ბრძანება N 9406

შემოსავლების სამსახურის დავების გადაწყვეტილება ნაწილობრივ დაკმაყოფილდა 01.05.2023
№ დოკუმენტი 9406
სტატუსი მოქმედი
მიმღები შემოსავლების სამსახურის უფროსი/დავების საბჭოს თავმჯდომარე
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

ბრძანება N 9406

01.05.2023

ფ/პ ---------- (პ/ნ ---------)

(მის.: ------------)

2022 წლის 26 დეკემბრის საჩივრის

ნაწილობრივ დაკმაყოფილების თაობაზე

შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2023 წლის 6 აპრილის სხდომაზე (ოქმი №36) განიხილა ფ/პ ---------- (პ/ნ ---------) 2022 წლის 26 დეკემბრის №77571/1/2022 საჩივარი, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2022 წლის 29 ნოემბრის №002-208 საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით.

გადასახადის გადამხდელის პოზიცია:

1. მომჩივანი ითხოვს 2019 წელს შეძენილი ტრაქტორის ღირებულების გამოქვითვას საქართველოს საგადასახადო კოდექსის 112-ე მუხლის პირველი ნაწილის (სრულად გამოქვითვის მეთოდი) საფუძველზე.

2. გადასახადის გადამხდელი ითხოვს 2020-2021 წლების საანგარიშო პერიოდებში ერთობლივი შემოსავლიდან გამოსაქვითი ხარჯის განსაზღვრას №0256 სიტუაციური სახელმძღვანელოს მიხედვით, სარეალიზაციო ღირებულების 75%-ის ოდენობით.

 

ფაქტობრივი გარემოებები:

საქმის მასალებით დგინდება, რომ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2022 წლის 24 ოქტომბრის №26904 ბრძანების საფუძველზე ჩატარდა ფ/პ -------- (პ/ნ --------) საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმება 2019 წლის პირველი იანვრიდან 2022 წლის პირველ იანვრამდე საანგარიშო პერიოდში შპს „-------“-ზე (ს/ნ -------) საქონლის მიწოდებით წლიური საშემოსავლო გადასახადის ნაწილში წარმოშობილი საგადასახადო ვალდებულებების სისწორის დადგენის მიზნით. საგადასახადო შემოწმების შედეგებზე 2022 წლის 21 ნოემბერს შედგა საგადასახადო შემოწმების აქტი, გამოიცა 2022 წლის 29 ნოემბრის №29811 ბრძანება და ამავე თარიღის №002–208 საგადასახადო მოთხოვნა, რომლის საფუძველზე გადასახადის გადამხდელს დამატებით გადასახდელად განესაზღვრა სულ 359 065 ლარი, მათ შორის გადასახადი 218 419 ლარი, ჯარიმა 83 444 ლარი და საურავი 57 202 ლარი.

 

საგადასახადო შემოწმების აქტის მიხედვით, სადავო საკითხებთან დაკავშირებით საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია შემდეგი გარემოებით:

