გადაწყვეტილება №21104/2/2023
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
№21104/2/2023
29 დეკემბერი 2023
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
მომჩივანი: შპს „------“ (ს/ნ -----)
მოპასუხე: საბაჟო დეპარტამენტი
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 2.11.2023 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება შპს „-----“-ის 18.10.2023 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №21104/2/2023).
დავის საგანი:
1. საბაჟო პროცედურის პირობების დარღვევა ან სხვა ქმედება, რამაც გამოიწვია საბაჟო ზედამხედველობის ქვეშ მყოფი საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების უკანონო განკარგვა, დაკარგვა ან განადგურება;
2. საბაჟო საწყობის საქმიანობის სანებართვო პირობების დარღვევა;
3. იმპორტის გადასახდელების დარიცხვის მართლზომიერება.
გასაჩივრებული გადაწყვეტილება:
1. საბაჟო დეპარტამენტის 2.08.2023 წლის №EL218736 საბაჟო სამართალდარღვევის ოქმი;
2. საბაჟო დეპარტამენტის 2.08.2023 წლის №EL218737 საბაჟო სამართალდარღვევის ოქმი;
3. საბაჟო დეპარტამენტის 2.08.2023 წლის №EL11111/63 (001-63) საგადასახადო მოთხოვნა;
4. შემოსავლების სამსახურის 29.09.2023 წლის №24088 ბრძანება.
დარიცხული თანხა: 6 547,28 ლარი.
2.08.2023 წლის №EL11111/63 (001-63) საგადასახადო მოთხოვნა - 309,02
მათ შორის:
გადასახადი - 238,26
დღგ საბაჟო - 229,18
იმპორტის გადასახადი - 9,08
საურავი - 70,76
2.08.2023 წლის №EL218736 საბაჟო სამართალდარღვევის ოქმი - ჯარიმა 238,26
2.08.2023 წლის №EL218737 საბაჟო სამართალდარღვევის ოქმი - ჯარიმა 6 000
ფაქტების აღწერა
14.12.2021 წელს მომჩივნის საბაჟო საწყობში (WHS-----) განთავსდა და საბაჟო დეკლარაციებით (№------; №-----) საბაჟო საწყობის პროცედურაში მოექცა შპს ------ს (ს/ნ -----) კუთვნილი, 6 149,6 კგ სხვადასხვა დასახელების საქონელი (საბაჟო ღირებულება – 724 357,5 ლარი). შპს ------მ აღნიშნული საქონლის ნაწილზე საკუთრების უფლება გადასცა შპს ------ს (ს/ნ -----). საქონლის ახალი მესაკუთრის – შპს ------ს (ს/ნ ------) მიერ მითითებული საქონელი 17.12.2021 წელს №------ და №------ საბაჟო დეკლარაციებით მოექცა თავისუფალ მიმოქცევაში გაშვების პროცედურაში.
28.12.2021 წელს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა №18655/15-04-02 წერილით მიმართა საბაჟო დეპარტამენტს და მოითხოვა №------ და №----- საბაჟო დეკლარაციებით დეკლარირებულ საქონელზე საბაჟო კონტროლის ღონისძიებების განხორციელება. -№------- და №------ საბაჟო დეკლარაციების კამერალური შემოწმების და საქონლის დათვალიერების შედეგად გამოვლინდა დეკლარირებული საქონლის ნაკლებობა და არადეკლარირებული საქონელი.
აღნიშნულზე 2.08.2023 წელს შედგენილი №EL218736 საბაჟო სამართალდარღვევის ოქმით, მომჩივანს, შპს -----თან (ს/ნ ----) ერთად, სოლიდარულად (საბაჟო სამართალდარღვევის ოქმი №EL218735) დაეკისრა პასუხისმგებლობა საბაჟო კოდექსის 172-ე მუხლით გათვალისწინებული სამართალდარღვევისათვის და სანქციის სახით შეეფარდა ჯარიმა 238,26 ლარის (გადასახდელი იმპორტის გადასახდელის თანხის 100 პროცენტი) ოდენობით, ხოლო საბაჟო საწყობის საქმიანობისთვის დადგენილი სანებართვო პირობების დარღვევისათვის, მომჩივანს, №EL218737 საბაჟო სამართალდარღვევის ოქმით, შეეფარდა საბაჟო კოდექსის 176-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული სანქცია.
ამასთან, საბაჟო დეპარტამენტის 2.08.2023 წლის №EL11111/63 (001-63) საგადასახადო მოთხოვნით, მომჩივანს დაერიცხა იმპორტის გადასახდელები - 238,26 ლარი (დღგ – 229,18 ლარი, იმპორტის გადასახადი – 9,08 ლარი), ასევე საურავი 70,76 ლარის ოდენობით.
