ბრძანება N 23543
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
N 23543
04 ნოემბერი 2024
ბ რ ძ ა ნ ე ბ ა
შპს „---ის“ (ს/ნ ---)
(ფაქტ. მის.:---) 2024 წლის 25 აგვისტოს საჩივრის
ნაწილობრივ დაკმაყოფილების თაობაზე
შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2024 წლის 11 ოქტომბრის სხდომაზე (ოქმი №110) განიხილა შპს „---ის“ (ს/ნ ----) 2024 წლის 25 აგვისტოს №CA00412411323324 (რეგ. №142073/21) საჩივარი, რომლითაც გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2018 წლის 30 ნოემბრის №083-45 საგადასახადო მოთხოვნას და ანალიტიკური დეპარტამენტის 2018 წლის 5 დეკემბრის №081-739 ბრძანებაში ცვლილების შეტანის 2019 წლის 7 ნოემბრის №081-1056 ბრძანებას და ითხოვს დავის დაწყებას ახლად აღმოჩენილ/გამოვლენილ გარემოებათა გამო.
სადავო საკითხი:
გადასახადის გადამხდელი აუდიტის დეპარტამენტის 2018 წლის N083-45 საგადასახადო მოთხოვნასთან მიმართებით ითხოვს დავის დაწყებას ახლად აღმოჩენილ/გამოვლენილ გარემოებათა გამო. მიუთითებს, რომ არსებობს ახლად გამოვლენილ გარმოებათა გამო მოგების გადასახადის დარიცხვის შესახებ წარმოების ფარგლებში გამოცემული ყველა აქტის, მათ შორის, შემოსავლების სამსახურის ანალიტიკური დეპარტამენტის 2018 წლის 5 დეკემბრის №081-739 ბრძანებაში ცვლილების შეტანის 2019 წლის 7 ნოემბრის №081-1056 ბრძანების ძალადაკარგულად ცნობის საფუძველი, რადგან 2016 წლიდან მიმდინარეობდა დავა დღგ-ს დარიცხვის თემაზე. მომჩივანი მიუთითებს, რომ სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველზე, საჩივრის ხელახლა განხილვის ეტაპზე მოხდა დღგ-ს დარიცხვის შესახებ აქტის ძალადაკარგულად ცნობა.
შედეგად, გამოცემულია ახალი აქტი - აუდიტის დასკვნა და საგადასახადო მოთხოვნა, რომლითაც უკვე შემცირებულია დასარიცხი დღგ, ეს კი პირდაპირპროპორციულად აისახება დასარიცხი მოგების გადასახადის ოდენობაზეც. აცხადებს, რომ შეუძლებელია ადმინისტრაციული აქტი იყოს ძალაში და აღსრულდეს, რომელსაც გამოცლილი აქვს/ძალადაკარგულია მისი გამოცემის ფაქტობრივ-სამართლებრივი საფუძველი. ითხოვს, აუდიტის დეპარტამენტის N083-45 საგადასახადო მოთხოვნის გაუქმებას და მოგების გადასახადის დარიცხვის შესახებ ახალი აქტის გამოცემის წარმოების შეჩერებას დღგ-ს დარიცხვის შესახებ აქტის საბოლოოდ ძალაში შესვლამდე.
ფაქტობრივი გარემოები
შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2018 წლის 30 ნოემბრის №083-45 საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით, საქმეში არსებული მასალებით ირკვევა, რომ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2018 წლის 10 ოქტომბრის №28702 ბრძანების საფუძველზე განხორციელდა შპს „----ის“ (ს/ნ ----) საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმება უძრავი ქონების მიწოდებიდან გამომდინარე წარმოქმნილი საგადასახადო ვალდებულებების მოგების გადასახადის დეკლარაციაში ასახვის სისწორის დადგენის მიზნით.
შესამოწმებელ პერიოდად განისაზღვრა 2015 წლის პირველი იანვრიდან 2018 წლის 30 სექტემბრის ჩათვლით საანგარიშო პერიოდები. შემოწმების შედეგებზე 2018 წლის 26 ოქტომბერს შედგა საგადასახადო შემოწმების აქტი, რაზეც გამოიცა გადასახადების/გადასახდელების და საგადასახადო სანქციების თანხების დარიცხვის/შემცირების შესახებ 2018 წლის 22 ნოემბრის №33316 ბრძანება და 30 ნოემბრის №083-45 საგადასახადო მოთხოვნა, რომლის მიხედვით გადასახადის გადამხდელს ბიუჯეტში დამატებით გადასახდელად განესაზღვრა სულ 47 087 ლარი, მათ შორის, გადასახადი 22 453 ლარი, ჯარიმა 11 227 ლარი, საურავი 13 407 ლარი. ანალიტიკური დეპარტამენტის 2019 წლის 7 ნოემბრის №081-1056 ბრძანებასთან დაკავშირებით, საქმეზე არსებული მასალებით დგინდება, რომ შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციოს სისტემის მონაცემების მიხედვით, შპს ,---ს’’ (ს/ნ ----) 2018 წლის 05 დეკემბრის მდგომარეობით ერიცხებოდა საგადასახადო დავალიანება: გადასახადის სახით 45941 ლარი, ჯარიმა 15678 ლარი და საურავი 31719 ლარი. ასევე დამატებით დარიცხული თანხები, რომელიც არ არის აღიარებული 47132.15 ლარი. აღნიშნულიდან გამომდინარე, ანალიტიკური დეპარტამენტის მიერ საქართველოს საგადასახადო კოდექსის 241-ე მუხლის საფუძველზე გადამხდელის მიმართ გამოცემული იქნა „ქონებაზე ყადაღის დადების შესახებ“ 2018 წლის 5 დეკემბრის №081-739 ბრძანება.
