებაც სწორედ ფინანსების გამო დაუგვიანდა.

 

დავების განხილვის საბჭო

მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ შემდეგ გარემოებათა გამო:

„საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის გადაადგილებისა და გაფორმების შესახებ ინსტრუქციების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2019 წლის 29 აგვისტოს №257 ბრძანებით დამტკიცებული „საბაჟო ზედამხედველობის შესახებ“ ინსტრუქციის (დანართი №3) მე-3 მუხლის მე-12 პუნქტის თანახმად, რეექსპორტში ავტოსატრანსპორტო საშუალების საბაჟო დეკლარაციით დეკლარირებული ან ავტოსატრანსპორტო საშუალების აღრიცხვის მოწმობით გადაადგილებული ავტოსატრანსპორტო საშუალების დანიშნულების საბაჟო გამშვებ პუნქტამდე მიტანის ვადა, მიუხედავად გადაზიდვის მანძილისა, შეადგენს 45 კალენდარულ დღეს, რომელიც აითვლება შესაბამისი დეკლარაციის ან მოწმობის რეგისტრაციის თარიღიდან.

ამავე ბრძანებით დამტკიცებული „რეექსპორტის შესახებ“ ინსტრუქციის (დანართი №16) მე-3 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, საქონლის რეექსპორტის დასრულება დასტურდება საბაჟო გამშვები პუნქტის მიერ სათანადოდ გაფორმებული რეექსპორტის დეკლარაციის ან რეექსპორტის შეტყობინების კონტროლიდან მოხსნით.

საბაჟო კოდექსის 165-ე მუხლის შესაბამისად, საქონლის წარდგენის/ზოგადი დეკლარირების/საქონლის დეკლარირების ვადის ან სატრანსპორტო საშუალების გამოცხადების ვადის დარღვევა იწვევს დაჯარიმებას ყოველ დაგვიანებულ სრულ/არასრულ დღეზე 50 ლარის ოდენობით, მაგრამ არაუმეტეს 1 000 ლარისა.

ვინაიდან სატრანსპორტო საშუალება დანიშნულების საბაჟო ორგანომდე მიტანისათვის განსაზღვრულ ვადაში არ გამოცხადებულა საბაჟო კონტროლის ზონაში, მომჩივნის მხრიდან ადგილი ჰქონდა საბაჟო კოდექსის 165-ე მუხლით გათვალისწინებული სამართალდარღვევის ჩადენას. ამდენად, საბჭო მიუთითებს, რომ მომჩივანს მართებულად შეეფარდა საბაჟო კოდექსის 165-ე მუხლით განსაზღვრული სანქცია.

საბაჟო კოდექსის 70-ე მუხლის პირველი, მე-2 და მე-4 ნაწილების თანახმად:

1. საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანილი საქონელი შემოტანისთანავე ექვემდებარება საბაჟო ზედამხედველობას და შეიძლება დაექვემდებაროს საბაჟო კონტროლის პროცედურებს.

2. საქონელი მისი საბაჟო სტატუსის განსაზღვრამდე რჩება საბაჟო ზედამხედველობის ქვეშ და საბაჟო ორგანოს თანხმობის გარეშე მისი საბაჟო ზედამხედველობიდან გატანა ან განკარგვა არ შეიძლება. ამ კოდექსის 141-ე მუხლის შესაბამისად, საქართველოს საქონელი მისი საბაჟო სტატუსის განსაზღვრის შემდეგ საბაჟო ზედამხედველობას არ ექვემდებარება. უცხოური საქონელი მისი საბაჟო სტატუსის შეცვლამდე, საქართველოს საბაჟო ტერიტორიიდან გატანამდე ან განადგურებამდე საბაჟო ზედამხედველობის ქვეშ უნდა დარჩეს.

4. თუ საბაჟო ზედამხედველობის ქვეშ მყოფი საქონელი განადგურდა ან დაზიანდა, საქონლის მფლობელი ვალდებულია საბაჟო ორგანოს დაუყოვნებლივ აცნობოს ამის შესახებ და წარუდგინოს საქონლის განადგურების ან დაზიანების უტყუარი მტკიცებულებები, რომლებიც დამოწმებულია შესაბამისი უფლებამოსილი სახელმწიფო ორგანოს მიერ. სხვა შემთხვევაში ეს საქონელი საბაჟო ზედამხედველობიდან უკანონოდ გატანილად მიიჩნევა.