საბაჟო სამართალდარღვევის ოქმები და საგადასახადო მოთხოვნა გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში, რომლის 29.09.2023 წლის №24088 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
შემოსავლების სამსახურის გადაწყვტილების შინაარსი
შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილზე, საბაჟო კოდექსის მე-6 მუხლის პირველი ნაწილის „ა“ და „უ“ ქვეპუნქტებზე, 70-ე მუხლის პირველ და მე-2 ნაწილებზე, „საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის გადაადგილებისა და გაფორმების შესახებ“ ინსტრუქციების დამტკიცების თაობაზე საქართველოს ფინანსთა მინისტრის 29.08.2019 წლის №257 ბრძანებით დამტკიცებული „საბაჟო ზედამხედველობის შესახებ“ ინსტრუქციის (დანართი №3) პირველი მუხლის პირველ და მე-2 პუნქტებზე, საბაჟო კოდექსის 127-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტზე და მე-3 ნაწილზე, „საბაჟო საწყობისა და თავისუფალი ვაჭრობის პუნქტის საქმიანობის ნებართვების გაცემის წესებისა და პირობების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 16.09.2019 წლის №455 დადგენილებით დამტკიცებული ინსტრუქციის მე-8 მუხლის „რ“ და „თ“ ქვეპუნქტებზე, საბაჟო კოდექსის მე-17 მუხლის პირველ ნაწილზე, 163-ე მუხლის პირველ, მე-5 და მე-9 ნაწილებზე, 172-ე მუხლზე, 176-ე მუხლის პირველ და მე-2 ნაწილებზე, 49-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტზე და მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტზე და საგადასახადო კოდექსის 64-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტზე და 272–ე მუხლის პირველ ნაწილზე.
დადგენილია, მომჩივნის მხრიდან არ შესრულდა საბაჟო საწყობის საქმიანობის სანებართვო პირობები. ასევე, ადგილი ჰქონდა ისეთ ქმედებას, რამაც გამოიწვია საბაჟო ზედამხედველობის ქვეშ მყოფი საქონლის უკანონო განკარგვა, დაკარგვა ან განადგურება, რაც არის პირის მართლსაწინააღმდეგო ქმედება (მოქმედება ან უმოქმედობა), რომლის ჩადენისთვისაც საქართველოს საბაჟო კოდექსით გათვალისწინებულია პასუხისმგებლობა. ამდენად, მომჩივნისთვის სადავო საბაჟო სამართალდარღვევის ოქმებით საბაჟო კოდექსის 172-ე მუხლისა (სოლიდარულად) და 176-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად (იგივე ქმედება ჩადენილია წინა საბაჟო სამართალდარღვევის გამოვლენიდან 12 თვის განმავლობაში) დაკისრებული პასუხისმგებლობა მართლზომიერია.
ამასთან ვინაიდან, არსებობს საბაჟო სამართალდარღვევის ოქმით საბაჟო კოდექსის 172-ე მუხლის შესაბამისად საბაჟო სანქციის დაკისრების ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძველი, მომჩივნისთვის საბაჟო კოდექსის 49-ე მუხლისა და საგადასახადო კოდექსის 64-ე მუხლის შესაბამისად სადავო საგადასახადო მოთხოვნის წარდგენაც მართლზომიერად უნდა ჩაითვალოს. ამასთან, ვინაიდან საბაჟო კოდექსის 49-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, საბაჟო ვალდებულების წარმოშობის დრო არის საქონლის საბაჟო პროცედურაში მოქცევის დეკლარაციის რეგისტრაციის მომენტი, ხოლო დადგენილია, რომ ფაქტობრივად არ სრულდება ამ საბაჟო პროცედურის პირობა, იმპორტის გადასახდელის და საურავის დარიცხვა განხორციელდა საქონლის საბაჟო პროცედურაში მოქცევის დეკლარაციის რეგისტრაციის მომენტიდან.
მომჩივნის არგუმენტზე სადავო აქტების ბათილობასთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის საფუძვლები რეგლამენტირებულია საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601 მუხლით, რომლის პირველი ნაწილის მიხედვით, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ბათილია, თუ იგი ეწინააღმდეგება კანონს ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადების ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები. ხოლო მე-2 ნაწილის მიხედვით ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მომზადების ან გამოცემის წესის არსებით დარღვევად ჩაითვლება ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა ამ კოდექსის 32-ე ან 34-ე მუხლით გათვალისწინებული წესის დარღვევით ჩატარებულ სხდომაზე ან კანონით გათვალისწინებული ადმინისტრაციული წარმოების სახის დარღვევით, ან/და კანონის ისეთი დარღვევა, რომლის არარსებობის შემთხვევაში მოცემულ საკითხზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება.
საგულისხმოა ასევე, რომ შპს „------“-ის დირექტორი ------ და ხელმძღვანელობითი უფლებამოსილებით აღჭურვილი თანამშრომლები (------- და ------) თბილისის საქალაქო სასამართლოს 11.01.2023 წლის განაჩენით (საქმე №1/3659-32,; №092141221007) ცნობილ იქნენ დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 192-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, ამავე კოდექსის მე-200 მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და ამავე კოდექსის 214-ე მუხლის მე-5 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში. ამავე განაჩენით, სისხლის სამართლის კოდექსის 192-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის დამნაშავედ იქნა ცნობილი იურიდიული პირი – შპს „------“ (ს/ნ -----).
