ბრძანება N 12643

შემოსავლების სამსახურის დავების გადაწყვეტილება არ დაკმაყოფილდა 06.06.2023
№ დოკუმენტი 12643
სტატუსი მოქმედი
მიმღები შემოსავლების სამსახურის უფროსი/დავების საბჭოს თავმჯდომარე
სტრუქტურული ერთეული საბაჟო დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

ბრძანება N 12643

06.06.2023

შპს „---“-ის (ს/ნ ---)

(მის: ---) 2023 წლის 27 აპრილის და 17 მაისის საჩივრების

დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე

შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2023 წლის 24 მაისის სხდომაზე (ოქმი №56) განიხილა შპს „---“-ის (ს/ნ ---) №72781/21-10, №81034/1/2023 და №81056/1/2023 საჩივრები, რომლებიც ეხება შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის 2023 წლის 25 აპრილის №EL207413 საბაჟო სამართალდარღვევის ოქმს და №EL11116/17 (№021-17) საგადასახადო მოთხოვნას.

მომჩივნის არგუმენტაცია:

საჩივრის ავტორი განმარტავს, რომ ვინაიდან საქონელი საქართველოში აღდგომის დღესასწულის უქმე დღეებში იქნა შეტანილი, კომპანიის დირქეტორი ადგილზე არ იმყოფებოდა, მომსახურე პერსონალმა არ ჩაიბარა დოკუმეტაცია და მოხდა ტვირთის ჩამოცლა. ასევე მიუთითებს, რომ საქონელი არის მის შემოტანამდე დეკლარირებული და წინასწარ იხდის იმპორტის გადასახდელს. მსგავსი შემთხვევა კი არასდროს დაფიქსირებულა და ეს არის პირველი ფაქტი, რაც მომჩივნის მოსაზრებით, არ არის გამოწვეული კომპანიის ბრალით. სამართალდარღვევა გამოწვეულია მძღოლის დაუკვირვევლობით, მოხსნა ლუქი და არ შევიდა გაფორმების ეკონომიკური ზონაში. აღნიშნულზე მითითებით ითხოვს სადავო აქტებით დარიცხული თანხის გაუქმებას.

ფაქტობრივი გარემოებები:

საქმის მასალებითა და საბაჟო დეპარტამენტიდან წარმოდგენილი ინფორმაციით ირკვევა, რომ 2023 წლის 12 აპრილს შპს „---“-ის მიერ №11117/C30455 საბაჟო დეკლარაციით თავისუფალ მიმოქცევაში გაშვების პროცედურაში საქონლის შემოტანამდე დეკლარირებულ იქნა 17 550.21 ლარის საბაჟო ღირებულების საქონელი (20 000 კგ. თხევადი გაზი). ზემოაღნიშნული საბაჟო დეკლარაციით დეკლარირებული საქონელი 2023 წლის 14 აპრილს №--- სატვირთო ავტოსატრანსპორტო საშუალებით შემოტანილი იქნა საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საბაჟო გამშვები პუნქტი „---ის“ გავლით, სადაც უფლებამოსილი პირის მიერ დარეგისტრირდა №69101/D86671 აღრიცხვის მოწმობა და დანიშნულების საბაჟო ორგანოდ განესაზღვრა გაფორმების ეკონომიკურ ზონა „---“.

2023 წლის 24 აპრილის შპს ,,--“-ის №70008/21-10-22 განცხადებით ცნობილი გახდა, რომ ზემოაღნიშნული სატრანსპორტო საშუალება, რომელშიც განთავსებული იყო საბაჟო ზედამხედველობას დაქვემდებარებული საქონელი, ნაცვლად გაფორმების ეკონომიკური ზონა „---“-ისა გამოცხადდა და დაიცალა --ს რაიონ სოფელ ---ში მდებარე ობიექტზე.

ვინაიდან, შპს „---“-ის მხრიდან ადგილი ჰქონდა საბაჟო ორგანოსთან შეუთანხმებელ ქმედებას, რამაც გამოიწვია საბაჟო ზედამხედველობის ქვეშ მყოფი საქონლის უკანონო განკარგვა, დაკარგვა ან განადგურება, გამოვლენილი სამართალდარღვევის ფაქტზე, „---“-ის უფლებამოსილი პირის მიერ 2023 წლის 25 აპრილს შედგენილი იქნა №EL207413 საბაჟო სამართალდარღვევის ოქმი, რომლითაც შპს „---“-ის დაეკისრა საქართველოს საბაჟო კოდექსის 172-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა და სანქციის სახით შეეფარდა ჯარიმა 10 239,04 ლარის ოდენობით. ამასთან, გამოიცა №EL11116/17 საგადასახადო მოთხოვნა, რომლითაც შპს „---“-ს იმპორტის გადასახდელის სახით დაერიცხა დღგ 4 239.04 ლარისა და აქციზი 6 000 ლარის ოდენობით.

