უკან დაბრუნებულ საქონელზე დღგ-ის ჩათვლის უფლების მიღება N 11101

11101 უკან დაბრუნებულ საქონელზე დღგ-ის ჩათვლის უფლების მიღება 05.04.2017
№ დოკუმენტი 11101
სტატუსი მოქმედი
მიმღები შემოსავლების სამსახურის უფროსი

📄 სრული ტექსტი

სიტუაციური სახელმძღვანელო

უკან დაბრუნებულ საქონელზე დღგ-ის ჩათვლის უფლების მიღება N 11101

ფაქტობრივი გარემოებები

• დღგ-ის გადამხდელად არარეგისტრირებულმა პირმა, 2015 წლის დეკემბერში იმპორტის სასაქონლო ოპერაციაში მოაქცია 100 ცალი საათი, რაზეც გადაიხადა საბაჟო დეკლარაციით დარიცხული დღგ-ის თანხა. 2015 წლის დეკემბერში პირმა მოახდინა 70 ცალი საათის მიწოდება X პირზე. პირმა საქონლის მიწოდება არ დაბეგრა დღგ-ით და შესაბამისად არ მიიღო ჩათვლა, რამდენადაც საქონლის გაყიდვის მომენტში პირი არ იყო დღგ-ის გადამხდელად რეგისტრირებული.

• 2016 წლის მაისის თვეში პირი ნებაყოფლობლით გახდა დღგ-ის გადამხდელი, რის შემდეგაც დღგ-ის რეგისტრაციის ძალაში შესვლის მომენტისათვის არსებული სასაქონლო-მატერიალური ფასეულობის ნაშთზე - 30 ცალ საათზე მიიღო დღგ-ის ჩათვლა. 2016 წლის ივლისის თვეში პირს უკან დაუბრუნდა 2015 წლის დეკემბერში რეალიზებული 70 საათიდანნ 20 საათი. პირმა დაბრუნებული და დარჩენილი საათები (50 ცალი) მიაწოდა Y პირს და აღნიშნული მიწოდება დაბეგრა დღგ-ით. იმის გათვალისწინებით, რომ პირმა აღნიშნული მიწოდება დაბეგრა დღგ-ით, როგორც ნაშთად არსებულ 30 ცალ საათზე, ასევე 20 დაბრუნებულზე, მიიღო დღგ-ის ჩათვლა.

შეფასება

• სსკ-ის 174-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ პუნქტის თანახმად, დღგ-ის ჩასათვლელი თანხა არის დღგ-ის თანხა, რომელიც გადახდილია ან გადასახდელია ჩათვლის დოკუმენტის მიხედვით საქონლის შეძენისას, მომსახურების მიღებისას, საქონლის იმპორტისას ან/და საქონლის დროებითი შემოტანისას, მათ შორის, დღგ-ის რეგისტრაციის ძალაში შესვლის მომენტისათვის არსებულ სასაქონლო-მატერიალური ფასეულობის ნაშთზე.

• სსკ-ის 174-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა.ა“ ქვეპუნქტის თანახმად, დღგ-ის ჩათვლა ხორციელდება, თუ საქონელი ან/და მომსახურება გამოიყენება ან გამოყენებულ იქნება დასაბეგრ ოპერაციებში, გარდა ჩათვლის უფლების გარეშე გათავისუფლებული დასაბეგრი ოპერაციებისა.

• ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, იმის გათვალისწინებით რომ პირმა 2015 წლის დეკემბრის თვეში 100 ცალი იმპორტის სასაქონლო ოპერაციაში მოქცეული საათიდან 50 გამოიყენა დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციებში, პირს უფლება აქვს, მიიღოს დღგ-ის ჩათვლა, როგორც დღგ-ის რეგისტრაციის მომენტისათვის ნაშთად არსებულზე, ასევე უკან დაბრუნებულზე, რომელიც გამოიყენა ეკონომიკურ საქმიანობაში. ამასთან, პირი უფლებამოსილია დაბრუნებულ საქონელზე დღგ-ის დაბრუნებულ საქონელზე დღგ-ის ჩათვლა მიიღოს საქონლის დაბრუნების საანგარიშო პერიოდიდან (ივლისის თვიდან).

ღონისძიებები

• პირის ქმედებაში საგადასახადო სამართალდარღვევა არ იკვეთება და დამატებითი საგადასახადო ვალდებულების დაკისრება არ ხდება.

სიტუაციური სახელმძღვანელო ეხება ისეთ შემთხვევას, როდესაც არ არსებობს სსკ-ის 73-ე მუხლით გათვალისწინებული ოპერაციისთვის კვალიფიკაციის შეცვლის საფუძველი

სიტუაციური სახელმძღვანელო არ ვრცელდება 2021 წლის შემდგომ წარმოშობილ სამართლებრივ ურთიერთობებზე. 2021 წლიდან წარმოშობილ სამართლებრივ ურთიერთობებზე იხელმძღვანელეთ დამატებული ღირებულების გადასახადის შესახებ მეთოდური მითითებით