დღგ-ის ჩათვლა სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ნაშთზე N 11129

11129 დღგ-ის ჩათვლა სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ნაშთზე 28.04.2020
№ დოკუმენტი 11129
სტატუსი მოქმედი
მიმღები შემოსავლების სამსახურის უფროსი

📄 სრული ტექსტი

სიტუაციური სახელმძღვანელო

დღგ-ის ჩათვლა სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ნაშთზე N 11129

ფაქტობრივი გარემოებები

· პირი, ახორციელებს დღგ-ით დასაბეგრ ოპერაციებს. 2019 წლის 15 სექტემბერს პირს წარმოექმნა დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაციის ვალდებულება. ამ თარიღისათვის მასთან ნაშთად არსებულ სასაქონლომატერიალურ ფასეულობაზე (სმფ) გააჩნია ელექტრონული საგადასახადო ანგარიშფაქტურები (საფ). საფ-ებში ასახული ოპერაციები განხორციელებულია 2016 წელს.

· ვარიანტი I; პირი დადგენილი წესით, 2019 წლის 15 სექტემბრიდან დარეგისტრირდა დღგ-ის გადამხდელად.

· ვარიანტი II; პირი ვადის დარღვევით, 2020 წლის იანვრის თვეში დარეგისტრირდა დღგ-ის გადამხდელად.

· ორივე ვარიანტში 2019 წლის სექტემბრის თვის დღგის დეკლარაციით პირმა სრულად ჩაითვალა ნაშთად არსებულ სმფზე საგადასახადო ანგარიშფაქტურებში ასახული დღგ-ის თანხები.

შეფასება

· სსკ-ის 173-ე მუხლის მე-2(ა) ნაწილის თანახმად დღგ-ის ჩათვლის დოკუმენტია საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა; სსკ-ის 174-ე მუხლის 1(ა) ნაწილის მიხედვით, დღგ-ის ჩასათვლელი თანხა არის დღგ-ის თანხა, რომელიც გადახდილია ან გადასახდელია ჩათვლის დოკუმენტების მიხედვით, მათ შორის, დღგ-ის რეგისტრაციის ძალაში შესვლის მომენტისათვის არსებულ სმფ-ის ნაშთზე; ამავე მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით დღგ-ის ჩათვლა არ ხორციელდება იმ ელექტრონული საფებით, რომლებიც ასახული არ არის დასაბეგრი ოპერაციის საანგარიშო პერიოდის დამთავრებიდან არაუგვიანეს დასაბეგრი ოპერაციის კალენდარული წლის დეკემბრის საანგარიშო პერიოდის მიხედვით წარმოდგენილ დღგ-ის დეკლარაციაში ან არაუგვიანეს 3 კალენდარული წლის განმავლობაში, ამავე პერიოდის დაზუსტებულ დეკლარაციაში.

· აღნიშნულისა და იმის გათვალისწინებით, რომ დღგის გადამხდელად რეგისტრაციის ძალაში შესვლის მომენტისათვის არსებულ სმფ-ების ნაშთზე ჩათვლის პერიოდი არის რეგისტრაციის ძალაში შესვლის საანგარიშო პერიოდი, ამ სმფ-ების მიხედვით 174(3)-ე მუხლით გათვალისწინებული ჩათვლის უფლების 3 წლიანი ვადა, უნდა განისაზღვროს საფ-ებში ასახული დასაბეგრი ოპერაციის საანგარიშო პერიოდის დამთავრებიდან ჩათვლის უფლების გამოყენების ვადამდე პერიოდით.

· I ვარიანტში: ვინაიდან საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურებში ასახული ოპერაციის განხორციელებიდან რეგისტრაციის ძალაში შესვლის მომენტამდე (ჩათვლის უფლების გამოყენებამდე) არ არის გასული 3 კალენდარულ წელზე მეტი, ამ საფ-ებით დღგ-ის ჩათვლა მართლზომიერია.

· II ვარიანტში: ვინაიდან საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურებში ასახული ოპერაციის განხორციელებიდან (2016წ) რეგისტრაციის ძალაში შესვლის საანგარიშო პერიოდზე ჩათვლის უფლების გამოყენებამდე (2020) გასულია 3 კალენდარულ წელზე მეტი, ამ საფ-ებით დღგ-ის ჩათვლა არამართლზომიერია.

ღონისძიებები

· II ვარიანტში: პირს გაუუქმდება ელექტრონული საფით ჩათვლილი დღგის თანხა. დეკლარაციაში გადასახადის შემცირების შემთხვევაში დაჯარიმდება სსკ-ის 275-ე მუხლის შესაბამისად.

სიტუაციური სახელმძღვანელო დამტკიცებულია 2020 წლის 21 აპრილისთვის მოქმედი საგადასახადო კანონმდებლობის შესაბამისად.

სიტუაციური სახელმძღვანელო არ ვრცელდება 2021 წლის შემდგომ წარმოშობილ სამართლებრივ ურთიერთობებზე. 2021 წლიდან წარმოშობილ სამართლებრივ ურთიერთობებზე იხელმძღვანელეთ დამატებული ღირებულების გადასახადის შესახებ მეთოდური მითითებით