გადაწყვეტილება №23568/2/2024
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
№23568/2/2024
25 სექტემბერი 2024
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
მომჩივანი: ---------ია (ს/ნ ----------------)
მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 19.09.2024 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება ------იას 25.07.2024 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №23568/2/2024).
დავის საგანი:
საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრა არაპირდაპირი მეთოდით.
გასაჩივრებული გადაწყვეტილება:
1. აუდიტის დეპარტამენტის 18.04.2024 წლის №054-3 საგადასახადო მოთხოვნა;
2. შემოსავლების სამსახურის 28.06.2024 წლის №15315 ბრძანება.
დარიცხული თანხა: 229 944,51 ლარი.
მათ შორის:
გადასახადი - 136 207
დღგ - 120 321
საშემოსავლო გადასახადი - 15 886
ჯარიმა - 64 151
საურავი - 29 586,51
ფაქტების აღწერა/დარიცხვის საფუძვლები
---------იას (ს/ნ ----------------) საქმიანობაა ცომეულით (ხაჭაპური, ლობიანი, ღვეზელი და სხვა) და უალკოჰოლო სასმელებით ვაჭრობა ქ. თბილისში -----ის ქუჩა №--ში იჯარით აღებულ ფართში.
აუდიტის დეპარტამენტის 15.04.2024 წლის კამერალური საგადასახადო შემოწმების აქტით შემოწმებულია მომჩივნის საქმიანობის 1.01.2021 წლიდან 1.12.2023 წლამდე პერიოდი. შემოწმების აქტიდან ირკვევა, რომ სადავო დარიცხვა გამოწვეულია შემდეგი გარემოებებით:
გადასახადის გადამხდელს საქონლის რეალიზაცია უფიქსირდება როგორც დოკუმენტურად (წილი 0.5%), ასევე საკონტროლო-სალარო აპარატით. გადამხდელს არ გააჩნია ბუღალტრული აღრიცხვა და საქონლის მოძრაობის მონაცემები. გადამხდელის მიერ 2022 წელს საშემოსავლო გადასახადის წლიური დეკლარაცია წარდგენილია ზარალით 137 146 ლარის ოდენობით, კერძოდ, 224 642 ლარის ღირებულების საქონელი რეალიზებულია 135 627 ლარად, ხოლო 2021 წლის საშემოსავლო გადასახადის წლიური დეკლარაციის მონაცემების მიხედვით დეკლარირებული ფასნამატი შეადგენს 54%-ს. გადამხდელის მიერ წარმოდგენილ ინფორმაციაში არ ფიქსირდება მონაცემები დეფექტური ან მიწოდებისთვის უვარგისი საქონლის აღრიცხვაზე. ასევე არ დაფიქსირებულა დაუძლეველი ძალის მიერ (ხანძარი, წყალდიდობა და ა.შ.) დაზიანებული საქონლის ჩამოწერის შემთხვევები.
ფაქტობრივი გარემოებიდან გამომდინარე, საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის გათვალისწინებით, არაპირდაპირი მეთოდით განისაზღვრა გადამხდელის დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა და ერთობლივი შემოსავალი. კერძოდ, 2021-2022 წლების შემოსავლის გაანგარიშებისას გამოყენებულ იქნა გადასახადის გადამხდელის მიერ მოწოდებული კალკულაციები და წარმოებული პროდუქციის რაოდენობა თვის ჭრილში. შეძენილი ფქვილის რაოდენობა წარმოებული პროდუქციის წილის მიხედვით იქნა გადანაწილებული და შედეგად გამოვლინდა კონკრეტული სახეობების მიხედვით წარმოებული პროდუქციის რაოდენობა. ზემოაღნიშნულის მიხედვით გაანგარიშებულ იქნა დოკუმენტის გარეშე რეალიზებული საქონლიდან მიღებული შემოსავალი და საანგარიშო პერიოდების მიხედვით დოკუმენტურ რეალიზაციასთან ერთად ჩართულ იქნა დღგ-ით დასაბეგრ ბრუნვასა და ერთობლივ შემოსავალში, რამაც გამოიწვია დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვისა და ასევე 2021-2022 წლების ერთობლივი შემოსავლის გაზრდა. შედეგად, გადამხდელს დაერიცხა დღგ, საშემოსავლო გადასახადი და დაეკისრა ჯარიმა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის მიხედვით.
