ბრძანება N 22921

შემოსავლების სამსახურის დავების გადაწყვეტილება არ დაკმაყოფილდა 18.09.2023
№ დოკუმენტი 22921
სტატუსი მოქმედი
მიმღები შემოსავლების სამსახურის უფროსი/დავების საბჭოს თავმჯდომარე
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

N 22921

18 სექტემბერი 2023

ბ რ ძ ა ნ ე ბ ა

 

ი/მ ---ის (ს/ნ ---)

(მის.:---) 2023 წლის 31 ივლისის საჩივრის

დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე

 

შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2023 წლის 5 სექტემბრის სხდომაზე (ოქმი №91) განიხილა ი/მ ---ის (ს/ნ ---) №82744/1/2023 საჩივარი, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 30 ივნისის №039-11 საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით.

 

გადასახადის გადამხდელის პოზიცია:

1. გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება სმფ-ების მოძრაობის ანალიზის და საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის მიერ 2023 წლის 29 მაისს ჩატარებული სმფ-ების ინვენტარიზაციის შედეგად განსაზღვრული ფაქტიური ნაშთების ურთიერთშედარებისას გამოვლენილი სხვაობის რეალიზებულად განხილვის საფუძველზე განსაზღვრულ საგადასახადო ვალდებულებებს. აცხადებს, რომ ინვენტარიზაციის შედეგად დადგენილი ფაქტობრივი ნაშთის 15 363 ლარის საფუძველზე გაანგარიშებულ იქნა რეალიზებული პროდუქციის თვითღირებულება მთლიან შესამოწმებელ პერიოდზე. აღნიშნულ მიდგომას არ ეთანხმება, ვინაიდან სმფ-ების ინვენტარიზაციით სასაქონლომატერიალური ფასეულობების ნაშთი დადგინდა 2023 წლის 29 მაისის მდგომარეობით, ხოლო შესამოწმებელი პერიოდი განსაზღვრული იყო 2023 წლის 1 მარტამდე, მომჩივანი ითხოვს, სმფ-ების ინვენტარიზაციით განსაზღვრული ჯარიმის და შესაბამისი პროცედურების გამოყენებას.

2. გადამხდელი არ ეთანხმება ავტოსატრანსპორტო საშუალებების რეალიზაციის ოპერაციის საფუძველზე დღგ-ის დარიცხვას და ასევე სარეალიზაციო ფასს. აცხადებს, რომ მერსედეს სპრინტერის შემთხვევაში ავტოსატრანსპორტო საშუალების რეალიზაცია მოხდა 6 000 დოლარად, ვინაიდან დაზიანდა ძრავი. მიუთითებს, რომ აღნიშნულის დასადასტურებლად წარმოადგენს მყიდველის მხრიდან შედგენილ ნოტარიულად დადასტურებულ ახსნა-განმარტებას. ამასთან, მეორე ავტოსატრანსპორტო საშუალება (ფორდ ტრანზიტი) შესაბამისი სარეგისტრაციო ორგანოს მიერ გაფორმებულია, როგორც მსუბუქი ავტომანქანა და გადამხდელი მიიჩნევს, რომ აღნიშნული ავტომობილის რეალიზაცია არ ექვემდებარება დღგ-ით დაბეგვრას.