გადასახადის გადამხდელის საქმიანობაა ხორბლის მოყვანა და რეალიზაცია. შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემაში არსებული მონაცემებით დადგინდა, რომ გადამხდელმა შესამოწმებელ პერიოდში მიღებული მოსავალი მიჰყიდა შპს „-------“. კერძოდ, 2019 წელს შპს „-------ზე“ ხორბლის მიწოდებიდან მიღებულმა შემოსავალმა შეადგინა 220 410 ლარი, 2020 წელს - 461 403 ლარი და 2021 წელს - 552 932 ლარი. აღნიშნულ ოპერაციაზე შედგენილი იყო შესყიდვის აქტები. შემოწმებით დადგინდა, რომ გადამხდელს 2019 და 2020 წლის საანგარიშო პერიოდებზე არ ჰქონდა წარდგენილი საშემოსავლო გადასახადის წლიური დეკლარაცია, ხოლო 2021 წლის საანგარიშო პერიოდის საშემოსავლო გადასახადის წლიური დეკლარაციის მიხედვით, დეკლარირებული ერთობლივი შემოსავალი განსხვავდებოდა შემოწმებით განსაზღვრულისგან. შემოწმების მიერ განისაზღვრა თითოეულ საანგარიშო პერიოდში ხორბლის რეალიზაციით მიღებული შემოსავალი, ჯამურად 1 234 744 ლარი. ასევე, შემოწმებით განისაზღვრა ამ შემოსავლის მიღებასთან დაკავშირებული ხარჯების ოდენობაც. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 105-ე მუხლის გათვალისწინებით, დოკუმენტურად დადასტურებული ხარჯების ჯამმა (მ.შ. საამორტიზაციო ანარიცხები და ქონების გადასახადის ხარჯი) შეადგინა 260 292 ლარი. შემოწმებით განსაზღვრულ და დეკლარირებულ დასაბეგრ თანხას შორის სხვაობამ შეადგინა 834 444 ლარი, რაც საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-80 მუხლის საფუძველზე დაიბეგრა საშემოსავლო გადასახადით. ასევე, გადამხდელს დაერიცხა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით განსაზღვრული ჯარიმა.

 

შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივარი და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველი ორგანო საჩივარს განიხილავს მხოლოდ მომჩივნის მოთხოვნის ფარგლებში. ამავე მუხლის მე-6 ნაწილის მიხედვით, დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ დისტანციურად, ტექნიკურ საშუალებათა გამოყენებით. მათ ასევე უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.

 

პირველ სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სწორად და დროულად აღრიცხოს შემოსავლები და ხარჯები დოკუმენტურად დადასტურებულ მონაცემთა საფუძველზე, ამ თავით გათვალისწინებული მეთოდების გამოყენებით და მიაკუთვნოს იმ საანგარიშო პერიოდს, რომელშიც მოხდა მათი მიღება და გაწევა. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-80 მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, რეზიდენტი ფიზიკური პირის საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრის ობიექტია დასაბეგრი შემოსავალი, რომელიც განისაზღვრება, როგორც სხვაობა კალენდარული წლის განმავლობაში მიღებულ ერთობლივ შემოსავალსა და ამ პერიოდისათვის ამ კოდექსით გათვალისწინებული გამოქვითვების თანხებს შორის.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 105-ე მუხლის პირველი, მე-2 და მე-3 ნაწილების თანახმად:

1. ერთობლივი შემოსავლიდან გამოიქვითება ყველა ხარჯი, რომელიც დაკავშირებულია მის მიღებასთან, გარდა იმ ხარჯებისა, რომლებიც ამ კოდექსის თანახმად გამოქვითვას არ ექვემდებარება.

2. თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, ყველა ხარჯი დოკუმენტურად უნდა იყოს დადასტურებული.

3. ძირითად საშუალებათა შეძენის, დადგმისა და სხვა კაპიტალიზებადი ხარჯები გამოიქვითება ეტაპობრივად, ამორტიზაციის ანარიცხების სახით, გარდა გადასახადის გადამხდელის მიერ საამორტიზაციო ანარიცხების სრული გამოქვითვის უფლების გამოყენების შემთხვევისა.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 72-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, პირველადი საგადასახადო დოკუმენტი არის წერილობითი დოკუმენტი, რომლითაც შესაძლებელია სამეურნეო ოპერაციის მონაწილე მხარეთა იდენტიფიცირება, აქვს თარიღი და მოიცავს მიწოდებული საქონლის/გაწეული მომსახურების ჩამონათვალსა და ღირებულებას.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 112-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ძირითადი საშუალებების მიმართ, გარდა საწარმოს კაპიტალში შეტანილისა, გადასახადის გადამხდელს უფლება აქვს, სრულად გამოქვითოს ამ აქტივების ღირებულება იმ საგადასახადო წელს, როდესაც ძირითადი საშუალებები ექსპლუატაციაში შევიდა.