ამავე კოდექსის 138-ე მუხლის „გ“ ქვეპუნქტის თანახმად, დროებით შემოტანის პროცედურაში საქონლის მოქცევისთვის აუცილებელია, დროებით შემოტანილი საქონელი უკან იქნეს გატანილი უცვლელ მდგომარეობაში, გარდა იმ ცვლილებებისა, რომლებიც გამოწვეულია ექსპლუატაციით, ტრანსპორტირებით ან შენახვის ნორმალური პირობებისთვის დამახასიათებელი ბუნებრივი დანაკარგებით.

„საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის გადაადგილებისა და გაფორმების შესახებ ინსტრუქციების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2019 წლის 29 აგვისტოს №257 ბრძანებით დამტკიცებული „საბაჟო ზედამხედველობის შესახებ“ (დანართი №3) ინსტრუქციის პირველი მუხლის პირველი, მე-2 და მე-3 პუნქტების თანახმად:

1. საბაჟო ზედამხედველობის ქვეშ მოქცეული საქონლის მიმართ შეიძლება განხორციელდეს მხოლოდ საბაჟო ორგანოსთან შეთანხმებული მოქმედებები და ოპერაციები, თუ კანონმდებლობით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.

2. საბაჟო ზედამხედველობის ქვეშ მოქცეული საქონელი უნდა დარჩეს უცვლელ მდგომარეობაში, გარდა იმ ცვლილებებისა, რომლებიც გამოწვეულია ბუნებრივი ცვეთის, ტრანსპორტირების ან შენახვის ნორმალური პირობებისათვის დამახასიათებელი ბუნებრივი დანაკარგებით.

3. თუ საბაჟო ზედამხედველობის ქვეშ მოქცეული საქონელი განადგურდა ან დაზიანდა, საქონლის მფლობელი ვალდებულია, დაუყოვნებლივ შეატყობინოს საბაჟო ორგანოს და წარუდგინოს მას საქონლის განადგურების ან დაზიანების უტყუარი მტკიცებულებები, რომლებიც დამოწმებულია შესაბამისი უფლებამოსილი სახელმწიფო ორგანოს მიერ. სხვა შემთხვევაში, საქონელი ჩაითვლება საბაჟო ზედამხედველობიდან უკანონოდ გასულად.

საბაჟო კოდექსის 172-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საბაჟო ორგანოსთან შეუთანხმებელი ქმედება ან საბაჟო პროცედურის პირობების დარღვევა, რამაც გამოიწვია საბაჟო ზედამხედველობის ქვეშ მყოფი საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების უკანონო განკარგვა, დაკარგვა ან განადგურება, იწვევს დაჯარიმებას იდენტურ/მსგავს საქონელზე ან/და სატრანსპორტო საშუალებაზე გადასახდელი იმპორტის გადასახდელის თანხის 100 პროცენტის ოდენობით.

ამასთან, საბაჟო კოდექსის 49-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, იმპორტის გადასახადით დასაბეგრ საქონელზე საბაჟო ვალდებულება წარმოიშობა, თუ დაირღვა უცხოური საქონლის საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანასთან, საბაჟო ზედამხედველობიდან გატანასთან, გადაადგილებასთან, გადამუშავებასთან, საბაჟო საწყობში ან თავისუფალ ზონაში შენახვასთან, დროებით შენახვასთან ან განკარგვასთან დაკავშირებული საქართველოს საბაჟო კანონმდებლობა.

საგადასახადო კოდექსის 64-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, საგადასახადო ორგანო ვალდებულია პირს წარუდგინოს საგადასახადო მოთხოვნა, თუ არსებობს პირისათვის იმპორტის გადასახდელის დარიცხვის შესახებ ან/და საბაჟო სანქციის შეფარდების შესახებ საბაჟო ორგანოს გადაწყვეტილება ან საბაჟო სამართალდარღვევის ოქმი

საბაჟო კოდექსის 163-ე მუხლის მე-11 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველ ორგანოს უფლება აქვს, პირი გაათავისუფლოს ამ კოდექსით გათვალისწინებული საბაჟო სანქციისგან, თუ შესაბამისი საბაჟო სამართალდარღვევა ჩადენილია შეცდომით/არცოდნით.

