ბრძანება N 9897
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
ბრძანება N 9897
04.05.2023
შპს „--ს“ (ს/ნ ---)
(მის.: ---) 2023 წლის 7 მარტის საჩივრის
ნაწილობრივ დაკმაყოფილების თაობაზე
შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2023 წლის 13 აპრილის სხდომაზე (ოქმი №40) განიხილა შპს „--ს“ (ს/ნ ---) 2023 წლის 7 მარტის №79533/1/2023 საჩივარი, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 20 თებერვლის №094-14 კორექტირებულ საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით.
გადასახადის გადამხდელის პოზიცია საგადასახადო შემოწმების გადაანგარიშების შედეგებთან დაკავშირებით:
გადასახადის გადამხდელი აცხადებს, რომ საგადასახადო ორგანომ კვლავ არ გამოიკვლია საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება და არ აღასრულა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2020 წლის 10 მარტის კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება.
მომჩივანი განმარტავს, რომ კომპანიის მიერ საპრომოციოდ დარიგებული საქონელი დაბეგრილია საშემოსავლო გადასახადით, ხოლო შემმოწმებელმა აღნიშნული საპრომოციოდ დარიგებული საქონელი განიხილა უსასყიდლოდ მიწოდებად ფასნამატით და დაბეგრა მოგების გადასახადით. აღნიშნული ფაქტობრივი გარემოებებიდან გამომდინარე ითხოვს საშემოსავლო გადასახადის შემცირებას საქართველოს საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის „მ“- ქვეპუნქტის საფუძველზე:
ფაქტობრივი გარემოებები:
საქმეში არსებული მასალებით დგინდება, რომ შემოსავლების სამსახურის 2022 წლის 4 აპრილის №8347 ბრძანებით ნაწილობრივ დაკმაყოფილდა შპს „--ს“ (ს/ნ ---) საჩივარი. კერძოდ, ბრძანების სარეზოლუციო ნაწილის მიხედვით:
1. შპს ,,--ს’’ (ს/ნ ---) საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2. მე-2 სადავო საკითხთან დაკავშირებით დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს, თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2020 წლის 10 მარტის გადაწყვეტილების სრულყოფილად აღსრულების მიზნით, საჩივარში მითითებული არგუმენტაციის და წარმოდგენილი მტკიცებულებების გათვალისწინებით, გადასახადის გადამხდელის მონაწილეობით, დამატებით ყოველმხრივ გამოიკვლიოს/დაადგინოს საქმის ფაქტობრივი გარემოებები და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების შესაბამისი კორექტირება (შემცირება);
3. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;“
შემოსავლების სამსახურის 2022 წლის 4 აპრილის №8347 ბრძანების აღსრულების მიზნით, აუდიტის დეპარტამენტმა გამოსცა 2023 წლის 2 თებერვლის დასკვნა საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშებაზე, რომლის თანახმადაც შემოწმების აქტის საფუძველზე, გადამხდელს დამატებით დარიცხული თანხები არ შეუმცირდა. აღნიშნულზე, გადასახადის გადამხდელს წარედგინა 2023 წლის 20 თებერვლის №094-14 კორექტირებული საგადასახადო მოთხოვნა.
საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშების თაობაზე გამოცემული დასკვნის მიხედვით დგინდება შემდეგი: გადასახადის გადამხდელის მიერ დამატებით წარდგენილ იქნა დოკუმენტაცია, რომლის შესწავლის/ანალიზის შედეგად, შპს „---ს“ მიერ, სამედიცინო პერსონალზე უსასყიდლოდ საპრომოციოდ გაცემული მედიკამენტების ღირებულების გადასახადის წყაროსთან დაკავებული გადასახადის ნაწილში დეკლარირებული ვალდებულებები უცვლელი დარჩა.
შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივარი და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველი ორგანო საჩივარს განიხილავს მხოლოდ მომჩივნის მოთხოვნის ფარგლებში.
