გადაწყვეტილება №19978/2/2023

ფინანსთა სამინისტროს დავების გადაწყვეტილება ნაწილობრივ დაკმაყოფილდა 04.07.2023
№ დოკუმენტი 19978/2/2023
სტატუსი მოქმედი
მიმღები კოლეგიური ორგანო
სტრუქტურული ერთეული მომსახურების დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

№19978/2/2023

04.07.2023

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

 

მომჩივანი: "-------" (ს/ნ "-------")

მოპასუხე: მომსახურების დეპარტამენტი

 

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 22.06.2023 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება შპს "------" 15.06.2023 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №19978/2/2023).

 

დავის საგანი:

საგადასახადო კოდექსის 291-ე მუხლით გათვალისწინებული ჯარიმის დაკისრების მართლზომიერება.

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება:

1. მომსახურების დეპარტამენტის 21.04.2023 წლის №011-4883 საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმი;

2. შემოსავლების სამსახურის 16.05.2023 წლის №10886 ბრძანება.

 

დარიცხული თანხა: ჯარიმა - 100 ლარი.

 

ფაქტების აღწერა

მომსახურების დეპარტამენტის 21.04.2023 წლის №011-4883 საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმის მიხედვით, მომჩივანმა დაგვიანებით წარადგინა 2022 წლის ინფორმაცია არარეზიდენტისათვის წყაროსთან დასაკავებელი გადასახადის გადახდისაგან გათავისუფლებაზე ან შემცირებაზე (ფორმა №1; სავადო თარიღი 31.03.2023 წელი). აღნიშნულზე მომჩივანს მომსახურების დეპარტამენტის 21.04.2023 წლის №011-4883 საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმით, შეეფარდა საგადასახადო კოდექსის 291-ე მუხლით გათვალისწინებული სანქცია - ჯარიმა 100 ლარის ოდენობით.

სამართალდარღვევის ოქმი გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში, რომლის 16.05.2023 წლის №10886 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.

 

შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი

შემოსავლების სამსახურმა მიუთითა საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილზე, საგადასახადო კოდექსის 125-ე მუხლზე, „ორმაგი დაბეგვრის თავიდან აცილების შესახებ საერთაშორისო შეთანხმებით განსაზღვრული საგადასახადო შეღავათით სარგებლობისა და არარეზიდენტისათვის საქართველოში გადახდილი გადასახადის დაბრუნების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის №633 ბრძანების მე-2 მუხლის პირველ პუნქტზე, 269-ე მუხლის პირველ და მე-7 ნაწილებზე, 270-ე მუხლის პირველ და მე-2 ნაწილებზე, 291-ე მუხლზე, ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმებისა და იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ გადასახადის გადამხდელის მხრიდან ადგილი ჰქონდა სადავო ოქმში აღნიშნული საგადასახადო სამართალდარღვევის ჩადენის ფაქტს, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ მომსახურების დეპარტამენტის მიერ სადავო საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმი შედგენილია კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით და გაუქმებას არ ექვემდებარება.

ამასთან, განსახილველ შემთხვევაში საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის გამოყენება შემოსავლების სამსახურს მიზანშეწონილად არ მიაჩნია.

 

მომჩივნის არგუმენტაცია

შემოსავლების სამსახურს ჰქონდა შესაძლებლობა და საფუძველი, რომ დაეკმაყოფილებინა საჩივარი. იმ გარემოებების გათვალისწინებით, რომ:

ა) პირადი აღრიცხვის ბარათზე არ უფიქსირდება აღიარებული საგადასახადო დავალიანება გადასახადის ნაწილში/აღიარებული მოსაკრებლის ნაწილში; ბ) ფუნქციონირების მთელ პერიოდში საგადასახადო დეკლარაციის/გაანგარიშების დაგვიანებით წარდგენას (არც რაიმე სხვა საგადასახადო სამართალდარღვევას) ადგილი არ ჰქონია;

გ) ფორმა №1-ის დაგვიანებით წარდგენა მოხდა მხოლოდ ერთ დღიანი ვადა გადაცილებით, კერძოდ იგი შეცდომით წარდგენილ იქნა ქონების გადასახადის დეკლარაციასთან ერთად მისი წარდგენის ვადის გათვალისწინებით;

დ) სახელმწიფო ბიუჯეტს არ მიუღია რაიმე სახის ზარალი ფორმის 1 დღით გვიან წარდგენით. მომჩივანი ითხოვს, საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილით საგადასახადო სანქციისგან გათავისუფლებას ან საგადასახადო კოდექსის 270-ე მუხლის მე-7 ნაწილით ფულადი ჯარიმის ნაცვლად გაფრთხილების გამოყენებას.

 

დავების განხილვის საბჭო

მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 125-ე მუხლის თანახმად, ორმაგი დაბეგვრის თავიდან აცილების შესახებ საერთაშორისო შეთანხმებებით განსაზღვრული საგადასახადო შეღავათით სარგებლობისა და არარეზიდენტისათვის საქართველოში გადახდილი გადასახადის დაბრუნების წესი განისაზღვრება საქართველოს ფინანსთა მინისტრის ბრძანებით.

