გადაწყვეტილება №5647/2/2018-1
📄 სრული ტექსტი
№5647/2/2018
03.04.2019
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
მომჩივანი: „------------“
შემმოწმებელი: აუდიტის დეპარტამენტი
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება „------------“-ის --.--.2018 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე.
დავის საგანი:
უიმედო ვალის ერთობლივი შემოსავლიდან გამოსაქვით ხარჯში არ გათვალისწინება;
გასაჩივრებული გადაწყვეტილება:
1. აუდიტის დეპარტამენტის --.--.2017 წლის №----- საგადასახადო მოთხოვნა;
2. შემოსავლების სამსახურის --.--.2018 წლის №----- ბრძანება;
დარიცხული თანხა: 717139.74 ლარი
მათ შორის:
მოგების გადასახადი - 353351 ლარი.
ჯარიმა - 162820 ლარი.
საურავი - 200968,74 ლარი.
პროცედურული გარემოებები
მომჩივანს სადავო თანხები დაერიცხა აუდიტის დეპარტამენტის გასვლითი საგადასახადო შემოწმების --.--.2017 წლის აქტის საფუძველზე. შემოწმებამ მოიცვა --.--.2012 წლიდან --.--.2015 წლამდე პერიოდი. აღნიშნულის თაობაზე გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის --.--.2017 წლის №------ ბრძანება და №----- „საგადასახადო მოთხოვნა“.
ზემოაღნიშნული აქტები გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში, რომლის --.--.2018 წლის №----- ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა.
სადავო საკითხი:
უიმედო ვალის ერთობლივი შემოსავლიდან გამოსაქვით ხარჯში არ გათვალისწინება;
ფაქტების აღწერა
შემოწმების აქტის თანახმად, მომჩივანს 2014 წელს მოგების გადასახადის დეკლარაციის მიხედვით, უიმედო ვალის სახით გამოქვითული აქვს 1176750 ლარი. გადამხდელის განმარტებით აღნიშნული თანხიდან 497124 ლარი წარმოადგენს სადაზღვევო პრემიის კორექტირებას, ხოლო 679625 ლარი წარმოადგენს შპს „------------“-ს მიმართ წარმოქმნილ უიმედო ვალს.
აღნიშნულ გარემოებასთან დაკავშირებით კომპანიამ ვერ წარმოადგინა ინფორმაცია საგადასახადო კოდექსის 29-ე და 108-ე მუხლის შესაბამისად, აღნიშნულიდან გამომდინარე არ იყო გათვალისწინებული ერთობლივი შემოსავლებიდან გამოქვითვებში, ხოლო სადაზღვევო პრემიის კორექტირება გათვალისწინებული იყო შემოწმებით, გამომუშავებული პრემიის გაანგარიშებისას.
შემოსავლების სამსახურის არგუმენტაცია
საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სწორად და დროულად აღრიცხოს შემოსავლები და ხარჯები დოკუმენტურად დადასტურებულ მონაცემთა საფუძველზე, ამ თავით გათვალისწინებული მეთოდების გამოყენებით და მიაკუთვნოს იმ საანგარიშო პერიოდს, რომელშიც მოხდა მათი მიღება და გაწევა.
საგადასახადო კოდექსის 105-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით: ერთობლივი შემოსავლიდან გამოიქვითება ყველა ხარჯი, რომელიც დაკავშირებულია მის მიღებასთან, გარდა იმ ხარჯებისა, რომლებიც ამ კოდექსის თანახმად გამოქვითვას არ ექვემდებარება. ამავე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, ყველა ხარჯი დოკუმენტურად უნდა იყოს დადასტურებული.
საგადასახადო კოდექსის მე-8 მუხლის 29-ე ნაწილის თანახმად, უიმედო ვალი - საქონლის ან/და მომსახურების რეალიზაციის ან აღნიშნულის ფარგლებში წინასწარი გადახდის შედეგად გადასახადის გადამხდელის მიერ აღიარებული მოთხოვნა ან მისი ნაწილი, რომლის გადახდის ვადა გასულია და რომელიც არ იქნება ანაზღაურებული მიმდინარე საგადასახადო წლის ბოლომდე, ამასთანავე, არსებობს ერთ-ერთი შემდეგი დოკუმენტი:
ა) სასამართლოს/არბიტრაჟის კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ;
ბ) აღსრულების ორგანოს მიერ გაცემული ცნობა სააღსრულებო ფურცლის აღსასრულებლად მიქცევის შედეგად კრედიტორის მიერ კუთვნილი თანხის მიუღებლობის ან ნაწილობრივ მიღების თაობაზე;
გ) სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული განჩინება შესაბამისი პირის მიმართ გადახდისუუნარობის თაობაზე განცხადების წარმოებაში მიღების ან გაკოტრების საქმის წარმოების დაწყების ან/და რეაბილიტაციის დაწყების შესახებ, თუ მოსამართლის მიერ ამ კრედიტორის მოთხოვნა არ იყო აღიარებული;
დ) ცნობა მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან რეგისტრაციის გაუქმების შესახებ ან გარდაცვალების ცნობა.