სადავო საკითხთან დაკავშირებით,შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-9 მუხლის პირველ ნაწილზე, რომლის თანახმად, ეკონომიკურ საქმიანობად ითვლება ნებისმიერი საქმიანობა, რომელიც ხორციელდება მოგების, შემოსავლის ან კომპენსაციის მისაღებად, მიუხედავად ასეთი საქმიანობის შედეგებისა, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული. ხოლო ამავე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტის თანახმად, უსასყიდლოდ საქონლის მიწოდება/მომსახურების გაწევა ეკონომიკურ საქმიანობად ითვლება, თუ იგი განახორციელა საწარმომ.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-100 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, რეზიდენტის ერთობლივი შემოსავალი შედგება საქართველოში არსებული წყაროდან და საქართველოს ფარგლების გარეთ მიღებული შემოსავლებისაგან.
ამავე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტის თანახმად, ერთობლივ შემოსავალს განეკუთვნება ნებისმიერი ფორმით ან/და საქმიანობით მიღებული შემოსავალი, კერძოდ, ეკონომიკური საქმიანობით მიღებული შემოსავლები, რომლებიც დაკავშირებული არ არის დაქირავებით მუშაობასთან.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტის თანახმად, ეკონომიკური საქმიანობით მიღებულ შემოსავლებს განეკუთვნება საქონლის/მომსახურების მიწოდებით მიღებული შემოსავლები.
ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, საქონლის/მომსახურების უსასყიდლოდ მიწოდებისას ერთობლივ შემოსავალში ასახვას ექვემდებარება ამ საქონლის/მომსახურების საბაზრო ფასი. ეს არ ეხება იმ სარეკლამო საქონლის უსასყიდლოდ გავრცელებას, მათ შორის, საცალო რეალიზატორის მეშვეობით, რომელსაც დამოუკიდებელი სამომხმარებლო მახასიათებლები არ გააჩნია და ძირითადი საქონლის/მომსახურების მიწოდების განუყოფელი ნაწილია.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,მ’’ ქვეპუნქტის თანახმად, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავება ევალება საგადასახადო აგენტს, რომელიც არის იურიდიული პირი, საწარმო/ორგანიზაცია ან მეწარმე ფიზიკური პირი, კერძოდ, პირი, რომელიც უსასყიდლოდ გადასცემს ქონებას ფიზიკურ პირს, რომელსაც არ აქვს გადასახადის გადამხდელის მოწმობა, გარდა ამ პირის მიერ ამავე ფიზიკური პირისათვის საგადასახადო წლის განმავლობაში 1000 ლარამდე ღირებულების ქონების უსასყიდლოდ გადაცემისა.
შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96- ე მუხლზე, რომლის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ადმინისტრაციული წარმოებისას გამოიკვლიოს საქმისათვის ყველა მნიშვნელოვანი გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე.
შემოსავლების სამსახური მიუთითებს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2020 წლის 10 მარტის კანონიერ ძალაში შესულ გადაწყვეტილებაზე, სადაც განმარტებულია, რომ თითოეულ ექიმზე გადაცემული მედიკამენტების რაოდენობა არ აღემატება 1000 ლარს, რის დასადასტურებლადაც უთითებს მიღება-ჩაბარების აქტებზე.
