დასაბეგრი თანხა

ევროპის კავშირის მართლმსაჯულების სასამართლოს (CJEU) გადაწყვეტილება 07.11.2013
№ დოკუმენტი C-249/12, C-250/12
სტატუსი მოქმედი
მიმღები სასამართლო

📄 სრული ტექსტი

#assignedTableId-1674200267471 {border: none; margin: 0 auto !important; }წევრი სახელმწიფო:

რუმინეთი

საქმის ნომერი:

C-249/12, C-250/12

მხარეები:

Corina-HrisiTulică v. Agenţia Naţională de Administrare Fiscală – Direcţia Generală deSoluţionare a Contestaţiilor

თარიღი:

07/11/2013

სამართლებრივი საფუძველი:

· 2006წლის 28 ნოემბრის დირექტივის 73-ე მუხლი

· 2006წლის 28 ნოემბრის დირექტივის 78-ე მუხლი

შესაბამისი ნორმები საქართველოს საგადასახადო კოდექსიდან:

· 164-ე მუხლის პირველი ნაწილი

· 164-ე მუხლის მე-4 ნაწილი

დასაბეგრი თანხა

ფაქტობრივი გარემოება

ფიზიკურმა პირებმა, როგორც გამსხვისებლებმა, გარკვეული პერიოდის განმავლობაში გააფორმეს მიწის ნასყიდობის არაერთი ხელშეკრულება. ხელშეკრულებებში არ იყო გათვალისწინებული და მოწესრიგებული დღგ-ის საკითხი, კერძოდ მოიცავდა თუ არა უძრავი ქონების ნასყიდობის საფასური დღგ-ს. საგადასახადო ორგანომ ჩათვალა, რომ საქმიანობა, რომელსაც ფიზიკური პირები ახორციელებდნენ, შეიცავდა ეკონომიკური საქმიანობის ნიშნებს და ისინი მიიჩნია დღგ-ით დაბეგვრას დაქვემდებარებულ დასაბეგრ პირებად. პირებს დაეკისრათ დღგ-ის გადახდის ვალდებულება. ჩაითვალა, რომ მიწის ნასყიდობის ხელშეკრულებებში შეთანხმებული ფასი არ მოიცავდა დღგ-ს, შესაბამისად აღნიშნულ თანხას ზემოდან დაერიცხა გადასახადი.

ფიზიკური პირების განცხადებით გადასახადის გამოთვლის ამგვარი წესი არღვევს ხელშეკრულების თავისუფლების პრინციპს. შემძენების მიერ უძრავი ქონების ნასყიდობა არ განხორციელებულა საგადასახადო ორგანოს მიერ მითითებული პირობებით. დღგ წარმოადგენს მოხმარებაზე დაწესებულ გადასახადს, რომელიც უნდა იტვირთოს საბოლოო მომხმარებელმა. მოცემულ შემთხვევაში კი დამატებით დარიცხული დღგ-ს ამოღება საბოლოო მომხმარებლებისგან უკვე შეუძლებელია. შესაბამისად, დღგ არის ფასის კომპონენტი და არა მასზე დამატებით დარიცხული გადასახადი.

საგადასახადო ორგანოს მოსაზრებით კი მიწის დასაბეგრი მიწოდების შემთხვევაში გადასახდელი დღგ-ს ოდენობა წარმოადგენს:

ა) მიწოდების სანაცვლოდ მიღებულ ანაზღაურებაზე ზემოდან დასარიცხი გადასახადის ოდენობას, როცა

·მხარეები შეთანხმდნენ, რომ მიწოდების სანაცვლო ანაზღაურება არ მოიცავს დღგ-ს ან

·მხარეები საერთოდ არ შეთანხმებულან დღგ-ის თაობაზე.

ბ) მიწოდების სანაცვლოდ მიღებული ანაზღაურების შემადგენელ კომპინენტს, როცა გარიგების მხარეები შეთანხმდნენ, რომ მიწოდების სანაცვლო ანაზღაურება მოიცავს დღგ-ს.

დავის სასამართლოში გაგრძელების შემდეგ სასამართლომ ეჭვქვეშ დააყენა საგადასახადო ორგანოს ზემოაღნიშნული გადაწყვეტილების მართლზომიერება და ევროპის სასამართლოს მიმართა კითხვებით დირექტივის 73-ე და 78-ე მუხლების ინტერპრეტაციის თაობაზე.

