გადაწყვეტილება №22857/2/2024

ფინანსთა სამინისტროს დავების გადაწყვეტილება არ დაკმაყოფილდა 10.07.2024
№ დოკუმენტი 22857/2/2024
სტატუსი მოქმედი
მიმღები კოლეგიური ორგანო
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

№22857/2/2024

10 ივლისი 2024

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

 

მომჩივანი: შპს ----------ა (ს/ნ ---------------)

მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი

 

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 27.06.2024 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება შპს -------ას 12.04.2024 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №22857/2/2024).

 

დავის საგანი:

შემოსავლების სამსახურის 9.08.2023 წლის №19676 ბრძანების აღსრულების შედეგები - დავის განახლება ახლად აღმოჩენილი ან ახლად გამოვლენილი გარემოების გამო.

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება:

1. აუდიტის დეპარტამენტის 27.12.2024 წლის №125-53 საგადასახადო მოთხოვნა;

2. შემოსავლების სამსახურის 22.03.2024 წლის №6289 ბრძანება.

 

დარიცხული თანხა: 89 508.63 ლარი.

მათ შორის:

გადასახადი - 41 940

დღგ - 18 309

საშემოსავლო გადასახადი - 22 430

ქონების გადასახადი - 1 201

ჯარიმა - 26 732

საურავი - 20 836.63

 

ფაქტების აღწერა/დარიცხვის საფუძვლები

კომპანიის საქმიანობაა ხე-ტყის გადამუშავების შედეგად მიღებული საქონლის შეძენა და რეალიზაცია.

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის წერილის და დადგენილების საფუძველზე აუდიტის დეპარტამენტის მიერ ჩატარდა მომჩივნის საქმიანობის 19.04.2019 წლიდან 19.04.2022 წლამდე პერიოდის კამერალური საგადასახადო შემოწმება. შემოწმების შედეგები აისახა 26.12.2022 წლის საგადასახადო შემოწმების აქტში, რომლის საფუძველზე გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის 26.12.2022 წლის №32936 ბრძანება და 26.12.2022 წლის №125-20 საგადასახადო მოთხოვნა.

აღნიშნული აქტები 24.01.2023 წელს გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში, რომლის 9.08.2023 წლის №19676 ბრძანებით საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ:

- პირველ, მე-2 და მე-4 სადავო საკითხებთან (შემოწმებით განსაზღვრული მიწაზე ქონების გადასახადი, ხელფასის სახით განაცემებზე დარიცხული საშემოსავლო გადასახადის ოდენობა, ინვენტარიზაციის შედეგად გამოვლენილი აღურიცხველი ---ის ოდენობა და აღნიშნულზე განსაზღვრული ჯარიმა) დაკავშირებით, აუდიტის დეპარტამენტს დაევალა, გადასახადის გადამხდელის საჩივარში მითითებული არგუმენტების გათვალისწინებით, დამატებით შეისწავლოს სადავო საკითხები და შესწავლის შედეგებიდან გამომდინარე, სათანადო საფუძვლის არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების, მ.შ. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 286-ე მუხლის მე-4 ნაწილით დაკისრებული ჯარიმის კორექტირება (შემცირება);

- მე-3 სადავო საკითხთან (არარეზიდენტ კომპანიაზე გადახდილი თანხის გადახდის წყაროსთან საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრა) დაკავშირებით, აუდიტის დეპარტამენტს დაევალა, გადასახადის გადამხდელის საჩივარში მითითებული არგუმენტების და შემოსავლების სამსახურის უფროსის 2010 წლის 12 აგვისტოს №1475 ბრძანებით დამტკიცებული 2010 წლის 16 ნოემბრის №2507 სიტუაციური სახელმძღვანელოს გათვალისწინებით, დამატებით შეისწავლოს არარეზიდენტ კომპანიაზე საქონლის ტრანსპორტირების მომსახურებისთვის გადახდილი თანხის გადახდის წყაროსთან დაბეგვრის საკითხი და შესწავლის შედეგებიდან გამომდინარე, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება);

- დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდა.

შემოსავლების სამსახურის 9.08.2023 წლის №19676 ბრძანება, გადასახადის გადამხდელთან სააღრიცხვო დოკუმენტაციაში აღურიცხველი სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების გამოვლენის და დღგ-ის ჩასათვლელი თანხის კორექტირების ნაწილში დაკისრებული სანქციისაგან გათავისუფლების ნაწილში, გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.

საბჭოს 13.12.2023 წლის №20683/2/2023 (რეგ. 25.01.2024 წლის №--/---) გადაწყვეტილებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა.

შემოსავლების სამსახურის 9.08.2023 წლის №19676 ბრძანების აღსრულების შედეგად შედგენილია აუდიტის დეპარტამენტის 26.12.2023 წლის დასკვნა, რომლითაც შემცირდა შემოწმების შედეგად დარიცხული საგადასახადო ვალდებულება 2 879 ლარით, მათ შორის გადასახადი 2 104 ლარით და ჯარიმა 775 ლარით.

დასკვნაში მითითებულია, რომ შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შესაბამისად, გადაანგარიშების ეტაპზე მოხდა გადასახადის გადამხდელის მიერ წარდგენილი არგუმენტების გათვალისწინებით საკითხის დამატებით შესწავლა. შედეგად დადგინდა, რომ:

- მიწაზე ქონების გადასახადით დაბეგრილი ქონება ნამდვილად წარმოადგენს ჯამში 4 174 მეტრ ---ის ----ს და შემოწმების პროცესში შეცდომით იქნა ჩათვლილი 4 174 კმ2 ფართობად. აღნიშნულის გათვალისწინებით დაზუსტდა გადასახადის გადამხდელის მიერ მიწაზე ქონების გადასახადით დასაბეგრი ბაზა, რის შედეგადაც, საგადასახადო შემოწმებით მიწაზე ქონების გადასახადის ნაწილში დარიცხული თანხები დაექვემდებარა შემცირებას.

