საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება N 3/199-23
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
საქმე N 3/199-23
26 ოქტომბერი 2023 წელი
გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
ქ. ქუთაისი
შესავალი ნაწილი
ქუთაისის საქალაქო სასამართლო
მოსამართლე ციცინო კიკვაძე
სხდომის მდივანი ია დვალიშვილი
მოსარჩელე - -----;
მოპასუხე - სსიპ შემოსავლების სამსახური;
წარმომადგენელი - -----;
მოპასუხე - ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭო;
წარმომადგენელი ------;
დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობა;
აღწერილობითი ნაწილი
1. სასარჩელო მოთხოვნა.
1.1. ბათილად იქნას ცნობილი სსიპ შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 2021 წლის 08 ივნისის N 17989 ბრძანება და საგადასახადო მოთხოვნა N 047-28;
1.2. ბათილად იქნას ცნობილი სსიპ შემოსავლების სამსახურის 2021 წლის 3 აგვისტოს N 25522 ბრძანება.
1.3. ბათილად იქნას ცნობილი საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განილვის საბჭოს 2021 წლის 23 სექტემბრის N 4395/2/2021 გადაწყვეტილება; სარჩელის თანახმად, თბილისის სააპელაციო სასამართლოს 21/09/2020 წლის გადაწყვეტილებით, მოსარჩელე ----- სარჩელი დაკმაყოფილდა, ნაწილობრივ ბათილად იქნა ცნობილი სსიპ შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 2018 წლის 21 ივნისის N გბ 85398 საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმი, იმავე სამსახურის 2018 წლის 03 აგვისტოს N 20726 ბრძანება და ფინანსთა სამინისტროს დავების განხილვის საბჭოს 2018 წლის 30 ოქტომბრის გადაწყვეტილება. შემოსავლების სამსახურს დაევალა საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების საფუძვლიანი გამოკვლევის შედეგად დაედგინა, კონკრეტულად საქმესთან დაკავშირებული ტვირთი (ხე მასალა), იყო თუ არა განკუთვნილი ეკონომიკური საქმიანობისათვის, თუ მისი გადაზიდვა ხდებოდა საკუთარი მოხმარებისათვის, საკუთარ ეზოში. ამდენად, შემოსავლების სამსახურს უნდა ჩაეტარებინა სრულფასოვანი მოკვლევა, შესაბამის სატრანსპორტო სასაქონლო ზედნადებში მითითებული ტვირთის გადაზიდვა ხდებოდა სამეწარმეო საქმიანობის მიზნებისთვის, თუ მოსარჩელის პირადი მოხმარებისათვის სახლის მშენებლობისთვის. შემოსავლების სამსახურის მონიტორინგის დეპარტამენტმა არ შეასრულა სასამართლოს მითითებები, მან არ გამოიკვლია საქმესთან დაკავშირებული კონკრეტული ტვირთის დანიშნულების საკითხი, მოსარჩელისათვის არ მოუთხოვია დამატებითი მტკიცებულებები და არც მიიწვია საქმის არსებით განხილვაზე. მოპასუხე მხარემ ისევ ვარაუდებზე დაყრდნობით მიიღო ახალი გადაწყვეტილება და იგივე საფუძვლებით ცდილობს მის დაჯარიმებას. საქმეში არსებული (მის მიერ გამოწერილი) ზედნადებით დასტურდება, რომ ტვირთის დანიშნულების ადგილი იყო ----- რაიონის სოფელი ----- (მოსარჩელის მამაპაპისეული საკარმიდამო ეზო, სადაც აშენებდა სახლს) და თუ არა ამ ხე-მასალის პირადი მოხმარებისათვის შეძენა-გადაზიდვა, რატომ წაიღებდა მას სოფლის საკარმიდამოში და რატომ არ წაიღებდა სხვა მომხმარებელთან, სავარაუდო შემძენთან ან სამეწარმეო საქმიანობისათვის დამახასიათებელ სხვა ადგილზე. ამავე დროს, ნამდვილად აშენებდა თუ არა სახლს სოფელში და ესაჭიროებოდა თუ არა ამ სახის მასალა, ადვილად შეეძლო გამოეკვლია და დაედგინა შემოსავლების სამსახურს.
2. მოპასუხეთა პოზიცია:
2.1. სსიპ შემოსავლების სამსახურის და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს დავების განხილვის საბჭოს წარმომადგენლებმა წერილობით შესაგებლით და სხდომაზე მიცემული ახსნა-განმარტებით სარჩელი არ ცნეს.
3. ფაქტობრივი გარემოებები:
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები
3.1.1. მოსარჩელე ----- ცხოვრობს ----- რაიონის სოფელი -----.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- იხ. ცნობა, სარჩელი და მხარეთა ახსნა - განმარტება (ს.ფ.101, 2-12;)
3.1.2. 2018 წლის 04 მაისის მიღება-ჩაბარების აქტით, სსიპ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს დასავლეთ საქართველოს რეგიონული სამმართველოს მთავარ სპეციალისტს ----- და ----- შორის გაფორმდა ელექტრონული აუქციონის (ინტერნეტ-აუქციონი) ფორმით რეალიზებული ქონების გადაცემის შესახებ მიღება-ჩატარების აქტი. ----- გადაეცა ნაძვის ჯიშის სამასალე მორები, რომელიც რაოდენობრივად არის 8 ცალი, 9,89 მ3 მოცულობის, განთავსებული ღია ცის ქვეშ და განიცდის კლიმატურ ზემოქმედებას, აღენიშნება სოკოვანი დაავადების კვალი, პარამეტრებია სიგრძე და წვრილი თავის დიამეტრი 1) 6,12მX0,76მ; 2) 6,08მX0,48მ; 3) 6,08მX0,33მ; 4) 6,03მX0,44მ; 5) 5,48მX0,42მ; 6) 6,128X0,58მ; 7) 6,180X0,35მ; 8) 6,1მX0,35მ.
2018 წლის 23 მაისის მიღება - ჩაბარების აქტის მიხედვით, სსიპ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს ----- უფროსმა სპეციალისტმა ----- და სსიპ საქართველოს ფინანსთა სამინსიტროს მომსახურების სააგენტოს 15.05.2018წ-21.05.2018წ (ლოტი N2) ინტერნეტ აუქციონში გამარჯვებულმა ფ/პ ----- შეადგინეს წინამდებარე აქტი შემდეგზე: ----- გადასცა, ხოლო ----- მიიღო ზემოთ აღნიშნულ აუქციონზე შეძენილი ქონება დანართი N1 მიხედვით. აღნიშნული აქტის შენიშვნის თანახმად, მერქანი დარჩა გადაცემის ადგილას. ---- განემარტა, რომ აღნიშნული მერქნის ტრანსპორტირება და გამოყენება საჭიროებდა კანონმდებლობით დადგენილი წესით გათვალისწინებულ პროცედურებს, სსიპ ეროვნულ სატყეო სააგენტოსთან შეთანხმებით. აღნიშნული მასალის მახასიათებლებია: 1) ფიჭვის მორი 0,17მ3, 3 მეტრი სიგრძის 1 ცალი სამასალე მორი; 2) ფიჭვის მორი 0,42მ3, 6 მეტრი სიგრძის 1 ცალი სამასალე მორი; 3) ნაძვის მორი 0,26მ3, 6 მეტრი სიგრძის სხვადასხვა სორტიმენტის, ნაწილობრივ ჩამოუგანავი ფიცარი; 4) დახერხილი ხის მასალა 0,5მ3, 6 მეტრი სიგრძის სხვადასხვა სორტიმენტის, ნაწილობრივ ჩამოუგანავი ფიცარი; 5) დახერხილი ხის მასალა 0,04მ3, 3 მეტრი სიგრძის სხვადასხვა სორტიმენტის, ნაწილობრივ ჩამოუგანავი ფიცარი; 6) დახერხილი ხის მასალა 0,348მ3, 6 მეტრი სიგრძის ორი მხრიდან ჩამოხერხილი 1 ცალი ძელი 0,20X0,29X6. აღნიშნული ხის მორები და მასალა განთავსებული იყო ბორჯომის რაიონის სოფელ ----- და -----
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
2018 წლის 04 მაისის მიღება-ჩაბარების აქტი (ს.ფ. 159);
2018 წლის 23 მაისის მიღება-ჩაბარების აქტი (ს.ფ. 157-158);
3.1.3. დადგენილია, რომ 2018 წლის 23 მაისს, 16:22 საათზე ----- გამოწერა ხე-ტყის სასაქონლო ზედნადები ელ----, რომელიც შემოსვლების სამსახურის ვებ-გვერდზე რედაქტირებულია 2018 წლის 23 მაისს 22:28 სააათზე. ოპერაციის შინაარსად მითითებულია შიდა გადაზიდვა ტრანსპორტირების დაწყების ადგილი - ქალაქ ----- -----, ტრანსპორტირების დასრულების ადგილი ქალაქი -----. სატრანსპორტო საშუალების სახელმწიფო ნომერი -----, მძღოლი ----- (პ/ნ -----), სასაქონლო ზედნადები გამოწერილია 3,6200მ3 ფიცარზე.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
ხე-ტყის სასაქონლო ზედნადები N ელ -----(ს.ფ. 140-141);