ამავე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, ძირითადი საშუალებების ღირებულების სრულად გამოქვითვის შემთხვევაში აღნიშნული ძირითადი საშუალებები არ შეიტანება ამ კოდექსის 111-ე მუხლით გათვალისწინებული ჯგუფის ღირებულებით ბალანსში.

წარმოდგენილ საჩივარში მომჩივანი ითხოვს 2019 წელს შეძენილი ტრაქტორის ღირებულების გამოქვითვას საქართველოს საგადასახადო კოდექსის 112-ე მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე.

ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმებისა და გადასახადის გადამხდელის არგუმენტების გათვალისწინებით, პირველ სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ უნდა დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს, გადასახადის გადამხდელის მიერ 2019 წელს შეძენილი ძირითადი საშუალების (ტრაქტორის) ღირებულება გამოქვითვებში გაითვალისწინოს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 112-ე მუხლის შესაბამისად და აღნიშნულის საფუძველზე განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება).

 

მე-2 სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის პირველ ნაწილზე, რომლის თანახმად, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სწორად და დროულად აღრიცხოს შემოსავლები და ხარჯები დოკუმენტურად დადასტურებულ მონაცემთა საფუძველზე, ამ თავით გათვალისწინებული მეთოდების გამოყენებით და მიაკუთვნოს იმ საანგარიშო პერიოდს, რომელშიც მოხდა მათი მიღება და გაწევა. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-80 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, რეზიდენტი ფიზიკური პირის საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრის ობიექტია დასაბეგრი შემოსავალი, რომელიც განისაზღვრება, როგორც სხვაობა კალენდარული წლის განმავლობაში მიღებულ ერთობლივ შემოსავალსა და ამ პერიოდისათვის ამ კოდექსით გათვალისწინებული გამოქვითვების თანხებს შორის.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 61-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საგადასახადო ორგანო უფლებამოსილია პირს დაარიცხოს გადასახადი თავის ხელთ არსებული ინფორმაციის საფუძველზე, თუ პირი მას არ წარუდგენს გადასახადის დასარიცხად საჭირო ინფორმაციას.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, პირის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვროს არაპირდაპირი მეთოდების გამოყენებით (აქტივების სიდიდის, საოპერაციო შემოსავლებისა და ხარჯების, პირის შესახებ ინფორმაციის მისი საქმიანობის სხვა საგადასახადო პერიოდთან ან სხვა ამგვარი გადასახადის გადამხდელის შესახებ მონაცემების შედარების, აგრეთვე სხვა მსგავსი ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე) თუ პირს არ აქვს სააღრიცხვო დოკუმენტაცია ან სააღრიცხვო დოკუმენტაციით შეუძლებელია დაბეგვრის ობიექტის დადგენა.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 105-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ერთობლივი შემოსავლიდან გამოიქვითება ყველა ხარჯი, რომელიც დაკავშირებულია მის მიღებასთან, გარდა იმ ხარჯებისა, რომლებიც ამ კოდექსის თანახმად გამოქვითვას არ ექვემდებარება.

წარმოდგენილ საჩივარში გადასახადის გადამხდელი ითხოვს 2020-2021 წლების საანგარიშო პერიოდებში ერთობლივი შემოსავლიდან გამოსაქვითი ხარჯის განსაზღვრას №0256 სიტუაციური სახელმძღვანელოს მიხედვით, სარეალიზაციო ღირებულების 75%-ის ოდენობით. აცხადებს, რომ 2020- 2021 წლებში ვერ აწარმოებდა პირველადი დოკუმენტაციის შედგენას, თუმცა ხარჯის ფაქტობრივად გაწევის ნამდვილობა არ არის სადავო.

ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმების, საქმეში არსებული მასალებისა და გადასახადის გადამხდელის არგუმენტაციის გათვალისწინებით, მე-2 სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ 2020-2021 წლების საანგარიშო პერიოდებზე ერთობლივი შემოსავლიდან გამოსაქვითი ხარჯის დაზუსტების მიზნით, უნდა დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს, გადასახადის გადამხდელის მიერ გაწეული ხარჯის ოდენობა განსაზღვროს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის მიხედვით, არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით და აღნიშნულის გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება).