- საშემოსავლო გადასახადით დასაბეგრი ხელფასის სახით განაცემების გაანგარიშების საკითხზე გადასახადის გადამხდელს არ წარუდგენია საჩივარში მითითებული არგუმენტების რაიმე ტიპის დოკუმენტური დადასტურება ან გაანგარიშების ცხრილები. გადასახადის გადამხდელმა წარადგინა ზოგადი პოზიცია იმის თაობაზე, რომ კომპანიას აქვს საშემოსავლო გადასახადით დაბეგრილი წარმომადგენლობითი ხარჯები, ასევე, დირექტორის სწავლის ხარჯები, რომელიც კომპანიამ გასწია და ითხოვა საშემოსავლო გადასახადით დასაბეგრი ბაზის შემცირება აღნიშნული თანხებით. გამომდინარე იქიდან, რომ შემოწმების პროცესში აღნიშნული თანხები განხილული იქნა საშემოსავლო გადასახადით დასაბეგრ განაცემებად, რაც თვითონ გადამხდელსაც დაბეგრილი ჰქონდა საშემოსავლო გადასახადით, ასევე, აღნიშნულ ნაწილში არც საჩივარში და არც საჩივრის განხილვისას არ ყოფილა მსჯელობა,შესაბამისად, გადაანგარიშებით საშემოსავლო გადასახადის ნაწილში დამატებით დარიცხული თანხები არ დაექვემდებარა შემცირებას.

- არარეზიდენტ კომპანიაზე გადახდილი თანხის გადახდის წყაროსთან დაბეგვრის საკითხზე გადასახადის გადამხდელმა წარადგინა სს „------ის“ წერილი, რომლის მიხედვითაც, სს „-------ა“ პასუხობს, რომ 2019 წლიდან 2022 წლის ჩათვლით პერიოდში შპს „-------ს“ დაკვეთით განხორციელებული იქნა სარკინიგზო-სატვირთო გადაზიდვა 9 ვაგონზე სადგურ -----დან სადგურ ---ს მიმართულებით. აღნიშნული დოკუმენტით დგინდება, რომ არარეზიდენტმა კომპანიამ ტვირთი შემოიტანა საქართველოს ტერიტორიაზე სადგურ -------ში, ამასთან, საბაჟო დოკუმენტებში საქონლის მიწოდება ხორციელდება --------ი პირობით. შესაბამისად, სატრანსპორტო გადაზიდვის ვალდებულებას თავის თავზე იღებს შპს „--------ა“. ყოველივე ზემოაღნიშნული ფაქტობრივი გარემოების და შემოსავლების სამსახურის უფროსის 2010 წლის 16 ნოემბრის №2507 სიტუაციური სახელმძღვანელოს გათვალისწინებით, არარეზიდენტი კომპანიის მიერ გაწეული გადაზიდვის მომსახურების ღირებულების გადახდის წყაროსთან დაკავების ვალდებულება ეკისრებოდა შპს „----------ს“. შესაბამისად, აღნიშნულ საკითხში შემოწმების შედეგად დარიცხული თანხები არ დაექვემდებარა შემცირებას.

- ინვენტარიზაციის შედეგად გამოვლენილი აღურიცხველი ----ის ოდენობის საკითხში დამატებით განხორციელდა ინვენტარიზაციის მასალების და ბუღალტრული პროგრამის ანალიზი, შედეგად გასწორდა ტექნიკური ხარვეზი, რის გამოც ვლინდებოდა „----“-ის ზედმეტობა. შესაბამისად, გადაანგარიშების შედეგად შემცირდა შემოწმების შედეგად გამოვლენილ -------ზე დარიცხული ჯარიმა 565 ლარის ოდენობით.

დასკვნის საფუძველზე გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის 27.12.2023 წლის №33254 ბრძანება და ამავე თარიღის №125-53 საგადასახადო მოთხოვნა, რომელიც 2024 წლის 25, 26 იანვარს და 7 თებერვალს გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში, რომლის 22.03.2024 წლის №6289 ბრძანებით საჩივრები დაკმაყოფილდა ნაწილობრივ:

- პირველ სადავო საკითხთან დაკავშირებით:

ა) გადასახადის გადამხდელს მიეცა წინადადება ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს საჩივარში მითითებული არგუმენტაციის დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები;

ბ) ბრძანებით განსაზღვრულ ვადაში მტკიცებულებების წარდგენის შემთხვევაში, აუდიტის დეპარტამენტს დაევალა შეისწავლოს/გამოიკვლიოს წარდგენილი მტკიცებულებები და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება);

- მე-2 სადავო საკითხთან დაკავშირებით, აუდიტის დეპარტამენტს დაევალა შპს „-------ს“ მიერ არარეზიდენტ კომპანიაზე საქონლის ტრანსპორტირების მომსახურებისთვის გადახდილი თანხების გადახდის წყაროსთან დაბეგვრის საფუძველზე განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები დაუქვემდებაროს შემცირებას;

- დანარჩენ ნაწილში საჩივრები არ დაკმაყოფილდა.

შემოსავლების სამსახურის 22.03.2024 წლის №6289 ბრძანება გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.