მითითებული განაჩენით დადგინდა, რომ მომჩივნის საბაჟო საწყობიდან ხორციელდებოდა არადეკლარირებული საქონლის თავისუფალ მიმოქცევაში გაშვება იმპორტის გადასახდელების გადახდის გარეშე, ასევე უაქციზო სიგარეტის საბაჟო კონტროლის ზონიდან გატანა და თავისუფალ მიმოქცევაში გაშვება. საბაჟო საწყობის მიერ დარღვეული იყო არაერთი სანებართვო პირობა, მათ შორის, თვითნებურად მოხდა საბაჟო საწყობის ტერიტორიის გაზრდა მომიჯნავე არასაბაჟო ტერიტორიის ხარჯზე, დარღვეული იყო საბაჟო საწყობში განთავსებული ვიდეო სათვალთვალო კამერების ჩანაწერების უწყვეტობა, რაც საბაჟო საწყობს საშუალებას აძლევდა საბაჟო კონტროლის ზონაში საქონლის შეტანა და კონტროლის ზონიდან საქონლის გატანა განეხორციელებინა არასაბაჟო ტერიტორიის გავლით, საბაჟო კონტროლისგან მალულად. ამავე განაჩენით დადგენილია, რომ საბაჟო საწყობის სანებართვო პირობების დარღვევით განხორციელებული სამეწარმეო საქმიანობის გამო, 16.12.2021 წლის №WHS----- საბაჟო საწყობის ტერიტორიაზე აღმოჩენილ იქნა 630 842 ლარის ღირებულების, ხოლო №WHS----- საბაჟო საწყობის ტერიტორიაზე – 1 913 225 ლარის ღირებულების სხვადასხვა დასახელების საქონლის დანაკლისი.
რაც შეეხება მომჩივნის მოსაზრებას დადასტურების აქტის შედგენასთან, მართლსაწინააღმდეგო ქმედების სახის და საქონლის განადგურების/დაკარგვის/განკარგვის ფაქტის, დროის, ადგილისა და ვითარების დადგენასთან და საჩივარში მითითებულ ყველა სხვა მოსაზრებასთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს, საქმეში არსებულ მასალაზე, მათ შორის მომჩივნის საბაჟო საწყობებისთვის (№WHS----- და №WHS------) სანებართვო პირობების შესრულებისა და საბაჟო საწყობში საბაჟო ზედამხედველობის ქვეშ მყოფი საქონლის ნაშთების შემოწმების აქტებსა (№01- WHS-2023, 18.05.2023 და №02-WHS-2023, 18.05.2023) და საბაჟო საწყობის ტერიტორიაზე განთავსებული, საბაჟო დეკლარაციებით საბაჟო პროცედურაში მოქცეული საქონლის დათვალიერების განხორციელების შედეგებზე, რაც საბაჟო ორგანოს მიერ დაფიქსირდა „საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების დათვალიერების აქტში“ და დანართებში. აღნიშნული დოკუმენტები მოიცავს ინფორმაციას დეკლარირებული საქონლის რაოდენობის, ცდომილების, არსებული საქონლის რაოდენობის, დეკლარირებული საქონლის ნეტო წონის, არსებული საქონლის ნეტო წონის შესახებ და ასევე საქონლის დეკლარაციის C ნომერს (რეგისტრაციის ნომერი). შესაბამისად, „საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების დათვალიერების აქტის“ დანართები მოიცავს იმ საქონლის მონაცემებს, რაც საბაჟო ორგანოს მიერ განხორციელებული დათვალიერებისას არ აღმოჩნდა მომჩივნის საბაჟო საწყობის ტერიტორიაზე.
ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ სადავო ადმინისტრაციული აქტები გამოცემულია კანონმდებლობის შესაბამისად და არ არსებობს საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.
მომჩივნის არგუმენტაცია
ორივე სამართალდარღვევის ოქმში მითითება ხდებოდა დათვალიერების აქტი №1-ზე, რომლის შედგენის თარიღი და შინაარსი კომპანიისთვის უცნობია და არ ჩაბარებია. სამწუხაროდ შემოსავლების სამსახურმა ასევე არასწორი ფაქტობრივი და სამართლებრივი შეფასება მისცა საჩივარში აღწერილ გარემოებებს, რის გამოც ასევე ბათილად უნდა იქნეს ცნობილი შემოსავლების სამსახურის 29.09.2023 წლის №24088 ბრძანება.
კერძოდ, შემოსავლების სამსახურმა საერთოდ არ იმსჯელა საჩივარში მითითებულ არგუმენტებზე და ფაქტებზე: მაგალითად, ვის მიერ და სად განხორციელდა №------ და №------ საბაჟო დეკლარაციების კამერალური შემოწმება და საქონლის დათვალიერება.
ადმინისტრაციულმა ორგანომ ასევე ყურადღება არ მიაქცია იმ გარემოებას, რომ თავად ადმინისტრაციული ორგანო ადასტურებს 17.12.2021 წლის საბაჟო დეკლარაციით საქონლის თავისუფალ მიმოქცევაში გაშვების პროცედურას, ხოლო საქონლის ნაკლებობის საფუძველზე სამართალდარღვევის ოქმი კი შედგენილ იქნა ორი წლის შემდგომ - 2.08.2023 წელს. გარდა ამისა, სრულიად გაუგებარია, თუკი შემოწმება მიზნად ისახავდა კონკრეტული საბაჟო დეკლარაციით დეკლარირებულ საქონელზე საბაჟო ღონისძიებების განხორციელებას, რამდენად შესაძლებელია მომხდარიყო კონკრეტული დეკლარაციით დეკლარირებული საქონლის შემთხვევაში არადეკლარირებული საქონლის აღმოჩენა.