3. გადამხდელი არ ეთანხმება ავტოსატრანსპორტო საშუალების იჯარით გაცემულად კვალიფიკაციის შედეგად განსაზღვრულ საგადასახადო ვალდებულებებს, ასევე შემოწმებით განსაზღვრულ საიჯარო მომსახურების საბაზრო ღირებულებას. მიიჩნევს, რომ თითოეულ შემთხვევაზე გავრცელებულ იქნა იჯარის თანხად 200 ლარი. აცხადებს, რომ მათ მიერ მოძიებულ იქნა ყველაზე ცნობილ ელექტრონულ პორტალზე (Mymarket.ge) არსებული ფასები, საიდანაც დგინდება, რომ ფორდ ტრანზიტის დღიური იჯარის თანხა არ აღემატება 100 ლარს. იმის გათვალისწინებით, რომ ტრანსპორტირება ხორციელდებოდა ძირითადად ---ის მიმართულებით და ადგილი არ ქონია მანქანის გაქირავებას სრული დღით, მძღოლის და საწვავის გარეშე, აღნიშნულ მარშრუტზე, სატრანსპორტო საშუალების გაქირავების ფასი არ აღემატება 30-40 ლარს. ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, ითხოვს იჯარის მომსახურების ღირებულებად რეალური საბაზრო ფასის, მაქსიმუმ 40 ლარის განსაზღვრას.

 

ფაქტობრივი გარემოებები:

საქმის მასალებით დგინდება, რომ აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 31 მარტის №6695 ბრძანების საფუძველზე ჩატარდა ი/მ ---ის (ს/ნ ---) საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმება. შესამოწმებელ პერიოდად განისაზღვრა 2020 წლის პირველი იანვრიდან 2023 წლის პირველ მარტამდე საანგარიშო პერიოდები. საგადასახადო შემოწმების შედეგებზე 2023 წლის 27 ივნისს შედგა საგადასახადო შემოწმების აქტი, გამოიცა 2023 წლის 29 ივნისის №15336 ბრძანება და 2023 წლის 30 ივნისის №039-11 საგადასახადო მოთხოვნა, რომლის საფუძველზე გადასახადის გადამხდელს დამატებით გადასახდელად განესაზღვრა სულ 93 009 ლარი, მათ შორის გადასახადი 51 033 ლარი, ჯარიმა 24 877 ლარი და საურავი 17 099 ლარი.

 

სადავო საკითხებთან დაკავშირებით საგადასახადო შემოწმების აქტისა და აუდიტის დეპარტამენტის მიერ მოწოდებული ინფორმაციის მიხედვით დარიცხვა განპირობებულია შემდეგი გარემოებით:

„1. შემოწმების მიერ შესწავლილ იქნა ი/მ ---ის სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების მოძრაობა, როგორც შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემებზე დაყრდნობით, ასევე მეწარმის მიერ გადმოგზავნილი დოკუმენტაცია/ინფორმაციით. აღნიშნულ დოკუმენტებზე დაყრდნობით განხორციელდა შესამოწმებელ პერიოდში არსებული სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების, როგორც საწყისი ნაშთის, ასევე შეძენარეალიზაციის ანალიზი. ამასთან, საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 2023 წლის 29 მაისის №11676 ბრძანების საფუძველზე ჩატარებულია სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ინვენტარიზაცია და განსაზღვრულია სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ფაქტიური ნაშთები 2023 წლის 29 მაისის მდგომარეობით. აღნიშნული მონაცემების ურთიერთშედარების შედეგად, შემოწმების მიერ გამოანგარიშებულ იქნა დაუდეკლარირებელი/რეალიზებული პროდუქცია 2023 წლის 1 მარტის მდგომარეობით, 2023 წლის 1 მარტიდან - 29 მაისამდე საანგარიშო პერიოდში განხორციელებული სასაქონლო ოპერაციების (შეძენა, რეალიზაცია) გათვალისწინებით. შემოწმების მიერ გამოვლენილი სხვაობის თანხით (დოკუმენტური ფასნამატის გამოყენებით) გაზრდილ იქნა 2020-2023 წლების დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა. აგრეთვე, შესაბამისი თანხებით გაიზარდა მეწარმის 2020 და 2021 წლების ერთობლივი შემოსავალი და დაკორექტირდა საწყისი და საბოლოო სასაქონლო მატერიალური ფასეულობები. შედეგად, შემოწმებით პირს დაერიცხა დღგ და საშემოსავლო გადასახადი.