საქმეში არსებული მასალებით ირკვევა, რომ ანალიტიკური დეპარტამენტის 2018 წლის 19 დეკემბრის №081-779 ბრძანებით შპს ,,---ის’’ (ს/ნ ---) ქონებაზე ყადაღის დადების შესახებ 2018 წლის 5 დეკემბრის №081-739 ბრძანებაში განხორციელდა ცვლილება და საქართველოს საგადასახადო კოდექსის 241-ე მუხლის საფუძველზე გავრცელებული ყადაღა გადაკვალიფიცირდა ამავე კოდექსის 254-ე მუხლით გათვალისწინებული საფუძვლით. აგრეთვე, ანალიტიკური დეპარტამენტის 2019 წლის 7 ნოემბრის №081-1056 ბრძანებით შპს ,,---ის’’ (ს/ნ ---) ქონებაზე ყადაღის დადების შესახებ 2018 წლის 5 დეკემბერს გამოცემულ №081-739 ბრძანებაში კვლავ განხორციელდა ცვლილება და საქართველოს საგადასახადო კოდექსის 254- ე მუხლის საფუძველზე გავრცელებული ყადაღა გადაკვალიფიცირდა ამავე კოდექსის 241-ე მუხლით გათვალისწინებული საფუძვლით. ზემოაღნიშნული აუდიტის დეპარტამენტის 2018 წლის 30 ნოემბრის №083-45 საგადასახადო მოთხოვნა და ანალიტიკური დეპარტამენტის 2019 წლის 7 ნოემბრის №081-1056 ბრძანება გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში, რომლის 2021 წლის 10 მარტის №6297 ბრძანებით შპს ,,--- ის’’ (ს/ნ ---) საჩივრები აუდიტის დეპარტამენტის 2018 წლის 30 ნოემბრის №083-45 საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით დარჩა განუხილველი, ხოლო შპს ,,---ის’’ (ს/ნ ---) საჩივრები ანალიტიკური დეპარტამენტის 2019 წლის 7 ნოემბრის №081-1056 ბრძანებასთან დაკავშირებით არ დაკმაყოფილდეს.
შემოსავლების სამსახურის 2021 წლის 10 მარტის №6297 ბრძანება მომჩივანმა გაასაჩივრა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოში, რომლის 2024 წლის 2 მაისის №21759/2/2023 გადაწყვეტილებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა.
შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2016 წლის 31 მარტის N083-3 საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს ფაქტობრივ გარემოებაზე, რომლის მიხედვით, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2016 წლის 2 თებერვლის N2459 ბრძანების საფუძველზე ჩატარდა შპს ,,---ის’’ (ს/ნ ---) საქმიანობის საგადასახადო შემოწმება უძრავი ქონების მიწოდებიდან გამომდინარე საგადასახადო ვალდებულებების შესრულების სისწორის დადგენის კუთხით.
შესამოწმებელ პერიოდად განისაზღვრა 2012 წლის პირველი იანვრიდან 2016 წლის 1 იანვრამდე საანგარიშო პერიოდები. აღნიშნული შემოწმების შედეგებზე 2016 წლის 28 მარტს შედგა საგადასახადო შემოწმების აქტი, 2016 წლის 31 მარტის N8487 ბრძანება და N083-3 საგადასახადო მოთხოვნა, რომლითაც გადამხდელს გადასახდელად განესაზღვრა დამატებული ღირებულების გადასახადის ნაწილში, სულ 109 592 ლარით, მათ შორის, გადასახადის 56 441 ლარი, ჯარიმა 43 898 ლარი და საურავი 92 53 ლარი.
ზემოაღნიშნული საგადასახადო მოთხოვნა (№083-3) გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში, რომლის 2016 წლის 27 მაისის №14806 ბრძანების საფუძველზე ნაწილობრივ დაკმაყოფილდა შპს „---ს“ (ს/ნ ----) საჩივარი. კერძოდ, ბრძანების სარეზოლუციო ნაწილის მიხედვით:
„1. შპს ,,---’’-ს (ს/ნ ---) 2016 წლის 20 აპრილისა და 18 მაისის საჩივრები დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.
2. დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს შეისწავლოს გადამხდელის მიერ განსახილველ საკითხთან დაკავშირებით N92782/21 განცხადებით წარმოდგენილი დამოუკიდებელი შემფასებლის ქონების საბაზრო ღირებულების შესახებ დასკვნა და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლის არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს შესაბამისი საფუძვლით დარიცხული თანხების კორექტირება (შემცირება).
3. ამ ბრძანების მე-2 პუნქტის შესრულების შედეგების გათვალისწინებით, თუ დადასტურდება დღგ-ს გადამხდელად რეგისტრაციის გარეშე საქმიანობის ფაქტი შპს ,,---’’ (ს/ნ ---) საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის შესაბამისად გათავისუფლდეს 2016 წლის 31 მარტის N083-3 საგადასახადო მოთხოვნით დღგ-ს გადამხდელად რეგისტრაციის გარეშე საქმიანობის პერიოდში დღგ-ის დეკლარაციაში გადასახადის თანხის შემცირებისათვის საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით დაკისრებული ჯარიმისაგან.
4. ამ ბრძანების სარეზოლუციო ნაწილის მე-2 და მე-3 პუნქტების შესრულების შედეგების გათვალისწინებით, განხორციელდეს გადამხდელის პირადი აღრიცხვის ბარათის კორექტირება.
5. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.“
შემოსავლების სამსახურის 2016 წლის 27 მაისს №14806 ბრძანების აღსრულების მიზნით აუდიტის დეპარტამენტმა გამოსცა 2016 წლის 4 ივლისის დასკვნა საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშებაზე, რომლის მიხედვით, გადამხდელს მხოლოდ, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის შესაბამისად, შეუმცირდა ამავე კოდექსის 275-ე მუხლით დარიცხული ჯარიმა 28 220 ლარის ოდენობით. აღნიშნულზე გადასახადის გადამხდელს წარედგინა 2016 წლის 11 ივლისის №083-18 კორექტირებული საგადასახადო მოთხოვნა, რომელიც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში, რომლის 2016 წლის 15 სექტემბრის №26437 ბრძანებით საჩივარი დარჩა განუხილველი, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 301-ე მუხლის „თ“ ქვეპუნქტის საფუძველზე.
გადამხდელი არ დაეთანხმა შემოსავლების სამსახურის 2016 წლის 15 სექტემბრის №26437 ბრძანებას და გაასაჩივრა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოში, რომლის 2018 წლის 24 სექტემბრის №13663/2/16 გადაწყვეტილებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა.
ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, გადასახადის გადამხდელმა სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას შემოსავლების სამსახურის 2016 წლის 15 სექტემბრის №26437 ბრძანების და საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 2018 წლის 24 სექტემბრის №13663/2/16 გადაწყვეტილების ბათილად ცნობის მოთხოვნით. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 18 ოქტომბრის №3/6980-18 გადაწყვეტილებით შპს „---ის“ (ს/ნ ---) სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, კერძოდ, აღნიშნული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის თანახმად:
„1. შპს „---ის“ სარჩელი დაკმაყოფილდეს.
2. ბათილად იქნას ცნობილი სსიპ შემოსავლების სამსახურის 2016 წლის 15 სექტემბრის №26437 ბრძანება.
3. ნაწილობრივ ბათილად იქნას ცნობილი საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 2018 წლის 24 სექტემბრის გადაწყვეტილება №13663/2/16 საჩივარზე იმ ნაწილში, რომლითაც არ დაკმაყოფილდა საჩივარი სსიპ შემოსავლების სამსახურის 2016 წლის 15 სექტემბრის №26437 ბრძანების გაუქმების თაობაზე.
4. დაევალოს სსიპ შემოსავლების სამსახურს განიხილოს მოსარჩელის 2016 წლის 8 აგვისტოს საჩივარი და გამოსცეს ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი მოსარჩელის მიმართ კანონით დადგენილ ვადაში.“
ამასთან, თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 29 სექტემბრის №3ბ/432-20 განჩინებით, სსიპ შემოსავლების სამსახურისა და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სააპელაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდა და უცვლელი დარჩა მოცემულ საქმეზე თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 18 ოქტომბრის №№3/6980-18 გადაწყვეტილება. ხოლო, საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2023 წლის 9 ოქტომბრის №ბს-562(2კ-22) განჩინებით შემოსავლების სამსახურისა და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საკასაციო საჩივრები მიჩნეულ იქნა დაუშვებლად და უცვლელად დარჩა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 29 სექტემბრის განჩინება.
საქმეში არსებული მასალებით დგინდება, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 18 ოქტომბრის №3/6980-18 გადაწყვეტილების საფუძველზე შემოსავლების სამსახურმა გამოსცა 2024 წლის 24 აპრილის №9528 ბრძანება, აუდიტის დეპარტამენტის 2016 წლის 11 ივლისის №083-18 კორექტირებულ საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით, რომლითაც საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, კერძოდ, ბრძანების სარეზოლუციო ნაწილის მიხედვით:
„1. შპს „---ის“ (ს/ნ ---) საჩივრები დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2. სადავო საკითხთან დაკავშირებით, დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს, ურთიერთდამოკიდებულ ფიზიკურ პირზე მიწოდებული ქონების საბაზრო ფასის განსაზღვრისას იხელმძღვანელოს გადასახადის გადამხდელის მიერ, განსახილველ საკითხთან დაკავშირებით წარმოდგენილი დამოუკიდებელი შემფასებლის „ქონების საბაზრო ღირებულების შესახებ“ დასკვნით და აღნიშნულის საფუძველზე, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების შესაბამისი კორექტირება (შემცირება).