3.1.4. სსიპ შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის ექსპერტიზის სამმართველოს 2018 წლის 08 ივნისის N -----/05/18 დასკვნის მიხედვით, ქალაქ -----, სსიპ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს აღმოსავლეთ საქართველოს რეგიონული სამმართველოს სასაწყობე მეურნეობის ტერიტორიაზე წარდგენილი ფიზიკური პირი ----- (პ/ნ ------) მართვის ქვეშ მყოფი, „ფორდ-ტრანზიტის” მარკის ავტომანქანის (სახელმწიფო ნომრით -----) ძარადან ჩამოღებული დახერხილი წიწვოვანი ხის მასალის მოცულობა შეადგენს 2,40მ3, საორიენტაციო საბაზრო ღირებულება 1320 ლარი დღგ-ის ჩათვლით.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- ექსპერტიზის დასკვნა და ფოტოილუსტრაცია (ს.ფ. 135-139)
3.1.5. სსიპ/შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 2018 წლის ივნისის N CB ----- საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმის მიხედვით, საგადასახადო კონტროლის განხორციელების დროს გამოვლინდა, რომ ----- (ს/ნ -----) დაარღვია საქართველოს საგადასახადო კოდექსის მოთხოვნები (სამეწარმეო საქმიანობისათვის ქვეყნის შიგნით საქონლის ტრანსპორტირებისას, ხოლო საქონლის მიწოდებისას მყიდველის მოთხოვნის შემთხვევაში, გარდა სპეციალური დამატებული ღირებულების გადასახადის ანგარიშ - ფაქტურების მიხედვით განხორციელებული მიწოდებისა, რომლებიც მოიცავს სასაქონლო ზედნადებით გათვალისწინებულ რეკვიზიტებს, სასაქონლო ზედნადები უნდა გამოიწეროს საქართველოს ფინანსთა მინისტრის მიერ დადგენილი ფორმითა და წესით). კერძოდ, იგი სამეწარმეო საქმიანობისთვის 1320 ლარის საბაზრო ღირებულების ხე-ტყის (მორის) პირველადი გადამუშავების პროდუქტის - "დაჩეხილი შეშის" (2.4 მ3 × 550.00 ლარი, (სატრანსპორტო საშუალების სახელმწიფო ნომერი: -----; მძღოლი: ----- პ/ნ -----) ტრანსპორტირებას ახორციელებდა კანონმდებლობით განსაზღვრული სასაქონლო ზედნადების გარეშე. აღნიშნულიდან გამომდინარე, ----- დაჯარიმდა 5000 ლარით, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 286-ე მუხლის 12 ნაწილის თანახმად.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- სსიპ შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 2018 წლის 21 ივნისის NC ------ საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმი (ს.ფ. 133-134);
3.1.6. 2018 წლის 18 ივლისს, ----- ადმინისტრაციული საჩივრით მიმართა სსიპ შემოსავლების სამსახურს და მოითხოვა სსიპ შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 2018 წლის 21 ივნისის NCB----- საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმისა და მის საფუძველზე დარიცხული ფულადი ჯარიმის გაუქმება. გადასახადის გადამხდელი საჩივარში მიუთითებდა, რომ 2018 წლის 23 მაისს ----- რაიონიდან ახორციელებდა 2.4 მ3 მასალის ტრანსპორტირებას. იმის გამო, რომ იყო საღამოს 11 საათი ვერ დაუკავშირდა ბუღალტერს ზედნადების გამოსაწერად, ამიტომ თავად შევიდა სსიპ შემოსავლების სამსახურის ვებ-გვერდზე და გაიაქტიურა სასაქონლო ზედნადები -----. ამ დროს დაუშვა შეცდომა და არ შეცვალა ფირნიშის ნომრები, რამაც გამოიწვია სამართალდარღვევა. იგი მიუთითებდა, რომ სამართალდარღვევა გამოწვეული იყო შეცდომით და მიზნად არ ისახავდა გადასახადისაგან თავის არიდებას.
სსიპ შემოსავლების სამსახურის 2018 წლის 03 აგვისტოს N 20726 ბრძანებით, ----- ადმინისტრაციული საჩივარი არ დაკმაყოფილდა. ბრძანებაში აღნიშნულია, რომ საქმეში არსებული მასალების თანახმად ----- მხრიდან ადგილი ჰქონდა სამართალდარღვევის ჩადენის ფაქტს, რაც გამოიხატა სამეწარმეო საქმიანობისათვის განკუთვნილი ხე-ტყის კანონმდებლობით განსაზღვრული სასაქონლო ზედნადების გარეშე ტრანსპორტირებაში.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
2018 წლის 18 ივლისის საჩივარი (ს.ფ. 142-145);
- სსიპ შემოსავლების სამსახურის 2018 წლის 03 აგვისტოს N 20726 ბრძანება (ს/ფ 146-148)
3.1.7. 2018 წლის 21 აგვისტოს, ----- ადმინისტრაციული საჩივრით მიმართა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს და მოითხოვა სსიპ შემოსავლების სამსახურის 2018 წლის 03 აგვისტოს N 20726 ბრძანებისა და სსიპ შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 2018 წლის 27 ივნისის N 3895398 საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმის გაუქმება. გადასახადის გადამხდელი საჩივარში მიუთითებდა, რომ იგი ინტერნეტ აუქციონზე გამარჯვების შემდეგ გახდა ნაძვის ჯიშის სამასალე მორების მეპატრონე. აღნიშნული სამასალე მორები ელექტრონულ აუქციონზე გამოტანილი ჰქონდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს. ზემოთხსენებული მორები იყიდა საკუთარი სახლის მშენებლობისათვის. 2018 წლის 23 მაისს----- რაიონიდან ახორციელებდა 2.4მ3 მასალის ტრანსპორტირებას. იმის გამო, რომ იყო საღამოს 11 საათი ვერ დაუკავშირდა ბუღალტერს ზედნადების გამოსაწერად, ამიტომ თავად შეავსო შემოსავლების სამსახურის ვებ-გვერდზე და გააქტიურა სასაქონლო ზედნადები N------, რა დროსაც დაუშვა ტექნიკური შეცდომა.
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 2018 წლის 30 ოქტომბრის გადაწყვეტილებით (საჩივარი N 6528/2/2018) ფ/პ ----- საჩივარი არ დაკმაყოფილდა. გადაწყვეტილების მიხედვით, შემოსავლების სამსახურის 22.06.2018 წლის -----21–12 მოხსენებითი ბარათით ირკვევა, რომ 2018 წლის 4 მაისს ფ/პ ----- შეძენილი ჰქონდა სსიპ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მომსახურეობის სააგენტოდან ხის მრგვალი მორი ჯამში 9,53 მ3, ხე-ტყის წარმოშობის დოკუმენტი N ----- რომელიც გადამუშავებულ იქნა ქ. ბორჯომში, შპს „-----“-ის სახერხ-საამქროში და 2018 წლის 11 მაისს გაიცა ცნობა N ----- 0001 მრგვალი ხე-ტყის (მორის), მცენარის პირველადი გადამუშავების პროდუქტის სახერხი საამქროდან გატანის შესახებ, ჯამში 7,62 მ3 ფიცრის ოდენობით, რომელიც ფ/პ ------ მიერ ხე - ტყის ახალი სასაქონლის ზედნადებებით ------ ; ------; ------ ; ----- , 2018 წლის 14 მაისის მდგომარეობით სრულად იქნა გადაზიდული ქ.----- ----- ქ. , ხოლო 2018 წლის 24 მაისს ხე-ტყის ახალი სასაქონლო ზედნადებით N ------, სადაც პროდუქციის დასახელებაში დაფიქსირებული ჰქონდა 3,62 13 ფიცარი, იგივე ხე-ტყის წარმოშობის დოკუმენტით N ფ/პ ------ და შესაბამისად, იგივე მრგვალი ხე-ტყის (მორის), მცენარის პირველადი გადამუშავების პროდუქტის სახერხი საამქროდან გატანის ცნობით ----- 2018---, გადაჰქონდა ქ. ბორჯომიდან ქ. ხაშურის მიმართულებით. აღნიშნულიდან გამომდინარე, მომჩივნის არგუმენტი ვერ გახდება მისი სამართლებრივი პასუხისმგებლობისგან გათავისუფლების საფუძველი. შესაბამისად საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭომ მიიჩნია, რომ არ არსებობდა შემოსავლების სამსახურის მიერ 2018 წლის 3 აგვისტოს მიღებული ბრძანების და მონიტორინგის დეპარტამენტის მიერ შედგენილი საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმის გაუქმების საფუძველი.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
ფ/პ ---- საჩივარი (ს.ფ.149-155);
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 2018 წლის 30 ოქტომბრის გადაწყვეტილება (ს.ფ.163-167);
3.1.8. საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 2018 წლის 21 ივნისის N ----- საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმი, შემოსავლების სამსახურის 2018 წლის 3 აპრილის N 7712 ბრძანება და საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოხ 2018 წლის 30 ოქტომბრის გადაწყვეტილება ფ/პ ----- გაასაჩივრა თბილისის საქალაქო სასამართლოში.