 

შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი

პირველ სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, 61-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, მე-12 მუხლის მე-2 ნაწილზე, 81-ე მუხლის პირველ ნაწილზე, მე-100 მუხლის პირველ და მე-3 ნაწილებზე, 101-ე მუხლის პირველ ნაწილზე, 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტზე, ამავე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებზე, 43- ე მუხლის მე-4 ნაწილზე, ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლზე და ყურადღებას ამახვილებს გადასახადის გადამხდელის არგუმენტაციაზე, რომლის თანახმადაც, ხელფასების გადათვლის დროს, კომპანიის ხელმძღვანელობასთან აქტიური კომუნიკაციის შედეგად გაირკვა, რომ ტექნიკურად ხელფასად გადახურული თანხების ნაწილი რეალურად არის წარმომადგენლობითი და თანამშრომლების კვალიფიკაციის ასამაღლებელი ხარჯი. კომპანიის მხრიდან საჭიროების შემთხვევაში არსებობს სრული მზაობა ნებისმიერი საჭირო და შესაბამისი დოკუმენტის წარმოდგენის თაობაზე, რითაც დადასტურდება, რომ ეს ხარჯები ნამდვილად წარმომადგენლობითი ხარჯებია და თანამშრომელთა კვალიფიკაციის მიზნით იყო გაწეული.

ზემოაღნიშნული საკანონმდებლო ნორმების, საქმეში არსებული ფაქტობრივი გარემოებებისა და გადასახადის გადამხდელის არგუმენტაციის გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახური მიიჩნევს, რომ პირველ სადავო საკითხთან დაკავშირებით გადასახადის გადამხდელს უნდა მიეცა წინადადება, ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში, აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს საჩივარში მითითებული არგუმენტაციის დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები, ხოლო აუდიტის დეპარტამენტს უნდა დაევალოს დამატებით შეისწავლოს წარდგენილი მტკიცებულებები და შესწავლის შედეგებიდან გამომდინარე, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება).

მე-2 სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 104-ე მუხლის პირველი ნაწილის „ჟ“ ქვეპუნქტზე, მე-8 მუხლის 25-ე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტზე, 134-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ და „ე“ ქვეპუნქტებზე, 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტზე, 43-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტზე და ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლზე.

გადასახადის გადამხდელი აცხადებს, რომ კომპანია ----ი მომწოდებლისგან, ------ისგან, იღებს სარკინიგზო-სატრანსპორტო მომსახურებას, რომელიც ხორციელდება საქართველოს ტერიტორიის ფარგლებს გარეთ. კერძოდ, ------- მომსახურებას გასწევს --------ნის საზღვრამდე, შემდეგ ------ის ტერიტორიაზე გადაზიდვას ახორციელებს ------ის რკინიგზა, რომელსაც ტვირთი მოაქვს საქართველოს საზღვრამდე (საქართველოს ტერიტორიაზე გადაადგილებას უზრუნველყოფს სხვა სატრანსპორტო კომპანია). გამომდინარე იქიდან, რომ არარეზიდენტი სატრანსპორტო გადამზიდავის ინვოისებში ტექნიკურად წერია ----ის მიმართულება, შემოწმებისას აუდიტორმა მიიჩნია, რომ აღნიშნული მომსახურება იბეგრება გადახდის წყაროსთან. თუმცა, რეალურად, ტვირთი, რომლის გადაზიდვასაც ახორციელებს აღნიშნული არარეზიდენტი, მოდის საქართველოს საზღვრამდე, საიდანაც უკვე საქართველოს რკინიგზის მეშვეობით ჩამოდის ქ. -----ში. უნდა აღინიშნოს, რომ ----- საქართველოში არ გასწევს არანაირ ხარჯს. აღნიშნულიდან გამომდინარე, არარეზიდენტი პირისგან მიღებული გადაზიდვის მომსახურება არ განიხილება საქართველოს ტერიტორიაზე გაწეულ მომსახურებად და, შესაბამისად, არ ექვემდებარება საგადასახადო კოდექსის 134-ე მუხლის საფუძველზე დაბეგვრას.

გადაანგარიშების ეტაპზე შემოწმებას წარედგინა აღნიშნული არგუმენტაციის დამადასტურებელი მტკიცებულება, კერძოდ, საქართველოს რკინიგზის მიერ დადასტურებული დოკუმენტი, რომელშიც აღნიშნულია, რომ საქართველოს რკინიგზა ტვირთების გადაზიდვის საწყის წერტილად მიიჩნევს -----ის სარკინიგზო სადგურს (საერთაშორისო სარკინიგზო გადაზიდვების შესახებ ხელშეკრულების მიხედვით, გადაზიდვის დოკუმენტაციაში (---) საქართველოს რკინიგზა ფიზიკურად ვერ მიუთითებს სხვა ქვეყნის სარკინიგზო სადგურს), რომელსაც აქვს ორმაგი, როგორც საბაჟო პუნქტის სტატუსი, ასევე, სატვირთოს სტატუსი, რაც თავისთავად გულისხმობს, რომ -----ის სადგურამდე ტვირთი არ კვეთს სარკინიგზო სახელმწიფო საზღვარს, არამედ მოძრაობს ნეიტრალურ ზონაში (რაც საქართველოს რკინიგზის წარმომადგენლის ინფორმაციით, დასტურდება -----სარკინიგზო გადაზიდვის დოკუმენტის 22-ე გრაფით). გარდა ამისა, ------ის სადგურიდან ტვირთის წამოღება გულისხმობს, ორი კილომეტრის დაშორებით მდებარე -----ის სადგურზე საქართველოს რკინიგზის ელმავლის გადასვლას და იქ სატვირთო ვაგონების ჩაბმას, რადგან ტექნიკურად კონკრეტულად საქართველო -------ის საზღვარზე არ არის სპეციალური ჩიხები, სადაც შესაძლებელია ელმავალზე ტვირთის გადაბმა და წამოღება. საქართველოს რკინიგზის ელმავლის ფიზიკურად -------ის ტერიტორიაზე გადასვლა დასტურდება სარკინიგზო საგზაო ფურცლის 22-ე უჯრაში არსებული ჩანაწერით: „-------ი (ექსპორტ)“ ----იწერება -----დან ------მდე საერთაშორისო სარკინიგზო შეთანხმებით, 6 ფურცლად, სადაც 22-ე გრაფაში წერია ------ი ექსპორტი, რაც ნიშნავს ნეიტრალურ ტერიტორიაზე გადაზიდვას),ამასთანავე, საქართველოს რკინიგზის მიერ მომსახურების საფასურის გაანგარიშებისას -------ის ტერიტორიაზე გადაადგილების მანძილის გათვალისწინებით. ზემოაღნიშნული გარემოებებიდან გამომდინარე, გადასახადის გადამხდელი მიიჩნევს, რომ საერთაშორისო შეთანხმების შესაბამისად, ფორმალურად -----ის სადგურიდან -----ის მიმართულებით მითითებული ტვირთის მოძრაობა, ნეიტრალური ზონის ჩათვლით, უნდა განიხილებოდეს საქართველოს რკინიგზის მიერ განხორციელებულ გადაზიდვად. ამასთან, დაზუსტებულ საჩივარში მომჩივანი განმარტავს, რომ შეცდომით 2021 წლის ივლისის თვეში დაბეგრილი აქვს ---------ზე 31 484 ლარის განაცემი.