3. დანარჩენ ნაწილში საჩივრები არ დაკმაყოფილდეს;“
შემოსავლების სამსახურის 2024 წლის 24 აპრილის №9528 ბრძანების აღსრულების მიზნით, აუდიტის დეპარტამენტმა გამოსცა 2024 წლის 29 აპრილის დასკვნა საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშებაზე, რომლის მიხედვით, გადამხდელს საგადასახადო შემოწმებით დარიცხული თანხები შეუმცირდა 42 297 ლარით, მათ შორის გადასახადი 33 102 ლარით, ხოლო ჯარიმა 9 195 ლარით. აღნიშნულზე, გადასახადის გადამხდელს წარედგინა 2024 წლის 15 მაისის №083-12 კორექტირებული საგადასახადო მოთხოვნა.
შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2018 წლის 30 ნოემბრის №083-45 საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით, საგადასახადო შემოწმების აქტის მიხედვით დგინდება შემდეგი:
შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2016 წლის 2 თებერვლის N2459 ბრძანების საფუძველზე ჩატარებული შემოწმებისას შპს „---"-ს დირექტორის და დამფუძნებლის ---ს (პ/ნ ---) წარმოდგენილი პირველადი დოკუმენტაციის (უძრავი ქონების ყიდვის და გაყიდვის ხელშეკრულება) და საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ვებგვერდის მონაცემების მიხედვით დგინდება, რომ საწარმომ 2012 წლის 10 აპრილს შეიძინა უძრავი ქონება სარდაფი 106.6კვ.მ (საკადასტრო კოდი ---- და საცხოვრებელი ფართი 72.89 კვ.მ (საკადასტრო კოდი ---) შპს „---"-დან, უძრავი ქონებების ღირებულებამ ჯამში შეადგინა 100 000 ამერიკული დოლარის ეკვივალენტი ლარში (100 000*1.6387=163870 ლარი).
შპს „---მა" ზემოთაღნიშნული უძრავი ქონებები 2015 წლის 25 თებერვალს მიყიდა ფიზიკურ პირ ---ს (პ/ნ ---) 90 000 ლარად, თვითღირებულებაზე დაბალ ფასად. შემოწმების შედეგად დგინდება, რომ --- (პ/ნ ---) არის ----ს (პ/ნ ---) მეუღლის ---ის (პ/ნ ----) დედა.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-19 მუხლის მიხედვით, ოპერაციის მხარეები შპს „---" და --- (პ/ნ ---) წარმოადგენენ ურთიერთდამოკიდებულ პირებს. შემოწმების შედეგად, რადგან უძრავი ქონება შპს ---ი"-ის მიერ რეალიზებულია ურთიერთდამოკიდებულ პირზე, უძრავი ქონებების სარეალიზაციო ღირებულება საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-18 მუხლის მე-11 ნაწილის "ა" ქვეპუნქტის შესაბამისად განისაზღვრა საბაზრო ფასით, აუდიტის დეპარტამენტის სერთიფიცირებული თანამშრომლის მიერ შედგენილი ექსპერტიზის დასკვნის საფუძველზე. დასკვნის შესაბამისად, უძრავი ქონებების საბაზრო სარეალიზაციო ღირებულება 2015 წლის 25 თებერვლის მდგომარეობით განისაზღვრა ჯამში 370 000 ლარის ოდენობით, აღნიშნულიდან გამომდინარე 2015 წლის 25 თებერვალს მიწოდებული ქონების საბაზრო ღირებულება განისაზღვრა 370 000 ლარის (დღგ-ის ჩათვლით) ოდენობით, რომელსაც გამოაკლდა უძრავი ქონებების შეძენის ღირებულება 163 870 ლარი, შესაბამისად, სხვაობა 149 689 ლარი საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-100 და 102-ე მუხლების შესაბამისად ჩართული იქნა 2015 წლის ერთობლივ შემოსავალში და დაიბეგრა მოგების გადასახადით 15%-იანი განაკვეთით, გადამხდელს აგრეთვე დაერიცხა ჯარიმა ამავე კოდექსის 275-ე მუხლის შესაბამისად მოგების გადასახადის დეკლარაციაში გადასახადის თანხის შემცირებისათვის.
შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივარი და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ დისტანციურად, ტექნიკურ საშუალებათა გამოყენებით. მათ ასევე უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.
ახლად აღმოჩენილი/გამოვლენილი გარემოების ან მტკიცებულების საფუძვლით დავის დაწყებასთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 299-ე მუხლზე, რომლის თანახმად:
1. საგადასახადო ორგანოს მიერ პირის მიმართ ამ კოდექსის საფუძველზე მიღებული გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს დავის განმხილველ ორგანოში ამ თავით დადგენილი წესით.