თბილისის საქალაქო სასამართლოს 2020 წლის 30 მარტის (საქმე N 3/-----) გადაწყვეტილებით ფ/პ ----- (პ/ნ -----) სარჩელი დაკმაყოფილდა, სასამართლომ ბათილად სცნო სსიპ შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 2018 წლის 21 ივნისის N -CB ----- სამართალდარღვევის ოქმი, სსიპ შემოსავლების სამსახურის 2018 წლის 03 აგვისტოს N 20726 ბრძანებას და საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 2018 წლის 30 ოქტომბრის გადაწყვეტილება (N-6528/2/2018)
თბილისის საქალაქო სასამართლოს 2020 წლის 30 მარტის (საქმე N3/----18) გადაწყვეტილება სსიპ შემოსავლების სამსახურის მიერ გასაჩივრდა სააპელაციო სასამართლოში. სააპელაციო სასამართლომ, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს და სსიპ შემოსავლების სამსახურის სააპელაციო საჩივარი დააკმაყოფილა ნაწილობრივ 2020 წლის 21 სექტემბრის გადაწყვეტილებით, თბილისის სააპელაციო სასამართლომ გააუქმა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციული საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 26 დეკემბრის გადაწყვეტილება, ფ/პ ----- სარჩელი დააკმაყოფილა ნაწილობრივ, ბათილად ცნო სსიპ შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 2018 წლის 21 ივნისის N-CB----- საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმი, სსიპ შემოსავლების სამსახურის 2018 წლის 03 აგვისტოს N 20726 ბრძანება და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს დავების განხილვის საბჭოს 2018 წლის 30 ოქტომბრის გადაწყვეტილება (საჩივარი N 6528/2/2018). სსიპ შემოსავლების სამსახურს დაევალა არსებითი მნიშვნელოვანი გარემოებების გამოკვლევისა და სადავო შეფასების შედეგად სადავო საკითხთან მიმართებაში ახალი ინდივიდუალურ ადმინისტრაციული-სამართლებრივი აქტის გამოცემა. სააპელაციო სასამართლომ თავის გადაწყვეტილებაში მიუთითა, რომ „მოცემულ შემთხვევაში საქმის მასალებით უტყუარად გამოკვეთილი არ არის მოსარჩელის განზრახვა, ხე-ტყის (მორის) პირველადი გადამუშავების პროდუქტის ტრანსპორტირება სამეწარმეო საქმიანობისთვის. პალატა აღნიშნავს, რომ მოსარჩელე უთითებდა პირველადი გადამუშავების პროდუქტის ხე-ტყის პირად საჭიროებაზე, რისი დამადასტურებელი ცნობაც ჰქონდა წარმოდგენილი, მაგრამ აღნიშნული განმარტება არ წარმოადგენს საკმარის მტკიცებულებას სამეწარმეო საქმიანობის მიზნის გასაქარწყლებლად. კერძოდ, საქმის მასალებით დადგენილია, რომ მოსარჩელეს კერძო სახლი გააჩნია ----- ადმინისტრაციულ ერთეულში, ხოლო ხე-ტყის ზედნადებების მიხედვით, ბორჯომის ტერიტორიიდან ხე-ტყის პირველადი გადამუშავების პროდუქტის ტრანსპორტირება განხორციელებული აქვს არა ერთგზის სხვადასხვა მიმართულებით - ----- რაიონში, -----, -----, ----- და სხვა. აქედან გამომდინარე, სრულყოფილი ადმინისტრაციული წარმოების ჩატარების გზით საგადასახადო ორგანომ უნდა გადაამოწმოს სხვადასხვა პერიოდში გამოწერილი ზედნადებებში მითითებული საქონლის ტრანსპორტირების დასრულების ადგილები, გაარკვიოს რით რით იყო გამოწვეული მოსარჩელის მიერ გამოწერილ ზედნადებებში კონკრეტული მისამართების მითითება და საჭიროების შემთხვევაში გამოკითხოს ამ მისამართებზე რეგისტრირებული პირები. პალატის მოსაზრებით, აღნიშნული მოქმედებების ჩატარების საფუძველზე დადგენილი გარემოებების შეფასების გარეშე შეუძლებელია მოსარჩელის განზრახვის დადგენის ან უარყოფის თაობაზე დასკვნის გაკეთება. ასევე სააპელაციო სასამართლო მიუთითებს იმ გარემოებებზე რომ სამართალდარღვევის ოქმში საგადასახადო ორგანოს მიერ ხე-ტყის პირველად გადამუშავებულ პროდუქტად მითითებულია „დაჩეხილი შეშა“ თუმცა სასაქონლო ზედნადებში და ექსპერტის დასკვნაში მითითებულია „ფიცარი“. ამასთან, საექსპერტო კულევაში აღნიშნულია, რომ ექსპერტს გამოსაკვლევად წარმოედგინება: დახერხილი, წიწვოვანი ხის მასალა, ფიცარი სხვადასხვა ტენიანობით, სხვადასხვა სიგანის, სიგრძე მ3, ისე მთა მაფიცრებზე შეიმჩნევა ხარვეზები, თუმცაღა შტაბელში შეიმჩნევა 2 ღერი ძელაკი. პალატა კვლავ მიუთითებს ინსტრუქციის 25 მუხლის პირველი პუნქტის „ბ.ა“ ქვეპუნქტებზე, რომელიც მრგვალი ხე-ტყის ან ხე-მცენარის პირველადი გადამუშავების პროდუქტის ტრანსპორტირების შემთხვევაში სასაქონლო ზედნადების გამოწერის მიზნით კონკრეტულ პარამეტრებზე უთითებს - საგანი ორჯერ და მეტად აღემატება სისქეს, რა ინფორმაციასაც საქმის მასალეშები, მათ შორის ექსპერტის დასკვნა არ იცავს. ამასთან, გაურკვეველია, თუკი საგადასახადო ორგანოს მხრიდან წარდგენილი ხე-ტყის (მორის) პირველადი გადამუშავების პროდუქტი ექსპერტის მიერ ჩათვლილი იქნა ფიცრად, რატომ მიიჩნია ოქმის შემდგენმა აღნიშნული მერქნული რესურსი „დაჩეხილ შეშად“. შესაბამისად, ხომ არ ახდენს ოქმის შემდგენი მოხელის მიერ მერქნული რესურსის ამგვარი კვალიფიცირება გავლენას, მისი შეფასების ოდენობაზე. აღნიშნული გარემოების გარკვევა მნიშვნელოვანია იმ თვალსაზრისით, რომ საქართველოს საგადასახადო კოდექსის 286-ე მუხლის გამოყენებისათვის საბაზრო ღირებულება ქმედების კვალიფიკაციის განმსაზღვრელი კომპონენტია. განხილვისას ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია დაადგინოს მოსარჩელის განზრახვა საქონლის სამეწარმეო საქმიანობისადმი კუთვნილება, ასევე გაარკვიოს სამართალდარღვევის ოქმსა და ექსპერტის დასკვნაში მითითებული შეუსაბამოებები, ამასთან უნდა გაითვალისწინოს, რომ საკითხის ხელახალი მხოლოდ ეჭვი სამართალდარღვევის ჩადენის თაობაზე, რომელიც სათანადო მტკიცებულებებით არ არის დადასტურებელი, არ შეიძლება გახდეს პირის სამართალდამრღვევად მიჩნევის საფუძველი. სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულების მიზნით, საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის უფლებამოსილმა პირებმა მოიკვლიეს სასამართლოს მიერ მითითებული ფაქტობრივი გარემოებები, რის შემდეგაც შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 2021 წლის 08 ივნისის ბრძანებით N 17989, ფ/პ ----- ცნობილი იქნა სამართალდამრღვევად, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 286-ე მუხლის 12 ნაწილის საფუძველზე, მას სანქციის სახით შეეფარდა ჯარიმა 5000 ლარი და საქონლის ჩამორთმევა. ამავე დროს, საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტს დაევალა ბრძანების გადასახადის გადამხდელის პირადი აღრიცხვის ბარათზე გატარება. მითითებული ბრძანების მიხედვით, საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის უფლებამოსილი პირების მიერ შედგენილი მოხსენებითი ბარათით ირკვევა, რომ მათ მიერ „განხორციელდა სატელეფონო გასაუბრებები გადასახადის გადამხდელებთან, რომლებზედაც ----- (ს/ნ -----) ჰქონდა ხე-ტყის ახალი ელქტრონული სასაქონლო ზედნადებით რეალიზებული ხე-ტყის პირველადი გამუშავების პროდუქტი. კერძოდ ი. მ. ----- ს/ნ ----- ფიქსირდება ექვსი რეალიზაციის ფაქტი - ხე-ტყის ახალი ელექტრონული სასაქონლო ზედნადებით (N -----; -----; -----; -----; -----; -----;) და ი. მ. ----- (ს/ნ -----) ფიქსირდება ერთი რეალიზაციის ფაქტი, ხე-ტყის ახალი ელქტრონული სასაქონლო ზედნადბით (N -----) სატელეფონო საუბრებში ი. მ ----- და ი. მ ----- დაადასტურეს, რომ მათ მიერ მოხდა -----ხის მასალის შეძენა, რაშიც მას გადაუხადეს შესაბამისი თანხა. გარდა ამისა, შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის (Oracle) საშუალებით ირკვევა, რომ 2018 წელს ფ/პ ----- მიერ რეალიზაციის მიზნით არის გამოწერილი ხე-ტყის ახალი ელექტრონული სასაქონლო ზედნადებები სხვადასხვა სამეწარმეო სუბიექტების მიმართ, კერძოდ შპს „-----“ (ს/ნ -----) მიმართ ფიქსირდება ერთი ხე-ტყის ახალი ელექტრონული სასაქონლო ზედნადები N -----, შპს „-----“ (ს/ნ -----) მიმართ ფიქსირდება ორი ხე-ტყის ახალი ელექტრონული სასაქონლო ზედნადები No (-----; -----), ი.