2. გადამხდელის პირველად დოკუმენტებსა და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროდან მიღებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით დგინდება, რომ მეწარმის მიერ 2020 წლის ნოემბრის და 2021 წლის დეკემბრის თვეების საანგარიშო პერიოდში რეგისტრაციიდან მოხსნილია (რეალიზებულია) კუთვნილი სატრანსპორტო საშუალებები ფორდ ტრანზიტი (----წ) და მერსედეს ბენც სპრინტერი. მეწარმის წარმოდგენილი ახსნა-განმარტებით, ვერ ირკვევა აღნიშნული სატრანსპორტო საშუალებების ყიდვისა და გაყიდვის ფასები. ინტერნეტ წყაროებში მოძიებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით, განისაზღვრა სატრანსპორტო საშუალებების სარეალიზაციო ფასი. შესაბამისად, შემოწმების მიერ რეალიზებული ავტოსატრანსპორტო საშუალება დაექვემდებარა დღგ-ით დაბეგვრას (სარეალიზაციო ფასი შესაბამისობაშია ინტერნეტ-სივრცეში მოპოვებული მსგავსი ტიპის ავტოსატრანსპორტო საშუალებების რეალიზაციის ფასთან). მეწარმეს დაერიცხა გადასახადი და ჯარიმა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად.

3. შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემაში არსებული ინფორმაციით დადგინდა, რომ ი/მ---ის კუთვნილი ავტომობილები (ფორდ ტრანზიტი, სპრინტერი) - ფიქსირდება სხვა კომპანიებისა და ფიზიკური პირების მიერ განხორციელებულ გადაზიდვებში 2020-2022 წლების საანგარიშო პერიოდებში, ხოლო იჯარით მიღებული შემოსავლები მეწარმის მიერ აღრიცხული არ არის. შემოწმების მიერ, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის შესაბამისად, მოძიებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით, განისაზღვრა აღნიშნული სატრანსპორტო საშუალებების იჯარის საბაზრო ფასი და განისაზღვრა გადამხდელის ვალდებულება ბიუჯეტის წინაშე. შესაბამისად, 2021 წლამდე მოქმედი საქართველოს საგადასახადი კოდექსის 161-ე და 2021 წლიდან მოქმედი 159-ე, ასევე მე-100 და 102-ე მუხლების მიხედვით, შემოწმების მიერ დაკორექტირდა დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა და ერთობლივი შემოსავალი. მეწარმეს დაეკისრა დღგ და საშემოსავლო გადასახადი, ასევე, საგადასახადო კანონმდებლობით განსაზღვრული ჯარიმა.

 

შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივარი და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველი ორგანო საჩივარს განიხილავს მხოლოდ მომჩივნის მოთხოვნის ფარგლებში. ამავე მუხლის მე-6 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ დისტანციურად, ტექნიკურ საშუალებათა გამოყენებით. მათ ასევე უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.

 

პირველ და მე-3 სადავო საკითხებთან დაკავშირებით,შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის პირველ ნაწილზე, რომლის თანახმად, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სწორად და დროულად აღრიცხოს შემოსავლები და ხარჯები დოკუმენტურად დადასტურებულ მონაცემთა საფუძველზე, ამ თავით გათვალისწინებული მეთოდების გამოყენებით და მიაკუთვნოს იმ საანგარიშო პერიოდს, რომელშიც მოხდა მათი მიღება და გაწევა. ხოლო, მე-3 ნაწილის თანახმად, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 61-ე მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით, საგადასახადო ორგანო უფლებამოსილია პირს დაარიცხოს გადასახადი თავის ხელთ არსებული ინფორმაციის საფუძველზე, თუ პირი მას არ წარუდგენს გადასახადის დასარიცხად საჭირო ინფორმაციას.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრის მიზნით საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს სამეურნეო ოპერაციის ფორმისა და შინაარსის გათვალისწინებით შეცვალოს მისი კვალიფიკაცია, თუ ოპერაციის ფორმა არ შეესაბამება მის შინაარსს. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის მიხედვით, თუ რაიმე თანხა გამოიყენება კონკრეტული პირის ინტერესებისათვის, ჩაითვლება, რომ ეს თანხა მიღებული აქვს ამ პირს.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-80 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, რეზიდენტი ფიზიკური პირის საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრის ობიექტია დასაბეგრი შემოსავალი, რომელიც განისაზღვრება, როგორც სხვაობა კალენდარული წლის განმავლობაში მიღებულ ერთობლივ შემოსავალსა და ამ პერიოდისათვის ამ კოდექსით გათვალისწინებული გამოქვითვების თანხებს შორის.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-100 მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, ერთობლივ შემოსავალს განეკუთვნება ეკონომიკური საქმიანობით მიღებული შემოსავლები, რომლებიც დაკავშირებული არ არის დაქირავებით მუშაობასთან.