6. 30-დღიანი ვადის გასვლის შემდეგ დავის დაწყება დასაშვებია ახლად აღმოჩენილი ან ახლად გამოვლენილი გარემოებების ან მტკიცებულებების საფუძვლით.
7. ახლად აღმოჩენილად ან ახლად გამოვლენილად ჩაითვლება ისეთი გარემოებები ან მტკიცებულებები, რომლებიც მომჩივანმა არ იცოდა და არ შეეძლო სცოდნოდა მისთვის არასასურველი გადაწყვეტილების მიღებამდე და რომელთა დროულად წარდგენა გამოიწვევდა მომჩივნისათვის ხელსაყრელი გადაწყვეტილების მიღებას.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ადმინისტრაციული წარმოებისას გამოიკვლიოს საქმისათვის ყველა მნიშვნელოვანი გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე.
შემოსავლების სამსახური მიუთითებს, რომ აუდიტის დეპარტამენტის 2016 წლის 2 თებერვლის N2459 ბრძანების საფუძველზე ჩატარდა კამერალური საგადასახადო შემოწმება უძრავი ქონების მიწოდებიდან გამომდინარე საგადასახადო ვალდებულებების შესრულების სისწორის დადგენის კუთხით და შედეგად, საგადასახადო შემოწმების აქტით გადამხდელს დაერიცხა დამატებული ღირებულების გადასახადი (წარედგინა 2016 წლის 31 მარტის N083-3 საგადასახადო მოთხოვნა). ხოლო 2018 წლის 10 ოქტომბრის №28702 ბრძანების საფუძველზე ჩატარდა კამერალური საგადასახადო შემოწმება უძრავი ქონების მიწოდებიდან გამომდინარე წარმოქმნილი საგადასახადო ვალდებულებების მოგების გადასახადის დეკლარაციაში ასახვის სისწორის დადგენის მიზნით და შედეგად, გადამხდელს დაერიცხა მოგების გადასახადი (2018 წლის 30 ნოემბრის №083-45 საგადასახადო მოთხოვნა).
ზემოაღნიშნული საგადასახადო შემოწმებების შედეგად დარიცხული თანხების საფუძველს წარმოადგენს ერთი და იგივე ოპერაცია, კერძოდ, უძრავი ქონების ურთიერთდამოკიდებულ პირზე რეალიზაცია და გადასახადების (დამატებული ღირებულების და მოგების გადასახადების) გაანგარიშებისთვის შემოწმებამ იხელმძღვანელა აუდიტის დეპარტამენტის სერტიფიცირებული თანამშრომლის მიერ შედგენილი ქონების შეფასების დასკვის მიხედვით დადგენილი ქონების საბაზრო ღირებულებით, რომელიც შეადგენდა 370 000 ლარს.
შემოსავლების სამსახური მიუთითებს ფაქტობრივ გარემოებაზე, რომლის მიხედვით, თბილისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 18 ოქტომბრის №3/6980-18 გადაწყვეტილების შესაბამისად გამოცემული შემოსავლების სამსახურის 2024 წლის 24 აპრილის №9528 ბრძანების მიხედვით, დარიცხულ დამატებული ღირებულების გადასახადთან დაკავშირებით, აუდიტის დეპარტამენტს დაევალა ურთიერთდამოკიდებულ ფიზიკურ პირზე მიწოდებული ქონების საბაზრო ფასის განსაზღვრისას იხელმძღვანელოს გადასახადის გადამხდელის მიერ, განსახილველ საკითხთან დაკავშირებით წარმოდგენილი დამოუკიდებელი შემფასებლის „ქონების საბაზრო ღირებულების შესახებ“ დასკვნით და აღნიშნულის საფუძველზე, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების შესაბამისი კორექტირება (შემცირება).
ზემოაღნიშნული ბრძანების აღსრულების მიზნით, აუდიტის დეპარტამენტმა გამოსცა 2024 წლის 29 აპრილის დასკვნა საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშებაზე, რომლის მიხედვით, გადამხდელს საგადასახადო შემოწმებით დარიცხული თანხები შეუმცირდა 42 297 ლარით, მათ შორის, დამატებული ღირებულების გადასახადი 33 102 ლარით, ხოლო ჯარიმა 9 195 ლარით. აღნიშნულზე, გადასახადის გადამხდელს წარედგინა 2024 წლის 15 მაისის №083-12 კორექტირებული საგადასახადო მოთხოვნა. წარმოდგენილი მტკიცებულებებისა და ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ განსახილველ შემთხვევაში შესაძლებელია ახლად გამოვლენილი გარემოებებით დავის დაწყება, ვინაიდან შემოსავლების სამსახურის 2024 წლის 24 აპრილის №9528 ბრძანება წარმოადგენს იმ ახლად გამოვლენილ ისეთ გარემოებას, რომელიც მომჩივანმა არ იცოდა და არ შეეძლო სცოდნოდა მისთვის არასასურველი გადაწყვეტილების მიღებამდე.