მ ----- (პ/ნ -----) მიმართ ფიქსირდება ერთი ხე-ტყის ახალი ელექტრონული სასაქონლო ზედნადები N -----, . ი/მ ----- (პ/ნ -----) მიმართ ფიქსირდება ერთი ხე-ტყის ახალი ელექტრონული სასაქონლო ზედნადები N -----, ი/მ ----- (პ/ნ -----) მიმართ ხუთი ხე-ტყის ახალი ელექტრონული სასაქონლო ზედნადები N (-----; -----; -----; -----; -----;) და ი/მ ----- (ს/ნ -----) მიმართ ფიქსირდება ერთი ხე-ტყის ახალი ელექტრონული სასაქონლო ზედნადები N -----. აღნიშნული გარემოებების ანალიზის შედეგები ცხადჰყოფს, რომ ----- (ს/ნ -----) მხრიდან იკვეთება ეკონომიკური და სამეწარმეო საქმიანობის განხორციელების ფაქტი. რაც შეეხება საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმსა და ექსპერტიზის დასკვნას შორის არსებულ შეუსაბამობებს, აღნიშნულთან დაკავშირებით გასათვალისწინებელია, რომ საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 2018 წლის 28 მაისის N 21-12/----- წერილით, აღნიშნული დახერხილი ხე-მასალა დროებით განთავსდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს ტერიტორიაზე, 2018 წლის 08 ივნისის ექსპერტიზის N -----/05/18 დასკვნით კი განისაზღვრა დახერხილი ხე-მასალის მოცულობა და საბაზრო ღირებულება 2,4 -მ3 ფიცარი, 1320 ლარად. 2018 წლის 21 ივნისს ----- მიმართ შედგა სსკ 286-ე მუხლის 12 ნაწილით სამართალდარღვევის ოქმი N CB895398, სადაც საქონლის დასახელებაში მითითებულია „დაჩეხილი - შეშა“ ნაცვლად დახერხილი ხე-მასალისა. საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 2018 წლის 30 ივლისის N 21-12/----- წერილით, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მომსახურების საააგენტოს საბოლოოდ მიბარდა ჩამორთმეული დახერხილი ხე-მასალა შემდგომი რეალიზაციის მიზნით. 2018 წლის 06 სექტემბერს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს მიერ მოხდა აღნიშნული დახერხილი ხე-მასალის 2,4 მ3 ფიცრის რეალიზაცია აუქციონის წესით (აუციონის N ----- ლოტი N --). შესაბამისად, განხორციელებული ქმედებებისა და დამდგარი შედეგის გათვალისწინებით, სასამართლოს გადაწყვეტილებაში მითითებული „შეუსაბამობა" აღმოფხვრილია და ჩამორთმეული საქონელი დახერხილი ხე-მასალა 2,4 მ3 ფიცარი რეალიზებულია კანონმდებლობის სრული დაცვით. სსკ-ის 269-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად: „საგადასახადო სამართალდარღვევად ითვლება პირის მართლსაწინააღმდეგო ქმედება (მოქმედება ან უმოქმედობა), რომლისთვისაც ამ კოდექსით გათვალისწინებულია პასუხისმგებლობა. საგადასახადო სამართალდარღვევისათვის პირს პასუხისმგებლობა შეიძლება დაეკისროს მხოლოდ ამ კოდექსით დადგენილი საფუძვლითა და წესით" სსკ-ის 270-ე მუხლის თანახმად: 1. საგადასახადო სანქცია არის პასუხისმგებლობის ზომა ჩადენილი საგადასახადო სამართალდარღვევისათვის. 2. საგადასახადო სანქცია გამოიყენება გაფრთხილების, საურავის, ფულადი ჯარიმის, სამართალდარღვევის საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების უსასყიდლოდ ჩამორთმევის სახით, ამ კოდექსით გათვალისწინებულ შემთხვევებში". საქართველოს საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-4 ნაწილის მიხედვით, სამეწარმეო საქმიანობისათვის ქვეყნის შიგნით საქონლის ტრანსპორტირებისას, ხოლო საქონლის მიწოდებისას - მყიდველის მოთხოვნის შემთხვევაში (გარდა სპეციალური დამატებული ღირებულების გადასახადის ანგარიშ-ფაქტურების მიხედვით განხორციელებული მიწოდებისა რომლებიც მოიცავს სასაქონლო ზედნადებით გათვალისწინებულ რეკვიზიტებს, სასაქონლო ზედნადები უნდა გამოიწეროს საქართველოს ფინანსთა მინისტრის მიერ დადგენილი ფორმითა და წესით. საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის N996 ბრძანებით დამტკიცებული ინსტრუქციის 24-ე მუხლის მეორე პუნქტის თანახმად:
სამეწარმეო საქმიანობისათვის, სასაქონლო ზედნადები/ხე-ტყის სასაქონლო ზედნადები სავალდებულოა გამოყენებულ იქნეს საქონლის:
ა) ქვეყნის შიგნით ტრანსპორტირებისას, მიუხედავად იმისა, ხდება თუ არა საქონლის მიწოდება;
ბ) მიწოდებისას, მყიდველის მოთხოვნის შემთხვევაში". საგადასახადო კოდექსის 286-ე მუხლის მე-12 ნაწილის შესაბამისად, სამეწარმეო საქმიანობისათვის მრგვალი ხე-ტყის (მორის), ხე-მცენარის ან მათი პირველადი გადამუშავების პროდუქტების სასაქონლო ზედნადების გარეშე ტრანსპორტირება, მყიდველის მოთხოვნისას სასაქონლო ზედნადების გაუცემლობა ან საქონლის შეძენისას სასაქონლო ზედნადების მიღებაზე უარის თქმა, თუ სასაქონლო ზედნადების გარეშე ტრანსპორტირებული ან მიწოდებული/მისაწოდებელი მრგვალი ხეტყის (მორის), ხე-მცენარის ან მათი პირველადი გადამუშავების პროდუქტების საბაზრო ღირებულება აღემატება 1 000 ლარს, მაგრამ არ აღემატება 10 000 ლარს, - იწვევს პირის დაჯარიმებას 5 000 ლარის ოდენობით და საქონლის ჩამორთმევას.
ყოველივე ზემოხსენებულიდან გამომდინარე, სასამართლოს გადაწყვეტილებაში მითითებულ გამოსაკვლევ ფაქტებთან დაკავშირებით, საგადასახადო ორგანოს მიერ საქმეში წარმოდგენილი მასალების, მტკიცებულებების და გარემოებების გამოკვლევის და შეფასების, ასევე, ზემოხსენებული სამართლებრივი ნორმების გათვალისწინებით, სახეზეა ფ/პ ----- (პ/ნ -----) მიერ საქართველოს საგადასახადო კოდექსის მოთხოვნების დარღვევის ფაქტი - საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტს მიაჩნია, რომ ფ/პ ----- (პ/ნ -----) მხრიდან იკვეთება, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 286-9 მუხლის მე-12 ნაწილით გათვალისწინებული სამართალდარღვევის ნიშნები.“
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- სსიპ შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 2021 წლის 08 ივნისის ბრძანება N 17989 (ს.ფ. 31-36);
-ელექტრონული ზედნადებები (ს.ფ. 209-266);
3.1.9. 2021 წლის 08 ივლისის საჩივარით, ფ/პ ----- მოითხოვა შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მინიტორინგის დეპარტამენტის 08.06.2021 წლის N 17989 ბრძანების და შესაბამისი საგადასახადო მოთხოვნის N 047-28 ბათილად ცნობა. შემოსავლების სამსახურის 2021 წლის 3 აგვისტოს N 25522 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, მითითებული გადაწყვეტილებაც გაასაჩივრა ფ/პ -----. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს დავების განხილვის საბჭოს 2021 წლის 23 სექტემბრის N 14395/2/2021 გადაწყვეტილებით, ფ/პ ---- საჩივარი არ დაკმაყოფილდა.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- საგადასახადო მოთხოვნა (ს.ფ. 39-40);
- 8 ივლისის საჩივარი (ს.ფ.18-19);
- შემოსავლების სამსახურის 2021 წლის 3 აგვისტოს N 25522 ბრძანება (ს.ფ. 93–100);
- 2021 წლის 24 აგვისტოს საჩივარი (ს.ფ.91–92);
- დავების განხილვის საბეოს 2021 წლის 23 სექტემბრის გადაწყვეტილება (ს. ფ 13-17);
3.1.10. ზესტაფონის მუნიციპალიტეტის მერიის ----- ადმინისტრაციული ერთეულის მერის წარმომადგენლის 2021 წლის 23 აგვისტოს ცნობის მიხედვით, ----- ადმინისტრაციული ურთეულში მცხოვრებმა ფ/პ -----, მამაპაპისეულ ნაკვეთში ააშენა სახლი და როგორც სოფლის ადმინისტრაციისათვის და მშენებლობაში მონაწილე მეზობლების განმარტებით ირკვევა, მას საკუთარი სახლის მშენებლობისათვის (სახურავის ლარტყის და სხვა დანიშნულებით) ფიცარი შეძენილი ჰქონდა ----- რაიონში, მასალა მოჰქონდა 2018 წლის მაისის თვეში.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
ზესტაფონის მუნიციპალიტეტის მერიის ----- ადმინისტრაციული ერთეულის მერიის წარმომადგენლის 2021 წლის 23 აგვისტოს ცნობა (ს.ფ. 101);
3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები:
3.2.1. სასამართლო განმარტავს, რომ „ყოველი კონკრეტული საქმის გადაწყვეტა სასამართლოში დაკავშირებულია გარკვეული ფაქტების დადგენასთან. ფაქტების დადგენის აუცილებლობა განპირობებულია იმით, რომ სასამართლო იხილავს და წყვეტს მხარეთა შორის წარმოქმნილ დავებს, რომლებიც სამართლით რეგულირებული ურთიერთობებიდან წარმოიშობიან. სამართლებრივი ურთიერთობა კი შეიძლება აღმოცენდეს, განვითარდეს ან შეწყდეს მხოლოდ იურიდიული ფაქტების საფუძველზე. ე.ი ისეთი ფაქტების საფუძველზე, რომლებსაც სამართლის ნორმა უკავშირებს გარკვეულ იურიდიულ შედეგს. საქმის გარემოებების გამორკვევა და ფაქტების დადგენა მართლმსაჯულების უპირველეს ამოცანას წარმოადგენს, სწორედ დადგენილი ფაქტების საფუძველზე ხდება ნორმათშეფარდება.“ (საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2009 წლის 30 ივნისის გადაწყვეტილება (საქმე N ----(3-08)).
მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენის, საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებების ურთიერთშეჯერებისა და ანალიზის საფუძველზე, სასამართლო დადასტურებულად მიიჩნევს, რომ მოსარჩელის მიერ ადგილი არ ჰქონია საქართველოს საგადასახადო კოდექსის 286-ე მუხლის მე-12 ნაწილით გათვალისწინებულ სამართალდარღვევას, ვინაიდან წარმოდგენილი მტკიცებულებებით არ დასტურდება, რომ ფ/პ ----- მიერ ტრანსპორტირებული დახერხილი ხის მასალა განკუთვნილი იყო სამეწარმეო საქმიანობისთვის.
სამოტივაციო ნაწილი
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა:
4.1. საქმეში არსებული მასალების, მხარეთა და ახსნა-განმარტებების მოსმენის, სარჩელის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმებისა და საქმეში არსებულ მტკიცებულებათა სამართლებრივი შეფასების შედეგად, სასამართლო მივიდა დასკვნამდე, რომ სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა:
5.1. საქართველოს საგადასახადო კოდექსის პირველი, მე-9, 43-ე, 136-ე, 269-ე, 286-ე მუხლები, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-4, მე-17 მუხლები, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლი, „მეწარმეთა შესახებ” საქართველოს კანონის პირველი მუხლი, „მიმდინარე კონტროლის პროცედურების ჩატარების, სასაქონლო-მატერიალურ ფასეულობათა ჩამოწერის, აღიარებული საგადასახადო დავალიანების დაფარვის, საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებების განხორციელების, სამართალდარღვევათა საქმისწარმოების წესის დამტკიცების თაობაზე” საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის N 994 ბრძანება, საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის N 996 ბრძანება „გადასახადების ადმინისტრირების შესახებ”.
6. სამართლებრივი შეფასება:
6.1. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სარჩელი შეიძლება აღიძრას ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის მოთხოვნით. ამავე კოდექსის 24-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, სარჩელი შეიძლება აღიძრას ისეთი მოქმედების განხორციელების ან ისეთი მოქმედებისაგან თავის შეკავების მოთხოვნით, რომელიც არ გულისხმობს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემას. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მეორე მუხლის პირველი ნაწილის „დ” ქვეპუნქტის თანახმად, ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი არის ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ადმინისტრაციული კანონმდებლობის საფუძველზე გამოცემული სამართლებრივი აქტი, რომელიც აწესებს, ცვლის, წყვეტს ან ადასტურებს პირის ან პირთა შეზღუდული წრის უფლებებსა და მოვალეობებს.
განსახილველ შემთხვევაში, სადავო სსიპ შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 2021 წლის 08 ივნისის ბრძანება N 17989 და საგადასახადო მოთხოვნა N 047-28, სსიპ შემოსავლების სამსახურის 2021 წლის 3 აგვისტოს N 25522 ბრძანება და საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 2021 წლის 23 სექტემბრის N 4395/2/2021 გადაწყვეტილება წარმოადგენს ადმინისტრაციული კანონმდებლობის საფუძველზე გამოცემულ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ - სამართლებრივ აქტებს, რომელთა კანონშესაბამისობა უნდა შეამოწმოს სასამართლომ განსახილველი დავის ფარგლებში.
6.2. საქართველოს საგადასახადო კოდექსის პირველი მუხლის თანახმად, ეს კოდექსი საქართველოს კონსტიტუციის შესაბამისად განსაზღვრავს საქართველოს საგადასახადო სისტემის ფორმირებისა და ფუნქციონირების ზოგად პრინციპებს, საქართველოს საბაჟო საზღვარზე მგზავრის, საქონლისა და სატრანსპორტო საშუალების გადაადგილებასთან დაკავშირებულ სამართლებრივ ურთიერთობებს, სამართლებრივ ურთიერთობაში მონაწილე პირის, გადასახადის გადამხდელისა და უფლებამოსილი ორგანოს სამართლებრივ მდგომარეობას, განსაზღვრავს საგადასახადო სამართალდარღვევის სახეებს, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობის დარღვევისათვის პასუხისმგებლობას, უფლებამოსილი ორგანოსა და მისი თანამდებობის პირების არამართლზომიერ ქმედებათა გასაჩივრების წესსა და პირობებს, საგადასახადო დავის გადაწყვეტის წესს, არეგულირებს საგადასახადო ვალდებულების შესრულებასთან დაკავშირებულ სამართლებრივ ურთიერთობებს.
ამავე კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილის მიხედვით, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოსახვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, საგადასახადო სამართალდამრღვევად ითვლება პირის მართლსაწინააღმდეგო ქმედება (მოქმედება ან უმოქმედობა), რომლისთვისაც ამ კოდექსით გათვალისწინებულია პასუხისმგებლობა. საგადასახადო სამართალდარღვევისათვის პირს პასუხისმგებლობა შეიძლება დაეკისროს მხოლოდ ამ კოდექსით დადგენილი საფუძვლითა და წესით.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-4 ნაწილის მიხედვით, სამეწარმეო საქმიანობისათვის ქვეყნის შიგნით საქონლის ტრანსპორტირებისას, ხოლო საქონლის მიწოდებისას – მყიდველის მოთხოვნის შემთხვევაში (გარდა სპეციალური დამატებული ღირებულების გადასახადის ანგარიშ-ფაქტურების მიხედვით განხორციელებული მიწოდებისა, რომლებიც მოიცავს სასაქონლო ზედნადებით გათვალისწინებულ რეკვიზიტებს) სასაქონლო ზედნადები უნდა გამოიწეროს საქართველოს ფინანსთა მინისტრის მიერ დადგენილი ფორმითა და წესით. ამასთანავე, საქონლის მიწოდებისას მყიდველის მოთხოვნის შემთხვევაში სასაქონლო ზედნადების გამოწერისას აკრძალულია საქონლის სასაქონლო ზედნადების გარეშე შენახვა.
სამეწარმეო საქმიანობისთვის საქონლის დოკუმენტის გარეშე ტრასპორტირების/შეძენის ფაქტის გამოვლენის საკითხს აწესრიგებს, ასევე, „მიმდინარე კონტროლის პროცედურების ჩატარების, სასაქონლო-მატერიალურ ფასეულობათა ჩამოწერის, აღიარებული საგადასახადო დავალიანების დაფარვის, საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებების განხორციელების, სამართალდარღვევათა საქმისწარმოების წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის N 994 ბრძანება, რომლის 72-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, საქონლის დოკუმენტების გარეშე ტრანსპორტირებად/შეძენად განიხილება სამეწარმეო საქმიანობისათვის საქონლის სასაქონლო ზედნადების გარეშე ტრანსპორტირება, მყიდველის მოთხოვნისას სასაქონლო ზედნადების გაუცემლობა ან საქონლის შეძენისას სასაქონლო ზედნადების მიღებაზე უარის თქმა. ამავე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად დოკუმენტების გარეშე საქონლის ტრანსპორტირების/შეძენის ფაქტის გამოვლენის მიზნით, პირის და სატრანსპორტო საშუალების გაჩერებას, სატრანსპორტო საშუალების ვიზუალურ დათვალიერებას, საქონლის დათვლას თანმხლებ საბუთებთან შესაბამისობის დასადგენად, სატრანსპორტო საშუალებისა და საქონლის თანმხლები საბუთების, ასევე პირადობის დამადასტურებელი საბუთების შემოწმებას და საჭიროების შემთხვევაში აღნიშნული პროცედურების დასაფიქსირებლად ტექნიკური საშუალებების გამოყენებას ახორციელებს საგადასახადო ორგანოს უფლებამოსილი პირი. ამასთან, შესაბამისი პირისა სატრანსპორტო საშუალების მძღოლის დაუმორჩილებლობის შემთხვევაში საგადასახადო ორგანოს უფლებამოსილ თანამშრომელს უფლება აქვს, გამოიყენოს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული ღონისძიებები. მე-21 პუნქტის თანახმად გარდა ამ მუხლის მე-2 პუნქტში აღნიშნული საგადასახადო ორგანოს უფლებამოსილი პირისა, ამავე პუნქტით გათვალისწინებული ფაქტის გამოვლენის მიზნით, პირის და სატრანსპორტო საშუალების გაჩერებას, სატრანსპორტო საშუალების დათვალიერებას, საქონლის ტრანსპორტირებისათვის საჭირო დოკუმენტების შემოწმებას, ასევე მოქალაქის პირადობის დამადასტურებელი საბუთების შემოწმებას ახორციელებს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის უფლებამოსილი პირი.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 286-ე მუხლის 12 ნაწილის მიხედვით, სამეწარმეო საქმიანობისათვის მრგვალი ხეტყის (მორის), ხე-მცენარის ან მათი პირველადი გადამუშავების პროდუქტების სასაქონლო ზედნადების გარეშე ტრანსპორტირება, მყიდველის მოთხოვნისას სასაქონლო ზედნადების გაუცემლობა ან საქონლის შეძენისას სასაქონლო ზედნადების მიღებაზე უარის თქმა, თუ სასაქონლო ზედნადების გარეშე ტრანსპორტირებული ან მიწოდებული/მისაწოდებელი მრგვალი ხეტყის (მორის), ხე - მცენარის ან მათი პირველადი გადამუშავების პროდუქტების საბაზრო ღირებულება აღემატება 1 000 ლარს, მაგრამ არ აღემატება 10 000 ლარს, – იწვევს პირის დაჯარიმებას 5 000 ლარის ოდენობით და საქონლის ჩამორთმევას.