ამავე კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის მიხედვით, ეკონომიკური საქმიანობით მიღებულ შემოსავლებს განეკუთვნება საქონლის/მომსახურების მიწოდებით მიღებული შემოსავლები.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-2 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, გადასახადებით დაბეგვრისათვის გამოიყენება საგადასახადო ვალდებულების წარმოშობის დღისათვის მოქმედი საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობა.

შემოსავლების სამსახური მიუთითებს შესაბამის პერიოდში მოქმედ საქართველოს საგადასახადო კოდექსის ნორმებზე, კერძოდ:

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 160-ე მუხლის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, დღგ-ით დაბეგვრის ობიექტია დასაბეგრი ოპერაცია. ამავე კოდექსის 161-ე მუხლის მუხლის პირველი ნაწილის „ა“ და „ა.ა“ ქვეპუნქტების თანახმად, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციაა საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში საქონლის მიწოდება ან/და მომსახურების გაწევა, რომლის დროსაც დასაბეგრი ოპერაციის თანხა განისაზღვრება დღგ-ის გადამხდელის მიერ მიღებული ან მისაღები კომპენსაციის თანხის მიხედვით, ხოლო ამ ნაწილის „ა.ბ.დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში – მიღებული კომპენსაციის თანხის მიხედვით (გადასახადების, მოსაკრებლებისა და სხვა გადასახდელების ჩათვლით) დღგ-ის ან/და პირგასამტეხლოს გარეშე, გარდა ამ მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევისა. ხოლო დასაბეგრი ოპერაციის განხორციელების დროდ ითვლება საქონლის მიწოდების ან მომსახურების გაწევის მომენტი.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 159-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ და ,,ბ“ ქვეპუნქტების მიხედვით, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციაა დასაბეგრი პირის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში ანაზღაურების სანაცვლოდ საქონლის მიწოდება/მომსახურების გაწევა. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 163-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის დღგ-ით დაბეგვრა ხორციელდება საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის მომენტში, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 164-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, დღგ-ით დასაბეგრი თანხა არის საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის სანაცვლოდ მიღებული/მისაღები ანაზღაურება დღგ-ის გარეშე, საქონლის/მომსახურების ფასთან პირდაპირ დაკავშირებული სუბსიდიის ჩათვლით. აღნიშნული დებულება გამოიყენება საქონლის/მომსახურების გაცვლის ოპერაციის (ბარტერული ოპერაციის) შემთხვევაშიც.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.

