ბრძანება N 10872
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
N 10872
02 მაისი 2024
ბ რ ძ ა ნ ე ბ ა
შპს „---ის“ (ს/ნ ---)
(ფაქტ. მის.: ---)
2023 წლის 7 დეკემბრის საჩივრის ნაწილობრივ
დაკმაყოფილების თაობაზე
შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2024 წლის 26 აპრილის სხდომაზე (ოქმი №46) განიხილა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 2024 წლის 16 აპრილის №22384/2/2024 გადაწყვეტილებით არსებითად განსახილველად დაბრუნებული შპს „---ის“ (ს/ნ ---) 2023 წლის 7 დეკემბრის №208479/21 საჩივარი, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2021 წლის 22 დეკემბრის №005-255 საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით.
გადასახადის გადამხდელის პოზიცია:
გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება შემოწმებით ქონების (მიწის) გადასახადის განსაზღვრას. განმარტავს, რომ გადასახადის გაანგარიშებისას აუდიტის დეპარტამენტს დაშვებული აქვს ტექნიკური შეცდომა, კერძოდ: კომპანიის საკუთრებას წარმოადგენს --- ში რეგისტრირებული მიწის ნაკვეთი ს/კ ----, რომელიც მიღებულია ორი მიწის ნაკვეთის (ს/კ ----) გაერთიანების შედეგად. აღნიშნავს, რომ ს/კ --- მიწის ნაკვეთი 2005 წლის ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე წარმოადგენდა კომპანიის საკუთრებას, ხოლო ს/კ --- მიწის ნაკვეთი 2006 წლის ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე წარმოადგენდა ფ/პ---ს საკუთრებას. აღნიშნული საკადასტრო ერთეულები დამოუკიდებლად არსებობდა 2013 წლამდე, ხოლო 2013 წლის 30 აპრილს განხორციელდა საჯარო რეესტრის გადაწყვეტილების საფუძველზე ნაკვეთების გაერთიანება და მიღებულ იქნა ს/კ --- მიწის ნაკვეთი. განმარტავს, რომ აუდიტის დეპარტამენტის მიერ არასრულფასოვნად იქნა გამოკვლეული საჯარო რეესტრში არსებული მონაცემები უძრავი ქონებების შესახებ, რამაც გამოიწვია გადასახადის გაანგარიშების მიზნებისათვის ერთი და იგივე ქონების ორჯერ გათვალისწინება, შედეგად, გადასახადი გაიზარდა თითქმის ორჯერ. გადამხდელი ითხოვს საკითხის დამატებით შესწავლას და დარიცხული თანხების კორექტირებას.
ფაქტობრივი გარემოებები:
საქმის მასალებით ირკვევა, რომ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2021 წლის 13 დეკემბრის №38421 ბრძანების საფუძველზე შპს „---ს“ (ს/ნ ---) ჩაუტარდა საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმება 2018 წლის 1 იანვრიდან 2021 წლის 1 დეკემბრამდე საანგარიშო პერიოდების მიწაზე ქონების გადასახადის დაბეგვრის სისწორის დადგენის მიზნით. შემოწმების შედეგებზე 2021 წლის 16 დეკემბერს შედგენილ იქნა საგადასახადო შემოწმების აქტი, გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის 2021 წლის 21 დეკემბრის №39687 ბრძანება გადასახადების/გადასახდელების და საგადასახადო სანქციების თანხების დარიცხვის/შემცირების შესახებ და 2021 წლის 22 დეკემბრის №005- 255 საგადასახადო მოთხოვნა, რომლის მიხედვით გადამხდელს დამატებით გადასახდელად განესაზღვრა სულ 41 609 ლარის ოდენობით, მათ შორის, გადასახადი 23 280 ლარი, ჯარიმა 11 641 ლარი და საურავი 6 688 ლარი.
საგადასახადო შემოწმების აქტის მიხედვით, საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია შემდეგი გარემოებებით: საჯარო რეესტრის მონაცემებით შპს „---ის“ (ს/ნ ---) საკუთრებაშია 2005 წელს შეძენილი 2 მიწის ნაკვეთი, არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწა (მის.:---). შპს „---“ არ ახდენს ქონების გადასახადის დეკლარირებას. შემოწმებით განისაზღვრა საწარმოს 2018-2021 წლების მიწაზე ქონების გადასახადი. შედეგად, შემოწმებით, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 203-ე და 204-ე მუხლების გათვალისწინებით, გადამხდელს დაერიცხა ქონების გადასახადი და ჯარიმა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის შესაბამისად.
შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივარი და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ, შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ დისტანციურად, ტექნიკურ საშუალებათა გამოყენებით. მათ ასევე უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.