შესამოწმებელ პერიოდის საშემოსავლო გადასახადის წლიური დეკლარაციებში შეძენილი საქონლის ღირებულებები დაანგარიშებულია არასწორად. შემოწმების პროცესში საგადასახადო კოდექსის 136-ე და 145-ე მუხლების გათვალისწინებით, დაანგარიშდა შეძენილი საქონლის ღირებულება, რამაც გამოიწვია საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება. ასევე, გადასახადის გადამხდელს არ აქვს ბაზარში შეძენილი პროდუქციის (ლობიო, კარტოფილი, ყველი) დამადასტურებელი დოკუმენტაცია (შესყიდვის აქტები). საანგარიშო წლებში გაიზარდა ერთობლივი შემოსავლიდან გამოსაქვითი სმფ-ის ხარჯი. კერძოდ, წარმოებული პროდუქციის რაოდენობის მიხედვით მოხდა პროდუქციის ჩამოწერა და ხარჯებში გათვალისწინება იმავე პროდუქციის შეძენის ფასების გათვალისწინებით.
საგადასახადო შემოწმების აქტის საფუძველზე გადასახადის გადამხდელს წარედგინა აუდიტის დეპარტამენტის 18.04.2024 წლის №054-3 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში.
შემოსავლების სამსახურის 28.06.2024 წლის №15315 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი
შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილზე, 136-ე მუხლის პირველ და მე-3 ნაწილებზე, 61-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტზე, მე-100 მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტზე, 102-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტზე, 105-ე მუხლის პირველ და მე-2 ნაწილებზე, 72-ე მუხლის პირველ ნაწილზე, 145-ე მუხლის პირველი, მე-2 და მე-3 ნაწილებზე, 159-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტზე, 163-ე მუხლის პირველ და მე-2 ნაწილებზე, 164-ე მუხლის პირველ ნაწილზე და 43-ე მუხლის მე-4 ნაწილზე.
საქმეში არსებული ფაქტობრივი გარემოებების თანახმად, გადასახადის გადამხდელი არ აწარმოებს ბუღალტრულ აღრიცხვას კანონმდებლობით დადგენილი ფორმითა და წესით, შესაბამისად, საწარმოს სააღრიცხვო დოკუმენტაციით შეუძლებელია დაბეგვრის ობიექტის დადგენა.
შემოსავლების სამსახური მიუთითებს აუდიტის დეპარტამენტის მიერ მოწოდებულ ინფორმაციაზე, რომლის თანახმად, საგადასახადო შემოწმებამ იხელმძღვანელა გადამხდელის მიერ წარმოდგენილი კალკულაციების მიხედვით. კერძოდ, შეძენილი ფქვილი წარმოებული პროდუქციის წილის პროპორციულად გადანაწილდა სახეობებზე და შესაბამისი რაოდენობის ფქვილით რა რაოდენობის პროდუქციაც იწარმოა ჩართულ იქნა რეალიზაციაში გადამხდელის მიერ წარმოდგენილი საბაზრო ღირებულებებით წლების მიხედვით. ასევე, არაპირდაპირი მეთოდით გათვალისწინებულ იქნა ხარჯები.
შემოსავლების სამსახური საჩივრების დანართად წარმოდგენილ ინფორმაციასთან დაკავშირებით ყურადღებას ამახვილებს აუდიტის დეპარტამენტის მიერ მოწოდებულ ინფორმაციაზე, რომლითაც ირკვევა შემდეგი: ი/მ -------იას მიერ საჩივრებზე თანდართული ცხრილის შესწავლის შედეგად, საგადასახადო შემოწმების აქტით დარიცხული თანხები არ იცვლება, რადგან ძირითად ინგრედიენტს გადასახადის გადამხდელის ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში წარმოებული პროდუქციისათვის წარმოადგენს ფქვილი, რომელიც სრულად შეძენილია დოკუმენტით, ხოლო მარგარინისა და ზეთის ხარჯი გათვალისწინებულია დოკუმენტური შეძენების მიხედვით, რადგან შემოწმებისთვის უცნობია რა სიხშირით იცვლებოდა ზეთი და რა რაოდენობა იყო საჭირო. ამასთან, ზემოაღნიშნული პროდუქციის წილი წარმოებული პროდუქციის ნაწილში არაარსებითია.
ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, შემოსავლების სამსახური განმარტავს, რომ ვინაიდან გადასახადის გადამხდელი არ აწარმოებს ბუღალტრულ აღრიცხვას, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის საფუძველზე, საგადასახადო შემოწმების მიერ მართლზომიერად განხორციელდა გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრა არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით. ამასთან, მართლზომიერად განხორციელდა ერთობლივი შემოსავლის/დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვის გაანგარიშებისას გადამხდელის მიერ წარდგენილი კალკულაციების გათვალისწინება და რეალიზაციაში ჩართვა მის მიერ წარდგენილი საბაზრო ღირებულებების მიხედვით.
ამასთან, შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ მომჩივანს დავის წარმოების პროცესშიც არ აქვს წარმოდგენილი იმგვარი არგუმენტები/მტკიცებულებები, რომლებიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმების აქტით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს.
ზემოაღნიშნული ფაქტობრივი გარემოებების და სამართლებრივი ნორმების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ აუდიტის დეპარტამენტის მიერ არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია საგადასახადო კანონმდებლობის შესაბამისად და არ არსებობს საჩივრების დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი.
მომჩივნის არგუმენტაცია
გადამხდელი არ ეთანხმება არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრას. მომჩივანი განმარტავს, რომ 14.05.2024 წლის გაგზავნეს წერილი აუდიტში, სადაც ითხოვდნენ საგადასახადო შედეგების გაანგარიშების ცხრილებს, რომლითაც იდენტიფიცირდება, შემმოწმებლების მიერ დასაბეგრი ბაზის გაანგარიშება. მათ მიერ შესწავლით დადგინდა, რომ აუდიტორებს არაპირდაპირი მეთოდით დათვლის დროს, ფქვილის წილობრივი მაჩვენებლების მიხედვით აქვთ დათვლილი დაახლოებით თუ რა რაოდენობის პროდუქცია უნდა ეწარმოებინათ წლის ჭრილში, ხოლო მათ მიერ მიწოდებული კალკულაციების და სარეალიზაციო ფასების მიხედვით კი დაარიცხეს შესაბამისი გადასახადი, ხარჯების ნაწილში გათვალისწინებულია ზედნადებით შესყიდულის გარდა მხოლოდ ლობიოს, ყველის და კარტოფილის შესყიდვა არასრული რაოდენობით, რომელიც არ არის საკმარისი მათ მიერ გამოანგარიშებული რაოდენობის მზა პროდუქციის საწარმოებლად. ზემოთ აღნიშნული პროდუქციის გარდა არსებული ხაჭაპურის, პურის, ლობიანი და სხვა მზა ნაწარმის წარმოებას ასევე ჭირდებოდა სხვა დამატებითი პროდუქცია, რომელიც არასაკმარისი რაოდენობით იყო შეძენილი დოკუმენტით, მაგალითად როგორიცაა მარგარინი, ზეთი, საფუარი, შაქარი, ლიმონმჟავა და ა.შ. შესაბამისად იმ შემოსავლის მიღებას, რაც აუდიტორებმა გამოიანგარიშეს, სჭირდება იმაზე მეტი ნედლეული ვიდრე აუდიტორებმა გაითვალეს დასაბეგრი ბაზის მიღებისათვის ხარჯის ნაწილად, ამ ყველაფრის დასტურად ატვირთეს გაანგარიშების ცხრილები, სადაც ნათლად ჩანს მათ მიერ აღმოჩენილი შეცდომები.
დავების განხილვის საბჭო
მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ შემდეგ გარემოებათა გამო:
საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის პირველ და მე-3 ნაწილების თანახმად:
1. გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სწორად და დროულად აღრიცხოს შემოსავლები და ხარჯები დოკუმენტურად დადასტურებულ მონაცემთა საფუძველზე, ამ თავით გათვალისწინებული მეთოდების გამოყენებით და მიაკუთვნოს იმ საანგარიშო პერიოდს, რომელშიც მოხდა მათი მიღება და გაწევა.
3. გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე.
საგადასახადო კოდექსის 61-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საგადასახადო ორგანო უფლებამოსილია პირს დაარიცხოს გადასახადი თავის ხელთ არსებული ინფორმაციის საფუძველზე, თუ პირი მას არ წარუდგენს გადასახადის დასარიცხად საჭირო ინფორმაციას.
საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის მიხედვით, საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, პირის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვროს არაპირდაპირი მეთოდების გამოყენებით (აქტივების სიდიდის, საოპერაციო შემოსავლებისა და ხარჯების, პირის შესახებ ინფორმაციის მისი საქმიანობის სხვა საგადასახადო პერიოდთან ან სხვა ამგვარი გადასახადის გადამხდელის შესახებ მონაცემების შედარების, აგრეთვე სხვა მსგავსი ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე) თუ პირს არ აქვს სააღრიცხვო დოკუმენტაცია ან სააღრიცხვო დოკუმენტაციით შეუძლებელია დაბეგვრის ობიექტის დადგენა.
საგადასახადო კოდექსის მე-100 მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, ერთობლივ შემოსავალს განეკუთვნება ეკონომიკური საქმიანობით მიღებული შემოსავლები, რომლებიც დაკავშირებული არ არის დაქირავებით მუშაობასთან.
საგადასახადო კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, ეკონომიკური საქმიანობით მიღებულ შემოსავლებს განეკუთვნება საქონლის/მომსახურების მიწოდებით მიღებული შემოსავლები.
საგადასახადო კოდექსის 105-ე მუხლის პირველ და მე-2 ნაწილების თანახმად:
1. ერთობლივი შემოსავლიდან გამოიქვითება ყველა ხარჯი, რომელიც დაკავშირებულია მის მიღებასთან, გარდა იმ ხარჯებისა, რომლებიც ამ კოდექსის თანახმად გამოქვითვას არ ექვემდებარება.
2. თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, ყველა ხარჯი დოკუმენტურად უნდა იყოს დადასტურებული.
საგადასახადო კოდექსის 72-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, პირველადი საგადასახადო დოკუმენტი არის წერილობითი დოკუმენტი, რომლითაც შესაძლებელია სამეურნეო ოპერაციის მონაწილე მხარეთა იდენტიფიცირება, აქვს თარიღი და მოიცავს მიწოდებული საქონლის/გაწეული მომსახურების ჩამონათვალსა და ღირებულებას.
საგადასახადო კოდექსის 159-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციაა, დასაბეგრი პირის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში ანაზღაურების სანაცვლოდ საქონლის მიწოდება.
საგადასახადო კოდექსის 163-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის დღგ-ით დაბეგვრა ხორციელდება საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის მომენტში, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.
საგადასახადო კოდექსის 164-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, დღგ-ით დასაბეგრი თანხა არის საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის სანაცვლოდ მიღებული/მისაღები ანაზღაურება დღგ-ის გარეშე, საქონლის/მომსახურების ფასთან პირდაპირ დაკავშირებული სუბსიდიის ჩათვლით.
საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.
დადგენილია, რომ მომჩივნის საგადასახადო ვალდებულებები განისაზღვრა არაპირდაპირი მეთოდით, გადასახადის გადამხდელი არ აწარმოებდა ბუღალტრულ აღრიცხვას კანონმდებლობით დადგენილი ფორმითა და წესით და შესაბამისად, მეწარმის სააღრიცხვო დოკუმენტაციით შეუძლებელი იყო დაბეგვრის ობიექტის დადგენა.
საბჭო მიუთითებს აუდიტის დეპარტამენტის მიერ მოწოდებულ ინფორმაციაზე, რომლის თანახმად, საგადასახადო შემოწმებამ იხელმძღვანელა გადამხდელის მიერ წარდგენილი კალკულაციების მიხედვით. კერძოდ, შეძენილი ფქვილი წარმოებული პროდუქციის წილის პროპორციულად გადანაწილდა სახეობებზე და შესაბამისი რაოდენობის ფქვილით რა რაოდენობის პროდუქციაც იწარმოა ჩართულ იქნა რეალიზაციაში გადამხდელის მიერ წარმოდგენილი საბაზრო ღირებულებებით წლების მიხედვით. ასევე, არაპირდაპირი მეთოდით გათვალისწინებულ იქნა ხარჯები.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საბჭო მიიჩნევს, რომ ვინაიდან გადასახადის გადამხდელი არ აწარმოებდა ბუღალტრულ აღრიცხვას, საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის საფუძველზე, გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრა არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით მართლზომიერია. ასევე, მართლზომიერად განხორციელდა ერთობლივი შემოსავლის/დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვის გაანგარიშებისას გადასახადის გადამხდელის მიერ წარდგენილი კალკულაციების გათვალისწინება და რეალიზაციაში ჩართვა მის მიერ წარდგენილი საბაზრო ღირებულებების მიხედვით.