მომჩივანი არ ეთანხმება 2.08.2023 წლის №EL218736 საბაჟო სამართალდარღვევის ოქმით, საბაჟო დეპარტამენტის 2.08.2023 წლის №EL218737 საბაჟო სამართალდარღვევის ოქმით და №EL11111/63 საგადასახადო მოთხოვნაში მოყვანილ ფორმულირებებს და საგადასახადო მოთხოვნას. მომჩივანს არ მოუხდენია საბაჟო კონტროლს ქვემდებარე საქონლის ნაწილის განკარგვა და ასევე არ არსებობს სოლიდარული პასუხისმგებლობის დაკისრების საფუძველიც.
კომპანიის საბაჟო საწყობის (WHS------) მიერ ასევე არ დარღვეულა საბაჟო საწყობის სანებართვო პირობები, მით უფრო არ დარღვეულა ამგვარი პირობები განმეორებით, და შესაბამისად მას არ უნდა დაეკისროს პასუხისმგებლობა საქართველოს მთავრობის 16.09.2019 წლის №455 დადგენილებით დამტკიცებული „საბაჟო საწყობისა და თავისუფალი ვაჭრობის პუნქტის საქმიანობის ნებართვის გაცემის წესისა და პირობების შესახებ ინსტრუქციის“ მე-8 მუხლის „რ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული პირობის შეუსრულებლობის საფუძვლით.
მომჩივანი მიუთითებს საბაჟო კოდექსის 163-ე მუხლის პირველ, მე-2, მე-4 და მე-5 ნაწილებზე და მიუთითებს, რომ სოლიდარული პასუხისმგებლობის საფუძველი შეიძლება იყოს მხოლოდ ერთი და იმავე სამართალდარღვევის ჩადენა ორი ან მეტი პირის მიერ, რაც დარღვეულია გასაჩივრებული საბაჟო სამართალდარღვევის ოქმით და საგადასახადო მოთხოვნით. კერძოდ, №EL218737 საბაჟო სამართალდარღვევის ოქმის მიხედვით კომპანიას დაეკისრა სანქცია 6 000 ლარის ოდენობით საბაჟო საწყობის საქმიანობის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი სანებართვო პირობის განმეორებითი დარღვევისათვის საბაჟო კოდექსის 176-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე.
სამართალდარღვევის ოქმში დარღვეულ სანებართვო პირობად მითითებულია საქართველოს მთავრობის 16.09.2019 წლის №455 დადგენილებით დამტკიცებული „საბაჟო საწყობისა და თავისუფალი ვაჭრობის პუნქტის საქმიანობის ნებართვის გაცემის წესებისა და პირობების შესახებ ინსტრუქციის“ მე-8 მუხლის „რ“ ქვეპუნქტი, რომლის თანახმადაც საბაჟო საწყობის საქმიანობის ნებართვის მფლობელი ნებართვის მოქმედების მთელი ვადის განმავლობაში ვალდებულია გამორიცხოს საბაჟო საწყობში შენახული, საბაჟო ზედამხედველობას დაქვემდებარებული საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების უკანონო განკარგვა, დაკარგვა ან განადგურება.
საბაჟო ორგანოს შეფასებით კომპანიამ ვერ გამორიცხა საბაჟო დეკლარაციებით დეკლარირებული საბაჟო ზედამხედველობას დაქვემდებარებული საქონლის ნაწილის განკარგვა. გასაჩივრებული სამართალდარღვევის ოქმი არ შეესაბამება კანონის მოთხოვნებს.
კერძოდ, ხსენებული ინსტრუქციის მე-8 მუხლის „თ“ ქვეპუნქტის თანახმად საქონლის დაკარგვის ან დანაკლისის შემთხვევაში იმპორტის გადასახდელის გადახდის ვალდებულება წარმოიშობა საბაჟო ორგანოს უფლებამოსილი პირის მიერ დადასტურებული აქტის შესაბამისად, რაც განსახილველ შემთხვევაში არ არსებობს, ვინაიდან უცნობია და არ ჩაბარებია „დათვალიერების აქტი №1“ (შესაბამისად უცნობია მისი შინაარსი, შედგენის თარიღი) და რაც მთავარია, სამართალდარღვევის ოქმში არ არის მითითებული არც საქონლის კონკრეტული სახეობა, რაოდენობა და მისი ის ნაწილი, რომლის განკარგვასაც საბაჟო ორგანო კომპანიას ედავება.
გარდა ამისა, როგორც ანალოგიურ საქმეებზე სასამართლო პრაქტიკა მიიჩნევს (საქართველოს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება №ბს-710-696(კ-14) საქმეზე), „დანაკლისის არსებობა თავისთავად ყოველთვის არ იწვევს საბაჟო საწყობის პასუხისმგებლობას“, არამედ, „პასუხისმგებლობას იწვევს ისეთი დანაკლისი, რომელიც საწყობის ბრალით არის გამოწვეული. დანაკლისი უნდა უკავშირდებოდეს უკანონო განკარგვას, რაც მოითხოვს დადასტურების აქტის შედგენას“.