შესაბამისად, ზემოაღნიშნული დოკუმენტების/მტკიცებულებების დროულად წარმოდგენას შესაძლოა გამოეწვია მომჩივნისათვის ხელსაყრელი გადაწყვეტილების მიღება. ამდენად, წარმოდგენილი გარემოებები/მტკიცებულებები წარმოადგენს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 299-ე მუხლის მიხედვით ახლად გამოვლენილი/აღმოჩენილი გარემოებების ან მტკიცებულებების საფუძვლით დავის დაწყების საფუძველს.
სადავო საკითხთან დაკავშირებით,შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-2 მუხლის მე-2 ნაწილზე, რომლის თანახმად, გადასახადებით დაბეგვრისათვის გამოიყენება საგადასახადო ვალდებულების წარმოშობის დღისათვის მოქმედი საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობა.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-19 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ურთიერთდამოკიდებულ პირებად ითვლებიან ის პირები, რომელთა შორის განსაკუთრებულ ურთიერთობათა არსებობამ შეიძლება გავლენა მოახდინოს მათი ან მათ მიერ წარმოდგენილი პირების საქმიანობის პირობებზე ან ეკონომიკურ შედეგებზე.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-18 მუხლის მე-11 ნაწილის "ა" ქვეპუნქტის შესაბამისად, საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, გადასახადებით დაბეგვრის მიზნებისათვის გამოიყენოს საბაზრო ფასი, თუ გარიგება განხორციელდა ურთიერთდამოკიდებულ პირებს შორის, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც მათი ურთიერთდამოკიდებულება გავლენას არ ახდენს ასეთი გარიგების შედეგებზე. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 96-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტის თანახმად, მოგების გადასახადის გადამხდელია რეზიდენტი საწარმო.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 97-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, რეზიდენტი საწარმოს მოგების გადასახადით დაბეგვრის ობიექტია დასაბეგრი მოგება. იგი განისაზღვრება, როგორც სხვაობა გადასახადის გადამხდელის ერთობლივ შემოსავალსა და ამ კოდექსით გათვალისწინებული გამოქვითვების თანხებს შორის.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-100 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, რეზიდენტის ერთობლივი შემოსავალი შედგება საქართველოში არსებული წყაროდან და საქართველოს ფარგლების გარეთ მიღებული შემოსავლებისაგან. ხოლო, მე-3 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, ერთობლივ შემოსავალს განეკუთვნება ეკონომიკური საქმიანობით მიღებული შემოსავლები, რომლებიც დაკავშირებული არ არის დაქირავებით მუშაობასთან.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, ეკონომიკური საქმიანობით მიღებულ შემოსავლებს განეკუთვნება აქტივების რეალიზაციით მიღებული ნამეტი შემოსავალი.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 105-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ერთობლივი შემოსავლიდან გამოიქვითება ყველა ხარჯი, რომელიც დაკავშირებულია მის მიღებასთან, გარდა იმ ხარჯებისა, რომლებიც ამ კოდექსის თანახმად გამოქვითვას არ ექვემდებარება.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ადმინისტრაციული წარმოებისას გამოიკვლიოს საქმისათვის ყველა მნიშვნელოვანი გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე.
შემოსავლების სამსახური მიუთითებს, რომ აუდიტის დეპარტამენტის 2016 წლის 2 თებერვლის N2459 ბრძანების საფუძველზე ჩატარდა კამერალური საგადასახადო შემოწმება უძრავი ქონების მიწოდებიდან გამომდინარე საგადასახადო ვალდებულებების შესრულების სისწორის დადგენის მიზნით და შედეგად, საგადასახადო შემოწმების აქტით გადამხდელს დაერიცხა დამატებული ღირებულების გადასახადი (წარედგინა 2016 წლის 31 მარტის N083-3 საგადასახადო მოთხოვნა). ხოლო 2018 წლის 10 ოქტომბრის №28702 ბრძანებების საფუძველზე ჩატარდა კამერალური საგადასახადო შემოწმება უძრავი ქონების მიწოდებიდან გამომდინარე წარმოქმნილი საგადასახადო ვალდებულებების მოგების გადასახადის დეკლარაციაში ასახვის სისწორის დადგენის მიზნით და შედეგად, გადამხდელს დაერიცხა მოგების გადასახადი (2018 წლის 30 ნოემბრის №083-45 საგადასახადო მოთხოვნა).
ზემოაღნიშნული საგადასახადო შემოწმებების შედეგად დარიცხული თანხების საფუძველს წარმოადგენს ერთი და იგივე ოპერაცია, კერძოდ, უძრავი ქონების ურთიერთდამოკიდებულ პირზე რეალიზაცია და გადასახადების (დამატებული ღირებულების და მოგების გადასახადების) გაანგარიშებისთვის შემოწმებამ იხელმძღვანელა აუდიტის დეპარტამენტის სერტიფიცირებული თანამშრომლის მიერ შედგენილი ქონების შეფასების დასკვნის მიხედვით დადგენილი ქონების საბაზრო ღირებულებით, რომელიც შეადგენდა 370 000 ლარს.