ასევე, შპს ,,---ს’’ მიერ საპრომოციოდ დარიგებული საქონელი დაბეგრილია საშემოსავლო გადასახადით. გამოდის, რომ ერთი ოპერაცია, რომელიც დაბეგრილი იყო გადამხდელის მიერ საშემოსავლო გადასახადით, ასევე დაიბეგრა მოგების გადასახადითაც. ასეთ შემთხვევაში საშემოსავლო გადასახადი უნდა დაექვემდებაროს შემცირებას, თუ აუდიტორი მიიჩნევდა, რომ გადამხდელს უნდა დარიცხოდა მოგების გადასახადი, რადგან ერთი ოპერაციის ამგვარი დაბეგვრა ეწინააღმდეგება კანონმდებლობას. წარმოდგენილ საჩივარში გადამხდელი მიუთითებს, რომ კომპანიის მიერ საპრომოციოდ დარიგებული საქონელი თითოეული ფიზიკური პირისათვის არ აღემატებოდა 1000 ლარს, რომელთა გადაცემა ბენეფიციარებზე ხდებოდა საქართველოს მასშტაბით კონფერენციებზე, სხვადასხვა შეხვედრებზე, რაზეც ძირითად შემთხვევებში არსებობს მედიკამენტების გადაცემის დოკუმენტაცია. საპრომოციოდ დარიგებული საქონელი 3 წლის განმავლობაში ჯამურად შეადგენდა 645 402 ლარის ღირებულების მედიკამენტს, მედიკამენტის საშუალო ღირებულება შეადგენს 2-3 ლარს, ხოლო დარიგებული მედიკამენტების რაოდენობა კი წლების მიხედვით შეადგენს ჯამურად 313 270 ცალს.
შემოსავლების სამსახური ეყრდნობა გადასახადის გადამხდელის მიერ საქმის ზეპირ განხილვაზე გაკეთებულ განმარტებას, სადაც აღნიშნა, რომ აუდიტის დეპარტამენტს წარუდგენს გაშიფრულ ინფორმაციას კომპანიის მიერ საპრომოციოდ (კონკრეტული ფიზიკური პირების იდენტიფიცირებით) დარიგებული საქონლის შესახებ.
ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმების, ფაქტობრივი გარემოებებისა და გადასახადის გადამხდელის მიერ წარმოდგენილი არგუმენტაციის გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელს უნდა მიეცეს წინადადება ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში, აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს მისი არგუმენტაციის დამადასტურებელი დოკუმენტური მტკიცებულებები. განსაზღვრულ ვადაში მტკიცებულებების წარმოდგენის შემთხვევაში, დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს, გადასახადის გადამხდელის მონაწილეობით, შეისწავლოს წარმოდგენილი მტკიცებულებები და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლის არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება).
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ :
1. შპს ,,---ს’’ (ს/ნ ---) საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2. სადავო საკითხთან დაკავშირებით:
ა) გადასახადის გადამხდელს მიეცეს წინადადება ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს საჩივარში მითითებული არგუმენტაციის დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები;
ბ) ამ ბრძანების სარეზოლუციო ნაწილის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ ვადაში მტკიცებულებების წარდგენის შემთხვევაში, დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს, გადასახადის გადამხდელის მონაწილეობით, შეისწავლოს წარმოდგენილი მტკიცებულებები და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლის არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება);
3. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
4. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. თბილისი დავით აღმაშენებლის ხეივანი №64), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი
გადასახადის გადამხდელი აცხადებს, რომ საგადასახადო ორგანომ კვლავ არ გამოიკვლია საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება და არ აღასრულა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2020 წლის 10 მარტის კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება.
ფაქტობრივი გარემოებები
გადასახადის გადამხდელის მიერ დამატებით წარდგენილ იქნა დოკუმენტაცია, რომლის შესწავლის/ანალიზის შედეგად, სამედიცინო პერსონალზე უსასყიდლოდ საპრომოციოდ გაცემული მედიკამენტების ღირებულების გადასახადის წყაროსთან დაკავებული გადასახადის ნაწილში დეკლარირებული ვალდებულებები უცვლელი დარჩა.
გადაწყვეტილება
გადასახადის გადამხდელის მიერ წარმოდგენილი არგუმენტაციის გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელს უნდა მიეცეს წინადადება ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში, აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს მისი არგუმენტაციის დამადასტურებელი დოკუმენტური მტკიცებულებები.
დასაბუთება
შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 302 (2) ; 9 (1,3); 100 (1;3); 102 (1,2); 154 (1).