ბრძანება N 30122
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
ბრძანება N 30122
05/10/2020
შპს ------------- ს
(მის.: ქ. --------)
2020 წლის 22 ივლისის საჩივრის
დაკმაყოფილების თაობაზე
შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2020 წლის 25 სექტემბერს გამართულ სხდომაზე (ოქმი № 72) განიხილა შპს ----- ს 2020 წლის 22 ივლისის №52126/1/2020 საჩივარი, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2020 წლის 22 ივნისის №006-249 „საგადასახადო მოთხოვნასთან” დაკავშირებით.
სადავო საკითხი:
გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება ბუღალტრულ პროგრამაში დებიტორული დავალიანების ჩამოწერის საფუძვლით განსაზღრულ საგადასახადო ვალდებულებებს. განმარტავს, რომ ბუღალტრის მიერ დებიტორული დავალიანების ჩამოწერა არ უნდა იქნას აღქმული როგორც უიმედო ვალი, რადგან აღნიშნულ ოპერაციას ჰქონდა საინფორმაციო დანიშნულება და განკუთვნილი იყო მხოლოდ საწარმოს მენეჯმენტისთვის. აღნიშნავს, რომ კრედიტორ საწარმოებთან განხორციელებული ურთიერთშედარებისას მათ მიერ, შპს ----- ს მიმართ აღიარებულია კრედიტორული დავალიანება. ამასთან, მიუთითებს, რომ დებიტორული დავალიანების მოთხოვნის ვადა არ არის გასული და შემოწმებით, აღნიშნული ოპერაცია არ უნდა იქნას განხილული უიმედო ვალად.
ფაქტების აღწერა:
საქმეში არსებული მასალებით ირკვევა, რომ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2019 წლის 05 დეკემბრის №42395 ბრძანების საფუძველზე განხორციელდა შპს ----- ს კამერალური საგადასახადო შემოწმება ბიუჯეტთან ანგარიშსწორების კუთხით. შესამოწმებელი პერიოდი განისაზღვრა 2019 წლის 04 ივნისიდან (რეგისტრაციის თარიღი) 2019 წლის 21 ნოემბრამდე საანგარიშო პერიოდები. შემოწმების შედეგებზე 2020 წლის 11 ივნისს შედგენილი იქნა საგადასახადო შემოწმების აქტი. შემოწმების აქტის საფუძველზე აუდიტის დეპარტამენტმა 2020 წლის 22 ივნისს გამოსცა №16423 ბრძანება ,,გადასახადების/გადასახდელების და საგადასახადო სანქციების თანხების დარიცხვის/შემცირების შესახებ“ და ამავე თარიღის №006-249 „საგადასახადო მოთხოვნა“, რომლის მიხედვით, გადასახადის გადამხდელს დამატებით ბიუჯეტში გადასახდელად განესაზღვრა სულ 133 357 ლარი, მათ შორის, გადასახადი 81 882 ლარი, ჯარიმა 41 241 ლარი და საურავი 10 234 ლარი.