შემოსავლების სამსახური ყურადღებას ამახვილებს საქმეში არსებულ აუდიტის დეპარტამენტის წერილზე, რომლითაც სს „--------ს“ ეთხოვა წარედგინა ინფორმაცია შემდეგ საკითხთან დაკავშირებით: 2019 წლის 19 აპრილიდან 2022 წლის 20 აპრილამდე პერიოდში სს „---------ის“ მიერ შპს „--------სთვის“ გაწეული სარკინიგზო-სატვირთო მომსახურებების ფარგლებში რომელი სარკინიგზო სადგურიდან განხორციელდა ტვირთის გადმოზიდვა, სადგურ „------დან“ თუ -------ის სადგურიდან.

აღნიშნულთან დაკავშირებით სს „-------ის“ მიერ 2024 წლის 22 თებერვალს წარმოდგენილი წერილით ირკვევა: „--------ის ფარგლებში პარტნიორი ------ის სარკინიგზო ადმინისტრაციიდან მოსული ტვირთის მიღება საქართველოს რკინიგზის მიერ ხორციელდება სადგურ ------ში, -------სა და საქართველოს რკინიგზებს შორის არსებული შეთანხმების საფუძველზე“.

ზემოხსენებული სამართლებრივი ნორმების, დადგენილი ფაქტობრივი გარემოებებისა და საქმეში არსებული მასალების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახური მიიჩნევს, რომ, ვინაიდან, საგადასახადო კოდექსის 104-ე მუხლის შესაბამისად, არ დასტურდება არარეზიდენტი კომპანიის მიერ საქართველოში არსებული წყაროდან მიღებული შემოსავლის მიღების ფაქტი, უნდა დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს არარეზიდენტ კომპანიაზე საქონლის ტრანსპორტირების მომსახურებისთვის გადახდილი თანხების გადახდის წყაროსთან დაბეგვრის საფუძველზე განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები დაუქვემდებაროს შემცირებას.

მე-3 და მე-4 სადავო საკითხებთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ გადასახადის გადამხდელის მიერ აღნიშნული საკითხები არ ყოფილა გასაჩივრებული პირვანდელი საჩივრით (გადასახადის გადამხდელის მოთხოვნას ამ ნაწილებში წარმოადგენდა სანქციისგან გათავისუფლება), შესაბამისად, არ ყოფილა დავალებული შესასრულებლად აუდიტის დეპარტამენტისთვის. აღნიშნულიდან გამომდინარე, გასაჩივრებული ადმინისტრაციული აქტის შინაარსი ამ ნაწილებში შეესაბამება დავის განხილვისას მიღებულ გადაწყვეტილებას და არ არსებობს საჩივრების დაკმაყოფილების საფუძველი.

 

მომჩივნის არგუმენტაცია

შემოსავლების სამსახურში წარდგენილ საჩივრებში წარდგენილი იყო დამატებით ორი საკითხი, რომლებიც არ უკავშირდებოდა საგადასახდო მოთხოვნის კორექტირებას, თუმცა იყო თავდაპირველ საგადასახადო მოთხოვნის გასაჩივრებები (საქმის ნომრით: ----/1/2023 და ----/1/2024) და რომლებზეც აღმოჩნდა ისეთი ახალი გარემოებები, რომლებიც კომპანიის რწმენით გამოიწვევს სანქციების მნიშვნელოვნად შემცირებას/მოხსნას. მიუხედავად იმისა, რომ დამატებით წარადგინა საფუძვლიანი გარემოებები, შემოსავლების სამსახურმა უარი განაცხადა მათ განხილვაზე, რადგან თავდაპირველ საჩივარში არ იყო აღნიშნული საკითხები.

საგადასახდო კოდექსის 299-ე მუხლის მე-6 ნაწილის და 308-ე მუხლის პირველი ნაწილის გათვალისწინებით მიაჩნია, რომ უფლება აქვს წარდგენილი ახალი გარემოებები მხედველობაში მიღებულ იქნას სადავო საკითხების განხილვის დროს. საკითხები რომლებზეც წარადგინა ახალი გარემოებები არის შემდეგი:

1. საქონლის ინვენტარიზაციის შედეგად გამოვლენილია აღურიცხველი საქონელი, კერძოდ,-----ი (4,792 კილოგრამი ზედმეტობა).