ხოლო ამავე კოდექსის 108-ე მუხლის თანახმად,1. გადასახადის გადამხდელს უფლება აქვს, გამოქვითოს რეალიზებულ საქონელთან და მომსახურებასთან დაკავშირებული უიმედო ვალები, რომელთა მიხედვით მისაღები შემოსავლები წინა საანგარიშო პერიოდებში შეტანილი იყო ეკონომიკური საქმიანობით მიღებულ ერთობლივ შემოსავალში.
2. უიმედო ვალების გამოქვითვა დაიშვება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ დავალიანება ჩამოწერილია და ასახულია გადასახადის გადამხდელის საბუღალტრო ანგარიშგებაში.
გადამხდელის მიერ ერთობლივი შემოსავლიდან გამოქვითულია ხარჯი უიმედო ვალებზე, თუმცა გადამხდელს არ გააჩნია კანონმდებლობით დადგენილი დოკუმენტაცია. შესაბამისად, შემოწმების შედეგად ერთობლივი შემოსავლიდან გამოსაქვითი ხარჯის შემცირება მართებულია და აღნიშნულ ნაწილში გადამხდელის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს.
მომჩივნის არგუმენტაცია
მომჩივანმა შპს „------------“-ს გაუწია მომსახურება და მისაღები შემოსავალი დარიცხვის მეთოდით ასახა ერთობლივ შემოსავალში, რაც შემოწმების მიერ სადავო არ გამხდარა. შპს „------------“-ს დებიტორული დავალიანების აღიარებას საფუძვლად უდევს ის გარემოება, რომ შპს „------------“ გაკოტრების საქმეში მომჩივანი დებიტორთა სიაში არ არის, რაც დასტურდება შპს „------------“-ს გაკოტრების საქმის სასამართლო მასალებით. საგადასახადო კოდექსის 108-ე მუხლის მიხედვით, გადასახადის გადამხდელს უფლება აქვს, გამოქვითოს რეალიზებულ საქონელთან და მომსახურებასთან დაკავშირებული უიმედო ვალები, რომელთა მიხედვით მისაღები შემოსავლები წინა საანგარიშო პერიოდებში შეტანილი იყო ეკონომიკური საქმიანობით მიღებულ ერთობლივ შემოსავალში. ხოლო უიმედო ვალის განმარტებაში მითითებულია, რომ უიმედო ვალი არის საქონლის ან/და მომსახურების რეალიზაციის ან აღნიშნულის ფარგლებში წინასწარი გადახდის შედეგად გადასახადის გადამხდელის მიერ აღიარებული მოთხოვნა ან მისი ნაწილი, რომლის გადახდის ვადა გასულია და რომელიც არ იყო ანაზღაურებული მიმდინარე საგადასახადო წლის ბოლომდე, ამასთანავე, არსებობს ერთ-ერთი შემდეგი დოკუმენტი - სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული განჩინება შესაბამისი პირის მიმართ გადახდისუუნარობის თაობაზე განცხადების წარმოებაში მიღების ან გაკოტრების საქმის წარმოების დაწყების ან/და რეაბილიტაციის დაწყების შესახებ, თუ მოსამართლის მიერ ამ კრედიტორის მოთხოვნა არ იყო აღიარებული. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 106-ე მუხლის თანახმად, მხარეები თავისუფლდებიან მტკიცებულებათა წარმოდგენისაგან ისეთი ფაქტების დასადასტურებლად, რომლებიც დადგენილია ერთ სამოქალაქო საქმეზე სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით, თუ სხვა სამოქალაქო საქმეების განხილვისას იგივე მხარეები მონაწილეობენ. კონკრეტულ შემთხვევაში აუდიტორს წარედგინა სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული განჩინება შპს„------------“-ს გაკოტრების საქმის თაობაზე, სადაც მოსამართლის მიერ მომჩივნის მოთხოვნა არ იყო აღიარებული.
ამდენად, კომპანიამ წარადგინა კანონიერ ძალაში შესული სასამართლო გადაწყვეტილება და მას არ ჰქონდა ვალდებულება წარედგინა რაიმე დამატებითი ინფორმაცია, რათა დაედასტურებინა პრეიუდიციული ფაქტი. აღნიშნული თანხა წარმოადგენს უიმედო ვალს, რის გამოც საგადასახადო კოდექსის 29-ე და 108-ე მუხლების საფუძველზე უნდა გამოქვითულიყო ერთობლივი შემოსავლიდან.