№11117/C30455 საბაჟო დეკლარაციით დარიცხული გადასახდელები (დღგ 4 239.04 ლარი, აქციზი 6 000 ლარი) შპს ---“-ის მიერ გადახდილ იქნა 2023 წლის 13 აპრილს (საგადახდო დავალება №0207).

შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ მომჩივნის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილის შესაბამისად, დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ დისტანციურად, ტექნიკურ საშუალებათა გამოყენებით.

მათ ასევე უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.

საქართველოს საბაჟო კოდექსის მე-6 მუხლის მიხედვით: საბაჟო კონტროლი მოიცავს საქართველოს საბაჟო კანონმდებლობის, აგრეთვე საქართველოს საბაჟო ტერიტორიასა და უცხო ქვეყანას შორის გადაადგილებული საქონლის შემოტანის, ტრანზიტის, გადაადგილების, შენახვის, მიზნობრივი დანიშნულებით გამოყენებისა და გატანის, აგრეთვე უცხოური საქონლის და მიზნობრივი დანიშნულებით გამოყენებული საქონლის საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე განთავსებისა და გადაადგილების მარეგულირებელი სხვა სამართლებრივი აქტების მოთხოვნათა დაცვის უზრუნველსაყოფად საბაჟო ორგანოს მიერ განსახორციელებელ ცალკეულ ქმედებებს;

საბაჟო ზედამხედველობა არის საბაჟო ორგანოს მიერ განსახორციელებელი ღონისძიებათა ერთობლიობა, რომლის მიზანია საქონლის მიმართ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი ვალდებულებების შესრულება.

საქართველოს საბაჟო კოდექსის 70-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებით დადგენილია:

1. საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანილი საქონელი შემოტანისთანავე ექვემდებარება საბაჟო ზედამხედველობას და შეიძლება დაექვემდებაროს საბაჟო კონტროლის პროცედურებს;

2. საქონელი მისი საბაჟო სტატუსის განსაზღვრამდე რჩება საბაჟო ზედამხედველობის ქვეშ და საბაჟო ორგანოს თანხმობის გარეშე მისი საბაჟო ზედამხედველობიდან გატანა ან განკარგვა არ შეიძლება.

საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის გადაადგილებისა და გაფორმების შესახებ ინსტრუქციების დამტკიცების თაობაზე საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2019 წლის 29 აგვისტოს №257 ბრძანებით დამტკიცებული საბაჟო ზედამხედველობის შესახებ ინსტრუქციის (დანართი №3) პირველი მუხლის პირველი და მე-2 პუნქტი აზუსტებს:

. საბაჟო ზედამხედველობის ქვეშ მოქცეული საქონლის მიმართ შეიძლება განხორციელდეს მხოლოდ საბაჟო ორგანოსთან შეთანხმებული მოქმედებები და ოპერაციები, თუ კანონმდებლობით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.

2. საბაჟო ზედამხედველობის ქვეშ მოქცეული საქონელი უნდა დარჩეს უცვლელ მდგომარეობაში, გარდა იმ ცვლილებებისა, რომლებიც გამოწვეულია ბუნებრივი ცვეთის, ტრანსპორტირების ან შენახვის ნორმალური პირობებისათვის დამახასიათებელი ბუნებრივი დანაკარგებით.

საქართველოს საბაჟო კოდექსის 163-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, საბაჟო სამართალდარღვევა არის პირის მართლსაწინააღმდეგო ქმედება (მოქმედება ან უმოქმედობა), რომლის ჩადენისთვისაც საბაჟო კოდექსით გათვალისწინებულია პასუხისმგებლობა.

ამავე კოდექსის 2023 წლის 18 აპრილამდე მოქმედი 172-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, საბაჟო ორგანოსთან შეუთანხმებელი ქმედება ან საბაჟო პროცედურის პირობების დარღვევა, რამაც გამოიწვია საბაჟო ზედამხედველობის ქვეშ მყოფი საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების უკანონო განკარგვა, დაკარგვა ან განადგურება, – იწვევს დაჯარიმებას იდენტურ/მსგავს საქონელზე ან/და სატრანსპორტო საშუალებაზე გადასახდელი იმპორტის გადასახდელის თანხის 100 პროცენტის ოდენობით.

საქართველოს საბაჟო კოდექსის 172-ე მუხლის მიხედვით, საბაჟო პროცედურის/რეექსპორტის პირობების დარღვევა ან სხვა ქმედება, რამაც გამოიწვია საბაჟო ზედამხედველობის ქვეშ მყოფი საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების უკანონო განკარგვა, დაკარგვა ან განადგურება, – იწვევს დაჯარიმებას იდენტურ/მსგავს საქონელზე ან/და სატრანსპორტო საშუალებაზე გადასახდელი იმპორტის გადასახდელის თანხის 100 პროცენტის ოდენობით.