სადავო საკითხთან დაკავშირებით,შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 203-ე მუხლის „ა“ ქვეპუნქტზე, რომლის თანახმად, მიწაზე ქონების გადასახადის გადამხდელია პირი საგადასახადო წლის 1 აპრილის მდგომარეობით მის საკუთრებაში არსებულ მიწაზე.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 204-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, არასასოფლოსამეურნეო დანიშნულების მიწაზე ქონების გადასახადის განაკვეთები კონკრეტული მიწის ნაკვეთისათვის, მიწის ნაკვეთის ადგილმდებარეობის გათვალისწინებით, გაიანგარიშება შემდეგი წესით:
ა) გადასახადის საბაზისო განაკვეთი დგინდება წელიწადში მიწის ერთ კვადრატულ მეტრზე 0.24 ლარის ოდენობით;
ბ) მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოს − საკრებულოს გადაწყვეტილებით, შესაბამისი საბაზისო განაკვეთი მრავლდება ტერიტორიულ კოეფიციენტზე. ამასთანავე, ტერიტორიული კოეფიციენტი არ შეიძლება იყოს 1,5-ზე მეტი.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 205-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, საწარმო/ორგანიზაცია ქონების გადასახადის დეკლარაციას შესაბამის საგადასახადო ორგანოს წარუდგენს არა უგვიანეს კალენდარული წლის 1 აპრილისა და ამავე ვადაში იხდის ქონების გადასახადს, გარდა ამ მუხლის მე-7 ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევისა. დეკლარაციაში მონაცემები დასაბეგრი ქონების შესახებ შეიტანება გასული საგადასახადო წლის მიხედვით, ხოლო დასაბეგრი მიწის შესახებ - მიმდინარე საგადასახადო წლის მიხედვით. ამავე მუხლის მე-7 ნაწილის თანახმად, საწარმო/ორგანიზაცია მიწაზე ქონების გადასახადს იხდის არა უგვიანეს კალენდარული წლის 15 ნოემბრისა.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.
შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96–ე მუხლზე, რომლის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ადმინისტრაციული წარმოებისას გამოიკვლიოს საქმისათვის ყველა მნიშვნელოვანი გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე, რისთვისაც ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 97–ე მუხლის საფუძველზე მტკიცებულებათა გამოკვლევისათვის უფლებამოსილია გამოითხოვოს საქმესთან დაკავშირებული დოკუმენტები, შეაგროვოს ცნობები, მოუსმინოს დაინტერესებულ მხარეებს, დანიშნოს ექსპერტიზა, გამოიყენოს აუცილებელი დოკუმენტები და აქტები, მტკიცებულებათა შეგროვების, გამოკვლევის და შეფასების მიზნით მიმართოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა ზომებს.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96–ე მუხლის მე– 2 ნაწილის თანახმად, დაუშვებელია, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემას საფუძვლად დაედოს ისეთი გარემოება ან ფაქტი, რომელიც კანონით დადგენილი წესით არ არის გამოკვლეული ადმინისტრაციული ორგანოს მიერ.
საქმეში არსებული ფაქტობრივი გარემოებების თანახმად, საგადასახადო შემოწმების მიერ გაანგარიშებულ იქნა საწარმოს 2018-2021 წლების ქონების (მიწის) გადასახადი. კერძოდ, დაბეგრილ იქნა კომპანიის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწა (ს/კ ----). გადასახადის გადამხდელის მიერ საჩივარში წარმოდგენილი პოზიციის მიხედვით, აუდიტის დეპარტამენტს დაშვებული აქვს ტექნიკური შეცდომა ქონების გადასახადის გაანგარიშებისას. კერძოდ, შემოწმებით განხორციელდა ერთი და იგივე ქონების ორჯერ გათვალისწინება დასაბეგრ ბაზაში, რის შედეგადაც ქონების გადასახადი გაიზარდა თითქმის ორჯერ, კერძოდ, გადამხდელი განმარტავს, რომ კომპანიის საკუთრებას წარმოადგენს ---ში რეგისტრირებული მიწის ნაკვეთი ს/კ ---, რომელიც მიღებულია ორი მიწის ნაკვეთის (ს/კ ---) გაერთიანების შედეგად.
შემოსავლების სამსახური ყურადღებას ამახვილებს აუდიტის დეპარტამენტის წარმომადგენლის განმარტებასა და საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მონაცემებზე, რომლის თანახმად, საკადასტრო კოდით --- განსაზღვრული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის წინა ნომერია ს/კ ---, შესაბამისად, მითითებული საკადასტრო კოდებით განსაზღვრული მიწის ნაკვეთები წარმოადგენს ერთსა და იმავე მიწას. აღნიშნულის გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახური განმარტავს, რომ სადავო საკითხი საჭიროებს დამატებით შესწავლას.
ყოველივე ზემოაღნიშნული ფაქტობრივი გარემოებების, სამართლებრივი ნორმებისა და გადასახადის გადამხდელის არგუმენტების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ უნდა დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს ყოველმხრივ შეისწავლოს/გამოიკვლიოს მიწაზე ქონების გადასახადის განსაზღვრის საკითხი და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება).
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ :
1. შპს „---ის“ (ს/ნ ---) საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2. სადავო საკითხთან დაკავშირებით, დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს ყოველმხრივ შეისწავლოს/გამოიკვლიოს მიწაზე ქონების გადასახადის განსაზღვრის საკითხი და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება);
3. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
4. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხები:
გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება შემოწმებით ქონების (მიწის) გადასახადის განსაზღვრას.
ფაქტობრივი გარემოებები
შემოწმების შედეგებზე 2021 წლის 16 დეკემბერს შედგენილ იქნა საგადასახადო შემოწმების აქტი, გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის 2021 წლის 21 დეკემბრის №39687 ბრძანება გადასახადების/გადასახდელების და საგადასახადო სანქციების თანხების დარიცხვის/შემცირების შესახებ და 2021 წლის 22 დეკემბრის №005- 255 საგადასახადო მოთხოვნა, რომლის მიხედვით გადამხდელს დამატებით გადასახდელად განესაზღვრა სულ 41 609 ლარის ოდენობით, მათ შორის, გადასახადი 23 280 ლარი, ჯარიმა 11 641 ლარი და საურავი 6 688 ლარი.
გადაწყვეტილება
საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა
დასაბუთება
შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 203; 204; 205.