 

პირველ სადავო საკითხთან დაკავშირებით,შემოსავლების სამსახური მიუთითებს აუდიტის დეპარტამენტის მიერ მოწოდებულ ინფორმაციაზე, რომლის მიხედვით, გადასახადის გადამხდელის სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების მოძრაობის შესწავლისას შემოწმება დაეყრდნო, როგორც შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემებს, ასევე მეწარმის მიერ გადმოგზავნილი დოკუმენტაცია/ინფორმაციას და საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის მიერ 2023 წლის 29 მაისის მდგომარეობით დადგენილ სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ფაქტიური ნაშთის შესახებ ინფორმაციას. აღნიშნული მონაცემების ურთიერთშედარების შედეგად, შემოწმების მიერ, 2023 წლის 1 მარტიდან - 29 მაისამდე საანგარიშო პერიოდში განხორციელებული სასაქონლო ოპერაციების (შეძენა, რეალიზაცია) გათვალისწინებით, გაანგარიშდა დაუდეკლარირებელი/რეალიზებული პროდუქცია 2023 წლის 1 მარტის მდგომარეობით. გამოვლენილი დაუდეკლარირებელი/რეალიზებული პროდუქციის ღირებულებით, დოკუმენტური ფასნამატის მიხედვით, გაზრდილ იქნა 2020-2023 წლების დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა, ასევე 2020 და 2021 წლების ერთობლივი შემოსავალი. ასევე, დაკორექტირდა საწყისი და საბოლოო სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ნაშთები.

 

მე-3 სადავო საკითხთან დაკავშირებით,შემოსავლების სამსახური მიუთითებს აუდიტის დეპარტამენტის მიერ მოწოდებულ ინფორმაციასა და საგადასახადო შემოწმების აქტში აღწერილ ფაქტობრივ გარემოებაზე, რომლის მიხედვით, შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემაში არსებული ინფორმაციით დადგინდა, რომ ი/მ ---ს კუთვნილი ავტომობილები (ფორდ ტრანზიტი, სპრინტერი) ფიქსირდება სხვა კომპანიებისა და ფიზიკური პირების მიერ განხორციელებულ გადაზიდვებში 2020-2022 წლების საანგარიშო პერიოდებში. ამასთან, იჯარით მიღებული შემოსავლები მეწარმის მიერ არ არის აღრიცხული. შემოწმების მიერ, მოძიებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით, განისაზღვრა აღნიშნული სატრანსპორტო საშუალებების საიჯარო მომსახურების საბაზრო ფასი, შედეგად დაკორექტირდა შესაბამისი საანგარიშო პერიოდების დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა და ერთობლივი შემოსავალი.

 

ამასთან, გადასახადის გადამხდელი საჩივარში ვერ უთითებს ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე, თუ რა ნაწილში იქნა საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრული არამართლზომიერად, ხოლო დავის წარმოების პროცესში არ ყოფილა წარმოდგენილი მტკიცებულებები, რომლებიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმების აქტით დადგენილ გარემოებებს.

ზემოხსენებულ სამართლებრივ ნორმებზე, საქმეში არსებულ მასალებსა და ფაქტობრივ გარემოებებზე დაყრდნობით, შემოსავლების სამსახურმა სადავო საკითხებთან დაკავშირებით მიიჩნია, რომ შემოწმების მიერ საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია საგადასახადო კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით, ხოლო წარმოდგენილი საჩივარი აღნიშნულ ნაწილებში დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

მე-2 სადავო საკითხთან დაკავშირებით,შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, რომლის თანახმად, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 61-ე მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით, საგადასახადო ორგანო უფლებამოსილია პირს დაარიცხოს გადასახადი თავის ხელთ არსებული ინფორმაციის საფუძველზე, თუ პირი მას არ წარუდგენს გადასახადის დასარიცხად საჭირო ინფორმაციას.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-18 მუხლის თანახმად:

1. გადასახადებით დაბეგვრის მიზნებისათვის გამოიყენება გარიგებაში საქონლის/მომსახურების ფაქტობრივი ფასი, თუ ამ კოდექსით საბაზრო ფასის ან სხვა ღირებულების გამოყენება არ არის გათვალისწინებული.