განსახილველ შემთხვევაში, არ არსებობს შესაბამისი დადასტურების აქტი და ამგვარი აქტი კომპანიას არ გადასცემია. კომპანიას არ მოუხდენია არც საბაჟო ზედამხედველობას დაქვემდებარებული საქონლის ნაწილის განკარგვა და არც სანებართვო პირობები დარღვეულა, რაც საბაჟო კოდექსის 176-ე მუხლით გათვალისწინებულ სამართალდარღვევას ქმნის. ანალოგიურ საქმეებზე არსებული ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის თანახმად, „საბაჟო საწყობის საქმიანობის ნებართვის მფლობელსა და დეკლარანტს შორის სამართალურთიერთობა წესრიგდება არა მხოლოდ საგადასახადო კანონმდებლობის საფუძველზე ლიცენზირებადი საქმიანობის მარეგულირებელი ნორმებით, არამედ აგრეთვე მიბარების ხელშეკრულების საფუძველზე“.
აღსანიშნავია, რომ საქონლის მფლობელს რაიმე პრეტენზია საბაჟო საწყობის მიმართ არ წარუდგენია, რაც ცალსახად მეტყველებს, რომ კომპანიას არ მოუხდენია საქონლის განკარგვა და არც სანებართვო პირობები დაურღვევია.
გარდა ამისა, სასამართლო პრაქტიკით, „სატვირთო-საბაჟო დეკლარაციაში ნაჩვენები მონაცემების სიზუსტეზე პასუხს აგებს დეკლარანტი“ და არა საბაჟო საწყობი.
გარდა ამისა, სასამართლო პრაქტიკის თანახმად (საქართველოს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება №ბს-845(კ-21) საქმეზე) როგორც დანაკლისის წარმოშობის მტკიცების ტვირთის, ისე სამართალდარღვევისათვის პასუხისმგებლობის დაკისრების აუცილებელი წინაპირობის - ბრალის, არსებობა წარმოადგენს საბაჟო ორგანოს მტკიცების ტვირთს. დამატებით, სასამართლოს ერთგვაროვანი პრაქტიკის მიხედვით დანაკლისის დადგენა უნდა მოხდეს საბაჟო ორგანოს მიერ ტვირთმფლობელის დოკუმენტაციასთან და საწყობის მონაცემებთან შედარების გზით, რაც განსახილველ შემთხვევაში ასევე არ მომხდარა და არ არის მითითებული სამართალდარღვევის ოქმში.
საკასაციო სასამართლოს პრაქტიკით (საქართველოს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება №ბს552(კ-20) საქმეზე) ანალოგიურ საქმეებზე სამართალდარღვევის შემადგენლობა გულისხმობს ერთდროულად მართლსაწინააღმდეგო ქმედებას და მართლსაწინააღმდეგო შედეგს. შესაბამისად, თუნდაც დეკლარანტის მიერ მითითებულ დოკუმენტსა და ფაქტობრივად არსებული საქონლის რაოდენობას შორის სხვაობის გამოვლენა „ავტომატურად არ ქმნის პირის სამართალდამრღვევად მიჩნევის წინაპირობას“, არამედ არის შემდგომი მოკვლევის დაწყების საფუძველი, რა დროსაც ადმინისტრაციული ორგანოს მოვალეობაა დაადგინოს „მართლსაწინააღმდეგო ქმედების სახე და საქონლის განადგურების/დაკარგვის/განკარგვის ფაქტი, დრო, ადგილი, ვითარება“. განსახილველ შემთხვევაში ადმინისტრაციული ორგანოს მხრიდან დარღვეული იქნა ყველა აღნიშნული კანონისმიერი პირობა. სასამართლოს ერთგვაროვანი პრაქტიკის მიხედვით (საქართველოს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება №ბს-1163-1157(2კ-17) საქმეზე) „საქონლის განკარგვა უნდა დგინდებოდეს კონკრეტული მტკიცებულებებისა და გარემოებების საფუძველზე“, რაც განსახილველ შემთხვევაში არც არსებობს და არც საბაჟო ორგანოს მიერ გამოკვლეულა.
განსახილველ შემთხვევაში კომპანიას ერთდროულად პასუხისმგებლობა სრულიად უსაფუძვლოდ დაეკისრა როგორც საბაჟო კოდექსის 172-ე მუხლით, ისე 176-ე მუხლით, რაც არა მხოლოდ ეწინააღმდეგება კანონის მოთხოვნებს, არამედ ურთიერთ წინააღმდეგობრივიცაა. კერძოდ, ერთ შემთხვევაში კომპანიას საბაჟო ორგანო ედავება იმაზე, რომ თითქოს საბაჟო საწყობმა „ვერ გამორიცხა საქონლის ნაწილის დაკარგვა“, ხოლო მეორე შემთხვევაში კი იმას, რომ თითქოს საქონლის ნაწილი მის მიერ განიკარგა. „ვერ გამორიცხვა“ იმთავითვე გულისხმობს სხვა პირის მხრიდან რაიმე შესაძლო ქმედების თავიდან ვერ აცილებას და აქედან გამომდინარე შეუძლებელია პირმა თან „განკარგოს“ საქონლის ნაწილი და თან „ვერ გამორიცხოს“ ამავე საქონლის განკარგვა.
აქედან გამომდინარე, საბაჟო ორგანოს პოზიცია არალოგიკურიცაა. მოქმედი კანონმდებლობის მიხედვით, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, რომელიც გამოცემულია წერილობითი სახით, აუცილებელია შეიცავდეს დასაბუთებას. მასში მითითებული უნდა იყოს ის სამართლებრივი და ფაქტობრივი წინაპირობები, რომელთა საფუძველზეც გამოიცა აქტი. იმ შემთხვევაშიც კი, თუ ადმინისტრაციული ორგანო მოქმედებს დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში, იგი ვალდებულია, აქტის დასაბუთებაში მიუთითოს იმ გარემოებებზე, რომლებიც საფუძვლად დაედო მის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას.
ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტში ცალსახად და არაორაზროვნად უნდა იყოს მითითებული ის კონკრეტული ფაქტობრივი და სამართლებრივი წინამძღვრები, რაც საფუძვლად უდევს მის გამოცემას და შეძლებისდაგვარად უნდა გამოირიცხოს ზოგადი ხასიათის განმარტებები.
მომჩივანი მიუთითებს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 53-ე მუხლის მე-5 ნაწილზე და 96-ე მუხლზე და აღნიშნავს, რომ გასაჩივრებული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტები, საბაჟო სამართალდარღვევის ოქმები და საგადასახადო მოთხოვნა ეწინააღმდეგება კანონმდებლობის მოთხოვნებს. ისევე როგორც კომპანიის მიმართ გამოცემული სხვა ანალოგიური აქტების შემთხვევაში, განსახილველ შემთხვევაშიც, შემოსავლების სამსახურის 29.09.2023 წლის №24088 ბრძანება სამართლებრივად დასაბუთების ნაცვლად შეიცავს მხოლოდ ნორმატიული აქტების ტექსტების გამეორებას, საქმის კონკრეტულ გარემოებებთან მათი მისადაგების და არგუმენტაციის გარეშე.
ამასთან, ადმინისტრაციული ორგანოს მსჯელობა სრულიად აცდენილია კონკრეტული შემთხვევის კონტექსტს. სრულიად გაუგებარია, თუ რა კავშირი აქვს მიმდინარე სისხლის სამართლის საქმეს, რომელზეც სასამართლოში სამართალწარმოება ჯერ არ დასრულებულა, განსახილველ შემთხვევასთან.
ასევე სრულიად გაუგებარია მითითება 18.05.2023 წლის საქონლის დათვალიერების აქტებზე, რომლებიც გასაჩივრებულ აქტებში მითითებულ საქონელს საერთოდ არ უკავშირდება. სავარაუდოდ, აღნიშნული უკონტექსტო მსჯელობა მიზნად ისახავს იმ საკითხის განხილვისადმი გვერდის ავლას, რაც მითითებული იყო საჩივარში, კერძოდ იმ გარემოებას, რომ მომჩივნისთვის უცნობია და არ ჩაგვბარებია დათვალიერების აქტი, რომელსაც გასაჩივრებული ადმინისტრაციული აქტები სამართლებრივ საფუძვლად უთითებენ.
დავების განხილვის საბჭო
მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ შემდეგ გარემოებათა გამო:
საბაჟო კოდექსის 127-ე მუხლის პირველი და მე-3 ნაწილების თანახმად:
1. საბაჟო საწყობის მფლობელი და საბაჟო საწყობის პროცედურის მფლობელი ვალდებული არიან:
ა) არ დაუშვან საბაჟო საწყობში მოთავსებული საქონლის საბაჟო ზედამხედველობიდან გატანა საბაჟო ორგანოსთან შეუთანხმებლად;
ბ) შეასრულონ საბაჟო საწყობის პროცედურაში მოქცეული საქონლის დასაწყობებიდან გამომდინარე მოთხოვნები.
3. საბაჟო საწყობის მფლობელი ვალდებულია დაიცვას საბაჟო საწყობის საქმიანობის ნებართვით გათვალისწინებული სანებართვო პირობები.
„საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის გადაადგილებისა და გაფორმების შესახებ ინსტრუქციების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 29.08.2019 წლის №257 ბრძანებით დამტკიცებული „საბაჟო ზედამხედველობის შესახებ“ ინსტრუქციის (დანართი №3) პირველი მუხლის თანახმად, საბაჟო ზედამხედველობის ქვეშ მოქცეული საქონლის მიმართ შეიძლება განხორციელდეს მხოლოდ საბაჟო ორგანოსთან შეთანხმებული მოქმედებები და ოპერაციები, თუ კანონმდებლობით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.
საბაჟო კოდექსის 172-ე მუხლის შესაბამისად, საბაჟო პროცედურის/რეექსპორტის პირობების დარღვევა ან სხვა ქმედება, რამაც გამოიწვია საბაჟო ზედამხედველობის ქვეშ მყოფი საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების უკანონო განკარგვა, დაკარგვა ან განადგურება, – იწვევს დაჯარიმებას იდენტურ/მსგავს საქონელზე ან/და სატრანსპორტო საშუალებაზე გადასახდელი იმპორტის გადასახდელის თანხის 100 პროცენტის ოდენობით.
„საბაჟო საწყობისა და თავისუფალი ვაჭრობის პუნქტის საქმიანობის ნებართვების გაცემის წესებისა და პირობების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 16.09.2019 წლის №455 დადგენილებით დამტკიცებული ინსტრუქციის მე-8 მუხლის „რ“ ქვეპუნქტის მიხედვით, საბაჟო საწყობის საქმიანობის ნებართვის მფლობელი ნებართვის მოქმედების მთელი ვადის განმავლობაში ვალდებულია გამორიცხოს საბაჟო საწყობში შენახული, საბაჟო ზედამხედველობას დაქვემდებარებული საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების უკანონო განკარგვა, დაკარგვა ან განადგურება.