მომჩივანმა, როგორც წარმოდგენილ საჩივარში, ასევე საბჭოს სხდომაზე აღნიშნა, რომ აუდიტორებს არაპირდაპირი მეთოდით დათვლის დროს, ფქვილის წილობრივი მაჩვენებლების მიხედვით აქვთ დათვლილი დაახლოებით თუ რა რაოდენობის პროდუქცია უნდა ეწარმოებინათ წლის ჭრილში, ხოლო მათ მიერ მიწოდებული კალკულაციების და სარეალიზაციო ფასების მიხედვით კი დაარიცხეს შესაბამისი გადასახადი. ხარჯების ნაწილში გათვალისწინებულია ზედნადებით შესყიდულის გარდა მხოლოდ ლობიოს, ყველის და კარტოფილის შესყიდვა არასრული რაოდენობით, რომელიც არ არის საკმარისი მათ მიერ გამოანგარიშებული რაოდენობის მზა პროდუქციის საწარმოებლად. ზემოთ აღნიშნული პროდუქციის გარდა არსებული ხაჭაპურის, პურის, ლობიანი და სხვა მზა ნაწარმის წარმოებას ასევე ჭირდებოდა სხვა დამატებითი პროდუქცია, რომელიც არასაკმარისი რაოდენობით იყო შეძენილი დოკუმენტით, მაგალითად როგორიცაა მარგარინი, ზეთი, საფუარი, შაქარი, ლიმონმჟავა და ა.შ. შესაბამისად იმ შემოსავლის მიღებას, რაც აუდიტორებმა გამოიანგარიშეს, სჭირდება იმაზე მეტი ნედლეული ვიდრე აუდიტორებმა დაითვალეს დასაბეგრი ბაზის მიღებისათვის ხარჯის ნაწილად. მომჩივანმა საბჭოს სხდომაზე განაცხადა, რომ მისი პოზიციის გასამყარებლად გამზადებული და წარმოდგენილი აქვს შესაბამისი გაანგარიშების ცხრილები.
საბჭო მიუთითებს საქმის გარემოებებზე, მომჩივნის არგუმენტებზე და მიიჩნევს, რომ გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულებების მეტი სიზუსტით გაანგარიშების მიზნით, მომჩივანს უნდა მიეცეს წინადადება აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს ხარჯების განსაზღვრის ნაწილში გაანგარიშების ცხრილები/კალკულაციები, ხოლო აუდიტის დეპარტამენტს უნდა დაევალოს, წარდგენილი გაანგარიშების ცხრილების/კალკულაციების მომჩივნის მონაწილეობით შესწავლა და სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება).
საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილი „ბ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:
1. საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2. ნაწილობრივ გაუქმდეს შემოსავლების სამსახურის 28.06.2024 წლის №15315 ბრძანება;
3. მომჩივანს მიეცეს წინადადება ამ გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს ხარჯების განსაზღვრის ნაწილში გაანგარიშების ცხრილები/კალკულაციები;
4. აუდიტის დეპარტამენტს დაევალოს, მომჩივნის მონაწილეობით შეისწავლოს წარდგენილი ხარჯების განსაზღვრის ნაწილში გაანგარიშების ცხრილები/კალკულაციები და სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს მომჩივნის საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება და შედეგების ასახვა გადასახადის გადამხდელის პირადი აღრიცხვის ბარათზე;
5. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
6. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი
საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრა არაპირდაპირი მეთოდით.