დასმული კითხვა

თუ უძრავი ქონების მიმწოდებელი დასაბეგრი პირია და მიწოდების ფასი მხარეებს შორის განისაზღვრა დღგ-ზე მითითების გარეშე, დირექტივის 73-ე და 78-ე მუხლების მიხედვით დასაბეგრი თანხა წარმოადგენს:

ა) მხარეების მიერ მიწოდების სანაცვლოდ დადგენილი ანაზღაურების თანხას დღგ-ის გამოკლებით, თუ

ბ) მხარეების მიერ მიწოდების სანაცვლოდ დადგენილი ანაზღაურების ოდენობას?

სასამართლოს გადაწყვეტილება

დღგ-ის დირექტივის პირველი მუხლის თანახმად, დირექტივა ადგენს დღგ-ის ერთიან სისტემას. დღგ-ის ერთიანი სისტემის პრინციპი გულისხმობს საქონლისა და მომსახურების მოხმარებაზე საქონლისა და მომსახურების ფასის პროპორციული გადასახადის გავრცელებას.

დირექტივის 73-ე მუხლის მიხედვით, დასაბეგრი თანხა მოიცავს ყველაფერს, რისგანაც შედგება მიმწოდებლის მიერ მიწოდების სანაცვლოდ მომხმარებლისგან ან მესამე პირისგან მიღებული ანაზღაურება, მათ შორის, ფასთან პირდაპირ დაკავშირებულ სუბსიდიას.

დირექტივის 78-ე მუხლის თანახმად, დასაბეგრი თანხა მოიცავს

ა) გადასახადებს, მოსაკრებლებს, საფასურებს და გადასახდელებს, გარდა დღგ-ისა;

ბ) თანმდევ ხარჯებს, როგორებიცაა, საკომისიო, შეფუთვის, ტრანსპორტირების, დაზღვევის ხარჯები, რომლებსაც მიმწოდებელი აკისრებს შემძენს.

დირექტივის პირველი მუხლის და 73-ე მუხლის მიხედვით, დღგ საქონლისა და მომსახურების მოხმარებაზე დაწესებული გადასახადია, ხოლო დასაბეგრი თანხა მოიცავს ყველაფერს, რისგანაც შედგება მიმწოდებლის მიერ მიღებული ანაზღაურება. 78-ე მუხლი განსაზღვრავს, თუ რას მოიცავს დასაბეგრი თანხა. აღნიშნული მუხლის (ა) პუნქტის მიხედვით, დღგ არ შეიტანება დასაბეგრ თანხაში.

73-ე მუხლში მოცემული ზოგადი წესის მიხედვით, დასაბეგრი თანხა ანაზღაურების სანაცვლოდ საქონლის მიწოდებისა და მომსახურების გაწევის შემთხვევებში არის ფაქტობრივად მიღებული ანაზღაურება. აღნიშნული ანაზღაურება წარმოადგენს სუბიექტურ ღირებულებას, რაც გულისხმობს ფაქტობრივად მიღებულ თანხას და არა ობიექტური კრიტერიუმების საფუძველზე განსაზღვრულ ოდენობას.

როცა ნასყიდობის ხელშეკრულება შედგენილ იქნა დღგ-ზე მითითების გარეშე და ამავდროულად ეროვნული კანონმდებლობის მიხედვით მიმწოდებელს არ ეძლევა საშუალება, დღგ-ს თანხის დამატებით გადახდა დააკისროს შემძენს, დასაბეგრ თანხად სრული კომპენსაციის (დღგ-ს გამოკლების გარეშე) განხილვა განაპირობებს საგადასახადო ტვირთის მიმწოდებელზე დაკისრებას. აღნიშნული თავის მხრივ წინააღმდეგობაში მოდის საბაზისო პრინციპთან, რომ დღგ არის საბოლოო მომხმარებლის ტვირთი.

ვითარება სხვაგვარია მაშინ, როცა მიმწოდებელს ეროვნული კანონმდებლობით ეძლევა შესაძლებლობა, რომ დააკისროს დღგ-ს გადახდა საქონლის/მომსახურების მიმღებ პირს. შესაბამისად, ეროვნულმა სასამართლომ უნდა დაადგინოს რუმინეთის შიდა კანონმდებლობა აძლევს თუ არა მიმწოდებელს საშუალებას, რომ შემძენს დააკისროს დღგ-ს გადახდა.

სასამართლომ მიიჩნია, რომ თუ გარიგების მხარეებს შორის მიწოდების სანაცვლო ფასი შეთანხმებულია დღგ-ზე მითითების გარეშე და მიმწოდებელი არის დასაბეგრი პირი, ამასთანავე, მიმწოდებელს არ შეუძლია დამატებით დააკისროს დღგ-ს გადახდა საქონლის/მომსახურების შემსყიდველ მხარეს, მაშინ იგულისხმება, რომ შეთანხმებული ფასი მოიცავს დღგს.