სადავო საკითხთან დაკავშირებით საგადასახადო შემოწმების აქტის მიხედვით დარიცხვა განპირობებულია შემდეგი გარემოებების მიხედვით:
საწარმოს მიერ რეალიზებულია ექსპორტის საბაჟო ოპერაციით 60 ტონა მოცვი რუსეთის ფედერაციაში ორ მყიდველზე. ჯამურად ოპერაციების საერთო თანხა შეადგენს 859 586 ლარს (სულ 6 საბაჟო ოპერაცია). გადასახადის გადამხდელის მიერ წარმოდგენილი ეკონომიკური საქმიანობის ბუღალტრული აღრიცხვის ელექტრონული პროგრამის მიხედვით დგინდება, რომ პირის მიერ უცხოელების მიმართ დებიტორული მოთხოვნების 38% ჩამოწერილია როგორც უიმედო ვალი. კერძოდ: ჯამში - 325 838 ლარი. მათ შორის 2019 წლის 12 ივლისს 53 482 ლარი, ხოლო ამავე წლის 31 ოქტომბერს 272 355 ლარი. გადასახადის გადამხდელის ახსნა-განმარტებით, მყიდველები თანხის ჩარიცხვას არ აპირებენ (ამასთან დაკავშირებით წარმოდგენილი აქვს მათ მიერ გამოგზავნილი წერილები) იმ მიზეზით, რომ მოცვი დანიშნულების ადგილზე ჩატანის დროს იყო დაზიანებული და უვარგისი. შემოწმების პროცესში, აღნიშნული გარემოების დადგენის მიზნით, გადასახადის გადამხდელს დაევალა წარმოედგინა ფაქტის დამადასტურებელი დოკუმენტაცია, რის შემდეგაც, შპს ----- ს მიერ, წარმოდგენილი იქნა ექსპერტიზის დასკვნები და საქონლის განადგურების ოქმი, რომლებიც მისივე თქმით შედგენილია დამოუკიდებელი კომპანიების მიერ, თუმცა საქონლის შეფასების ან განადგურების ფაქტს საწარმოს წარმომადგენელი არ დასწრებია. დირექტორის ზეპირი განმარტებით, რუსეთისს ფედერაციაში საქართველოს დიპლომატიური ურთიერთობის არ ქონის გამო დავის დაწყებას ვერ შეძლებს და შესაბამისად, მათ მიმართ მოთხოვნები საწარმომ აღიარა უიმედოდ. შემოწმების პროცესში, საწარმოს მიერ, წარმოდგენილი იქნა მყიდველებთან გაფორმებული ხელშეკრულებები, რომლის მიხედვითაც დგინდება, რომ 6 საბაჟო ოპერაციიდან მხოლოდ ერთი იქნაგადაზიდული გამყიდველის მიერ, ხოლო დანარჩენ შემთხვევაში, მყიდველს საქონელი გადაეცემოდა საქართველოს ტერიტორიაზე, კერძოდ საწყობში. აღნიშნულთან დაკავშირებით, შემოწმების მიერ საქართველოს საგადასახადო კოდექსის 70-ე მუხლის საფუძველზე, გამოთხოვილი იქნა ინფორმაცია ორი რეზიდენტი გადამზიდი საწარმოსგან (დანარჩენი უცხოელები არიან) და ასევე ფერმერებისგან. მოწოდებული ინფორმაციით დასტურდება, რომ მოცვის დაზიანების შესახებ არც ფერმერებს და არც გადამზიდ კომპანიებს ინფორმაცია არ გააჩნიათ. ამასთან, ზარალის ანაზღაურებასთან დაკავშირებით არ მიუმართვს საწარმოს წარმომადგენელს. ლოგიკურია, რომ მოცვის დაზიანების შემთხვევა გამოიკვეთებოდა დატვირთვისა და გადაზიდვის დასრულების დროს. ფერმერების განმარტებით, ხარისხთან დაკავშირებით რაიმე პრეტენზია საქონლის დატვირთვის დროს არ ჰქონიათ, ხოლო გადამზიდი საწარმოების განმარტებით, საქონლის გადატვირთვა განხორციელდა პრეტენზიის დაფიქსირების გარეშე.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის შესაბამისად, ვინაიდან გადასახადის გადამხდელის მიერ ჩამოწერილია მყიდველების მიმართ მოთხოვნა და არ არსებობს, საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-8 მუხლის 29-ე ნაწილით განსაზღვრული ამ მოთხოვნის უიმედო ვალად აღიარების დოკუმენტი, შემოწმებით, ზემოაღნიშნული თანხა, შემოსავლების სამსახურის 2019 წლის 08 ივლისის №22708 ბრძანებით დამტკიცებული ,,ცალკეულ შემთხვევებში პირის საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრის მიზნით მეთოდური მითითების” შესაბამისად, განხილული იქნა დირექტორზე გაცემულ ხელფასად. პირს დაერიცხა საშემოსავლო გადასახადი და ჯარიმა, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის შესაბამისად.
შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივარი და მიიჩნია, რომ საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-2 ნაწილზე, რომლის მიხედვით დავის განმხილველი ორგანო საჩივარს განიხილავს მხოლოდ მომჩივნის მოთხოვნის ფარგლებში. ამავე მუხლის მე-6 ნაწილის მიხედვით, შემოსავლების სამსახურს უფლება აქვს, მომჩივნის დაუსწრებლად განიხილოს საჩივარი, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.
საჩივარში დასმულ სადავო საკითხთან დაკავშირებით დადგენილი ფაქტობრივი გარემოებაა, რომ შპს ----ს მიერ არარეზიდენტ საწარმოებზე განხორციელდა საქონლის, კერძოდ მოცვის მიწოდება, ჯამში 859 586 ლარის ოდენობით. საგადასახადო შემოწმების აქტის მონაცემებით, დაზიანებული და უვარგისი მოცვის მიწოდების გამო, მყიდველი დარჩენილი თანხის ჩარიცხვას არ აპირებს. აღნიშნული ოპერაციის ფარგლებში, საწარმოს მიერ, დებიტორული დავალიანების 38% ჩამოწერილი იქნა, როგორც უიმედო ვალი. წარმოდგენილი ხელშეკრულების მიხედვით დგინდება, რომ საქონლის ნაწილის გადაცემა განხორციელდა საქართველოს ტერიტორიაზე, საწყობში. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 70-ე მუხლის საფუძველზე, გამოთხოვილი ინფორმაციის შედეგად, საქონლის გადატვირთვისას მის დაზიანებასთან/გაუვარგისებასთან დაკავშირებით რაიმე სახის პრეტენზია არ დაფიქსირებულა. შესაბამისად, შემოწმებით ჩაითვალა, რომ საქონლის მიწოდების ოპერაციის ფარგლებში მიღებული იქნა ფულადი თანხა, რომელიც შემდგომში, შემოწმების მიერ, დაკვალიფიცირდა ანგარიშვალდებულ პირზე სახელფასო განაცემად.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრის მიზნით საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს სამეურნეო ოპერაციის ფორმისა და შინაარსის გათვალისწინებით შეცვალოს მისი კვალიფიკაცია, თუ ოპერაციის ფორმა არ შეესაბამება მის შინაარსს.
გადასახადის გადამხდელის საჩივარში წარმოდგენილი განმარტებით, 2020 წლის იანვრის თვეში განხორციელდა კრედიტორ საწარმოებთან ურთიერთშედარება, რის საფუძველზეც მეორე მხარის მიერ აღიარებულია საწარმოს მიმართ კრედიტორული დავალიანება. ასევე აღნიშნავს, რომ მიმდინარეობს მოლაპარაკება და მათ შორის შემდგომი თანამშრომლობის პირობების შეთანხმება, რომლის წინაპირობას წარმოადგენს დებიტორული დავალიანების დროული დაფარვა. ასევე მიუთითებს, რომ კანონმდებლობის მოთხოვნების გათვალისწინებით, დებიტორული მოთხოვნის ვადა არ არის გასული და არ უნდა იქნას განხილული უიმედო ვალად.
საქმეში არსებული მასალებისა და დავების განხილვის საბჭოს სხდომაზე გამოთქმული მოსაზრებების საფუძველზე ირკვევა, რომ შემოწმების მიერ, ბუღალტრულ პროგრამაში უიმედო ვალად ჩამოწერილი დებიტორული დავალიანების, ანგარიშვალდებული პირის ხელფასად განხილვისას ვერ დგინდება კრედიტორი საწარმოების მიერ, საქონლის მიწოდების ოპერაციის ფარგლებში, წარმოშობილი მოთხოვნით განსაზღვრული თანხების შპს -------- ს გადახდის ფაქტი. ამასთან, შემოსავლების სამსახური ყურადღებას ამახვილებს მომჩივნის განმარტებაზე კრედიტორი საწარმოების მიერ კრედიტორული დავალიანების აღიარებისა და მისი გადაუხდელობის შემთხვევაში სასამართლოს გზით მოთხოვნის შესახებ.