ახალი გარემოება: აღნიშულ საკითხთან დაკავშირებით, აუდიტორის მიერ გამოგზავნილი ინვენტარიზაციით გამოვლენილი ნაშთების კომპანიის პროგრამულ ბაზასთან შედარებისას (მანამდე ტექნიკური ხარვეზების გამო, კერძოდ მიმდინარედ განახლებული პროგრამის ვერსიისა და აუდიტორთან გადაგზავნილი ბაზის მოძველებული ვერსიის შეუსაბამობის გამო) აღმოჩნდა, რომ აუდიტორს დაშვებული აქვს ტექნიკური შეცდომა და ნაშთებს შორის სხვაობა დაფიქსირებული აქვს უფრო მეტი ვიდრე რეალურად არის. ამასთან, გამოვლენილი სხვაობა არის კონკრეტული საქონლის რაოდენობის 2%- ზე ნაკლები (კერძოდ 1.7%). შესაბამისად, საგადასახადო კოდექსის 286-ე მუხლის მე-10 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის მიხედვით, სააღრიცხვო დოკუმენტაციაში აღურიცხველი სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ზედმეტობის ან/და დანაკლისის ოდენობა ამავე სახის აღრიცხული სასაქონლომატერიალური ფასეულობების 2 პროცენტს არ აღემატება მაშინ ზედმეტობა არ ექვემდებარება დასანქცირებას. გამომდინარე აქედან, ამ ნაწილში აღნიშნულ სასაქონლო მატერიალური მარაგის ზედმეტობაზე არ ეკუთვნის სანქცია. გარდა ამისა, უნდა აღინიშნოს, რომ მოცემული საქონლის ოდენობის მაღალი სიზუსტით განსაზღვრა შეუძლებელია, რადგან ავზები არის ძალიან დიდი მოცულობის (ჯამში 380 ტონიანი ავზი) და შიგნით არსებული სითხის მოცულობა იცვლება გარე ტემპერატურის ცვლილებასთან ერთად. ასევე, რადგან ადგილობრივ ბაზარზე ეს სითხე არ იყიდება, მხოლოდ კომპანია ახორციელებს მის იმპორტს და იყენებს საქმიანობაში (არ ახორციელებს პირდაპირ რეალიზაციას, იყენებს მხოლოდ წარმოებაში) და რადგან სხვა გამოყენება ამ სითხეს არ გააჩნია, ინტერესიც არ არის სხვა მხარის მიერ ამ სითხის მითვისებაზე ან სხვა მხრივ რაიმე დანიშნულებით გამოყენებაზე, შესაბამისად არ არსებობს მიზეზი რის გამოც ნაშთები შეიძლება არ ემთხვეოდეს ერთმანეთს.

2. აუდიტორმა შემოწმებისას გამოავლინა, რომ კომპანიის მიერ შპს ------სთვის გადახდილი აქვს ავანსი რაზეც გამოწერილია ავანსის ანგარიშ-ფაქტურა და ჩათვლილი აქვს 34 322.03 ლარის დღგ. ამასთან, შესაბამისი ავანსის მიწოდებების ნაწილზე, ტექნიკური ხარვეზის გამო, ასევე ჩათვლილია 19 222.77 ლარის დღგ (ავანსების შედარების აქტის შესაბამისად). თუმცა, მას შემდეგ რაც კომპანიამ აღმოაჩინა დაშვებული ტექნიკური შეცდომა, 2022 წლის სექტემბრის თვეში (ტექნიკურად ვერ მოხერხდა სწორი პერიოდების მიხედვით დეკლარაციების დაზუსტება, რადგან საგადასახადო შემოწმება უკვე დაწყებული იყო) ჩათვლებიდან ამოიღო მანამდე ჩათვლილი დღგ 19 222.77 ლარის ოდენობით. აქედან გამომდინარე გამოდის, რომ დარღვეულია დღგ-ის ჩათვლის პერიოდი. აღნიშნულთან დაკავშირებით მაშინვე ეცნობა საგადასახდო აუდიტორსაც, თუმცა მისი განმარტებით, რადგან 2022 წლის სექტემბრის თვე შესამოწმებელ პერიოდს არ ეკუთვნოდა, არ გაითვალისწინა კომპანიის მხრიდან დეკლარაციის დაზუსტების და გადასახადის აღდგენის ფაქტი, რის შედეგადაც, შემოწმების აქტში დააფიქსირა ზედმეტად ჩათვლილი გადასახადი და არა სხვა პერიოდში გადასახადის ჩათვლა. კომპანიას ბუღალტრულ მომსახურებას უწევს აუთსორს კომპანია, რომელმაც რამდენჯერმე შეცვალა შპს -----თის მომსახურე ბუღალტერი რა დროსაც, ერთ-ერთი ცვლილებისას დაიკარგა ინფორმაცია კომპანიის მიერ გადახდილ ავანსზე ჩათვლილი დღგ-ის შესახებ (ტექნიკურად აღრიცხვა ხდებოდა პროგრამა „-----ში“ და რადგან ------ის --------თან ურთიერთობა მოიცავს როგორც მათგან საქონლის შესყიდვას, ასევე მათ მიერ კომპანიის საქონლის შესყიდვას, პროგრამულად ორი ბარათი იყო გახსნილი 1410 (დებიტორები) და 3110 (კრედიტორები) რომელთა შორისაც ხდებოდა ხელით ანგარიშებს შორის გადახურვა, ყოველი შედარების დროს, რამაც გამოიწვია ის, რომ პროგრამა „----ამ“ სწორად ვერ აღიქვა ავანსის ოპერაცია და არ გამოყო ცალკე ანგარიშზე ავანსი, შესაბამისად ამ ორი ბარათის სრულად დეტალურად გავლის გარეშე ახალ ბუღალტერს არ უჩანდა პროგრამულად გაცემული ავანსი და მასზე ჩათვლილი დღგ), რამაც გამოიწვია აღნიშნული შეცდომა რომ გადახდილ ავანსის ნაწილზე მიმდინარედ არ ხდებოდა ძველი ავანსის თანხის გამოქვითვა ჩასათვლელი თანხიდან, თუმცა როგორც კი მოხდა შეცდომის აღმოჩენა, მაშინვე მოხდა დეკლარაციის კორექტირება (ჩათვლის ჯამურად ამოღება) მიმდინარე თვეში (2022 წლის სექტემბერი).