ამასთან, შემოსავლების სამსახურის 2024 წლის 24 აპრილის №9528 ბრძანების (წარმოადგენს იმ ახლად გამოვლენილ ისეთ გარემოებას, რომელიც მომჩივანმა არ იცოდა და არ შეეძლო სცოდნოდა მისთვის არასასურველი გადაწყვეტილების მიღებამდე), აღსრულების შედეგად განხორციელდა საგადასახადო შემოწმებით დარიცხული თანხები შემცირება დამატებული ღირებულების გადასახადის ნაწილში.
ყოველივე ზემოხსენებულის გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახური განმარტავს, რომ აუდიტის დეპარტამენტის 2018 წლის 30 ნოემბრის №083-45 საგადასახადო მოთხოვნით განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები, შემოსავლების სამსახურის 2024 წლის 24 აპრილის №9528 ბრძანების გათვალისწინებით, საჭიროებს დამატებით შესწავლას.
ზემოხსენებულ სამართლებრივ ნორმებზე, საქმეზე არსებულ მასალებსა და ფაქტობრივ გარემოებებზე დაყრდნობით სადავო საკითხთან დაკავშირებით შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ უნდა დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს, ურთიერთდამოკიდებულ ფიზიკურ პირზე მიწოდებული ქონების საბაზრო ფასის განსაზღვრისას იხელმძღვანელოს გადასახადის გადამხდელის მიერ წარდგენილი დამოუკიდებელი შემფასებლის „ქონების საბაზრო ღირებულების შესახებ“ დასკვნით და აღნიშნულის საფუძველზე, განახორციელოს შესაბამისი საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება).
საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებებთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-8 მუხლის მე-5 ნაწილზე, რომლის თანახმად, აღიარებულია საგადასახადო დავალიანება თუ:
ა) დარიცხვის საფუძველია საგადასახადო დეკლარაცია/საბაჟო დეკლარაცია;
ბ) პირს გაშვებული აქვს საგადასახადო ორგანოს მიერ მისთვის წარდგენილი საგადასახადო მოთხოვნის ან/და დავის განმხილველი ორგანოს გადაწყვეტილების გასაჩივრების ამ კოდექსით დადგენილი ვადა;
გ) მისი შემცირების მიზნით შემოსავლების სამსახურსა და გადასახადის გადამხდელს შორის გაფორმდა საგადასახადო შეთანხმება;
დ) დარიცხვის მართლზომიერების შესახებ სასამართლოს გადაწყვეტილება შესულია კანონიერ ძალაში;
ე) პირი წერილობითი/ელექტრონული განცხადებით უარს აცხადებს საგადასახადო დავის განმხილველი ორგანოს გადაწყვეტილების გასაჩივრებაზე.
ვ) პირს საქართველოს ფინანსთა მინისტრის მიერ დადგენილი წესით საგადასახადო ორგანოში წარდგენილი აქვს წერილობითი განცხადება საგადასახადო მოთხოვნის გასაჩივრებაზე უარის თქმის შესახებ. ხოლო, ამავე მუხლის 23-ე ნაწილის თანახმად, საგადასახადო დავალიანება არის გადასახადის გადამხდელის მიერ დადგენილ ვადაში გადაუხდელი გადასახადების ან/და სანქციების (მათ შორის, საბაჟო სანქციის) თანხასა და ზედმეტად გადახდილი გადასახადების ან/და სანქციების (მათ შორის, საბაჟო სანქციის) თანხას შორის სხვაობა. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 238-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველსაყოფად განახორციელოს შემდეგი ღონისძიებები:
ა) საგადასახადო გირავნობა/იპოთეკა;
ბ) მესამე პირზე გადახდევინების მიქცევა;
გ) ქონებაზე ყადაღის დადება;
დ) ყადაღადადებული ქონების რეალიზაცია;
ე) საბანკო ანგარიშზე საინკასო დავალების წარდგენა;
ვ) გადასახადის გადამხდელის სალაროდან ნაღდი ფულის ამოღება.
ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებების განხორციელების რიგითობას ირჩევს საგადასახადო ორგანო, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი. მე-6 ნაწილის შესაბამისად კი საგადასახადო დავალიანების გაუქმებასთან ერთად უქმდება მისი გადახდევინების უზრუნველსაყოფად დაწყებული ამ თავით გათვალისწინებული ნებისმიერი ღონისძიება, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 241-ე მუხლზე, რომლის თანახმად, საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, სასამართლოს გადაწყვეტილების გარეშე დაადოს ყადაღა პირის საკუთრებაში არსებულ ან/და მის ბალანსზე რიცხულ (გარდა ლიზინგით მიღებული ქონებისა) ნებისმიერ ქონებას, აღიარებული საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის მოცულობის ფარგლებში.
ქონებაზე ყადაღის დადების შესახებ საგადასახადო ორგანოს უფლებამოსილი პირი გამოსცემს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს.