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის N 994 ბრძანებით დამტკიცებული "გადასახადების ადმინისტრირების შესახებ” ინსტრუქციის 24-ე მუხლის პირველი პუნქტით, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სწორად და დროულად აღრიცხოს შემოსავლები და ხარჯები დოკუმენტურად დადასტურებულ მონაცემთა საფუძველზე. ამასთან, დასაბეგრი შემოსავლის (მოგების) განსაზღვრისას მიღებულ შემოსავლებში და გაწეულ ხარჯებში არც ერთი ელემენტი არ უნდა იქნეს გამოტოვებული ან ორჯერ ჩართული. ამავე მუხლის მე-2 პუნქტის მიხედვით, სამეწარმეო საქმიანობისათვის, სასაქონლო ზედნადები/ხე-ტყის სასაქონლო ზედნადები სავალდებულოა გამოყენებულ იქნეს საქონლის: ა) ქვეყნის შიგნით ტრანსპორტირებისას, მიუხედავად იმისა, ხდება თუ არა საქონლის მიწოდება; ბ) მიწოდებისას, მყიდველის მოთხოვნის შემთხვევაში. ამავე მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, მე-2 პუნქტით გათვალისწინებული დოკუმენტის გარეშე აკრძალულია საქონლის საწარმოს ტერიტორიულად განცალკევებულ სტრუქტურულ ქვედანაყოფებს შორის (ფილიალები, საამქროები, უბნები და ა.შ.) საქონლის ტრანსპორტირება (გადაადგილება) და შენახვა. აღნიშნული ბრძანების 251 მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, ზედნადები ივსება ელექტრონულად (გარდა ამ მუხლის მე-13 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა) საქონლის გამყიდველის/გამგზავნის მიერ, საქონლის მიწოდებისთანავე ან საქონლის ტრანსპორტირების დაწყებისთანავე.
განსახილველ შემთხვევაში, 2018 წლის 23 მაისს, 16:22 საათზე ფ/პ ----- მიერ გამოწერილი იქნა ხე-ტყის სასაქონლო ზედნადები ელ -----, რომელიც შემოსავლების სამსახურის ვებ-გვერდზე რედაქტირებულია 2018 წლის 23 მაისს 22:28 სააათზე. ოპერაციის შინაარსად მითითებულია შიდა გადაზიდვა ტრანსპორტირების დაწყების ადგილი ქალაქ -----, ტრანსპორტირების დასრულების ადგილი ქალაქ ----- სატრანსპორტო საშუალების სახელმწიფო ნომერი : ----- მძღოლი ფ/პ ----- (პ/ნ -----). სასაქონლო ზედნადები გამოწერილია 3,6200 მ3 ფიცარზე. სახერხ საამქროში შეტანილი და დახერხილი 6 მეტრიანი მორის ფიცარი და გადაზიდვა ხდებოდა 3 მეტრიანებით.
მხარეთა მიერ სადავოდ არის ქცეული ის ფაქტი, მოსარჩელე ახორციელებდა სამეწარმეო საქმიანობისთვის განკუთვნილი საქონლის ტრანსპორტირებას, რაზედაც გამოწერილი უნდა ყოფილიყო ხე-ტყის სასაქონლო ზედნადები, თუ ხე-ტყე განკუთვნილი იყო საკუთარი სახლის მშენებლობისათვის.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-9 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ეკონომიკურ საქმიანობად ითვლება ნებისმიერი საქმიანობა, რომელიც ხორციელდება მოგების შემოსავლის ან კომპენსაციის მისაღებად, მიუხედავად ასეთი საქმიანობის შედეგებისა. თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული. სამეწარმეო საქმიანობის არსს განსაზღვრავს „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი მუხლის მეორე პუნქტი, რომლის მიხედვითაც, სამეწარმეო საქმიანობად მიიჩნევა მართლზომიერი და არაერთჯერადი საქმიანობა, რომელიც ხორციელდება მოგების მიზნით, დამოუკიდებლად და ორგანიზებულად.
მოცემული ნორმების განმარტება ცხადყოფს, რომ სამეწარმეო საქმიანობა მართლზომიერი და არაერთჯერადი საქმიანობაა, რომლის განხორციელება უკავშირდება მოგების მიზანს, ეკონომიკური საქმიანობა კი განმარტებულია, როგორც ნებისმიერი საქმიანობა, რომლის განხორციელების მიზანს მოგების, შემოსავლის ან კომპენსაციის მიღება წარმოადგენს. ამასთან, ქვეყნის შიგნით საქონლის ტრანსპორტირებისას სასაქონლო ზედნადების გამოწერის ვალდებულებას კოდექსი აწესებს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუკი აღნიშნული საქონლის ტრანსპორტირება ხდება სამეწარმეო საქმიანობისთვის, ანუ არაერთჯერადი, მოგების მიღების მიზნით ტრანსპორტირებული საქონლისთვის.
განსახილველ შემთხვევაში, საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის უფლებამოსილმა პირებმა ჩაატარეს მოკვლევა, იმ საკითხის დადგენის მიზნით, თუ რატომ გადაჰქონდა ფ/პ ----- შეძენილი ხის მასალა. მათ მიერ შედგენილი მოხსენებითი ბარათით ირკვევა, რომ „განხორციელდა სატელეფონო გასაუბრებები გადასახადის გადამხდელებთან, რომლებზედაც ფ/პ ----- (ს/ნ -----) ჰქონდა ხე-ტყის ახალი ელქტრონული სასაქონლო ზედნადებით რეალიზებული ხე-ტყის პირველადი გამუშავების პროდუქტი. კერძოდ ი/მ ----- ს/ნ ----- ფიქსირდება ექვსი რეალიზაციის ფაქტი ხე-ტყის ახალი ელექტრონული სასაქონლო ზედნადებით (N -----; -----; -----; -----; -----; -----;) და ი/მ ----- (ს/ნ -----) ფიქსირდება ერთი რეალიზაციის ფაქტი, ხე-ტყის ახალი ელქტრონული სასაქონლო ზედნადებით (N -----) სატელეფონო საუბრებში ი/მ ----- და ი/მ ----- დაადასტურეს, რომ მათ მიერ მოხდა ფ/პ ----- ხის მასალის შეძენა, რაშიც მას გადაუხადეს შესაბამისი თანხა. გარდა ამისა, შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის (oracle) საშუალებით ირკვევა, რომ 2018 წელს ფ/პ ----- მიერ რეალიზაციის მიზნით არის გამოწერილი ხე-ტყის ახალი ელექტრონული სასაქონლო ზედნადებები სხვადასხვა სამეწარმეო სუბიექტების მიმართ, კერძოდ შპს „-----“ (ს/ნ -----) მიმართ ფიქსირდება ერთი ხე-ტყის ახალი ელექტრონული სასაქონლო ზედნადები N -----, შპს „-----“ (ს/ნ -----) მიმართ ფიქსირდება ორი ხე-ტყის ახალი ელექტრონული სასაქონლო ზედნადები N (-----; -----), ი.მ ----- (პ/ნ ----- ) მიმართ ფიქსირდება ერთი ხე-ტყის ახალი ელექტრონული სასაქონლო ზედნადები N -----, ი/მ ----- (პ/ნ -----) მიმართ ფიქსირდება ერთი ხე-ტყის ახალი ელექტრონული სასაქონლო ზედნადები N -----, ი/მ ----- (პ/ნ -----) მიმართ ხუთი ხე-ტყის ახალი ელექტრონული სასაქონლო ზედნადები N (-----; -----; -----; -----; -----;) და ი/მ ----- (ს/ნ -----) მიმართ ფიქსირდება ერთი ხე-ტყის ახალი ელექტრონული სასაქონლო ზედნადები N -----.