დღგ-ის გადასახადის ზედმეტად ჩათვლების ნაწილის გადათვლისას გამოვლინდა შემდეგი ახალი გარემოება: აუდიტორის მიერ შემოწმების აქტში მითითებულია, რომ დღგ-ის ნაწილში გამოვლენილი დარიცხვები გამოწვეულია მხოლოდ მიღებული ავანსის ანგარიშ-ფაქტურების და მასთან დაკავშირებული მთავარი ფაქტურების ზედმეტად ჩათვლის გამო, რაც არ შეესაბამება სიმართლეს, რადგან შესამოწმებელ პერიოდში, კომპანიას გადახდილი აქვს 261 314.23 ლარი ავანსად, აქედან 39861,48 ლარის დღგ. ამ თანხიდან სწორ პერიოდში ჩათვლილია 15 312.39 დღგ, შესაბამისად პერიოდის აცდენით ჩათვლილი დღგ შეადგენს 24 549.09 ლარს, ხოლო აუდიტორის მიერ გაანგარიშებული შესაბამისი ციფრი შეადგენს 25 648 ლარს. გამომდინარე იქიდან, რომ ფიზიკურად 2 490,09 ლარზე მეტი ავანსის დღგ-ის ჩათვლა განსხვავებულ პერიოდზე ვერ ექნებოდა, აუდიტორის მიერ გაანგარიშებული დარიცხვა არასწორია.

საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის მიხედვით და იმის გათვალისწინებით, რომ არ აპირებდა კუთვნილი გადასახადების გადახდისგან თავის არიდებას, თვლის, რომ კომპანიის მხრიდან მოხდა სამართალდარღვევის ჩადენა, იგი გამოწვეულია კომპანიის მიერ დაშვებული შეცდომით, რომ მოქმედებდა იმ რწმენით, რომ ქმედება არ იყო მართლსაწინააღმდეგო და არ მოახდენდა კუთვნილი გადასახადებისგან თავის არიდებას, ხოლო მოტივაცია იყო ბიუჯეტისთვის არ მიეყენებინა ზარალი. კომპანიის გააზრებით გადასახადის გადამხდელის კეთილსინდისიერება გულისხმობს პირის სუბიექტურ დამოკიდებულებას მის მიერ ჩადენილი ქმედებისადმი, პირს სწამს, რომ მისი ქმედება არ არის მართლსაწინააღმდეგო და აქვს მოტივაცია სრულად მოახდინოს ბიუჯეტთან მისი კუთვნილი გადასახადების გადახდა, რაც დასტურდება კომპანიის ქმედებებში.

ითხოვს ახალი გარემოებების გათვალისწინებით და საგადასახადო კოდექსის 286-ე მუხლის 10-ე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის საფუძველზე სრულად მოეხსნას გამოვლენილ აღურიცხველ საქონელზე დაკისრებული ჯარიმა 5 797 ლარის ოდენობით ან საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის მიხედვით, როგორც კეთილსინდისიერი გადასახადის გადამხდელს, მოეხსნას ჯარიმა სრულად. ასევე, ახალი გარემოებების გათვალისწინებით ამ ოპერაციაზე გავრცელდეს პერიოდის ცვლილების სანქცია (10%), ნაცვლად შემცირებული გადასახადის სანქციისა (50%) და შესაბამისად შემცირდეს ზედმეტად ჩათვლის გამო დარიცხული ჯარიმა 10 399 ლარი ან თავიდან დათვლილ იქნას დარიცხული სანქციები დღგ-ის ნაწილში ან საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის მიხედვით, როგორც კეთილსინდისიერი გადასახადის გადამხდელს, მოეხსნას ჯარიმა სრულად.

 

დავების განხილვის საბჭო

მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

მომჩივანი არგუმენტს შემოსავლების სამსახურის 9.08.2023 წლის №19676 ბრძანების არასწორად/არასრულად აღსრულებაზე არ წარმოადგენს და აუდიტის დეპარტამენტის 26.12.2023 წლის გადაანგარიშების შედეგებს ეთანხმება.

საგადასახადო კოდექსის 308-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების თანახმად:

1. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სისტემაში დავის განახლება დასაშვებია მხოლოდ ახლად აღმოჩენილი ან ახლად გამოვლენილი გარემოების შემთხვევაში, გადაწყვეტილების მიღებიდან 6 წლის ვადაში.

3. მომჩივანი ახლად აღმოჩენილი ან ახლად გამოვლენილი გარემოებით მიმართავს დავის განმხილველ ბოლო ორგანოს, რომელმაც არსებითად იმსჯელა მომჩივნის მიერ მითითებულ დავის საგანზე.

საგადასახადო კოდექსის 299-ე მუხლის მე-6 და მე-7 ნაწილების მიხედვით:

6. 30 დღიანი ვადის გასვლის შემდეგ დავის დაწყება დასაშვებია ახლად აღმოჩენილი ან ახლად გამოვლენილი გარემოებების ან მტკიცებულებების საფუძვლით.

7. ახლად აღმოჩენილად ან ახლად გამოვლენილად ჩაითვლება ისეთი გარემოებები ან მტკიცებულებები, რომლებიც მომჩივანმა არ იცოდა და არ შეეძლო სცოდნოდა მისთვის არასასურველი გადაწყვეტილების მიღებამდე და რომელთა დროულად წარდგენა გამოიწვევდა მომჩივნისათვის ხელსაყრელი გადაწყვეტილების მიღებას.