„მიმდინარე კონტროლის პროცედურების ჩატარების, სასაქონლო-მატერიალური ფასეულობათა ჩამოწერის, საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებების განხორციელების, სამართალდარღვევათა საქმისწარმოების წესის“ შესახებ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №994 ბრძანების 41-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილების თანახმად, პირის ქონებაზე ყადაღის დადების შესახებ გადაწყვეტილება ფორმდება საგადასახადო ორგანოს უფროსის/მოადგილის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით.
ქონებაზე ყადაღის დადების შესახებ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა და გადასახადის გადამხდელისთვის წარდგენა ხორციელდება მე-2 მუხლის შესაბამისად.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის თანახმად:
1. ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტში ცვლილების ან დამატების შეტანის უფლება აქვს მის გამომცემ ადმინისტრაციულ ორგანოს.
2. ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტში ცვლილება ან დამატება შეიტანება ამ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მომზადებისა და გამოცემისათვის დადგენილი წესით.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 241-ე მუხლის მე-9 ნაწილი ადგენს, რომ ქონებაზე დადებული ყადაღა უქმდება ამ კოდექსის 239-ე მუხლის მე-9 ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევებში.
ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმების და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ უნდა დაევალოს ვალის მართვის დეპარტამენტს, სადავო საკითხის, მოგების გადასახადის ნაწილში განსაზღვრული საგადასახდო ვალდებულებების შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, განახორციელოს შესაბამისი საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებების გავრცელება.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:
1. შპს „---ის“ (ს/ნ ---) საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2. სადავო საკითხთან დაკავშირებით, დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს, ურთიერთდამოკიდებულ ფიზიკურ პირზე მიწოდებული ქონების საბაზრო ფასის განსაზღვრისას იხელმძღვანელოს გადასახადის გადამხდელის მიერ წარდგენილი დამოუკიდებელი შემფასებლის „ქონების საბაზრო ღირებულების შესახებ“ დასკვნით და აღნიშნულის საფუძველზე, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების შესაბამისი კორექტირება (შემცირება);
3. დაევალოს ვალის მართვის დეპარტამენტს, ამ ბრძანების სარეზოლუციო ნაწილის მე-2 პუნქტის შესრულების შედეგების გათვალისწინებით, განახორციელოს შესაბამისი საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებების გავრცელება;
4. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
5. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. ქუთაისი, ვიქტორ კუპრაძის ქ. №11), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხები:
გადასახადის გადამხდელი აუდიტის დეპარტამენტის საგადასახადო მოთხოვნასთან მიმართებით ითხოვს დავის დაწყებას ახლად აღმოჩენილ/გამოვლენილ გარემოებათა გამო.
ფაქტობრივი გარემოებები
შემოწმების შედეგად, რადგან უძრავი ქონება მომჩივნის მიერ რეალიზებულია ურთიერთდამოკიდებულ პირზე, უძრავი ქონებების სარეალიზაციო ღირებულება საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-18 მუხლის მე-11 ნაწილის "ა" ქვეპუნქტის შესაბამისად განისაზღვრა საბაზრო ფასით, აუდიტის დეპარტამენტის სერთიფიცირებული თანამშრომლის მიერ შედგენილი ექსპერტიზის დასკვნის საფუძველზე. დასკვნის შესაბამისად ქონების საბაზრო ღირებულება განისაზღვრა 370 000 ლარის (დღგ-ის ჩათვლით) ოდენობით, რომელსაც გამოაკლდა უძრავი ქონებების შეძენის ღირებულება 163 870 ლარი, შესაბამისად, სხვაობა 149 689 ლარი საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-100 და 102-ე მუხლების შესაბამისად ჩართული იქნა 2015 წლის ერთობლივ შემოსავალში და დაიბეგრა მოგების გადასახადით 15%-იანი განაკვეთით, გადამხდელს აგრეთვე დაერიცხა ჯარიმა ამავე კოდექსის 275-ე მუხლის შესაბამისად მოგების გადასახადის დეკლარაციაში გადასახადის თანხის შემცირებისათვის.
გადაწყვეტილება
სადავო საკითხთან დაკავშირებით აუდიტის დეპარტამენტს დაევალა ურთიერთდამოკიდებულ ფიზიკურ პირზე მიწოდებული ქონების საბაზრო ფასის განსაზღვრისას იხელმძღვანელოს გადასახადის გადამხდელის მიერ წარდგენილი დამოუკიდებელი შემფასებლის „ქონების საბაზრო ღირებულების შესახებ“ დასკვნით და აღნიშნულის საფუძველზე, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების შესაბამისი კორექტირება (შემცირება);
ვალის მართვის დეპარტამენტს დაევალა ამ ბრძანების სარეზოლუციო ნაწილის მე-2 პუნქტის შესრულების შედეგების გათვალისწინებით, განახორციელოს შესაბამისი საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებების გავრცელება.
დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდა.
დასაბუთება
შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 19; 18; 102; 299; 241.