ამავე ინსტრუქციის მე-17 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, საბაჟო საწყობის საქმიანობის ან თავისუფალი ვაჭრობის პუნქტის საქმიანობის ნებართვის მფლობელის მიერ „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონით, საქართველოს საბაჟო კოდექსით, საქართველოს საგადასახადო კოდექსითა და ამ ინსტრუქციით განსაზღვრული ვალდებულებების შეუსრულებლობა ან მათი არაჯეროვნად შესრულება წარმოადგენს სანებართვო პირობების დარღვევას და გამოიწვევს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ პასუხისმგებლობას.
საბაჟო კოდექსის 176-ე მუხლის თანახმად:
1. საბაჟო საწყობის საქმიანობისან თავისუფალი ვაჭრობის პუნქტის საქმიანობის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი სანებართვო პირობის დარღვევა – იწვევს ნებართვის მფლობელის დაჯარიმებას 2 000 ლარის ოდენობით.
2. ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ქმედება (იმავე სანებართვო პირობის დარღვევა), ჩადენილი განმეორებით, – იწვევს ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ჯარიმის გასამმაგებას.
საბაჟო კოდექსის 163-ე მუხლის მე-9 ნაწილის თანახმად, საბაჟო სამართალდარღვევა განმეორებით ჩადენილად მიიჩნევა, თუ იგივე ქმედება ჩადენილია წინა საბაჟო სამართალდარღვევის გამოვლენიდან 12 თვის განმავლობაში. ამასთანავე, ამ კოდექსით გათვალისწინებული საბაჟო სამართალდარღვევა განმეორებით ჩადენილად არ მიიჩნევა, თუ აღნიშნული საბაჟო სამართალდარღვევები ჩადენილია ერთსა და იმავე დღეს.
საბაჟო კოდექსის 49-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის და მე-2 და მე-3 ნაწილების თანახმად:
1. იმპორტის გადასახადით დასაბეგრ საქონელზე საბაჟო ვალდებულება წარმოიშობა, თუ დაირღვა უცხოური საქონლის საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანასთან, საბაჟო ზედამხედველობიდან გატანასთან, გადაადგილებასთან, გადამუშავებასთან, საბაჟო საწყობში ან თავისუფალ ზონაში შენახვასთან, დროებით შენახვასთან ან განკარგვასთან დაკავშირებული საქართველოს საბაჟო კანონმდებლობა.
2. საბაჟო ვალდებულების წარმოშობის დრო არის:
ა) იმ ვალდებულების შეუსრულებლობის ან შესრულების შეწყვეტის მომენტი, რომლის შეუსრულებლობა იწვევს საბაჟო ვალდებულების წარმოშობას;
ბ) საქონლის საბაჟო პროცედურაში/რეექსპორტში მოქცევის დეკლარაციის რეგისტრაციის მომენტი, თუ დადგინდა, რომ ფაქტობრივად არ სრულდება ამ საბაჟო პროცედურის/რეექსპორტის პირობა ან საქონლის მიზნობრივი დანიშნულებით გამოყენებისას მისი იმპორტის გადასახდელისგან გათავისუფლების პირობა.
3. ამ მუხლის პირველი ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევებში ვალდებული პირი არის:
ა) ნებისმიერი პირი, რომელსაც მოეთხოვებოდა შესაბამისი ვალდებულების შესრულება;
ბ) ნებისმიერი პირი, რომელმაც იცოდა ან რომელსაც გონივრულ ფარგლებში უნდა სცოდნოდა, რომ საბაჟო ვალდებულება შესრულებული არ არის, და რომელიც მოქმედებდა იმ პირის სახელით, რომელსაც მოეთხოვებოდა საბაჟო ვალდებულების შესრულება, ან რომელიც მონაწილეობდა ისეთ ქმედებაში, რომელმაც საბაჟო ვალდებულების შეუსრულებლობა გამოიწვია;
გ) ნებისმიერი პირი, რომელმაც შეიძინა საქონელი ან რომელიც ფლობს საქონელს და რომელმაც მისი შეძენის ან მიღების მომენტში იცოდა ან რომელსაც უნდა სცოდნოდა, რომ ამ საქონელთან დაკავშირებული საბაჟო ვალდებულება შესრულებული არ არის.
საგადასახადო კოდექსის 64-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტის თანახმად, საგადასახადო ორგანო ვალდებულია პირს წარუდგინოს საგადასახადო მოთხოვნა, თუ არსებობს პირისათვის იმპორტის გადასახდელის დარიცხვის შესახებ ან/და საბაჟო სანქციის შეფარდების შესახებ საბაჟო ორგანოს გადაწყვეტილება ან საბაჟო სამართალდარღვევის ოქმი.
საგადასახადო კოდექსის 272-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, საურავი არის საგადასახადო სანქცია, რომელიც პირს ეკისრება საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვადაში გადასახადის გადასახდელი თანხის გადაუხდელობისათვის.