საბჭოს სხდომაზე საჩივრის ზეპირი განხილვისას მომჩივნის წარმომადგენლებმა განმარტეს, რომ საგადასახდო კოდექსის 299-ე მუხლის მე-6 ნაწილის და 308-ე მუხლის პირველი ნაწილის გათვალისწინებით საკითხები რომლებზეც წარმოადგენენ ახალ გარემოებებს არის შემდეგი:

- საქონლის ინვენტარიზაციის შედეგად გამოვლენილ აღურიცხველ საქონელზე, კერძოდ, საჟღენთი ზეთთან (4,792 კილოგრამი ზედმეტობა) დაკავშირებით, აუდიტორის მიერ გამოგზავნილი ინვენტარიზაციით გამოვლენილი ნაშთების კომპანიის პროგრამულ ბაზასთან შედარებისას (მანამდე ტექნიკური ხარვეზების გამო, კერძოდ მიმდინარედ განახლებული პროგრამის ვერსიისა და აუდიტორთან გადაგზავნილი ბაზის მოძველებული ვერსიის შეუსაბამობის გამო) აღმოჩნდა, რომ აუდიტორს დაშვებული აქვს ტექნიკური შეცდომა და ნაშთებს შორის სხვაობა დაფიქსირებული აქვს უფრო მეტი ვიდრე რეალურად არის. ამასთან, გამოვლენილი სხვაობა არის კონკრეტული საქონლის რაოდენობის 2%- ზე ნაკლები (კერძოდ 1.7%). შესაბამისად, საგადასახადო კოდექსის 286-ე მუხლის მე-10 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის მიხედვით ზედმეტობა არ ექვემდებარება დასანქცირებას. გამომდინარე აქედან, ამ ნაწილში აღნიშნულ სასაქონლო მატერიალური მარაგის ზედმეტობაზე არ ეკუთვნის სანქცია.

- აუდიტორის მიერ მითითებულია, რომ დღგ-ის ნაწილში გამოვლენილი დარიცხვები გამოწვეულია მხოლოდ მიღებული ავანსის ანგარიშ-ფაქტურების და მასთან დაკავშირებული მთავარი ფაქტურების ზედმეტად ჩათვლის გამო, რაც არ შეესაბამება სიმართლეს, რადგან შესამოწმებელ პერიოდში, კომპანიას გადახდილი აქვს 261 314.23 ლარი ავანსად, აქედან 39861,48 ლარის დღგ. ამ თანხიდან სწორ პერიოდში ჩათვლილია 15 312.39 დღგ, შესაბამისად პერიოდის აცდენით ჩათვლილი დღგ შეადგენს 24 549.09 ლარს, ხოლო აუდიტორის მიერ გაანგარიშებული შესაბამისი ციფრი შეადგენს 25 648 ლარს. გამომდინარე იქიდან, რომ ფიზიკურად 2 490,09 ლარზე მეტი ავანსის დღგ-ის ჩათვლა განსხვავებულ პერიოდზე ვერ ექნებოდა, აუდიტორის მიერ გაანგარიშებული დარიცხვა არასწორია.

მომჩივანი მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 299-ე მუხლის მე-6 ნაწილზე, რაზეც საბჭო აღნიშნავს, რომ დავის დაწყების საფუძველი არ იკვეთება ვინაიდან აღნიშნული საკითხები მომჩივნის მიერ სადავოდ იყო გამხდარი საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში წარმოდგენილ 28.08.2023 წლის საჩივრით.

რაც შეეხება, დავის განახლებას, საბჭო მიუთითებს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოს 13.12.2023 წლის №20683/2/2023 (რეგ. 25.01.2024 წლის №---/-----) გადაწყვეტილებაში ასახულ მომჩივნის არგუმენტებზე, რომლის მიხედვით:

საქონლის ინვენტარიზაციის შედეგად გამოვლენილია აღურიცხველი საქონელი, კერძოდ, საჟღენთი ზეთი (4,792 კილოგრამი ზედმეტობა). მოცემული საქონლის ოდენობის მაღალი სიზუსტით განსაზღვრა შეუძლებელია, რადგან ავზები არის ძალიან დიდი მოცულობის (ჯამში 380 ტონიანი ავზი) და შიგნით არსებული სითხის მოცულობა იცვლება გარე ტემპერატურის ცვლილებასთან ერთად. შესაბამისად, რადგან გამოვლინდა 3%-მდე სხვაობა ინვენტარიზაციისა და ბუღალტრულ ნაშთს შორის, ლოგიკურად დასაშვებია და შეუძლებელია, რომ ექსპერტს, რომელიც ითვლიდა სითხის მოცულობას, ზუსტად განესაზღვრა ავზებში დარჩენილი ნაშთის ოდენობა. გამოვლენილი ზედმეტობა შეადგენს საერთო მოცულობის 3%-ზე ნაკლებს, გამომდინარე იქიდან რომ ზეთი ინახება დიდი მოცულობის ავზში, რთულია მისი ნაშთის კონტროლი და მისი ტექნიკური მახასიათებლების მიხედვით 3%-იანი სხვაობა სრულიად დასაშვებია.

კომპანიას ბუღალტრულ მომსახურებას უწევს აუთსორს კომპანია, რომელმაც რამდენჯერმე შეცვალა მომსახურე ბუღალტერი რა დროსაც, ერთ-ერთი ცვლილებისას დაიკარგა ინფორმაცია კომპანიის მიერ გადახდილ ავანსზე ჩათვლილი დღგ-ის შესახებ (ტექნიკურად აღრიცხვა ხდებოდა პროგრამა ფინაში და რადგან შპს „---------სთან“ ურთიერთობა მოიცავს, როგორც მათგან საქონლის შესყიდვას, ასევე მათ მიერ კომპანიის საქონლის შესყიდვას, პროგრამულად ორი ბარათი იყო გახსნილი 1410 (დებიტორები) და 3110 (კრედიტორები) რომელთა შორისაც ხდებოდა ხელით ანგარიშებს შორის გადახურვა, ყოველი შედარების დროს, რამაც გამოიწვია ის, რომ პროგრამა ფინამ სწორად ვერ აღიქვა ავანსის ოპერაცია და არ გამოყო ცალკე ანგარიშზე ავანსი, შესაბამისად ამ ორი ბარათის სრულად დეტალურად გავლის გარეშე ახალ ბუღალტერს არ უჩანდა პროგრამულად გაცემული ავანსი და მასზე ჩათვლილი დღგ), რამაც გამოიწვია აღნიშნული შეცდომა რომ გადახდილ ავანსის ნაწილზე მიმდინარედ არ ხდებოდა ძველი ავანსის თანხის გამოქვითვა ჩასათვლელი თანხიდან, თუმცა როგორც კი მოხდა შეცდომის აღმოჩენა, მაშინვე მოხდა დეკლარაციის კორექტირება (ჩათვლის ჯამურად ამოღება) მიმდინარე თვეში (2022 წლის სექტემბერი).

