მაღალმთიან დასახლებაში მუდმივად მცხოვრები პირის შეღავათი საშემოსავლო გადასახადში N 1516

1516 მაღალმთიან დასახლებაში მუდმივად მცხოვრები პირის შეღავათი საშემოსავლო გადასახადში 26.04.2022
№ დოკუმენტი 1516
სტატუსი მოქმედი
მიმღები შემოსავლების სამსახურის უფროსი

📄 სრული ტექსტი

სიტუაციური სახელმძღვანელო

მაღალმთიან დასახლებაში მუდმივად მცხოვრები პირის შეღავათი საშემოსავლო გადასახადში N 1516

ფაქტობრივი გარემოებები

· ფიზიკურ პირს მაღალმთიან დასახლებაში მუდმივად მცხოვრები პირის სტატუსი მინიჭებული აქვს ყაზბეგის მუნიციპალიტეტის მიერ.

· პირი 2 წლის განმავლობაში დაქირავებით მუშაობას ეწევა სხვა მაღალმთიან დასახლებაში, კერძოდ ბაკურიანში მდებარე საწარმოში.

· დამქირავებელმა აღნიშნულ პირებს 6000 ლარის ოდენობით გაცემული ხელფასი არ დაუბეგრა საშემოსავლო გადასახადით.

შეფასება

· სსკ-ის 82-ე მუხლის მეორე ნაწილის „გ“ ქვეპუნქტის მიხედვით, საშემოსავლო გადასახადით არ იბეგრება მაღალმთიან დასახლებაში მუდმივად მცხოვრები პირის სტატუსის მქონე პირის მიერ მაღალმთიან დასახლებაში საქმიანობით კალენდარული წლის განმავლობაში მიღებული 6000 ლარამდე დასაბეგრი შემოსავალი, გარდა საბიუჯეტო ორგანიზაციიდან და სახელმწიფოს მიერ ან ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს მიერ დაფუძნებული სამედიცინო დაწესებულებიდან ხელფასის სახით მიღებული შემოსავლისა. - მაღალმთიანი რეგიონების განვითარების შესახებ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის მე-5 პუნქტის თანახმად, ფიზიკურ პირს მაღალმთიან დასახლებაში მუდმივად მცხოვრები პირის სტატუსი ენიჭება, თუ იგი აკმაყოფილებს შემდეგ კრიტერიუმებს: არის საქართველოს მოქალაქე; რეგისტრირებულია მაღალმთიან დასახლებაში; ყოველი კალენდარული წლის განმავლობაში ჯამში 9 თვის ან 9 თვეზე მეტი ვადით ფაქტობრივად ცხოვრობს მაღალმთიან დასახლებაში. - იგივე მუხლის მე-6 პუნქტიდან(ბ) გამომდინარე, მაღალმთიან დასახლებაში მუდმივად მცხოვრებ პირს მაღალმთიან დასახლებაში მუდმივად მცხოვრები პირის სტატუსი უწყდება, თუ: შეიცვალა რეგისტრაციის მისამართი (გარდა აღნიშნული პირის სხვა მაღალმთიან დასახლებაში რეგისტრაციის შემთხვევისა).

· მიუხედავად იმისა, რომ მაღალმთიან დასახლებაში მუდმივად მცხოვრები პირის სტატუსის მქონე პირის მუდმივი საცხოვრებელი და საქმიანობის ადგილები მდებარეობს სხვადასხვა მაღალმთიან დასახლებაში, აღნიშნული პირი მაინც ისარგებლებენ შეღავათით, რადგან 6000 ლარიანი შეღავათი ეხება ნებისმიერ მაღალმთიან დასახლებაში საქმიანობით მიღებულ დასაბეგრ შემოსავალს.

ღონისძიებები

· პირის ქმედებაში საგადასახადო სამართალდარღვევა არ იკვეთება და დამატებით საგადასახადო ვალდებულებების დაკისრება არ ხდება.

სიტუაციური სახელმძღვანელო დამტკიცებულია 2022 წლის 6 აპრილისთვის მოქმედი საგადასახადო კანონმდებლობის მიხედვით.