ადმინისტრაციულმა ორგანომ აღნიშნული გარემოებების ანალიზის შედეგად დაადგინა, რომ ფ/პ ----- მხრიდან იკვეთება ეკონომიკური და სამეწარმეო საქმიანობის განხორციელების ფაქტი, შესაბამისად, განსახილველ შემთხვევაშიც ადგილი ჰქონდა ხე-ტყის ტარნსპორტირებას, სამეწარმეო მიზნით, რასაც სასამართლო ვერ გაიზიარებს. მართალია ფ/პ ----- არაერთხელ გამოწერა ზედნადებები და განახორციელა სამეწარმეო საქმიანობა, თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ ყველა მისი ქმედება მიმართული იყო სამეწარმეო საქმიანობის განხორციელებისაკენ. დაუშვებელია პირის სამართალდამრღვევად მიჩნევის საფუძველს წარმოადგენდეს მხოლოდ ვარაუდი, რომელიც მტკიცებულებათა ერთობლიობით არ არის გამყარებული. განსახილველ შემთხვევაში ადმინისტრაციულ ორგანოს არ წარმოუდგენია იმ გარემოების დამადასტურებელი მტკიცებულება, რომ ტრანსპორტირებული საქონელი განკუთვნილი იყო სწორედ სამეწარმეო საქმიანობისთვის. მოსარჩელე განმარტავს, რომ მას აღნიშნული ესაჭიროებოდა საცხოვრებელი სახლის ასაშენებლად/მოსაპირკეთებლად. საქმეში წარმოდგენილია ზესტაფონის მუნიციპალიტეტის მერიის ----- ადმინისტრაციული ერთეულის მერის წარმომადგენლის 2021 წლის 23 აგვისტოს ცნობა, რომლის მიხედვითაც, ----- ადმინისტრაციული ერთეულში მცხოვრებმა ფ/პ -----, მამაპაპისეულ ნაკვეთში ააშენა სახლი და როგორც სოფლის ადმინისტრაციისათვის და მშენებლობაში მონაწილე მეზობლების განმარტებით ირკვევა, მას საკუთარი სახლის მშენებლობისათვის (სახურავის ლარტყის და სხვა დანიშნულებით) ფიცარი შეძენილი ჰქონდა ----- რაიონში, მასალა მოჰქონდა 2018 წლის მაისის თვეში. ამდენად, არ გამოირიცხება ხე-ტყის პირადი მოხმარებისათვის ტრანსპორტირების მიზანი. შესაბამისად, დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები უტყუარად არ იძლევა დასკვნის გაკეთების საფუძველს, რომ მოსარჩელე კონკრეტული საქონლის ტრანსპორტირებას ახორციელებდა სამეწარმეო საქმიანობისათვის, რაც მისი მხრიდან შესაბამისი სამართალდარღვევის ჩადენას გამორიცხავს.
სასამართლო მიუთითებს საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2014 წლის 23 სექტემბრის განჩინებაზე (საქმებს ----(კ-14)), სადაც საკასაციო სასამართლოს განმარტავს, რომ „სამოქალაქო ბრუნვის მონაწილე ფიზიკური პირის ქმედების ეკონომიკურ საქმიანობად დაკვალიფიცირება ქვეყნის ადმინისტრაციულ, კერძოდ, საგადასახადო ორგანოების მნიშვნელოვან ფუნქციას განეკუთვნება, რაც კანონით მკაცრად რეგლამენტირებული წესების უზრუნველყოფით უნდა განხორციელდეს თანაზომიერების პრინციპის საფუძველზე, რათა ამ სფეროს ადმინისტრირების პროცესში გამოირიცხოს კერძო ინტერესების დაუსაბუთებელი და უკანონო შეზღუდვა. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ ამა თუ იმ საქონლის შეძენა თანამედროვე ადამიანის ყოფის აუცილებელ ელემენტს წარმოადგენს და მის ინტენსიურ ხასიათს ყოველი პირის პირადი ცხოვრება, შემოსავლების ოდენობა, დასაქმებულობის ხარისხი, ოჯახის სულადობა, მოთხოვნილებათა, საჭიროებათა მოცულობა, სამომხმარებლო კულტურა განსაზღვრავს. საგადასახადო სამსახურების მოხელეთა უფლებამოსილება გამოავლინონ სამეწარმეო საქმიანობის მიზნის მქონე შემძენი პირები, იმთავითვე მოიცავს ვალდებულებას - ზუსტად გამიჯნონ შემთხვევები, პირი საქონლის შეძენას ახორციელებს პირადი საჭიროებისათვის თუ მოგების მიღების მიზნით. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ ამ სფეროში საგადასახადო ადმინისტრირების ფუნქციით აღჭურვილი საგადასახადო მოხელეები უნდა ფლობდნენ შესაბამის კვალიფიკაციას, შესაბამის უნარ-ჩვევებს, რათა გამოირიცხოს ამგვარი მიზნის არ მქონე პირების მიმართ უკანონო სანქციების გავრცელება, როგორც ადამიანის უფლებების შემლახავი და მმართველობითი ავტორიტეტისათვის საზიანო. "საკასაციო სასამართლო განმარტავს: ბრუნვაუნარიანი ფიზიკური პირების სამოქალაქო უფლებების რეაღიზაციის აქტიურობის ხარისხი არ იძლევა იმის მტკიცების წინაპირობას, რომ ისინი უსათუოდ მოგების მიღების მიზნით მოქმედებენ. სამართლის ნორმის ამგვარი გაგება - გამოყენება საგადასახადო ორგანოების მხრიდან არ ემსახურება კანონიერი მმართველობის სტანდარტების მიღწევას. პირიქით, ადმინისტრირების უხეში, არაკვალიფიციური სტილი მეთოდები მართველობას რეპრესიულ ხასიათს სძენს და იგი დამთრგუნველი, შესაბამისად, მიუღებელი ხდება ფართო საზოგადოებისათვის. „საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ კანონიერი საჯარო მმართველობის სტანდარტიდან გამომდინარე ფიზიკური პირის საქმიანობის კვალიფიკაცია ეკონომიკურ საქმიანობად მოითხოვს ამგვარი საქმიანობის დამადასტურებელი/გამაქარწყლებელი ფაქტობრივი გარემოებების გამოკვლევას, მათ ობიექტურ და მიუკერძოებელ შეფასებას, რომლის საფუძველზე უტყუარად უნდა დადგინდეს საქმიანობის სტატუსი. მმართველობითი ხასიათის გადაწყვეტილებების კანონიერებას სწორედ მათი დასაბუთებულობა განსაზღვრავს.“ „საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ ადმინისტრაციული, მათ შორის, საგადასახადო სამართალდარღვევათა გამოკვლევა-დადგენა, სპეციფიკით სამართალდარღვევათა გამოვლენის თავისებურებათა გათვალისწინებით, თუმცა, ეს არც ერთ შემთხვევაში არ ათავისუფლებს სამართალდარღვევათა შემფარდებელ ორგანოებს უზრუნველყონ უმნიშვნელოვანესი პროცედურული ვალდებულება გამოიკვლიონ საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება და გადაწყვეტილება მიიღონ ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე.“ „საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ კანონმდებელი საჯარო წესრიგისა და კანონიერი ადმინისტრირების მისაღწევად იმდენად არსებით საკითხად მიიჩნევს სამართალდარღვევათა გამოვლენას, საგადასახადო სამართალდარღვევათა პრევენციას, მათი განხილვა-გადაწყვეტის პრაქტიკის კანონიერებას, რომ საგადასახადო კოდექსის 51-ე მუხლის მიხედვით საგადასახადო ორგანოებს დაკისრებული აქვთ ვალდებულება განახორციელონ საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობის დარღვევის ფაქტების შესწავლა, ანალიზი და შეფასება და დასახონ შესაბამისი ღონისძიებები საგადასახადო სამართალდარღვევათა გამომწვევი მიზეზებისა და პირობების აღმოსაფხვრელად; გამოავლინონ ფიზიკური და იურიდიული პირები, რომლებიც თავს არიდებენ გადასახადების გადახდას და აღკვეთონ საგადასახადო სამართალდარღვევები, აწარმოონ საგადასახადო სამართალდარღვევათა საქმეები და გამოიყენონ პასუხისმგებლობის ზომები ამ კოდექსით დადგენილი წესით.“ „საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ დაუშვებელია ფიზიკური პირის ქმედების ეკონომიკურ საქმიანობად მიჩნევა ეფუძნებოდეს მხოლოდ საგადასახადო მოხელის აღქმით შეფასებას, რამდენადაც ამგვარ ვითარებაში არსებობს რისკი, რომ ყველა ბრუნვაუნარიანი ფიზიკური პირი პოტენციურ სამართალდამრღვევად იქნეს მიჩნეული, რაც მომხმარებელთა უნდობლობასა და უპატივცემულობას გამოიწვევს საგადასახადო ადმინისტრირების მიმართ. საჯარო მმართველობა საზოგადოების, მისი თითოეული წევრის კეთილდღეობისკენ უნდა იყოს მიმართული, შესაბამისად, ადმინისტრირების ნებისმიერი ფორმა საზოგადოების მიერ აღქმული უნდა იყოს, როგორც საჯარო წესრიგის უზრუნველყოფის საშუალება, რაც მოსახლეობის სოლიდარობისა და მოქალაქეობრივი თანადგომის გარეშე ვერ მიიღწევა.“ „საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ ქვეყნის საგადასახადო სამსახურებმა უნდა შეიმუშაონ ანალოგიური სამართალდარღვევების გამოვლენის-შეფასების-დადგენის იმგვარი ფაქტობრივი და სამართლებრივი სტანდარტი, მეთოდოლოგია, რომელიც მინიმუმამდე დაიყვანს ადამიანის უფლებების შელახვის შემთხვევებს რათა ადმინისტრირების ფორმებმა გაუსაძლისი არ გახადოს ადამიანთა ყოველდღიურობა, არ გაუჩნდეთ განცდა, რომ მოთხოვნილებათა დასაკმაყოფილებლად სამოქალაქო ურთიერთობებში შესვლისას შესაძლო ადმინისტრირების, მინიმუმ დაკვირვების ობიექტს წარმოადგენენ, რაც პოზიტიურად არ აისახება ქვეყანაში ისედაც განუვითარებელ და ჩამოუყალიბებელი საბაზრო ურთიერთობებისა და აქტიური ბრუნვის „კულტურის დამკვიდრებაზე. ამავდროულად, მნიშვნელოვანია ის გარემოება, რომ კანონიერებისა და კანონის წინაშე თანასწორობის პრინციპების გათვალისწინებით ადმინისტრაციულმა ორგანოებმა კვალიფიციურად მართონ პროცესი, რომ ის ფიზიკური პირები, რომლებიც მოგების მიზნით იძენენ პროდუქციას, თუმცა, სათანადო რეგისტრაციის გარეშე საქმიანობენ, რათა თავი აარიდონ კუთვნილი გადასახადების გადახდას, რითიც პატივს არ სცემენ საზოგადოებრივი თანაცხოვრების საერთო წესებს, არ დარჩნენ კანონის საფუძველზე და მის შესაბამისად სანქცირების მიღმა. ამ მმართველობითი მიზნის მიღწევა საგადასახადო სისტემას ავალდებულებს ადმინისტრირების მეთოდოლოგიის, ტექნიკური საშუალებების და მოხელეთა უნარ - ჩვევებისა და ა.შ., ღონისძიებათა მთელი კომპლექსის თანამედროვე, კანონიერი სტანდარტის შემუშავებას.“
6.3. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ამ კოდექსის 22-ე მუხლში აღნიშნულ სარჩელთან დაკავშირებით სასამართლო უფლებამოსილია გამოიტანოს გადაწყვეტილება ადმინისტრაციული აქტის ბათილად ცნობის შესახებ თუ ადმინისტრაციული აქტი ეწინააღმდეგება კანონს და ის პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას, ან ინტერესს ან უკანონოდ ზღუდავს მას.