მომჩივნის არგუმენტებთან დაკავშირებით წარმოდგენილი აუდიტის დეპარტამენტის 18.04.2024 წლის №------21-14 ინფორმაციით:

გაუგებარია გადამხდელი რას მიიჩნევს ახლად აღმოჩენილ გარემოებად, რადგან აღნიშნული საკითხის დამატებით შესწავლა და ტექნიკური ხარვეზის გასწორება განხორციელდა, რაც აისახა 26.12.2023 წლის დასკვნაში, ხოლო სხვა ფაქტობრივი გარემოებები რაც მოყვანილი აქვს გადამხდელს არგუმენტად ყველა დავის ეტაპზე იყო წარდგენილი და განხილული. მეორე ნაწილში გაუგებარია გადამხდელი რას მიიჩნევს ახლად აღმოჩენილ გარემოებად, რადგან გადამხდელი განმარტავს რომ შემოწმების საკითხში მითითებულია რომ დღგ-ის ნაწილში გამოვლენილი დარიცხვები გამოწვეულია მხოლოდ მიღებული ავანსის ანგარიშ-ფაქტურების და მასთან დაკავშირებული საბოლოო ანგარიშფაქტურების ზედმეტად ჩათვლის გამო, რაც არ შეესაბამება სიმართლეს, რადგან აქტში მითითებულია რომ გამოვლინდა სხვაობები გადამხდელის დეკლარირებულ დღგ-ის ჩასათვლელ თანხებსა და შემოწმების შედეგად დადგენილ ჩასათვლელ თანხებს შორის, რომლის ძირითადი გამომწვევი მიზეზია ავანსისა და „ეა“ სერიის ანგარიშ-ფაქტურების ჩათვლა და აქტში არსად არ არის მითითებული, რომ სხვაობების გამომწვევი მიზეზი არის მხოლოდ ავანსის და „ეა“ ანგარიშ-ფაქტურების ჩათვლა.

საბჭო განმარტავს, რომ საჩივარში მითითებული გარემოებები არ წარმოადგენს ახლად აღმოჩენილ ან ახლად გამოვლენილ გარემოებას, რომელიც შეიძლება გახდეს დავის განახლების საფუძველი საგადასახადო კოდექსის 308-ე მუხლის პირველი ნაწილის გათვალისწინებით.

ზემოაღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით, საბჭოს მიაჩნია, რომ არ არსებობს მომჩივნის არგუმენტების გათვალისწინების და ახლად აღმოჩენილი/გამოვლენილი გარემოებების ან მტკიცებულებების საფუძვლით დავის განახლების საფუძველი.

 

საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:

 

1. საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი

შემოსავლების სამსახურის №19676 ბრძანების აღსრულების შედეგებზე დავის განახლება ახლად აღმოჩენილი ან ახლად გამოვლენილი გარემოების გამო.

 

ფაქტობრივი გარემოებები

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის წერილის და დადგენილების საფუძველზე აუდიტის დეპარტამენტის მიერ ჩატარდა მომჩივნის საქმიანობის 19.04.2019 წლიდან 19.04.2022 წლამდე პერიოდის კამერალური საგადასახადო შემოწმება. შემოწმების შედეგები აისახა საგადასახადო შემოწმების აქტში, რომლის საფუძველზე გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის №32936 ბრძანება და №125-20 საგადასახადო მოთხოვნა.აღნიშნული აქტები გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში, რომლის №19676 ბრძანებით საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ.

შემოსავლების სამსახურის №19676 ბრძანება, გადასახადის გადამხდელთან სააღრიცხვო დოკუმენტაციაში აღურიცხველი სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების გამოვლენის და დღგ-ის ჩასათვლელი თანხის კორექტირების ნაწილში დაკისრებული სანქციისაგან გათავისუფლების ნაწილში, გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.საბჭოს №20683/2/2023 გადაწყვეტილებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა.

შემოსავლების სამსახურის №19676 ბრძანების აღსრულების შედეგად შედგენილია აუდიტის დეპარტამენტის დასკვნა, რომლითაც შემცირდა შემოწმების შედეგად დარიცხული საგადასახადო ვალდებულება 2 879 ლარით.დასკვნის საფუძველზე გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის №33254 ბრძანება და №125-53 საგადასახადო მოთხოვნა, რომელიც 2024 წლის 25, 26 იანვარს და 7 თებერვალს გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში, რომლის №6289 ბრძანებით საჩივრები დაკმაყოფილდა ნაწილობრივ.შემოსავლების სამსახურის №6289 ბრძანება გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.

 

გადაწყვეტილება

საბჭო განმარტავს, რომ საჩივარში მითითებული გარემოებები არ წარმოადგენს ახლად აღმოჩენილ ან ახლად გამოვლენილ გარემოებას, რომელიც შეიძლება გახდეს დავის განახლების საფუძველი საგადასახადო კოდექსის 308-ე მუხლის პირველი ნაწილის გათვალისწინებით.

ზემოაღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით, საბჭოს მიაჩნია, რომ არ არსებობს მომჩივნის არგუმენტების გათვალისწინების და ახლად აღმოჩენილი/გამოვლენილი გარემოებების ან მტკიცებულებების საფუძვლით დავის განახლების საფუძველი.

 

დასაბუთება

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 299(6 7) ; 308(1.2);