 

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

 

1. ფ/პ ---------- (პ/ნ ---------) საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

2. პირველ სადავო საკითხთან დაკავშირებით, დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს, გადასახადის გადამხდელის მიერ 2019 წელს შეძენილი ძირითადი საშუალების (ტრაქტორის) ღირებულება გამოქვითვებში გაითვალისწინოს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 112-ე მუხლის შესაბამისად და აღნიშნულის საფუძველზე განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება);

3. მე-2 სადავო საკითხთან დაკავშირებით, 2020-2021 წლების საანგარიშო პერიოდებზე ერთობლივი შემოსავლიდან გამოსაქვითი ხარჯის დაზუსტების მიზნით, დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს გადასახადის გადამხდელის მიერ გაწეული ხარჯის ოდენობა განსაზღვროს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის მიხედვით, არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით და აღნიშნულის გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება);

4. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

5. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი

 

1. მომჩივანი ითხოვს 2019 წელს შეძენილი ტრაქტორის ღირებულების გამოქვითვას საქართველოს საგადასახადო კოდექსის 112-ე მუხლის პირველი ნაწილის (სრულად გამოქვითვის მეთოდი) საფუძველზე.

2. გადასახადის გადამხდელი ითხოვს 2020-2021 წლების საანგარიშო პერიოდებში ერთობლივი შემოსავლიდან გამოსაქვითი ხარჯის განსაზღვრას №0256 სიტუაციური სახელმძღვანელოს მიხედვით, სარეალიზაციო ღირებულების 75%-ის ოდენობით.

 

ფაქტობრივი გარემოებები

 

გადამხდელს 2019 და 2020 წლის საანგარიშო პერიოდებზე არ ჰქონდა წარდგენილი საშემოსავლო გადასახადის წლიური დეკლარაცია, ხოლო 2021 წლის საანგარიშო პერიოდის საშემოსავლო გადასახადის წლიური დეკლარაციის მიხედვით, დეკლარირებული ერთობლივი შემოსავალი განსხვავდებოდა შემოწმებით განსაზღვრულისგან. შემოწმების მიერ განისაზღვრა თითოეულ საანგარიშო პერიოდში ხორბლის რეალიზაციით მიღებული შემოსავალი, ჯამურად 1 234 744 ლარი. ასევე, შემოწმებით განისაზღვრა ამ შემოსავლის მიღებასთან დაკავშირებული ხარჯების ოდენობაც. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 105-ე მუხლის გათვალისწინებით, დოკუმენტურად დადასტურებული ხარჯების ჯამმა (მ.შ. საამორტიზაციო ანარიცხები და ქონების გადასახადის ხარჯი) შეადგინა 260 292 ლარი. შემოწმებით განსაზღვრულ და დეკლარირებულ დასაბეგრ თანხას შორის სხვაობამ შეადგინა 834 444 ლარი, რაც საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-80 მუხლის საფუძველზე დაიბეგრა საშემოსავლო გადასახადით. ასევე, გადამხდელს დაერიცხა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით განსაზღვრული ჯარიმა.

 

გადაწყვეტილება

 

პირველ სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ უნდა დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს, გადასახადის გადამხდელის მიერ 2019 წელს შეძენილი ძირითადი საშუალების (ტრაქტორის) ღირებულება გამოქვითვებში გაითვალისწინოს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 112-ე მუხლის შესაბამისად და აღნიშნულის საფუძველზე განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება).

მე-2 სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ 2020-2021 წლების საანგარიშო პერიოდებზე ერთობლივი შემოსავლიდან გამოსაქვითი ხარჯის დაზუსტების მიზნით, უნდა დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს, გადასახადის გადამხდელის მიერ გაწეული ხარჯის ოდენობა განსაზღვროს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის მიხედვით, არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით და აღნიშნულის გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება).

 

დასაბუთება

 

შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 61(3), 136, 72(1), 73(5), 80(1), 105, 112.