სასამართლო აღნიშნავს, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის საფუძვლები რეგლამენტირებულია საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-60 მუხლით, რომლის პირველი ნაწილი ადგენს, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ბათილია, თუ იგი ეწინააღმდეგება კანონს, ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადებისა ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მომზადების ან გამოცემის წესის არსებით დარღვევად ჩაითვლება ადმინისტრაციულ სამართლებრივი აქტის გამოცემა ამ კოდექსის 32-ე ან 34-ე მუხლით გათვალისწინებული წესის დარღვევით ჩატარებულ სხდომაზე ან კანონით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სახის დარღვევით, ან და კანონის ისეთი დარღვევა, რომლის არარსებობის შემთხვევაში მოცემულ საქმეზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება.
განსახილველ შემთხვევაში, საქმეში არსებული მტკიცებულებების გამოკვლევისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი შეფასების საფუძველზე, სასამართლო მიიჩნევს, რომ სადავო ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტები სსიპ შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 2021 წლის 08 ივნისის N 17989 ბრძანება და საგადასახადო მოთხოვნა N 047-28; სსიპ შემოსავლების სამსახურის 2021 წლის 3 აგვისტოს N 25522 ბრძანება; საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 2021 წლის 23 სექტემბრის N 4395/2/2021 გადაწყვტილება, არ შეესაბამება კანონს და ბათილად უნდა იქნეს ცნობილი. ამასთან, ვინაიდან მოსარჩელის მიერ ადგილი არ ჰქონია სადავო საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმით გათვალისწინებული სამართალდარღვევის ჩადენას, მის მიმართ გამოყენებული სანქცია უნდა გაუქმდეს.
7. საპროცესო ხარჯები:
7.1. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს – სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა. იმ მხარის წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეულ ხარჯებს, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, სასამართლო დააკისრებს მეორე მხარეს გონივრულ ფარგლებში, მაგრამ არაუმეტეს დავის საგნის ღირებულების 4 პროცენტისა, ხოლო არაქონებრივი დავის შემთხვევაში – განსახილველი საქმის მნიშვნელობისა და სირთულის გათვალისწინებით, 2 000 ლარამდე ოდენობით.
სარჩელის ფასის განსაზღვრასთან დაკავშირებით სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 41-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა" ქვეპუნქტის მიხედვით ფულის გადახდევინების შესახებ სარჩელზე დავის საგნის ფასი განისაზღვრება გადასახდელი თანხით.
სახელმწიფო ბაჟის ოდენობა, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 39-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა” ქვეპუნქტის თანახმად, შეადგენს სარჩელზე დავის საგნის ღირებულების 3%-ს, მაგრამ არანაკლებ 100 (ასი) ლარისა, ამავე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად პირველი ინსტანციის სასამართლოში სახელმწიფო ბაჟის ოდენობა ფიზიკური პირისათვის არ უნდა აღემატებოდეს 3000 ლარს, იურიდიული პირებისათვის 5000 ლარს. განსახილველ შემთხვევაში, მოსარჩელის მიერ გადახდილია 150 ლარი მხარე სადავოდ ხდის ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმს, რომლის თანახმად, მას სახდელად განესაზღვრა ჯარიმა 5000 ლარი. შესაბამისად, სარჩელზე გადასახდელი სახელმწიფო ბაჟის ოდენობა შეადგენს 150 ლარს (დავის ღირებულების 3%), რომლის გადახდა მოსარჩელის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს მოპასუხეებს სოლიდარულად.
სარეზოლუციო ნაწილი
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი, მე-2, მე-12, 22-ე, 32-ე მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 53-ე, 243-ე, 244-ე, 257-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა
1.ფ/პ -----ის სარჩელი დაკმაყოფილდეს.
1.1. ბათილად იქნას ცნობილი სსიპ შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 2021 წლის 08 ივნისის N 17989 ბრძანება და საგადასახადო მოთხოვნა N 047–28;
1.2. ბათილად იქნას ცნობილი სსიპ შემოსავლების სამსახურის 2021 წლის 3 აგვისტოს N 25522 ბრძანება;
1.3. ბათილად იქნას ცნობილი საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 2021 წლის 23 სექტემბრის N 4395/2/2021 გადაწყვეტილება;
2. სსიპ შემოსავლების სამსახურს და ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს ფ/პ ----- სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისროთ სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 150 ლარის ანაზღაურება.
3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო საჩივრის შეტანის გზით ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (მის. ქ. ქუთაისი, ნიუპორტის ქუჩა N 32) ქუთაისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით (მის. ქ. ქუთაისი, კუპრაძის ქუჩა N 11) მხარეთათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემიდან 14 დღის ვადაში.
მოსამართლე:
ციცინო კიკვაძე
სადავო საკითხი:
ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობა;
ფაქტობრივი გარემოებები:
გადასახადის გადამხდელი მიუთითებს, რომ 2018 წლის 23 მაისს ----- რაიონიდან ახორციელებდა 2.4 მ3 მასალის ტრასპორტირებას. იმის გამო, რომ იყო საღამოს 11 საათი ვერ დაუკავშირდა ბუღალტერს ზედნადების გამოსაწერად, ამიტომ თავად შევიდა სსიპ შემოსავლების სამსახურის ვებ - გვერდზე და გაიაქტიურა სასაქონლო ზედნადები. ამ დროს დაუშვა შეცდომა და არ შეცვალა ფირნიშის ნომრები, რამაც გამოიწვია სამართალდარღვევა. მომჩივანის მხრიდან ადგილი ჰქონდა სამართალდარღვევის ჩადენის ფაქტს, რაც გამოიხატა სამეწარმეო საქმიანობისათვის განკუთვნილი ხე - ტყის კანონმდებლობით განსაზღვრული სასაქონლო ზედნადების გარეშე ტრანსპორტირებაში.
გადაწყვეტილება:
მხარეთა ახსნა - განმარტებების მოსმენის, საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებების ურთიერთშეჯერებისა და ანალიზის საფუძველზე, სასამართლო დადასტურებულად მიიჩნევს, რომ მოსარჩელის მიერ ადგილი არ ჰქონია საქართველოს საგადასახადო კოდექსის 286-ე მუხლის მე-12 ნაწილით გათვალისწინებულ სამართალდარღვევას, ვინაიდან წარმოდგენილი მტკიცებულებებით არ დასტურდება, რომ ფ/პ ----- მიერ ტრანსპორტირებული დახერხილი ხის მასალა განკუთვნილი იყო სამეწარმეო საქმიანობისთვის. საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 2021 წლის 23 სექტემბრის N 4395/2/2021 გადაწყვტილება, არ შეესაბამება კანონს და ბათილად უნდა იქნეს ცნობილი. ამასთან, ვინაიდან მოსარჩელის მიერ ადგილი არ ჰქონია სადავო საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმით გათვალისწინებული სამართალდარღვევის ჩადენას, მის მიმართ გამოყენებული სანქცია უნდა გაუქმდეს.
დასაბუთება:
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი, მე-2, მე-12, 22-ე, 32-ე მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 53-ე, 243-ე, 244-ე, 257-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით. საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: მუხლი 286 (12);.