რაც შეეხება 479124 ლარს აღნიშნული წარმოადგენს სახელმწიფო, კერძოდ, „------------“-ს პროგრამის მიხედვით წარმოშობილ დებიტორულ დავალიანებას. „------------“-ს პროგრამის ფარგლებში 2008 წლიდან 2011 წლამდე არსებობდა „------------“-ს პროგრამა რითიც დაზღვეულები იყვნენ სოციალურად დაუცველი (უმწეო) პირები, რომლის სადაზღვევო პრემიას აფინანსებდა „------------“, აღნიშნული მიუღებელი შემოსავლებიც კომპანიის მიერ წლების განმავლობაში იყო ერთობლივ შემოსავალში ჩართული. 2014 წელს - აღნიშნული პროგრამის შეწყვეტის სამი წლის შემდეგ, კომპანიის ხელმძღვანელობამ მიიღო გადაწყვეტილება, რომ „------------“-სგან მიუღებელი შემოსავლები ეღიარებინა უიმედო ვალად. აღნიშნულთან დაკავშირებით შეგვიძლია წარმოვადგინოთ „------------“სთან ურთიერთშედარების აქტი, რომლის მიხედვითაც დადასტურდება მერიისგან მიღებული შემოსავლის სრული ოდენობა. მომჩივანი ყოველ წელს სსიპ საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურს წარუდგენს ფინანსურ აუდიტორულ დასკვნას, საიდანაც ნათლად ჩანს „------------“-ის პროგრამიდან აღიარებული შემოსავლები, ხოლო „------------“-სთან გაფორმებული შედარების აქტით მიღებული თანხები. აღნიშნულთან დაკავშირებით მომჩივანი „------------“-ის სამსახურის მიმართ მოთხოვნაზე უარს აცხადებს, ეს ჩანს იქიდან, რომ შედარების აქტში„------------“-ს ვალდებულება მომჩივნის მიმართ არ გააჩნია.
დავების განხილვის საბჭო
მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ აღნიშნულ ნაწილში საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, შემდეგ გარემოებათა გამო:
საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, „გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სწორად და დროულად აღრიცხოს შემოსავლები და ხარჯები დოკუმენტურად დადასტურებულ მონაცემთა საფუძველზე, ამ თავით გათვალისწინებული მეთოდების გამოყენებით და მიაკუთვნოს იმ საანგარიშო პერიოდს, რომელშიც მოხდა მათი მიღება და გაწევა.“. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, „გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე.“
საგადასახადო კოდექსის 105-ე მუხლის პირველი და მე-3 ნაწილების შესაბამისად, ერთობლივი შემოსავლიდან გამოიქვითება ყველა ხარჯი, რომელიც დაკავშირებულია მის მიღებასთან, გარდა იმ ხარჯებისა, რომლებიც ამ კოდექსის თანახმად გამოქვითვას არ ექვემდებარება. თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, ყველა ხარჯი დოკუმენტურად უნდა იყოს დადასტურებული.
გარდა ზემოაღნიშნულისა გასათვალისწინებელია, რომ საგადასახადო კოდექსის 106-ე მუხლის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ერთობლივი შემოსავლიდან არ გამოიქვითება ის ხარჯები, რომლებიც არ არის დაკავშირებული ეკონომიკურ საქმიანობასთან.
საგადასახადო კოდექსის 108-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილების თანახმად,1. გადასახადის გადამხდელს უფლება აქვს, გამოქვითოს რეალიზებულ საქონელთან და მომსახურებასთან დაკავშირებული უიმედო ვალები, რომელთა მიხედვით მისაღები შემოსავლები წინა საანგარიშო პერიოდებში შეტანილი იყო ეკონომიკური საქმიანობით მიღებულ ერთობლივ შემოსავალში.
2. უიმედო ვალების გამოქვითვა დაიშვება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ დავალიანება ჩამოწერილია და ასახულია გადასახადის გადამხდელის საბუღალტრო ანგარიშგებაში.