ფაქტობრივი გარემოებები
აუდიტის დეპარტამენტის 15.04.2024 წლის კამერალური საგადასახადო შემოწმების აქტით შემოწმებულია მომჩივნის საქმიანობის 1.01.2021 წლიდან 1.12.2023 წლამდე პერიოდი. შემოწმების აქტიდან ირკვევა, რომ სადავო დარიცხვა გამოწვეულია შემდეგი გარემოებებით:
გადასახადის გადამხდელს საქონლის რეალიზაცია უფიქსირდება როგორც დოკუმენტურად (წილი 0.5%), ასევე საკონტროლო-სალარო აპარატით. გადამხდელს არ გააჩნია ბუღალტრული აღრიცხვა და საქონლის მოძრაობის მონაცემები. გადამხდელის მიერ 2022 წელს საშემოსავლო გადასახადის წლიური დეკლარაცია წარდგენილია ზარალით 137 146 ლარის ოდენობით, ხოლო 2021 წლის საშემოსავლო გადასახადის წლიური დეკლარაციის მონაცემების მიხედვით დეკლარირებული ფასნამატი შეადგენს 54%-ს. გადამხდელის მიერ წარმოდგენილ ინფორმაციაში არ ფიქსირდება მონაცემები დეფექტური ან მიწოდებისთვის უვარგისი საქონლის აღრიცხვაზე. ასევე არ დაფიქსირებულა დაუძლეველი ძალის მიერ (ხანძარი, წყალდიდობა და ა.შ.) დაზიანებული საქონლის ჩამოწერის შემთხვევები.
ფაქტობრივი გარემოებიდან გამომდინარე, საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის გათვალისწინებით, არაპირდაპირი მეთოდით განისაზღვრა გადამხდელის დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა და ერთობლივი შემოსავალი. კერძოდ, 2021-2022 წლების შემოსავლის გაანგარიშებისას გამოყენებულ იქნა გადასახადის გადამხდელის მიერ მოწოდებული კალკულაციები და წარმოებული პროდუქციის რაოდენობა თვის ჭრილში. შეძენილი ფქვილის რაოდენობა წარმოებული პროდუქციის წილის მიხედვით იქნა გადანაწილებული და შედეგად გამოვლინდა კონკრეტული სახეობების მიხედვით წარმოებული პროდუქციის რაოდენობა. ზემოაღნიშნულის მიხედვით გაანგარიშებულ იქნა დოკუმენტის გარეშე რეალიზებული საქონლიდან მიღებული შემოსავალი და საანგარიშო პერიოდების მიხედვით დოკუმენტურ რეალიზაციასთან ერთად ჩართულ იქნა დღგ-ით დასაბეგრ ბრუნვასა და ერთობლივ შემოსავალში, რამაც გამოიწვია დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვისა და ასევე 2021-2022 წლების ერთობლივი შემოსავლის გაზრდა. შედეგად, გადამხდელს დაერიცხა დღგ, საშემოსავლო გადასახადი და დაეკისრა ჯარიმა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის მიხედვით.
შესამოწმებელ პერიოდის საშემოსავლო გადასახადის წლიური დეკლარაციებში შეძენილი საქონლის ღირებულებები დაანგარიშებულია არასწორად. შემოწმების პროცესში საგადასახადო კოდექსის 136-ე და 145-ე მუხლების გათვალისწინებით, დაანგარიშდა შეძენილი საქონლის ღირებულება, რამაც გამოიწვია საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება. ასევე, გადასახადის გადამხდელს არ აქვს ბაზარში შეძენილი პროდუქციის დამადასტურებელი დოკუმენტაცია (შესყიდვის აქტები). საანგარიშო წლებში გაიზარდა ერთობლივი შემოსავლიდან გამოსაქვითი სმფ-ის ხარჯი. კერძოდ, წარმოებული პროდუქციის რაოდენობის მიხედვით მოხდა პროდუქციის ჩამოწერა და ხარჯებში გათვალისწინება იმავე პროდუქციის შეძენის ფასების გათვალისწინებით.საგადასახადო შემოწმების აქტის საფუძველზე გადასახადის გადამხდელს წარედგინა აუდიტის დეპარტამენტის №054-3 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში.
შემოსავლების სამსახურის №15315 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
გადაწყვეტილება
საბჭო მიუთითებს საქმის გარემოებებზე, მომჩივნის არგუმენტებზე და მიიჩნევს, რომ გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულებების მეტი სიზუსტით გაანგარიშების მიზნით, მომჩივანს უნდა მიეცეს წინადადება აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს ხარჯების განსაზღვრის ნაწილში გაანგარიშების ცხრილები/კალკულაციები, ხოლო აუდიტის დეპარტამენტს უნდა დაევალოს, წარდგენილი გაანგარიშების ცხრილების/კალკულაციების მომჩივნის მონაწილეობით შესწავლა და სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება).
დასაბუთება
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 73(5 „ა“); 100(3„ბ“); 102(1 „ა“); 105(1.2); 159(1 „ა“); 163(1); 164(1);