7. საქონლის/მომსახურების საბაზრო ფასის განსაზღვრისას გამოიყენება საქონლის/მომსახურების საბაზრო ფასების შესახებ ინფორმაციის ოფიციალური წყაროები, აღმასრულებელი ხელისუფლების შესაბამისი ორგანოების საინფორმაციო ბაზა, საგადასახადო ორგანოებისათვის გადასახადის გადამხდელთა მიერ მიწოდებული ინფორმაცია, აგრეთვე სხვა სარწმუნო ინფორმაცია.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-2 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, გადასახადებით დაბეგვრისათვის გამოიყენება საგადასახადო ვალდებულების წარმოშობის დღისათვის მოქმედი საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობა.

შემოსავლების სამსახური მიუთითებს შესაბამის პერიოდში მოქმედ საქართველოს საგადასახადო კოდექსის ნორმებზე, კერძოდ: საქართველოს საგადასახადო კოდექსის 160-ე მუხლის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, დღგ-ით დაბეგვრის ობიექტია დასაბეგრი ოპერაცია.

ამავე კოდექსის 161-ე მუხლის მუხლის პირველი ნაწილის „ა“ და „ა.ა“ ქვეპუნქტების თანახმად, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციაა საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში საქონლის მიწოდება ან/და მომსახურების გაწევა, რომლის დროსაც დასაბეგრი ოპერაციის თანხა განისაზღვრება დღგ-ის გადამხდელის მიერ მიღებული ან მისაღები კომპენსაციის თანხის მიხედვით, ხოლო ამ ნაწილის „ა.ბ.დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში – მიღებული კომპენსაციის თანხის მიხედვით (გადასახადების, მოსაკრებლებისა და სხვა გადასახდელების ჩათვლით) დღგ-ის ან/და პირგასამტეხლოს გარეშე, გარდა ამ მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევისა. ხოლო დასაბეგრი ოპერაციის განხორციელების დროდ ითვლება საქონლის მიწოდების ან მომსახურების გაწევის მომენტი.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 168-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ნ“ ქვეპუნქტის თანახმად, ჩათვლის უფლების გარეშე დღგ-ისგან გათავისუფლებულია საგარეო-ეკონომიკური საქმიანობის ეროვნული სასაქონლო ნომენკლატურის 8703 კოდში აღნიშნული მსუბუქი ავტომობილის ან/და 8711 კოდში აღნიშნული მოტოციკლის (მოპედის ჩათვლით) მიწოდება ან/და იმპორტი;

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 159-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის მიხედვით, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციაა დასაბეგრი პირის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში ანაზღაურების სანაცვლოდ საქონლის მიწოდება.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 163-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის დღგ-ით დაბეგვრა ხორციელდება საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის მომენტში, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 164-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, დღგ-ით დასაბეგრი თანხა არის საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის სანაცვლოდ მიღებული/მისაღები ანაზღაურება დღგ-ის გარეშე, საქონლის/მომსახურების ფასთან პირდაპირ დაკავშირებული სუბსიდიის ჩათვლით. აღნიშნული დებულება გამოიყენება საქონლის/მომსახურების გაცვლის ოპერაციის (ბარტერული ოპერაციის) შემთხვევაშიც.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.

შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო შემოწმების აქტში აღწერილ ფაქტობრივ გარემოებაზე, რომლის მიხედვით, გადამხდელის პირველად დოკუმენტებსა და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროდან მიღებულ ინფორმაციის საფუძველზე დადგინდა, რომ მეწარმის მიერ 2020 წლის ნოემბრის და 2021 წლის დეკემბრის თვეების საანგარიშო პერიოდში რეგისტრაციიდან მოხსნილია (რეალიზებულია) კუთვნილი სატრანსპორტო საშუალებები ფორდ ტრანზიტი და მერსედეს ბენც სპრინტერი. შემოწმების პროცესში, გადამხდელის წარმოდგენილი ახსნა-განმარტებით, ვერ ირკვევა აღნიშნული სატრანსპორტო საშუალებების ყიდვისა და გაყიდვის ფასები. შემოწმების მიერ ინტერნეტ წყაროებიდან მოძიებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით განისაზღვრა სატრანსპორტო საშუალებების სარეალიზაციო ფასი. შესაბამისად, რეალიზებული ავტოსატრანსპორტო საშუალება დაექვემდებარა დღგით დაბეგვრას.

ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმების და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახური განმარტავს, რომ გადამხდელის მიერ სატრანსპორტო საშუალებების რეალიზაციის ოპერაცია წარმოადგენს დღგ-ით დასაბეგრ ოპერაციას, შესაბამისად, შემოწმების მიერ ავტოსატრანსპორტო საშუალებების რეალიზაციის საფუძველზე განსაზღვრული ვალდებულებები შესაბამისობაშია კანონმდებლობის მოთხოვნებთან.

ამასთან, გადასახადის გადამხდელი საჩივარში ვერ უთითებს ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე, თუ რა ნაწილში იქნა საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრული არამართლზომიერად, ხოლო დავის წარმოების პროცესში არ ყოფილა წარმოდგენილი მისი არგუმენტაციის დამადასტურებელი მტკიცებულებები, რომლებიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმების აქტით დადგენილ გარემოებებს.

ზემოხსენებული სამართლებრივი ნორმების, საქმეში არსებული მასალებისა და ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოწმებით განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები შესაბამისობაშია კანონმდებლობის მოთხოვნებთან, გადასახადის გადამხდელის საჩივარი აღნიშნულ ნაწილში დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ :

 

1. ი/მ ---ის (ს/ნ ---) საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი:

1. გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება სმფ-ების მოძრაობის ანალიზის და საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის მიერ 2023 წლის 29 მაისს ჩატარებული სმფ-ების ინვენტარიზაციის შედეგად განსაზღვრული ფაქტიური ნაშთების ურთიერთშედარებისას გამოვლენილი სხვაობის რეალიზებულად განხილვის საფუძველზე განსაზღვრულ საგადასახადო ვალდებულებებს.

2.გადამხდელი არ ეთანხმება ავტოსატრანსპორტო საშუალებების რეალიზაციის ოპერაციის საფუძველზე დღგ-ის დარიცხვას და ასევე სარეალიზაციო ფასს.

3.გადამხდელი არ ეთანხმება ავტოსატრანსპორტო საშუალების იჯარით გაცემულად კვალიფიკაციის შედეგად განსაზღვრულ საგადასახადო ვალდებულებებს, ასევე შემოწმებით განსაზღვრულ საიჯარო მომსახურების საბაზრო ღირებულებას.

 

ფაქტობრივი გარემოებები

საქმის მასალებით დგინდება, რომ აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 31 მარტის №6695 ბრძანების საფუძველზე ჩატარდა მომჩივნის საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმება. შესამოწმებელ პერიოდად განისაზღვრა 2020 წლის პირველი იანვრიდან 2023 წლის პირველ მარტამდე საანგარიშო პერიოდები. საგადასახადო შემოწმების შედეგებზე 2023 წლის 27 ივნისს შედგა საგადასახადო შემოწმების აქტი, გამოიცა 2023 წლის 29 ივნისის №15336 ბრძანება და 2023 წლის 30 ივნისის №039-11 საგადასახადო მოთხოვნა, რომლის საფუძველზე გადასახადის გადამხდელს დამატებით გადასახდელად განესაზღვრა სულ 93 009 ლარი, მათ შორის გადასახადი 51 033 ლარი, ჯარიმა 24 877 ლარი და საურავი 17 099 ლარი.

 

გადაწყვეტილება

შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოწმებით განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები შესაბამისობაშია კანონმდებლობის მოთხოვნებთან, გადასახადის გადამხდელის საჩივარი დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

დასაბუთება

შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 136; 61; 73 (4; 9); 80; 100; 102; 2 (2); 159; 163; 164; 43 (4); 18.

2021 წლამდე მოქმედ საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 160; 161; 168.