გადაწყვეტილება №19554/2/2023
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
№ 19554/2/2023
09 აგვისტო 2023
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
მომჩივანი: შპს„----------“ (ს/ნ ----------)
მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 16.06.2023 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება შპს ---------- 28.04.2023 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №19554/2/2023).
დავის საგანი:
დღგ-ის ჩათვლის გაუქმების მართლზომიერება.
გასაჩივრებული გადაწყვეტილება:
1. აუდიტის დეპარტამენტის 9.12.2022 წლის №001-225 საგადასახადო მოთხოვნა;
2. შემოსავლების სამსახურის 29.03.2023 წლის №6217 ბრძანება.
დარიცხული თანხა: 499 399 ლარი.
მათ შორის:
დღგ - 128 847
ჯარიმა - 322 119
საურავი - 48 433
ფაქტების აღწერა/დარიცხვის საფუძვლები
შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის მიერ, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის წერილის (30.11.2022 წლის №20552/15-04-03/2) და დადგენილების საფუძველზე, ჩატარდა მომჩივნის საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმება შპს „---------- (ს/ნ ----------) და შპს „----------“ (ს/ნ ----------) მიღებული საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურების საფუძველზე დღგ-ში წარმოშობილი ვალდებულების სისწორის დადგენის მიზნით (გარდა აუდიტის დეპარტამენტის 2022 წლის 14 აპრილის №10902 ბრძანებით მოცული საკითხებისა). შემოწმების შედეგები აისახა 2022 წლის 8 დეკემბრის საგადასახადო შემოწმების აქტში, რომლის მიხედვით სადავო დარიცხვა განპირობებულია შემდეგი გარემოებით:
კომპანიის მიერ, 2020 წლის სექტემბრის და ნოემბრის საანგარიშო პერიოდზე, წარდგენილი დღგ-ის დეკლარაციების მიხედვით დღგ-ის ჩასათვლელი თანხა შეადგენს ჯამურად 128 847 ლარს. აღნიშნული თანხა სრულად წარმოადგენს შპს „----------“ და შპს „----------“-დან მიღებული საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურების შესაბამის დღგ-ის თანხას. შემოწმების მიმდინარეობისას, საგამოძიებო სამსახურის მიერ მიწოდებული მასალებით დადგინდა, რომ კომპანიას შპს „----------“ მიღებული საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურების ----------, ----------, ----------, ---------- ----------, ----------, ----------, ----------, ---------- ----------) და შპს „----------“-ისგან მიღებული საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურების (----------) შესაბამისი საქონელი/მომსახურება არ მიუღია და საგადასახადო ანგარიშფაქტურები არის ყალბი. აღნიშნულიდან გამომდინარე, შემცირდა 2020 წლის სექტემბრის და ნოემბრის საანგარიშო პერიოდებში ჩათვლილი დღგ-ის თანხა 128 847 ლარის ოდენობით, ასევე, გადასახადის გადამხდელს დაეკისრა ჯარიმები საგადასახადო კოდექსის 275-ე და 280-ე მუხლების შესაბამისად.
შემოწმების აქტის საფუძველზე გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის 2022 წლის 9 დეკემბრის №31104 ბრძანება და №001-225 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში.
შემოსავლების სამსახურის 29.03.2023 წლის №6217 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი
შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილზე, მე-2 მუხლის მე-2 ნაწილზე, შესაბამის პერიოდში მოქმედი საგადასახადო კოდექსის 173-ე მუხლის პირველ ნაწილზე და ამავე მუხლის მე-2 ნაწილზე, 174-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტზე, ამავე მუხლის მე-2 ნაწილის „ა.ა“ ქვეპუნქტზე და მე-3 ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტზე, „გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №996 ბრძანებით დამტკიცებული ინსტრუქციის 50-ე მუხლის პირველ პუნქტზე, საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილზე, 275- ე მუხლის მე-2 ნაწილზე, 280-ე მუხლის პირველ ნაწილზე, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის მიერ სისხლის სამართლის საქმეზე ჩატარებული გამოძიების ფარგლებში დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებზე და საქმეში არსებულ გამოკითხვის ოქმებზე, რომლის მიხედვით, მომწოდებელი კომპანიების მიერ შპს „----------“ გამოწერილი საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურები არის ყალბი და გამოწერილია ყალბი აქტივის შექმნის მიზნით.
შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ დავის ეტაპზე გადასახადის გადამხდელის მხრიდან არ წარდგენილა მისი პოზიციის შესაბამისი რაიმე დოკუმენტაცია/მტკიცებულება, რაც შეცვლიდა შემოწმებით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს.
შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ შემოწმების მიერ საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია საგადასახადო კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით, ხოლო წარდგენილი საჩივარი დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
მომჩივნის არგუმენტაცია
გაუქმებული საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურები, რომლითაც განხორცილებულია დღგ-ის ჩათვლა, არ წარმოადგენს ყალბ საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურას, ვინაიდან შპს „----------“-დან და შპს „----------“-დან მიწოდებულია სამშენებლო მომსახურება და შესაბამისად, აღნიშნული სამშენებლო მომსახურება გადასახადის გადამხდელის მიერ მიწოდებულია დამკვეთზე, კერძოდ სახელმწიფოზე, სადაც მოგებული იყო ტენდერი და შესაბამისად, შესრულებული სამუშაოები ჩაბარებულია. აღნიშნულიდან გამომდინარე, საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურებით მიღებული მომსახურება წარმოადგენს რეალურად შესრულებულ სამუშაოებს და დღგ-ის ჩათვლები არის რეალური, რის გამოც მოითხოვს დღგ-ის ჩათვლების აღდგენას და დამატებით დარიცხული გადასახადის გაუქმებას სანქციებთან ერთად.
დავების განხილვის საბჭო
მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
შესაბამის პერიოდში მოქმედი საგადასახადო კოდექსის 173-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, დღგ-ის ჩათვლა არის დღგ-ის გადამხდელად რეგისტრირებული პირის უფლება, შეიმციროს გადასახდელი დღგ-ის თანხა მიღებული ჩათვლის დოკუმენტების საფუძველზე, გარდა ამ კარით გათვალისწინებული შემთხვევებისა. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, ჩათვლის დოკუმენტია საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა.
შესაბამის პერიოდში მოქმედი საგადასახადო კოდექსის 174-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, დღგ-ის ჩასათვლელი თანხა არის დღგ-ის თანხა, რომელიც გადახდილია ან გადასახდელია ჩათვლის დოკუმენტების მიხედვით, მათ შორის, დღგ-ის რეგისტრაციის ძალაში შესვლის მომენტისათვის არსებულ სასაქონლო-მატერიალური ფასეულობის ნაშთზე. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის „ა.ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, დღგ-ის ჩათვლა ხორციელდება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ საქონელი ან/და მომსახურება გამოიყენება ან გამოყენებული იქნება დასაბეგრ ოპერაციებში, გარდა ჩათვლის უფლების გარეშე გათავისუფლებული დასაბეგრი ოპერაციებისა. ხოლო, ამ მუხლის მე-3 ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტის თანახმად, დღგ-ის ჩათვლა არ ხორციელდება უსაქონლო ოპერაციების ან ფიქტიური გარიგებების მიხედვით გამოწერილი ანგარიშ-ფაქტურებით. ამასთანავე, მიღებული დღგ-ის ჩათვლა მყიდველისათვის უქმდება.
„გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №996 ბრძანებით დამტკიცებული ინსტრუქციის 50-ე მუხლის პირველი პუნქტის მიხედვით, ოპერაცია უსაქონლოდ ან/და გარიგება ფიქტიურად ჩაითვლება იმ შემთხვევაში, თუ დადგინდა, რომ ოპერაცია ან გარიგება არ განხორციელებულა იმ პირებს შორის, რომლებიც აღნიშნულია ოპერაციის ან გარიგების დამადასტურებელ დოკუმენტებში (საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა, სასაქონლო ზედნადები ან სხვა).
საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, საგადასახადო დეკლარაციაში/გაანგარიშებაში გადასახადის თანხის შემცირება, გარდა ამ მუხლის პირველი, 21 და 22 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა, − იწვევს დაჯარიმებას შემცირებული გადასახადის თანხის 50 პროცენტის ოდენობით.
საგადასახადო კოდექსის 280-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, უსაქონლო ოპერაციის ან ფიქტიური გარიგების შედეგად ან ყალბი დღგ-ის ჩათვლის დოკუმენტით ჩათვლის განხორციელება – იწვევს პირის დაჯარიმებას ჩათვლილი გადასახადის თანხის 200 პროცენტის ოდენობით.
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის მიერ სისხლის სამართლის საქმეზე ჩატარებული გამოძიების ფარგლებში დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებზე და საქმეში არსებულ გამოკითხვის ოქმებზე დაყრდნობით, შემოწმების შედეგად დადგინდა, რომ მომწოდებელი კომპანიების მიერ გადასახადის გადამხდელზე გამოწერილი საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურები არის ყალბი და გამოწერილია ყალბი აქტივის შექმნის მიზნით.
მომჩივანი აღნიშნავს, რომ გაუქმებული საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურები, რომლითაც განხორციელებულია დღგ-ის ჩათვლა, არ წარმოადგენს ყალბ საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურას, ვინაიდან საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურებით მიღებული მომსახურება წარმოადგენს რეალურად შესრულებულ სამუშაოებს და დღგ-ის ჩათვლები არის რეალური.
მომჩივანს, შემოსავლების სამსახურში დავის ეტაპზე არ წარუდგენია და არც ამჟამად არ წარმოადგენს მისი პოზიციის შესაბამის რაიმე მტკიცებულებას, რაც შეცვლიდა შემოწმებით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს.
საბჭოს სხდომაზე საჩივრის ზეპირი განხილვისას აუდიტის დეპარტამენტის წარმომადგენელმა აღნიშნა, რომ შემოწმებასთან დაკავშირებით საგამოძიებო სამსახურის მიერ წარდგენილია გამოკითხვის მასალები, რომელშიც გამოკითხული აღნიშნავს, რომ გამოწერილი საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურები არის ყალბი, გაწერილია დღგ-ის ჩათვლის მიღების, აქტივების შექმნის მიზნით, მათ მიერ არანაირი მომსახურება/საქონელი მიწოდებული არ არის და რომ თავად მომჩივანმა გასწია მომსახურება.
საქმესთან არსებული მასალების, მხარეთა არგუმენტაციის და ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, ვინაიდან, გამოძიებით დადგენილია სადავო საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურების სიყალბე, საბჭოს მიაჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია კანონშესაბამისად. ამდენად, შემოსავლების სამსახურის სადავო გადაწყვეტილება მართლზომიერია, არ არსებობს მისი გაუქმების და მომჩივნის მოთხოვნის დაკმაყოფილების საფუძველი.
საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:
1. საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი
1. აუდიტის დეპარტამენტის 9.12.2022 წლის №001-225 საგადასახადო მოთხოვნა;
2. შემოსავლების სამსახურის 29.03.2023 წლის №6217 ბრძანება.
ფაქტობრივი გარემოებები
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის მიერ სისხლის სამართლის საქმეზე ჩატარებული გამოძიების ფარგლებში დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებზე და საქმეში არსებულ გამოკითხვის ოქმებზე დაყრდნობით, შემოწმების შედეგად დადგინდა, რომ მომწოდებელი კომპანიების მიერ გადასახადის გადამხდელზე გამოწერილი საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურები არის ყალბი და გამოწერილია ყალბი აქტივის შექმნის მიზნით.
გადაწყვეტილება
საჩივარი არ დაკმაყოფილდა;
დასაბუთება
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს;173(1,2);174(1);275(2);280(1);