საქართველოს საბაჟო კოდექსის 49-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტი ადგენს, რომ იმპორტის გადასახადით დასაბეგრ საქონელზე საბაჟო ვალდებულება წარმოიშობა, თუ დაირღვა უცხოური საქონლის საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანასთან, საბაჟო ზედამხედველობიდან გატანასთან, გადაადგილებასთან, გადამუშავებასთან, საბაჟო საწყობში ან თავისუფალ ზონაში შენახვასთან, დროებით შენახვასთან ან განკარგვასთან დაკავშირებული საქართველოს საბაჟო კანონმდებლობა. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 64-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, საგადასახადო ორგანო ვალდებულია პირს წარუდგინოს საგადასახადო მოთხოვნა, თუ არსებობს პირისთვის იმპორტის გადასახდელის დარიცხვის შესახებ ან/და საბაჟო სანქციის შეფარდების შესახებ საბაჟო ორგანოს გადაწყვეტილება ან საბაჟო სამართალდარღვევის ოქმი.

დადგენილია, რომ სატრანსპორტო საშუალება, რომელშიც განთავსებული იყო კომპანიის კუთვნილი საბაჟო ზედამხედველობას დაქვემდებარებული საქონელი, ნაცვლად გაფორმების ეკონომიკური ზონა „---“-ისა გამოცხადდა და დაიცალა და განიკარგა მომჩივნის კუთვნილ ობიექტზე, მდებარე ---ს რაიონ სოფელ ---ში. შესაბამისად, მომჩივნის მხრიდან ადგილი ჰქონდა საბაჟო ორგანოსთან შეუთანხმებელ ქმედებას, რამაც გამოიწვია საბაჟო ზედამხედველობის ქვეშ მყოფი საქონლის უკანონო განკარგვა, დაკარგვა ან განადგურება, რაც არის პირის მართლსაწინააღმდეგო ქმედება (მოქმედება ან უმოქმედობა), რომლის ჩადენისთვისაც საბაჟო კოდექსით გათვალისწინებულია პასუხისმგებლობა.

ასეთ შემთხვევაში, საბაჟო დეპარტამენტი აფიქსირებს საბაჟო სამართალდარღვევას და ვალდებულ პირს წარუდგენს საგადასახადო მოთხოვნას დარიცხული გადასახადების (გადასახდელის) თანხაზე. ამდენად, საქართველოს საბაჟო კოდექსის 172-ე მუხლით გათვალისწინებული საბაჟო სამართალდარღვევის ფაქტზე სადავო საბაჟო სამართალდარღვევის ოქმით დაკისრებული პასუხისმგებლობა და საგადასახადო მოთხოვნით დარიცხული იმპორტის გადასახდელი მართლზომიერია.

ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმებისა და ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ სადავო ადმინისტრაციული აქტები შეესაბამება საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ მოთხოვნებს და არ არსებობს საჩივრების დაკმაყოფილების საფუძველი.

 

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

 

1. შპს „---“-ის (ს/ნ ---) საჩივრები არ დაკმაყოფილდეს;

2. ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან ქუთაისის საქალაქო სასამართლოში (მის.: ქ. ქუთაისი, ვიქტორ კუპრაძის ქ. №11), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესით, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხები:

გადამხდელი ასაჩივრებს შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის 2023 წლის 25 აპრილის №EL207413 საბაჟო სამართალდარღვევის ოქმს და №EL11116/17 (№021-17) საგადასახადო მოთხოვნას.

 

ფაქტობრივი გარემოებები

ვინაიდან ადგილი ჰქონდა საბაჟო ორგანოსთან შეუთანხმებელ ქმედებას, რამაც გამოიწვია საბაჟო ზედამხედველობის ქვეშ მყოფი საქონლის უკანონო განკარგვა, დაკარგვა ან განადგურება, გამოვლენილი სამართალდარღვევის ფაქტზე, უფლებამოსილი პირის მიერ 2023 წლის 25 აპრილს შედგენილი იქნა №EL207413 საბაჟო სამართალდარღვევის ოქმი, რომლითაც გადამხდელს დაეკისრა საქართველოს საბაჟო კოდექსის 172-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა და სანქციის სახით შეეფარდა ჯარიმა 10 239,04 ლარის ოდენობით. ამასთან, გამოიცა №EL11116/17 საგადასახადო მოთხოვნა, რომლითაც გადამხდელს იმპორტის გადასახდელის სახით დაერიცხა დღგ 4 239.04 ლარისა და აქციზი 6 000 ლარის ოდენობით.

 

გადაწყვეტილება

სადავო ადმინისტრაციული აქტი შეესაბამება საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ მოთხოვნებს და არ არსებობს საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.

 

დასაბუთება

შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 302 (6); 64 (2); საქართველოს საბაჟო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 6; 70 (1,2); 163 (1); 172; 49 (1ა).