„დავის განმხილველი ორგანოების რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2011 წლის 14 დეკემბრის №473 დადგენილებით დამტკიცებული რეგლამენტის 33-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, დავების განხილვის საბჭო უფლებამოსილია გააუქმოს შემოსავლების სამსახურის მიერ დავის განხილვისას მიღებული გადაწყვეტილება და საქმე დაუბრუნოს შემოსავლების სამსახურს ხელახლა განსახილველად, თუ, შემოსავლების სამსახურს სათანადოდ არ გამოუკვლევია საქმისათვის არსებითად მნიშვნელოვანი სამართლებრივი ან/და ფაქტობრივი გარემოებები.
მხარეთა არგუმენტაციის და ფაქტობრივი გარემოებების გათვალიწინებით, საბჭოს მიაჩნია, რომ საბაჟო სამართალდარღვევის ოქმების შედგენისა და საგადასახადო მოთხოვნის გამოცემასთან დაკავშირებული საქმისათვის არსებითად მნიშვნელოვანი სამართლებრივი ან/და ფაქტობრივი გარემოებები, მოითხოვს დამატებით შესწავლას მომჩივნის მონაწილეობით.
აღნიშნულიდან გამომდინარე, შემოსავლების სამსახურის სადავო ბრძანება უნდა გაუქმდეს და საჩივარი, მომჩივნის მონაწილეობით, ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს ამავე სამსახურს.
საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:
1. საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2. გაუქმდეს შემოსავლების სამსახურის 29.09.2023 წლის №24088 ბრძანება;
3. საჩივარი, მომჩივნის მონაწილეობით, ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს შემოსავლების სამსახურს;
4. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი
1. საბაჟო პროცედურის პირობების დარღვევა ან სხვა ქმედება, რამაც გამოიწვია საბაჟო ზედამხედველობის ქვეშ მყოფი საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების უკანონო განკარგვა, დაკარგვა ან განადგურება;
2. საბაჟო საწყობის საქმიანობის სანებართვო პირობების დარღვევა;
3. იმპორტის გადასახდელების დარიცხვის მართლზომიერება.
ფაქტობრივი გარემოებები
14.12.2021 წელს მომჩივნის საბაჟო საწყობში განთავსდა და საბაჟო დეკლარაციებით საბაჟო საწყობის პროცედურაში მოექცა შპს -ს კუთვნილი, 6 149,6 კგ სხვადასხვა დასახელების საქონელი (საბაჟო ღირებულება – 724 357,5 ლარი). შპს -მ აღნიშნული საქონლის ნაწილზე საკუთრების უფლება გადასცა მეორე შპს-ს. საქონლის ახალი მესაკუთრის მიერ მითითებული საქონელი 17.12.2021 წელს საბაჟო დეკლარაციებით მოექცა თავისუფალ მიმოქცევაში გაშვების პროცედურაში. 28.12.2021 წელს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა №18655/15-04-02 წერილით მიმართა საბაჟო დეპარტამენტს და მოითხოვა აღნიშნული საბაჟო დეკლარაციებით დეკლარირებულ საქონელზე საბაჟო კონტროლის ღონისძიებების განხორციელება. საბაჟო დეკლარაციების კამერალური შემოწმების და საქონლის დათვალიერების შედეგად გამოვლინდა დეკლარირებული საქონლის ნაკლებობა და არადეკლარირებული საქონელი. აღნიშნულზე 2.08.2023 წელს შედგენილი №EL218736 საბაჟო სამართალდარღვევის ოქმით, მომჩივანს, შპს -თან ერთად, სოლიდარულად (საბაჟო სამართალდარღვევის ოქმი №EL218735) დაეკისრა პასუხისმგებლობა საბაჟო კოდექსის 172-ე მუხლით გათვალისწინებული სამართალდარღვევისათვის და სანქციის სახით შეეფარდა ჯარიმა 238,26 ლარის (გადასახდელი იმპორტის გადასახდელის თანხის 100 პროცენტი) ოდენობით, ხოლო საბაჟო საწყობის საქმიანობისთვის დადგენილი სანებართვო პირობების დარღვევისათვის, მომჩივანს, №EL218737 საბაჟო სამართალდარღვევის ოქმით, შეეფარდა საბაჟო კოდექსის 176-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული სანქცია. ამასთან, საბაჟო დეპარტამენტის 2.08.2023 წლის №EL11111/63 (001-63) საგადასახადო მოთხოვნით, მომჩივანს დაერიცხა იმპორტის გადასახდელები - 238,26 ლარი (დღგ – 229,18 ლარი, იმპორტის გადასახადი – 9,08 ლარი), ასევე საურავი 70,76 ლარის ოდენობით.
გადაწყვეტილება
საბჭოს მიაჩნია, რომ საბაჟო სამართალდარღვევის ოქმების შედგენისა და საგადასახადო მოთხოვნის გამოცემასთან დაკავშირებული საქმისათვის არსებითად მნიშვნელოვანი სამართლებრივი ან/და ფაქტობრივი გარემოებები, მოითხოვს დამატებით შესწავლას მომჩივნის მონაწილეობით. აღნიშნულიდან გამომდინარე, შემოსავლების სამსახურის სადავო ბრძანება უნდა გაუქმდეს და საჩივარი, მომჩივნის მონაწილეობით, ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს ამავე სამსახურს.
დასაბუთება
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 64(2"დ"), 272(1);
საბაჟო კოდექსის: 127(1)(3), 172, 176, 49(1"ა")(2)(3);
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 29.08.2019 წლის N257 ბრძანება;
საქართველოს მთავრობის 16.09.2019 წლის N 455 დადგენილება.