მომჩივანი განმარტავს, რომ აღნიშნულ სატრანსპორტო საშუალებას დაუზიანდა ძრავა, რის გამოც არ განხორიციელდა რეექსპორტი. უსახსრობის გამო დაგვიანდა ძრავის შეკეთება. ამჟამად მანქანა გამართულია და მზად არის განაბაჟოს, ითხოვს მიეცეს მანქანის განბაჟების საშუალება და მოეხსნას ჯარიმები

საბაჟო კოდექსის 163-ე მუხლის მე-11 ნაწილი პირის სანქციისაგან გათავისუფლებას ითვალისწინებს იმ პირობებში, როცა ფაქტობრივი და სამართლებრივი გარემოებები იძლევა იმ ვარაუდის საფუძველს, რომ მომჩივანი ცდება, ან არ იყო მისთვის ცნობილი ის გარემოება, რამაც მისი პასუხისმგებლობა გამოიწვია.

ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმების, ფაქტობრივი გარემოებების და მომჩივნის არგუმენტების გათვალისწინებით, საბჭომ მიიჩნია, რომ მომჩივანს უნდა მიეცეს წინადადება ამ გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში ავტოსატრანსპორტო საშუალება მოაქციოს თავისუფალ მიმოქცევაში გაშვების საბაჟო პროცედურაში ან განახორციელოს რეექსპორტით ავტოსატრანსპორტო საშუალების საქართველოს საბაჟო ტერიტორიიდან გატანა და საბაჟო დეპარტამენტს წარუდგინოს ავტოსატრანსპორტო საშუალების თავისუფალ მიმოქცევაში გაშვების საბაჟო პროცედურის ან რეექსპორტის განხორციელების დამადასტურებელი დოკუმენტები. ავტოსატრანსპორტო საშუალების თავისუფალ მიმოქცევაში გაშვების საბაჟო პროცედურაში მოქცევის ან რეექსპორტით ავტოსატრანსპორტო საშუალების საქართველოს საბაჟო ტერიტორიიდან გატანის შემთხვევაში, სამართალდამრღვევი უნდა გათავისუფლდეს საბაჟო დეპარტამენტის 22.08.2022 წლის №ELC17174 საბაჟო სამართალდარღვევის ოქმით დაკისრებული ჯარიმისგან. ამასთან, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, საბაჟო დეპარტარტამენტმა უნდა უზრუნველყოს 22.08.2022 წლის №EL7777/626 საგადასახადო მოთხოვნით დარიცხული თანხების კორექტირება.

 

საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და

 

გადაწყვიტა:

1. საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

2. ნაწილობრივ გაუქმდეს შემოსავლების სამსახურის 7.11.2022 წლის №27918 ბრძანება;

3. მომჩივანს მიეცეს წინადადება ამ გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში ავტოსატრანსპორტო საშუალება მოაქციოს თავისუფალ მიმოქცევაში გაშვების საბაჟო პროცედურაში ან განახორციელოს რეექსპორტით ავტოსატრანსპორტო საშუალების საქართველოს საბაჟო ტერიტორიიდან გატანა და საბაჟო დეპარტამენტს წარუდგინოს ავტოსატრანსპორტო საშუალების თავისუფალ მიმოქცევაში გაშვების საბაჟო პროცედურის ან რეექსპორტის განხორციელების დამადასტურებელი დოკუმენტები;

4. ამ გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის მე-2 პუნქტის შესრულების შემთხვევაში, მომჩივანი საბაჟო კოდექსის 163-ე მუხლის მე-11 ნაწილის საფუძველზე, გათავისუფლდეს საბაჟო დეპარტამენტის 22.08.2022 წლის №ELC17174 საბაჟო სამართალდარღვევის ოქმით დაკისრებული ჯარიმისგან. ამასთან, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, საბაჟო დეპარტამენტმა უზრუნველყოს 22.08.2022 წლის №EL7777/626 საგადასახადო მოთხოვნით დარიცხული თანხების კორექტირება (შემცირება);

5. დაევალოს საბაჟო დეპარტამენტს, ამ გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის მე-2 და მე-3 პუნქტების შესრულების შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს მომჩივნის პირადი აღრიცხვის ბარათის შესაბამისი კორექტირება;

6. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

7. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.