„ორმაგი დაბეგვრის თავიდან აცილების შესახებ საერთაშორისო შეთანხმებით განსაზღვრული საგადასახადო შეღავათით სარგებლობისა და არარეზიდენტისათვის საქართველოში გადახდილი გადასახადის დაბრუნების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის №633 ბრძანების მე-2 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, საგადასახადო აგენტის ინფორმაციას არარეზიდენტისათვის წყაროსთან დასაკავებელი გადასახადის გადახდისაგან გათავისუფლებაზე ან შემცირებაზე (ფორმა №1) საგადასახადო აგენტი საანგარიშო წლის მომდევნო წლის 1 აპრილამდე წარუდგენს საგადასახადო ორგანოს.

საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ და „თ“ ქვეპუნქტების თანახმად, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია შეასრულოს საგადასახადო ვალდებულებები საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილი წესითა და პირობებით, ასევე შეასრულოს საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილი სხვა ვალდებულებები.

საგადასახადო კოდექსის 291-ე მუხლის თანახმად, პირის მიერ ამ კოდექსით გათვალისწინებული ვალდებულების შეუსრულებლობა, რისთვისაც ამავე კოდექსით გათვალისწინებულია პასუხისმგებლობა, მაგრამ არ არის განსაზღვრული ჯარიმის ოდენობა იწვევს დაჯარიმებას 100 ლარის ოდენობით.

ამგვარად, ვინაიდან საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის პირველი ნაწილით დადგენილია გადასახადის გადამხდელის ვალდებულება შეასრულოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილი ვალდებულებები, საგადასახადო კოდექსის 125-ე მუხლის მოთხოვნათა შეუსრულებლობით, მომჩივანმა არ შეასრულა საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრული ვალდებულება, რაზეც ამავე კოდექსის 291-ე მუხლით გათვალისწინებულია შესაბამისი სანქცია.

დადგენილია, რომ გადასახდელის გადამხდელის მიერ ჩადენილი სამართალდარღვევა წარმოადგენს პირველ შემთხვევას. ამასთან, მომჩივნის მიერ შესაბამისი ინფორმაცია წარდგენილია 2.04.2023 წელს.

საგადასახადო კოდექსის 270-ე მუხლის მე-7 ნაწილის შესაბამისად, ამ კოდექსის 291-ე მუხლით გათვალისწინებული საგადასახადო სამართალდარღვევებისათვის (გარდა განმეორებით ჩადენილი ქმედებებისა) ფულადი ჯარიმის ნაცვლად შესაძლებელია გამოყენებულ იქნეს გაფრთხილება.

ზემოაღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით, საბჭოს მიაჩნია, რომ გადასახადის გადამხდელს საგადასახადო კოდექსის 270-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე, საგადასახადო კოდექსის 291-ე მუხლით გათვალისწინებული ფულადი ჯარიმის ნაცვლად უნდა შეეფარდოს გაფრთხილება.

 

საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და

 

გადაწყვიტა:

 

1. საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

2. ნაწილობრივ გაუქმდეს შემოსავლების სამსახურის 16.05.2023 წლის №10886 ბრძანება;

3. ნაწილობრივ გაუქმდეს მომსახურების დეპარტამენტის 21.04.2023 წლის №011-4883 საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმი;

4. მომჩივანს საგადასახადო კოდექსის 291-ე მუხლით გათვალისწინებული ფულადი ჯარიმის ნაცვლად შეეფარდოს გაფრთხილება;

5. დაევალოს მომსახურების დეპარტამენტს გადასახადის გადამხდელის პირადი აღრიცხვის ბარათის კორექტირება ამ გადაწყვეტილების შესაბამისად;

6. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

7. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი

მომჩივანი ითხოვს, საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილით საგადასახადო სანქციისგან გათავისუფლებას ან საგადასახადო კოდექსის 270-ე მუხლის მე-7 ნაწილით ფულადი ჯარიმის ნაცვლად გაფრთხილების გამოყენებას.

 

ფაქტობრივი გარემოებები

მომჩივანმა დაგვიანებით წარადგინა ინფორმაცია არარეზიდენტისათვის წყაროსთან დასაკავებელი გადასახადის გადახდისაგან გათავისუფლებაზე ან შემცირებაზე.

გადამხდელს შეეფარდა საგადასახადო კოდექსის 291-ე მუხლით გათვალისწინებული სანქცია - ჯარიმა 100 ლარის ოდენობით.

გადამხდელი განმარტავს,რომ პირადი აღრიცხვის ბარათზე არ უფიქსირდება აღიარებული საგადასახადო დავალიანება გადასახადის ნაწილში/აღიარებული მოსაკრებლის ნაწილში;ფუნქციონირების მთელ პერიოდში საგადასახადო დეკლარაციის/გაანგარიშების დაგვიანებით წარდგენას ადგილი არ ჰქონია;ასევე, ფორმა №1-ის დაგვიანებით წარდგენა მოხდა მხოლოდ ერთ დღიანი ვადა გადაცილებით, კერძოდ იგი შეცდომით წარდგენილ იქნა ქონების გადასახადის დეკლარაციასთან ერთად მისი წარდგენის ვადის გათვალისწინებით;

 

გადაწყვეტილება

საბჭოს მიაჩნია, რომ გადასახადის გადამხდელს საგადასახადო კოდექსის 270-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე, საგადასახადო კოდექსის 291-ე მუხლით გათვალისწინებული ფულადი ჯარიმის ნაცვლად უნდა შეეფარდოს გაფრთხილება.

 

დასაბუთება

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს:

125,270(7),291.