ზემოხსენებული სამართლებრივი ნორმებისა და ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახური მიიჩნევს, რომ შემოწმების მიერ, ბუღალტრულ პროგრამაში უიმედო ვალად ჩამოწერილი დებიტორული დავალიანების დაკვალიფიცირება ანგარიშვალდებული პირის სახელფასო განაცემად არამართებულია. ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ უნდა დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს შინაასის გათვალისწინებით ოპერაციაზე კვალიფიკაციის შეცვლის შედეგად, კერძოდ: უიმედო ვალად ჩამოწერილი დებიტორული დავალიანების ანგარიშვალდებულ პირზე გაცემულ ხელფასად განხილვის საფუძვლით დარიცხული თანხები დაუქვემდებაროს შემცირებას.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:
1. შპს ----- ს 2020 წლის 22 ივლისის საჩივარი დაკმაყოფილდეს;
2. დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს შინაარსის გათვალისწინებით ოპერაციაზე კვალიფიკაციის შეცვლის შედეგად, კერძოდ: უიმედო ვალად ჩამოწერილი დებიტორული დავალიანების ანგარიშვალდებულ პირზე გაცემულ ხელფასად განხილვის საფუძვლით დარიცხული თანხები დაუქვემდებაროს შემცირებას.
3. ბრძანების გასაჩივრება შესაძლებელია საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის №64), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად მისი ჩაბარებიდან 20 დღის ვადაში.
სადავო საკითხი
გადამხდელი არ ეთანხმება ბუღალტრულ პროგრამაში დებიტორული დავალიანების ჩამოწერის საფუძვლით განსაზღრულ საგადასახადო ვალდებულებებს. მიუთითებს, რომ დებიტორული დავალიანების მოთხოვნის ვადა არ არის გასული და შემოწმებით, აღნიშნული ოპერაცია არ უნდა იქნას განხილული უიმედო ვალად.
ფაქტობრივი გარემოებები
საწარმოს მიერ რუსეთის ფედერაციაში რეალიზებულია ექსპორტის საბაჟო ოპერაციით 60 ტონა მოცვი. დგინდება, რომ პირის მიერ დებიტორული მოთხოვნების 38% ჩამოწერილია როგორც უიმედო ვალი. გადამხდელის ახსნა-განმარტებით, მყიდველები თანხის ჩარიცხვას არ აპირებენ იმ მიზეზით, რომ მოცვი დანიშნულების ადგილზე ჩატანის დროს იყო დაზიანებული. შემოწმებით გამოთხოვილი ინფორმაციით დგინდება, რომ მოცვის დაზიანების შესახებ არც ფერმერებს და არც გადამზიდ კომპანიებს ინფორმაცია არ გააჩნიათ. ამასთან, ზარალის ანაზღაურებასთან დაკავშირებით არ მიუმართავს საწარმოს წარმომადგენელს. ვინაიდან გადამხდელის მიერ ჩამოწერილია მყიდველების მიმართ მოთხოვნა და არ არსებობს, სსკ-ს მე-8 მუხლის 29-ე ნაწილით განსაზღვრული მოთხოვნის უიმედო ვალად აღიარების დოკუმენტი, ზემოაღნიშნული თანხა, განხილული იქნა დირექტორზე გაცემულ ხელფასად. პირს დაერიცხა საშემოსავლო გადასახადი და ჯარიმა სსკ-ს 275 მუხლის შესაბამისად.
გადაწყვეტილება
აუდიტის დეპარტამენტს დაევალა შინაარსის გათვალისწინებით ოპერაციაზე კვალიფიკაციის შეცვლის შედეგად, კერძოდ: უიმედო ვალად ჩამოწერილი დებიტორული დავალიანების ანგარიშვალდებულ პირზე გაცემულ ხელფასად განხილვის საფუძვლით დარიცხული თანხები დაუქვემდებაროს შემცირებას.
დასაბუთება
შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 8(29); 73(9,,ბ“); 275