საგადასახადო კოდექსის მე-8 მუხლის 29-ე პუნქტის თანახმად, უიმედო ვალი – საქონლის ან/და მომსახურების რეალიზაციის ან აღნიშნულის ფარგლებში წინასწარი გადახდის შედეგად გადასახადის გადამხდელის მიერ აღიარებული მოთხოვნა ან მისი ნაწილი, რომლის გადახდის ვადა გასულია და რომელიც არ იქნა ანაზღაურებული მიმდინარე საგადასახადო წლის ბოლომდე, ამასთანავე, არსებობს ერთ-ერთი შემდეგი დოკუმენტი:
ა) სასამართლოს/არბიტრაჟის კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ;
ბ) აღსრულების ორგანოს მიერ გაცემული ცნობა სააღსრულებო ფურცლის აღსასრულებლად მიქცევის შედეგად კრედიტორის მიერ კუთვნილი თანხის მიუღებლობის ან ნაწილობრივ მიღების თაობაზე;
გ) სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული განჩინება შესაბამისი პირის მიმართ გადახდისუუნარობის თაობაზე განცხადების წარმოებაში მიღების ან გაკოტრების საქმის წარმოების დაწყების ან/და რეაბილიტაციის დაწყების შესახებ, თუ მოსამართლის მიერ ამ კრედიტორის მოთხოვნა არ იქნა აღიარებული;
დ) ცნობა მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან რეგისტრაციის გაუქმების შესახებ ან გარდაცვალების ცნობა. უიმედო ვალი – საქონლის ან/და მომსახურების რეალიზაციის ან აღნიშნულის ფარგლებში წინასწარი გადახდის შედეგად გადასახადის გადამხდელის მიერ აღიარებული მოთხოვნა ან მისი ნაწილი, რომლის გადახდის ვადა გასულია და რომელიც არ იქნა ანაზღაურებული მიმდინარე საგადასახადო წლის ბოლომდე, ამასთანავე, არსებობს ერთ-ერთი შემდეგი დოკუმენტი:
შემოწმების აქტის თანახმად, მომჩივანს 2014 წელს მოგების გადასახადის დეკლარაციის მიხედვით, უიმედო ვალის სახით გამოქვითული აქვს 1176750 ლარი. გადამხდელის განმარტებით აღნიშნული თანხიდან 497124 ლარი წარმოადგენს სადაზღვევო პრემიის კორექტირებას, ხოლო 679625 ლარი წარმოადგენს შპს „------------“-ს მიმართ წარმოქმნილ უიმედო ვალს. აღნიშნულ გარემოებასთან დაკავშირებით კომპანიამ ვერ წარმოადგინა ინფორმაცია საგადასახადო კოდექსის 29-ე და 108-ე მუხლის შესაბამისად, აღნიშნულიდან გამომდინარე არ იყო გათვალისწინებული ერთობლივი შემოსავლებიდან გამოქვითვებში, ხოლო სადაზღვევო პრემიის კორექტირება გათვალისწინებული იყო შემოწმებით, გამომუშავებული პრემიის გაანგარიშებისას.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, შემოწმებით დადგინდა, რომ გამოქვითული უიმედო ვალების ნაწილი არ აკმაყოფილებს საგადასახადო კოდექსის მე-8-ე მუხლის 29-ე ნაწილით გათვალისწინებულ მოთხოვნებს. შესაბამისად, შემცირებას დაექვემდებარა უიმედო ვალების სახით გამოქვითული ხარჯები იმ ნაწილში, რომლებიც არ აკმაყოფილებდა ზემოთ აღნიშნული ნორმის მოთხოვნებს.
მომჩივნის განმარტებით, აუდიტორს წარედგინა სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული განჩინება შპს „------------“-ს გაკოტრების საქმის თაობაზე, სადაც მოსამართლის მიერ მომჩივნის მოთხოვნა არ იყო აღიარებული.
აუდიტის დეპარტამენტის --.--.2018 წლის №------------ წერილით წარმოდგენილი დასკვნის თანახმად, შპს„------------“ ლიკვიდირებულია 2012 წელს, ხოლო სადაზღვევო კომპანია აღნიშნულ უიმედო ვალს იქვითავს 2014 წელს. რაც შეეხება მერიის პროგრამის მიხედვით წარმოშობილ დებიტორულ დავალიანებას (479124 ლარი), აღნიშნულზე მომჩივანს უნდა წარედგინა მერიასთან გაფორმებული ურთიერთშედარების აქტი, რისი წარდგენაც გადამხდელმა ვერ შეძლო.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, აუდიტის დეპარტამენტის და გადასახადის გადამხდელის არგუმენტაციის მოსმენის, წარმოდგენილი მტკიცებულებების შეფასების საფუძველზე, საბჭომ მიიჩნია, რომ შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილება მართლზომიერია და საკითხის დაკმაყოფილების საფუძველი არ არსებობს.
საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, 305-ე მუხლით და
გადაწყვიტა:
1. საჩივარი ამ ნაწილში არ დაკმაყოფილდეს;
2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, მე-12 კილომეტრი, №6) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.